2005 წლის პრიორიტეტები
- კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო რეფორმა;
- ქ. თბილისის დაცვითი ზონების ფარგლებში დაფარვითი ინვენტარიზაციის ჩატარება;
- კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ხელშესაწყობად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული თავისუფალი პროექტების დაფინანსება;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ინვენტარიზაცია;
- ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და მის ბაზაზე კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მონიტორინგი საქართველოს თელს ტერიტორიაზე;
- კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ფარგლებში რსებული დარგობრივი ქვეკომისიების და მოწვეული ექსპერტების ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;
- მუზეუმების კოლექციათა რეაბილიტაცია და ინვანტარიზაცია;
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ;
- კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, სპეციალისტების გადამზადება და თრეინინგები;
2005 წლის უნიკალურ ძეგლთა რეაბილიტაიციის ე.წ. "მილიონიანი" პროექტი
80-იანი წლების შემდეგ სახელმწიფომ პირველად გადადგა ქმედითი ნაბიჯი და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის სამოცამდე ძეგლზე ჩაატარა სადიაგნოსტიკო, საპროექტო, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები:
ჯუმათის მთავარანგელოზების ეკლესიის სამრეკლო
ჯუმათის IX საუკუნის არქიტექტურულ კომპლექსში შემავალი სამრეკლოს რეაბილიტაციისთვის შეიქმნა საპროექტო დოკუმენტაცია. პროექტის პირველ
ეტაპზე გაიწმინდა იატაკი და დადგინდა მისი თავდაპირველი დონე. შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს:
- ფასადებზე მორყეული ნარჩენი საპირე წყობის გადაწყობას;
- ფასადების ნაკლული ქვის ყორე ქვით შევსებას;
- სამრეკლოს ეზოში გამავალი კიბის გადაწყობას;
- სამრეკლოს გუმბათის აგურით აღდგენას და სახურავის ტრადიციული მასალით გადახურვას.
მატანის ,,ცხრაკარა’’
ახმეტის რაიონის სოფ. მატანის ,,ცხრაკარას’’ სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა მოხატულობის კონსერვაცია და გადახურვითი სამუშაოები. ბათქაშის ქიმების საერთო რაოდენობის 70-80% გამაგრდა კირ-ქვიშის ხსნარით. აიყარა ხელოვნური ლორფინი და
გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით.
პროექტის დასრულების შედეგად, კომპლექსი და მასში შემორჩენილი ფრესკები დაცულია როგორც ატმოსფერული ნალექებისაგან, ისე მანამდე არსებული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისგან.
ხაშმის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია
სოფ. ხაშმის სამხრეთ-დასავლეთ განაპირა მხარეს მდებარე XVII-XVIII სს. დათარიღებული წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაზე გადაუდებელი საკონსერვაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების I ეტაპზე კირისა და სპეციალური ხსნარის გამოყენებით მოხდა ეკლესიისა და კოშკის კონსტრუქციული და სტრუქტურული გამაგრება, არაკონსტრუქციული ბზარების ინექტირება, დაზიანებული აგურის კამარის გამაგრება და აღდგენა, საპირე წყობისა და კარნიზების აღდგენა, ლორფინის სახურავისა და მისი ფენილის მოხსნა. ბიოლოგიური ხსნარით სახურავისა და ფასადების ზედა ნაწილების შეწამვლა და გაჩენილი მცენარეული საფარის მოხსნა.
II ეტაპით განსაზღვრული ჩასატარებელი სამუშაოებისას, მოხდა ეკლესიისა და კოშკის ნაკლული ნაწილების აღდგენა. სრულად აღდგა დაზიანებული ნაწილები, აღმოსავლეთ ფასადზე დაბრუნდა რელიეფური ჯვარი, შეივსო აგურის იატაკის ნაკლული ადგილები. ძეგლის კონსტრუქციულმა შესწავლამ ცხადყო, რომ ამ ეტაპზე აუცილებელი გახდა სახურავის მასის შემცირება, ამიტომ არსებული ლორფინის იმიტაციით მოეწყო ხის ნივნივებზე დაფუძნებული თუნუქის მსუბუქი გადახურვა, რომელზეც დეკორატიული მიზნით განლაგდა კრამიტი.
არქეოლოგიური გათხრები და მუზეუმის რეაბილიტაცია ნოქალაქევში
არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა სენაკის რაიონის სოფ. ნოქალაქევში არსებულ ნაქალაქარის ქვედა ტერასის ცენტრალურ აღმოსავლეთ სექტორებში. ასევე, მოხდა ნაქალაქართან არსებული მუზეუმის ნაწილობრივი რეაბილიტაცია: დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობის ახალი დაცვითი სისტემა და პირველი სართულის ელექტროგაყვანილობა, საგამოფენო ვიტრინებში შეიცვალა განათება, გაკეთდა ახალი გადახურვა, მოპირკეთდა პირველი სართულის ინტერიერი და ჩრდილოეთ კედლის ფასადი. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ დიდი
ბრიტანეთის თანადაფინანსებით, ქართველი და ბრიტანელი არქეოლოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით განახორციელა საველე არქეოლოგიური კვლევა. გაკეთდა, 30-ზე მეტი ნახაზი, შეიქმნა დაწვრილებითი საველე დოკუმენტაცია, რაც დაცული იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნოქალაქევის ფონდში. გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ძვ. წ. VI-IV სს. ვერძის თავის რეალისტური ფიგურა, რომელიც უნიკალურია დასავლეთ კავკასიის რეგიონისთვის.
- ნოქალაქევის V-VI სს. კულტურული ფენებისათვის ტიპური სპილენძის 40 ნუმიანი მონეტა.
- ნაქალაქარის ქვედა ტერასის ცენტრალურ სექტორში აღმოჩენილი ადრე ელინისტური ხანის ნაგებობა და თანმხლები კერამიკული ნაწარმი.
- ადრეული შუა საუკუნეების ფენებიდან ამოღებული სუდარის ტყვიის შესაკრავი.
აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (მინა, კერამიკა, ლითონი, ძვალი) მთლიანად არის გადატანილი ეროვნულ მუზეუმში.
ბურდიანის უდაბნო-მონასტერი
2004 წელს საგარეჯოს რაიონის სოფ. მანავთან მდებარე ბურდიანის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილ უდაბნო-მონასტრისა და უნიკალურ ტრაპეზის ქვას ჩაუტარდა კვლევითი და დაცვითი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში ბურდიანის უდაბნო-მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა კლდეში ნაკვეთი დარბაზული და მასთან მიშენებული ქვითკირის ეკლესიები. მთლიანად გაიწმინდა, დარბაზული ეკლესიის უკანა კლდეში ნაკვეთი ორნავიანი ბაზილიკა და ქვითკირის დარბაზული ეკლესიის შიდა სივრცე. გათხრების შედეგად ექსპედიციამ მიაკვლია სამშენებლო მასალის (რიყის ქვა, მოხეთქილი კლდის ლოდები და შირიმი) კარიერებს.
გამოვლინდა, ბერის საცხოვრებელი სენაკი და არაერთი სამარხის ქვაყუთი. ქვითკირის დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში აღმოჩნდა მოჩუქურთმებული და რელიეფებით შემკული ტრაპეზის ქვა, რომელიც შემდგომი რესტავრაცია- კონსერვაციისათვის გადაიტანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქიმიურ ლაბორატორიაში.
სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა როგორც მთლიანი ტერიტორიის ტოპოგრაფიული აგეგმვა, ასევე, ცალკეული ობიექტებისა და იქ მიმდინარე სამუშაო პროცესის ფოტოფიქსაცია. თავად ეკლესიის თავზე კი მოეწყო დროებითი გადახურვა-საფარი.
ქალაქ ონის სინაგოგა
რაჭის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქ. ონში მდებარე XIX საუკუნის 1890-1895 წლებში აგებულ ებრაულ სალოცავს მზიდი კონსტრუქციის გამაგრების მიზნით ჩაუტარდა გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები:
წლების განმავლობაში აქ არსებული უმთავრესი პრობლემის გადასაწყვეტად, კერძოდ, გრუნტიდან საძირკველში ჩაჟონილი ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისგან, საძირკველის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სარინელი. ქიმიური რეაქტივებით გაიწმინდა ფასადის დეკორატიული ელემენტები, კარნიზები, საპირეები, პლინტუსები და სხვ. ზოგ
ადგილას დაძრული მოსაპირკეთებელი ქვები ჩამოიხსნა, გასუფთავდა და ცემენტის ხსნარით ჩამაგრდა პირვანდელ ადგილას.
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი
ბორჯომის რაიონის სოფ. ტიმოთესუბანში მდებარე XIII ს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკების კონსერვაციის პროექტი დაიყო ორ ეტაპად. რომლის პირველი ეტაპი
გახორციელდა 2004 წელს "Word Monument Fund / S. Kress Foundation" - ის ფინანსური მხარდაჭერით. მათი თანადგომით შედგა იპოლიტო მასარისა და მარკ გიტინსის ვიზიტი
ტიმოთესუბანში. იტალიელ პარტნიორებთან ერთად განისაზღვრა ჩასატარებელ სამუშაოთა მეთოდიკა და I ეტაპის ფარგლებში შესრულდა მხატვრობის გასამაგრებელი სამუშაოები გუმბათსა და დასავლეთ კედელზე.
2005 წელს განახლდა ტაძრის ფრესკებზე საკონსერვაციო სამუშაოები. ჩატარდა დაზიანებათა აღმოფხვრის მეთოდიკის დასადგენი ტესტები, კერძოდ, ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე მოიხსნა დროებითი ბათქაში. აღებული სინჯებით დადგინდა, ასევე, კედლიდან შეწოვილი მარილების ტიპოლოგია. ბათქაშის განსხვავებულ დაზიანებათა აღმოფხვრის მეთოდიკის დასადგენად ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში შეირჩა ორი სასინჯი ფართი და ჩატარდა შესაბამისი ტესტები:
I. გამაგრდა ბათქაშის აქერცლილი ზედაპირი,
II. გამაგრდა კედლიდან სიღრმეში ატკეჩილი ბათქაში.
პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა დაიწყო ძველი, 1970-1972 წლებში შესრულებული თაბაშირის ქიმების შეცვლა საგანგებოდ გამომწვარი კირისა და მრავალსახოვანი, გამორეცხილი ქვიშისაგან დამზადებული ბათქაშით.
მოხატულობის ფერწერული ზედაპირი გაიწმინდა ჭუჭყისაგან. ტაძრის ინტერიერში მოიხსნა აგურის გამობერილი და მორყეული წყობა, შეილესა კედლის ზედაპირი და ამოივსო ნაკერები, გაიწმინდა ბზარები და მოხდა მათი შევსება.
ინტერიერში ჩატარებული სამუშაოების პარარელურად, გასამაგრებელი სამუშაოები განხორციელდა ტაძრის ექსტერიერზეც: ხავსისა და მცენარეებისაგან გაიწმინდა შენობის გადახურვა. ასევე, გასუფთავდა და ხსნარით ამოილესა გადახურვის ლორფინის კლიტეები.
დმანისის რაიონის, სოფ. პატარა გომარეთის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია
სოფ. გომარეთში მძიმე მდგომარეობაში არსებულ XI ს. დარბაზულ ეკლესიასიას პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჩაუტარდა საინჟინრო, გეოლოგიური და
ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევა. შედეგებზე დაყრდნობით, დამუშავდა ტაძრის რესტავრაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც სამომავლოდ დაიგეგმა შემდეგი სამუშაოების შესრულება:
- ჩამონგრეული ქვის კამარის აღდგენა;
- სამხრეთის მინაშენის აღდგენა,
- ლავგარდანის ქვების სამხრეთის ფასადზე გადაწყობა;
- საპირე წყობის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე გადაწყობა;
- მოთუთიებული თუნუქის სახურავის ხის ნივნივებზე მოწყობა.
პანკისის ხეობა
ახმეტის რაიონის სოფ. ყვარელწყალში მდებარე ფეოდალის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარდა სადაზვერვო-გათხრითი სამუშაოები და წინასწარი სახელოვნებათმცოდნეო კვლევა. საგულისხმოა, რომ ქვითკირის კედლის ნაშთებისა და ქვიტკირისავე ორი სვეტის გამო ძეგლს პირობითად ,,სვეტების’’ სახელით მოიხსენიებენ.
ვინაიდან სადაზვერვო სამუშაოების მიზანს ძეგლის ხასიათისა (ფუნქცია) და ქრონოლოგიის დადგენა წარმოადგენდა, ექსპედიციის წევრებმა, პირველ ყოვლისა, ტყის მასივისგან გაწმინდეს მთელი ტერასა. გაითხარა მიწით დაფარულ ნაგებობათა კედლები, გაივლო საკონტროლო თხრილები და აიზომა ნაგებობათა გამოვლენილი ნაშთები.
ჩრდილოეთით მდგარი სვეტის სიახლოვეს აღმოჩნდა წარმართული კერპი - ,,ქვაკაცა” - ადამიანის მსგავსი ფიგურის გამოსახულებით, რომლის ფუძესთან გამოვლენილია სპილენძის დისკო შუაგულში დაჩრდილული ჯვრის გამოსახულებით, მისი ანალოგი დუშეთის რაიონის სოფ. ვარსიმაანთკარის სამაროვანზეა მოპოვებული და ძვ. წ. I ათასწ. განეკუთვნება.
არქეოლოგიურ-დაზვერითი სამუშაოების შედეგად, ასევე, გამოვლინდა ქვითკირის ვიწრო ტახტები, XII-XIII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მრავალფერადი მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები, მოჭიქული ჯამები, მარანი ქვითკირის საწნახელებითა და ქვევრების ნაშთებით.
ექსპედიციის მონაწილეთა ვარაუდით ,,სვეტების’’ კომპლექსი უნიკალურიაგანვითარებული შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში და შესაძლოა, განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების სასახლეთა წინაპრადაც კი მივიჩნიოთ.
ყინცვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
პროექტის ფარგლებში მომზადდა ანტონ გლონისთავისძის მიერ XIII საუკუნეში აგებული ყინცვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობის წინასაკონსერვაციო დოკუმენტაცია. აღნიშნული ძეგლის მოხატულობა მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული ასევე ისტორიული თვალსაზრისით.
1970-იან წლებში კედლის მხატვრობას უცნაური ,,დაავადება’’ გაუჩნდა - ფერწერამ გავარდისფრება დაიწყო, რასაც თან სდევდა საღებავის ფენის აქერცვლა და ბათქაშის დაშლა-გაფხვიერება. განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი უნიკალური მოხატულობის გადასარჩენად 1996 წლიდან ,,ღია საზოგადოება - საქართველო’’, იტალიური სატრასტო ფონდი - SBS და ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის’’ ფონდი ეტაპობრივად ახორციელებდნენ ყინცვისის კედლის მხატვრობის კვლევას - გეოდეზიური და ჰიდროლოგიური, კლიმატური, ბიო-დაავადებათა აღმოფხვრის.
მიუხედავად ამისა, რთული სტრუქტურის მქონე ძეგლის ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ, ეკლესიის მხატვრობამ და არქიტექტურამ დამატებითი საკონსერვაციო სამუშაოები მოითხოვა, რაც თავისთავად წინასწარი კვლევისა და მის საფუძველზე შექმნილი პროექტის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
პროექტის მონაწილეთა მიერ დადგინდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კედლის მხატვრობის ძირითადი პრობლემები. იდენტიფიცირებულ იქნა დაზიანებათა სახეობები და ხარისხი, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ანალიზი.
დაიდგა მდგრადი ხის ხარაჩო, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად. შესრულდა, აგრეთვე, გრაფიკული დოკუმენტაცია, რაც საფუძველს შექმნის მომავალი ქმედებების დასაგეგმად.
ამგვარად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა სრული დოკუმენტაცია წმ. ნიკოლოზის ტაძრის დასავლეთ მკლავისა და ნართექსის მოხატულობის მომავალი საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
ყინცვისის ღმრთისმშობლის ეკლესია
პროექტი მომზადდა ყინცვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე
ღმთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის (XIII ს. II ნახევარი) კომპლექსური კვლევისა და საკონსერვაციო სამუშაოების დოკუმენტაციის შედგენის მიზნით.
ღმრთისმშობლის ტაძარი ნახევრად დანგრეულია, შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდა, სამხრეთ კედელი და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში ტაძრის ფრესკები ატმოსფერული ნალექებისა და ქარების შედეგად გამუდმებით ზიანდებოდა. მოხატულობის წინასაპროექტო კვლევამ მოიცვა:
- არქიტექტურულ-ტექნიკური ანალიზი;
- მხატვრობის ვიზუალური და ლაბორატორიული კვლევა;
- დაზიანებათა იდენტიფიკაცია;
- მოხატულობის გრაფიკული და ფოტოდოკუმენტაცია;
ჩატარებული სამუშაოს შედეგად დადგინდა მოხატულობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის საჭირო შემდეგი სახის საკონსერვაციო ღონისძიებები: ბათქაშის გამოფუყვა, თაბაშირის ქიმების შეცვლა კირ-ქვიშის ხსნარით, კირის ქიმების დაბზარული ნაწილების შეცვლა, საღებავის ფენის გამაგრება დაბალპროცენტიანი წებოთი, ბათქაშის ბზარების შევსება გაწურული კირისა და დაფქვილი ქვიშის ან მარმარილოს ნაზავით.
დედოფლის გორა
1980-იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით პირველად გაითხარა ქარელის რაიონის სოფ. დოღლაურში ძვ.წ. I ს და ახ.წ. I ს. უნიკალური არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი - "დედოფლის გორა".
დედოფლის გორაზე ჩატრებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩნდა ანტიკური ხანის სამეფო სასახლე. ჩვ.წ. I ს. დასაწყისით დათარიღებული 3 000 კვ.მ-ზე გადაჭიმული კომპლექსი. რომელიც ამავე საუკუნის ბოლოს ძლიერი ხანძარის შედეგად არის განადგურებულ.
უძველესი სამეფო სასახლის აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა მარტო ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-სოციალური თუ ყოფითი საკითხების შესასწავლად, არამედ აღნიშნული პერიოდის ქართული კულტურის თავისებურებების გამოსავლენად.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სასახლის ნაშთების პრეპარაცია, გათხრილი ფართობისა და ჭრილების გრაფიკული და ფოტოფიქსაცია, აღმოჩენილი ნივთიერი არქეოლოგიური მასალის პასპორტიზაცია და დამუშავება.
ნაქალაქარ ნეკრესში გამოვლენილი უძველესი ქრისტიანული ბაზილიკა
ყვარელის რაიონის ნაქალაქარ ნეკრესში, სამნავიანი ბაზილიკის ,,ჭაბუკაურის’’ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების, კვლევისა და მის საფუძველზე საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად დადასტურდა მოსაზრება, რომ აქ აღმოჩენილი უძველესი ქრისტიანული ბაზილიკა აგებულია გვიანანტიკური ხანის სექციური ტიპის წარმართული ტაძრის ადგილზე, რომელიც სავარაუდოდ IV საუკუნეში იქნა დანგრეული. მისი ნაშალი სამშენებლო მასალა კი ახალი ბაზილიკის მშენებლობისას
გამოუყენებიათ.
აღსანიშნავია, ასევე, "ჭაბუკაურის" ბაზილიკიდან ჩრდილოეთით გამოვლენილი დარბაზული ტიპის ეკლესიის ნაშთები განიერი შესასვლელი ღობებითა და აგურით მოფენილი იატაკით. ეს მცირე ეკლესია, შესაძლოა, დიდი ბაზილიკის თანადროული იყოს და აღმოსავლურ-ქრისტიანული ტრადიციიდან გამომდინარე, ცალკე მდგომ სანათლავს წარმოადგენდეს.
სამუშაო ჯგუფმა მოახდინა ნეკრესის დიდ ბაზილიკაზე ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების გრაფიკული ფიქსაცია და ხუროთმოძღვრული ანალიზი, შეიმუშავა რეკომენდაციები მომავალი საკონსერვაციო სამუშაოებისათვის.
სამთავისის არქეოლოგიური ექსპედიცია
პირველად ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები XI ს. სამთავისის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე (კასპის რაიონი). სამონასტრო ანსამბლი მოიცავს დიდ ტაძარს,
გალავანს, ეპისკოპოსის პალატას, მცირე ეკლესიასა და სამრეკლოს.
გათხრებმა დაადასტურა, რომ სამთავისის ტაძრის მშენებლობას წინ უძღოდა
უფრო ძველი ნაგებობის, შესაძლოა, ადრექრისტიანული ხანის არსებობა. აღმოჩენილია მონეტების განძი, რომლის დეტალური შესწავლა მნიშვნელოვნად დაეხმარება სპეციალისტებს აღმოჩენილ ნაგებობათა ზუსტ დათარიღებაში.
გათხრების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე არქეოლოგიური ფენა: XVIII-XIX სს., XV-XVI სს. და უძველესი ფენა, რომელიც შესაძლოა ისიდორე სამთავნელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული მონასტრის ნაშთებს წარმოადგენდეს. ყოველივე ეს კომპლექსური კვლევისა და შესწავლის პროცესშია.
ამ ეტაპზე არქეოლოგიურად მთლიანად არის გამოკვლეული მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე მცირე ეკლესია. სანახევროდ მიწით დაფარულ ეკლესიას მოსცილდა მიწის დიდი ნაწილი და მთავარი ტაძრის მიმართულებით გაიჭრა ვრცელი მოედანი, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას.
საველე სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა სამუზეუმო საქმიანობაც.
ციფრულ ფორმატში იქნა გადაღებული აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, მოხდა ჩახატვა და ასომთავრულწარწერებიანი კრამიტების ამოკითხვა.
ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ზარზმის კომპლექსის პირველი ეკლესია ჯერ კიდევ VIII-IX სს-ში იქნა აგებული. დღეს შემორჩენილ ნაგებობებში სიძველის აშკარა ნაშთები რელიეფებსა და სამლოცველოს კედელში X საუკუნის წარწერითაც იკითხება. XIV საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების
ტაძარი კი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათიანი ნაგებობაა. ტაძარი მთლიანად მოხატულია, მაგრამ მისი მოხატულობა დღემდე არ წარმოადგენდა საგანგებო ფიქრისა და კვლევის საგანს.
1900-იან წლებში მხატვარ ალ. სლავცევის მიერ ტაძრის გადახატვის შემდეგ იქ სამუშაოები პრაქტიკულად აღარ განხორციელებულა, მითუმეტეს, რომ იმ დროის "რესტავრაციამ" მძიმე შედეგი გამოიღო. სლავცევის მიერ შესრულებულმა მოხატულობამ დაფარა ტაძრის მთავარი ნაწილი: გუმბათი და გუმბათის ყელი აფრებიანად, საკურთხევლის კონქი და აფსიდის დიდი ნაწილი, დასავლეთ მკლავის კამარა და კედლების ნაწილი, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავთაშორისი სივრცეები. მნიშვნელოვნად არის გადაწერილი მთელი ქვედა რეგისტრი.
ასეთი უხეში ჩარევისა მიუხედავად, მოხატულობაში მაინც დარჩა პირვანდელი სახით შემორჩენილი თითქმის ხელუხლებელი ადგილები. ესენია: ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავების კედლების დიდი ნაწილი და დასავლეთ მკლავის კედლის ცალკეული მონაკვეთები.
სამუშაო პროცესში მოხდა კედლის მხატრვობის სახვადასხვა ნაწილების ვიზუალური შესწავლა, რომლის შედეგად გამოაშკარავებული ფენებიდან აღებულ იქნა სინჯები. განხორციელდა გადაწერილი ადგილების სასინჯი გადაღებები ულტრაიისფერი ლუმინისცენტით, რომელმაც თვალნათლივ გამოავლინა სლავცევისეული რესტავრაციის კვალი. ჩატარდა 11 სინჯის ლაბორატორიული ანალიზი, რის შედეგადაც:
- ბათქაშის შემადგენლობის ანალიზით გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის შელესილობები,
- პიგმენტების ანალიზმა გამოავლინა სხვადასხვა პერიოდის ფერწერული ფენები,
- გაირკვა, რომ სლავცევისეული რესტავრაციისას გამოყენებული იყო ორგანული ფიქსატორები,
- შემოწმდა ინტერიერში არსებული ტემპერატურული ტენიანობა,
- ჩატარდა მარილების ანალიზი ლაბორატორიაში და ადგილზე და აღმოჩნდა, რომ: ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კონცენტრირებულია ნიტრატები, იგი სავარაუდოდ ინტერიერში წყლის კაპილარული გზით შეღწევის შედეგია. სამხრეთ-დასავლეთ მკლავთაშორის სივრცეში აღმოჩენილი სულფატები კი სახურავიდან წყლის ჩაჟონვით არის გამოწვეული,
- შემოწმდა ნაგებობის არქიტექტურული მდგრადობა.
ჩატარებული სამუშაოები ძეგლზე განხორციელებული საკონსერვაციო სამუშაოთა ერთ-ერთი მთავარი ეტაპია.
უბისის ეკლესია
უბისის ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობა ქართული კედლის მხატვრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მისი მოხატულობა მოიცავს საკმაოდ ვრცელ იკონოგრაფიულ პროგრამას და გამოირჩევა სცენებისა და გამოსახულებათა სიუხვით. 2005 წელს შემუშავდა უბისის ეკლესიის მოხატულობის ტექნიკური კვლევისა და საკონსერვაციო პროექტი.
ოპერატიულად მოხდა კედლიდან დაძრული ფრესკის გადაუდებელი კონსერვაცია, რამაც დაიცვა ისინი ფიზიკური დაღუპვისაგან. ჩატარებული კვლევის, შემუშავებული რეკომენდაციებისა და ფრესკების აუცილებელი გამაგრების პარალელურად განხორციელდა უბისის ტაძრის სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოები: სპილენძის ძველი ფურცლები აიყარა ტაძრის ცენტრალური და გვერდითი ნაწილების სახურავიდან, სახურავის კონსტრუქციის გამაგრების მიზნით გაიჭრა ღარები და მოიჭიმა არმატურა, მოხდა სახურავის ნივნივების კონსტრუქციის გამაგრება, ტაძრის სახურავი გადაიხურა კრამიტით.
გონის წმ. გიორგის ეკლესია
პროექტის მიხედვით განისაზღვრა ცაგერის რ-ნის, სოფ. ორხევის სამხრეთით მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის საპროექტო, კვლევითი და დროებითი გამაგრებითი სამუშაოების წარმოება. ეკლესია შირიმის ქვითაა ნაგები, მასში შემორჩენილი რელიეფები და ჩუქურთმები შუასაუკუნეების მქანდაკებლობის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს.
1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი და თაღ- კამარა. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს მოხერხდა მისი ნაწილობრივი გამაგრება, დროთა განმავლობაში კედლის ბზარები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. აღნიშნული მდგომარეობა პირველ რიგში მოითხოვდა საპროექტო კვლევას და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით შესრულდა:
- ეკლესიის აზომვა-ფოტოფიქსაცია, აღმოჩენილი ქვების მარკირება;
- ჩახერგილი ქვის და კედლის ნაშალის გაწმენდა, გადაყრილი ქვის მოძიება;
- გეოლოგიური, საინჟინრო-კონსტრუქციული და ტექნოლოგიური კვლევა. განხორციელდა ძეგლის გამაგრებისთვის საჭირო გადაუდებელი სამუშაოები.
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვრული და საინჟინრო-გეოლოგიური ანალიზის შედეგად დღის წესრიგში დადგა ძეგლის არქეოლოგიური გამოკვლევა, მშენებლობის ეტაპების დადგენა, ერთმანეთისაგან გამიჯვნა და მოპოვებული მასალების შეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე ტაძრის ისტორიის შესაძლო სრულყოფით დადგენა.
წელს არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ტაძარი ადრეული, სავარაუდოდ, IV საუკუნის ბაზილიკისა და VIII საუკუნის ეკლესიის ნაშთებზეა აგებული.
მნიშვნელოვანია, ასევე, XI საუკუნით დათარიღებული ორი უნიკალური აკლდამის აღმოჩენის ფაქტი, რომლებიც სადიაკვნესა და სამკვეთლოში გამოვლინდა. მეცნიერთა ვარაუდით, აკლდამებში მდიდარი სოციალური ფენის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ დაკრძალულნი - მეფე გიორგი I და ბიზანტიის დედოფალი ელენე.
არქეოლოგიური და კვლევითი სამუშაოები ბაგრატის ტაძარში კვლავ გაგრძელდება, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენის ყოველმხრივ გაშუქებაში.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
ახმეტის რ-ნში მდებარე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი XVI საუკუნის სასახლეში განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მოიხსნა სასახლის დაზიანებული კრამიტის საფარი და აღდგა მთელი ზედა მხარე. ასევე, მოხერხდა გადახურვის - ხის კონსტრუქციის აღდგენა და მისი თავდაპირველი სახით ახალი კრამიტით გადახურვა.
თმოგვის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია
ასპინძის რ-ში, თმოგვის ციხესთან არსებული 1304 წელს აგებულ წმ. მარინეს სახელობის გუმბათიანი ეკლესიის მთლიანი მოცულობის 60-70% დანგრეულია: აღმოსავლეთის კედელზე ორი მძლავრი კონსტრუქციული გამჭოლი ბზარია, შემორჩენილი პერანგის ქვები დაშლის პირასაა და საჭიროებს გამაგრებას, დაზიანებულია კლდე, რომელზედაც დგას ეკლესია და დაუცველია კედლის მხატვრობა.
არქიტექტურულ ძეგლზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა:
- მიწის სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობით;
- ქვების მოძიება და მათი აზომვა;
- ფიზიკა-მექანიკური მახასიათებლებისა და ფუძე-ყამირის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- სახელოვნებათმცოდნეო კვლევა;
- საფასადე ქვისა და კედლის წყობის შემკვრელის მიკრო-ბიოლოგიური კვლევა;
შემუშავდა აგრეთვე, კონსტრუქციული და არქიტექტურული მუშა ნახაზები და ეკლესიის რესტავრაციის პროექტი.
გამოირკვა, რომ ეკლესია თმოგვის ციხის ერთ-ერთი მთავარი გზის ,,კარიბჭე’’ ტაძარია - სამარხითა და სათავსოებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უნიკალურობას მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში.
ულუმბოს წმ. გიორგის სახელობის მონასტერი
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განხორციელდა ხაშურის რაიონის, სოფელ ულუმბოს წმ. გიორგის სახელობის მონასტრის საპროექტო და კოპლექსის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური და საძიებო სამუშაოები:
- შესრულდა ტაძრის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომი,
- სახელოვნებათმცოდნეო და გეოლოგიური კვლევა,
- არქეოლოგიური გათხრები ზემო და ქვემო ტაძრებზე,
- მომზადდა დოკუმენტური ანგარიში,
- გამოვლენილი დოკუმენტური მასალის მიხედვით შემუშავდა ზემო და ქვემო ტაძრების აღდგენის კონცეფცია.
გამოირკვა, რომ წმ. მიქაელ ულუმბოელის სავანეში მთავარი ტაძარი XI ს-ის ორნავიანი, თლილი ქვის ბაზილიკაა, მის გვერდით კი გამოჩნდა მოზრდილი, ორსართულიანი მნიშვნელოვანი ნაგებობა - სავარაუდოდ მღვდელმთავრის რეზიდენცია თუ პილიგრიმთა სადგომი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მიწის დიდი ფენით იყო დაფარული.
შორეთის სამონასტრო კომპლექსი
შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-XV სს. უნიკალური ძეგლია, ბაზალტითა და ქვიშაქვით ნაგები ორსართულიანი უგუმბათო ლავრით, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, ციხით, მცირე სამლოცველოთი და კლდეში ნაკვეთი სენაკებით, ასევე, კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შემორჩენილი ფრაგმენტებით.
სამხრეთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან სავანეში, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საძიებო და ნაწილობრივ-გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა კომპლექსის სიდიდე და პრობლემათა სირთულე მისი გადარჩენის ღონისძიებებს დღესაც გადაუდებელს ხდის. ამ მიზნით სამინისტრომ დააფინანსა პროექტის გაგრძელება - ტერიტორიაზე გაწმენდითი, არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები:
- მიწისაგან გაიწმინდა დარჩენილი ტერიტორია;
- საკონსერვაციოდ მომზადდა სამრეკლო;
- მოხდა შეუსწავლელი სამშენებლო წარწერის კოპირება;
- გაიჭრა არქეოლოგიური შურფები;
- მოხდა მოპოვებული ქვების დანომრვა და დახარისხება;
- გაკეთდა დამცავი ჯებირი მთიან ფერდობსა და მონასტერს შორის;
- ჩაისვა ხის კარ-ფანჯრები;
- მომზადდა საკონსერვაციო-არქიტექტურული პროექტი
ცაიშის მთავარი ტაძარი
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ზუგდიდის რ-ნის, სოფ. ცაიშში მდებარე XIV საუკუნის არქიტექტურული კომპლექსის (მოიცავს გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სასახლეს) მთავარი ტაძრის დამაზიანებელი ფაქტორების დიაგნოსტიკისა და საპროექტო სამუშაოების შესრულება.
ჩატარდა ტაძრის გეოლოგიური კვლევა, ძირითადი კორპუსის დეფორმაციის მიზეზების დიაგნოსტიკა და სადრენაჟე სისტემის პროექტი, რომლის განხორციელება ტაძრის დაცვის მთავარი გარანტია.
ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე
ქართული საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ნიმუში - ჯამბაკურ-ორბელიანის რეზიდენცია, კასპის რაიონის სოფ. ლამისყანაში მდებარეობს. ცნობილი კომპლექსი გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და ისტორიული თავგადასავლით. მძიმე დაზიანებების გამო ძეგლმა ჩვენამდე სავალალო მდგომარეობაში მოაღწია.
სამინისტროს დაფინანსებით შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
- ნაგებობის II სართულის რეკონსტრუქცია,
- გადახურვის სტრუქტურის გამოცვლა,
- ნაგებობის თავდაპირველი სახის აღდგენა.
წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქვემო წყლულეთის XII-XIII სს. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მძიმე დაზიანებების გამო, აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების სასწრაფო ჩატარებას მოითხოვდა. თავდაპირველად სამუშაოები ეკლესიის ინტერიერში დაიწყო. გაიწმინდა როგორც ეკლესიის იატაკი, ისე იატაკის ქვეშ გამართული ოთხი-აკლდამა. მოპოვებული მასალით გაიოლდება ეკლესიის სრული რეაბილიტაცია.
ICCROM - ის ექსპერტები თბილისში
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოწვევით 2005 წლის მაისს თბილისს ესტუმრა კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის UNESCO-ს საკონსულტაციო ორგანოს ICCROM-ის დელეგაცია. მათ შორის "იკრომის" გენერალური დირექტორი ნიკოლას სტენლი პრაისი, ექსპერტები ვალერი მაგარი და სიმონ ვარაკი.
მცხეთის ჯვრისა და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონახულების შედეგად "იკრომთან" დადებული მემორანდუმის გათვალისიწნებით, დაიგეგმა საქართველოს არქიტექტურული ძეგლების ერთობლივი სადიაგნოსტიკო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
სტუმრებმა სამი კვირის განმავლობაში ქართველი სპეციალისტებისთვის ჩაატარეს თრეინინგი ქვის რესტარაცია-კონსერვაციის უახელსი მეთოდების გასაცნობად. მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად დაიწყო მცხეთის ჯვრის კომპლექსის შესწავლის, სადიაგნოსტიკო სამუშაოებისა და კომპლექსის გადარჩენის მეთოდოლოგიის შემუშავება.
საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
|