ყველა ეთნოსს აქვს თავისი ბინადრობის ადგილი. ჯერ ქართველურ ტომთა და შემდეგ ქართველი ერის ფორმირება დღევანდელი და ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ისტორიულად და დღესაც ქართველი ერია, რომელიც საუკუნეების სიღრმეში წარმოიშვა ძირითადად ქართველურ ტომთა და სხვა ეთნოსთა შერევის შედეგად.ისტორიულად საქართველო (და სხვა ქვეყნების უმეტესობაც) მონოეთნიური თითქმის არასოდეს არ ყოფილა. ამას პირველ რიგში მისი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა.
სხვადასხვა მხრიდან მოსული მტრების ხშირი თავდასხმები საქართველოს მოსახლეობის სიჭრელეს თავისთავად ხელს უწყობდა. ერთნი თუ თავს აფარებდნენ ქართულ მიწა-წყალს, მეორენი ძალით სახლდებოდნენ ქართველი ერის ამოგდებისა და ასიმილაციის მიზნით. შენიშნულია საქართველოში უცხოეთნიკურ ერთეულთა გაჩენის მესამე გზაც: ქართველი მეფე-ხელისუფალნი თავად იწვევდნენ და ასახლებდნენ მათ გაპარტახებულ ქართულ სოფელ-ქალაქებში. შესაბამისად მოზაიკური და ჭრელი იყო საქართველოს მოსახლეობა კონფესიური თვალსაზრისით. ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ერთად საქართველოში მკვიდრობდნენ ქართველი კათოლიკენი და ქართველი გრიგორიანელები, მაჰმადიანები, უფრო ადრე მაზდეანები, იუდაველები...
საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური სიჭრელე უფრო საგრძნობი გახდა ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ და საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობის შედეგად ეს სიჭრელე საქართველოს მოსახლეობას დღემდე მოყვა. ალბათ ქართველი კაცის ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებით უნდა აიხსნას, რომ ქართველ ხალხს მის მიწა-წყალზე მოსახლე სრულიად განსხვავებულ ეროვნულ და კონფესიურ ერთეულებთან არასდროს რაიმე დაპირისპირება და კონფლიქტი არ ჰქონია. დღევანდელი თვალსაზრისით თუ შევხედავთ, საქართველოში უცხო ეთნიკური ერთობებიდან ყველაზე მეტნი სომხები არიან. შემდეგ მოდიან: რუსები, თურქები (აზერბაიჯანელები), ოსები, ბერძნები, აისორები, ებრაელები, ქურთები... იყვნენ: სპარსელები, გერმანელები...
სანამ უშუალოდ გადავალთ თითოეული ეთნიკური ერთეულის საქართველოში დასახლების მოკლე ისტორიაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ, ისე როგორც სხვა ხალხების, ქართველი ხალხის (ერის) ჩამოყალიბების გზაც არ იყო ერთგვაროვანი. ქართველი ერი წარმოიქმნა, როგორც ქართული ტომების შემჭიდროების, ისე უცხო ეთნიკურ ერთეულთა ქართველ ერში შესვლა-შენივთებით, გადახარშვით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთობ შერეული მოსახლეობა ძირითადად გვქონდა საქართველოს განაპირა მხარეებში. უცხო ეთნიკური ერთეულების წარმომადგენლები აქ უფრო ადვილად ახერხებდნენ დასახლება-დამკვიდრებას. ჭრელი ეთნიკური სურათი გვქონდა საქართველოს ქალაქებშიც.
ლეონტი მროველის მიხედვით, ძველ ქართლში, ქართულთან ერთად, რამდენიმე სხვა ენაც ისმოდა. მემატიანე კონკრეტულად წერს: "და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა” (ქც. 1955, გვ. 16).
მემატიანე უცხო ეთნიკური ერთეულებისაგან ქართლის გაწმენდას ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: "და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდეთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკვირდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას. და ენება რათამცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან" (ქც. 1955, გვ. 17). "დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგინი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი" (ქც. 1955, გვ. 18).
ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე სხვადასხვა ეთნოსების შემოსვლა-დასახლება, ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, რეალურ ვითარებას უნდა ასახავდეს. ლეონტი მროველი უცხო ეთნიკური ერთეულის საქართველოში შემოსახლებას მეფე საურმაგს მიაწერს. იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე ქვეყანა - დურძუკეთი ვეღარ იტევდა გამრავლებულ მოსახლეობას და დურძუკების საშუალებით "დაიპყრა ქართლი, და მოსრნა განდგომილნი მისნი", "მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა იგინი ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მითულეთს, დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი" (ქც. 1955, გვ. 27). ჩვენი აზრით, ვაინახთა სწორედ ამ შემოსახლების შედეგი უნდა იყოს საქართველოს მთიანეთში დამოწმებული ვაინახური ტოპონიმები. დროთა განმავლობაში ქართულ ეროვნულ-კულტურულ სამყაროში დასახლებული ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელები ქართველთა მიერ ასიმილირებული იქნენ.
უცხო ეთნიკური ერთეულის საქართველოში შემოყვანა მიეწერება მეფე ფარანჯომსაც, რომელმაც "შეიყუარნა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლისმსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას" (ქც. 1955, გვ. 20). საქარათველოს არაქართული მოსახლეობიდან ებრაელები ყველაზე ადრე არიან მოსული. როგორც ამ საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო გამოკვლევებიდან ჩანს, საქართველოში ებრაელ მიგრანტთა რამდენიმე ტალღა მოსულა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში (ქ. აბულაძე, 1993). ლეონტი მროველი ებრაელების პირველ დასახლებას საქართველოში ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს (ძვ. წ. VI ს-ში): "მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი" (ქც. 1955, გვ. 15-16). ებრაელთა შემდეგი მიგრაციული ნაკადი ძვ.წ. 169 წელს მოსულა (სინ-I, 1970, გვ. 452-453). კიდევ ერთი ნაკადი ებრაელებისა ახ.წ. I საუკუნეში მოსულა: "და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი (ადერკის შვილები: ბარტამი და ქართამი _ რ.თ.). ხოლო ამათსა მეფობასა უესპანიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთავე ურიათა თანა..." (ქც, 1955, გვ. 44). მცხეთაში აღმოჩენილი ებრაული ეპიტაფიები ებრაელთა დიდი კოლონიის არსებობას ადასტურებს (ა. აფაქიძე, 1963, გვ. 240-244). ქართლის დედაქალაქში "უბანი პურიათა" არსებობდა. აქ მათ "ბაგინი ჰურიათა" (სინაგოგა) ჰქონდათ.
შუა საუკუნეებში ებრაელები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობდნენ. მათი განსახლების ადგილებს ჩამოგვითვლის ვახუშტი ბაგრატიონი. XIX საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ქალდეველი ებრაელებიც სახლდებიან. როგორც აღნიშნავენ, წინამორბედების მსგავსად მათაც შეითვისეს ქართული ენა, ქართული ყოფა-ცხოვრება (ქ. აბულაძე, 1993, გვ. 69). XIX საუკუნეში საქართველოში ცხოვრობდნენ სპარსეთისა და ევროპელ ებრაელთა მცირერიცხოვანი თემები.
სპარსელი ებრაელებისაგან განსხვავებით, ევროპელი ებრაელები თანდათანობით მრავლდებოდნენ. ისინი ძირითადად თბილისში ცხოვრობდნენ და ფლობდნენ ქართულ ენას. 1886 წლის საოჯახო სიებით საქართველოში (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში) 14.714 სული ებრაელი მკვიდრობდა. საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსებისაგან განსხვავებით ებრაელთა დედაენა ქართული იყო.
დღევანდელ საქართველოში უცხო ეთნიკურ ერთეულებს შორის ყველაზე მეტნი სომხები არიან. ისინი კომპაქტურად ძირითადად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში-თრიალეთში ცხოვრობენ. საქართველოში სომეხთა მიგრაცია თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე ხორციელდებოდა. სომხების საქართველოში ხშირი გადმოსახლება განპირობებული იყო იმით, რომ ისინი საქართველოს მოსაზღვრენი იყვნენ. მტერთაგან ლტოლვილნი სომხები უშუალოდ საქართველოს მოაშურებდნენ ხოლმე. ორ მოსაზღვრე ქვეყანას საქართველოსა და სომხეთს შორის ხშირი იყო საზღვრების შეცვლაც. სასაზღვრო ზოლში თითქმის ყოველთვის იყო ქარულ-სომხური შერეული მოსახლეობა. ცნობილია, რომ V საუკუნის ქვემო ქართლში ღვთისმსახურება ქართულთან ერთად სომხურ ენაზეც მიმდინარეობდა, რაც თავისთავად აქ სომხური მოსახლეობის არსებობაზე მიუთითებს. X საუკუნის II ნახევარში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ლორე-ტაშირის სომეხ კვირიკიანთა სამეფო წარმოიქმნა, რამაც აქ სომეხთა მომრავლება გამოიწვია (გ. მაისურაძე, 1982; ლ. ზურაბაშვილი, 1989). სომხების საქართველოში მიგრაცია განხორციელდა რამდენიმეგზის. მაგალითად: XI საუკუნის შუა ხანებში, როდესაც მათ სახელმწიფოებრიობა დაკარგეს, დავით აღმაშენებელს მიგრანტი სომხების ჯგუფი ქალაქ გორში დაუსახლებია. ამავე პერიოდიდან სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. სომეხთა მნიშვნელოვანი რაოდენობა შემოსახლებულა საქართველოში XV საუკუნეში. თომა მეწოფეცის ცნობით XV საუკუნის 30-იან წლებში სივნიეთიდან 6000 ოჯახი გადმოსახლებულა. 1774 წელს ერევანზე ლაშქრობისას ერეკლე II-ს რვა სომხური სოფლის მოსახლეობა აუყრია და საქართველოში დაუსახლებია (გ. მაისურაძე, 1982).
საქართველოში დასახლებულ სომეხთა უმეტესობისათვის დედაენა ქართული იყო. ისინი ისევე ებრძოდნენ შემოსულ მტერს, როგორც ქართველები. არაერთი სომეხი დროთა განმავლობაში ეთნიკურად ქართველად იქცა. სომეხთა მნიშვნელოვანი შემოსახლება მოხდა საქართველოში 1829-1830 წლებში, კერძოდ, ჯავახეთში. სომხები აქ ცარიზმმა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან: არზრუმიდან, ყარსიდან, ბაიაზეთიდან... გადმოასახლა. ისინი ძირითადად ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ მართლმადიდებელთა ნასოფლარებში დასახლდნენ; პირველნი თურქეთში იყვნენ გადასახლებულნი, მეორენი კი - აღმოსავლეთ საქართველოში. 1829-1830 წლებში თურქეთიდან სამცხე-ჯავახეთში მიგრირებულა 14.044 კომლი (90.000 სული) სომეხი (შ. ლომსაძე, 1975, გვ. 342-362). ასე შექმნა რუსეთის ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოში ქართველთა დაუკუთხავად დიდი სომხური კომპაქტური დასახლება. საქართველოში წინა საუკუნეებში მოსული სომხებისაგან განსხვავებით, ჯავახეთში მოსულ სომხებს არასდროს გამოუჩენიათ ქართული ენის შესწავლის სურვილი. ეს გასაგებიცაა, ისინი ხომ რუსეთის იმპერიამ გადმოასახლა საქართველოს ტერიტორიაზე იმ დროს, როდესაც საქართველო რუსეთის კოლონია იყო.
1886 წლის საოჯახო სიების მონაცემებით საქართველოში 172.000 სომეხი მოსახლეობდა, რაც მთელი მოსახლეობის 10%-ს შეადგენდა. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ქართლში მცხოვრებ უცხო ეთნიკურ ერთეულთაგან შეიძლება დავასახელოთ ბერძნები. ძველი დროიდან ბერძნები დასავლეთ საქართველოშიც მკვიდრობდნენ. საქართველოს შავიზღვისპირეთში ბერძნულ კოლონიზაციას თან სდევდა ბერძნული მოსახლეობის დამკვიდრება ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში (მ. ინაძე, 1982).
არქეოლოგიური გათხრებით მცხეთაში ბერძენთა მცირე ჯგუფების არსებობას ვარაუდობენ (ა. აფაქიძე, 1963, გვ. 241). ისინი ძირითადად ხელოსნურ საქმიანობას ეწეოდნენ. შუა საუკუნეებში საქართველოში მსხვილი ბერძნული დასახლებები არ გვქონია. კომპაქტური ბერძნული დასახლებები საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევარში ჩნდება. ცნობილია, რომ მეფე ერეკლე II-მ ანატოლიელი ბერძნები ახტალისა და ალავერდის სპილენძის მადნების დასამუშავებლად მოიწვია. წალკის ველზე ლტოლვილი ბერძნების დიდი ჯგუფი დასახლდა 1830-იან წლებში გუმიშხანედან. ამავე დროს ბერძენთა 50 ოჯახი ჯავახეთის ახალქალაქში დასახლებულა, რომლებიც იქაურ სომეხთა ეთნიკურ-ენობრივ გარემოში გასომხებულან (შ. ლომსაძე, 1975, გვ. 337). აღნიშნულ დროს ბერძენთა 100-მდე ოჯახი სამცხის შავწყალის ხეობის ნასოფლარებში დასახლებულა, რომლებსაც შემდეგ თავი სოფელ ციხისჯვარში მოუყრიათ (შ. ლომსაძე, 1975, გვ. 337). 1886 წ. საქართველოში (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში) 28.774 ბერძენი მკვიდრობდა.
დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ეთნიკურ ერთეულს ქურთები შეადგენენ, რომლებიც ძირითადად თბილისში მკვიდრობენ. 1886 წელს თბილისში მხოლოდ ორი ქურთი ცხოვრობდა. თბილისში ქურთები პირველი მსოფლიო ომის დროს არიან მოსული თურქეთიდან. თუმცა ქურთები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (ლაპარაკია სამხრეთ საქართველოზე). 1886 წელს ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში ერთად 1388 სული ქურთი მკვიდრობდა (Свод... 1893). გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის მიხედვით ქურთები XVI საუკუნის სამცხე-ჯავახეთში მომთაბარეობდნენ. როგორც გარკვეულია, ისინი ყარს-ერევნის ტერიტორიიდან იყვნენ შემოსული (შ. ლომსაძე, 1975, გვ. 335). XIX ს-ის 80-იან წლებში სამცხე-ჯავახეთში ქურთები შვიდ სოფელში ცხოვრობდნენ.
მნიშვნელოვან უცხოეთნიკურ ერთეულს საქართველოში თურქები (თათრები, აზერბაიჯანელები) წარმოადგენენ. საქართველოს ტერიტორიაზე თურქ-სელჩუკები XI-XII საუკუნეებში იჭრებიან, მონგოლ-თურქები - XIII-XIV საუკუნეებში, თურქმანები - XIV-XV საუკუნეებში, ყიზილბაშები - XV-XVI საუკუნეებში, რის შემდეგაც ივრის, მტკვრის, ხრამის, დებედას ხეობებში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა თურქმანული ტომებით შეიცვალა. XVI-XVII საუკუნეებში ქვემო ქართლსა და გარე კახეთში ყიზილბაშური ტომები დასახლდნენ. მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხოვრობდნენ თარაქამები სამცხე-ჯავახეთში. 1886 წელს საოჯახო სიებით თბილისის გუბერნიაში 68.364 სული თათარი ცხოვრობდა. თუმცა ამ მონაცემებით ძალიან ძნელია განვსაზღვროთ რამდენი იყო ეთნიკურად თათარი (თურქი, აზერბაიჯანელი) და რამდენი მაჰმადიანი ქართველი.
XIX საუკუნის მანძილზე ოსების პროცენტული რაოდენობა საქართველოში 3% და 4%-ს შორის მერყეობდა. 1886 წელს ისინი 72.000-ს ითვლიდნენ. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ოსური დასახლებანი XVII საუკუნის შუა ხანებში განხორციელდა. რაც შეეხება საქართველოს უძველეს და ძირძველ ტერიტორიას - დვალეთს, აქ ოსები XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში დასახლდნენ. XVIII და XIX საუკუნეებში კი ოსები საქართველოს მთისწინეთსა და ბარში ფართოდ განსახლდნენ. ისინი ძირითადად ქართველთა ნასოფლარებში სახლდებოდნენ (რ. თოფჩიშვილი, 1997).
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ გერმანელებზე. 1886 წლის საოჯახო სიებით საქართველოში 5.836 სული გერმანელი მკვიდრობდა. გერმანელ კოლონისტთა პირველი ჯგუფი (181 სული) თბილისში 1817 წლის 21 სექტემბერს ჩამოსულა. ისინი სართიჭალასთან დაუსახლებიათ. 1818 წელს თბილისში გერმანელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მოსულა. სამეცნიერო ნაშრომებით ცნობილია, რომ 1819 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი გერმანული კოლონია იყო. 1884 წელს გერმანელ კოლონისტებს სოხუმის მახლობლად ორი კოლონია შეუქმნიათ (გ. მანჯგალაძე, 1974; ა. სონღულაშვილი, 1995).
რუსების დასახლება საქართველოში XIX საუკუნეში განხორციელდა. პირველად ჩვენში სახლდებოდნენ რუსეთის არმიაში ნამსახური ჯარისკაცები. 1837 წლიდან სამხედრო კოლონიები მოეწყო თბილისთან, წალკაში, მანგლისში, კოჯორში, ახალციხის მახლობლად...
ეს კოლონიები ეწყობოდა იქ განლაგებული ჯარის ბანაკებთან. ცარიზმს იმედი ჰქონდა, რომ ამ დასახლებებით საქართველოს რუსიფიკაციას მოახდენდა, მაგრამ "ასტავნოი" ჯარისკაცებმა ეს ვერ შეძლეს. პირიქით, XIX საუკუნის ბოლოს ალ. ყიფშიძე წერდა: "საუკუნის დასაწყისს დაბანაკებული ჯარისკაცნი ადვილად შეეჩვივნენ მეზობელ ქართველებს, ისწავლეს ქართული, ტანსაცმელი ნახევრად ქართული შემოიღეს, ხვნა-თესვის წესრიგი ხომ სრულიად ქართული აქვთ. ბაკურიანში დაბინავებულმა რუსობამ სრულიად დაივიწყა რუსული, მხოლოდ თითო-ოროლაღა ამტვრევს ჩიქორთულად რუსულს, სწორედ ტკბილი და მშვიდობიანი განწყობილება ჩამოვარდა ქართველებსა და პირველ რუს მოსახლეთა შორის" (ალ. ყიფშიძე, 1899, გვ. 1).
XIX საუკუნეში დასახლდნენ რუსი სექტანტები საქართველოში. მათი პირველი ნაკადი ჯავახეთში 1841 წელს მოსულა. ჯავახეთის მთიანეთში რვა რუსული სოფელი იყო. 1841-1845 წლებში ჯავახეთში ჩამოსახლდა 4.097 სული სექტანტი. 1886 წლის საოჯახო სიებით საქართველოში 40.662 სული რუსი მკვიდრობდა.
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ აფხაზებზე. 1886 წლის აღწერით აღრიცხულია 60.432 აფხაზი. მაგრამ, როგორც ამავე აღწერით ირკვევა, სამურზაყანოელი ქართველები აფხაზებზე იყვნენ მიწერილი. სამურზაყანოელების რაოდენობა კი ამ დროს 30.640 იყო. ე.ი. რეალურად XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში 29.792 აფხაზი ითვლებოდა (Свод...).
ამრიგად, საქართველო პოლიეთნიკური ქვეყანაა. ასევე იყო ისტორიულად. მაგრამ ეთნიკური აჭრელება ქვეყნისა ძირითადად ცარიზმის მიერ საქართველოს კოლონიად გადაქცევის შემდეგ მოხდა. 1800 წელს თუ ქართველები საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს წარმოადგენდნენ, 1897 წელს ეს მაჩვენებელი 69%-მდე დავიდა (ვ. ჯაოშვილი, 1984). მოზაიკური იყო საქართველო კონფესიური თვალსაზრისითაც. ქართველი ხალხის ეროვნულ რელიგიას მართლმადიდებლობა წარმოადგენს. საქართველოს მთელი ისტორია ფაქტობრივად არის სხვა ეთნოსთა და შესაბამისად სხვა რელიგიათა, ქართველობისა და მისი რელიგიისადმი დაპირისპირება. რელიგიათა ამ დაპირისპირებამ უკვალოდ მაინც არ ჩაიარა. ქართველ ხალხში გაჩნდნენ სხვა კონფესიათა - მაჰმადიანობის, კათოლიკობის, გრიგორიანელობის აღმსარებელნიც, XX საუკუნის დასაწყისში _ ბაპტისტები, XX საუკუნის დასასრულს - იეღოველები. ამის გამო, ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილი სხვა ეთნოსის შემადგენლობაში შევიდა. ქართველთა კონფესიური ჯგუფების დიდმა ნაწილმა კი ეროვნული ცნობიერება შეინარჩუნა. ასე რომ, საქართველოში კონფესიური მოზაიკურობაა თვით ქართველი ხალხის შიგნით.
1886 წლისათვის თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის 61,35% მართლმადიდებელი იყო. დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნიაში) ეს მაჩვენებელი 86,61%-ს შეადგენდა. საქართველოში მოსახლე სომხების ძირითადი ნაწილი სარწმუნოებით მონოფიზიტი (გრიგორიანელი) იყო. 1886 წ. ისინი თბილისის გუბერნიაში მკვიდრთა 22,25%-ს შეადგენდნენ. ქუთაისის გუბერნიაში სომეხ-გრიგორიანთა პროცენტული რაოდენობა 0,83% უდრიდა.
სომხური მოსახლეობის მცირე ნაწილი სომხურ-კათოლიკური სარწმუნოებისა იყო (თბილისის მაზრაში - 2%, ქუთაისის მაზრაში - 0,97%). უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ საქართველოში რომაულ-კათოლიკური სარწმუნოებისანი (თბილისის გუბერნიაში - 0,46%, ქუთაისის გუბერნიაში - 0,07%). იგივე შეიძლება ითქვას ლუთერანებზე (0,63% და 0,12%). რაც შეეხება მაჰმადიანებს, ჩვენში სუნიტური შტოს მიმდევრები ჭარბობდნენ. თბილისის გუბერნიაში სუნიტები მთელი მოსახლეობის 8,43%-ს შეადგენდნენ, შიიტები კი 2,41%-ს. ქ. ქუთაისის გუბერნიაში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 10,50%-ს და 0,13%-ს შეადგენდა. რაც შეეხება იუდეველებს, ისინი ქუთაისის გუბერნიაში 0,76% იყვნენ, თბილისის გუბერნიაში - 0,94%.
ჩვენ არაფერი ვთქვით აისორებზე (ასირიელებზე), სპარსელებზე, ქისტებზე, ლეკებზე, ბულგარელებზე, ბოშებზე. აისორები 1886 წელს თბილისის გუბერნიის მოსახლეობის 0,03%-ს შეადგენდნენ, ქისტები _ 0,30%-ს, ლეკები 0,01%-ს. სპარსელები ქუთაისის გუბერნიაში იყვნენ აღრიცხული (1299 სული, რომელთაგან მხოლოდ 51 იყო ქალი). ქისტები პანკისის ხეობაში XIX საუკუნის შუა ხანებში არიან გადმოსახლებული ჩაჩნეთიდან და ინგუშეთიდან. გადმოსახლებისას ისინი მართლმადიდებლებად მოინათლნენ, რამაც განაპირობა მათი ქართულსუფიქსიანი გვარები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პანკისელი ქისტები მაჰმადიანობას დაუბრუნდნენ.
ისტორიულად საქართველოში მცხოვრები არაქართველები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ. ისინი სრულყოფილად ფლობდნენ ქართულ ენას და საქართველოს მოქალაქეებად გაითვითცნობიერებდნენ თავს. ჟან შარდენი წერდა: საქართველოში "შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, ოსმალებს, სპარსელებს, თათრებს, მოსკვიტებსა და ევროპელებს. მათ მინიჭებული აქვთ თავისუფლება. აქ (საქართველოში) უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი" (ჟან შარდენი, 1975, გვ. 297-298). მეორე ევროპელი, გიულდენშტედტი იგივეს წერდა: "მმართველობა და სამღვდელოება ამჟღავნებს სრულ რჯულშემწყნარებლობას სომხების, კათოლიკეების, მაჰმადიანი და ებრაელი მოსახლეობის რელიგიის მიმართ, რომლებიც სრულებით არ ეკუთვნიან ბერძნულ ეკლესიას და არ სდევნიან მათ" (გიულდენშტედტი, 1962, გვ. 209) ახლა ერთი ქართული ხალხური ლექსიც გავიხსენოთ:
"ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩვენი ძმა არის,
ჩვენსა და სომხებ შუა განყოფილება'რა არის."
ასე რომ, ეროვნული ურთიერთობები საქართველოში თანამედროვე დასავლური ურთიერთობების დონეზე იყო. ტრადიციული ეროვნული ურთიერთობები საქართველოში რუსეთმა მოშალა. რუსეთის შემოსვლით ჩვენი ქვეყანა უფრო ჭრელი შეიქმნა. საქართველოში მოსახლეობის მოზაიკური აჭრელებით ცარიზმს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა.
დამოწმებული ლიტერატურა
1. აბულაძე, 1993 - ქ. აბულაძე, საქართველოში ებრაელთა ჩამოსახლების ისტორიიდან, მაცნე, ისტორიის... სერია, №3-4, 1993.
2. აფაქიძე, 1963 - ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, თბ., 1963.
3. გიულდენშტედტი, 1962 - გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გ. გელაშვილის გამოცემა, თბ., 1962.
4. ზურაბაშვილი, 1989 - ლ. ზურაბაშვილი, ეროვნებათშორისი ურთიერთობის ტრადიციები საქართველოში, თბ., 1989.
5. თოფჩიშვილი, 1997 - რ. თოფჩიშვილი, საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997.
6. ინაძე, 1982 - მ. ინაძე, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1982.
7. მაისურაძე, 1982 - გ. მაისურაძე, ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში, თბ., 1982.
8. მანჯგალაძე, 1974 - გ. მანჯგალაძე, გერმანელი კოლონისტები საქართველოში, თბ., 1974.
9. სინ. - I, 1970 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970.
10. სონღულაშვილი, 1995 - ა. სონღულაშვილი, გერმანელები საქართველოში, თბ., 1995.
11. ყიფშიძე, 1899 - ალ. ყიფშიძე, უცხოელების დაბინავება საქართველოში, “მოამბე”, 1899, №6, გან. II.
12. შარდენი, 1975 - ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975.
13. ჯაოშვილი, 1984 - ე. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბ., 1984.
14. Свод... - Свод статистических данных о населении Закавказского края извлеченных из посемейных списков 1886 г., Тф., 1893.
სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან - ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, ენა და კულტურა, თბილისი, 2005წ.
|