ხალხთა (ეთნოსთა) სახელწოდებანი - ეთნონიმები

დედამიწაზე ისტორიულად არსებულ ყველა ხალხს (ეთნოსს) საკუთარი სახელი ჰქონდა. ხალხთა (ეთნოსთა) სახელებს მეცნიერები ეთნონიმებს (ბერძნ. ethnos-ხალხი და onyma-სახელი) უწოდებენ. ეთნონიმი ხალხის ეთნიკური თვითშეგნების, ცნობიერების, იდენტობის გამოხატულებაა. რადგან ეთნონიმის წარმოქმნა მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ისტორიასთან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეთნიკურ ისტორიასთან, ამიტომ ხალხთა საკუთარი სახელების შესწავლა გვეხმარება გავარკვიოთ მათი წარმოშობის საიდუმლოებანი და სხვადასხვაგვარი ეთნიკური კავშირები. ეთნონიმების ისტორიული სემანტიკის გარკვევა მხოლოდ ლინგვისტური ანალიზითაა შესაძლებელი. მაგრამ ეთნონიმიკურ კვლევაში საუკეთესო შედეგის მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ეთნონიმების ლინგვისტურ ანალიზთან ერთად მკვლევარები იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ისტორიულ მონაცემსაც (ეთნონიმების ერთი ნაწილი ისტორიულ წყაროებში ძალიან ბევრჯერაა მოხსენიებული, ზოგიერთი მხოლოდ ერთჯერაა დაფიქსირებული. უამრავი ეთნონიმი კი მხოლოდ ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ ტექსტებში შეიძლება მოვიძიოთ). თავდაპირველად ეთნონიმების მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული ხალხის სახელის აღმნიშვნელი არც იყო.
ისინი საზოგადო სახელები იყო. ამავე დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბევრი ეთნონიმის თავდაპირველი მნიშვნელობა იყო "ადამიანები", "ხალხი". ამგვარი მნიშვნელობა ჰქონია თავდაპირველად გერმანელთა თვითსახელწოდებას “
Deutsche”-ს, “ნოხჩოის”, "ნენცს", "ნივხს", "აინუს" და ა.შ.
ეთნოსის სახელწოდება (ეთნონიმი) შეიძლება მომდინარეობდეს ტერიტორიის სახელიდან (ტოპონიმიდან), რომელზედაც ის ცხოვრობს. მაგალითად, კავკასიელი ჩაჩნებისა და ინგუშების სახელწოდებანი დასახლებული პუნქტების "ჩაჩანაულის" და "ანგუშტის" (თანამედროვე კაზაკთა სოფელი "ტარსკაია" ოსეთში) სახელწოდებებიდან მომდინარეობს (ორივე ეთნონიმი ხალხთა გარე სახელწოდებაა ანუ ეგზოეთნონიმია. პირველნი თავიანთ თავს "ნოხჩოის" უწოდებენ, მეორენი _ "ღალღაის", შესაბამისად, ქართული წყაროების "ძურძუკები" და “ღლიღვები". მათივე აღმნიშვნელი ქართული ეთნონიმია "ქისტიც").
უკრაინელთა სახელი ყოფილი რუსეთის იმპერიის ისტორიული ტერიტორიის სახელიდან მომდინარეობს (Окраина - განაპირა მხარე). ეს სახელი უკრაინელებს რუსებმა შეარქვეს. თვით უკრაინელები თავიანთ თავს ჯერ კიდევ XVII საუკუნეში "რუსებს" უწოდებდნენ და ძველ რუსთა ნამდვილ შთამომავლებად მიიჩნევდნენ. მაშინ "უკრაინელს" ეთნიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა და ის უბრალოდ მხოლოდ განაპირა მხარის მკვიდრთ აღნიშნავდა. ტოპონიმი უდევს საფუძვლად რუსთა უკრაინულ და პოლონურ სახელწოდებას "მასკალ" (ე.ი. მოსკოველი).
ეთნონიმი "აზერბაიჯანელი" კი ძველი ირანის პროვინციის ატროპატენის სახელწოდების სახეცვლილი ფორმიდანაა მიღებული. ისტორიაში დადასტურებულია საპირისპირო ფაქტებიც: გეოგრაფიული სახელწოდება (ქვეყნის სახელი) მიღებულია ეთნონიმებისაგან.
შორს რომ არ წავიდეთ, ამ რიგის მაგალითად "საქართველო" შეიძლება დავასახელოთ: "ქართვ-ელი" - "სა-ქართვ-ელო", თუმცა "ქართველი", როგორც ეთნონიმი, ქვეყნის სახელიდან (გეოგრაფიული სახელწოდებიდან) _ "ქართლი" იყო წარმოქმნილი. ისტორიაში ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როდესაც ამა თუ იმ ეთნოსმა სახელწოდება ცნობილი მმართველთა საკუთარი სახელებიდან მიიღო. მაგალითად, შეიძლება ეთნონიმები "უზბეკი" და "ნოღაელი" დავასახელოთ. ისინი მომთაბარე ტომობრივი ჯგუფების ხანთა საკუთარი სახელებიდან მომდინარეობს. როგორც მეცნიერებაში აღიარებულია, ნოღაელები ერთ დროს ძლიერი თურქულენოვანი ხალხის "გუზების" შთამომავალნი არიან, რომლებიც ჯერ კიდევ X-XI საუკუნეებში კასპიის ზღვის ჩრდილოეთით, მდინარეების ვოლგასა და ურალს შორის ვრცელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ.
მსოფლიოს ძალიან ბევრ ხალხს რამდენიმე სახელი აქვს. სამართლიანადაა შენიშნული (შ. აფრიდონიძე), რომ ეთნონიმია საკუთარ სახელებს შორის (ტოპონიმები, ანთროპონიმები, ზოონიმები, კოსმონიმები) ერთადერთია, რომელიც აუცილებელი პარალელიზმით ხასიათდება. ეთნონიმთა შორის ორი ჯგუფი გამოიყოფა. ერთი მათგანი აუცილებლად თვითსახელწოდებაა (ენდოეთნონიმია), მეორე კი გარესახელწოდებაა (ეგზოეთნონიმია). მაგალითად, ქართველები ქართველს მხოლოდ ჩვენ თავს ვუწოდებთ. ამ სახელით საქართველოს ტერიტორიის გარეთ არავინ არ გვიცნობს. სომხებისათვის "ვრაც"-ები ვართ (ძველსომხურად "ვირკ"), რუსებისათვის _ "გრუზინ"-ები, ირანელებისა და თურქებისათვის (აგრეთვე მაჰმადიანი ჩრდილოკავკასიელებისათვის) _ "გურჯ"-ები, ფრანგებისათვის _ "ჟეორჟიენ", ესპანელებისათვის _ "ხეორხიანოს", ინგლისელებისათვის - "ჯორჯიან". ყაბარდოელებისათვის ქართველი "სონე"-ა, ბალყარელისათვის _"ებზე".
გერმანელთა თვითსახელწოდებაა (ენდოეთნონიმია) "დოიჩ", რუსები მათ "ნემეც"-ს უწოდებენ, ინგლისელები _ "ჯიომენ"-ს, ფრანგები "ალემან"-ს, იტალიელები _ "ტედესკო"-ს, ფინელები _ "საქსალაინენ"-ს, სერბები _ "შვაბ"-ს. რაც შეეხება ეთნონიმს "გერმანელი", ის სხვადასხვა ხალხში კელტებიდან გავრცელდა. ამრიგად, ეთნონიმებიდან აშკარად ჩანს, რომ ამა თუ იმ ეთნიკური სახელის მატარებლებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ეთნიკური ჯგუფის ერთიანობა და რომ სხვა ეთნოსებს ისინი სახელით (ეთნონიმით) უპირისპირდებიან (ფორმულა "ჩვენ" - "ისინი"). ყველა ეთნოსი სახელით გამოარჩევს თავის თავს სხვა ეთნიკური ერთობებისაგან.
საისტორიო ტრადიციით ეთნონიმთა ნაწილი წინაპრის სახელთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სომეხთა თვითსახელწოდებაა "ჰაი". სხვები სომხებს ძირითადად "არმენ"-ების სახელით იცნობენ (თურქულენოვანი ხალხებისათვის ისინი "ერმენლი"-ს წარმოადგენენ). სომხური საისტორიო ტრადიციითაც სომხები ორი ძმის "ჰაიკის" და "არმენიკის" შთამომავალნი არიან. გადმოცემით ყაბარდოელების მამამთავარს სახელად ერქვა "ყაბარდა", რომელმაც თავისი ხალხი ჩრდილოეთ კავკასიის მთებში მიიყვანა. ეთნონიმიც აქედან მომდინარეობს. ქართული საისტორიო ტრადიციითაც ეთნონიმი "ქართველი" ეთნარქიდან _ “ქართლოსი” მომდინარეობს, თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა და ამდენად დამაჯერებლობას მოკლებულია.
ეთნონიმთა უმეტესობა დროთა განმავლობაში გავრცელების არეს იცვლიდა. თავდაპირველად ესა თუ ის ეთნონიმი მხოლოდ ხალხის ერთი ნაწილის, პატარა ჯგუფის აღმნიშვნელი იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ისევ ეთნონიმი _ "ქართველი" შეიძლება დავასახელოთ. "ქართველი" თავდაპირველად საქართველოს ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის - ქართლის მკვიდრს აღნიშნავდა. შემდეგ ეს ეთნონიმი საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებზე გავრცელდა, ის მიეკუთვნა იმერელსაც, მეგრელსაც, სამცხელსაც, ტაოელსაც, აფხაზსაც, დვალსაც, სვანსაც, კახელსაც, ჰერსაც, ფხოველსაც..., რადგან ქართული ტომების არა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში (სახელმწიფოში), არამედ ერთ კულტურულ-ისტორიულ არეალში გაერთიანება მოხდა ქართლისა და ქართლელთა გარშემო.
ასე გაიფართოვა გავრცელების არეალი ეთნონიმმა "ფრანგი". თავდაპირველად ის დღევანდელი საფრანგეთის ერთი პროვინციის, მეფის დომენის, ილ-დე-ფრანსის მაცხოვრებლებს მიეკუთვნებოდა. შემდეგ აღნიშნული ეთნონომი სხვა პროვინციების: ნავარას, ბეარნის, ბურგუნდიის, აკვიტანიის, ელზასის, ლოტარინგიის, პროვანსის მკვიდრებზედაც გავრცელდა. IX საუკუნემდე "ჩეხები" დასავლეთ სლავების ერთ პატარა ტომს ეწოდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ მრავალი სლავური ტომი გააერთიანეს, ახალმა ეთნიკურმა ერთობამ გამაერთიანებელი ჩეხების სახელწოდება მიიღო, გაერთიანებული ტომების სახელწოდებანი კი გაქრა. სხვა მაგალითები რომ არ მოვიყვანოთ, უნდა დავასკვნათ, რომ ხშირად ამა თუ იმ ეთნოგრაფიული ჯგუფის სახელწოდება მთელ ხალხებს გადაეცემა. იგივე შეიძლება ითქვას ეგზოეთნონიმებზეც. მაგალითად, ფრანგებისათვის გერმანელები “ალემანები” არიან, ლატვიელებისათვის რუსები - “კრივიჩები”. ალემანები გერმანელთა ერთ-ერთი ტომობრივი გაერთიანება იყო, რომლებთანაც ფრანგებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ. კრივიჩები კი ლატვიელებთან ახლოს განსახლებული ერთ-ერთი აღმოსავლეთ-სლავური ტომი გახლდათ.
რადგან ეთნოგრაფიული ჯგუფები ვახსენეთ, ორიოდე სიტყვით მათი სახელწოდების შესახებაც უნდა აღვნიშნოთ. ხალხთა (ეთნოსთა) უმეტესობა ეთნოგრაფიულ ჯგუფებად იყოფა, რომელთა წარმოქმნა განპირობებულია ამა თუ იმ ეთნოსის ისტორიული ცხოვრებით, ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით. ერთი სიტყვით, ეთნოსთა ეს დანაყოფები ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, ყოფა-ცხოვრებით, წეს-ჩვეულებებით სპეციფიკურობით ხასიათდება. ამავე დროს ყველა ეთნოსის ეთნოგრაფიული ჯგუფისათვის დამახასიათებელია შესაბამისი დიალექტი, კილოკავი ანდა ენობრივი განსხვავებულობაც კი. ესპანელთა ეთნოგრაფიული ჯგუფები არიან: კასტილიელები, ასტურიელები, ლეონელები, ესტრემადურიელები, არაგონელები, ანდალუსიელები, ვალენსიელები...…იტალიელებისა - ვენეციელები, ლიგურიელები, კალაბრიელები, ლომბარდიელები, პიემონტელები, ტოსკანელები, სიცილიელები. დასახელებული ეთნოგრაფიული ჯგუფების სახელწოდებანი ეთნონიმები არაა (ზოგჯერ არასწორად მათ ეთნონიმებად წარმოიდგენენ). ეთნონიმებია მხოლოდ ზემოთ დასახელებული ჯგუფების გამაერთიანებელი სახელწოდებანი - ესპანელები, იტალიელები. იგივე შეიძლება ითქვას ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების სახელწოდებებზეც (ქართლელი, კახელი, იმერელი, აჭარელი, გურული, მეგრელი, სვანი, მესხი, ჯავახი).
მსოფლიოს ხალხთა ეთნიკური ისტორიის გაცნობა გვარწმუნებს, რომ ხშირად ეთნონიმი არა მხოლოდ ფონეტიკურად იცვლებოდა, არამედ ობიექტსაც იცვლიდა. დადასტურებულია არაერთი შემთხვევა ეთნიკური კონტაქტების შედეგად ეთნონიმის ერთი ხალხიდან მეორე ხალხზე გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში ხშირად ეთნონიმების ბულგარელის, ფრანგის, რომაელის და სხვათა მაგალითები მოჰყავთ. დღეს ბულგარელები სლავები არიან. თავდაპირველად კი ეთნონიმი “ბულგარელი” თურქულენოვანი ხალხის სახელწოდება იყო, რომლებიც ვოლგისპირეთისა და სამხრეთ რუსეთის სტეპებში მომთაბარეობდნენ. თრაკიაში სლავი ტომები თურქმა ბულგარელებმა დაიპყრეს. მათ აქ სახელმწიფოც შექმნეს და ზედა ფენასაც ისინი წარმოადგენდნენ. ქვეყანას “ბულგარეთი” ეწოდა და ქვეყნის მკვიდრნიც “ბულგარელებად” იწოდნენ (მოსული ბულგარელები სლავებში გაითქვიფნენ). ბულგარელთა ეთნონიმმა განვითარება ჰპოვა აგრეთვე სხვა თურქულენოვან ხალხში _ ბალყარელებში, რომლებიც დღეს ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის მკვიდრნი არიან. გერმანულენოვანმა ფრანკებმა რომანიზებული გალია დაიპყრეს. რომანიზებული გალების თვითსახელწოდება (და ეგზოეთნონიმიც) “ფრანსე” (“ფრანგი”) გახდა. მაკედონიელები დღეს სლავები არიან, მაგრამ ოდესღაც დღევანდელი მაკედონიის ტერიტორიაზე სხვა ხალხი _ მაკედონიელები ცხოვრობდნენ (ალექსანდრე მაკედონელი ამ ეთნოსის წარმომადგენელი იყო), რომელთაც არავითარი საერთო არც ეთნიკური კულტურის, არც ენობრივი თვალსაზრისით არ ჰქონდათ დღევანდელ მაკედონიელებთან. მაკედონიის ტერიტორიაზე VI საუკუნეში მოსულმა სლავებმა აქ ანტიკურ პერიოდში მცხოვრები ხალხის ეთნონიმი საკუთარ ეთნონიმად აქცია. ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალტიელი ხალხი - პრუსები (ლიტველებისა და ლატვიელების მონათესავენი) მკვიდრობდნენ. XII-XIII საუკუნეებში მათი ტერიტორია გერმანელებმა დაიკავეს. პრუსების ნაწილი გერმანელებმა გაანადგურეს, ნაწილი კი ასიმილირებულ იქნა.
პრუსიის მიწაზე შექმნილი გერმანული სახელმწიფო “პრუსიად” იწოდა და აქ მცხოვრები გერმანელები - “პრუსიელებად”. დადგენილია, რომ ეთნონიმი “რუსი-როსი” არასლავურია. სხვადასხვა ჰიპოთეზებს შორის რუსულ მეცნიერებაში დღეს უპირატესობა ენიჭება თეორიას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ეთნონიმი თავდაპირველად ირანული ტომების საკუთრება იყო და ადგილობრივი ირანულენოვანი მოსახლეობის სლავიზაციის შედეგად მათი ეთნიკური სახელწოდება სლავების მიერ იქნა შეთვისებული (ვ. სედოვი). თუმცა დასავლურ ისტორიოგრაფიაში ისევ ძველ-როსების გერმანული წარმომავლობის თეორიას ენიჭება უპირატესობა (ჯეფრი ჰოსკინგი). როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ეთნონიმის შინაარსის კარდინალური შეცვლა ძველი ისტორიის პერიოდშიც ხდებოდა. მაგალითად, მცირე აზიაში თავდაპირველად ხატები მკვიდრობდნენ. მათი ეთნიკური რაობისა და ენის შესახებ არაფერია ცნობილი. ძვ.წ. II ათასწლეულისა და I ათასწლეულის დასაწყისში ისინი ინდოევროპელებმა დაამარცხეს. გამარჯვებულებმა დამარცხებულთა ეთნონიმი “ხეთ”-ის ფორმით მიიღეს.
ამრიგად, აშკარაა, რომ ეთნონიმები საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ, მაგრამ ისტორიის ერთ ეტაპზე ესა თუ ის სახელწოდება თუ ერთ რომელიმე ხალხს აღნიშნავდა, მეორე ეტაპზე _ მეორეს და, შესაძლებელია, მესამე ეტაპზე მესამე, სრულიად სხვა ხალხი აღნიშნოს. აქედან გამომდინარე, მკვლევარებს დიდი სიფრთხილე მართებთ, როდესაც საისტორიო წყაროებში ამა თუ იმ ეთნონიმს ამოიკითხავენ. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია შუა საუკუნეების სპარსული ლიტერატურა, რომელშიც ეთნონიმი “აფხაზი” გვხვდება არა აფხაზთა აღსანიშნავად, რომელთა თვითსახელწოდება “აფსუაა”, არამედ ის სინონიმია ეთნონიმისა “გურჯი”, ე.ი. ქართველისა.

ეთნონიმის შინაარსი მისი ობიექტის შეცვლისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება შეიცვალოს. ხშირად ერთი ხალხის ეთნონიმი მეორე ხალხზე გადაჰქონდათ. შავიზღვისპირეთში XIX საუკუნეში მოლდოველებს ზოგჯერ ბერძნებისა და ციგნების სახელებით მოიხსენიებდნენ. XX საუკუნის 20-იან წლებამდე რუსეთში ეთნონიმი “ყირგიზი” აღნიშნავდა არა ყირგიზებს (მათ ყარაყირგიზებს უწოდებდნენ), არამედ ყაზახებს. VIII საუკუნის შუა აზიაში ტერმინი “ტაჯიკი” არაბს (ე.ი. ხალიფას მეომარს) აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი აქაური სპარსულენოვანი ხალხის ეთნონიმად იქცა. უეჭველია, რომ ეთნონიმების ერთი ხალხიდან მეორეზე გადატანა უფრო ხშირი იყო დამწერლობის შექმნამდე, დამწერლობის არამქონე ხალხებში და ის ძირითადად მეზობელი თუ შორეული ხალხების ისტორიის არასაკმარისი ცოდნით იყო განპირობებული. რაღა შორს წავიდეთ, XVIII საუკუნეში რუსეთში “ნემეცი” აღნიშნავდა არა მხოლოდ “გერმანელს”, არამედ სხვა გერმანიკული მოდგმის ხალხსაც. მაგ., “ჰოლანდიელსაც”, “დანიელსაც” და ა.შ. “ლიტვანი” ბელორუსსაც მიესადაგებოდა, პუშკინის მიხედვით, პოლონელსაც. ფრანგი ბევრ ხალხში (და მათ შორის, ქართველებშიც) ევროპელთა, უფრო სწორად, ევროპაში მოსახლე სხვადასხვა კათოლიკე ხალხთა სინონიმიც იყო. ძველი ისტორიკოსები ხშირად სხვადასხვა ხალხთა ნაკრებს ერთი ეთნონიმით, ყველაზე ძლიერი და დიდი ხალხის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. ამის მაგალითად “ხაზარები” და “სკვითები” შეიძლება დავასახელოთ. ელინიზმის ეპოქაში ეთნონიმს “სკვითი” შავიზღვისპირეთიდან თითქმის შუა აზიამდე განსახლებულ მომთაბარე ტომებსაც მიუსადაგებდნენ. მეცნიერი ხშირად შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს ძველ წყაროთა ჩვენებებმა. გვიანდელი ისტორიკოსები ზოგჯერ, როდესაც აღწერენ დაახლ. ათასი წლის წინანდელ მოვლენებს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულზე და აქ თუ ეთნოსი შეცვლილია, ძველი ეთნოსის სახელწოდების აღსანიშნავად მის დროს მცხოვრები ხალხის ეთნონიმს გამოიყენებენ. მაგალითად, “ქართლის ცხოვრება”, როდესაც აღწერს ჩრდილოეთ კავკასიის მოვლენებს V საუკუნისათვის, ხშირად ახსენებს ოსებს. სინამდვილეში კი ჰუნები იგულისხმება.

ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში შეიცვალა, გაფართოვდა, სხვა ხალხებს მიეკუთვნა ეთნონიმები: “თურქი”, “თათარი”, “რომაელი”. თავდაპირველად რომაელი (“რომეი”) თუ აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ლათინურენოვან ეთნოსს მიესადაგებოდა, შემდეგ ეს ეთნონიმი ბიზანტიურმა ეთნოსმა მიისაკუთრა და “რომეი” მათ თვითსახელწოდებად იქცა (“ურუმს” უწოდებდნენ თავიანთ თავს თურქეთიდან XIX ს-ის 30-იან წლებში საქართველოში, თრიალეთში გადმოსახლებული თურქულენოვანი ბერძნები). თუმცა სინამდვილეში ისინი რომისა და რომაელთა მესაფლავენი იყვნენ და მომდინარეობდნენ მცირე აზიის, სირიის, ეგვიპტის პოლიეთნიკური ქრისტიანული თემებიდან. შემდეგ სახელწოდება “რომაელი” რუმინელებზეც გავრცელდა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ზოგიერთ ხალხში ეთნონიმი “ფრანგი” ევროპის მკვიდრ სხვადასხვა კათოლიკე ხალხთა სინონიმი იყო. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ეთნონიმის “თათარი” შესახებაც. ამ ეთნონიმმა განვითარების რთული გზა გაიარა.
თავდაპირველად აღნიშნულ ტერმინს ჩინელი მემატიანეები ჩინეთის ჩრდილოეთით მცხოვრებ ყველა “სტეპნიაკს” მიუსადაგებდნენ. უხეშად რომ შევადაროთ, მას თითქმის ისეთივე შინაარსი ჰქონდა, როგორც ევროპელს, რომელშიც იტალიელსაც ვგულისხმობთ და დანიელსაც, პოლონელსაც და უნგრელსაც. სინამდვილეში ეთნონიმი თათარი მრავალრიცხოვანი სტეპური ტომებიდან ერთ-ერთის სახელწოდება იყო. თათრები მონღოლებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მალე ისინი საერთო მონღოლურ სახელმწიფოში შევიდნენ. მონღოლებმა როგორც სხვა ტომების, ისე თათრების ასიმილირება ადვილად მოახდინეს. მას შემდეგ მონღოლებმა მეორე სახელწოდება “თათარი” მიიღეს. გვიან ეს ეთნონიმი მაჰმადიანური სარწმუნოების რამდენიმე თურქულენოვანმა ხალხმა მიიღო (ყირიმის თათრები, ყაზანელი თათრები, ასტრახანელი თათრები). ქართველთათვის (საერთოდ ქრისტიანთათვის) “თათარი” იყო ყველა მაჰმადიანური სარწმუნოების ხალხი, მათ შორის, მაჰმადიანი ქართველიც ამ ეპითეტის მატარებელი ხდებოდა (ანალოგიურ ვითარებასთან გვქონდა საქმე, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში მცხოვრები ოცამდე სხვადასხვა მართლმადიდებელი სარწმუნოების ეთნოსი ბიზანტიელად, ე.ი. ბერძენად (თვითსახელწოდება “რომეი”) იქცა. ამ მხრივაც ხდებოდა ხალხების (ეთნოსების) მიერ სახელების შეცვლა. მაგალითად, ხაზართა შთამომავლების გარკვეული ნაწილი ოქროს ურდოს ეთნიკურ კონგლომერატში გაითქვიფა და მუსლიმური სარწმუნოების გამო ისინი მექანიკურად თათრებად იქცნენ. ასევე “თათრებად” იწოდნენ დონისპირეთის ყივჩაღები, რომლებიც ადრე თათარ-მონღოლთა დაუძინებელი მტრები იყვნენ.
ეთნონიმებთან მიმართებით მეცნიერებს შემჩნეული აქვთ შემდეგი გარემოებაც. ესაა რამდენიმე ხალხის მიერ ერთი სახელწოდების ტარება, რაც ძირითადად გარესახელწოდებაზე (ეგზოეთნონიმებზე) ვრცელდება. მაგალითად, ანტიკური წყაროები “იბერიელებს” უწოდებენ აღმოსავლეთ ქართველებს და პირენეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ მოსახლეობას -ესპანეთის ძველ მკვიდრებს. “ალბანელები” ეწოდებოდათ ქართველთა მეზობელ, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მკვიდრ ეთნოსს და “ალბანელებს” უწოდებენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხს, რომელთა თვითსახელწოდებაა “შკიპტარ”.
“ავარები” ერქვათ ერთ-ერთ თურქულენოვან ხალხს, რომლებიც VI საუკუნის შუახანებში დუნაისპირეთში შეიჭრნენ და პანონიაში დასახლდნენ. მემატიანეებს მათ თავი იმით დაამახსოვრეს, რომ ისინი თარეშობდნენ გერმანიის, იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების სიღრმეებში. მხოლოდ VIII საუკუნის ბოლოს შეძლეს კარლოს დიდის მხედართმთავრებმა ავარების განადგურება და მას შემდეგ, როგორც ეთნოსი, ისინი გაქრნენ. რა თქმა უნდა, თურქულენოვან ავარებთან არავითარი საერთო არა აქვს დაღესტნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეთნოსს “ავარიელებს” (ქართულად “ხუნძებს”. ავარიელთა ქართული სახელწოდება “ხუნძები” ტოპონიმიდან, სოფლის სახელიდან _ “ხუნძახი” მომდინარეობს), რომელთა თვითსახელწოდებაა “მაარულალ”, რაც მათ ენაზე “მთიელს” ნიშნავს. ეს საერთო ეთნონიმი შემთხვევითია, როდესაც, როგორც აღვნიშნეთ, ძველი ავარები თურქები იყვნენ, კავკასიელი ავარიელები (ხუნძები) კი კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთ ენაზე ლაპარაკობენ.
ერთ-ერთი თურქულენოვანი ხალხი ხაზარების სახელწოდებას ატარებდა, რომლებსაც ჩრდილოეთკავკასიის ბარში, მდ. თერგის ჩრდილოეთით და ვოლგისპირეთში VI-X საუკუნეებში სახელმწიფო _ ხაზართა კაღანატი ჰქონდათ შექმნილი. X საუკუნის ბოლოს ისინი ისტორიის არენიდან გაქრნენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ოქროს ურდოს ეთნიკურ კონგლომერატში გაითქვიფა. მუსლიმურმა სარწმუნოებამ ხაზარები მექანიკურად თათრებად აქცია. ნაწილი XIII საუკუნეში მიმოიფანტა. ებრაული ზედაფენა უკვალოდ გაქრა. ფიქრობენ, რომ იუდაური სარწმუნოების მიმდევარი ხაზარების გარკვეული ნაწილი კავკასიაში გაიქცა და ერთმორწმუნე მთიელ ებრაელებს შეერია. რადგან შუასაუკუნეებში რწმენა ადამიანთა ბედს განსაზღვრავდა, თერგის ქრისტიანი ხაზარები ერთმორწმუნეებს ეძებდნენ. ასეთები კი მდინარე დონის აუზში მცხოვრები ბროდნიკები იყვნენ (ბროდნიკები ნარევი წარმოშობის რუსულ ენაზე მოლაპარაკე მართლმადიდებლებს წარმოადგენდნენ). დღეს ერთნონიმით “ხაზარები” ცნობილია სრულიად სხვა ხალხი, რომლებიც ავღანეთის სტეპებში ცხოვრობენ. მათ არაფერი აქვთ საერთო ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში ოდესღაც განსახლებულ ხაზარებთან. ავღანელი ხაზარები ირანელი მონღოლების შთამომავლები არიან, რომლებმაც 1295 წელს ისლამი მიიღეს და გააფთრებული ომის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. ასე რომ, ერთი ეთნონიმის მატარებელ ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მცხოვრებ ხალხებს ეთნიკური თვალსაზრისით ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო (იხ. Л.Н. Гумилёв. Открытие Хазарии, М., 2003, с. 27, 29; Л.Н. Гумилёв. Ритмы Евразии, СПБ-М., 2003, с. 132).
ეთნონიმებთან დაკავშირებით მოკლედ უნდა აღინიშნოს ერთი მოვლენის შესახებ, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა. ესაა ადრინდელი სახელწოდების (მკვდარი ეთნონიმის) თანამედროვე ეთნოსებისათვის მიკუთვნება. ამის ნათელი მაგალითია ოსების მიერ თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიისათვის (ოსეთისათვის) მეორე სახელის _ “ალანეთის” და შესაბამისად ეთნონიმის _ “ალანების” მისაკუთრება. სამართლიანადაა შენიშნული (შ. აფრიდონიძე), რომ ადრინდელი სახელების თანამედროვე თაობებისათვის თავს მოხვევას “აზრი არა აქვს არა მარტო როგორც უბრალოდ ანაქრონიზმის აღორძინების, არამედ რიგ (და უმეტეს) შემთხვევაში ეს ეთიკურადაც გაუმართლებელია, რამდენადაც პრაქტიკულადაც ვნებს ხალხთა შორის ურთიერთობას”. ეთნონიმი “ალანი” ოსებისათვის უცნობი იყო. ის მათი არც ენდოეთნონიმი და არც ეგზოეთნონიმია. იმ თვალსაზრისითაცაა მიუღებელი ოსების თვითსახელწოდებად “ალანების” გამოყენება, რომ ისინი როგორც ეთნოსი კავკასიაში ადგილობრივი კავკასიური ტომების და მოსული ირანულენოვანი ეთნიკური ერთეულის შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ. ამასთანავე ცნობილია, რომ სახელწოდება “ალანი” I-IV საუკუნეებში ევრაზიის სტეპებში მცხოვრებ ყველა ნომადზეც ვრცელდებოდა, თუ ისინი წეს-ჩვეულებებით, ცხოვრების ველური წესითა და შეიარაღებითაც მათ ჰგავდნენ. სხვათაშორის, მეგრულ მეტყველებაში “ალანები” ეწოდებოდა ჩრდილოეთკავკასიელ თურქულენოვან ხალხს “ყარაჩაელებს”. ასევე გაუმართლებელი იქნებოდა ქართველებს საქართველოსათვის “იბერია” და ქართველებისათვის “იბერიელები” გვეწოდებინა, რადგან ამ სახელწოდებებმა ისტორიას, დროს ვერ გაუძლო და დღევანდელი ეგზოეთნონიმები კი ტრადიციულადაა ჩამოყალიბებული. წარუმატებელი აღმოჩნდა XVIII საუკუნეში საქართველოს და ქართველების აღსანიშნავად მკვდარი სახელწოდების “იბერიისა” და “იბერიელების” (“ივერიისა” და “ივერიელების” ფორმით) აღორძინება.
მსოფლიოში დღეს 6000-მდე ეთნოსს ითვლიან, მაგრამ ეთნონიმთა რაოდენობა ბევრად დიდია, რადგან ხალხთა უმეტესობას ენდოეთნონიმთან ერთად რამდენიმე ეგზოეთნონიმიც აქვს. კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ბევრი ეთნონიმი გაქრა, ეთნიკურ სახელთა შედარებით მცირე რაოდენობამ კი დროს გაუძლო და დღესაც განაგრძობს სიცოცხლეს. ბევრმა ეთნონიმმა ჩვენამდე საერთოდ ვერ მოაღწია. ზოგიერთი აწ არარსებული ხალხის ეთნონიმი კი შეიძლება სადმე, რომელიმე ხალხის მეტყველებაში ახლაც აღმოვაჩინოთ. მაგალითად, ანტიკურ წყაროებში დაახლოებით კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე, ევრაზიის სივრცეში აღნიშნულია სავირები (ფიქრობენ, რომ ისინი ჰუნთა ერთ-ერთი ტომი იყო. სხვა მოსაზრებით მადიარებს ან თურქებს ენათესავებოდნენ).
დასავლეთ საქართველოს მთიელთა, სვანთა მეტყველებაში დღეს სავირებს ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვან ბალყარელებს უწოდებენ (ზოგჯერ ოსებსაც). ეს მასალა კი უდავოდ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დღევანდელი ბალყარეთის ტერიტორიაზე ოდესღაც სავირებსაც უცხოვრიათ, რომელთა სახელი ჯერ აქ მოსულ ირანულენოვან ხალხზე, ოსებზე გადავიდა, შემდეგ კი თურქულენოვან ბალყარელებზე.
მეგრელთა მეტყველებაში თურქულენოვანი ყარაჩაელების აღმნიშვნელი ეთნონიმი, როგორც აღვნიშნეთ, არის ალანები, რაც ასევე იძლევა საშუალებას დანამდვილებით დავასკვნათ, რომ ყარაჩაელების მიწა-წყალზე მათ მოსვლამდე ოსთა ახლო მონათესავე ალანები მკვიდრობდნენ (რომლებიც კავკასიის ველებში ჰუნთა შემოსევების შემდეგ გამოჩნდნენ) და ადრინდელი მოსახლეობის სახელი შემდეგ მოსულ ხალხს მიეკუთვნა.
მეცნიერები ხშირად სვამენ კითხვას: როდის წარმოიქმნა ეთნომიმები? პასუხი მარტივია: როდესაც ეთნოსები (ხალხები) ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც გამოკვეთილი ეთნიკური თვითშეგნება ჰქონდათ. ეს კლასობრიობამდელ საზოგადოებაში მოხდა. თუმცა ეთნონიმთა წარმოქმნა, ახლის შექმნა, დავიწროება თუ გაფართოვება მუდმივი მოვლენა იყო, რადგან ეთნოსები (ხალხები) ისტორიის ყველა ეტაპზე ფორმირდებოდნენ. ერთი რამ კი აშკარაა, შეიძლება ერთი ენობრივი ერთეული ჩამოყალიბებული ყოფილიყო, მაგრამ ერთი ეთნიკური თვითშეგნება არ ჰქონდათ და არც ეთნონიმის მატარებელნი არ ყოფილიყვნენ. ამის დამადასტურებელი მაგალითები დაღესტნის ყოფიდან შეიძლება მოვიყვანოთ: «Известно, что в прошлом, даже вплоть до Октябрской революции, у многих дагестанских народов, в том числе и наиболее крупных, не было своих единых этнических имен, как например, в настоящее время – аварцы, даргинцы, табасаранцы, лезгинцы и др. А. Дир писал: «У некоторых народностей Дагестана мы встречаем странное явление: у них не существует общего названия для обозначения народа и области, в которой распространен язык данного народа» (И.Х. Абдулаев, К.М. Микаилов. К истории дагестанских этнонимов лезг и лак. – Этнография имен, М., 1971, с. 16).
ნიშანდობლივია, რომ დაღესტნურ ენებში ეთნონიმი და ტოპონიმი ერთი და იმავე სიტყვით გამოიხატება. მაგალითად, სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ლაკებში ყოველი სოფლის სახელწოდება აღნიშნავს როგორც აულს, ისე მასში მცხოვრები ხალხის ერთობლიობას. ლაკური აულის სახელწოდება ერთდროულად ეთნონიმურიცაა და გეოგრაფიულიც. საერთო სახელწოდება არ ჰქონდათ აგრეთვე ოსებს, თუმცა მეზობელი ხალხები მათ ერთიან ხალხად აღიქვამდნენ (Н.Т. Волкова. Этнонимы и племенные названия Северного Кавказа, М., 1973, с. 108). ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში დადასტურებული აღნიშნული მოვლენა, როგორც ჩანს, ამ ხალხების იზოლაციური ცხოვრების შედეგი იყო. ამავე დროს აშკარაა, რომ საერთო ენის ჩამოყალიბების პროცესი წინ უსწრებდა ერთიანი ეთნიკური თვითშეგნების, იდენტობის გამოხატულებას და, შესაბამისად, საერთო ეთნონიმის წარმოქმნასაც, რისთვისაც საჭირო იყო საერთო ისტორიული ბედი და პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა. ამასთანავე, ერთიან ენობრივ კოლექტივს საერთო ეთნონიმისათვის (ენდოეთნონიმისათვის) აუცილებლად სჭირდებოდა სხვა ეთნოლინგვისტურ ჯგუფთან დაპირისპირება.
ამრიგად, ასეთია ზოგიერთი მონაცემი ეთნონიმთა შესახებ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეთნონიმები ისტორიის შესანიშნავი მოწმეები არიან, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც გაუშიფრავია.



სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან -  ეთნოისტორიული ეტიუდები,  წიგნი I, ენა და კულტურა, თბილისი, 2005წ.



megobari saitebi

   

01.10.2014