საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში
საქართველოს ანექსია

1783 წლის ტრაქტატი. რუსეთის მმართველ წრეებში კავკასიისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან. 80-იან წლებში ეკატერინე მეორის დიპლომატებმა შეიმუშავეს ახალო აღმოსავლეთის ათვისების გრანდიოზული გეგმა ("საბერძნეთის პროექტი"), სადაც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ნავარაუდევი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს მეთაურად ქართლ-კახეთი მეფე ერეკლე მეორე იყო გამიზნული. რუსეთის სამეფო კარზე ერეკლე მეორისა და სოლომონ I ის სათხოვარ პუნქტებს ყურადღებით მოეკიდნენ და შეამზადეს პირობები რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაშიც ორივე მხარე იყო დაინტერესებული.
1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე სიმაგრეში, კავკასიის ხაზის რუსთა სარდლის შტაბ-ბინაში, დაიდო რუსეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოს ხელშეკრულება. მას ხელი მოაწერეს რუსეთის მხრივ პავლე პოტიომკინმა, საქართველოს მხრივ ერეკლეს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ.
ამ ხელშეკრულების მიხედვით ქართლ-კახეთის მეფე შედიოდა რუსეთის მფარველობაში. რუსეთი ვალდებული იყო არ ჩარეულიყო ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებში. ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი მემკვიდრეობით უმტიკცდებოდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას, მაგრამ მეფეს ტახტზე ასვლისას რუსეთის იმპერატორისაგან უნდა მიეღო ნიშნები (გვირგვინი, სიგელი, დროშა და სხვა). ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ინიშნებოდა რუსეთის წარმომადგენელი (რეზიდენტი), რომელსაც ევალებოდა ზრუნვა ხელისმომწერ მხარეთა თანხმობისათვის. ხელშეკრულების "სეპარატიული არტიკულები" ადასტურებდნენ საგარეო ინტერესთა ერთობას. რუსეთი დაპირებას იძლეოდა ეზრუნა საქართველოსათვის კუთვნილი, სხვადახვა დროს თურქეთისა და სპარსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, გათვალისწინებული იყო ერეკლე მეორის და სოლომონ I ის პოლიტიკური შეთანხმება, რაშიც რუსეთი "მომრიგებლობას" კისრულობდა. თბილისში რუსთა ქვეითი ჯარის ორი ბატალიონი უნდა ჩაეყენებინათ.
1783 წლის ტრაქტატი "მეგობრული ხელშეკრულება" იყო და ფეოდალური ეპოქის საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით გულისხმობდა ნებაყოფლობით შესვლას ძლიერი სახელმწიფოს მფარველობაში, სუვერენულ უფლებათა შენარჩუნებით. იგი შეესაბამებოდა იმ დროის საქართველოს კონკრეტულ საგარეო ინტერესებს. აგრესიულ მეზობელთაგან გარემოცული ქვეყნისათვის "საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა".
მაგრამ ეს ხელშეკრულება შეიცავდა დიდ საშიშროებასაც სამომავლოდ სუვერენობის შენარჩუნების თვალსაზრისით. რუსეთის ხელისუფლებამ ფეხი მოიდგა საქართველოში და ამიერიდან მოვლენათა განვითარება დამოკიდებული იყო იმ საგარეო ძალთა ჭიდილზე, რომლებიც კავკასიის პლაცდარმის დაუფლებაში თანდათან მეტ დაინტერესებას იჩენდნენ.
კავკასიისათვის ერთის მხრივ რუსეთის, მეორეს მხრივს ირანისა და თურქეთის, და მათ ზურგს უკან მდგომი ინგლისისა და საფრანგეთის ქიშპობაში, რუსეთმა ამ ხელშეკრულებით მიაღწია დიდ უპირატესობას. კავკასიაში მან ფეხი მოიკიდა. ამიერიდან ცარიზმი ცდილობდა ამ პლაცდარმის განმტკიცებასა და გაფართოებას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ხელყოფით ემუქრებოდა.
1784 წლის 22 იანვარს თბილისში ჩატარდა რუსეთის ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიალი. ერეკლე II დაიფიცა რუსეთის ტახტის ერთგულებაზე. ამ ცერემონიალისათვის საქართველოში საგანგებოდ მოვლინებულმა რუსმა მოხელემ, პოლკოვნიკმა ტამარამ ერეკლე II გადასცა ეკატერინე II მიერ გამოგზავნილი სამეფო რეგალიები და საჩუქარი. ორმხრივ ხელმოწერილი ტრაქტატის გაცვლასთან დაკავშირებით რუსულმა ზარბაზნები 101-ჯერ მისცეს სალუტი.
სალუტების ექო კონსტანტინოპოლსა და თავრიზს გასცდა და ევროპის დიდი სახელმწიფოები - ინგლისიც და საფრანგეთიც შეაშფოთა. გაგულისებულმა თურქეთმა საქართველოს წინააღმდეგ აამხედრა ახალციხის საფაშო და კავკასიის მუსლიმური სახანოები. მტრებით გარემოცული საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. "ამისთანა განსაცდელში საქართველო არ ყოფილა" - აღნიშნავდა საქართველოს ელჩი რუსეთში გ. ჭავჭავაძე და სთხოვდა იმპერატორს სამხედრო დახმარებას. მაგრამ ერეკლე II-ს რუსეთი ცრუ დაპირებებს აძლევდა და თავისი ჯარიც გაიყვანა. საქართველო კვლავ თავისი ძალების ანაბარა დარჩა.
მძიმე ვითარებაში იმძლავრა იმ დასის განწყობილებამ, რომელიც რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას უარყოფითად აფასებდა. თვით ერეკლეც იძულებული გახდა საგარეო პოლიტიკაში რუსეთისაგან დამოუკიდებლად ემოქმედა. 1786 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება ქართლ-კახეთსა და ახალციხის საფაშოს შორის. ამ ზავით ერეკლეს სურდა ერთიმეორესათვის შეეთავსებინა ორ ქვეყანასთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ერეკლე იმასაც ცდილობდა, რომ მოეგვარებინა ურთიერთობა ირანთან და აღა-მაჰმად ხანთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა თავადი ციციშვილი.
მაგრამ ერეკლე მეორის ამ ღონისძიებებს არ მოჰყოლია საგარეო ორიენტაციის შეცვლა. რუსეთზე დამოკიდებულების არჩევანი ისევ ძალაში დარჩა.
საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის აღდგენის ცდები. საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის აღდგენა მუდამ იყო ქვეყნის მესვეურთა მისწრაფება. მაგრამ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ეს პრაქტიკულად განუხორციელებელი ჩანდა. საქართველოს ერთიანობა ეწინააღმდეგებოდა დამპყრობელთა ინტერესებს. ეს გასაგებია, რადგან დაქუცმაცებული ქვეყნის დამორჩილება უფრო ადვილად შეიძლებოდა.
ქვეყნის პატარა "საქართველოებად" დაქუცმაცების პერიოდში არ მოშლილა მთლიანობის შეგნება. იგი კარგად გამოსჭვიოდა ქართველ მეფეთა ტიტულებშიც ("ჩვენ მეფემან საქართველოსამან ანუ ქართლისა და აფხაზეთისამან, ორისავე ტახტის მტკიცედ მპყრობელმან"); ეს შინაარსი იყო ჩადებული სრულიად საქართველოს "ივერიად" სახელდებაშიც. "ზემო საქართველო" და "ქვემო საქართველო", როგორც ეს იმდრონდელ ეთნიკურ ისტორიოგრაფიაშია მოხსენებული, ორივე ნაწილის ისტორიულ ეთნიკურ ერთიანობს გულისხმობდა, ხოლო კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი თუ სხვა მის ცალკეულ პროვინციებს წარმოადგენდნენ.
ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანებისათვის რეალურად ხელსაყრელი ვითარება XVIII საუკუნის 80-იან წლებიდან შეიქმნა. ქართლ-კახეთის ერთიანი სამეფო მტკიცედ ეპყრა ხელთ ერეკლე მეორეს, რომლის ავტორიტეტი რიგ სამხდრო წარმატებათა შემდეგ, დიდად გაიზარდა და გავრცელდა დასავლეთ საქართველოზეც. თავის მხრივ, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისათვის ბრძოლაში წარმატებები მოიპოვა სოლომონ პირველმა. ერეკლე და სოლომონი კარგად გრძნობდნენ ერთიანობის უპირატესობას, თუმცა გავლენის სფეროების გამო მათ შორის წინააღმდეგობაც იყო. 1753 წელს მათ შორის სამხედრო კავშირიც დაიდო, რაც დროებთი შეფერდების შემდეგ ისევ განახლდა 1773 წლიდან.
საქართველოს გაერთიანების საკითხი პრაქტიკულად დადგა სოლომონ I გარდაცვალების (1784 წ.) შემდეგ. იმერეთის მომდევნო მეფე დავით გიორგის ძე ვერ აღმოჩნდა წინამორბედის დონეზე. იმერეთის ტახტს ერეკლეს შვილიშვილი დავით არჩილის ძე უნდა დაუფლობოდა იმ დროიდან, როცა ასაკოვანი გახდებოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ დავით გიორგის ძე ინტრიგების ქსელს ხლართავდა. ქვეყანა კრიზისული მდგომარეობის წინაშე იდგა. იმერეთის სამეფოს თავკაცთა შორის მომწიფდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და მთელი ქვეყნის ბედ-იღბალის ერეკლესათვის ჩაბარების აზრი. 1789 წელს იმერეთის ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები დელეგაციის სახით ერეკლე მეფესთან ჩავიდნენ. ამ დელეგაციაში გელათელ და ქუთათელ მღვდელმთავრებთან ერთად შედიოდნენ სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, თავადები იოანე აბაშიძე, სეხნია წულუკიძე და სხვები. მათ ერეკლეს შესთავაზეს "ინებოს და შეიერთოს თავისდა სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთ მთავრობისა დროთა". ერეკლემ საკითხი გაიტანა დარბაზის სამსჯელოდ. დარბაზის სხდომაზე თავი იჩინა საქართველოს ერთიანობის საკითხში საპირისპირო ორმა პოციზიამ. საქართველოს გაერთიანებას მხურვალედ დაუჭირეს მხარი სოლომონ ლეონიძემ, ჭაბუა ორბელიანმა, სარდალმა დავით ყაფლანიშვილმა, ქიზიყის მოურავმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა და სხვებმა. წინააღმდეგ გამოვიდნენ იოანე მუხრანბატონი და მისი თანამოაზრენი. ისინი ამბობდნენ რომ მერე ერეკლეს თავისი სამწყსოს მოვლა გასჭირვებია და დასავლეთ საქართველოს როგორღა მოუვლისო. ერთიანებოს მოწინააღმდეგე ბანაკს კულისებიდან ზურგს უმაგრებდა დარეჯან დეფოფალი. ერეკლემ საკმარისად ჩათვალა იმერეთის ტახტზე თავის შვილიშვილის გამეფება. ერთი სიტყვით, მეორე პოზიციამ გაიმარჯვა. სოლომონ ლეონიძის, ანტონ კათალიკოსის და სხვა პროგრესულ მოაზრეთა მხურვალე ცდები ქვეყნის გაერთიანებისათვის ჩაიშალა სასახლის კარზე მომძლავრებული კონსვერვატიული ბანაკის ძალისხმევით. მაგრამ ერთიანობის მომხრეთ ფარხმალი არ დაუყრიათ. 1790 წელს ივნისში სოლომონ ლეონიძის ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამხედრო კავშირი. ("ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თბილისს"). დასავლეთ საქართველო 1783 წლის ტრაქტატის პირობებს შეუერთდა.
აღა-მაჰმად ხანის შემოსევა. ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო ურთიერთობა 1790 წლიდან კიდევ უფრო გართულდა. ირანის ახალი მპყრობელი აღა-მაჰმად ხან ყაჯარი საქართველოდან რუსეთის ფეხის ამოკვეთას და ქართლ-კახეთში ირანის ადრინდელი მფლობელობის აღდგენას ამზადებდა. აქეთკენ აქეზებდა მას თურქეთიც.
1795 წელს აღა-მაჰმად ხანი მრავალრიცხოვანი ლაშქარით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. 10 სექტემბერს იგი თბილისს მოადგა. ერეკლემ ვერ შეძლო სავარაუდო რაოდენობის ჯარის შეკრება, რადგან მას განუდგა ბევრი სათავადო. ირანელთა 35 ათასიან ლაშქარს თბილისის მისადგომებთან მხოლოდ 5 ათასი ქართველი მეომარი დაუპირისპიდა. პირველ ბრძოლაში ერეკლეს მცირერიცხოვანმა მხედრობამ აღა-მაჰმად ხანის მოწინავე მოლაშქრენი დაამარცხა და უკუაქცია. ქართველთა მედგარი წინააღმდეგობით დაეჭვებული დამპყრობელი უკუნ გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ერეკლეს მოღალატეებმა ღამით თბილისიდან გააპარეს მტრის ელჩი. მან ცნობა მიიტანა თავის ბანაკში, რომ ქართველებს სარეზერვო ძალები არ გააჩნია და თბილისის დაპყრობა ადვილად შეიძლებაო. აღა-მაჰმად ხანის გამხნევებულმა ლაშქარმა 11 სექტემბერს კრწანისის ველზე კვლავ შემოუტია ერეკლეს მხედრობას. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ. ბევრმა ქართველმა დასდო თავი მამულისათვის, გაწყდა არაგველთა 300 მოლაშქრე, მაგრამ სიმრავლემ სძლია მამაცობას. ერეკლე დამარცხდა. მრისხანე დამპყრობელი შემოიჭრა თბილისში.
აღა-მაჰმად ხანმა თბილისში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალა. ირანელილ მოლაშქრენი განუკითხავად და უმოწყალოდ ხოცავდნენ ხალხს, ანგრევდენენ შენობებს, იტაცებდნენ ქონებას. დაანგრიეს ზარბაზნების ქარხანა, ზარაფხანა, სტამბა, აბანოები, დაწვეს თბილისის ბიბლიოთეკა. მარბიელი ლაშქარი შიდა ქართლის სოფლებსაც მოედო, ცეცხლს მისცეს ახტალის ვერცხლის და სპილენძის სადნობი ქარხნები, გაწყვიტეს დიდძალი მოსახლეობა.
აღა-მაჰმად ხანის ურდოებმა ქართლში 9 დღე ითარეშეს, ერეკლე II ამ დროს ანანურს იყო გახიზნული. იგი ახალ ლაშქარს ამზადებდა. დახმარებას სთხოვდა კავკასიის ხაზის რუსთა მხედრობის სარდალს გენერალ გუფოვიჩს, ამასთან, დროის გაყვანის მიზნით აღა-მაჰმად ხანთანაც ეწეოდა მოლაპარეკებას.
აღა-მაჰამად ხანი ირანში საშინაო ვითარების გართულების გამო იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. იგი აპირებდა საქართველოზე ხელმეორედ გალაშქრებას, მაგრამ შეთქმულებმა მოკლეს. კრწანისის ბრძოლაში თითქმის მარცხს უცდიდაო, - მხოლოდ 1795 წლის დეკემბერში კვლავ შემოვიდა საქართველოში რუსთა ორი ბატალიონი. რუსებმა 1796 წლის აპრილში ამიერკავკასიაში ლაშქრობა წამოიწყეს, დარუბანდი და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ქალაქები დაიკავეს. ერთი წლის შემდეგ რუსებმა ჯარი საქართველოდან კვლავ გაიყვანეს. მოკავშირე ქვეყნის - ქართლ-კახეთის მძიმე მდგომარეობა რუსეთს სრულიად არ აწუხებდა, ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ მაშინ იხსენებდა. როცა მისი ინტერესები ამას მოითხოვდნენ. ეკატერინე მეორეს გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო კარზე თანდათან მწიფდებოდა საქართველოს სრული დაპყრობის აზრი.
1798 წელს ერეკლე მეორე გარდაიცვალა. მის მემკვიდრეთა უნიჭო პოლიტიკა და ქიშპობა სამეფო ტახტის დასაუფლებად ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა რუსეთის ადრინდელი ჩანაფიქრის, - საქართველოს სრული ანექსიის - განსახორციელებლად.
დარეჯან დედოფალმა ერეკლეს ჯერ კიდევ 1791-1792 წლებში გამოძალა დათმობა - შეეცვალა მეფობის მემკვიდრეობის წესი. ერეკლეს შემდეგ მეფობა ამიერიდან არა შვილზე, არამედ ოჯახში უფროსზე უნდა გადასულიყო. მეფემ, ამასთან, შვილებს საუფლისწულო მამულები დაურიგა, რითაც ქართლ-კახეთის მიწა-წყალი დააქუცმაცა. დედოფლისადმი ამ დათმობამ ერეკლეს შემდეგ კრიზისული მდგომარეობა შექმნა. თავიანთ საუფლისწულოებში გახელმწიფებული ერეკლეს შვილები სამეფო ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ. ეს ქიშპობა წყალს ასხამდა საგარეო მტერთა წისქვილზე.
1801 წლის მანიფესტი. 1798 წელს, ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი მეთორმეტე, მას აკლდა სახელმწიფო მართველობის მამისეული ნიჭი და ენერგია; იმდროინდელ საშინაო და საგარეო სირთულეებს გიორგი თავს ვერ ართმევდა. სასახლის კარზე გაძლიერდა მეფისადმი მტრული დაჯგუფება, რომელსაც ერეკლეს ქვრივი - გიორგის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი მეთაურობდა. დარეჯანი იმისათვის იბრძოდა, რომ გიორგის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი თავისი შვილის იულონისათვის შეემზადებინა. გიორგი კი ცდილობდა გაეუქმებინა ერეკლეს შემოღებული წესი და ტახტი თავის შვილის დავითისათვის დაემტკიცებინა.
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე საშინაო საქმეების აწეწვა და ქიშპობა არ გამოპარვია მეზობლებს. ირანის შაჰი გიორგის დაჟინებით სთხოვა ხელი აეღო რუსეთის მფარველობაზე და ირანის ქვეშევრდომობა ეღიარებინა. გიორგის არ გააჩნდა ქვეყნის თავდაცვისათვის საჭირო ძალები. რუსეთმა, მართალია, ისევ გაიხსენა 1783 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი და თბილისში ერთი პოლკი ჯარი გამოგზავნა, მაგრამ ეს გიორგის გაჭირვებას ვერ შველოდა... რუსეთის ხელმწიფეს იგი საიმედოდ სამხედრო დახმარებას და ფინანსებს სთხოვდა და იმაზეც თანხმდებოდა, რომ თავის სუვერენული უფლებები შეეზღუდა და რუსეთისათვის მიეცა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებაც.
XVIII საუკუნის მიწურულში კავკასიის საკითხი გააქტიურდა აგრეთვე ინგლისის და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში. ეს ქვეყნები ირანისა და თურქეთის მეშვეობით ცდილობდნენ რუსეთის განდევნას კავკასიიდან და აქ გაბატონებას. რუსეთმა კარგად ისარგებლა ქართლ-კახეთის საშიანო და საგარეო სიძნელეებით და მოქიშპეებს დაასწრო მის ანექსიის ღონისძიებათა განხორციელება. 1800 წლის 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I გამოსცა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ამ მანიფესტით ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნიის უფლებით შედიოდა იმპერიის შემადგენლობაში. პავლეს არ დასცალდა ამ მანიფესტის განხორციელება. იგი მომდევნო წელს 12 მარტს სასახლის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. პავლეს მანიფესტის საქართველოში ჩამოტანამდე გიორგი მეთორმეტეც გარდაიცვალა. საქართველოს საკითხის გადაწყვეტა ახალ იპერატორ ალექსანდრე I ხელში გადავიდა.
ალექსანდრე I მეტ ანგარიშს უწევდა ევროპის დიდ სახელმწიფოებს და ცდილობდა საქართველოს საკითხი გადაეწყვიტა იმგვარად, რომ მოქიშპეთა მხრივ პრეტენზიები ნაკლები ყოფილიყო.
რუსეთთან შეერთების თაობაზე ქართული საზოგადოებრივი აზრის "შესწავლა" მან დააკისრა კავკასიის ხაზის სარდალს გენერალ კნორინგს, რომლის დასკვნები სამსჯელოდ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გაიტანა. სახელმწიფო საბჭოში საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა იმ საბაბით, რომ ევროპა ამ აქციას დაპყრობად შეაფასებდა. საქართველოს შეერთების საკითხი უმრავლესობის მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა. 1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორის ხელმოწერით გამოიცა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს მანიფესტი დაგვიანებით, მომდევნო წლის 12 აპრილს გამოცხადდა, თბილისში სიონის ტაძარში მოწვეულ ქართველ წარჩინებულთა შეკრებაზე. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს სიონი გარშემორტყმული იყო რუსთა სამხედრო ნაწილებით, რომელთაც საიდუმლო დავალება ქონდათ წინააღმდეგობის ყოველგვარი ცდა იარაღით ჩაეხშოთ.
წესრიგის დასამყარებლად თბილისში მოვლინებულ რუსის ჯარს, როგორც წესი, თან ჩამოჰყვა მოხელეთა შტატი, რომელსაც ამიერიდან აღმოსავლეთ საქართველო უნდა ემართა. მხარის უზენაესი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალი ხდებოდა "მთავარმართებული". ეს თანამდებობა გენერალ კნორინგმა დაიკავა. საქართველოს სამოქალაქო საქმეთა მართვაში მის პირველი თანამშემწე იყო "საქართველოს მმართველი". ამ თანამდებობაზე დანიშნულ იქნა გენ. კოვალენსკი. საქართველოს მართველობა დაიყო ოთხ ექსპედიციად. (აღმასრულებელ, სამოქალაო, სისხლის სამართლის და სახაზინო). მათ შორის მთავარი იყო აღმასრულებელი ექსპედიცია, რომელსაც თვით კოვალენსკი განაგებდა იმპერატორის სახელით. ექსპედიციების უფროსებად რუსი მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ. ქართლ-კახეთის სამეფო დაიყო მაზრებად. მაზრის უფროსებად ინიშნებოდნენ რუსი ოფიცრები, რომელთაც "კაპიტან-ისპრავნიკები" ეწოდებოდათ. ქვეყნის მართველობის ასეთის ორგანიზაცია აღებული იყო რუსეთის კანონმდებლობიდან და იმეორებდა საგუბერნიო მართველობის 1775 წლის დებულებას, ფორმალობისათვის მართველობაში დაშვებული იყო ქართული ელემენტები. მაგრამ იმდენად, რომ მხარის მართვა წმინდა რუსული კანონებით ოდნავადაც არ დაბრკოლებულიყო.
ამრიგად, 1801 წლის მანიფესტით ცარიზმმა განახორციელა საქართველოს რუსეთთან თვითნებური მიერთება, რითაც თავადვე დაარღვია 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, მოსპო მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და განახორციელა სრული ანექსია. საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში ეს აქტი დიდი უბედურება იყო.
ცარიზმმა გააუქმა ბაგრატიონთა სამეფო პრეროგატივა. დავითი, რომელიც გიორგიმ მისივე სიცოცხლეში რუსეთის სამეფო კარის დასტურით მემკვიდრედ დაიმტკიცა, ცარიზმმა რუსეთს გადაასახლა. რუსეთში გადასახლება გადაუწყვიტეს საქართველოს უკანასკნელ დედოფალს - გიორგი მეთორმეტის მეუღლეს მარიამსაც, მაგრამ ამ ბრძანებას იგი არ დაემორჩილა. 1805 წელს, როცა მარიამს ოთახში შეუვარდა ციციანოვის მიერ მიგზავნილი რუსი გენერალი ლაზარევი, დედოფალმა იგი ხანჯლით განგმირა. ეს აქტი სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულო არ დამორჩილებია რუსეთის უკანონო მოქმედებას და თავის ულებას საქართველოს სუვერენულ მართველობაზე სისხლით იცავდა.
დასავლეთ საქართველოს დაპყრობა. ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ ცარიზმმა ენერგიულად მოკიდა ხელი კავკასიის პლაცდარმის გაფართოებას. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა საქართველოს მმართველად 1804 წელს დანიშნულმა გენერალმა პავლე ციციანოვმა, რომელიც აღზრდილი იყო რუსულ ყაიდაზე და მოქმედებდა მისი ინტერესებით. რუსეთმა შეიერთა დერბენდის, ყუბის, ბაქოს, თალიშის სახანოები და საზღვრები დიდად გადასწია კასპიის ზღვის მიმართულებით, ცარიზმმა დღის წესრიგში დააყენა აგრეთვე თავისი სამფლობელოს გაფართოება შავი ზღვის მიმრთულებითაც.
დასავლეთ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება XIX საუკუნის დამდეგს მეტად გართულებული იყო. სოლომონ მეორე ადრე რუსულ ორიენტაციას ადგა, მაგრამ ქართლ-კახეთში დატრიალებულმა აგრძნობინა, რომ ეს ორიენტაცია დასავლეთ საქართველოსაც ქართლ-კახეთის ხვედრს უმზადებდა. სოლომონმა განაგრძო ბრძოლა 1793 წლის მფარველობითი ტრაქტატის პირობების შენარჩუნებისათვის და საქართველოს სამეფო ტახტზე იულონ ერეკლეს-ძის გამეფებას დაუჭირა მხარი. ცარიზმი ამზადებდა პირობებს იმერეთის სამეფო ტახტისაგან სოლომონის ჩამოცილებისა და დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროთა თანდათანობით მიერთებისათვის.
პირველი სამთავრო, რომელზედაც, დასავლეთ საქართველოში გავრცელდა რუსეთის ხელისუფლბა, იყო სამეგრელო. 1803 წლის ივლისში გრიგოლ დადიანმა რუსეთის ქვეშევდრომობის ფიცი დადო. შემდეგ იგივე ნაბიჯი გადადგა გურიის მთავარმაც. მარტოდ-მარტო დარჩენილი სოლომონ II იძულებული გახდა თავადაც რუსეთის ქვეშევრდომობაზე დათანხმებულიყო. 1804 წლის 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც იმერეთის მეფე რუსეთის მფლობელობაში შედიოდა იმავე პირობით, როგორითაც სამეგრელოს სამთავრო. ამის შემდეგ ციციანოვმა დაიწყო აფხაზეთის საქმეებშიც ჩარევაც. მაგრამ აფხაზეთში ოსმალეთის ბატონობა გრძელდებოდა და ამ მხარის შეერთებისათვის არსებითი ნაბიჯის გადადგმა რუსეთს ჯერ კიდევ არ შეეძლო. ციციანოვის მომდევნო მმართველები აგრძელებდნენ შეტავას შავი ზღვის მიმართულებით. ეს სწრაფვა უფრო გაცხოველდა 1805 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებიდან. სოლომონი ხვდებოდა რომ რუსეთის ხელისუფლება მას დაპატიმრებას და ბაგრატიონთა სხვა ოჯახების მსგავსად რუსეთს გადასახლებას უმზადებდა. იგი ქუთაისს გაეცალა და თავი ახალციხის სოფლებს შეაფარა. 1810 წლის თებერვალში მთავარმართებულმა ტორმასოვმა სოლომონი მიიწვია მოლაპარაკებისათვის, მაგრამ მუხანათურად დააპატიმრა და თბილისს ჩაიყვანა რუსეთში გადასახლების მიზნით, ერთგულმა პირებმა სოლომონი მალულად გამოიხსნეს პატიმრობიდან და ახალციხეში გააპარეს.
ამიერიდან იმერეთის მეფე რუს დამპყრობლებთან აშკარა შეურიგებელ ბრძოლაზე გადავიდა და სათავეში ჩაუდგა 1810 წლის იმერეთის აჯანყებას. უთანასწორო ბრძოლაში სოლომონი დამარცხდა. რუსთა ჯარები იმერეთს დაეპატრონენ. ამრიგად, ქართლ-კახეთის ხვედრი იმერეთმაც გაიზიარა. ისიც ანექსირებული იქნა. სამშობლოდან გადახვეწილი, იმედგაცრუებული სოლომონ მეფე 1815 წლის 7 თებერვალს ტრაპიზონში გარდაიცვალა.
1805-18012 წლების ომში რუსეთმა შავი ზღვის კავკასიური სანაპიროების შეერთების საკითხი ვერ გადაწყვიტა. იგი მართალია, სოხუმში დამკვიდრდა, მაგრამ ფოთი ისევ ოსმალებს დარჩათ. ცარიზმი აფხაზეთის რუსეთთან შეერთების კანონზომიერებას ასაბუთებდა საქართველოს ისტორიულ საზღვრების აღდგენის მოტივით და აქტიურად ერეოდა სამთავრო ტახტისათვის ბრძოლაში. აფხაზეთის მთავარი ქელეშბეი შარვაშიძე (ჩაჩბა) 1808 წელს თურქებმა მოკლეს. მისი უფროსი შვილი გიორგი შარვაშიძე რუსეთის მთავრობამ თავის მფარველობაში აიყვანა. 1810 წელს რუსეთის ქვეშევრდომ გ. შარვაშიძეს ზეიმით ჩააბარეს იმპერატორის წყალობა.



სტატიის ავტორი აკაკი სურგულაძე და პაატა სურგულაძე;      

მასალა აღებულია წიგნიდან „საქართველოს ისტორია", გამომცემლობა "თბილისი", 1992 წ.      



megobari saitebi

   

01.10.2014