ძველი ქართული ხელნაწერი თხზულებანი ძვირფასი ქვების შესახებ
ძველი ქართული ხელნაწერები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს შუა საუკუუნეების საქართველოში სასარგებლო ნამარხთა, განსაკუთრებით ძვირფასი ქვების გავრცელებისა და გამოყენების შესასწავლად. ამასთან ერთად იგი მიუთითებს მინერალების შესახებ მეცნიერების განვითარებაში ქართველი ხალხის გარკვეულ წვლილზე.
უძველესი ხელნაწერი ძვირფას ქვებზე X საუკუნეს ეკუთვნის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში მინერალები - ძვირფასი ქვები უფრო ადრე არ იყო მოხსენებული.
1888 წელს ს. მესხიშვილმა ქართველთა შორის წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა 581 გვერდიანი ძველი ხელნაწერი. იგი ძირითადად სამი განყოფილებისაგან შედგებოდა: პირველი ეხებოდა ადამიანის წარმოშობას, მეორე აღწერდა ძვირფას ქვებს და მესამე იხილავდა ზოოლოგიის საკითხებს. ძვირფასი ქვების შესახებ ტრაქტატის სათაურიდან ჩანს, რომ ის ნათარგმნია ბერძნულიდან VI საუკუნის მწერალ ეპიფანე კვიპროსელის თხზულებიდან იოანე ბერაის მიერ X საუკუნეში.
ამ ხელნაწერის ნაწილი 1898 წელს გამოსცა ისტორიკოსმა მოსე ჯანაშვილმა `თვალთაის~ სახელწოდებით. ხელნაწერი მეორეჯერ გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა რობერტ ბლეიკმა, მესამეჯერ დაიბეჭდა შატბერდის კრებულში 1979 წელს.
ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნა-წერთა ინსტიტუტში და საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ისტორიულ არქივში `თვალთაის~ რამდენიმე ხელნაწერია დაცული. მათ შორის ყველაზე ძველი X საუკუნეს ეკუთვნის. `თვალთაიში~ აღწერილია თორმეტი ძვირფასი და სანახელავო ქვა: სარდიონი, ტბაზიონი (ტოპაზი), ზმური (ზურმუხტი), იაკინთე (იაგუნდი), საფირონი, იასპინი (იასპი, ეშმა), ლიგვირონი (ჰიაცინტი), აქატი, ამეთისტონი (ამეთვისტო), ძოწეული (პროფირი), ფრცხილი (ონიქსი). ძვირფასი და სანახელავი ქვების თორმეტი სახელწოდებიდან ქართულია მხოლოდ ორი - ძოწეული და ფრცხილი, დანარჩენი ბერძნულია. ამ ძვირფასი ქვების აღწერასთან ერთად ხელნაწერში დასახელებულია ოცამდე სხვა მინერალი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივის და ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდებში დაცულია ათამდე ძველი ქართული ხელნაწერი ძვირფასი და სანახელავო ქვების შესახებ. თუ `თვალთაი~ სამჯერაა გამოცემული, დანარჩენი ხელნაწერები არც ერთი არ არის შესწავლილი და გამოქვეყნებული, თუმცა ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა XVIII საუკუნის ქართული ენციკლოპედიის `კალმასობის~ ცნობები მინერალებზე.
ხელნაწერთა შორის ყველაზე საინტერესოა ერთი საკმაოდ ვრცელი თხზულება ძვირფასი ქვების შესახებ. მასში აღწერილია თერთმეტი მინერალი: ალმასი, იაგუნდი, ლალი, ზურმუხტი, ფირუზი, მარგალიტი, ფაზარი, ლაჟვარდი, გრანატი, აყიყი, ეშმი. ამ თხზულების სხვადასხვა დროს გადაწერილი რამდენიმე ხელნაწერია დაცული. ტექსტები ერთმანეთისაგან მცირედ (ენობრივად) განსხვავდებიან. მათ შორის ყველაზე ძველია ცენტარლური ისტორიული არქივის ხელნაწერი სათაურით: `მინერალთა თვისებანი და მოთხრობანი მათ გამო~ (ფ. 1446, #204). ხელის მიხედვით XVII საუკუნის დასაწყისს უნდა ეკუთვნოდეს. ხელნაწერი 38 ფურცელს შეიცავს, ზომა 16,4X11,7სმ, მხედრული, ქაღალდი, თავბოლო ნაკლული, აკლია შიგა გვერდებიც. ხელნაწერი კალიგრაფიულად ლამაზადაა დაწერილი. ძვირფასი ქვების სახელწოდებანი შესრულებულია სინგურით.
მეორე ხელნაწერი - `პატიოსანი ქვები~ ხელნაწერთა ინსტიტუტის ჩუბინაშვილის განყოფილებიდან (ფ. შ-3722)
შეიცავს 44 ფურცელს. ზომა 20X16სმ, მხედრული, ხელნაწერს დასაწყისი აკლია. ტექსტი ბოლონაკლულია. კალიგრაფიის მიხედვით XVIII საუკუნის დასაწყისში გადაწერილადაა მიჩნეული, მაგრამ რადგანაც იმდროინდელი (1725წ.) ხელ-ნაწერიც გვაქვს და პირველი უფრო არქაული ჩანს, ვფიქრობთ, რომ იგი XVII საუკუნისაა. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ანალოგიურ ტექსტს ძვირფასი ქვების შესახებ (ფ. ჰ-181), აწერია თარიღი 1744 წელი. იგი გადაწერილია კორნელი და თომა ჩაჩიკაშვილების მიერ, შეიცავს 57 ფურცელს, ზომა 15,3X11სმ, მხედრული. სათაურები შესრულებულია სინგურით. შესავალში აღნიშნულია, რომ `ესე წიგნი სპარსთაგან გად-მოწერილი არის~.
ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთ-ერთ ხელნაწერში (ფ. ჰ-3002-16) მხოლოდ მარგალიტისა და ზურმუხტის აღწერაა მოცემული, ისიც არასრულად, დანარჩენი ნაწილი არ არის. შედარებით სრულ ტექსტს ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერი წარმოადგენს (ფ. 242), იგი შეიცავს 73 ფურცელს, ზომა 18,5ხ14სმ, მხედრული. ტექსტის ბოლო მინაწერი: `ქვა-სა უიგ (1725) მარტის აღიწერა წიგნი ესე ხელითა თუმანიშვილის მდივნის დავითისათა~.
მინერალებზე საინტერესო ცნობებს შეიცავს საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივის ხელნაწერი (ფ. 1446, #388). აქ მოკლედ აღწერილია ოცდაერთი მინერალი და ქანი: ალმასი, წითელი იაგუნდი, ლურჯი იაგუნდი, ლალი, ზურმუხტი, ფირუზი, ყაჩატი, აქატი, ტოპაზი, ბალაღუნის ქვა, ვინისა, პლატეს, ასპიტი, მაგნიტი, ფაზარი, ცელინიტი, ორბის ქვა, მერცხლის ქვა, ქათმის ქვა, მარჯანი. ხელნაწერში მარგალიტის მხოლოდ სახელწოდება-სათაურია აღნიშნული, ე.ი. ტექსტი დასრულებული არ არის. ვფიქრობ, რომ ეს ხელნაწერი ორიგინალურ თხზულებას წარმოადგენს და შესაძლებელია XVIII საუკუნეზე ადრინდელია. აღმოსავლური-დან რომ არ არის ნათარგმნი ამის საბუთად ისიც გამოდგება, რომ ხელნაწერში ჯვარია მოხსენებული; ასპიდის ქვისაგან ჯვარის დამზადებაზეა ლაპარაკი.
ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთი თავნაკლული ხელნაწერი `პატიოსან თვალთათვის~ (კოლექცია-ჰ-ნ: 406) დიდი ზომის ქაღალდზეა დაწერილი, სულ თხუთმეტ გვერდზე, მხედრული, ჭვირნიშანი _ 1821 წელი. შინაარსიდან ჩანს, რომ ეს თხზულება უფრო ძველია, შესაძლებელია XVIII საუკუნეზე ადრინდელი, ნათარგმნს არა ჰგავს, ორიგინალურია. ხელნაწერი `პატიოსან თვალთათვის~ ძვირთასი ქვების შესახებ საინტე-რესო ცნობებს შეიცავს. აქ საკმაოდ ვრცლადაა აღწერილი: იასპი, საფირონი, ქალცედონი, სამარაგდე, სარდონიქსი, სარდიონი, `ოქროს ქუა~ , ბივრიტი, ტოპაზიონი, ქრიზოპრაზი, იაკინთი, ამეთვისტო. გარდა ამისა, ტექსტში მოხსენებულია ლაჟვარდი, ზურმუხტი, ანთრაკი, ქარვა, ფრცხილი, საღრტილი, ტალი, იამანი, სეილანი, ყვითელი იაგუნდი, ლურჯი იაგუნდი, წითელი იაგუნდი, ანდამატი, პორფირი, ფირუზი.
ძვირფასი და სანახელავო ქვების შესახებ განსაკუთრებით საინტერესოა `კალმასობის~ ხელნაწერი (კოლექცია- ჰ -2170). იმ დროისთვის იგი შეიძლება მინერალოგიის სახელმძღვანელოდ ჩაითვალოს.
შესავალში საუბარია ძვირფასი ქვის წონის ერთეულზე, ქვების დამუშავებასა და ღირებულებაზე. აღწერილია ძვირფასი ქვები: ალმასი, ანთრაკი, აქატი, ამეთვისტო, აყიყი, ანუქიონი, ბივრიტი, ეშმა, ზურმუხტი, იაგუნდი, იასპი, იამანი, ლალი, ლაჟვარდი, კატისთვალი, კაპოეტი, მარგალიტი, მარჯანი ანუ გრანატი, მწვანე ქვა (მალაქიტი), ოპალი ანუ ზღვის ცრემლი, პოგვირიონი, პაიზონი, საფირონი, ფირუზი, სულეიმანი, ფრცხილი, ხრისოლაფი, ლაურიონი ანუ ლიგვირიონი, სეილანი. გარდა ამისა, ტექსტში მოხსენებულია ანდამატი, ბრილიანტი, ოქროს ქვა, დაუთრობელი (ამეთისტი), წითელი იაგუნდი, ტალი, ონიქსი, ბირვილიონი-ბივრიტი, ამიატი, სამარაღდო, ყვითელი იაგუნდი, ლურჯი იაგუნდი, იაკინთი, იახონტი, ბროლი, ფაზარი, სარდიონი, სარდონიქსი, ფრცხილი, სტეფანეს ქვა.
მინერალოგიის სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩაითვალოს იოანე გვარამიძის (ვინმე მესხის) თხზულება. `მოთხრობა ბუნებათმეცნიერებისა მოკლედ შედგენილი მსურველთა და ახალგაზრდა მოწაფეთათვის ქართველთა~. იგი დასრულებულია 1907 წელს ქ. ახალციხეში. ამ თხზულებას წინ უძღვის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი _ `ქართული ენის საუნჯე~ (352 გვერდამდე). ნაშრომი მინერალოგიურ-პეტროგრაფიული ხასიათისაა. ეტყობა ავტორმა გამოიყენა მეცნიერების ამ დარგში იმ დროისათვის ცნობილი სახელმძღვანელოები, მაგრამ ნაშრომს მაინც დიდი ღირებულება აქვს, თუნდაც ზოგიერთ მინერალთა სახელწოდებისა და მთელ რიგ გეოლოგიური-მინერალოგიურ ტერმინთა და ცნებათა თავისებურად განმარტებისათვის. ხელნაწერში მინერალთა ქართულ სახელწოდებასთან ერთად მოცემულია ფრანგული, სომხური და თურქული სახელწოდებანი. თან მოცემული აქვს მინერალებისა და ქანების თავისებური კლასიფიკაცია: კენჭნარისებრნი, ილეკრონი, თიხისებრნი, ლითონები, კირიანი მიწის ლითონები, `დასაწველი ლითონები~, კლდის წყებანი. ცალკე აქვს მოცემული ცნობები პალეონტოლოგიიდან, ამ ნაწილის სათაურია `გაქვავებულები~.
კენჭნარისებრნს მიაკუთვნებს ძვირფას ქვებს: ზირკონი (ცირკონი), ზურმუხტი, ნაცრის ქვა (შერლი), ანთრაკი (კარბუნკული), ბროლი, სნოსნა (ამეთისტი), ქალკიდონი, სარდიონი (აყიყი), იასპი, აქატი (პაპაყური), ობალი (ოპალი), გვარიანი გორდუნი ანუ საფირი, ტოპაზონი, სპინელი ყვითელ-წითელი თვალი, ოქროს ანთრაკო, ამასთან ერთად დასახელე-ბულია მრავალი სხვა მინერალი და ქანი (მგმური, დანალექი და მეტამორფული).
|
|
|
lali |
margalitebi |
malaqiti |
|
|
|
margaliti |
marjani |
malaqitis sferuli kristali |
ძველ ქართულ ხელნაწერებში საინტერესო ცნობები გვაქვს მინერალთა ფიზიკური თვისებების შესახებ. ხელნაწერებში მოცემულია ქანისა და მინერალის განმარტება. ირკვევა, რომ შუა საუკუნეებში ქანის ქვეშ გულისხმობენ არა მინერალ-თა აგრეგატს, როგორც ამჟამად, არამედ ამა თუ იმ სასარგებლო ნამარხის საბადოს. საინტერესოა მინერალის განმარტება: XVIII საუკუნის რუსულიდან ნათარგმნ ერთ ხელნაწერში (ფ. 5-2000) მეოთხე გვერდზე სქოლიოში მთარგმნელის მიერ (დავით რექტორი უნდა იყოს) მოცემულია განმარტება: `მინერალი არს ჯვარი ანუ ლითონი, ანუ მადანი, ნახევარ ლითონი, გოგირდი, მარილი, და ესე ვითარნი სხუანი...ფრიად ქუანი, მიწანი და სხვ~.
ძვირთფასი ქვები ძველ ქართულ ხელნაწერებში მრავალი ტერმინითაა აღნიშნული. X საუკუნის თხზულებას ძვირფასი ქვების შესახებ `თვალთაი~ ეწოდება, ხოლო თითოეული ძვირფასი ქვა `თოვალის~ სახელწოდებითაა აღწერილი: `თოვალი სარდონი~, `თოვალი ფრცხილი~ და ა.შ. XVII საუკუნის ხელნაწერში ძვირფასი ქვის სინონიმად `თუალია~ მოხსენებული, ხოლო XVIII საუკუნეში `თვალი~. ამის პარალელურად XVII საუკუნის ხელნაწერში და შემდგომაც ხშირად გვხვდება ძვირფასი ქვების აღმნიშვნელი ტერმინი `ჯავარი~ ან `გოარი-გუარი-გვარი~. ჯავართან ერთად ძველ ხელნაწერებში ძვირფასი ქვებისათვის `წყალიც~ არის დამახასიათებელი. ძველ ქართულში `წყლის~ `წყლიანის~ ქვეშ `მოხდომილი, შვენიერი~ (ს.ს. ორბელიანი) იგულისხმებოდა, რომ `ყოველთა ჯავრიანთა ქვათა სიკეთე და თვალადობა ფერი და წყალი არის სიდიდესა არ უნდა შეხარბება~.
ძველ ქართულ ხელნაწერებში ძვირფას ქვებთან (ფ. 1446 #388 ცენტრ. ისტორიული არქივი) ერთად `პატიოსანი თვალი~ ან ქუა პატიოსანი გვხვდება. ჰ -406 ხელნაწერში, რომლის სათაურია `პატიოსან თვალთათვის~ ძვირფასი ქვები სპეკალის სახელწოდებითაა აღნიშნული (`იასპი არს ქუა სპეკალი, პატიოსანი თვალი~). ოსე ზაქარიას ძე გაბაშვილის (XVIIIს.) შედგენილ კრებულში ძვირფასი ქვების ცნების გამომხატველია: `სპეკალი~, `აღრალი~, `თუალი~ და `თვალნი პატიოსანნი~. `კალმასობის~ ავტორს ი. ბაგრატიონს `ძვირფას ქუასა~ და `ძვირფას თუალთან~ ერთად მოხსენებული აქვს ნახევრად ძვირფასი ქვა. მინერალ ანუქიონზე წერს: `ესე აღრიცხულ არს ნახევრად ძვირფასი ქუათა შორის~.
შუა საუკუნეებში ძვირფასი ქვების შეფასებისათვის (რადგანაც ტექნიკური გამოყენების თვალსაზრისით მაშინ მათ ნაკლები ღირებულება ჰქონდა) უმთავრესი ყურადღება ძვირფასი ქვის გარეგან მხარეს, ფერსა და ელვარებას ექცეოდა. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ ძველ ქართულ ხელნაწერებში ძვირფასი ქვების დახასიათებისათვის მათი შეფერილობა და ელვარება წინა პლანზეა წამოწეული. ხელნაწერებში ძვირფასი ქვების შეფერილობის აღწერისათვის ასზე მეტი ფერია აღნიშნული, ჩვეულებრივ, საყოველთაოდ გავრცელებულ ფერებთან ერთად ზოგიერთი ძვირფასი ქვის ფერის აღწერა მკითხველის აღტაცებას იწვევს. მაგალითად, ძვირფასი ქვის ფერი შედარებულია `ხოხბის ყელის ფერთან~ (ბერილი), `ირისეს ანუ ცისარტყელას ფერთან~ (ოპალი), `წეროს ბუმბულის ფერთან~ (აყიყი). გვაქვს აგრეთვე ძვირფასი ქვები `აბზინდა ბალახის ფერი~ (ოპალი), `ზღვის წყლის ფერი~ (ბივრილი), `ფუსტუღისფერი~ (ეშმა), `ჩაჭირებული ლურჯი~ (ლაჟვარდი) და ა.შ.
ძვირფასი ქვების ფერის დახასიათებისათვის მოცემულია ძვირფასი ქვების არა მარტო ფერის აღნიშვნა, არამედ უმცირესი ნიუანსიც, ოდნავ შეცვლილი ელფერიც: მაგალითისათვის რამდენიმე ძვირფასი ქვის ფერზე შევჩერდებით: ამ მხრივ ძლიერ საინტერესოა იაგუნდის ფერები: `იაგუნდი ოთხფერი არის: წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი. წითელი იაგუნდი შვიდფერი იქმნების ერთი მწვავედ მბრწყინვალე... მეორე ბროწეულის მარცვლის ფერი, მესამე არღავანისფერი, მეოთხე ვარდისფერი, მეხუთე ღვინისფერი, მეექვსე ძმრისფერი, მეშვიდე ხორცისფერი. ლურჯი იაგუნდი ხუთფერი იქმნების: ფარშავანგისფერი, ცისფერი, სურმისფერი, ჩალურჯებულის ნივრის ფერი. ყვითელი იაგუნდი ოთხფერი იქმნების ცუინის (სანთლის-ავტორები) ფერი, თურინჯის ფერი, ნარინჯისფერი და ბზისფერი. თეთრი იაგუნდი ბროლისფერი~ (ხელნ. ფ. შ-3722). აქვე აღნიშნულია, რომ შეფერილობით, სილამაზით ყველაზე `საჩინო იაგუნდია იგი არის რომ ფერად ბრწყინვალედ წითელი იყოს და ანუ ბროწეულის მარცვლის ფერი~. `ფერი ლალისა შვიდი არის მაასფარების ფერი ვითამცა არაბნელად წითელი მობრწყინვალოდ წითელი, მეორე წმიდისა ბროწეულის ფერი, მესამე ცეცხლისფერი, მეოთხე უნაბისფერი, მეხუთე ღვინისფერი, მეექვსე მორიელისფერი მეშვიდე ხახვისფერი (ფ. 3722). ასევე არის მრავალფერი მარგალიტი, ესე იგი თეთრი, წითელი, შავი, მოლეგო, მოყვითალო და პირის მოთეთრო~ (`კალმასობა~ ხელნ. ფ. 2170). ხელნაწერში `პატიოსან თვალთათვის~ (ფ. ჰ -406) ასეა აღწერილი სხვა ძვირფას ქვათა შეფერილობაც.
ფერთა ასეთი სიმდიდრე საკმარისია არა თუ შუა საუკუნეებისათვის ასამედ მინერალის დასახასიათებლად, არამედ იგი საკმარისია თანამედროვე მინერალოგნიური მეც-ნიერებისათვის, რომელიც თითქმის სამი ათასამდე მინერალს ითვლის. დასასრულს ეს საუკეთესო მასალას იძლევა ქართული ფერთა მეტყველების შესასწავლად. თუ თანამედროვე მინერალოგიური მეცნიერება ერთმანეთისაგან ანსხვავებს მინერალის საკუთარ ფერს და ე.წ. ხაზის ფერს (ე.ი. ფხვნილად ქცეული მინერალის ფერს), ჯერ კიდევ X საუკუნის ხელნაწერ `თვალთაიში~ ხაზგასმითაა აღნიშნული მინერალთა ეს თვისება. ძვირფასი ქვა ტოპაზის შესახებ ამ თხზულებაში ვკითხულობთ, რომ `მეწამოვალ არს ხილვა მისი~ მაგრამ გალესვის დროს `გლესის ზედა საგლესელსა...არა თოვ მეწამოვლად გამოსცის წყალი ლესვასა მას მსგავსად ფერისა მის თვისისა არამედ სძის ფერარნ სპეტაკ ნალესავი მისი~. საინტერესოა, რომ აქვე ავტორს მიუქცევია ყურადღება წონის მარადისობის კანონისათვის: ``და რა ჟამს შეიკრიბის ნალესავი იგი, აღწონის თოვალი იგი და თოვ დამცირდის არამედ იგივე სწორება აქოვნ.~ თავისთავად ეს ფაქტი მეტად საგულისხმოა.
ძველ ქართულ ხელნაწერებში ფერთან ერთად ხშირადაა მითითებული ძვირფასი ქვების ელვარებაზე, ანუ `ბრწყინვალებაზე~. ერთ-ერთ ხელნაწერში (ცენტრ. ისტორიული არქივის ფ. 1446 #388) ალმასის ელვარების შესახებ ნათქვამია, რომ იგში `ჭურტიალებასა თავისგან გამოსცემს~, ე.ი. ლაპარაკია ალმასის შინაგანი არეკვლის თვისებაზე. ზურმუხტი და აქატი ორივენი მწვანე ფერის მინერალია, მაგრამ `ზმოვარი (ე.ი. ზურმუხტი - ავტორები) იგი ბრწყინვალების გამომცემელ არს ხოლო აკატე იგი მწოვან ხოლო არს.~ ასეა აღწერილი ძვირფასი ქვების ეს თვისებები სხვა ხელნაწერებშიც.
ფერთან და ელვარებასთან ერთად ძვირფასი ქვების დასახასიათებლად ყურადღება მიუქცევიათ მათი გამჭვირვალობისათვის, რაც ყველგან ხაზგასმითაა მითითებული. ხელნაწერში `პატიოსან თვალთათვის~ ( ჰ -406) ძვირფას ქვა სარდიონზე ვკითხულობთ: `არიან ორნი სახენი ერთი უკუე არს უგანმჭვირუალო მქონებელი თავის შორის ვითარ ხორცის ფერისა ესე იგი წითელისა უკეთესისა საღრტილოსა... და მეორესა ვიდრემდე აქვს განჭვრუალობა და ბრწყინვალება და არს ესე უმეტეს უწითლესი და უძვირფასესი უფრის პირველისა~. აღნიშნულია ნახევრად გამჭვირვალე ქვებიც. `კალმასობის~ ავტორი მიუთითებს, რომ ძვირფას ქვას აყიყს `სხუათა ძვირფასთა თუალთა შორის გამჭვირვალობა აქვს ნახევარი მათი ოდენი~.
ჯერ კიდევ `თვალთაში~ არის ერთმანეთისაგან გარჩეული მაგარი და რბილი მინერალები, რომ `არს რომელიმე ფიცხელ და არს რომელიმე ლბილ~. XVII საუკუნის ხელნაწერში ალმასის სიმაგრეზე პირდაპირ არის ნათქვამი: `ყოველსა ქვასა ალმასი უმაგრესი არის და რაცა მაგარი ქვა არის მით გაითლების და გაიხვრიტების~ (ფ. 388). ხელნაწერში `პატიოსან თვალთათვის~ საფირონი დახასიათებულია `ვითარ ქუა მაგარ~ და ა.შ.
|
|
|
opali |
opali |
safironebi |
|
|
|
safironi |
Spineli |
vefxvis Tvali |
საინტერესოა, რომ ძვირფასი ქვების შესახებ ძველი ქართული ხელნაწერების ავტორებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ მინერალთა გარეგანი ფორმა (მორფოლოგია). უპირველეს ყოვლისა, უნდა მივუთითოთ ერთ ტერმინზე, რომელიც `თვალთაში~ გვხვდება: `წყალთა შინა დაყინებითა შეიქმნის თოვალი ესე~ ე.ი. რომ ძვირფასი ქვა ხსნარიდან გამოყოფით-კრისტალიზაციით წარმოიქმნებაო. საგულისხმოა ტერმინი `დაყინება~ როგრც ხსნარიდან მინერალურ ნივთიერებათა გამოყოფის პროცესის აღმნიშვნელი (სიტყვა `დაყინებული~ ნახმარი აქვს X საუკუნის მწერალს სტეფანე მტბევარს თხზულებაში `მარტვილობა გობრონისი~). ალმასი ბუნებაში ხშირად ოქტეადრების სახით გვხვდება. ამ უკანასკნელს კი, ცნობილია, ექვსი ერთნაირი წვერი აქვს. XVIII საუკუნის ხელნაწერში (ფ. 242) ასე არის აღწერილი ალმასის გარეგანი სახე: `ექვს კუთხი იქმნების, რომელსაც მხარს გარდაბრუნვებ თვით მწვეტი წვერო უმაღლე დარჩების და რა გასინჯავ სიმწვეტე სწორედ აქვს~. აქ უნებლიეთ შეიძლება გავიხსენოთ ვახუშტი ბაგრატიონის მიერ აღწერილი მთის ბროლის დიპირამიდული კრისტალები: `აქ ჭივჭავასა ზედა არს კლდე და მისგან სცვივა ბროლი გათლილი კუთხედ, მწვეტი ორ კერძოვე~.
შუა საუკუნეეების ქართული მინერალოგიური მეცნიერების მაღალი დონე, უპირველეს ყოვლისა, მინერალთა დიაგნოსტიკური ნიშნების ცოდნაში უნდა ვეძიოთ. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მეცნიერული მინერალოგიის მსგავსად, დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად მინერალის ფერი და სიმაგრე ითვლება. ზემოთ ითქვა, რომ ზურმუხტი და აქატი ორივე მწვანე ფერის მინერალია. მაგრამ `თვალთაში~ აღნიშნულია, რომ ზურმუხტი ელვარე მწვანეა, აქატი კი ჩვეულებრივი მწვანე; იაკინთი სხვა ძვირფასი ქვებისაგან იმით გნაირჩევა, რომ ფერი აქვს `ცეცხლის მსგავს...არა თოვ დღისი ჩანნ ბრწყინვალებად მისი ა-დ ღამე შორით ვითარცა სანთელი ჰნთიეთ და ვითარცა ნაკვერცხალმან ბრწყინვალება გამოსცის...მით პოვიან იგი~ და ა.შ.
ხელნაწერებითაც მტკიცდება, რომ შუა საუკუნეების საქართველოში ცნობილი ყოფილა ნამდვილი და ყალბი ქვების ერთმანეთისაგან გარჩევის მეთოდები. ამასთან მოცემულია ზოგიერთი შეცვლილი ძვირფასი ქვის ხელახლა აღდგენისა და მათი შენახვის მეთოდები. ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერში (ფ. 242) აღწერილია ნამდვილი იაგუნდის ყალბისაგან გარჩევის მეთოდი: `თუ გინდეს რომე მართლივ და მორთული (ე.ი. ყალბი-ავტორები) შეატყო ქვის მთლელთა ჩარხსა შიგან გააბან თუ ლბილი არის მორთული არის და თუ მაგარი არის იაგუნდი იქმნების ის და თუ ქვის მთლელი არ იყოს ცეცხლშიგან ჩააგდე ცოტა ხანს დააყოვნე და ტყუილი და მართალი გამოჩნდების თუ ფერი ავლოს მორთული არის და თუ არ ავლოს მართალი არის~. ყვითელი იაგუნდის შესახებ აღნიშნულია, რომ `ყვითელი იაგუნდი საცნობლად ძნელი არის ამად რომე ფრანგნი მინაქარსა ერთობ გალესავენ და ჭიქასავით შეიქმენ და იაგნუდის ფერსა მისცემენ~, მაგრამ იგი ნამდვილ იაგუნდთან შედარებით `მოლბო იქმნების~. იმავე ხელნაწერში მოცემულია ნამდვილი ფაზარის გამოცნობის მეთოდი. ასეთივე ცნობებს გვაწვდის ძვირფას ქვებზე სხვა ხელნაწერებიც.
მეცნიერული თვალსაზრისით ძვირფასი ქვების შესახებ ხელნაწერების ერთ-ერთ დიდ ღირსებად მიგვაჩნია მთელ რიგ შემთხვევაში მინერალთა გენეზისის, ბუნებაში მათი არსებობის ფორმისა და მოპოვების საკითხების გარკვევა. მაგალითი მოგვაქვს `თვალთადან~ `ლიგვირიონი `ვ-დ ძარღოვანი იგი კლდესა შ-ა არიან ვინა თოვალი იგი კლდისა მისგან ომეტეს გამოიკვეთოს თოვალი იგი კლდისა მისგან~. ძოწეული: `ძარღო-ვანად იპოვების ჯოვრღოვმოვლსა მას~, ხოლო ხსნარიდან `დაყინებით~ ფრცხილის წარმოშობის შესახებ ზემოთ აღვნიშნავთ.
ქუთაისის მუზუმის ხელნაწერი (ფ. 242) ჩანს, რომ ალმასის მოპოვება ძირითადად ქვიშრობიდან წარმოებდა, თან მითითებულია, რომ ალმასის შემცველი ქვიშა წარმოიშვა ქანების გამოფიტვის შედეგად `დიდი მთა ალმასის ქანი არის და დიდსა წვიმასა და ღვარსა მისი ქვიშა აქა ვაკედ ჩამოუღია და...ალმასი მას შიგან არის~... აქვე ნათქვამია, რომ `ჯავარი და გვარი რაცა არის ყოველივე ქვისაგან და მიწისაგან არის~. ამ ხელნაწერში განსაკუთრებით საინტერესოა მარგალიტის წარმოშობის პროცესი: `...რომელიც სადაფი და მარგალიტი უფრო ღრმაშიგან არის მარგალიტი მისი ემჯობინების სადაფი სულიერი არის მისსა ხორცსა კვერცხის ცილის გემო აქვს და თევზსავით ქვირითსა დაყრის და მისი ბარტყი იმავე ქვირითისაგან დაიბადების და ასრე არის დასტურობით ნათქვამი ვითა რაჟამც ხუთი წლისა შეიქმნების და ყოველთა წე-ლიწადთა მზე ათორმეტთა ეტლთა ზედა ბრწყინავს და მას დროსა ოდეს მზე ვერძსა ზედან შევა სადაფი წყალთა ზედად მოექცევის და წვიმისაგან წვეთსა შთანთქავს და იგივე ძირსა ჩავა მუნამდისი ვიდრე მზე კირჩხიბს ზედან მივიდეს და მასუკანის...მისსა მუცელსა შიგან მარგალიტი შეიქმნების და მას დროსა ოდეს სადაფი წყალსა ზედად მოექცევის თუ დარი კარგი გრილი და მისი ნებისა არის მისი მარგალიტიცა ყოვლითა სინჯითა შემკობილი იქმნების და თუ სადაფი უდროოდ მოიქცევის წყალსა ზედად მისი მარგალიტი მაშინაც ავი იქმნების. ესა იმა დროსა მოხდების რომე ჯერეთ მარგალიტი მუცელსა შიგან არა დამაგრებულიყოს~. ასევე ახსნილი ხელნაწერში სხვა ძვირფასი ქვების წარმოშობაც.
მინერალთა წარმოშობის შესახებ უფრო საინტერესო ცნობას გვაწვდის `კალმასობის~ ავტორი. ამ ხელნაწერში მწუანე ქუას` ანუ მალაქიტის აღწერას ტექსტის არეებზე (ირგვლივ) მიწერილი აქვს, რომ `ამას ჰპოვებენ სპილენძის მადანსშინა~. ამ ხელნაწერის ავტორი ფირუზის ორ სახეს არჩევს: `ერთი აზიისა რომელიცა გამოაქუთ მიწის მადნიდან და არის კარგი და ჩინებულიცაა ხოლო მეორე არს ევროპული რომელიცა უბნობენ ვითომც ძვალი გაქვავდებოდეს და ფირუზის სახედ შეიცვლებოდეს და მერე შეღებამდნენ გარნა ეს არს ხელოვნებითი და არა ბუნებითი ფირუზი~, და ა.შ.
ძვირფასი ქვების შესახებ ქართული ხელნაწერების გაცნობა საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ერთგვარი დასკვნები: უპირველეს ყოვლისა, მითითებულია მათი წარმოშობის ენდოგენური და ეგზოტიკური პროცესების არსებობა. უფრო ვრცლად არის განმარტებული ონგანოგენული ძვირფასი ქვების (მარჯანი, მარგალიტი, ფაზარი) წარმოქმნის პროცესი.
ამჟამად ცნობილია ძვირფასი ქვების მნიშვნელოვანი ნაწილის სახესხვაობანი. ეს მოვლენა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ხელნაწერთა ავტორებსაც. `თვალთაში~ აღწერილია თორმეტი ძვირფასი ქვა, ხოლო მათთან ერთად ამ ქვების თხუთმეტზე მეტი სახესხვაობაა დასახელებული. ხელნაწერ ფ. 242-ში აღწერილია ალმასის, იაგუნდის, ლალის, ზურმუხტის, ფირუზის და ლაჟვარდის სახესხვაობანი. ჰ-406 ხელნაწერში გარჩეულია საფირონის, სარდიონის, ტოპაზის, ხრისო-პრასის, იაკინთის სახესხვაობანი. მაგალითისათვის მოგვაქვს ამ უკანასკნელი ქვის `სამი სახეობა~. `ცისფერი ანუ მოლურჯო რომელსაც თათარნი უწოდებენე ლურჯ იაგუნდათ ხოლო მეორე არს ჩალისფეროვანი ანუ ოქროს ფეროვან...უწოდებენ ამას იაკინთსა ოქროს ქვად ანუ ოქროს ანთრაკად... ხრისოლითის და ამას თათარნი უწოდებენ ყვითელ იაგუნდათ ხოლო მესამე იქმნების წითელ სახოვან ანუ ვარდისფერ თათარნი უწოდებენ ამას წითელ იაგუნდათ~. ასევე, `კალმასობის~ ხელნაწერშიც აღნიშნულია ალმასის, იაგუნდის, იამანის, ლაჟვარდის, მარგალიტის, ოპალის, ფირუზის, ზურმუხტის, სეილანის სახესხვაობანი.
თანამედროვე მინერალოგიის სახელმძღვანელოებში მინერალთა აღწერისას უპირველეს ყოვლისა განმარტებულია მინერალთა სახელწოდებანი. `თვალთაში~ აღწერილი თორმეტი მინერალიდან ახსნილია მინერალების სარდიონისა და ტოპაზის სახელწოდებანი. მინერალთა სახელწოდებანი განმარტებულია სხვა ხელნაწერებშიც. ამ საკითხისათვის ყურადღება მიუქცევია იოანე ბაგრატიონს (ჰ-2170): `ალმასი, არაბული სახელია ალმას, ხოლო ბერძულებ ადამატი...სიმყარითა და სიმაგრით აღემატების სხუათა ყოველთა ქუათა ზედა სახელი ესე ანდამატი ჰსწოდებოდეს ამის გამო რომელიცა ნიშნავს უძველესა მით რამეთუ სიმტკიცითა თავისთა სხუათა ქუაზედა აღმატებულობას~ და ა.შ.
ძვირფასი ქვების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მათ სამკურნალო და მაგიურ მნიშვნელობაზეა მიქცეული, რაც იმ დროისათვის ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ. ამასთან ერთად ხშირადაა მითითებული ძვირფასი ქვების სამკაულებად ან მეფეთა რეგალიებისათვის, ტანსაცმლისათვის გამოყენება.
ძველ ქართულ ხელნაწერებში ძვირფასი ქვების წონის ერთეულებად დასახელებულია: ყირათი, მიტყალი, დრამა, მისხალი, დანგი. ერთ-ერთ ხელნაწერში (ფ. 204) ძვირფასი ქვების წონის ერთეულები ასეა მოცემული: `წონის ანგარიში ხაშხაშის მარცვალზედ არის გაანგარიშებული და მასზედ დაიწყებენ დაფასებასა ოთხი ხაშხაშის მარცვალი ერთმარცვ-ლად ფეტვად დაიდების ოთხი ქერის მარცვალი ერთ ცერცვის მარცვლად დაიდების ოთხი მარცვალი ცერცვი ერთ დანგად დაიდების და ექვსი დანგი ერთ მიტყლად დაიდების და ოცდაოთხი ყირითიც ერთი მისხალი არის~. `ყირათი~ ამჟამად ცნობილი კარატია, რომლის წონა 0,2 გრამს უდრის და მიღებულია ალმასის წონის ერთეულად.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერში გვაქვს მითითება: `ყოველთა ჯავრიანთა ქვათა სიკეთე და თვალადობა ფერი და წყალი არის სიდიდესა არ უნდა შეხარბება~, მაინც ძვირფასი ქვების შეფასებისათვის ფერთან და წყალთან ერთად მთავარი იყო მათი წონა. `კალმასობის~ ხელნაწერში აღნიშნულია, რომ `ერთ ყირათის სიმძიმე არის ოთხის ხორბლის მარცვლის წონა და ამ ყირათით დაფასდება ის თუალი რაოდენიცა ყირათი გამოვა. ყირათით უფრო აიწონებიან შემდგომნი თუალნი ესე ალმასი აგრეთვე ალმასის გავს გათლილი რომ არის ბრილიანტი იაგუნდი წითელი და სხვა ფერნი ლალი ზურმუხტი ანთრაკი მარგალიტი ხოლო სხუა თუალნი უფრონე შესახედაობითა და სიწმინდითა დაფასდებიან და ოდესაც ზემოხსენებულთ თვლებთა წონით დავაფასებთ მაშინ ის ფასი ისე ემატება როგორათაც ვერცხლი და ოქრო ფასობს იმ ქვეყანაში ესრეთ თუ ოქრო და ვერცხლი მაშინ თვალსაცა აქვს ძვირი ფასი და თუ ძვირობს ოქრო და ვერცხლი მაშინ თვალსაცა აქვს ძვირი ფასი და ესეც გათლილსა თუალსა აქვს სხვა ფასი და გაუთლელსა სხუა. გათლილსა თუალსა და თრაშ ნაქმნარსა უფრორე ჰყვარობენ ევროპიელნი და აზიელნი ბრტყლად გათლილსა... ევროპელნი
გათლილს ალმას ბრილიანტად უფრო ჰყვარობენ და ეწყობიან ხოლო აზიელნი წითელს იაგუნდს და სხვათა თვალსა უფრორე ჰსწყალობენ გარნა მარგალიტს ორგანვე აქვს პატივი~.
`კალმასობის~ ავტორს მოცემული აქვს ძვირფასი და სანახელავო ქვების (ალმასი ანთრაკი, ამეთისტი, აყიყი, ზურმუხტი, ლალი, ლაჟვარდი, კაპოეტი ქუა, მარჯანი, მარგალიტი, ოპალი, ლიგვირიონი, ფირუზი, საფირონი, ვერცხლი, სეილანი) იმდროინდელი ფასი.
|
|
zurmuxti |
zurmuxti |
დასასრულს უნდა აღინიშნოს რომ, იოანე ბაგრატიონს ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები მათი ფერის, ელვარების, სიმაგრის და სხვა თვისებათა მიხედვით ათ ხარისხად აქვს დაყოფილი: `შერაცხილი და აღრიცხული~. პირველი ხარისხისაა ალმასი, იაგუნდი; მესამე ხარისხისაა: ლალი, ლიგვირიონი; მეოთხე ხარისხის - ფირუზი, ზურმუხტი; მეხუთე ხარისხის _ ფრცხილი, ოპალი; მეექვსე ხარისხის - ამეთისტი, იასპი (ეშმა); მეშვიდე ხარისხის - კატის თუალი, მარგალიტი; მერვე ხარისხის - სეილანი; მეცხრე ხარისხის - იამანი. `კაპოეტი ქვა~ ძვირფას ქვებშია `შერაცხილი~; ანთრაკი, აქატი, ტოპაზი, ბივრიტი, ხოლო მარგალიტი არის `შესწორებული სხვათა ძვირფასებთა ქვებთანა~.
ამრიგად, იოანე ბაგრატონის კლასიფიკაციით ძვირფასი ქვები ათი ხარისხისაა. ახალა საინტერესოა შევადაროთ იგი ძვირფასი ქვების ე. ა. ფერსმანის თანამედროვე კლასიფიკაციას. როგორც ცნობილია ფერსმანი ძვირფას ქვებს ყოფს სამ კლასად. იოანე ბაგრატონის მიერ აღწერილი ძვირფასი ქვებიდან პირველ კლასშია: ალმასი, საფირონი (ლურჯი იაგუნდი), მარგალიტი; მეორე რიგშია: ქრიზოლითი (ყვითელი იაგუნდი), ამეთისტი, ოპალი, ბერილი; მესამე რიგშია: სარდიონი, აქატი, ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ბაგრატიონის მიერ პირველ ხარისხად მიღებული წითელი იაგუნდი (ალმანდინი ან პიროპი) ფერსმანის კლასიფიკაცია მეორე კლასშია. ასევე მეოთხე ხარისხის ძვირფასი ქვა ფირუზი, ფერსმანით მესამე კლასშია და პირიქით სეილანი (ჰიაცინტი) არა მერვე ხარისხის ძვირფასი ქვაა, არამედ მეორე რიგისა, ხოლო სანახელავო ქვა მალაქიტი მიჩნეული აქვს ძვირფას ქვად. ლაჟვარდს კი ი. ბაგრატიონი, როგორც ამჟამად მიაკუთვნებს სანახელავო ქვებს. იოანე ბაგრატიონის მიერ ძვირფასი ქვების ხარისხებად დაყოფა ძირითადში სწორია, იგი თითქმის შეესაბამება ძვირფასი ქვების თანამედროვე კლასიფი-კაციას და სწორედ ამაშია მისი მნიშვნელობაც.
ძველ ქართულ ხელნაწერებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი კვარცის ჯგუფის მინერალებს - ძვირფას ქვებს, რომელნიც საქართველდოში დიდადაა გავრცელებული. `თვალთაში~ აღწერილი თორმეტი ძვირფასი ქვიდან ხუთი ამ ჯგუფიდანაა (სარდიონი, იასპი, აქატი, ამეთისტი, ვერცხლი). ჰ-406 ხელნაწერში კვარცის ჯგუფის მინერალებიდან - ძვირფასი ქვებიდან აღწერილია იასპი, ქალცედონი, სარდონიქსი, ქრიზოპრაზი, ამეთისტი, ფრცხილი. იგივე შეიძლება გავიმეოროთ `კალმასობის~ ხელნაწერის შესახებაც. აქ კვარცის ჯგუფის ძვირფასი ქვებიდან დახასიათებულია აქატი, ამეთისტი, ფირცხილი, ეშმა, ბროლი, იამანი, კატის თვალი. ოპალი, სარდონიქსი. ძველ ქართულ ხელნაწერებში კვარცის ჯგუფის ძვირფასი ქვები საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი.
ძველი ქართული ხელნაწერებით ირკვევა, რომ შუა საუკუნეებში საქართველოში ცნობილი იყო ასამდე ძვირფასი ქვის სახე და სახესხვაობა. ძვირფასი ქვების ცნების გამოსახა-ტავად რამდენიმე ტერმინი არსებულა: ძვირფასი თვალი, სპეკალი, აღრალი, ჯავარი, ქვა პატიოსანი.
მატერიალური კულტურის ძეგლებით დასტურდება ხელნაწერებში მოხსენებული ძვირფასი ქვების საქართველოში გამოყენება. ხელნაწერებიდან ჩანს, რომ ქართულად ზოგიერთი ძვირფასი ქვა რამდენიმე სახელწოდებას ატარებდა: ონიქსი-ანუქიონი-ანვიქთი-ფრცხილი სარდიონი-აყიყი-იამანი, იასპი-ეშმა, ტბაზიონი-პაზიონი-ტოპაზი, ზურმუხტი-ზმური-სამარაგდე. არაბულ-სპარსულ და ბერძნულ სახელწოდებებთან ერთად გვხვდება მინერალთა ქართული სახელწოდებანიც. ეს ფაქტები ძველ საქართველოში მათ ფართო გამოყენებაზე მიუთითებს. ქართულ ხელნაწერებში საინტერესო ცნობები გვაქვს ფიზიკური თვისებების შესახებ.
ხელნაწერების საშუალებით ირკვევა, რომ შუა საუკუ-ნეებში საქართველოში წერდნენ არა მარტო საეკლესიო წიგნებს, ფილოსოფიური შინაარსის თხზულებებს, მხატვრულ ნაწარმოებებს, არამედ მეცნიერულ ტრაქტატებსაც, ისეთი დარგებიდანაც კი, როგორიცაა მინერალოგიური მეცნიერება.
სტატიის ავტორი – ნ. ფოფორაძე ვ. ზუხბაია;
სტატია აღებულია წიგნიდან - ძვირფასი და სანახელავო ქვები, 1998წ.
|