ზეპირი საისტორიო წყაროები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველა მეცნიერება და მათ შორის, საისტორიო მეცნიერებაც ფაქტებს ეყრდნობა. ისიც ცნობილია, რომ ისტორიის მიზანია ადამიანთა (კაცობრიობის) წარსულის აღდგენა და შესწავლა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საისტორიო ფაქტების საშუალებით. ისტორიკოსები გამოავლენენ და აგროვებენ ზუსტ და უდავო ფაქტებს. ასეთი ფაქტები კი საისტორიო წყაროებსა და საბუთებშია ფიქსირებული. ადამიანთა განვითარებული საზოგადოებების შესწავლის ძირითადი წყარო წერილობითი წყაროებია. მაგრამ სამწუხაროდ, წერილობით წყაროებში ყველაფერი არ აისახებოდა; არაერთმა წერილობითმა წყარომ კი ჩვენამე არ მოაღწია. ამიტომაა, რომ საისტორიო წყაროდ ითვლება ადამიანთა მოღვაწეობის შედეგად წარმოქმნილი ყველა "პროდუქტი", რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს და რომლებიც შეიცავენ საზოგადოების რეალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას.
ისტორიკოსთათვის ცნობილია ყველა ასეთი წყაროს მნიშვნელობა და მათ აქ არ ჩამოვთვლით. სპეციალისტთა მიერ საისტორიო წყაროების სხვადასხვა ტიპებია გამოყოფილი და მათი კლასიფიკაციებისადმი დამოკიდებულებაც არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს. მხოლოდ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა კლასიფიკაციაში ფიგურირებს საისტორიო წყაროების ისეთი სახეობა, როგორიცაა "ზეპირი წყაროები".
ზეპირ წყაროებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ და აქცევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. სხვათაშორის, არაერთი ხალხის წარსული ცხოვრების შესწავლის ერთადერთი წყარო ხშირ შემთხვევაში ხომ გადმოცემებია. მაგრამ ამჯერად ასეთ ხალხებს არ ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები წარსული ცხოვრების ბევრ ფურცლებს აღადგენენ ზეპირი წყაროების საშუალებით. მხედველობაში გვყავს ისეთი ერები, რომლებსაც მდიდარი წერილობითი წყაროები გააჩნიათ.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ მხოლოდ წერილობითი წყაროებით რეკონსტრუირებული ფეოდალიზმის პერიოდის ისტორია გარკვეულად არასრული და ცალმხრივია (ხ. სტროდსი, 1977, გვ. 42). ამ თვალსაზრისით, ისტორიკოსს ფასეული მონაცემების მიღება შეუძლია ეთნოგრაფიის სფეროდან, რომლის მსგავსი არა გვაქვს ტრადიციულ საისტორიო წერილობით წყაროებში. მხოლოდ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ზეპირი წყაროები მხოლოდ დაქვემდებარებული მნიშვნელობისაა. სხვა შემთხვევაში კი ზეპირ წყაროებს (ეთნოგრაფიულ მონაცემებს) გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვთ. ვგულისხმობთ წერილობამდელი პერიოდის ისტორიის და თანამედროვე უდამწერლობო ხალხების ისტორიის შესწავლას.
ზეპირ წყაროებს გამოიყენებენ აგრეთვე ცენტრიდან დაშორებული პერიფერიების ისტორიის შესასწავლად. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს მთის პროვინციები, რომლებიც გეოგრაფიული პირობების გამო ცენტრს (ბარს) ხანგრძლივად იყვნენ მოწყვეტილნი და ავტონომიურად ფუნქციონირებდნენ ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში (გ. მელიქიშვილი). ნიკო ხიზანაშვილი ფშავ-ხევსურეთის შესახებ წერდა: "ერთიცა და მეორეც ცხოვრობს წარსულით, გარდმოცემით. ქართლელისათვის გარდმოცემამ დიდი ხანია დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა, თავისი აღმზრდელი ძალა. ფშავ-ხევსურისათვისაც კი ეს გარდმოცემა აქამომდე ღვთიური მადლია, რომელიც ასულდგმულებს, აცხოველებს ამ მუჭისოდენა ხალხს" (ნ. ხიზანაშვილი, 1940, გვ. 1). ჩვენი მხრივ აღვნიშნავთ, რომ ზეპირწყაროებს, გადმოცემებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში. წინამდებარე ნაშრომის მიზანია შევჩერდეთ ზეპირ წყაროებზე და მათ მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხების კვლევისას. სანამ უშუალოდ თემას შევეხები, ისიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ერი იმ ერებს შორისაა, რომლის ისტორიაც იწერება წერილობითი წყაროების საშუალებით.
საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში დიდია ნივთიერი წყაროების როლი, რომელიც ქართველი არქეოლოგების წარმატებული მუშაობის შედეგად სათანადოდ არის გამოყენებული. არსებითია ენის მონაცემებიც. საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ზეპირ წყაროებს, გადმოცემებს. ესაა ძირითადად ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მონაცემები.
ზეპირ წყაროებს, გადმოცემებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი. ივ. ჯავახიშვილი წერდა: "ასეთ ცნობებსა და ტექსტებს ჩვეულებრივ ეთნოგრაფები ჰკრეფენ ხოლმე, რომელთაც რასაკვირველია, თავიანთი მიზანი აქვთ, რომელიც ისტორიკოსის მიზნებისაგან განსხვავდება, მაგრამ, თუ ეთნოგრაფიული ცნობები და ტექსტები სათანადოდ არის შეგროვებული და შესაფერისი სისწრაფით არის ჩაწერილი, მაშინ ასეთი მასალების გამოყენება თავისი ამოცანისათვის ისტორიოკოსსაც შეუძლიან, რა თქმა უნდა, ჯეროვანი მეთოდების მოშველიებით. ცნობებისა და ჩაწერილი ტექსტების ღირებულება იმაზეა მთლიანად დამოკიდებული, როგორ არის ასეთი მასალა შეგროვებული და წერილობით აღბეჭდილი" (ივ. ჯავახიშვილი, 1950, გვ. 170).
ივანე ჯავახიშვილი ხაზს უსვამს, რომ მეცნიერის მოვალეობაა ამა თუ იმ გადმოცემისა თუ ფოლკლორული მასალის თავდაპირველი სახის აღდგენა, შემდეგდროინდელი დანამატებისაგან მისი გაწმენდა, რათა ის ისტორიკოსისათვისაც გამოსადეგი გახდეს. იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ თვით ჩვენამდე მოღწეული ბევრი წერილობითი ძეგლიც ხომ დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა: "კარგად ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში წერილობით აღბეჭდილი ძეგლიც თუ მისმა ნუსხა-დედანმა კი არა, არამედ მხოლოდ მერმინდელმა, მოგვიანებულმა გარდანაწერებმა მოაღწია, თხზულებისა, თუ საბუთის ტექსტი იშვიათად თუ არის ხოლმე იმ სახით დაცული, როგორც ავტორს ჰქონდა დაწერილი: მერმინდელ გადამწერთა უნებლიეთი, თუ ნებსითი შეცდომით, შესწორებითა და ზოგჯერ ჩანართებითურთაც შეცვლილი და დამახინჯებულია ხოლმე იგი. მით უმეტეს, ბუნებრივია, რომ ასეთი ცვლილებები და ჩანართები და შერთული ადგილები გვქონდეს ზეპირსიტყვაობაში" (ივ. ჯავახიშვილი, 1950, გვ. 170-171).
დავუმატებთ, რომ ბევრი წერილობითი წყაროც ხომ თავის დროზე გადმოცემის საფუძველზეა დაწერილი (წერილობითი წყაროს ავტორი ან თვითმხილველია ამა თუ იმ ფაქტისა და მოვლენის, ან იყენებს საბუთებს და სხვა წერილობით ძეგლებს, ან გადმოცემების მიხედვით წერს).
ივ. ჯავახისვილი განაგრძობს: “... თუ წერილობითი ძეგლებიც – კი დროის გავლენის სიდუხჭირეს ვერ გადაურჩა, წარმოუდგენელია, რომ ზეპირსიტყვაობის სახით დაცულ გადმოცემას და ტექსტს საუკუნეთა განმავლობაში ჩვენამდის უცვლელად მოეღწია და სხვადასხვა დროისა და წრის შენაერთი ადგილების არაერთი ფენით არ იყოს აჭრელებულ- შეცვლილი.
ზემოაღნიშნული წესით შეკრებილი ზეპირსიტყვაობითი მასალა რომ ისტორიკოსისათვის გამოსადეგი გახდეს, უნდა წინასწარ იმავე ფილოლოგიური და ისტორიული კრიტიკისა და თარგმანების მეთოდით, რომლითაც ძველი წერილობითი ძეგლების განხილვის დროს ვსარგებლობთ, ასეთი ზეპირსიტყვაობითი ძეგლებიც იყოს შესწავლილი. ამ გზითა და ღონეობით საშუალება გვექნება ძველს ნაწილს მერმინდელი შენართი, როგორც სიტყვიერი მარაგი, ისევ ცნება – წარმოდგენათა ფენები ქრონოლოგიურად განსაზღვრული შრეების მსგავსად გამოვაცალკეოთ და მის თავდაპირველ შედგენილობას მივაგნოთ" (ივ. ჯავახიშვილი, 1950, გვ. 171). ვერ ვიტყვით იმას, რომ მეცნიერის ამ სახელმძღვანელო დებულებას, მეთოდოლოგიურ მითითებებს ზეპირი საისტორიო წყაროების შესახებ არ იყენებდნენ ქართველი ისტორიკოსები. იყენებდნენ, მაგრამ ნაკლებად. ისინი სამეცნიერო მიმოქცევაში ძირითადად ეთნოგრაფებსა და ფოლკლორისტებს შემოჰქონდათ და ხშირად ამ მეცნიერებათა კვლევის ფარგლებში რჩებოდნენ.
ქართველ მეცნიერთაგან გადმოცემებს სათანადო ყურადღება მუდამ ექცეოდა. ეთნოგრაფები მუდამ აფიქსირებდნენ და შემოჰქონდათ სამეცნიერო მიმოქცევაში, მაგრამ ჩვენი საისტორიო მეცნიერების ნაკლია ის, რომ ისინი ხშირად ვერ გადადიოდნენ განმაზოგადებელ საისტორიო გამოკვლევებში. ბევრი მათგანი ასეთ გადმოცემებს დღესაც უნდობლობას უცხადებს; არადა მათი საშუალებით საქართველოს ისტორიის არაერთ საკითხს შეიძლება ფარდა აეხადოს.
ეთნოგრაფთაგან, რომლებმაც სათანადო ყურადღება მიაქციეს გადმოცემებს და შემოიტანეს ისინი სამეცნიერო მიმოქცევაში, შეიძლება დავასახელოთ: გ. ჩიტაია, რ. ხარაძე, ვ. ბარდაველიძე, თ. ოჩიაური... რ. ხარაძემ ამ საკითხს სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა. ის წერდა: "ანდრეზის შემნახავი პირები ვალდებულნი იყვნენ მომხდარი ამბავი შთამომავლობისათვის ანდრეზად გადაეცათ". "ანდრეზი სხვადასხვა სახით ინახებოდა. ვრცელი პროზაული თხრობის პარალელურად ის ზოგჯერ გალექსილი სახითაც არსებობდა".
"ხევსურული ლექსების გარკვეული ნაწილი ანდრეზის მნიშვნელობის მქონეა, რომლის საშუალებითაც ხალხი გადასცემდა მომხდარ ამბავს შემდგომ თაობას". "ლექსს, როგორც საბუთს თვით ხევსურები დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ. ჩვენ მოგვეპოვება საყურადღებო მასალა იმისა, თუ როგორ სჯიდა ხევსურული რჯული უდანაშაულო პირის ლექსში აუგად ხსენებას. სოფ. ბარისახოში შეყრილმა ბჭეებმა, განაჩენის გამოცხადების წინ ასეთი სიტყვებით მიმართეს დამნაშავეს: "ლექსით კაცი ფუჭდების, რაც გინდა მიძახე საყვედური, ის კი გაქრების, მაგრამ ლექსი დარჩების, თქვენ იმაში გიძევთ ბრალი, რომ უდანაშაულო კაც ლექსში გასაცილებელია". ლექსიცა და ანდრეზიც ხალხისათვის უტყუარ საბუთს წარმოადგენს, რომელიც სადაოდ ქცეულ საქმეს უეჭველად ხდიდა". "მთელ რიგ შემთხვევაში ანდრეზმა შემოინახა ისეთი ელემენტი, რომელიც ეთნოგრაფიულმა სინამდვილემ უკვე დაჰკარგა" (რ. ხარაძე, 1951, გვ. 387, 389, 390, 393).
დავსძენთ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლექსიც განიცდიდა ცვლილებას: იქმნებოდა მისი სხვადასხვა ვარიანტები, იცვლებოდა სიუჟეტები. ამ შემთხვევაშიც მკვლევარი სათანადო მეთოდითა და ცოდნით უნდა იყოს შეიარაღებული, სხვადასხვა ვარიანტებს შორის განსაზღვროს თავდაპირველი ვარიანტი, ან მასთან ყველაზე ახლოს მდგომი.
ახლა გ. ჩიტაიას ერთ ციტატას შემოგთავაზებთ: "საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ძველი ეთნიკური შემადგენლობის გარკვევისას მკვლევარები ისტორიული მონაცემებითა და ტოპონიმიკური ცნობების გამოყენებით კმაყოფილდებოდნენ. ყურადღება არ ექცეოდა იმ მნიშვნელოვან, თუმცა თავისებურ, წყაროს, რომელიც გადმოცემების სახით ხალხშია დაცული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხალხურ გადმოცემებში მოიპოვება არამცირედი ცნობა მოსახლეობის ძველი ფენების შესახებ, რომელთა შესწავლა სხვა მონაცემებთან ერთად, ხელს შეუწყობს ძველი მოსახლეობის საკითხის გარკვევას. ასეთ მკვლევართა შორის გამონაკლისია აკად. ს. ჯანაშია" (გ. ჩიტაია, 1955, გვ. 387).
ცალკე აღნიშვნიის ღირსია თ. ოჩიაურის წიგნი – გადმოცემებისადმი მიძღვნილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მონოგრაფია "მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში" (თბ., 1967), რომელშიც ყველა ძირითადი გადმოცემაა დაფიქსირებული და მეცნიერულად განხილული და რომელიც არასდროს დაძველდება, თუმცა ცალკეული საკითხებისადმი მიდგომა და ახლებურად ინტერპრეტიაცია მეცნიერების განვითარების კვალობაზე მოსალოდნელია. ისტორიკოსთაგან ცალკე აღნიშვნის ღირსია ი. უთურაშვილის წერილი, რომელშიც ხაზგასმულია ზეპირი წერილობით წყაროების მნიშვნელობა XIX და განსაკუთრებით XX საუკუნის საქართველოს ისტორიის არაერთი საკითხის შესწავლის საქმეში (ი. უთურაშვილი, 1986).
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ისტორიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილება თავის დროზე ასეთ გადმოცემებს აფიქსირებდა, აწყობდა ექსპედიციებს, მაგრამ რაც აქამდე გაკეთდა XIX-XX საუკუნეების ისტორიის კვლევის საქმეში ზეპირი წყაროების შეკრების თვალსაზრისით, მაინც წვეთია ზღვაში. უფრო მეტი უნდა შემოსულიყო სამეცნიერო მიმოქცევაში. უფროსმა თაობამ, ამ ცხოვრებიდან წასვლით, ბევრი ფაქტი თან წაიღო, რომელსაც ვეღარასოდეს ვერ აღვადგენთ.
უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო ეთნოგრაფიული კვლევის თვალსაზრისითაც. მხედველობაში გვაქვს ის, რომ ეთნოგრაფთა ყურადღება ძირითადად მთის რეგიონებმა მიიქცია; ბარის ბევრი კუთხე კი უყურადღებოდ დარჩა. მართალია, ზეპირ გადმოცემებს ძირითადად ცენტრიდან დაშორებული რეგიონები ინახავდა (გურევიჩი), მაგრამ მათი ჩაწერა ბარშიც შეიძლებოდა. აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ თვალსაზრისით ქართველ ისტორიკოსთა თუ ეთნოგრაფთა მიერ დაშვებული შეცდომები. აფხაზებისა თუ ოსების ისტორიისა და ეთნოგრაფიის კვლევა თავის დროზე აფხაზებსა და ოსებს მივანდეთ: ჩვენ განზე გავდექით. არადა, წარმოვიდგინოთ, XX საუკუნის 20-30-იან წლებში ხომ იყო შესაძლებლობა ჩაგვეწერა გადმოცემები თითოეული აფხაზური თუ ოსური გვარების სადაურობა- წარმომავლობის, მათი ძირი-სალოცავების შესახებ. დარწმუნებულნი ვართ აფხაზეთში ასეთი გადმოცემების დაფიქსირება ძვირფას მასალას მოგვცემდა ჩრდილოეთ კავკასიელთა აფხაზეთში მიგრაციის შესახებ.
საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესების მნიშვნელობა სათანადოდ არაა შეფასებული. შიდა მიგრაციულმა პროცესებმა უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაცია გააწონასწორა. შიდა მიგრაციული პროცესების შესწავლა კი ძირითადად გადმოცემების საშუალებით ხერხდება. ესენია გადმოცემები გვართა სადაურობა-წარმომავლობის შესახებ. ასეთი გადმოცემები კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ისინი საუკუნეებს უძლებდნენ. ჩვენი ხალხი გადმოცემებით ძაფს აბავდა წარსულსა და აწმყოს შორის. ისტორიის მახსოვრობა კი ერის ერთ-ერთი განსაზღვრელი ნიშანია. რაც ყველაზე მთავარია, გვართა სადაურობა-წარმომავლობის შესახებ გადმოცემების უტყუარობას ხშირად საარქივო საბუთებიც ადასტურებენ. გადმოცემები გვაუწყებენ ამა თუ იმ გვარის თავდაპირველ საცხოვრისს, გადმოსახლების მიზეზს, ძირ-სალოცავს, ადრინდელ გვარს. ამ გადმოცემების დამადასტურებელი არაერთი საარქივო საბუთი არსებობს, ე.ი. ისინი უტყუარნი არიან. მათ უნდობლად არ უნდა მოვეკიდოთ. შეიძლება არაერთი მაგალითის მოყვანა, როდესაც გადმოცემას საარქივო მასალა ადასტურებს. მაგალითად, ქაისხევში მკვიდრობენ ზოტიკიშვილები. ეთნოგრაფიული მასალით (გადმოცემით) ზოტიკიშვილების ადრინდელი გვარია ფისაძე, რომლებიც იმერეთიდან მოსული მღვდლის შთამომავალნი არიან. 1781 წლის არაგვის ხეობის აღწერაში ქაისხევში დასახელებულია "ფისაძე პეტრეს შვილი მღვდელი ზოდიკე" (ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 123). გადმოცემით ძირად სისაურები არიან: მწითურები, დორეულები, ჭალისურები, გონჯილაშვილები, პატურაშვილები, მექობიშვილები, კახოშვილები, მოსიაშვილები, უშიკიშვილები... ჩამოთვლილი გვარების ადრინდელი გვარი და მათი ხევსურეთიდან მიგრაცია საარქივო მონაცემებით (XIX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის აღწერები) დასტურდება.
იგივე შეიძლება ითქვას გადმოცემების შესახებ, რომლებიც ქართველთა მართლმადიდებლობიდან სხვა კონფესიურ ჯგუფებში გადასვლის შესახებ მოგვითხრობენ. მაგალითად, გადმოცემით თელაველი მარტიროსოვების ადრინდელი გვარი იყო ბერძენიშვილი, ხოლო ბეგიჯანოვებისა – ტალიური. ეს გადმოცემები ხალხის აღწერის დავთრებით დასტურდება. არ შემიძლია არ მოვიყვანო ერთი ზემო რაჭული ლექსი, რომლითაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინცია – დვალეთი, ოსეთში არასდროს არ შედიოდა და რომ დვალეთში ოსებმა დასახლება ბრძოლით შეძლეს:


"მაღლა მთას მოდგა
უცხო ფრინველი
თეთრი ფრთოსანი.
ჟღელეს ჩამოდგა
დიდი ლაშქარი,
დიდი ლაშქარი _ ოსი და დვალი.
ომი შეიქნა ცისკრისა ჟამსა,
ცისკრისა ჟამსა, გათენიასა:
ქნევა ხმლისა, ძგერა შუბისა.
ხმალი ორპირი სისხლში სცურავდა,
შუბის ნალეწი ზეცას ცვიოდა,
მესამე დღესა ჩამოცვიოდა.
ვაჟკაცთ ყვირილით მიწა იძროდა,
სისხლისა ღვარსა კაცნი მოქონდა.
ჯაფარ გაიქცა, ვით რომ კაკაბი,
ოსი მისდევდა, ვით რომ არწივი.
ჯაფარ, ვერ წახვალ
შინა მშვიდობით,
ცოლს ვერ მიუტან
ლაშქრულს ანბავსა,
ლაშქრულს ანბავსა,
წითელ კაბასა,
სიტყვა გათავდა, ჯაფარ წაიქცა,
ჯაფარ წაიქცა სვეტი ოქროსი.
ომი გათავდა, ომი გათავდა,
აგერ მოდიან მოწიფულები.
ჯაფარ მოაყვე:
თავი გოდრითა,
ტანი ლასტითა,
წვრილი წელები _
ხელკალათითა" (ძველი..., 1911-1913, გვ. 115).


ამ ხალხური ლექსის 15-ზე მეტი ვარიანტი არსებობს, უფრო სრულყოფილიც. შესაძლებელია ამ ლექსის თავდაპირველი ვარიანტის აღდგენა. მ. ქურდიანის მითითებით, თავისი აგებულებით ეს ლექსი საკმაოდ ძველია (მ. ქურდიანი, 1997, გვ. 176-178). დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ხალხურ ლექსში ასახულია დვალეთში შემოჭრილი ოსების ბრძოლა ადგილობრივ დვალებთან. სამოსახლო ტერიტორიებს დვალეთში ოსები ბრძოლით მოიპოვებენ. ოსები დვალებთან ბრძოლაში იმარჯვებენ. მრავალი დვალი დაიღუპა. გადარჩენილები კი მამა-პაპათა საცხოვრისიდან გაიქცნენ (და დასახლდნენ შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, რაჭაში, ზემო იმერეთში). დვალთა ერთ-ერთი ლიდერი ჯაფარი დამარცხდა რა უთანასწორო ბრძოლაში, ის გაიქცა, "ვით კაკაბი". გაქცეული ჯაფარი, რომელიც დვალებს ანსახიერებს, ოსებმა აკუწეს. რაც შეეხება იმას, რომ ეს ბრძოლა ნამდვილად მოხდა, კარგად ჩანს ხალხური ლექსიდან. ლექსში ნახსენები ორივე ტიპონიმი ("მაღლა მთა" და "ჟღელე", სადაც ბრძოლა მოხდა) დვალეთშია. "მაღლა მთა" ეს იგივე "მაღლა დვალეთია". ასეთი გეოგრაფიაული ერთეული ნახსენები აქვს იოანე ბაგრატიონს (ი. ბაგრატიონი, 1986, გვ. 79). "ჟღელე" კი დვალეთის ექვსი ხეობიდან ერთ-ერთი ხეობაა, რომელიც გეოგრაფიულად მთიან რაჭასთან ახლოსაა (მთიანი რაჭიდან დვალეთის ჟღელეს ხეობაშია გადასასვლელი). ლექსის რამდენიმე ვარიანტში ნახსენებია ტოპონიმი "ქალაქა". "ქალაქაც" დვალეთის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი იყო. ლექსში ნახსენები "უცხო ფრინველი თეთრი ფრთოსანი", რა თქმა უნდა, საომრად მოსული ოსები იყვნენ, რომლებიც დიდი ლაშქრით დაუპირისპირდნენ ადგილობრივ დვალებს. ხალხური ლექსიდან აშკარაა, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ორი ერთმანეთისათვის უცხო ეთნოსი. ამ ლექსით საფუძველი ეცლება ოსი ავტორების "მტკიცებას" რომ დვალები ოსები იყვნენ. ლექსში ასახული ბრძოლის შემდეგ მოხდა სწორედ მოსახლეობის ეთნიკური შეცვლა საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთ უძველეს პროვინციაში დვალეთში.
ოსური გადმოცემებიც ადასტურებენ, რომ ოსური ეთნოსი დვალეთში ბრძოლით არის მოსული. ადგილობრივ მოსახლეობას ისინი ებრძოდნენ, ამარცხებდნენ და ისე იკავებდნენ მათ საცხოვრებელ ადგილებს. ასეთი გადმოცემების საშუალებით შეიძლება დავადგინოთ დვალეთის ადგილობრივი და მოსული ოსური გვარები. დვალეთში ფეხის მოკიდების შემდეგ ოსებმა შიდა ქართლის მთიანეთში გადმოინაცვლეს.
როდის მოხდა ოსთა შიდა ქართლის მთიანეთში მიგრაცია-დასახლება? წერილობით წყაროებთან ერთად, აქაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ზეპირ საისტორიო წყაროებს (გადმოცემებს) აქვთ. 1936 წ. დაიბეჭდა ოსი ისტორიკოსის ზ. ვანეევის ნაშრომი (ზ. ვანეევი, 1936), რომელშიც გადმოცემების საფუძველზე მოცემულია ოსთა საქართველოში მიგრაციის სურათი. ოს ისტორიკოსებს ეს ნაშრომი შეგნებულად არ შემოაქვთ სამეცნიერო მიმოქცევაში; რაც შეეხება ქართველ ისტორიკოსებს, ჩვენთავის გაუგებარი მიზეზების გამო, ისინიც არ იყენებდნენ მას. ზ. ვანეევს დაფიქსირებული აქვს გადმოცემები ძირითადი ოსური გვარების წინაპართა შიდა ქართლის მთიანეთში მოსვლის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა ინტერპრეტაციას აძლევს ოსი ავტორი მის მიერ ჩაწერილ გადმოცემებს, როგორ "ასაბუთებს" იმას, რომ ოსთა ეს სხვა, გვიანდელი ფენა იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული, რომ დღეს ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" განსახლებული გვარების მოსვლამდე აქ "პრეჟნიე ოსეტინები" ცხოვრობდნენ. მთავარია, რომ დაფიქსირებულია გადმოცემები, რომლებითაც დგინდება ძირითადი ოსური გვარების გადმოსახლების დრო და ის ადგილი, საიდანაც მოვიდნენ (ჩრდილოეთ კავკასიის ხეობა, სოფელი). ცნობილია, რომ არა მარტო ოსები, არამედ ქართველი მთიელებიც სულ ცოტა ხნის წინ დაგითვლიდნენ წინაპრების 10-15 თაობას სახელების მითითებით. კარგა ხანია აღიარებულია, რომ გვართა ისტორიის ამსახველი გენეალოგიური გადმოცემები ისტორიულ სინამდვილეს შეესაბამება: "ხალხში შემონახული გენეალოგიები გარკვეულ ნაწილში და მათი კრიტიკული შემოწმების პირობებში ეთნოგრაფიული კვლევის ერთ-ერთ სიანტერესო წყაროს წარმოადგენს" (ა. რობაქიძე, 1975, გვ. 73). ეყრდნობა რა საგვარეულო გადმოცემებს, ზ. ვანეევი მიდის დასკვნამდე, რომ თანამედროვე სამხრეთელი ოსები "სამხრეთ ოსეთში" ცხოვრობენ ოთხი-ხუთი საუკუნეა, ე.ი. აქ გადმოსახლებულან XV-XVI საუკუნეებში (ზ. ვანეევი, 1936, გვ. 271-273). ავტორის მიერ მოპოვებული მასალით ოსური გვარების უმეტესობა გადმოსახლების შემდეგ 10 თაობას ითვლის. მხოლოდ გაგლოვებისა და ბეგიზოვების გვარები ითვლიან 12 თაობას. ზ. ვანეევი ერთ საუკუნეში სამ თაობას ანგარიშობს და როგორც აღვნიშნეთ, მისი გამოანგარიშებით სამხრეთელი ოსები 4-5 საუკუნის წინ გადმოსახლებულან, ე.ი. XV-XVI საუკუნეებში. მაგრამ ცნობილია, რომ ერთ საუკუნეში თავსდება არა სამი, არამედ ოთხი თაობა. ერთი თაობა მოიცავდა 25 წელს, მითუმეტეს, რომ ოსებში საქორწინო ასაკი 20-25 წელს შორის მერყეობდა (ი. სმირნოვი, 1973, გვ. 125). გამოდის, რომ სამხრეთით ჩრდილოეთიდან ოსების მიგრაცია სწორედ XVII საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა. ამრიგად, ზ. ვანეევის მიერ ჩაწერილ გადმოცემებს ოსური გვარების შესახებ, ჩვენთვის ოსთა შიდა ქართლის მთაში გადმოსახლების დათარიღების საქმეში ერთ-ერთი პირველწყაროს მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, ზ. ვანეევის მიერ ჩაწერილი გადმოცემებითისიც ირკვევა, შიდა ქართლის მთაში მიგრირებული ოსები ჩრდილოეთ კავკასიის რომელი ხეობიდან და სოფლიდან არიან გადმოსახლებულნი.
აქვე შეიძლება გავიხსენოთ გ. ჯალაბაძის მიერ ჩაწერილი გადმოცემა, რომელიც ოსთა თრუსოში დასახლებას ასახავს. გადმოცემით თრუსოში ოსები არდონიდან არიან გადმოსახლებული: "არდონიდან ჩამოსახლებული ოსური ფენის უმეტესობა გადმოსახლებიდან სამ-ოთხ თაობას მოითვლის. ამასთანავე, გადმოცემებით თრუსოელი ოსები იმასაც მიუთითებენ, რომ მათ მოსვლამდე აქ მათთვის უცხო ტომის ხალხი ცხოვრობდა, რომელთაც ყაბარდოელებად მოიხსენიებენ. ამ გადმოცემაში იმის განსაზღვრა თუ რა არის რეალური და რა არა, ისტორიკოსის მოვალეობაა. აშკარაა, რომ ოსთა მოსული თაობების რაოდენობა სინამდვილეს შეესაბამება. რეალურია მათი თავდაპირველი საცხოვრისის სახელწოდებაც. სინამდვილეა ისიც, რომ ოსთა აქ მოსვლამდე მათთვის უცხო ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ ვინ იყო ეს უცხო ხალხი? მოსულმა ოსებმა თრუსოში ადრე მოსახლე ხალხი ვარაუდით ყაბარდოელებს მიუაკუთვნეს. ყაბარდოელებს ხომ საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს უცხოვრიათ, თანაც თერგის ხეობაში, რაც ყველა საისტორიო წყაროთი უცილობელი ფაქტია.
შეიძლება კიდევ ერთი გადმოცემა მოვიყვანოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის ეთნიკურ ცვლაზე მიუთითებს. ს. ჯანაშიას მოყვანილი აქვს ერთი საგულისხმო გადმოცემა: "აფხაზთა ხალხური გადმოცემით, ძველთაძველ დროში აფხაზეთის მთებში ცხოვრობდა ხალხი, რომელიც ეკუთვნოდა წან-ის (აფხაზური ფორმაა), ანუ წანია-ს (სამურზაყანოული ფორმაა) გვარს" (ს. ჯანაშია, 1959, გვ. 14). ს. ჯანაშია ამ გადმოცემის საფუძველზე ასკვნიდა: "ჩვენ უეჭველად მიგვაჩნია, რომ წანიც სანისა და ჭანის ბუდეს ეკუთვნის, მაგრამ რას უნდა გულისხმობდეს რეალურ-ისტორიულად თვით გარდმოცემა? სხვაგან ჩვენ უჩვენეთ, რომ საკუთრივ აფხაზებს, მათი დღევანდელი ტერიტორიის დიდ ნაწილზე წინ უსწრებდა ქართველური მოსახლეობა, ერთი მხრივ სვანური შტოსი, მეორე მხრით – ჭანურ-მეგრულისა. მოყვანილ გარდმოცემაში, ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტის ანარეკლი გვაქვს. "წანი" ამ შემთხვევაში ჭანურ-მეგრულ ფენას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ტომთაგანი, ჭანურ-მეგრული განშტოებისა, და არა საკუთრივ ზანები (დღევანდელი მეგრელები) და ან, მით უმეტეს, ჭანები. ამაში გვარწმუნებს სახელწოდება "წან", რომელიც შეუძლებელია მიჩნეული იყოს ზან-ის ან ჭან-ის აფხაზური გამოთქმის ფაქტებად, აფხაზურ ვარიანტად. ასეთი ფონეტიკური გადასვლისათვის აფხაზურში ჩვენ საფუძველს ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ აფხაზურს თავისუფლად შეეძლო შეეთვისებინა როგორც ზან, ისე ჭან ფორმები".
"ამრიგად, ჩვენ იძულებული ვართ დავასკვნათ, _ განაგრძობს ს. ჯანაშია", _ რომ ფორმა "წან" აფხაზურმა მზამზარეულად შეითვისა, და არ გადააკეთა თავის ფონეტიკის ყაიდაზე". ამ გადმოცემამ, აფხაზეთში ადრე "წან"-ების მოსახლეობის შესახებ, უდავოდ შორს მიმავალი და საყურადღებო დასკვნები შეიძლება მოგვცეს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მთიანეთში ოდესღაც ქართველური ტომების მოსახლეობის შესახებ.
ამრიგად, ვფიქრობთ, ერთი სტატიისათვის საკმარისია იმ გადმოცემების მოყვანა, რომლებიც საქართველოს ისტორიის სხვადასხვა დროსა და საკითხებს ეხება. ნაშრომში ახალი იმდენად არაფერი გვითქვამს. ჩვენი მიზანი იყო კიდევ ერთხელ მიგვექცია ისტორიკოსთა ყურადღება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ზეპირ საისტორიო წყაროებს, გადმოცემებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გაშუქებაში. მთავარია მეცნიერმა მეცნიერული ინტერპრეტაცია მისცეს ამა თუ იმ გადმოცემას, ჩაიწეროს ისინი გამართული მეთოდოლოგიით და განსაზღვროს, თუ რა არის ამა თუ იმ ზეპირ საისტორიო წყაროებში (გადმოცემაში) რეალური, ნამდვილი, თავდაპირველი და შემდეგი დროის დანალექი.



სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან -  „ეთნოისტორიული ეტიუდები“, წიგნი I, თბილისი, 2005 წ.

 



megobari saitebi

   

01.10.2014