სებასტოპოლისში სარმატთა ლაშქრობის ისტორიისათვის

ახ. წ. III საუკუნეში რომაული სამყარო მძაფრმა პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. საშინაო არასტაბილურობასა და დეცენტრალიზაციას თან დაერთო `ბარბაროსული~ ტომების ზეწოლის გაძლიერება იმპერიის საზღვრებზე. რომის სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებმა დიდი გავლენა მოახდინა იმპერიის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის კოლხეთის, მდგომარეობაზეც და ეს უკანასკნელი, რომისა და მისი მოწინააღმდეგე მძლავრი გეოპოლიტიკური ძალების უშუალო კონფრონტაციის არეალში მოექცა.
III საუკუნის 50-იან წლებში აღმოსავლეთ შავი¬ზღვის¬პირეთისა და მცირე აზიის ქალაქებს გოთების მარბიელ ლაშქრობათა ძლიერმა ტალღამ გადაუარა. V-VI საუკუნეების ავტორის, ზოსიმეს ცნობით, 255/256 წელს გოთების პირველმა ექსპედიციამ პიტიუნტთან მარცხი განიცადა, მაგრამ მომდევნო წელს, ბარბაროსებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით უფრო ფართო¬მასშტაბიანი ექსპედიცია მოაწყვეს. ფასისზე მიტანილი უშედეგო იერიშის შემდეგ, გოთებმა აიღეს და სასტიკად ააოხრეს რომაული გარნიზონებით დაცული ძლიერი ქალაქები _ პიტიუნტი და ტრაპეზუნტი [2, 266-267].
რომსა და გოთებს შორის პერმანენტულ ომებში, რომელიც მთელი III საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა, 257 წლის საზღვაო ექსპედიციას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან ძლიერი დარტყმა მიაყენა რომაელთა საყრდენ პუნქტებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბარბაროსებმა ხელთ იგდეს უზარმაზარი სიმდიდრე, უამრავი ტყვე, დიდი რაოდენობით ხომალდები და, რაც მთავარია, ამ რეიდმა მეოტურ ტომებს აჩვენა საზღვაო ლაშქრობათა დიდი ეფექტურობა, რის შემდეგაც დაიწყო გოთების უფრო მასშტაბურ ლაშქრობათა მთელი სერია შავი ზღვის სანაპიროს ამ მხარეს და გავრცელდა მცირე აზიის პროვინციებზეც [12, 95]. პიტიუნტის აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 258 წლის გაზაფხულზე, გოთებმა ფაქტობრივად ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს მცირე აზიის ქალაქები _ ქალკედონი, ნიკომედია, ნიკეა, აპამეა და სხვ. [10, 446-447; 12, 99]
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გოთების ლაშქრობის კვალი ნათლად ჩანს პიტიუნტის არქეოლოგიურ მასალებში. ნაქალაქარის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ძლიერი ნგრევისა და ხანძრის კვალი [8, 142-143]. მართალია, წერილობითი წყა¬როები არაფერს ამბობენ გოთების მიერ კოლხეთის სხვა ქალაქების აღების შესახებ, მაგრამ მკვლევარები, არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ ბარბაროსების შემოსევების შედეგად, პიტიუნტის ბედი გაიზიარეს აფსაროსმა და სებასტოპოლისმა [5, 52; 1, 90]. აფსაროსის ციხის კულტურულ ფენებს აშკარად ემჩნევა ნგრევის კვალი. ნახანძრალი ფენები ფიქსირდება სებასტოპოლისის კასტელუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც [4, 29; 9, 83].
ჩვენ გვქონდა საშუალება აფსაროსში გოთების ლაშქრობის საკითხი დეტალურად განგვეხილა და ამ პრობლემას ცალკე ნაშრომიც მივუძღვენით, სადაც ვაჩვენეთ, რომ გოთების მიერ აფსაროსის დანგრევას ადგილი ჰქონდა არა 257 წელს, არამედ მოგვიანებით, 275 წელს [იხ. 7].
ჩვენ ასევე საეჭვოდ მიგვაჩნია სებასტოპოლისის ხანძრის 257 წლის მოვლენებთან დაკავშირება. წერილობით წყაროებში არავითარი მინიშნება არ არის სებასტოპოლისში გოთების ლაშქრობის შესახებ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოსიმეს, რომელიც საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს 255/256 და 257 წლებში გოთების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ლაშქრობის პერიპეტიებს, ფასისთან, პიტიუნტთან და ტრაპეზუნტთან გამართულ ბრძოლებს, გაკვრით მაინც არ აღენიშნა ბარბაროსთა მიერ სებასტოპოლისის დალაშქვრა. ასეთ ვითარებაში, ჩვენ გამორიცხულად მიგვაჩნია, რომ 255/256 ან 257 წლების ექსპედიციების დროს ადგილი ჰქონოდა გოთების თავდასხმას სებასტოპოლისზე.
მაგრამ, ფაქტია, რომ სებასტოპოლისის კასტელუმის III საუკუნის მეორე ნახევრის კულტურულ ფენებში და¬დასტურებულია ხანძრის კვალი. როგორც ჩანს, აქ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი ჰქონდა მოგვიანებით, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს მეოტურმა ტომებმა _ სარმატებმა. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270 წწ.) მმართველობის დროიდან თანდათანობით იწყება იმპერიის სამხედრო ძლიერების აღდგენა. 269 წელს ნაისასთან ბრძოლაში რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს გოთების ტომთა კავშირი [იხ. 11, 213-214; 6, 51-52], რის შემდეგაც ჩრდილოეთ შავიზღვის¬პირეთის ბარბაროსთა ბრძოლა რომის წინააღმდეგ თანდათანობით დაღმავლობისაკენ მიდის, მაგრამ გააფთრებული ომები დუნაიზე გრძელდებოდა დიოკლეტიანეს მმართველობის დროსაც და იგი მხოლოდ III საუკუნის ბოლოს მიწყნარდა [12, 143]. თუმცა, მეკობრული თავდასხმები საბოლოოდ არ შემწყდარა. დიოკლეტიანეს დროს დუნაიზე განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდნენ სარმატები, რომლებიც რომაელებმა არაერთგზის დაამარცხეს [11, 215]. სარმატულ ტომებს ამ პერიოდში მოუწყვიათ დიდი ექსპედიცია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებითაც, დაუპყრიათ ლაზთა სამეფო და შეჭრილან მცირე აზიაშიც. X საუკუნის ბიზანტიელი იმპერატორისა და ისტორიკოსის კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, რომელიც რომელიღაც ლიტერატურული წყ¬აროდან უნდა იყოს აღებული, რომში დიოკლეტიანეს იმპერატორობის დროს ბოსფორელთა მეფემ სავრომატე კრისკონორეს ძემ შეკრიბა მეოტიდის ტბასთან მცხოვრები სარმატები და ილაშქრა რომაელების წინააღმდეგ; მან ჯერ ლაზთა ქვეყანა დაიპყრო, ეომა იქაურ მცხოვრებლებს და შემდეგ მდინარე ჰალისამდეც (აწინდ. ყიზილ-ირმაკი – კ. ფ.) კი მივიდა. დიოკლეტიანემ რომ გაიგო ბარბაროსთა მიერ ლაზეთისა და პონტოს მხარის აოხრების შესახებ, გაგზავნა სარმატთა წინააღმდეგ ჯარი ეგზარქოს კონსტანციუსის მეთაურობით. კონსტანციუსმა შეძლო სარმატების მდ. ჰალისსთან შეჩერება, მაგრამ რომაელებს ძალები არ ეყოთ მათ დასამარცხებლად და რომაული სამფლობელოებიდან გასადევნად. მაშინ კონსტანციუსმა და დიოკლეტიანემ ბოსფორს შეუსიეს ხერსონესელები, რომლებმაც ბოსფორი აიღეს, შემდეგ კი სავრომატესთან მოლაპარაკება დაიწყეს და აიძულეს იგი უკან დაბრუნებულიყო [3, 288].
კონსტანტინე პორფიროგენეტის ეს მოთხრობა, თ. მომზენის გავლენით, მკვლევართა დიდი ნაწილის მიერ არასანდოდ იყო მიჩნეული [11, 270, შენ. 1], მაგრამ შემდგომში დამტკიცებულ იქნა (ს. შესტაკოვი, გ. მანოილოვიჩი, რ. ჯენკინსი), რომ ეს ცნობა კონსტანტინეს აღებული ჰქონია ხერსონესის ძველი ქრონიკიდან, რომელიც გაგზავნილი ყოფილა იმპერატორისათვის ხერსონესის მმართველის მიერ. ქრონიკის ხასიათი, კერძოდ აღწერის დეტალურობა მიუთითებს, რომ ეს ქრონიკა დაწერილი უნდა იყოს მომხდარი მოვლენების შემდეგ ახლო ხანებში და, ცხადია, იგი მაღალხარისხოვან და სანდო წაყროს წარმოადგენს [14, 35-36; 13, 205]. ჩვენთვის საინტერესო საკითხს სპეციალურად შეეხო ი. ჰარმატა, რომელმაც ახალი წყაროს _ სასანური ხანის პაიკულის წარწერის მოშველიებით კიდევ ერთხელ დაადასტურა კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობის რეალურობა და სარმატთა ლაშქრობის დროს განვითარებული მოვლენები შემდეგნაირად აღადგინა: 291 წელს ბოსფორის მეფე თოთორსი (კონსტანტინეს მიხედვით სავრომატე). როგორც ი. ჰარმატამ აჩვენა, ხერსონესულ ქრონიკაში სავრომატე იყო საერთოდ ბოსფორის მეფეთა საზოგადო სახელი, ხოლო ბოსფორის მონეტებიდან ირკვევა, რომ ამ დროს მეფე იყო თოთორსი (286-308 წწ.) – იხ. [13, 206].
ლაზიკაში შეიჭრა. ლაზიკის დაპყრობის შემდეგ, 292 წელს სარმატებმა დალაშქრეს პონტო და მდინარე ჰალისამდე მიაღწიეს. იმავე დროს თოთორსის ვაჟი ვახნამი მოქმედებს არმენიაში და ერევა სასანური დინასტიის ტახტისათვის ბრძოლაში. ხერსონესელთა ბოსფორზე თავდასხმამ თოთორსი აიძულა რომაელებთან ზავი დაედო და 293 წელს ბოსფორში გაბრუნდა, მისი ვაჟი ვახნამი კი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა [13, 205-208].
ამრიგად, სარმატთა ამ ლაშქრობის ძირითადი ასპარეზი ლაზეთის სამეფო და პონტოს პროვინცია (
Po­n­tus Polemoniacus) გამხდარა. თვითონ სავრომატე-თოთორსი კი ამ ექსპედიციის დროს, როგორც ჩანს, ლა¬ზეთში დამკვიდრებულა და აქედან აწარმოებდა მოლაპარაკებას რომაელებთან [3, 289, შენ. 1]. ამასთან, როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობიდან ირკვევა, სარმატთა მიერ ლაზეთის დაპყრობა უბრძოლველად არ მომხდარა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავრომატე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან, უეჭველია, შემოიჭრა ე.წ. მეოტიდა-კოლხეთის მაგისტრალით, ხოლო ამ დროისათვის პიტიუნტი გოთების მიერ უკვე დანგრეული იყო, მაშინ ცხადია, რომ სარმატთა პირველი დარტყმა სებასტოპოლისს უნდა მიეღო და, როგორც ჩანს, სწორედ ამ ბატალიების ამსახველია მის ტერიტორიაზე ფიქსირებული ხანძრის კვალი.

 

ლიტერატურა

1. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა, რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში, თბილისი, 2006წ.
2. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1961წ.
3. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვ. II, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1952.
4. ე. კახიძე, მ. ხალვაში, გონიო-აფსაროსი წერილობითი წყაროებისა და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით (I-VI სს). _ კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, V, გვ. 26-33, 1998წ.
5. გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბილისი, 1991წ.
6. კ. ფიფია, რომაული სამყაროს კრიზისი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, თბილისი, 2006წ.
7. კ. ფიფია, ციხე-ქალაქ აფსაროსში გოთების ლაშქრობის ისტორიისათვის. _ საისტორიო ძიებანი, VIII, თბილისი, 2006წ.
8. რ. ფუთურიძე, ბიჭვინტის შიდაციხის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური გათხრების შედეგები. – დიდი პიტიუნტი, I, გვ. 127-160.
9.  Ю.Н. Воронов, Диоскуриада – Себастополис – Цхум, М., 1980.
10. В.Ф. Гайдукевич , Боспорское царство, М.-Л., 1949.
11. Т. Моммзен, История Рима, т. V, М., 1949.

 



სტატიის ავტორი - კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი;

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014