მთა - პიროვნული ზეცნობიერების სახე-სიმბოლო ვაჟა-ფშაველას
"მთათა ერთობის" მიხედვით

ვაჟა-ფშაველას ბუნების წიაღში ყველა არსება სულიერი შინაარსითაა სავსე, როგორც ადამიანის შინაგანი სამყარო. ყველა მათგანი განიცდის გაზაფხულის მშვენიერებას და ზამთრის სუსხს, სამყაროში არსებულ ბოროტისა და კეთილის ჭიდილს. მაგრამ მთა განსაკუთრებულია. მთა ვაჟას შემოქმედებაში არათუ ზნეობრივი სრულყოფისაკენ სწრაფვის ზოგადი გამოხატულებაა, არამედ მის გმირთა გოლიათური ზნეობრივი ძალის შესატყვისი ცნებაც. ამიტომ, ის განსაკუთრებულ აზროვნებასა და მგრძნობიარობასაც ამჟღავნებს.
პოემა "მთათა ერთობა" მთის გასულიერების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ვაჟა-ფშაველა ხშირად ალაპარაკებს ბუნების ქმნილებებს იმის შესახებ, რომ კაცთა შორის ყველაფერი რიგზე არ არის. ამ კუთხით გამორჩეულია მისი პროზა. ამ პოემაში კი მთები არა მხოლოდ ვაჟას ბუნების თვალსაჩინო არსებები არიან, არამედ კაცობრიობის საჭირბოროტო საკითხებზე ჩაფიქრებული პიროვნებების სახეს გამოხატავენ. ისინი აკრიტიკებენ ადამიანის უარყოფით ზნე-ჩვეულებებს და ხაზს უსვამენ, რომ ეს თვისებები მათ თუმცა, არ ახასიათებთ, მაგრამ საკმაოდ კარგად აქვთ გააზრებული და აწონილ-დაწონილი:

"ისე ვცნობ კაცის ბუნებას,
როგორაც ღრუბელთ ელვასა."

- ამბობს იალბუზი, კავკასიონის მთებს შორის გამორჩეული. ვაჟა-ფშაველას მთას ესმის ბუნების კანონზომიერების ფილოსოფიური მნიშვნელობა: "ბუნებასა და ცხოვრებას თავისი საკუთარი წესი და რიგი აქვს და ჩვენი თეორიები ვერ შეუშლიან არჩეულ გზაზე სვლას" (4:393). ამ წესის მიხედვით, სამყაროში ყველაფერი დიალექტიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თავისთავადი ღირებულების მქონე და ურთიერთთავსებადია. დიდისა და მცირეს არსებობა არ გვაყენებს ამ უკანასკნელის გაუფასურების, გათქვეფის წინაშე. ადამიანთა საზოგადოებაში მოშლილია კანონზომიერება. "ვაჟამ ბუნება კვლავ მოიშველია საკუთარი "ჯანსაღი ნაციონალიზმის" იდეის დასაცავად. მისი აზრით, "მახინჯი კოსმოპოლიტიზმი" თვით უფლისა და ბუნების სიბრძნისა და ნების წინააღმდეგ მიმართული მოვლენაა" (6:328). მთებმა კარგად იციან, რომ კაცთა შორის დიდ-პატარაობა შურსა და მტრობას წარმოშობს და მათ ბუნებას მგლურ ინსტინქტებს უქვემდებარებს, რაც საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობის, უსამართლობის მიზეზად იქცევა. ამგვარი უსამართლობა მთების ბუნებისთვის მიუღებელია. სიმაღლის მეტობა მათთვის მხოლოდ სხვათა მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობის გამომხატველია. არანაირ შეჭირვებას, ქარტეხილს, წვიმასა და სეტყვას არ ძალუძს მათი გატეხა, ამ პასუხისმგებლობის გრძნობის მოშორების სურვილის წარმოქმნა.
იალბუზი – უმაღლესი მწვერვალი თავს ბედნიერად რაცხს ამგვარი ზრუნვით:

"სხვას რას მიმატებს სიმაღლე,
თუ არ ტანჯვასა და სუსხსა?
მაგრამ მეც ბედნიერი ვარ
სხვა გორაკებთან ერთადა".

ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობა ჭეშმარიტი სულიერი სიმაღლის შემთხვევაში ჩნდება. "ზეაღსვლის გზაზე პიროვნება მოიპოვებს სულიერ ძალას, რომლის მეოხებითაც ქმნის ღირებულებას. მაგრამ ის არასოდეს ივიწყებს ქვემოთ დარჩენილებს - სულიერად სუსტებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან ამ ღირებულებებს. და იწყება პიროვნების ქვემოთ დაშვების გზა, რათა დაეხმაროს თავის ძმებს, გაუზიაროს მათ სულიერი სიმდიდრე და ღირებულებები, მიეშველოს მათ ზეაღსვლაში. ზეაღმავალ ადამიანს არ შეუძლია და არც შეიძლება, დაშორდეს ქვეყანას, მოიხსნას სხვის მიმართ პასუხისმგებლობის ტვირთი. ასეთი პიროვნება ყველას მაგივრად აგებს პასუხს, რადგან მარადიული ცხოვრებისთვის არა ცალკეულ პირთა, არამედ მხოლოდ საერთო გადარჩენას აქვს ფასი" (8:70) - წერს ნ. ბერდიაევი. ეს სახარებისეული სიბრძნეა "პირველთა და უკანასკნელთა" შესახებ: "ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს. ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად" (მათე 20.26-27).
XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში ეროვნული ხსნის იდეასთან და მართლის თქმის პრინციპთან გადაჯაჭვულია ეს მოტივი. ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილი" სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ცალკეული ინდივიდის სულიერი გადარჩენა არათუ არაფერს უმატებს საზოგადოებას, არამედ, არც არის შესაძლებელი.
ამ სულისკვეთების გამოხმაურებაა ვაჟა-ფშაველას "მთათა ერთობა". თვით პოემის სათაურიდან "ერთობის" ძალით გადარჩენის იდეა გამოსჭვივის. მთებს შორის ამ იდეის გარშემო ამტყდარი "აურ-ზაური" ამაო მსჯელობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ერთობის ფარგალში ცხოვრება" მათი ცხოვრების წესს წარმოადგენს. ცნება "ერთობა" არა მხოლოდ მთების - საზოგადოების ე.წ. ელიტურ ნაწილის თანხმობას, არამედ მთელი სამყაროს ცოცხალი არსის ურთიერთშეთანხმებულობას, ურთიერთსარგებლიანობის მინიჭებას გულისხმობს. ისინი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისა და სიმაღლის შენარჩუნებისთვის არ ინახავენ ძალას, რომელიც მისცა "ღმერთმა იმავე თავითა". ვაჟა-ფშაველას "მთათა ერთობაში" მოცემულია "ერთობის" ცნების ის ფილოსოფიურ-მხატვრული განმარტება, რომელიც ადამიანური ყოფის მრავალ საჭირბოროტო საკითხზე დასმულ კითხვათაგან იმაზეც მოგვიგებს, თუ რაში მდგომარეობს ძველი იგავური სიბრძნის - "ძალა ერთობაშია" ნამდვილი არსი.
ვაჟას მთა არ არის მთა – განდეგილი, რომლის "შუბლზეც ქვეყნიერების ფუსფუსი ერთ ძარღვსაც არ აატოკებს" (7:20). ვაჟას მთა "მთა – ცხოველია", რომელიც ადენს ცივ მდინარეებს, ახარებს ბალახს და ყვავილებს, თვალ-წარბში შესთამაშებს საკუთარ მკერდზე გაზრდილ შვილებს: ჯიხვებს, არწივებს, კაკბებს; არც საზოგადო (ბარის) საკითხებთან მიმართებაში რჩება გულგრილი – თავის სიტყვას აბარებს ნიავს.
ვაჟა-ფშაველას თხზულებებში, განსაკუთრებით კი მოთხრობებში გამოკვეთილი სარგებლიანობის მოტივი მსჭვალავს მისი მთის სიმაღლეს თხემით ტერფამდე. მისი მთა სარგებლიანი სიმაღლეა:

"მიაქვს ჩვენიდან ვისც რა ჰსურს,
რად ვინმე დაგვემდურება?
ჩვენის ამაგით სარგებლობს
და არც ჩვენ მივდევთ გინებით,
მიჰხედ-მოჰხედეთ თქვენს გულ-მკერდს,
სულ სავსე არის ბინებით.
როგორც დღესნამდე მადლს ვსთესდით,
დღეიდგეც ასე ვიქნებით".

ვაჟასთვის მთების მადლიანობის პირველი ნიშანი მათი პირველქმნილი, თავისთავადი პატიოსნება და უზღვავი ენერგიაა. ერთ-ერთ წერილში "ძველი და ახალი ფშაველების პოეზია" ვაჟა-ფშაველა მთისა და ბარის ცხოვრებას სწორედ ამ კუთხით უპირისპირებს ერთმანეთს: "მე ის გარემოება მაკვირვებს, რომელსაც ბარის ქართველებსა და ფშაველებს შორის ვხედავ: ბარში შემოქმედებას ერისას, თითქოს მომკვდარაო, თვალები მიულულია, ხოლო ფშავში სჩქეფს, სდუღს და გადმოდის" (4:169). მთისა და ბარის ეს განსხვავება ზუსტად ეხმიანება ილია ჭავჭავაძის მთისა და ბარის თერგის აღწერას: "ცოდვა არ არის შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვა-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი ერთ ვიწრო საწოლში მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩვენო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაში. აქ კი (ვაკეში) მიმხრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა" (7:9-10).

ვაჟას მთა ამ თერგის - ენერგიის მშობელია, მისი აღმზრდელი, თუმცა იალბუზს, მყინვარს, სპეროზას, ბორბალას ზნეობრივი პრინციპები საუკუნეების მანძილზე დამუშავებული დოგმატური და გაქვავებული წეს-კანონებით კი არ არის ნასაზრდოები, არამედ ღვთაებრივი ენერგიით: კეთილი სიბრძნით და ჭეშმარიტი სიყვარულით. ეს იგივე შემოქმედებითობის ენერგიებია (11:57-70):

"ჩვენ ყველას ვაძღობთ, თუმც ცოდნით
ჭკუა არ გაგვილესია,
ამმაღლებელი გონების
ცოდნა არ დაუთესია
ჩვენში არავის..."

ეს ის სიბრძნეა, რომელიც არა პასიურ განსწავლულობას, არამედ აქტიურ განათლებულობას გულისხმობს. ამგვარი სიბრძნე მინდიასა და მოხევე ლელთ-ღუნიას სიბრძნეა, ამგვარი ჭეშმარიტება და სიყვარული ალუდას, ჯოყოლას, ზვიადაურის, აღაზას მიერ ნაწვდომი ჭეშმარიტება და სიყვარულია. მთები – "თავ-ჩაჩქნიანები" თვითონ არიან რაინდები: ღირსებით, სიყვარულითა და რწმენით აღსავსენი. მათი რწმენა ადამიანში რაინდული სულის უკვდავების რწმენაა:

"ადამიანნი თავის თავს
დღესა, ხვალე თუ გვიანა,
მოუძებნიან წამლსა, -
რამაც კი დააზიანა
კაცთა საერთოდ ცხოვრება,
მათი ძმობა და ერთობა".

თვითონ კი ამ "ერთობის ძალის" ერთგულები არიან. რწმენა და ერთგულება ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა, რადგან ღირსებითა და სიყვარულით მოქმედება "მოითხოვს რწმენას - როგორც ნდობის ფაქტორს და ამავე დროს ერთგულებას" (11:124):

"მის ფიქრი ერთობაზედა
ამ მხრივ უცვლელი დარჩება
და საკამათო საგანი
მხოლოდ კაცთ კრებულს შაჰრჩება."

თანაგრძნობა კი _ სიყვარულის უდიდესი გამოვლინება, ნებას არ აძლევთ, საკუთარი ღირსების შეგრძნებით, განდეგილობაში იცხოვრონ. არ შეუძლიათ ბარს – იმის კოპწია ალაგებს, "კაცთ კრებულს" არ მიეხმარონ:

"არ მივცეთ აქით ლიტონი
ხმა მაინც თანაგრძნობისა,
ნიშანი ჩვენის კაცობის
და ჩვენი ცოცხლად ყოფისა?!"

"კაცობის ნიშნის" – თანაგრძნობის თვისებით ხდებიან უპირველესი შინაგანი კაცები ალუდა, ჯოყოლა, მინდია, აღაზა, ლუხუმი, კვირია... მათი გული გონებას ამ თვისებით უკავშირდება. ვაჟას მთის "კაცობის გვირგვინი" - ფიქრი, "მოვლენათა მიზეზის მაძიებელია" და "ნიშანია ადამიანის კეთილგონიერების" (4:208). კეთილგონიერი ადამიანი თვითშემმეცნებელი ადამიანია. მთებისთვის საკუთარი თავის შემეცნება უპირველესი მიზანია:

"მხოლოდ უკეთეს ყოფნისა
ვინაც კი არი მნდომია,
არ არის დასაძრახისი...
ადვილად მისახვდომია,
გაცნობა თავის-თავისა
პირველი საქმე მგონია".

ცნობიერი ცხოვრება - ეს არის ვაჟას შემოქმედებითი ინტერესების უმთავრესი საგანი და თუ რაიმეთი ჰგავს თავის "უძვირფასეს პაპას", სწორედ ამ საგანზე ფიქრით. ვაჟა-ფშაველას "მთათა ერთობაში" გამჟღავნებულია ადამიანური ცხოვრების და შემოქმედების პირველწყარო, სათავე, ისევე, როგორც "დავითიანში": "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო". ფიქრიანობის, თვითშემეცნების კვალობაზე ამაღლებული მთა – ზნესრული პიროვნება, შორს არის ქედმაღლობისა და განდიდებისაგან. ამ მთის შვილია ამირანი – ვაჟას საყვარელი გმირი. იგი სრულიად დაცლილია რაინდისთვის შეუფერებული ამგვარი საქციელისგან. ამირანის სახე მსჭვალავს მის ლექსებს: "ამირანთან", "სიზმარი ამირანისა", მოთხრობებს: "კლდე მტირალი", "ამირანის ხმალი", პოემებს: "დაჩაგრული მესტვირე", "მთათა ერთობა და სხვა. თუ ამ თხზულებებს თვალს გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ ვაჟა-ფშაველას ამირანის სახე გარკვეულწილად მოდიფიცირებულია. ა. ლოსევი წერდა, რომ პრომეთეოსის, როგორც მსოფლიო სიმბოლოს ანალიზი უღრმესად გვარწმუნებს, რომ აუცილებელია სიმბოლიკის სოციალურ-ისტორიულ ასპექტში განხილვა. ამ ერთ მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლოზე დაკვირვება გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება ეს სიმბოლო ერთი ავტორიდან მეორემდე (10:291). ვაჟას შემოქმედებაში შეინიშნება შევსება ამ პერსონაჟის დასახელებული თვისებებისა. ამირანის პიროვნებაში ვაჟა აერთიანებს ზნეობრივი სიმაღლისა და ფიზიკური ძლიერების ნიშნებს (2:237). ზნეობრივი სიმაღლე, შეუპოვრობა-გამძლეობის მოტივის სახით იკვეთება ზემოთ დასახელებულ თხზულებებში (იქვე). პოპულარული მითოსური პერსონაჟის სახის ამგვარი განსაზღვრება XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული აზროვნების ნაყოფია. ვაჟა-ფშაველა, როგორც მთელი XIX საუკუნის საქართველო, სავსეა ამირანის ხელახლა მოსვლის რწმენით:

"უნდა ვუცადოთ ამირანს,
გამოუშვებდენ მინამდე,
მაგრამ სადა და როდისა?
მისვლა გაჭირდა შინამდე".

ვაჟას ახალი ამირანი უფრო მეტად ზნეობრიობის პრინციპით დადაღული პიროვნებაა, ვიდრე მისი ანტიკური წინამორბედი. პოემაში "მთათა ერთობა" ამირანი სხვა ზნემაღალ პიროვნებებს (მთებს) მოუწოდებს მორალისა და ეთიკის დაცვისაკენ: მშრომელი კაცის გარჯის პატივისცემისა და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლის დაფასებისაკენ. ის ხალხისთვის თავდადებულია, "როგორც შვილისთვის მშობელი".
ამირანისეული გაუტეხელი და შეუპოვარი ხასიათი დაჰყვებათ ვაჟას გმირებს: ალუდას, ზვიადაურს, ჯოყოლას, კვირიას, ლელა, ლუხუმს...
ამირანის სიცოცხლის აზრი მათი სიცოცხლის აზრია:

"რად მინდა უქმი სიცოცხლე,
მოუხმარები ძალ-ღონე?"

მართალია, ერთგვარი "ახირების" გამო ისინი იზოლაციაში ექცევიან (როგორც ამირანი), მაგრამ არასოდეს თემს არ განუდგებიან. პირიქით, ყოველთვის მისთვის ზრუნავენ. იალბუზი, სადაც ამირანის მუდმივი ადგილსამყოფელია, ამ გმირის სახე-სიმბოლოცაა. სწორედ ის ამბობს `მთათა ერთობაში":

"ეგ ფიქრი არა გქონია
არა დროს, - ღმერთად გახდომის,
უჭკოსგან მოსანდომია."

ვაჟას მთა პიროვნული ზეცნობიერების სიმბოლოა. მისი მოპოვების შედეგად სრულიად დათრგუნულია "ლომი და უნასი" (ფსალმ. 91.13). ამიტომ არ ახასიათებთ ვაჟას მთებს კაცთა მგლური ზნე-ჩვეულებები. ეს ბუნება, თუმცა ნაცნობი, მაგრამ მათ მიერ უკვე დიდი ხნის წინათ უარყოფილია. ამიტომ გრძნობენ ისინი მეტ პასუხისმგებლობას – შინაგანი ჩაღრმავების შედეგად მიღწეული ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარების სურვილს.
ეს ის მთაა, რომელზეც შედგებიან ლუხუმი, კვირია, ლელა, სანათა; სადაც ჯოყოლას, ზვიადაურისა და აღაზას სტუმარ-მასპინძლობის წესი აღსრულდება. ამგვარი ზეცნობიერება სოციალურად ღირებული ნიჭია. ეს ის სიმაღლეა, საიდანაც ხდება საზოგადოების მოწოდება ზნეობრივი ღირებულებებისაკენ. ამ სიმაღლის ხილვის წყალობით განიწმინდება სისხლს მოწყურებული თემი "სტუმარ-მასპინძელში", "კაცი მართალში". ვაჟას მთა პიროვნების სულიერი ტრანსფორმაციის, აღორძინების მწვერვალია. ამ მთიდან გამოცხადებულ ყოველ სიმართლეს ერთადერთი ჭეშმარიტების დაღი ატყვია – ჰუმანისტური მსოფლშეგრძნების, რომლის მიზანია თავისუფალი, ზრდასრული ადამიანი.
ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთ თავის წერილში ლიტერატურული გმირის სოციალურ ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ყოველი ნიჭიერი მწერალი მოვალეა, სამი ძირითადი ასპექტით დაუკვირდეს ცხოვრების მოვლენათა მიმართულებას: "პირველი ის, რომ ჩვენ მონანი ვართ ცხოვრების პირობებისა, უძლურნი ვართ მის წინაშე, - არ არსებობს თავისუფალი ჩვენი ნება, - ყოველი უბედურებაა ჩვენს თავს: უსამართლობა, უზნეობა, სიღარიბე, ყოველგვარი ცდომილება ამ პირობების ბრალია.
მეორე მიმართულება გვიკარნახებს, რომ აქ ცხოვრების პირობები არაფერს შუაშია და თუ ჩვენ, საზოგადოების წევრნი, პირადად არ გავუკეთესდებით, ათასი კარგი პირობებიც რომ შევქნათ, მაინც არაფრად ვევარგებით, უბედურები ვიქნებით, მაინც უსამართლობას, საწყლობას, უსწორმასწორობას თავიდან ვერ ავიცილებთო.
მესამე მიმართულება, აერთებს რა პირველ ორ მიმართულებას, ე.ი. ცხოვრების პირობათა ძლიერებას იღებს მხედველობაში, პიროვნებათა, ინდივიდთა გაუმჯობესებას მეტს ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს" (4:296).
ვაჟა-ფშაველას ყოველი ახალი თხზულება ადამიანის და საზოგადოების შინაგან თავისუფალ, ერთობით ცხოვრებაზე ფფიქრის შედეგად არის დაწერილი. მისი ყოველი გმირი თვისუფალი პიროვნების გაუმჯობესებულ სახეს წარმოგვიდგენს. თითოეული თხზულების მხატვრული კონსტრუქცია, თითოეული გმირის ხასიათის შტრიხები კი ყოველთვის ახლებური, განუმეორებელია და საოცარი უშუალობით მოწოდებული. "საღი ფანტაზია ისეთს არაფერს შეჰქმნის, სინამდვილეს არ ეთანხმებოდეს, არ შაეფერებოდეს" (4:362).
აი, თუნდაც მთების თავისუფლების საგალობელი:

"უფალო, დამბადებელო,
მთა-ბარს მოჰნიჭე წყალობა,
აცხოვრე ბედნიერადა
და ააცილე წვალება.
და მოუხდინე კეთილად
ცუდისა კარგზედ ცვალება.
ნუგეშმცემელად ეყავი
დაჩაგრულებსა ყველათა.
თავისუფლების გვირგვინი
დაადგი კარგის მცველადა.
დათრგუნე უსამართლობა,
გამეფებული ქვეყნადა."

ვაჟა-ფშაველას მთები სოფლისთვის მზრუნველი პიროვნებები, ამ ლოცვის აღმსრულებლები არიან: ერთობის ძალით ხალხის ნუგეშისმცემელი, სიკეთის მცველი და უსამართლობის მდევნელი რაინდები.


ლიტერატურა:

1. ახალი აღთქმა და ფსალმუნი, სტოკჰოლმი 1992
2. ევგენიძე ი., ვაჟა-ფშაველა, თბილისი, თსუ გამომცემლობა 1989
3. ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტომი 3,4; პოემები, თბილისი, საბჭოთა საქართველო 1964
4. ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტომი 9, წერილები, თბილისი საბჭოთა საქართველო 1964.
5. ქართველი მწერლები ვაჟა-ფშაველას შესახებ, თბილისი, თსუ გამომცემლობა 2002
6. წოწკოლაური დ., ვაჟა-ფშაველას თეორიულ-ლიტერატურული ნააზრევი, თბილისი, თსუ გამომცემლობა 2008
7. ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტომი II პროზა, თბილისი, საქ. სსრ სახელმწიფო გამომცემლობა 1950
8. Бердяев Н., Самопознание, Москва, Варгиус 2004
9. Гегель, Эстетика, Т II, Романтическая форма искусства, Москва, Искусство 1969
10. Лосев А.Ф., Проблема символа и реалистическое искусство, Москва, Искусство 1976.
11. Лосский В.И., Очерк мистического богословия восточной церкви, Москва, изд. Центр СЕИ 1991
12. Энциклопедия символов, знаков, эмблем, Москва, М.:Эксмо; СПб.:Мидгард 2005

 



სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე


megobari saitebi

   

01.10.2014