უცხოელ დამპყრობთა ბრძოლები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მრავალი ჯურის უცხოელი დამპყრობელი უნახავს. მათგან არაერთხელ დასტყდომია თავს საშინელი ავბედობა, წასალეკად მოვარდნილ ქარიშხალს მრავალგზის უთარეშია ჩვენს მიწა-წყალზე. როგორც მართებულად შენიშნავდა აკად. ნ. ბერძენიშვილი, “შეიძლება არც მოიძებნებოდეს მსოფლიოში ასეთი მეორე მხარე, რომელსაც ამდენი შემოსევა-დაპყრობა და ტაცება-აოხრება განეცადოს, რამდენიც საქართველომ თავისი ისტორიის სიგრძეზე განიცადა” (ბერძენიშვილი ნ. 1941:3).
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლებში ისტორიული აჭარის როლის წარმოჩენის ცდას. ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები განისაზღვრება ძვ.წ. I–ახ.წ. XV საუკუნეებით. ჩვენი ქვეყნის მრავალ მოსისხართა შორის იყვნენ რომაელები, რომლებიც ძვ. წ. I საუკუნის 60-იან წლებში ცეცხლითა და მახვილით მოევლინენ ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებს – იბერიასა და კოლხეთს.
რომაელთა ლეგიონები იბერიას მოადგნენ 65 წელს (ჩვ. ერამდე). იბერიიდან რომაელები კოლხეთისაკენ დაიძრნენ, მაგრამ კოლხეთში რომაელებს იბერების მსგავსად არ დახვედრიან. ამიტომ მტერმაც შედარებით იოლად მოახდინა ამ ქვეყნის ოკუპაცია. კოლხეთის ციხე-სიმაგრეებში რომაელთა გარნიზონები ჩადგნენ. ასე დამყარდა ჩვენში რომის მფლობელობა. II საუკუნის დამდეგი სამეცნიერო ლიტერატურაში სავსებით სწორად არის მიჩნეული “რომის იარაღის უკანასკნელი წარმატებების” ხანად (სერგეევი ვ.ს 1941:593). რომის იმპერია დაღმართზე დაეშვა.
ასეთი ხელსაყრელი ვითარებით არ შეიძლება არ ესარგებლათ რომის ბატონობის ქვეშ მოქცეულ ხალხებს და მათ შორის, ქართველებსაც. სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის გზაზე მდგარი იბერია, რომლის ფარგლებშიც ერთიანდებოდა ამ დროს (და შემდგომშიც) სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ენერგიულ ბრძოლას აწარმოებდა რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ.
III საუკუნის დამდეგიდან რომს აღმოსავლეთში ფრიად ძლიერი მეტოქე გაუჩნდა სასანიანთა ირანის სახით. ბრძოლა რომსა და ირანს შორის განსაკუთრებით ძლიერდებოდა IV საუკუნეში. ირანელები დაჟინებით მოისწრაფიან ქართლისაკენ და ენერგიულად ცდილობდნენ მის დაუფლებას.
VI საუკუნის 70-იან წლებში ქართლში აჯანყებაა. ირანელებს ერეკებიან. აზნაურობა თავის პოლიტიკურ ორგანიზაციას აყალიბებს, რომლის სათავეში ერისმთავარი (გორგასლის ნაშიერი – გვარამი) დგება. I–VI საუკუნეთა ამ საერთო ქართული განვითარების უშუალო მონაწილე იყო აჭარაც – ქართლის (“ზენა სოფლის”) ორგანული ნაწილი. ამიტომაც, აღმოსავლეთ საქართველოს აღწერილ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში ამ კუთხესაც თავისი წილი ედო.
VII საუკუნის 20-იან წლებში ჰერაკლე კეისრის გამანადგურებელმა დარტყმებმა სამარის კარამდე მიიყვანეს ირანი. ქართველებს თითქოს შვებით უნდა ამოესუნთქათ, მაგრამ მალე საქართველო, ისე როგორც მთელი ამიერკავკასია და წინააზია, შეაზანზარა არაბთა ძლევამოსილი მხედრობის გამოჩენამ. არაბობამ ამა თუ იმ ფორმითა და მოცულობით საქართველოში სამი საუკუნის განმავლობაში იბატონა და დიდად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება. არაბთა ბატონობის სუსხი სამხრეთ-დასავლეთ საქართველომაც იწვნია. ასე იყო, მაგალითად, მურვან-ყრუს სისხლიანი თარეშის დროს.
მემატიანის ცნობით, მურვანის ლაშქარი, “ვითარცა ღრუბელი ბნელსა, სიმრავლითა ვითარცა მკალი და მუმლი” სამცხეს მოვიდა, ხოლო შემდეგ “მოვლო შავშეთი და ღადონი” (საქართველოს სამოთხე, 1882:324). ეს შემოსევა გარკვეულად შავშეთის მოსაზღვრე აჭარასაც უნდა შეხებოდა. აკად. ივ.ჯავახიშვილის გამოკვლევით, “ღადოდ” იწოდებოდა მთა ლიხითგან მოყოლებული არსიანამდის. სამცხის, ანუ ღადოს დასავლეთით “მოსდგმენ” აჭარის მთები, რომელიც გურიასა და მესხეთს ერთმანეთისაგან ჰყოფენ (ქართველი ერის ისტორია, II, 1948:14).
განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი უნახავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს 914 წელს, როდესაც სომხეთსა და საქართველოს სისხლიანი არაბი აბულკასიმი შემოესია. აბულკასიმის შემოსევის დროს აჭარისა და შავშეთის მცხოვრებნი დიდად შეჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილან. იმავე წყაროს ცნობით, “და ურაცხუნი იგი ერნი მართლმადიდებელთანი აჭარასა და შავშეთს შეწყუდეულ იყუნეს” (საქართველოს სამოთხე, 1882:396). მოსახლეობა ხევებსა ღრეებს შეფარებია, ქვეყანაში არც ხვნა ყოფილა არც თესვა, რასაც შედეგად მოჰყოლია ის, რომ აჭარელნი და შავშნი “ვითარცა მკალი მოსჭამდეს ფურცელსა ხესათა და მწვანილოვანსა ქუეყანისასა” (იქვე). ხანგრძლივი მედგარი ბრძოლით ქართველმა ხალხმა შეძლო არაბთა ბატონობისაგან გათავისუფლება, მაგრამ ახლა ასპარეზზე ბიზანტია გამოჩნდა... კვლავ ბრძოლის ქარცეცხლში გაეხვია ქვეყანა.
XI საუკუნის ნახევარმა ბიზანტიასთან ბრძოლის ვითარებაში ჩაიარა, მეორე ნახევარში კი საქართველოს სრულიად ახალი ტიპის მოძალადენი თურქი–სელჯუკები შემოადგნენ დასაპყრობად.
თურქები არსებითად განსხვავდებოდნენ მათი წინამორბედი დამპყრობლებისაგან. აკად. ნ. ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, თურქ-სელჯუკთა შემოსევა შეუდარებლად უფრო მძიმე და საშიში იყო, ვიდრე არაბთა ან ბიზანტიელთა ბატონობა. არაბობა ქართული (კავკასიური) ფეოდალური მეურნეობის განვითარებას მძიმე ხარკით აფერხებდა. “თურქობა” კი ამ მეურნეობას საფუძველს (მიწას) აცლიდა და მას ერთნაირად გადაშენების საფრთხეს უქმნიდა” (ბერძენიშვილი ნ. 1954:123). ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება. თურქთა შემოტევა განსაკუთრებით ძლიერდება XI საუკუნის 70-იანი წლებიდან. თურქებთან ბრძოლაში 1071 წლის სასტიკი დამარცხების შემდეგ ბიზანტია გადის საქართველო-ამიერკავკა-სიის არენიდან. ამ გარემოებამ თურქთაგან მომდინარე საფრთხე ერთიორად გააძლიერა.
თურქთა თარეში დიდხანს გრძელდებოდა საქართველოში. დავით აღმაშენებლის საქართველომ საკადრისი მიაგო თურქ-სელჯუკებს, მაგრამ თამარის საქართველოსაც სელჯუკებთან სერიოზული ომების გადატანა მოუხდა. საინტერესოა, რომ თურქთა შემოსევა ჩვენს ქვეყანას XII ს-ის 90-იან წლებშიც განუცდია, როდესაც იგი წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. და რაც უფრო საყურადღებოა, ამ დროს მტერს მნიშვნელოვნადაც შეუღწევია ქვეყნის სიღრმეში და აჭარაშიც შემოჭრილა.
აბუსერისძე ტბელის ცნობით, მომხდურები “შინაგამცემლობის” წყალობით ხიხანს დაუფლებიან. ხიხანის ციხიდან მტერი განუდევნია ჩვენი მემატიანის პაპა აბუსერს (აბუსერისძე ტბელი, 1941:67).
ისტორიკოსი ლ. მუსხელიშვილი ხიხანის ციხის აღების თარიღად 1190/91 წელს თვლის.
მალე აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ახალი ველური დამპყრობლები – თათარ-მონღოლები გამოჩნდნენ. მაგრამ მონღოლთა გაბატონებას საქართველოში წინ უსწრებდა თათრებისგანვე შევიწროებული და თავგზააბნეული ხორეზმშაჰ ჯალალედინის ურდოების ხუთწლიანი თარეში.
ხვარაზმელთა შემოსევების პერიოდი ერთ–ერთი უმძიმესი ავბედობის ხანა იყო საქართველოს ისტორიაში. გაჭირვებული მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა თავის სამკვიდრებელს და მიუვალს ადგილებში აფარებდა თავს. საინტერესოა, რომ აჭარიდანაც მასობრივ გახიზვნას ჰქონდა ადგილი. “არავინ დაშთა ულტოლველი კერძოთა აჭარისათაცაო”, გვამცნობს აბუსერისძე ტბელი (აბუსერისძე ტბელი, 1941:65).
1230 წელს ხვარაზმელებისაგან გაწმენდილი იქნა საქართველოს ტერიტორია, მაგრამ მალე ჩვენს მიწა–წყალს თათარ–მონღოლთა ურდოები მოედვნენ, დაიპყრეს ქვეყანა, მძიმედ დახარკეს მოსახლეობა, დაიწყო თათარ-მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის ხანა. დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიაზე გადმოსახლებით მოსულმა მტერმა თანდათან დაიკავა მისი საუ-კეთესო ადგილები. თათარი მიწას ეპატრონებოდა, ადგილობრივი მკვიდრი იქიდან იყრებოდა. აჭარაში არა ერთხელ უპოვნიათ საიმედო თავშესაფარი მონღოლებისაგან ლტოლვილ ქართველებს.
იყო შემთხვევა, როცა ილხან ყაენის წინააღმდეგ ამხედრებული რომელიმე მონღოლი უფლისწული საქართველოში შემოიხიზნებოდა–აქ ჩვენ შევეხებით მხოლოდ ერთ თავგზააბნეული მონღოლი ბატონიშვილის თეგუდარის (თუ თაგუდარის) შეთქმასა და მისი დასავლეთ საქართველოში შეხიზვნის ფაქტს. ამ საკითხის შესახებ თუმცა საკმაოდ ვრცელი, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობები დაცული აქვთ: ქართველ ჟამთააღმწერლებს, სომეხ მემატიანეს მალაქია ბერს, სპარსელ ისტორიკოსს რაშიდ ად–დინს და სხვა.
შეთქმული ბატონიშვილი თავისი ლაშქრით საქართველოსკენ დაიძრა. ჟამთააღმწერლის სიტყვით, თაგუდარმა “მომართა მთათა ღადოსათა კარჩხალთა და კარისათა, რომაელ არს შორის შავშეთსა და აჭარას და დადგა თავს შავშეთისასა ფოჭვთას” (სიხარულიძე ი. 1961 წ.).
თაგუდარის ურდომ ძარცვა-გლეჯითა და რბევით ჩაიარა აჭარა, ნიგალისხევი, გურია და ქუთაისს მივიდა. დავით ნარინმა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით დიდი პატივით მიიღო მონღოლი ბატონიშვილი. თაგუდარის თარეში კარგა ხანს გაგრძელდა საქართველოში, რამაც ძლიერ შეაწუხა ქვეყანა და ბოლოს მეფე ნარინიც. თაგუდარის ბედი ნარინის განდგომამ გადაწყვიტა. იგი შეიპყრეს. თათარ-მონღოლთა მძიმე უღელი ქართველმა ხალხმა ასწლოვანი გმირული ბრძოლით სამუდამოდ გადააგდო და ამ ბარბაროსი დამპყრობლისაგან გასწმინდა თავისი ქვეყნის მიწა-წყალი. ეს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.
მონღოლების წასვლიდან არცთუ ისე დიდი დრო იყო გასული, როცა XIV საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს საზღვრებს მრისხანე თემური მოადგა თავისი მრავალრიცხოვანი ბრბოებით.
ძვ. წ. I საუკუნიდან – XV საუკუნემდე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველომ დიდი ავბედობა განიცადა, მაგრამ სულიერად მაინც არ გატეხილა. ეს დიდი საქმე იყო შემდგომი ბრძოლების საწარ-მოებლად და მომავალ დიდ ბრძოლებში ამ რეგიონის ქართველობის წარმატების იმედს იძლეოდა.



სტატიის ავტორი - მარინა ჯინჭარაძე;

მასალა აღებულია კრებულიდან - სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში. აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”,  ბათუმი, 2009 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014