“დანიელი ლომთა ხაროში” აკაურთის ეკლესიის რელიეფზე

ადრეული შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო სახვით ხელოვნებაში უმთავრესი როლი ქვაზე კვეთილ რელიეფებს ეკისრებათ, რომლებიც მხატვრული გადაწყვეტისა და სიმბოლური სახეების მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. ამ პერიოდის საფასადო რელიეფის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს აკაურთის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის გამოსახულებები წარმოადგენენ.
სოფელი აკაურთა ქვემო ქართლში, მდ. მაშავრის მარცხენა ნაპირზე, ბოლნისიდან შვიდიოდე კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეკლესია სოფლის ცენტრში ამაღლებულ ადგილასაა აგებული. ეკლესიის ხუროთმოძღვრება გამოკვლეულია ლ. რჩეულიშვილის მიერ და დათარიღებულია V-VI საუკუნეთა მიჯნით. გვიანდელი (XX საუკუნის დასაწყისი) აღდგენის შედეგად ნაგებობას სანახევროდ დაკარგული აქვს თავდაპირველი იერსახე. პირველადი სახით შემორჩენილი ფასადები მოპირკეთებულია დიდი ზომის მოვარდისფრო-ქვიშისფერი, კარგად გათლილი კვადრებით.
გზა ეკლესიას სამხრეთიდან ადგება. ძირითადად სწორედ ეს ფასადია რელიეფებით გაფორმებული – ფართო (100 სმ) კარს ზემოდან საზღვრავს რელიეფურგამოსახულებიანი დიდი ზომის (სიგრძე – 337 სმ, სიმაღლე – 48 სმ) ბალავრის ქვა. კარის ღიობს გვერდებზე ვერტიკალურად დაუყვება ორნამენტული ზოლები (ვაზის ყლორტები მტევნებითა და ფოთლებით). რელიეფური ჩუქურთმით იყო დაფარული დიდი, ნალისებრი სარკმლის თავსართიც, რომელიც დღეს დაზიანებული და გამოფიტულია. სარკმლის გვერდით, ცალკე ჩასმულ დიდ ფილაზე, წრიული ფორმის, ჩაღრმავებულზედაპირიან არეზე წარმოდგენილია ფარშევანგის ფიგურა. ერთი რელიეფი ჩრდილოეთ ფასადზეც გვხვდება, სადაც მცირე ზომის ფილაზე ამოკვეთილია ჯვარი ვაზის ფოთლებში. ჩუქურთმებით შემკულია ეკლესიის ინტერიერიც – აფსიდის პილასტრების იმპოსტები დაფარულია ფაქიზი კვეთით გადმოცემული აკანთის ფოთლებით, რომბებით, წრეებით, ზიგზაგებით. სამხრეთი ფასადის შესასვლელის ბალავრის ქვაზე დაბალი რელიეფით (1 სმ) ამოკვეთილია გამოსახულებათა სამი ჯგუფი, რომლებიც ერთ, საერთო მოჩარჩოებაში არიან მოქცეულნი, თუმცა თითოეული სცენა ცენტრულ-სიმეტრიული ხასიათისაა, კომპოციზიურად შეკრულია და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იკითხება. ორი განაპირა ჯგუფი უფრო მცირე ზომის მონაკვეთებზეა განლაგებული.

akaurTa. eklesiis samxreTi fasadi
akaurTa. eklesiis samxreTi kari

ორივეგან გამოსახულია ირმები პალმის ხეებთან. ცენტრალურ კომპოზიციას უფრო დიდი ფართობი აქვს დათმობილი (მისი სიგრძე 138 სმ-ია). ლ. რჩეულიშვილის აზრით, შუა ჯგუფში წარმოდგენილია ორი ერთმანეთისკენ მიმართული ირემი, ხოლო გ. აბრამიშვილი ირმებს შორის გამოსახულებას სიცოცხლის ხედ მიიჩნევს.
ადგილზე დეტალური დაკვირვებისას, რელიეფის ზედაპირის დაზიანების მიუხედავად, გაირკვა, რომ ცხოველებს შორის გამოკვეთილია ადამიანის გამოსახულება. გაირჩევა ფრონტალურად წარმოდგენილი ფიგურის სილუეტი – სახის დაგრძელებული ოვალი, რომლის ნაკვთები სრულიად გადაფხეკილია, თავად სახე კი თითქოს განზრახ, ბასრი საგნის ჩანაჭდევით შუაზეა გაპობილი; გამოიყოფა ფიგურის მხრები, სხეულის ზოგადი მოხაზულობა. ფეხები მოზრდილია და პროფილში, ერთ მხარეს აღმოსავლეთისკენ მიმართული, ხელები დაზიანებულია და ძნელდება მათი მოხაზულობის აღქმა. მარჯვენა ხელის ქვემოთ ჩამოშვებული და იდაყვში მოხრილი მკლავი მკერდთან აქვს მიტანილი (არ გაირჩევა ხელის მტევანი). საფიქრალია, მარცხენა ხელიც იდაყვში მოხრილი და გვერდით მიმართული შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ვედრების ჟესტს მოგვაგონებს. ფიგურის მკერდზე გრაფიკულად ამოკვეთილია დიდი ზომის ტოლმკლავა ჯვარი, მსგავსად ზედა თმოგვის სტელის (VI ს.) დანიელ წინასწარმეტყველის მკერდზე გამოსახული ჯვრისა

eklesiis samxreTi karis zRudari

შემუშავებული კომპოზიციური სქემის ამგვარი დარღვევა ხშირია ადრეული შუა საუკუნეების როგორც ქართულ, ისე უცხოურ ნიმუშებში, რაც შესაძლოა, ერთი მხრივ, განპირობებულია ადგილობრივი მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებით, მეორე მხრივ კი – იმით, რომ ამ თემის იკონოგრაფიული სქემა ჯერ კიდევ არ იყო სავსებით დაკანონებული.
როგორც აღინიშნა, აკაურთის არქიტრავის სამად გაყოფილ რელიეფურ კომპოზიციაში ცენტრალური და ყველაზე დიდი ფართობი დანიელ წინასწარმეტყველის სასწაულებრივი ხსნის სცენას უჭირავს, რომელიც აღდგომისა და სულის ხსნის ძველაღთქმისეულ წინახატს წარმოადგენს. ამავე თემას ეპასუხება ბალავრის განაპირა არეებზე ამოკვეთილი გამოსახულებები – ირმები პალმის ხეებთან. ირმების, შვლების თუ სხვა ცხოველთა (ჯიხვი, კურდღელი) და ფრინველთა გამოსახულებანი, რომლებიც მცენარეთა ნაყოფს შეექცევიან, ადრინდელი ხანიდან ხშირად გვხვდება ქრისტიანული სამყაროს სახვით ხელოვნებაში და სიმბოლურად მორწმუნე სულთა ზიარებას გამოხატავენ9. ზოგჯერ ასეთი მოტივები დანიელის თემასთან ერთადაა წარმოდგენილი, მაგ., მარტვილის ტაძრის (VII ს.) ფრიზზე ჩიტები კენკავენ ვაზის ნაყოფს; წებელდის ფილაზე (VII-VIII სს.) დანიელის სცენის ქვემოთ გამოსახული იყო შველი ნუკრთან ერთად მცენარეებს შორის (ეს ნაწილი დღეს აღარ არსებობს); თელოვანის (VIII ს.) რელიეფზე – ირემი, ჯიხვი, კურდღელი სიცოცხლის ხის მოტივებთან. ვალეს (X ს.) რელიეფზე – შველი ბუჩქებში და სხვა. აღსანიშნავია, რომ აკაურთის არქიტრავის მარჯვენა მხარეს, ირმისა და პალმის ხის გამოსახულებებთან ერთად, უშუალოდ დანიელის სცენის გვერდით ამოკვეთილია ორნამენტებით დაფარული, გეომეტრიული ფორმის საგანი, რომელიც წარმოადგენს არაწესიერი მოხაზულობის ნახევარწრიულ საფუძველზე აღმართულ ვერტიკალურად წაგრძელებულ სწორკუთხედს. ამ გამოსახულებას ლ. რჩეულიშვილი კვარცხლბეკზე დამდგარ საკურთხევლად მიიჩნევს, გ. აბრამიშვილი კი – კლდის პირობით გამოსახულებად.

eklesiis arqitravis reliefi (sqema)

ამ საგნის მეტად პირობით-სქემატური ფორმის გამო, ძნელია დაბეჯითებით ითქვას, თუ რას წარმოადგენს იგი და რატომ არის შეყვანილი ამ კომპოზიციაში. გამორიცხული არ უნდა იყოს, რომ ეს გამოსახულება მართლაც წარმართული საკურთხევლის – სამსხვერპლოს გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდეს.
საყურადღებოა, რომ დანიელის სცენაში ლომები მოძრავ, მრბოლავ პოზებში არიან გამოსახულნი (განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს წარმოდგენილი ლომები), ისინი თითქოს თავს ესხმიან წინასწარმეტყველს. ამგვარი იკონოგრაფია სიმბოლურად ბოროტ, ეშმაკეულ ძალთა მხრიდან საშიშროებას გამოხატავს და, ამასთან, ხაზს უსვამს მაცხოვრის კაცობრიობის ხსნისათვის ჯვარზე ვნების, მსხვერპლად შეწირვის იდეას. ასეთ კონტექსტში დანიელის კომპოზიციაში სამსხვერპლოს გამოსახვა აძლიერებს მაცხოვრის მსხვერპლის თემას და შესაძლებელია ისე იყოს გააზრებული, როგორც ტრაპეზი.

zeda Tmogvi. stela

აკაურთის ეკლესიის ბალავრის რელიეფის საერთო კომპოზიციურ აგებაში, მიუხედავად მისი გამოსახულებების სამ ჯგუფად განაწილებისა, არ არის მკაცრი სიმეტრიულობა. კომპოზიციის მარცხენა ჯგუფის სარკისებრ სიმეტრიას, რასაც ქმნის ორი ერთნაირი ირმის წარმოდგენა პალმის ხის ორსავ მხარეს, არქიტრავის მარჯვენა ნაწილში არღვევს მეორე ირმის ნაცვლად “სამსხვერპლოს” გამოსახულება. სიმეტრიულობის პრინციპი დარღვეულია ცენტრალურ სცენაშიც – დანიელის ერთ მხარეს წარმოდგენილ ერთ დიდი ზომის ლომის ფიგურას უპირისპირდება მეორე მხარეს გამოსახული ერთი ოდნავ მცირე ზომის ლომისა და სამი პატარა ცხოველის ფიგურები. ამასთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ რელიეფის მოჩარჩოებას არა აქვს სწორხაზოვანი კონფიგურაცია. იგი მიყვება გამოსახულებათა მოხაზულობას – ზოგან კუთხოვნად “ტყდება” – მაგ., მარცხენა ლომის ზურგთან, – ზოგან რკალურად გარს ევლება ფორმას, – მაგ., ფილის მარჯვენა მხარეს გამოსახული ირმის ფიგურაზე, – და სხვა.

eklesiis samxreTi karis arqitravis Sua monakveTi

ამგვარად, რელიეფის ოსტატი საკმაოდ თავისუფლად ანაწილებს გამოსახულებებს სიბრტყეზე. ამასთანავე, იგი მოჩარჩოების ცალკეულ მონაკვეთებს და ფონის თავისუფალ ადგილებს დეკორატიულად ამუშავებს ორნამენტებით – კვადრატებში ჩასმული ჯვარედინი ხაზების მწკრივებით. ეს სახე ღრმა ცერად ჩაკვეთითაა გამოყვანილი და როგორც ლ. რჩეულიშვილი აღნიშნავს, ხეზე ჭრას მოგვაგონებს. ამ მოჩუქურთმებულ მონაკვეთებს დეკორატიულობა შეაქვთ ფრიზულად წაგრძელებული არქიტრავის რელიეფში. წინააღმდეგ ამისა, ცენტრალური კომპოზიცია სადა ფონზე იშლება, ხოლო ზემოდან და ქვემოდან ასევე სადა, ვიწრო ზოლებით ჩარჩოვდება. შესაძლოა, ამ ნიშნითაც (ფილის შუა დიდი ზომის არეზე განთავსებასთან ერთად) დანიელის სცენა გამოყოფილია როგორც მთავარი კომპოზიცია. აქ ყურადღება არ იფანტება დეკორატიულ მოტივებზე, დეტალებზე და გულისყური მხოლოდ სიუჟეტის გადმოცემაზე მახვილდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ცენტრალურ კომპოზიციაშიც ფონი შევსებულია ცხოველთა რაოდენობის გაზრდით. ამგვარად, აშკარაა სიბრტყის¸”ხალიჩისებრ” შევსების ტენდენცია. მთლიანად შევსებული ფონები ადრეული ხანის ძეგლებში გვხვდება ბრდაძორის (VI ს.), საცხენისის (VI ს.) და სხვა სტელებზე, საფასადო რელიეფებში კი ამგვარი “ხალიჩისებრი” შევსება ნაკლებად შეინიშნება.
ადრეული შუა საუკუნეების ეკლესიების – ქვემო ბოლნისის, წალკის, თეთრი წყაროს არქიტრავებზე რელიეფური გამოსახულებანი ცენტრალურ, მცირე ზომის არეზე იკვეთება, რომელთა გარშემო ფონის დიდი ფართობია სადად დატოვებული. ამ გამოსახულებათა მცირე მასშტაბი, მათი შესრულების მანერა – ქვაზე ამოკაწრული წვრილი ნახატი, – არ შეესაბამება საფასადო სიბრტყის ზომებს და მცირე პლასტიკის ნიმუშებთან იჩენს მსგავსებას. განსხვავებული კომპოზიციური გადაწყვეტის მიუხედავად, იგივე შეიძლება ითქვას აკაურთის არქიტრავის რელიეფზეც – მცირე ზომის სცენებით, ორნამენტული მოტივებით “ხალიჩისებრ” შევსებული ფილა უფრო დეკორატიული სამკაულის შთაბეჭდილებას ქმნის, ვიდრე მონუმენტური, ხუროთმოძღვრული სკულპტურისა. დიდი, თლილი კვადრებით მოპირკეთებული ფასადის მასიურ სიბრტყეზე რელიეფები ფაქიზი მაქმანებივითაა დაფენილი. ამ შთაბეჭდილებას განაპირობებს კვეთის მანერაც – გამოსახულებანი ფასადის სიბრტყის დონეზეა, მათ გარშემო კი 1 სმ-ზე ფონია ამოღებული, მათი ზედაპირი სრულიად ბრტყელია და ფონისკენ მკვეთრად, სწორი კუთხით ჩაჭრილი.
ფიგურათა მომსაზღვრელი სილუეტი თხელია, წვრილი და უფრო მეტად ქვაზე გრაფიკულ ნახატს ემსგავსება, ვიდრე რელიეფურ გამოსახულებას. დაზიანების მიუხედავად ნათლად აღიქმება დანიელის ფიგურის სქემატური მოხაზულობა. მისი სხეული ერთიანი, განზოგადებული, გეომეტრიზებული ფორმით გამოისახება. ფიგურის პროპორციით (თავის შეფარდება სხეულთან უტოლდება 1:4), სახის მოგრძო ოვალით, სამოსით (რომელიც მოკლე, ქვემოთ გაფართოებულ მთლიან კაბას წარმოადგენს), აკაურთის დანიელი ადრეული შუა საუკუნეების სტელების (მაგ., ზედა თმოგვის – VI ს., ბრდაძორის – VI ს.), გამოსახულებებს უახლოვდება.
ადამიანის ფიგურასთან შედარებით ცხოველთა და მცენარეთა გამოსახულებები უფრო ბუნებრივადაა გადმოცემული. ცხოველთა ფიგურები დახვეწილი, აზიდული პროპორციებისაა, მაღალი ფეხებითა და დაგრძელებული ტორსებით, თუმცა მათი ფორმები განზოგადებული და გეომეტრიზებულია. ასევე ნაკლებორნამენტულად, მაგრამ, ამავე დროს, გამარტივებული და სქემატიზებული ფორმით გადმოიცემა მცენარეული მოტივებიც – არქიტრავის პალმის ხეების, შესასვლელის ორსავ მხარეს დაყოლებული და ჩრდილოეთ ფასადზე ჩასმული რელიეფების ვაზის ღეროების, მტევნებისა და ფოთლების გამოსახულებანი.
ცხოველთა ფიგურები პროფილში ჰორიზონტალურად არიან გაშლილი და ბუნებრივ მოძრაობაში წარმოდგენილნი. განსაკუთრებით მძაფრ მოძრაობაშია დანიელის ერთ მხარეს გამოსახული რამდენიმე ლომის ფიგურა, ისინი თითქოს რბოლის მომენტში არიან დაფიქსირებულნი. დანარჩენი ცხოველების – ერთი ლომისა და ირმების, – პოზები უფრო სტატიკურია. ერთ კომპოზიციაში მოძრაობასა და სტატიკურად წარმოდგენილი ცხოველების გამოხატულებათა შეთავსებას ვხვდებით ბოლნისის სიონის (V ს.) საკურთხევლის აფსიდის პილასტრის კაპიტელის რელიეფზე, სადაც ლომების ფიგურები სტატიკურად წარმოგვიდგება, ხოლო მათ შორის მოქცეული ჯიხვი, ასევე მოძრაობაშია მოცემული ამ სცენის ქვემოთ გამოსახული კურდღლისა და დათვის ფიგურები.
როგორც ცნობილია, ადრეული შუა საუკუნეების ქართულ პლასტიკაში ერთდროულად ორი სტილისტური მიმართულება თანაარსებობს – ერთი მიმდინარეობის რელიეფებში (მცხეთის ჯვარი – VI-VIIს., მარტვილის – VII ს., ატენის – VII ს). გამოსახულებათა მოცულობითობა შედეგია ანტიკურ-ელინისტური ტრადიციების გადამუშავებისა ადგილობრივი მხატვრული მიდგომის საფუძველზე; უფრო მრავალრიცხოვანია მეორე მიმართულების რელიეფები (თეთრი წყარო, წალკა, ქვემო ბოლნისი, ხანდისის სტელა – VI ს. და სხვა.), რომელთა სიბრტყობრივგრაფიკულ გადაწყვეტაში თავს იჩენს აღმოსავლური ხელოვნების ტენდენციები, რაც ამავე დროს ადგილობრივ ტრადიციასაც წარმოადგენდა. (ცნობილია, რომ წინაქრისტიანულ საქართველოში ლითონმქანდაკებლობისა და ლითონზე გრავირების მდიდარი ტრადიცია არსებობდა – ბრინჯაოს სარტყლების, ბალთების, ცულების გამოსახულებები და სხვა.). აკაურთის რელიეფი ამ მეორე სტილისტური მიმართულების ნიმუშია. თუ, მაგ., ატენის სიონის რელიეფები (იგულისხმება ჩრდილოეთი კარის ტიმპანისა და დასავლეთი ფასადის ნადირობის სცენის გამოსახულებანი) მოქნილი, პლასტიკური სილუეტური ნახატით გადმოიცემა, სადაც იგრძნობა ფორმათა მოცულობითობა, აკაურთის რელიეფის გამოსახულებანი გეომეტრიზებულია და პლასტიკურ მოდელირებას მოკლებული, მისი კვეთის ხასიათში – სწორი კუთხით ჩაჭრილი, დაბალი, ბრტყელზედაპირიანი რელიეფი, თხელი, წვრილი ნახატით გადმოცემული სწორხაზოვანი ფორმები – იგრძნობა სიახლოვე სირია-პალესტინის ხელოვნებასთან. რელიეფური კომპოზიციებით ტაძართა შესასვლელების აქცენტირებაც აღმოსავლეთ საქრისტიანოს – სირიის, მცირე აზიის, ეგვიპტის ადრექრისტიანული ხანის ხუროთმოძღვრებისთვისაა ნიშანდობლივი. ადრეული პერიოდის ქართულ ეკლესიებშიც რელიეფურგამოსახულებიანი ფილებით უმეტესწილად შესასვლელებია დამშვენებული (მაგ., ქვემო ბოლნისი, თეთრი წყარო, წალკა და სხვა). ამგვარი გავლენები განპირობებულია იმით, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში საქართველოს განსაკუთრებული მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროსთან. აკაურთის ეკლესიაში კარი განსაკუთრებულადაა აქცენტირებული როგორც რელიეფურგამოსახულებიანი არქიტრავით, ისე შესასვლელი ღიობის ორსავ მხარეს დაყოლებული ვაზის ორნამენტით. სატაძრო ხუროთმოძღვრების სიმბოლიკაში კარსგანსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – იგი არის ზღუდე, ზღვარი ხილულ სამყაროსა და ზესთა სოფელს შორის, ამავდროულად იგი მაცხოვრის სიმბოლოც არის, რომელთან ზიარებითაც შესაძლებელია სასუფეველში შესვლა – “მე ვარ კარი: ჩემ-მიერ თუ ვინმე შევიდეს, ჰსცხოვნდეს” (იოანე 10,9) – ამბობს უფალი. საყურადღებოა, რომ სირიული ეკლესიების არქიტრავის წარწერებში შესასვლელი სახელდებულია ღვთის კარიბჭედ.
ხსნისა და სასუფეველში შესვლის გზას გვიხატავს აკაურთის კარის ბალავრის რელიეფური გამოსახულებებიც – “დანიელი ლომთა ხაროში” – მაცხოვრის ძველაღთქმისეული წინასახე, მისი ვნებებისა და აღდგომის, კაცთა ხსნის სიმბოლო; სიცოცხლის ხისა და ირმების მოტივები – ზიარების, სულის ცხოვნების, სამოთხის თემასთან დაკავშირებული სახეები. კარის სიმბოლიკას ესატყვისება შესასვლელის ორსავ მხარეს დაყოლებული ორნამენტული მოტივი – ვაზის, ვენახის გამოსახულება, რომელიც სამოთხისა და მაცხოვრის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ თემებს ეხმიანება ასევე სამხრეთ ფასადზე გამოკვეთილი დიდი ზომის ფარშევანგის გამოსახულებაც. ეს სახე წარმართული კულტებიდან გადმოვიდა ქრისტიანულ სახითმეტყველებაში და დამკვიდრდა როგორც მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ ფარშევანგის ფიგურა წრიულ ფორმაშია ჩასმული. წრე მარადიულობის, სამყაროს, ზეცის სიმბოლოს წარმოადგენს და ე.ი. ამ დეტალითაც ეს გამოსახულება უკავშირდება აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის თემას. მსგავსი სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ აკაურთის ეკლესიის სხვა რელიეფებსაც – ჩრდილოეთი ფასადის ფილას ჯვრის გამოსახულებით ვაზის ფოთლებში, ინტერიერის იმპოსტების ორნამენტულ სახეებს – აკანთის ფოთლებს, წრეებს, რომბებს.
ამგვარად, აკაურთის ტაძარზე წარმოდგენილი რელიეფები მჭიდრო სახითმეტყველებით კავშირში არიან ერთმანეთთან და საერთო იკონოგრაფიულ პროგრამას ქმნიან, რომლის მთავარი თემაა სულის ხსნა და აღდგომა. ყოველი გამოსახულება – ფიგურული თუ ორნამენტული, - ამ იდეის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას ემსახურება.
აკაურთის რელიეფის ოსტატი ორიგინალურად ასრულებს საფასადო რელიეფურ დეკორს როგორც მხატვრული, ისე სახითმეტყველებითი თვალსაზრისით. ჩანს, იგი კარგად იცნობს ქრისტიანულ სიმბოლიკას, თანადროულ იკონოგრაფიას, რომელსაც შემოქმედებითად იაზრებს და თავისებური მხატვრული ხედვით გადმოაქვს ქვაზე კვეთილ სახეებში. აკაურთის ეკლესიის რელიეფები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ გვხვდება წინასწარმეტყველ დანიელის სასწაულებრივი ხსნის ჩვენამდე მოღწეული უადრესი ქართული სახვითი ნიმუში.


სტატიის ავტორი – თამარ ხუნდაძე; გ. ჩუბინიშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი;

სტატია აღებულია კრებულიდან - „საქართველოს სიძველენი“, N2, თბილისი, 2002წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014