ვარძია და თმოგვის ქვეყანა

სამხრეთ საქართველოში პირველად ნამყოფ, XIX საუკუნის უცხოელ მოგზაურ-დამკვირვებლებს უკვე შეჰქმნიათ შთაბეჭდილება, რომ იქაური სოფლები, ჩვეულებრივ რომელიმე ციხე-სიმაგრის არიან არიან დაჯგუფებულნი და გარკვეულ ერთეულებად გამოიყოფიან. ლ. ზაგურსკი მაგალითად, სხვათა გვერდით ამჩნევდა ასპინძის, ხერთვისის, თმოგვის ციხეთა ერთეულებს მთში შემავალი სოფლებითურთ.
სამხრეთ საქართველოს გარკვეულ ცენტრების ირგვლივ განლგებული დასახლებანი, ურარტულ წარწერებშიაც იხსენიებიან და იქაც ეს ერთეულები მათი ცენტრების სახელებით იწოდებიან („ამა და ამ ციხე-სიმაგრის ქვეყანა“). ჩანს, ეს ზოგადი მოვლენაა, განმეორებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სრულიად სხვადასხვა ეტაპზე. შუა საუკუნეების საქართველოს ჩვენთვის საინტერესო ხანაში; ზემოთ აღწერილ მოვლენას ქართულ წყაროთა ენაზე ეწოდებოდა „ციხე და მიმდგომი მისი“, ან უფრო მარჯვედ „ციხე-ქვეყანა“. ეს ერთიანობა იმდენად განმტკიცებულა, რომ ცისესიმაგრის სახელი თითქმის ყოველთვის მის ქვეყანასაც გულისხმობდა.
ასეთი იყო თმოგვიც, ერთ-ერთი ციხე-ქვეყანა მტკვრის ზემო წელზე, რომელშიაც ვარძია თავიდანვე შედიოდა. თმოგვი ორი იყო, ორი იყო ვარძიაც - ზემო და ქვემო. მათი მტკვრისპირა პუნქტების დაწინაურება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უნდა იწყებოდეს IX-X სს.
ციხის ასაგებად შერჩეული ადგილი მტკვრის აქაურ ვიწროებში გამავალ საქარავნო გზას საიმედოდ აკონტროლებდა, ჰკეტავდა მდინარის ორივე ნაპირის დამაკავშირებელ ხიდს და დარაჯობდა ზედა თმოგვისკენ მიმავალ გზასაც, რომელიც შემდეგ ბუზმარეთსა და ნიალის ველზე გადადიოდა. ყაფარი კლდეების მიუვალობასა და ღრმად ჩაკიდულ ვიწრო სივრცეს ხატოვნად ასურათებს იქაური ტოპონიმი - ქორსატეველა. ამიტომაც იყო, რომ არაბთა სარდლის აბულ-კასიმის შემოსევისას, როდესაც მან მოაოხრა ქართლი, სამცხე და ჯავახეთი, „მოადგა ციხესა თმოგვსასა და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით“. ე.ი. უიმედოდ ჩათვალა ბრძოლა და ციხეს გაეცალაო, მოგვითხრობს „მატიანე ქართლისა“. ეს იყო 914 წელს და აქაა თმოგვის ციხის პირველი მოხსენიებაც. მაგრამ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ციხე უფრო ადრე ააგეს, რის შესახებაც ჩვენ სხვა ცნობა არ გაგვაჩნია.
თმოგვის დაწინაურება და მისი ციხედ გადაქცევა უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც წუნდა, როგორც საერისთავოს ცენტრი მოიშალა და თანდათან დაკნინდა; ე.ი. ან VIII.-IX საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც მატიანის ცნობით „იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა... იქმნეს მტერ ურთიერთას“ და მაშასადამე ციხე-რეზიდენციათა რიცხვიც უნდა გაზრდილიყო. ან ეს მოხდებოდა IX საუკუნეში გვარამ მამფლის დროს, რომელსაც „დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი და ჰბრძოდა სარკინოზთა“. არეშტის სტელის წარწერის მიხედვით საფიქრებელი ხდება, რომ თმოგვის ციხე კუმურდოსთან ერთად IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის I ნახევარში, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოის წარმომადგენლებს უჭირავთ, შემდგომში კი იგი სამეფო ციხე უნდა გამხდარიყო. სუმბატ დავითის ძის ცნობით, ბაგრატ III თავისი მამიდაშვილები „კლარჯნი ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ... შეიპყრნა... და აღიხუნა ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგვისასა“. იქვე გარდაცვლილან ისინი 1011 და 1012 წლებში.
ისევე, როგორც ყველა შუა საუკუნეთა ციხესიმაგრეს, თმოგვსაც თავისი შესავალი, საციხისთავო ქვეყანა ჰქონდა. ეს იყო პირველ ყოვლისა მის მახლობლად არსებული სოფლები, ძირითადად მტკვრის კანიონში, მდინარის ორსავე ნაპირზე. მათ რიცხვში იყო სოფლები ზემო და ქვემო ვარძია, რომლებსაც მოგვიანებით ვარძია და ზედა ვარძია ეწოდათ. სოფ. ზედა ვარძიის თმოგვის ციხისადმი დაქვემდებარება ასახულა XI საუკუნის წარწერაში, რომელიც საღებავით შეუსრულებიათ ზედა ვარძიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის სამხრეთ კედელზე გარედან. საუკუნეთა მანძილზე წარწერა გადალეულა. ზოგიერთი ასო-ნიშანი საერთოდ გამქრალა. მთლიანად წარწერა კი, დღის გარკვეულ მომენტში შეიმჩნეოდა თურმე. წარწერიდან ირკვევა, რომ მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით, ვინმე კვირიკე ვახტანგის ძეს, რომელიღაც ციხისძირელნი რაღაცით შეუწყალებია. ზედა ვარძიის უახლოესი ციხე თმოგვია, ამიტომ ბუნებრივია, თუ აქ თმოგვის ციხისძირელებს ვიგულისხმებთ. რომელთა შეწყალების აქტი ზედა ვარძიის ეკლესიაზე წაუწერიათ; ქვემო ვარძიის მონასტერი მაშინ ჯერ აგებული არ იყო.
თმოგვის შემდგომი ხანის ისტორიიდან ჩანს, რომ საქართველოს მეფეები ამ ციხე-ქვეყანას თავის ერთგულ მოხელეებს აძლევდნენ ხოლმე პირად მფლობელობაში. XI საუკუნეში წყაროებში იხსენიება ფარსმან თმოგველი, რომელსაც მატიანე ქართლისა „ციხეთა უფალთა კაცთა“ შორის ასახელებს. მისი წოდება - „თმოგუელი“ მიუთითებს, რომ იგი იყო თმოგვის მქონებელი, რომელიც მაშინდელი ჯავახეთის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. ფარსმანი ერისთავთ-ერისთავის წოდებით მოხსენიებულია ზედა თმოგვისა და სათხის ეკლესიათა წარწერებში; იგი მაშინდელი ჯავახეთის ერისთავი ჩანს. 1065 წ. არფ-არსლანის შემოსევისას ახალქალაქის ბრძოლაში, სხვა მესხ აზნაურთა შორის დაღუპულა ფარსმან თმოგველიც. საინტერესოა, რომ ამ ამბავს მოგვითხრობს მირაშხანის ახალი ნავარძიევის წარწერა, რომელიც მირაშხანელ ბერს შეუსრულებია; მირაშხანი კი სწორედ თმოგვის ციხე-ქვეყანაში შედიოდა.
ფარსმანი პირველი თმოგველია, რომელიც წყაროებში იხსენიება. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მხარგრძელებამდე ფეოდალები, რომელთაც მეფე თმოგვს უბოძებდა საქონელად, თმოგველებად აღარ იწოდებიან. ეს უნდა მიუთითებდეს ფარსმანის განსხვავებულ მდგომარეობაზე, შესაძლოა მის ადგილობრივ წარმოშობასა და სამამულო მფლობელობაზე.
1073 წელს გიორგი II-ის მეფობისას, მემატიანის სიტყვით, „თავადთა ამის სამეფოსათა“ ნიანია ქუაბულის ძემ, ივანე ლიპარიტის ძემ და ვარდან სვანთა ერისთავმა მეფეს „ქვეყანა აუშალეს“. გიორგი II ისინი საჩუქრებით დააწყნარა და მისცა „ნიანიას თმოგვ და სხუანი საქონელნი რჩეულნი“. ვახუშტი ბაგრატიონი ამ ეპიზოდს „ერისთავთა განდგომას“ უწოდებს და მართლაც ნიანია ქვაბულის ძე, კლდეკარისა და სვანთა ერისთავების გვერდით, შესაძლოა იმდროინდელი ჯავახეთის, ან მისი ერთი ნაწილის ერისთავი იყო.
ნიანიას შემდეგ, თმოგვი მის ძეს - კახაბერს ჰქონია. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, 1089   აღდგომა დღეს ისეთი სასტიკი მიწისძვრა მომხდარა, რომ „მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუნეს, ეკლესიანი დაეცნეს... რომელთა თანა თმოგჳიცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ“.
1178 წლისათვის გიორგი III-ს თმოგვი აფრიდონისთვის გადაუცია, რომელიც თამარის ისტორიკოსის სიტყვით „მიიწია მსახურთუხუცესობამდის თმოგჳსა და სხუათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის“. თმოგვის ციხე-ქვეყნის სამფლობელოში სოფ. ზემო ვარძიის იმდროინდელ კუთვნილებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იქაური ეკლესიის წარწერა: „წმიდაო ღმრთისმშობელო შეიწყალე აფრიდონ“. იგი აქ მოხატულობის მატერიალურ ამნაზღაურებლადაა ნაგულისხმევი და სამუშაოს შესრულება 1185 წლამდე მომხდარა.
ამ დროისათვის ქვემო ვარძიის მონასტრის მშენებლობა შესაძლოა დასრულებული არ იყო, მაგრამ მის ხატს უკვე სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ვითარცა ძლიერ სალოცავს. თრიალეთის სოფ. ჯინისის ეკლესიის წარწერაში, ერისთავთ-ერისთავისა და მსახურთუხუცეს აფრიდონის ცოლი ხოშაქი გვამცნობს, რომ მას ეკლესია აუგია ვარძიის ღმრთისმშობლის სამსახურად, რადგან „10 წლის მკუდარი გამაცოცხლა და ძლიერი დიდება მიბოძა“-ო.
ვარძიის ღმრთისმშობელი იხსენიება სომხეთში, ჰაღარწინის მონასტრის 1184 წლის წარწერაში; ასევე, მის ძლიერ ავტორიტეტს ადასტურებს ვარძიის წინამძღვრის მონაწილეობა ცნობილ სჯულისმეცნიერთაგან შემდგარ სამსჯავროში, რომელიც თამარის დროს სომხეთში მოუწვევიათ საეკლესიო დავის გადასაწყვეტად.
აფრიდონის შემდეგ თმოგვი გადასცეს ამირსპასალარ გამრეკელ-თორელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, თამარს თმოგვი უბოძებია სარგის ვარამის ძე მხარგრძელისათვის. ამის შემდეგ თმოგვის მფლობელობას დიდი ხნით იმკვიდრებს მხარგრძელთა აღნიშნული შტო, რასაც მათი ზედწოდებაც ასახავს - თმოგველებად იხსენიებიან ისინი უკვე სარგის I-ის დროიდან.
ვარძიის ანსამბლის აშენება და მისი სამეფო მონასტრად ქცევა, მაშინ სამეფო საკუთრებაში მყოფ თმოგვის ციხე-ქვეყანაში მოხდა. მისთვის შეუწირავთ მრავალი სოფელი, რომელთაგან პირველ რიგში ალბათ მონასტრის მახლობელი სოფლები იქნებოდნენ. შესაძლოა ამ მფლობელობის ნაგვიანები მოწმობა იყოს „ნავარძიევი“ - შემორჩენილი ხერთვისთან, გოგაშენთან, მირაშხანთან, „ვარძელაური“ - ქილდასთან, „სადაყუდებლო“ - ზემო და ქვემო ვარძიას შორის. ჯინისის ზემოხსენებული წარწერა, მიგვითითებს, რომ ვარძიის ღმრთისმშობლის სამსახური თრიალეთშიაც სრულდებოდა, ხოლო კახა თორელის ხოვლური მიწა ვარძიის ღმრთისმშობლისადმი ყოფილა შეწირული.
ვარძიის მონასტერი, ზემო ვარძიის მსგავსად, თმოგვის სამეფო ციხე-ქვეყანაში შედიოდა. ამას კარგად მოწმობს იოანე შავთელის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“, სადაც იკითხება: „ეკლესიისაჲ რქაჲ ამაღლდა და განავრცნა თმოგვსა შორის ტაძარი დედოფლისაჲ". ვარძიის სახელგანთქმულობას აღნიშნავს ავტორის სიტყვები: „აჰა, გნატრის შენ ყოველი თესლები და ტომნი კაცთანი“... „სამადლობელთა მოგართუმენ ერნი აურაცხელნი“.
თმოგვის „ციხის მიმდგომი“ იყო ვანის ქვაბთა მონასტერიც, რომლის VIII-XVI საუკუნეთა კომპლექსი თმოგვის ციხის გამოღმა, მტკვრის მარჯვნივაა შემორჩენილი. მის შესახებ არსებული ძველი ცნობებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ XII საუკუნეში, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა საგვარეულო მონასტერია. ალბათ ამ პერიოდს ეკუთენის XII საუკუნის გადამწერის ანდერძი ერთი ხელნაწერისა: „,...მე გლახაკმან და ფრიად ცოდვილმან მიქაელ გჳრგენისძემან დავჩხრიკე წმიდაჲ ესე სულის განმანათლებელი სტუდიელი, სალოცველად სულისა ჩემისა და მშობელთა ჩემთა. სანახებსა წმიდისა იერუსალიმისასა მონასტერსა ჯუარისასა. სახელსა ზედა წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისასა ვაჰანის ქვაბთასა; წმიდაო გიორგი! მიაწიე წერილი მწერლითურთ! უცბად ჩხრეკისათჳს შემინდევით, უსწავლელი ვიყავ“.
გურგენისძეთა შემდეგ ვანის ქვაბები სამეფო მონასტერია, ვიდრე XII საუკუნის დასაწყისში თმოგველთა საგვარეულო არ დაეპატრონა მას. მათთვის ამ მონასტრის გადაცემა, გურგენისძეთა ფეოდალური სახლის დამცრობასა, ან ამოვარდნაზე უნდა მიგვანიშნებდეს. თმოგველებს სამამულო სამფლობელოს ჩამოყალიბება-გაფართოება, ვანის ქვაბთა მონასტრისათვის ახალი ტიბიკონის შედგენით დაუწყიათ. ცხადია გაფართოვდებოდა ამ დროს თმოგვის ციხე-ქვეყანაც. ამის მოწმობად შეიძლება გამოდგეს ბასილი ეზოსმოძღვრის ცნობა თამარის დროინდელ მონაპირეებს რომ შეეხება. ჯავახეთში მას მონაპირეებად დასახელებული ჰყავს შალვა თორელი და თმოგველი სარგის მხარგრძელი. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს მონაპირეთა თავდადებულ მეცადინეობას, რომლებიც „თჳს-თჳს იღუწოდეს“ სანაპირო ქვეყნების „შესამატებლად“.
თმოგველებად იწოდებოდნენ სარგის I, თაყაიდინი, მხარგრმელი (აქ სახელია), სარგის II. ჟამთააღმწერელს სარგის თმოგველი დახასიათებული ჰყავს, როგორც „კაცი მეცნიერი... ფილოსოფოსი და რიტორი“. მას მიეწერება პოემა „დილარგეთიანის”’ ავტორობა. თმოგველთა სახლის მეთაურები ცნობილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწენი იყვნენ. თმოგველთა საბატონო ამ პერიოდში ისე გაფართოებულა, რომ მათი სახელით წყაროები მთელ თემობრივ-ქვეყნობრივ ლაშქარს გულისხმობენ თმოგველთა წინამძღოლობით. მაგ.: თამარმა სალაშქროდ მიუხმო „მესხთა, თორელთა, თმოგველთა, ჰერ-კახთა და სომხითართაო“, ამბობს ისტოროკოსი; ან კიდევ: მთიულებთან ომში მონაწილეობდნენ „მესხნი ლაშქარნი... თორელნი, თმოგველნი და ტაოელნი"-ო.
თორელთა გვერდით, თმოგველებს აქ ჯავახეთის ერთ ნაწილზე მიუწვდებოდათ ხელი. მათი მამულებიდან კონკრეტულად დასახელებული მიწები ჩანს ვანის ქვაბთა მონასტრის განგების მინაწერებში. მონასტრისათვის მათ შეუწირავთ კუერნაული ვენახი ფიაში, საგუბარი, ნაწალკოტევი ყანა მირაშხანს, ჭალა გულაური, ზედა ვარძიის მესამედი, ერთი ვენახი მილახს, ლუკაური ვენახი და სხვ.
თმოგველთა სამამულო საფეოდალოს ჩამოყალიბების პირობებში ვარძია ისევ სამეფო მონასტრად რჩებოდა, სადაც თამარი ხშირი სტუმარი იყო.

სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი აქცენტი ამ დროს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე ინაცვლებს (ტრაპიზონის სამეფო, ყარსის აღება, თურქულ სამთავრო-სახელმწიფოთა ყმადნაფიცობა).

შესაბამისად საზაფხულო სამეფო სადგომი. რომელიც ადრე ჯავახეთის სოფ. ბოჟანოს იყო, ახლა ვარძიით შეიცვალა და ისევ დაუახლოვდა ტაოს მიმავალ მაგისტრალს.
მონგოლთა შემოსევამ, ცხადია ვარძიის მონასტერსაც დიდი ზიანი მიაყენა. 1240-იან წლებში, უმეფობის დროს, ჟამთააღმწრლის სიტყვით „ქვეყანა სამეფო, საყდარნი და მცხეთა და მისი მიმდგომი ქვეყანა და მონასტერნი არავისგან იცვებოდეს, რამეთუ წარჩინებულნი ამის სამეფოსანი თჳსისა ქუეყანისათჳს ზრუნვიდეს”. ამიტომ ნიკოლოზ კათალიკოსი ყაენთან წასულა და თან წაუყვანია ვარძიის მოძღვარი. როგორც ვხედავთ, ვარძიის სამეფო მონასტრის წინამძღვარს, უმეფობის ჟამს კათალიკოსის მხარდამხარ უზრუნვია მონასტერთა დასაცავად.
XIII ს-ის ბოლოსათვის სამცხის ათაბაგთა შემოტევა ჯავახეთის საზღვრებსაც შეეხო, როცა ბექა ჯაყელმა მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან ერთად დაიპყრო „მრავალნი სოფელნი ჯავახეთს“, ბუნებრივია მას პირველად სამცხის მოსაზღვრე სოფლებიდან უნდა დაეწყო და შემდეგ თმოგველთა მამულებსაც მოსდგომოდა. თმოგველთა ძლიერება ამ დროისათეის თანდათან ეცემა, მათი საგვარეულოს ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი ჩვენ გვხვდება 1308 წლით დათარიღებულ, ჯავახეთის სოფ. ღრტილას ეკლესიის წარწერაში; ესაა თმოგველთა ქალი რუსუდანი, ცოლი ქვეშელი ლიპარიტისა, რომელიც თორელთა გვარს ეკუთვნოდა. XIV საუკუნის ნახევარში თმოგველები ჯავახეთში აღარ არიან. ალბათ ამ დროს გულისხმობს ვეფხისტყაოსნის ეპილოგის ერთი სტროფი, რომელიც პოემის გამგრძელებელს უნდა ეკუთენოდეს: „ეს ამბავი დარჩომოდა სარგისს ლექსთა შეუწყობლად. აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად“. აქ თმოგვის და მისი შესავალი ქვეყნის თმოგველთაგან დატოვებაზეა საუბარი. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს „ობლობა“ არ ვიცით, მაგრამ შემდგომში თმოგვისა და ვაჰანის ქვაბებს ღარიბასძენი დაეპატრონენ.
თმოგვის წარწერა 1350 წლისა გვაუწყებს, რომ მურვან კვითხაის ძეს, დავით მეფის ვარძიელ საწოლის მწიგნობარს, თმოგვის ზღუდე აუშენებია. მეფის მოხელე მურვანი, ღარიბასძეთა წარმომადგენელია და ისიც თმოგვისა და მიმდგომი ქვეყნის მფლობელი ჩანს, რომელიც თმოგვის ციხის ზღუდეს აგებს „შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიის ღმრთისმშობლისაითა“.
XIV საუკუნის 30-იან წლებში საქართველომ დაკარგა სომხური პროვინციები, რომლებიც თანდათან დაიმორჩილეს მაჰმადიანურმა სამთავროებმა. ამის შემდეგ ჯავახეთისაკენ წამოსულა სომხური მოსახლეობის ერთი ნაკადი. სომეხი მწერლის გრიგოლ ტათევაცის „ცხოვრების“ ცნობით, სომხეთიდან მაშინ თმოგვში გადმოსახლებულან მისი მშობლები. აქ დაბადებულა გრიგორი, რომელიც აღუზრდია მის ძმას მეფე დავით IX კარზე. სომხური მოსახლეობის კვალი წუნდისა და თმოგვის ციხის სიახლოვეს, ჩანს აგრეთვე მემორიალური ქვაჯვრების მიხედვითაც; ისინი აქაურ საფლავებზეა შემორჩენილი და მათი სომხური წარწერების თარიღები 1356-1425 წწ. შორის ექცევა.
თმოგვის მაშინდელ მემამულე ღარიბას ძეთა საკუთრება, ისევ თმოგვსა და მის მიმდგომ ქვეყანაში იყო. აქედან შეუწირავთ მათ ყანები და ვენახები ვანის ქვაბთა მონასტრისათვის, რაც ტიბიკონის მინაწერებიდან ჩანს. აქ ნახსენებია სოფლები: ორხოფია, ტოლოში, ფია, ხარაკია. კუნელეთი, ცხეკნელი, კუარბითი, ერკოტა, აგარა, არტახი და სხვა.
XV საუკუნედან, მას მერე რაც სამცხის ათაბაგებმა ჯავახეთი დაიპყრეს, თმოგვის ციხე-ქვეყანაშიც გაჩნდა მათი ნაკვალევი. ვანის ქვაბთა განგების მინაწერებში XV-XVI საუკუნეების ათაბაგის შეწირულებანიცაა. ივანე ათაბაგს „თმოგუს მისი საპატრონოსა ტამღისაგან“ შეუწირავს 1500 თეთრი. იგივე ივანე „ტრაპეზისა აღმშენებლად“ იხსენიება ვარძიის მონასტრის სტოაში შესასვლელის წარწერაში. განგების მინაწერებში ათაბაგთა შენაწირებიში ჩანს ჭაჭკარი, ტოლოში, მარგასტანი და სხვ.
XVI საუკუნისთვის ისევ შეიცვალა ვითარება თმოგვსა და მის შესავალ ქვეყანაში. ამას ადასტურებს მცხეთის ეკლესიის სამწყსოსა და საქონებლის სია. იგი იმითაცაა საყურადღებო, რომ ძველ მემამულე ფეოდალთა ნაქონების ახალ მფლობელებსაც ასახელებს, რომლებსაც იგივე მამულები დაუჭერიათ. აქ ჩამოთვლილთა შორის იკითხება: „13. თმოგუელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკასშვილთა ელისბაალს და იოთამს აქუს. 14. ბულღადარას შვიდნი სასაფლაოთა, მონასტერითა და კარის ეკლესიითა რჩეულაანთა და ფროდიანთა აქუს... 25. დიდი და პატიოსანი ვარძიის მონასტერი მისითა შესავლითა და ეკლესიის შვილებითა უნაკლულოდ“.
როგორც ვხედავთ, თმოგველთა სამფლობელოში აქ ორი ფეოდალი ჩანს შალიკაშვილების და რჩეულიშვილების სახით. ამ უკანასკნელთა სელშია ვანის ქვაბთა მონასტერიც, რომლის მინაწერებში ისინი ხშირად ჩანდნენ.
ვარძიის მონასტრის შესავალი და სამწყსო ძირითადად თმოგვის ქვეყანასა და ნიალის ველზე უნდა ყოფილიყო. ეს ჩანს XVI საუკუნის ვარძიელი წინამძღვრის წიგნიდან კათალიკოსისადმი. სადაც ვარძიელი პირობას დებს მცხეთის ნებართვის გარეშე არც მღვდელი და არც დიაკონი აკურთხოს. არც ჯავახეთსა და ნიალის ყურს „ისაქმოს სამწყსოობისა პირზე“.
1521-251 წწ. ერთი თურქული დოკუმენტის მიხედვით, „თმოგვის ციხე საკმაოდ ცნობილი და მიუვალი ციხეა... იმ თმოგვის წყლის ზემო წელში მგელციხედ წოდებული მტკიცე ციხეა. ისიც თმოგვის ნაპიჲეს ექვემდებარება. თმოგვის ციხის პატრონს ელიზბარს უწოდებენ... და იმ უსჯულო ყეარყვარეს ერთ-ერთი მეტად სახელოვანი აზნაურია“. აქ შალიკაშვილი და სამცხის ათაბაგია ნაგულისხმევი; XVI საუკუნეში ათაბაგთა წინააღმდეგ აჯანყებულ ადგილობრივ ფეოდალებს სამცხის მთავრები ამარცხებენ თურქებისა და სპარსელების დახმარებით. თმოგვის ციხე-ქალაქი და მისი ოლქი ათაბაგთა ხელში გადავიდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალთა გაძლიერებულ შემოტევას მოჰყვა მათ მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობა. ამის შემდეგ ოსმალთა მიერ ჩატარებულ ადმინისტრაციულ დანაწილებაში თმოგვი ისევ გამოჩნდება, როგორც ახალქალაქის ლივაში შემავალი რაიონის ცენტრი. გურჯისტანის ვიალიეთის დავთარში, თმოგვის რაიონი მოიცავს მტკვრის კანიონის სოფლებს ნაქალაქევიდან მოყოლებული, სამხრეთისაკენ სოფ. ვაშლობის ჩათვლით, სულ 22 სოფელი და ნასოფლარია, რომელთა შორის იყო ვარძიაც, უკვე დაცლილი მოსახლეობისაგან.
ოსმალური ადმინისტრაციული დანაწილების ეს რაიონები სხვა არ იყო რა,. თუ არა ძველი ქართული ჯავახეთის მიკროქვეყნები თავისი ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრებით. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმის გამო, რომ ეს იყო საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ფიზიკურ-გეოგრაფიული, სამეურნეო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები.




სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი

მასალა აღებულია წიგნიდან  – „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.
მასალა ადაპტირებულია მარი კუთხაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge


 


megobari saitebi

   

01.10.2014