axali monacemebi yincvisis wm. nikolozis eklesiis
XIII saukunis moxatulobis Sesaxeb
შუა საუკუნეების ხელოვნების, განსაკუთრებით კედლის მხატვრობის, ნიმუშების უმეტესობამ, ჩვენს დრომდე მეტ-ნაკლებად დაზიანებული, ნაკლული სახით მოაღწია. ამის გამო ხშირად ძნელდება მოხატულობის მთლიანი პროგრამის ზუსტი აღდგენა, ზოგჯერ ცალკეული გამოსახულებების იდენტიფიკაციაც.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება ხელოვნებათმცოდნეებს დამატებითი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც ხშირად გადამწყვეტი ხდება ძნელად გასარკვევი საკითხების კვლევისას.
ერთი მაგალითი ამგვარი კომპლექსური კვლევით მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციისა არის 2001 წლის გაზაფხულზე ყინცვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოების დროს ჩატარებული ულტრაიისფერი გადაღებებით დადასტურებული წმ. ნინოს გამოსახულება.
შ. ამირანაშვილის “ქართული ხელოვნების ისტორიის~ ზოგად კურსში ყინცვისის მოხატულობის აღწერისას ქართველ წმინდანთა ჩამონათვალში დასახელებულია წმ. ნინოც, თუმცა არ არის მითითებული ამ გამოსახულების ლოკალიზაცია. ვინაიდან წმ. ნინო მოხსენებულია დასავლეთი კედლის მხატვრობის კონტექსში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეცნიერი დასავლეთი კედლის ქვემოდან მეორე რეგისტრში გამოსახულ წმ. დედათა ნახევარფიგურების რიგში, კედლის ცენტრში მოთავსებულ წითელმაფორიუმიან ფიგურას გულისხმობს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით წმინდა დედის ამ ფიგურას აიგივებს წმ. ნინოსთან ე. ისტმონდიც.
წმ. ნინოს გამოსახულება არც პ. გორდეევს აქვს მითითებული. იგი არც ძეგლთა ნუსხაში არსებულ სტატიაში არის ნახსენები და არც სხვა მკვლევართა ნაშრომებში, რომლებშიც ყინცვისის მოხატულობა არის განხილული. სარესტავრაციო სამუშაოების მსვლელობაში, ხარაჩოებიდან მუშაოების დროს ყურადღება იმან მიიქცია, რომ სამხრეთ-დასავლეთი “ბურჯის~ ზედა ნაწილში (რეალურად დასავალეთი მკლავის სამხრეთი კედლის ზემოდან IV რეგისტრში) მკერდამდე გამოსახულ წმინდა დედას ამავე მოხატულობაში (და, ზოგადად სხვა მოხატულობებშიც) არსებული წმ. დედათა გამოსახულებებისგან განსხვავებით ერთ ხელში ჯვარი უჭირავს (რაც საყოველთაოდ მიღებულია), მეორეში კი წიგნი (სურ 1). წიგნით ხელში, როგორც ცნობილია, მახარებლები და ეკლესიის მამები გამოისახება. წმინდა მოწამეებს კი, მითუმეტეს წმ. დედებს, ჩვენთვის ცნობილ ნიმუშებში, წიგნით ხელში თითქმის არასდროს გამოსახავენ.
ამ თავისებურებამ მიიქცია ჩვენი ყურადღება და წარმოშვა აზრი, რომ შესაძლოა, სწორედ ეს ფიგურა იყოს წმ. ნინოს გამოსახულება და არა დასავლეთ კედელზე წმინდა დედათა რიგის თავში განლაგებული ნახევარფიგურა, რომელიც, როგორც იმავე ულტრაიისფერმა გადაღებამ დაადასტურა, წმ. მარინეს გამოსახულებაა.
წიგნი მოციქულობის უდავო ნიშანია და ამ ფიგურის საგანგებო მნიშვნელობაზე მიუთითებს. ფიგურის განლაგების ადგილიც _ შესასვლელის პირდაპირ, ერთგვარ ხატად, ცალკე გამოყოფილად, თანაც საკმაოდ დიდი ზომითაც წმ. დედათა სხვა ნახევარფიგურებთან შედარებით _ გარკვეულად ეთანხმებოდა ჩვენს ვარაუდს. ამ ვარაუდის დადასტურება მხოლოდ წარწერას შეეძლო. სამწუხაროდ, ხარაჩოებიდან ახლო დათვალიერებამ ძლიერი განათების გამოყენებითაც კი არ მოგვცა რაიმე შედეგი _ წარწერის კვალიც კი არ იკითხებოდა.
ვარაუდი ვარაუდად დარჩებოდა, რომ არა მხატვრობის კვლევის თანამედროვე საშუალებები, კერძოდ კი ულტრაიისფერი განათება, რომელიც გამოყენებილ იქნა მხატვრობის ფოტოფიქსაციის დროს. კვლევა ჩაატარა მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრის “ბეთანიის~ დირექტორმა ნანა კუპრაშვილმა. ულტრაიისფერი სხივებით განათებისას მკაფიოდ გამოჩნდა თეთრი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა წმინდანის მხრების დონეზე ფიგურის ორსავ მხარეს: წÁ ნინო გნ......თლლი - წმ. ნინო განმანათლებელი.
ასე რომ, ყინცვისის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ “ბურჯზე~ წიგნით ხელში გამოსახული წმინდა დედა ნამდვილად ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინოა, რაც მის ხელთ წიგნის გამოსახვით არის ხაზგასმული. ქართულ ხელოვნებაში ცნობილ წმ. ნინოს გამოსახულებათა შორის, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოღწეულ ძეგლებში, არც თუ ისე მრავალრიცხოვანია, წმინდანის გამოსახვა წიგნით ხელში არ გვხვდება. ყინცვისის მაგალითი წმ. ნინოს იკონოგრაფიის ერთ ახალ ელემენტს ადასტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ნიმუშების იდენტიფიკაციისთვის.
სარესტავრაციო სამუშაოების მსვლელობაში შესაძლებელი გახდა დავკვირვებოდით XIII საუკუნის მოხატულობის ზოგიერთ სხვა გამოსახულებებსაც, რომელნიც ან არ ყოფილა ან არაზუსტად იყო იდენტიფიცირებული არსებულ სამეცნიერო გამოკვლევებში.
უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ციკლს. ციკლი განლაგებულია დასავლეთი მკლავის კამარასა და დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში, აგრეთვე დასავლეთი მკლავთაშორისების კამარებზე. ამჟამად სცენების უმეტესობა სრულიად დაკარგულია, დარჩენილნი კი ძალიან ფრაგმენტირებული, ისე რომ ზოგიერთის გაიგივება სავარუდოა. თუ მივიჩნევთ, რომ ციკლის გაშლა კედელ-კამარებზე გარკვეულად სიმეტრიის პრინციპს ემყარებოდა, შეიძლება დავუშვათ რომ წარმოდგენილი იყო 20 სცენა: 12 ორ რეგისტრად დასავლეთ კამარაზე და დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ზედა ნაწილებში; დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში და ოთხიც მკლავთაშორისების კამარებზე. ეს, რა თქმა უნდა, დაშვებაა, მაგრამ განლაგების ის ლოგიკა, რომელიც გადარჩენილი სცენებით დგინდება, თითქოს სწორედ ამგვარ განაწილებას გვკარნახობს.
სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ციკლის რამდენიმე სცენა: წმ. ნიკოლოზის მღვდლად კურთხევა; წმ. ნიკოლოზის ეპისკოპოსად კურთხევა, წმ. ნიკოლოზის მიერ კერპების დამხობა; წმ. ნიკოლოზის მიერ ეშმაკეულის განდევნა ჭიდან (ეს უკანასკნელი ამჟამად არსად ჩანს).
შესაძლებელი გახდა კიდევ სამი სცენის იდენტიფიკაცია: “წმ. ნიკოლოზის მიერ კვიპაროსის მოჭრა~, “წმ. ნიკოლოზის შობა (ნათლობა)~, “სამი მხედართმთავარი სატუსაღოში~ (დასავლეთი კედლის ზედა რეგისტრები); უფრო სათუოა ამავე კედელზე გამოსახული “სამი უდანაშაულოს გადარჩენა წმ. ნიკოლოზის მიერ~, ვინაიდან გამოსახულებები გადარეცხილია, კომპოზიციის მარჯვენა ნაწილი კი საერთოდ გამქრალია; აქ შესაძლოა სამი ქალწულის ამბავიც იყოს გამოსახული.
გაურკვევლია აგრეთვე დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე, კამარის რეგისტრის ქვეშ გამოსახული სცენა, რომელშიც ნათლად იკითხება წმ. ნიკოლოზის 3/4-ში მდგომი ფიგურა, ნაგებობები კომპოზიციის კიდეებში და რაღაც სარეცლის მსგავსი ფორმის მოხაზულობა, რომელიც შეიძლება “წმ. ნიკოლოზის იმპერატორ კონსტანინესადმი გამოცხადებას~ გულისხმობს; ასევე სავარაუდოა სამხრეთ–დასავლეთი მკლავთაშორისის კამარის დასავლეთ კალთაზე განთავსებული სცენა, რომელშიც კვლავ ნათლად იკითხება ნაგებობის ფონზე მდგომი, კვლავ 3/4-ში ცენტრისკენ მიმართული წმინდა ნიკოლოზის ფიგურა; ცენტრში ჰორიზონტალური ფორმის მოხაზულობაა, რომელიც თითქოს ნავს მიაგავს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ რომელიმე სასწაული ზღვაზე.
ამ სცენის vis a vis არის გამოსახულება, რომლის რამდენიმე ელემენტი ჩანს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტულ შინაარსს ვერ უკავშირდება, უფრო სწორად მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, მაგ., “სამი მხედართმთავარი კონსტანტინეს წინაშე~, ან “სამი მხედართმთავარი წმ. ნიკოლოზის წინაშე~, ან “წმ. ნიკოლოზის გარდაცვალება~. ეს გამოსახულება რომ არ ყოფილიყო წმ. ნიკოლოზის სცენის პირისპირ, კამარის მეორე კალთაზე, შესაძლოა აქ წმ. გიორგის ცხოვრების სცენაც კი გვევარაუდა. ერთი შეხედვით, ციკლი წმინდანის ცხოვრებისა და სასწაულების ისტორიულ თანმიმდევრობას თითქოს არ მიყვება, თუმცა ეს სპეციალური კვლევის საგანია, თანაც ამგვარად ნაკლული სახით, ალბათ, ძნელად თუ შესაძლებელია პროგრამის სრულყოფილი აღდგენა.
სარესტავრაციო სამუშაოთა მსვლელობაში გამოვლინდა რამდენიმე წარწერა, რომლებიც სპეციალურ ლიტერატურაში არ არის ცნობილი, და, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი ფიგურის იდენტიფიცირებაც.
დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის კიდეში _ დასავლეთი კედლის მიმდებარე არეზე (წმ. ასურელ მამათა რეგისტრის მეზობელი კედლის მონაკვეთზე), სამხრეთ-დასავლეთი მკლავთაშორისის კამარის თაღის მარჯვნივ _ დარჩენილია წითელი პირველადი ნახატით შესრულებული, მთელი ტანით ფრონტალურად მდგომი ფიგურის მონახაზი. ეს უდაოდ წმ. მოსე წინასწარმეტყველია, ვინაიდან მკერდთან მიდებული აქვს ორი, ნახევარწრიული მოხაზულობის ვერტიკალური სიბრტყე _ სჯულის ფიცრები. ამ ფიგურის პირისპირ, ამავე მკლავის ჩრდილოეთ კედელზე ჩანს მსგავსი ფიგურის მკრთალი ანარეკლი, რომელიც სავარუდოდ წმ. წინასწარმეტყველი აარონი უნდა იყოს. ეს მითუმეტეს სავარაუდოა, რომ გუმბათის ყელში ეს ორი წინასწარმეტყველი არ არის გამოსახული.
შესაძლებელი გახდა წინასწარმეტყველთა ფიგურების იდენტიფიკაცია სამხრეთი კედლის ზედა სარკმელში: მარცხენა ფიგურის გრაგნილზე იკითხება სიტყვები “სიბრძნემან იშენა თვის..... თვისი სახლ....~, რაც უდავოდ წმ. სოლომონ წინასწარმეტყველს მიანიშნებს, მის პირისპირ კი, ცხადია, დავით წინასწარმეტყველი იქნებოდა.
ორი წინასწარმეტყველის - წმ. სოფონიასა და წმ. დანიელის ნახევარფიგურებია გამოსახული დასვლეთ კედელზე, კომპოზიციის “სამი ყრმა ცეცხლოვან სახმილში~ კიდეებში.
სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის მოხსენებული ჩრდილოეთი კედლის ქვედა სარკმლებში გამოსახული მეუდაბნოების სახელები: ესენია: წმ. მაკარი, წმ. იოანე კლიმაკოსი, წმ. პახომი.
ულტრაიისფერი სხივებით განათებამ გამოავლინა რამდენიმე ასოს ნაშთი დასავლეთი კედლის მეუდაბნოეთა ნახევარფიგურების რეგისტრის პირველ და მეორე ფიგურასთან, ესაა “ა~, ე. ი. წმ. ანტონი დიდი, და შემდეგ “ო~, ე.ი. წმ. ონოფრე. ულტრაიისფერმა განათებამ გამოავლინა ამავე რეგისტრში მარჯვნიდან მეორე ფიგურა, რომელიც ჩვეულებრივ განათებაზე თითქმის არ იკითხებოდა.
ასევე გამოჩნდა ასოები “მარინ~ იმავე რეგისტრში წმინდა დედათა რიგის პირველ (ცენტრიდან) წითელმაფორიუმიანი ფიგურის თავთან _ წმ. მარინე.
ძეგლთა ნუსხაში და შ. ამირანაშვილთან მოყვანილია გუმბათის ყელში გამოსახულ წინასწარმეტყველთა სახელები, მაგრამ არა თორმეტივე. (თანაც მათი მონაცემები ზოგან არ ემთხვევა). ხარაჩოებიდან ძლიერი განათებით დათვალიერებამ წარწერების დაზუსტების შესაძლებლობა მოგვცა. I რეგისტრში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ: მამამთავარი აბრაამი, წმ. წწ. ელია, წმ. მღვდელმთავარი ზაქარია, წმ. წწ. იონა, წმ. წწ. იოველი, წმ. წწ. ამბაკუმი, წმ. წწ. სოფონია, წმ. წწ. ზაქარია, წმ. წწ. იეზეკილი, წმ. წწ. მალაქია, წმ. წწ. იერემია, წმ. წწ. ესაია. აღმოსავლეთით სატრიუმფო თაღზე შემორჩენილია ლამაზად ორნამენტირებული ასომთავრული წარწერა: “აღმოსავლეთით მზისა ვიდრე დასავლამდე ქებულ არს სახელი უფლისაÁ~ (ფსალმუნი 112, 3).
არსებული მცირედი ნაშთებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთ თაღზე სავარაუდოდ, იქნებოდა წარწერა: “შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ცნა ჟამი დასვლისა თვისისაÁ~ (ფსალმუნი 104, 19). ასეთივე წარწერები არის ტიმოთესუბნის ტაძრის გუმბათქვეშა თაღებზეც.
საკმაოდ უცნაურია ჩრდილო-დასავლეთი მკლავთაშორისის აღმოვლეთ კედლებზე ეკლესიის მამების გამოსახვა. მართალია, ეს ფიგურები მხოლოდ წინასწარი ნახატის დონეზეა, მაგრამ ნათლად ჩანს ომოფორები და წიგნები მათ ხელში, მაშინ როცა სამხრეთი მკლავთაშორისის შესაბამის ნაწილში ჩვეულებრივ წმინდა მოწამეთა გამოსახულებებია. მოხატულობის პროგრამის განხილვის დროს ამას, ალბათ, გარკვეული ახსნა უნდა მოეძებნოს.
ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილო-დასავლეთი “ბურჯის~ ზედა ნაწილში, ანუ სინამდვილეში დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე, წმ. ნინოს გამოსახულების პირისპირ წარმოდგენილია წმ. ნიკოლოზი. მართალია, იკითხება მხოლოდ მკრთალი ანარეკლი დიდი ზომის ფიგურის ქვედა ნაწილისა, მაგრამ გრძელი კაბის სახასიათო, ფეხსაცმელებზე გადმოკეცილი ჰორიზონტალური ნაოჭი, ზუსტად იმეორებს ეკლესიის მამათა და მეუდაბნოეთა სამოსისთვის დამახასიათებელ მოტივს. ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს საშუალებას რაიმე ვამტკიცოთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ აქ წმ. ნიკოლოზი ხატად იყო წარმოდგენილი.
მეტ-ნაკლებად გაირჩა დასვლეთი კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახული ნახევარფიგურების თანმხლები წარწერები. მარცხნიდან პირველი ჯგუფი (წმ. მეომარი და წმ. დედა მათ შორის ორი ჩვილი წმინდანით) უდაოდ წმ. ევსტათეს ოჯახის გამოსახულებაა და წარწერის ნაშთიც (ეოფ.....; პი.....; თეოპისტე; აღაპი) ამას ადასტურებს.
დასავლეთი კარის მარცხნივ გამოსახული წმ. მეომარი წარწერის მიხედვით წმ. სტრატონიკეა, ხოლო მის გვერდით კი, წარწერის ნაშთების მიხედვით, სავარაუდოდ, წმ. ნესტორი; წარწერის ნაშთები იკითხება “პილასტრზე~ გამოსახული წმ. მეომრის ნახევარფიგურის გვერდით, თუმცა მისი იდენტიფიკაცია ჯერ ვერ მოხერხდა.
გარკვეული კითხვები წარმოიშვა ლაშა-გიორგის გამოსახულებასთან დაკავშირებით. მისი ფიგურა მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის დონეზეა დარჩენილი, მაგრამ ამ ნახატის ფერი - წითელი, მისი ხასიათი, სისქე განსხვავდება მის გვერდით გამოსახული თამარ მეფის ფიგურის წინასწარი ნახატის ფერისა და ხასიათისაგან. ის, რომ კედლის ამ ნაწილში გიორგი III-ისა და თამარ მეფის ფიგურებს შემდეგ კიდევ მესამე ფიგურა იყო ნავარაუდები, ეჭვს არ იწვევს.
მაგრამ მათი შესრულების “მანერა~ (ამ შემთხვევაში წინასწარი ნახატის ხასიათი), განსხვავებულია. ამას ემატება ისიც, რომ ფონზეც და ფიგურაზეც დატანილია “შხამიანი~ ელფერის ყვითელი საღებავი, რომელიც, როგორც ტექნიკურმა კვლევამ უჩვენა, XIII საუკუნეში არ გამოიყენებოდა. ეს საკითხი შემდგომ კვლევასა და დაზუსტებას მოითხოვს.
შემდგომმა კვლევამ შესაძლოა მეტი ახალი მასალა წარმოაჩინოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო სრულად წარმოვიდგინოთ ყინცვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის XIII საუკუნის კედლის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამა.
კვლევის ამ ეტაპზე კი მოხატულობის შემადგენლობა ამგვარია: გუმბათის სფეროში გამოსახული იყო (ამჟამად ძლივსღა იკითხება) უზარმაზარი, ძვირფასი თვლებით და მარგალიტებით შემკული ჯვარი ვარსკვლავებით მოფენილ მუქ ლაჟვარდისფერ ფონზე. იგი ფრონტალურად, საზეიმო პოზებში მდგომი მთავარანგელოზების ცხრა ფიგურით არის გარშემორტყმული, რომელთა შორის, აღმოსავლეთ მხარეს “ვედრების~ კომპოზიცია არის ჩართული. გუმბათის სფეროსგან განსხვავებით, ეს ფიგურები ღია, შესაძლოა, თეთრ ფონზე არის გამოსახული (ამჟამად თავები ყველას დაზიანებული და გადარეცხილი აქვს), ისევე, როგორც გუმბათის ყელის სარკმლებს შორის ორ რიგად წარმოდგენილი წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ფრონტალური ფიგურები, რომელთა ვინაობაზე უკვე იყო საუბარი. წინასწარმეტყველებს გაშლილი გრაგნილები უპყრიათ, ასომთავრულით შესრულებული წარწერებით მათი წინასწარმეტყველებებიდან. წმინდანთა რიგში გამოსახულნი არიან: წმ. მინა, წმ. სოზარ, წმ. იაკობ და(ჭ)რილი (სპარსი), წმ. ფლოროსი, წმ. ლავროსი, წმ. მუკი, წმ. პლატონი, წმ. გორია, წმ. სამონა, წმ. აბიბოს, წმ ონისიფორე, წმ. ანდრეა სტრატილატი. გუმბათის სარკმლები მდიდრული ორნამენტული მოტივებით არის შემკული.
აფრებში გამოსახულია მედალიონებში ჩაწერილი მახარებელთა ნახევარფიგურები ორ-ორი მფრინვალი ანგელოზის თანხლებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრაზე გამოსახული მახარებლის გვერდით გაირჩევა წარწერა: “წმ. იოანე მახარებელი~. (ნახ. 1)
|
nax. 1. yincvisi. wm. nikolozis taZris gumbaTis moxatulobis sqema |
საკურთხევლის კონქში გამოსახულია აღსაყდრებული ღმრთისმშობელი ჩვილი ქრისტეთი მუხლებზე, მთავარანგელოზთა თანხლებით, რომელთა რიგი ამჟამად ძლიერ დაზიანებული ბემის კამარაზეც გრძელდება _ ორ-ორი ფიგურა, კვერთხებით და სფეროებით ხელში, კამარის ორსავ მხარეს. კონქის ქვედა რეგისტრი სამი დიდი სარკმლით არის დანაწევრებული. სარკმლების წირთხლებში დიაკვნების ფიგურებია საცეცხლურებით (წმ. ტიმოთე, წმ. ტიმონი, წმ. სტეფანე, წმ. ტიტე, წმ. პროხორი, წმ. პარმენი). ცენტრალური სარკმლის ორსავ მხარეს ეკლესიის მამის ორი ფრონტალური ფიგურა _ წმ. ნიკოლოზი და წმ. სილიბისტრო, ხოლო დანარჩენი ორი სარკმლის გვერდით, აფსიდის კედლების კიდეებში, გამოსახულია დიაკვნის სამოსიანი ანგელოზები სამწერობლებით, რომლებიც შეტრიალებულნი არიან ამავე რეგისტრში ბემის კედლებზე გამოსახული “ზიარების~ ორი სცენისკენ (ჩრდილოეთ მხარეს _ ზიარება პურით, სამხრეთით კი - ღვინით). ქვედა რეგისტრი
ეთმობა ეკლესიის მამათა რიგს, რომელთა ფრონტალური ფიგურები განლაგებულია სარკმლებს შორის და მათ ქვემოთ; აფსიდის კიდეებში გამოსახული ფიგურები 3/4-შია მიბრუნებული ცენტრისკენ, ისევე, როგორც ამავე რეგისტრში ბემის კედლებზე გამოსახული სამ-სამი ფიგურა ეკლესიის მამებისა გაშლილი გრაგნილებით.
ეკლესიის მამები წარმოდგენილია შემდეგი თანმიმდევრობით: ჩრდილოეთ მხარეს, ბემის კედელზე, მარცნიდან მარჯვნივ: წმ. პეტრე ალექსანდრიელი, წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედი, წმ. კირილე ალექსანდრიელი; აფსიდის კედლის ჩრდილო მხარეს, მარცხენა სარკმლის მარცხნივ: წმ. ნიკოლოზი, სარკმლის ქვეშ წმ. ბლასიოს კესარიელი, ცენტრალური სარკმლის მარცხნივ, ფრონტალურად წმ. იოანე ოქროპირი; ცენტრალური სარკმლის მარჯვნივ, ასევე ფრონტალურად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, მარჯვენა სარკმლის ქვეშ წმ. ბაგრატი (ბაერ?), სარკმლის მარჯვნივ წმ. ბასილი დიდი; შემდეგ, ბემის სამხრეთ კედელზე, წმ. ათანასე, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. მიტროფანე; ცენტრალური სარკმლის ქვეშ, ნახევარწრიულ ნიშაში მაცხოვრის ნახევარფიგურაა ჩახატული (ამჟამად უხეშად განახლებული). (ნახ. 2-3).
|
nax. 2. yincvisi. wm. nikolozis taZris sakurTxevlis sarkmlebis
moxatulobis sqema |
|
nax. 3. yincvisi. wm. nikolozis taZris sakurTxevlis moxatulobis sqema |
სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში სამ რეგისტრად განლაგებულია ღმრთისმშობლის ცხოვრების სცენები და საუფლო დღესასწაულთა გავრცობილი ციკლი: სამხრეთ მკლავში სცენები შემდეგნაირად არის განლაგებული: კამარის კალთებზე გამოსახულია: “ღრმთისმშობლის შობა~ (აღმოსავლეთ მხარეს) და “ღრმთისმშობლის ტაძრად მიყვანება~ (დასავლეთ მხარეს); ამავე რეგისტრში, სამხრეთ კედელზე, სარკმლის ორსავ მხარეს გამოსახულია “ხარება~ (ძლიერ გამკრთალებული); მის ქვემოთ “ქრისტეს შობა~. ამ რეგისტრში აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულია “მაცხოვრის ამაღლება~ (საკმაოდ დაზიანებული და ფრაგმენტირებული), ხოლო დასავლეთ კედელზე კი “სული წმინდის მოფენა~ (ასევე ძლიერ ფრაგმენტირებული). მესამე რეგისტრში, სამხრეთ კედელზე, სარკმლებს შორის წარმოდგენილია “თომას მიერ ქრისტეს გვერდის განხილვა~, დასავლეთი სარკმლის გვერდით შემონახულია მკრთალი კვალი წმინდანის ფიგურისა, ხოლო აღმოსავლეთი სარკმლის გვერდით მონაკვეთში კი _ აღმოსავლეთ კედელზე განლაგებული “მიძინების~ კომპოზიციის ნაწილი. დასავლეთ კედელზე ამ რეგისტრში გამოსახულია “საიდუმლო სერობა~. ქვედა რეგისტრში, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ანტონ გლონისთავისძე ტაძრით ხელში წმ. ნიკოლოზის ნახევარფიგურის წინაშე. მის მარჯვნივ კი სამი წმ. მეომრის (მარცხენა, კარგად შემონახული, წმ. გიორგია, შემდეგი ორი კი, აჩრდილებივით დარჩენილი, ალბათ _ წმ. თევდორე და წმ. დემეტრე) ფრონტალური ფიგურები. ამავე რეგისტრში, დასავლეთ კედელში გაჭრილი თაღის გვერდით გამოსახულია წმ. არტემონი.
სამხრეთი მკლავის ზედა სარკმელში წინასწარმეტყველთა ფიგურებია: მარცხნივ წმ. წინასწარმეტყველი სოლომონი, მარჯვნივ წმ. წინასწარმეტყველი დავითი (ორივე ფიგურა საკმაოდ დაზიანებული); ქვემოთ, აღმოსავლეთი სარკმელის წირთხლში გამოსახულია წმ. მესვეტე სიმეონ ანტიოქიელი (მარჯვნივ) და უცნობი მესვეტე (მარცხნივ); დასავლეთი სარკმლის წირთხლში მარცხნივ გამოსახულია წმ. კოზმა, ხოლო მარჯვენა მხარეს გამოსახულება ძალიან მკრთალია, ძლივს იკითხება _ სავარაუდოა, რომ აქაც წმინდანი იყო, შესაძლოა წმ. დამიანე (ნახ. 4,7 ;).
|
nax. 4. yincvisi. wm. nikolozis taZris samxreTi mklavis moxatulobis sqema |
|
nax. 7. yincvisi. wm. nikolozis taZris
samxreTi mklavis sarkmlis moxatulobis sqema |
ჩრდილოეთ მკლავში სცენები შემდეგნაირად არის განლაგებული: კამარის კალთებზე გამოსახულია “ნათლისღება~ (აღმოსავლეთ მხარეს) და “მირქმა~ (დასავლეთ მხარეს, ამჟამად აღარ არსებობს). ამავე რეგისტრში, ჩრდილოეთ კედელზე, სარკმლის ორსავ მხარეს გამოსახულია “ლაზარეს აღდგინება~ (ძლიერ დაზიანებული მარცხენა ნაწილით); მის ქვემოთ “ბზობაა~; ამ რეგისტრში აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულია “ჯვარცმა~ (დაზიანებული მარცხენა ნაწილით), ხოლო დასავლეთ კედელზე კი “ფერისცვალება~ (ასევე ძლიერ ფრაგმენტირებული).
მესამე რეგისტრში, ჩრდილოეთ კედელზე, წარმოდგენილია “მენელსაცხებლე დედანი ქრისტეს საფლავთან~, ანგელოზის ფიგურით ცენტრში, სარკმლებს შუა; აღმოსავლეთ კედელზე განლაგებულია “ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა~, დასავლეთ კედელზე კი ამ რეგისტრში გამოსახულია “დატირება~ (ძლიერ დაზიანებული).
ქვედა რეგისტრში, ჩრდილოეთ კედელზე, უხვად ორნამენტირებულ სამყურა თაღედში გამოსახულია ქტიტორული პორტრეტი _ გიორგი III, თამარ მეფე და ლაშა გიორგი, ვედრებად მიმართულნი ამავე რეგისტრის მარჯვენა ზედა კუთხეში ხატისებრ გამოსახული აღსაყდრებული მაცხოვრისკენ.
ჩრდილოეთი მკლავის ზედა სარკმელში წინასწარმეტყველთა ფიგურებია, რომელთა იდენტიფიკაცია არ ხერხდება ძლიერი დაზიანების გამო. ქვედა სარკმლების წირთხლები მეუდაბნოების ფიგურებს ეთმობა: აღმოსავლეთ სარკმელში გამოსახულია წმ. იოანე კლემაკოსი (მარჯვნივ) და წმ. პახომი (მარცხნივ); დასავლეთ სარკმლის წირთხლში მარჯვენა მხარეს გამოსახულია წმ. მეუდაბნოე მაკარი გრაგნილით ხელში, ხოლო მარცხენა მხარეს გამოსახული მეუდაბნოეს წარწერა არ იკითხება.
სამხრეთი და ჩრდილოთი მკლავების დასავლეთ კედლებში გაჭრილი დაბალი თაღების წირთხლებზე გამოსახულია წმ. მეომართა ფიგურები, რომელთაგან წარწერა შემორჩა სამხრეთი თაღის ჩრდილოთ ფერდზე: წმ. მერკური. (ნახ. 5-6).
|
nax. 5. yincvisi. wm. nikolozis taZris CrdiloeTi mklavis
moxatulobis sqema |
|
nax. 6. yincvisi. wm. nikolozis taZris
CrdiloeTis mklavis sarkmlis moxatulobis sqema |
დასავლეთი მკლავის კომპოზიცია უფრო დანაწევრებულია და მრავალნაწილიანია, რაც კედლის არქიტექტურული ფორმებით არის განპირობებული. აქ ზედა რეგისტრები ეკლესიის პატრონის წმ. ნიკოლოზის ცხოვრების სცენებს ეთმობა.
კედლის ცენტრში, პატრონიკეს კარს ზემოთ, სართავ თაღს ქვეშ გამოსახულია დიდი კომპოზიცია “სამი ყრმა ცეცხლოვან სახმილსა შინა~, წმ. წინასწარმეტყველთა სოფონიასა და დანიელის დიდი ნახევარფიგურებით ფლანკირებული.
პატრონიკეს კარს ორსავ მხარეს წმ. ასურელ მამათა ოთხი ფრონტალური ფიგურაა (გაირჩევა წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. დავით გარეჯელის სახელები).
მათ ქვემოთ არის წმ. დედებისა და წმ. მეუდაბნოების ნახევარფიგურების ვიწრო რეგისტრი, რომელიც მკლავთაშორისების დასავლეთ კედლებზეც გრძელდება უწყვეტად: მარცხნიდან პირველი ფიგურა არ გაირჩევა, შემდეგ წარმოდგენილია წმ. მარიამ მეგვიპტელი, წმ. ბარბალე, წმ. ირინე (?), წმ. ეკატერინე (?) და წმ. მარინე. წმ. მამების რიგში: წმ. ანტონი და წმ. ონოფრე, დანარჩენი ოთხი ფიგურა თითქმის არ იკითხება. სულ ქვედა რეგისტრში, შეღუნულ ნიშებსა და “პილასტრებზე~ გამოსახულია წმ. მოწამეთა დიდი ზომის ნახევარფიგურების რიგი, რომელიც ასევე გრძელდება მკლავთაშორისების დასავლეთ კედლებზეც. მათ შორის განირჩევა წმ. ევსტათე თავისი მეუღლით და ორი შვილით (დასავლეთი კედლის მარცხენა ნაწილში), წმ. სტრატონიკე და წმ. ნესტორი დასავლეთი კარის მარცხნვ და წმ. კვირიკე და წმ. ივლიტა დასავლეთი შემოსასვლელი კარის მარჯვნივ. ამ რიგის ჩრდილოეთი ნაწილი სრულიად წაშლილია. დასავლეთი კარის წირთხლის ზედა ნაწილში ანგელოზთა ნახევარფიგურებია, ხოლო კარის თაღში მედალიონში ჩაწერილი გოლგოთას ჯვარი.
დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, “ბურჯზე~, გამოსახულია უცნობი წმ. მეომრის დიდი ფიგურა და მის ქვემოთ, წმ. ნინოს ნახევარფიგურა (ნახ. 8).
|
nax. 6. yincvisi. wm. nikolozis taZris
dasavleT mklavis moxatuloba |
სამხრეთ-დასავლეთ მკლავთაშორისში, სამხრეთ კედელზე, გაირჩევა “იესეს ძირის~ კომპოზიციის ფრაგმენტები. კამარაზე წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ორი სცენა. აღმოსავლეთ კედელზე წმინდანთა ხუთფიგურიანი რიგია, ხოლო დასავლეთი კედლის მონაკვეთზე მცირე ზომის კომპოზიცია “წმ. გიორგის მარტვილობა კირის ორმოში~ (ნახ. 9).
|
nax. 9. yincvisi. wm. nikolozis taZris
samxreT-dasavleTi mklavTaSorisis moxatulobis sqema |
ჩრდილო-დასავლეთ მკლავთაშორისის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია მკრთალი ნაკვალევი ხუთი ფიგურის წინაწარი ნახატისა, რომლებზეც ნათლად გაირჩევა ომოფორების მოხაზულობაც და ისიც, ფიგურებს დახურული წიგნები რომ უჭირავთ. ეს კი ეკლესიის მამებს უნდა მიანიშნებდეს.
ეკლესიის ოთხივე მკლავის კამარებში განიერი ორნამენტული ზოლით გამოყოფილ თეთრი ვარსკვლავებით მოჭედილ ლაჟვარდისფერ ფონზე გამოსახულია მედალიონში ჩაწერილი, ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით შემკული ჯვრები (დასავლეთ კამარაზე ორი დიდი ჯვარია და ერთიც პატარა საბჯენ თაღზე); ხოლო თაღების ქიმებში და სარკმლების თაღებში ასევე მედალიონებში ჩაწერილი განედლებული ჯვრებია.
გვერდითი მკლავების აღმოსავლეთ კედლებზე, პასტოფორიუმებში შესასვლელების თავზე და “ბურჯების~ ცენტრალური სივრცისკენ მიმართულ წახნაგებზე გამოსახულია ცისფერი, ნაცრისფერი და წითელი ფერებით დაფარული, ვიწრო მუქი ლურჯი (შავი) ზოლებით გამოყოფილი სიბრტყეები, რომლებიც თითქოს ფერადი ქვით (მარმარილო?) მოპირკეთების იმიტაციაა, შესაძლოა, საგანგებოდ გაკეთებული ხატების განსათავსებლად. ჩრდილო კედლის ქვედა რეგისტში, მაცხოვრის “ხატის~ ქვეშ დარჩენილი არე ფერადი მონასმებით არის დაფარული, ასევე თითქოს ქვით მოპირკეთების იმიტაციისთვის.
მოხატულობის ქვედა რეგისტრები ქვემოდან მოფარგლულია კიბისებრი ორნამენტით, რომელსაც დასავლეთ მკლავში მარმარილოსებრი ორნამენტის განიერი ზოლი ემატება. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით არის შემკული საბჯენი თაღები, აფსიდის მხარი, სამკუთხა არეები მკლავთაშორისების თაღების ორსავ მხარეს, ქტიტორთა თაღედი, ხოლო გუმბათის ყელის სარკმლების წირთხლებში მსხვილი გეომეტრიული და მცენარული ორნამენტების მოტივები არის გამოსახული.
გამოსახულებათა ნაწილზე შემონახული ასომთავრული წარწერები თეთრი ფერით, ხოლო გუმბათის ყელში შავი საღებავით არის შესრულებული. მოხატულობაში შემორჩენილია ორი ბერძნული წარწერაც: გუმბათში, ვედრების კომპოზიციაში, მაცხოვრის გაშლილ წიგნზე და სამხრეთ მკლავში, “ჯვარცმის~ კომპოზიციაში, წმ. იოანე მახარებლის ფიგურის თავზე.
ყინცვისის მოხატულობა ბევრ კითხვას ბადებს არა მხოლოდ შინაარსისა და გამოსახულებათა იდენტიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ მისი მხატვრული თავისებურებებიდან გამომდინარეც. ამ კითხვებზე პასუხები კი მხატვრობის მონოგრაფიულმა შესწავლამ უნდა მოგვცეს.
სტატიის ავტორი – მარიამ დიდებულიძე; გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი.
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, N1, თბილისი, 2002წ.
|