გვიანი შუა საუკუნეები საქართველოსათვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლიტიკური კრიზისით მოცულ ქვეყანას სხვადასხვა მხრიდან უძლიერესი დამპყრობლები გაუმეზობლდნენ, რომელთა ერთ-ერთ ძირითად მიზანს კავკასიის დამორჩილება წარმოადგენდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებთან ერთად აჭარა ოსმალთა ბატონობაში მოექცა. დამპყრობთაგან მიტაცებული მიწა-წყლის დაბრუნებისათვის ბრძოლაზე ქართველ ხალხს ხელი არასოდეს აუღია, მაგრამ პოლიტიკურად დაქუცმაცებულ ქვეყანას ასეთი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისათვის ძალა არ ჰყოფნიდა.
ვითარება შეიცვალა XIX საუკუნის დამდეგიდან, როცა ამიერკავკასიაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი რუსეთმა და ირანისა და ოსმალეთის მთავარი მეტოქე გახდა კავკასიაზე ბატონობისათვის ბრძოლაში. ამდენად, გაჩნდა შესაძლებლობა ერთმორწმუნე რუსეთის მხარდაჭერით საუკუნეების წინ დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებისა, რასაც აღფრთოვანებით შეხვდა მაშინდელი ქართველობა.
XIX საუკუნის 60-70-იან წლებში ბალკანეთის საკითხის გამწვავებამ რუსეთ-თურქეთის ომი გარდაუვალი გახადა. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების შემთხვევაში კავკასია აუცილებლად იქცეოდა საომარი მოქმედებების ასპარეზად. რას მოუტანდა ორი დამპყრობის მორიგი დაპირისპირება საქართველოს, როგორი უნდა ყოფილიყო ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება მოსალოდნელი ომისადმი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობდა იმ პერიოდის ქართული პრესა, რომელიც იმავდროულად გამოხატავდა ქართველი ინტელიგენციის პოზიციასაც. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნებული ნ. ნიკოლაძის წერილი “საქართველო _ ომი თუ იქნა”. ავტორი წერს: “აღმოსავლეთის ომი თუ ატყდა, ბრძოლა მარტო რუსეთსა და ოსმალეთს შუა კი არ დაბოლოვდება. მარტო ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი ამგვარი “ომის შემოსაზღვრა” _ თუ რუსეთმა თავდაპირველშივე ხეირიანად დაამარცხა ოსმალეთის რაზმები, ისე, რომ ომის გაგრძელება აღარ შეეძლოს და თუ რუსეთის დიპლომატიამ იმწამსვე წარუდგინა ადვილად მისაღები მორიგების პირობა, მაშინ შესაძლებელია, რომ ომი ადვილად და მალე დაბოლოვდეს... თუ ბრძოლა გაჭიანურდა, მაშინ კი ოსმალეთის ევროპელი მომხრეები აუცილებლად თავს გამოიდებენ და ბრძოლა მთელს ევროპას მოედება... ჩვენს ქვეყანას დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა მოელის აღმოსავლეთის ომში. საქართველოთი რუსეთი პირდაპირ შედის ოსმალეთში... საქართველოს კი, ეხლა მაინც დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ინგლისის თვალში (“დროება”, №36, 3 აპრილი, 1877). ნ. ნიკოლაძის თვალსაზრისი დაადასტურა შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა. მოსალოდნელ ომში ქართველთა დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ნ. ნიკოლაძის პოზიცია გამოკვეთილი იყო: “ჩვენი ქვეყნის სახელი, სიკეთე და მომავალი ჩვენს საკუთარს საქციელზეა დამოკიდებული. ნუ შევირცხვენთ დღემდე პატივცემულ სახელს... ნუ დავიმალვით სოროში. ჩვენი გონიერი, წესიერი და პატიოსანი საქციელი მაღლა ასწევს საქართველოს სახელს და მტერსა და მოყვარეს დაანახებს, რომ ჩვენი ხალხი სიყვარულის, პატივისცემის, მორიდების და კეთილდღეობის ღირსია” (“დროება”, №36, 6 აპრილი, 1877) რუსეთის ცდა, დიპლომატიური გზით მოეხდინა გავლენა ოსმალეთზე, უშედეგო აღმოჩნდა და ალექსანდრე II-მ 1877 წლის 12 (24) აპრილს კიშინიოვში ხელი მოაწერა ოსმალეთთან ომის დაწყების შესახებ მანიფესტს.
ქართველი საზოგადოება სიხარულით შეხვდა რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებას, რადგან მიიჩნევდა, რომ მას “შედეგად მოჰყვება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლება” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V, თბილისი 1970). ომის დაწყებას და ამ მოვლენისადმი ქართველთა დამოკიდებულებას “ივერია” ასე აღწერდა: “12-ს აპრილს ხელმწიფე იმპერატორმა კიშინიოვში მოაწერა ხელი უმაღლეს მანიფესტს, რომლითაც ომი გამოუცხადა ოსმალეთს... ეს ხმა ელვაზედ უმალეს მოედო მთელს ქალაქსა... ორს საათზედ მთელი სიონის სობორო აივსო ხალხითა, კაცითა და ქალითა... ბანებზედ, ჩვეულებრივ ხალხი მოგროვდა”. წერილი ასეთი მოწოდებით მთავდებოდა: “ჩვენც ხმალს ხელი უნდა ვიკრათ და ჩვენს ძმებთან ერთად სისხლი ვღვაროთ” (ივერია” №7, 16 აპრილი, 1877).
რუსეთის ხელისუფლება კარგად ხვდებოდა, თუ რამდენად არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას ოსმალთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების პოზიციას, მით უფრო მხარდაჭერას. ცარიზმი ძალას არ იშურებდა მათი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად, მით უფრო, რომ სულთნის პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის ანტირუსული განწყობილების გაძლიერებას. კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილი, რომელიც იმავდროულად კავკასიაში მოქმედი ჯარების მთავარსარდალიც იყო, ასე მიმართავდა აჭარისა და ქობულეთის მოსახლეობას: “აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებნო!... ჩვენმა კეთილისმყოფელმა და კაცთმოყვარე ხელმწიფემ ამოიღო ხმალი არა იმისათვის, რომ დაჰსჩაგროს მშვიდობისმოყვარე მცხოვრებნი... იგი გზავნის ჯარს ჩაგრულთა დასაფარველად და მჩაგვრელთა შესაკავებლად. ხელმწიფესა სურს დაიცვას სიმართლე და პატივი... რუსის ჯარის ყოფნამ თქვენს ქვეყანაში უნდა გვაშოროს ერთმანეთის მტრობა-სიძულვილი და გულით შეგვათვისოს და დაგვაახლოვოს ჩვენ ძმებთან. ჰოი, ძენო კეთილშობილის ქართველის ტომისანო, ძმანო ყოველთვის ერთგულთა და საყვარელთა ქვეშევრდომთა რუსის იმპერატორისათა” (ივერია” №8, 23 აპრილი, 1877). სამუსლიმანო საქართველოს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ დაეკარგა ეროვნული ცნობიერება. სწორედ ამის შედეგი იყო რომ “რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878 წ.წ.) ომის დროს აჭარა მტკიცედ დადგა განმათავისუფლებელი არმიის მხარეზე” (საქართველოს ისტორია, 1984:45) ოსმალთა საუკუნოვანმა ბატონობამ მაინც ვერ გააქრო სამუსლიმანო საქართველოს მოსახლეო- ბაში ეროვნული მთლიანობის შეგნება. დედასამშობლოსთან დაბრუნებას აღტაცებით შეხვდა მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი. მოსახლეობის ასეთ განწყობილებას გამოხატავდა გულო კაიკაციშვილი, რომელიც ქობულეთში შემოსული განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლებზე მიმართვისას, 1878 წლის 19 აგვისტოს აღნიშნავდა: “ჩვენო ქართველებო, ჩვენო ძმებო, ნათესავებო და ბიძაშვილებო, თქვენი ჭირიმე, თქვენი, რომ ჩემმა თვალებმა დღეს თქვენ, ჩვენი ძველი ძმები... აქ, ქობულეთში დაგინახათ. ვმადლობ ღმერთსა და პატივს ვცემ მის განგებას, რომ ჩვენი და თქვენი ნატვრა შესრულდა, ღმერთმა შეგვაერთა... თქვენც ჩვენის დაახლოებით გაიხარებდით და მერე ჩვენის ასეთი შეერთებით და ამ ერთიანობის სიყვარულით აღდგება და გაძლიერდება საქართველო, როგორიც იყო იგი თამარის დროს. მაშ, გაუმარჯოს ჩვენს შეერთებას” (სურგულაძე აბ.1978: 304).
ომის მსვლელობაში ქართველობა არნახულ ენთუზიაზმს ავლენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ მეზობელი გურიისა და იმერეთის მცხოვრებლები. “გურულები ძალიან მხნეობასა და შესამჩნევ სურვილს ბრძოლაში მონაწილეობისას იჩენდნენ. Aმას წინათ რამდენიმე 12-16 წლის ყმაწვილები მოვიდნენ თურმე ჯარის უფროსთან და ითხოვეს, რომ საცა ჩვენი მამები დ ძმები არიან, ჩვენც იქ უნდა ვიყვეთო. თოფი მოგვეცით და ჯარში ჩაგვაყენეთო” (დროება”, №48, 1 მაისი, 1877) ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებას, აჭარის განთავისუფლებას, განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ქართველი ინტელიგენცია, რომელთა საერთო განწყობილება დიდმა ილია ჭავჭავაძემ ასე გამოხატა: “...ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი... ჩვენი ძველი საქართველო, დღეს ჩვენ შემოგვიერთდა” (ჭავჭავაძე ი., 1987) 1877-1878 წლების ომისადმი და ამ ომის შედეგად დედასამშობლოსთან დაბრუნებული აჭარისადმი ქართველი საზოგადოების დამოკიდებულების ნათელი გამოხატულება იყო 1878 წლის ნოემბერში თბილისში სამუსლიმანო საქართველოს დელეგაციის გულთბილი მიღება.
სტატიის ავტორი - ჯემალ კარალიძე;
მასალა აღებულია კრებულიდან - სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში. აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, ბათუმი, 2009 წ.
|