ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან

წერილობით წყაროებსა და ეპიგრაფიკაში, VIII-X საუკუნეების ქვემო ქართლს რომ ეხება, გვაქვს შემთხვევები აქაური მამფლების მოხსენიებისა. გვარამ  მამფალსო - მოთგვითხრობს „მატიანე ქართლისა“, „დაეპყრა ჯავახეთი. თრიალეთი, ტაშირი და აბოცი და არტანი... ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თჳსთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა სომეხთა მეფესა“.

სამშვილდის სიონის წარწერამი (777 წ.) მოხსენიებულნი არიან ვარაზ-ბაკურ და იოვანე „ნათესავით პიტიახშნი“. აქვე გადარჩენილი ერთი ასო „მ“ ავარაუდებინებს წარწერის გამომცემელს, ლ. მუსხელიშვილს, ტიტულ „მამფალს“. ბოლნისის სიონის სამხრეთის შესასვლელის წარწერაში, რომელიც IX საუკუნით თარიღდება, იხსენიება ელია ბოლნელი ეპისკოპოსი, „დავით მამფალი და შვილნი მათნი და აბულ მამფალი“. აქ ეს ტიტული მოცემულია დაქარაგმებულად - „მფ-ა“.

ტაშირის მამფალი გვხვდება სომეხ ისტორიკოს სტეფანოს ტარონელთან; მის ისტორიაში ნათქვამია, რომ X საუკუნეში გაგის მთავარი, დემეტრე მარზპანი ქართველებს მიემხრო, მიატოვა მამაპაპეული რჯული, ქართველად მოინათლა და თავისი შვილი ტაშირის მამფლად დასვა ჰჲუნევანში.

ესაა ის ცნობები, საიდანაც გამომდინარე შესაძლებელი ხდება დავასკვნათ, რომ ამდროინდელ ქვემო ქართლში მამფლებად წოდებული ქართველი ხელისუფლები ჩანან.

ამ მოვლენაზე ყურადღება გამახვილებული აქვს პ. ინგოროყვას. რომლის აზრით, IX საუკუნის „სამამლფო“ იგივეა, რაც ძველი იბერიის „საპიტიახშო“ და გვარამ მამფალი, რომელიც იყო მმართველი ქვემო ქართლისა და ჯავახეთ-არტაანისა, ძველი იბერიის ქვემო ქართლის საპატიახშოს ადგილზე ზის.

,,მამფალ“-„პიტიახშის“ ტიტულთა მნიშვნელობის იგივეობას იქვე ავტორი ამაგრებს შენიშვნით სქოლიოში: „სამშვილდის სიონის წარწერაში VIII საუკუნესა, ტაშირის მფლობელნი მოისსენიებიან, როგორც ნათესავით პიტიასშნი“ (იხ. პ. ინგოროყვა. ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია). ხოლო ამავე ხანებში იგივე ტაშირის მფლობელნი მოიხსენიებიან ტიტულით „მამფალი“ (დავით და აბულ მამფალნი დასახელებულნი ბოლნისის სიონის წარწერებში). იხ. აგრეთვე სტეფანოს ტარონელის (ასოღიკის) მატიანე, სადაც ტაშირის მფლობელი მოიხსენიება, როგორც ტაშირის მამფალი“ (ხაზგასმა ყველგან ჩემია - დ ბ.).

ქვემო ქართლის ამ სამამფლო ტერიტორიას ავტორი შემდეგაც უბრუნდება მოსე ხორენელისა და სომხური უსახელო გეოგრაფიის ცნობათა განხილვისას: ,,მე-9 საუკუნის სამამფლო ეს იყო მემკვიდრე ამაზე ადრინდელი. VII-VIII საუკუნეებამდე არსებული ქვემო ქართლის საპიტიახშოსი.

IX საუკუნის სამამფლოში. საისტორიო ძეგლის „მატიანე ქართლისაჲ“-ს ცნობის თანახმად, შედიოდა შემდეგი ტერიტორიები: ა-ბ) ტაშირი, რომლის ფარგლებშიაც IX საუკუნეში გაერთიანებული იყო ტაშირისა და გარდაბნის მხარეები; გ) თრიალეთი; დ) ჯავასეთი; ე) არტაანი.

ეს არის სამამფლოს ძირითადი ტერიტორია (სამამფლოს ფარგლებში შედიოდა ერთხანად აგრეთვე აშოცი, მაგრამ შემდეგ, გვარამ მამფალმა „აშოცი განუყო ცოლის-ძმასა თჳსსა სომეხთა მეფესა“.

ამას გარდა სამამფლოს სათავეში მდგომ მთავარს გვარამ მამფალს ჰქონდა აგრეთვე წილი კლარჯეთში (რომელიც ამ დროს საქართველოს ბაგრატიონთა საერთო სამფლობელოს წარმოადგენდა); გვარამ მამფალს, როგორც ჩანს მატიანის ცნობებიდან, მშენებლობა უწარმოებია კლარჯეთში.

შევადაროთ ამის შემდეგ სომხურ უსახელო გეოგრაფიაში აღწერილი გოგარენის საპიტიახშოს ტერიტორია და IX საუკუნის ამ ადმინისტრაციული ერთეულის სამამფლოს (საპიტიასშოს) ტერიტორია. ისინი ჰფარავენ ერთი-მეორეს...

ამრიგად, ისევე როგორც მოსე ხორენელის ტექსტში IV საუკუნის გოგარენის საპიტიახშოს სახით აღწერილია VII საუკუნეში არსებული ადმინისტრაციული ერთეულის ქვემო ქართლის საპიტიახშოს ტერიტორია, ამგვარადვე სომხურ უსახელო გეოგრაფიაში აღწერილია ავტორის დროს არსებული IX საუკუნის ადმინისტრაციული ერთეულის სამამფლოს (საპიტიახშოს) ტერიტორია“.

განვიხილოთ რამდენად სწორია მოცემული სურათი; უნდა ითქვას, რომ „სამამფლო“ ავტორისავე მიერ შექმნილი ტექნიკური ტერმინი ჩანს, „საპატიასშოს“ ანალოგიით. ასეთი გამოთქმა არ გვხვდება წყაროებში, მაგრამ თუ „საპიტიახშოს“ ხმარებას გარკვეული საფუძველი აქვს (მეტად თუ ნაკლებად განსაზღვრული ტერიტორია ქვემო ქართლში, ერთი საგვარეულოს რამოდენიმე თაობაში მემკვიდრეობით გადასული წოდება), გვარამ მამფლის საბრძანებელზე ამას ვერ ვიტყვით: გვარამი საკუთარი ძალით იპყრობს დასახელებულ ოლქებს, ამათგან თავისსავე სიცოცხლეში აბოცი სომეხთა მეფეს გაუყო, ხოლო თრიალეთი ლიპარწიტ ბაღვაშმა იგდო ხელთ. დარჩა მას ტაშირი, ჯავახეთი და არტაანი, ესენიც გვარამმა თავის ძმებს დაუნაწილა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ მტრებმა დაისაკუთრეს.

გამოდის, რომ გვარამის ამ სამფლობელოს, სულ დიდი 3 ათეული  წელი თუ უარსებია. ასე რომ ამ მაგალითზე დაყრდნობით ზოგადად „IX საუკუნის სამამფლოზე“ კი არა, არამედ გვარამის სამამფლოზე შეიძლება საუბარი.

რაც შეეხება ქვემო ქართლის ზემოხსენებულ სხვა შემთხვევებს - სამშვილდის წარწერის ვარაზბაკური, „ნათესავით პიტიახში“ (თუ ის მართლაც მამფლად იწოდებოდა) და დემეტრე გაგელი მარზპანის ძე - „ტაშირელთა მამფალი“ - არავითარ კავშირში გვარამ მამფალთან არ არიან; ასევე უცნობია ბოლნისის წარწერის დავით და აბულ მამფლების რაიმე მიმართება მასთან. ერთადერთი საერთო ყველა ამათ აქვთ პატივი მამფლისა. ის რომ ესენი ძველი ქართლის საპიტიახშოს ტერიტორიაზე იხსენიებიან, ვერაფერი გამაერთიანებელი ფაქტორია აქაური „სამამფლოს“ ჩამოსაყალიბებლად, რადგან მათი მოხსენიების ხანაში (VIII-X საუკუნეები), ეს სამშვილდის საერისთავოს, ან საპიტიახშოს ერთიანი ქვეყანა აღარაა. მხოლოდ გვარამია, რომელიც ამ ტერიტორიის ნაწილს ჯავახეთ-არტაანთან ერთად, მეტნაკლები ერთიანობით იპყრობს არაბთაგან და ისიც დროებით. გვარამის ქვეყანას, ბუნებრივია, აღარაფერი აქვს საერთო ძველ რომელიმე ქვეყანასთან, ესაა მის მიერ შექმნილი „ქვეყანა“ და აკი ნებისმიერადვე ანაწილებს კიდეც მას.

აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არც ბოლნისის, არც სამშვილდის წარწერებში არაა მითითებული ამ მამფლების საბრძანებელი ტერიტორია, ამიტომ არავითარი საფუძველი არა აქვს პ. ინგოროყვას განცხადებას, თითქოს ამ წარწერებში „ტაშირის მფლობელი, „ნათესავით პიტიახშნი“ - მამფლები იყვნენ მოხსენიებულნი“ (იხ. ზევით). ვერავითარ საამისო საბუთს ვერ ვპოულობთ ავტორის მიერ მითითებულ თავისსავე ნაშრომში - „ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. სათანადო გვერდზე არაფერი დამამტკიცებელი იმისა, რომ სამშვილდის სიონის წარწერაში ეს „ნათესავით პიტიახშნი“ ტაშირის მფლობელებად მოიხსენიებოდნენ  - არსად არაა.

ამ წარწერებიდან საერთოდ არ ჩანს არამც თუ ტაშირის ამ პირთა მიერ ფლობა, არამედ არც ის - მთელ ქვემო ქართლს სწვდებოდა მათი ბატონობა, თუ მის ცალკეულ ნაწილებს (ვთქვათ. ბოლნისის ქვეყანა და სსვა...). რომ ეს სწორედ ასე შესაძლოა ყოფილიყო, კარგად ჩანს ასოღიკის ხსენებული მაგალითიდანაც, სადაც დემეტრე მარზპანი თავის შვილს ტაშირის მამფლად სვამს მაშინ, როცა დავით სომეხთა მეფეს - თვითონ ტაშირელ კვირიკეანს, უპყრია ტაშირი, სამშვილდე, „ვრაც-დაშტი“, დმანისი. ამიტომაც დემეტრეს ძის ტაშირის მამფლად გამოცხადება არ ნიშნავს მის მიერ მთელი ტაშირის ფლობასაც კი (ასოღიკით ის დავით კვირიკეანს უკავია), არამედ, უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისას.

ასევე გამორიცხულია ამ „სამამფლოდან“ დავით გაგელი მარზპანის ძე (X ს); ბოლნისის სიონის წარწერათა დავით და აბულ მამფლები კი, მართლაც, IX საუკუნის პირები არიან, მაგრამ რა აქვთ მათ საერთო გვარამ მამფალთან და მის დიდ სამფლობელოსთან? არსად ჩანს - გვარამის მამფლობის თანამედროვენი არიან ისინი, წინა, თუ უფრო მოგვიანო ხანისა, ამათგან ხომ არც ერთი შესაძლებლობა გამორიცხული არაა. არ ჩანს ასევე, თითქოს ისინიც იმ სამამფლოს განაგებდნენ, რომელსაც გვარამი. მაშასადამე მთელი ამდენი მსჯელობა „IX საუკუნის სამამფლოზე“ „მატიანე ქართლისაჲს“ ერთი ცნობის ანაბარა რჩება.

დამახასიათებელია, რომ სულ სხვადასხვა საუკუნის ეს მამფლები (ერთი - „ნათესავით პიტიახში“, მეორე - „ტაშირის მამფალი“), მათზე დაყრდნობით შექმნილი „IX საუკუნის სამამფლოს“ გარეშე დატოვა თვითონ ავტორმაც. საბოლოოდ ამ სამამფლოში გვრჩება გვარამ, ტაშირ-ჯავახეთ-არტაანით (იხ. ზევით). მისსავე სიცოცხლეში დაწყებული დაშლა ამ სამფლობელოსი მისი სიკვდილის შემდეგ სრულდბა.

იმ ვარაუდის დაშვებისას, რომ ქვემო ქართლის ეს უცნობი მამფლები, „IX საუკუნის სამამფლოს“ ისეთივე გამგებლები არიან, როგორც გვარამი, ჯერ ერთი, აუხსნელი დაგვრჩება ის ფაქტი, რომ ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში ისინი ამ სამამფლოს სულ სხვადასხვა პუნქტებში სხედან, მეორეც დასამტკიცებელი იქნება, რამდენად ერთიანი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მთლიანობა იყო ქართლის საპიტიახშოს „მემკვიდრე,IX საუკუნის  ეს სამამფლო“.

სამამფლოს ძირითად ტერიტორიას, „მატიანე ქართლისაჲ“-ს ზემოხსენებული ცნობის მიხედვით, ავტორი ასე განსაზღვრავს: „ა-ბ) ტაშირი, რომლის ფარგლებშიაც IX საუკუნის  საუკუნეში გაერთიანებული იყო ტაშირისა და გარდაბანის მხარეებიც; გ) თრიალეთი, დ) ჯავახეთი; ე) არტაანი“;

ავტორის აზრით, რომელსაც იგი არაერთხელ იმეორებს, „ადრეულ საშუალო საუკუნეებში“ სამხრეთ ქართლი, ქართლის საპიტიახშოდ, ანუ ტაშირის სამთავროდ იწოდებოდა. ტექსტშიაც და მოცემულ რუკაზედაც ტაშირის მხარე გავრცელებულია აღმოსავლეთით მდ. კოლბამდე, ხოლო ჩრდილოეთით თეთრი წყარომდე. ე.ი. გამოდის, რომ ადრე შუა საუკუნეებში ტაშირი მოიცავდა წოფის, ბოლნისის, ქვეშის ჴევებს, კანგარს, ტაშირის ზეგანსა და სამშვილდეს.

სრულიად საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევა მოსე ხორენელის ისტორია, რომელიც ტაშირს ჩამოთვლის მის მსგავს ცალკეულ ოლქთა შორის, როგორიცაა კანგარი, წოფი, კოლბი, ძორი და სხვა. დამახასიათებელია, რომ კანგარი და წოფი (რომელთაც პ. ინგოროყვა ტაშირში გულისხმობს), არავითარ კავშირში ტაშირთან არ არიან, პირიქით: ხორენელის ცნობით, ერთ პირს ჰქონია მემკვიდრეობით მიღებული კანგარი, ჯავახეთის ნახევარი, კოლბი, წოფი, ძორი ჰნარაკერტის სიმაგრემდე, ხოლო აშოცის საუფლო და ტაშირის სასეპუჰო.-მეორეს რგებია საგამგეოდ.

სომხური გეოგრაფიის ცნობა, რომელსაც პ. ინგოროევა IX საუკუნისად მიიჩნევს და რაც, მაშასადამე, თნამედროვე ასახვა უნდა იყოს „IX საუკუნის  სამამფლოსი“, - ასევე სრულიად საწინააღმდეგო სურათს გვიხატავს. აქ ჩამოთვლილ ცალკეულ გავართა სახელებში იგულისხმება არა მარტო გეოგრაფიული მხარეები საქართველოსი, არამედ, „ჴევები“. ჰოდა ამ გეოგრაფიაში სულ ცალ-ცალკეა დასახელებული მანგლისის, ქვეშის, ბოლნისის, წოფის, კოლბის, ძორის ხევები, ასევე თრიალეთი, ტაშირი, კანგარი. არსაიდან ჩანს აქ ტაშირის იმგვარი გავრცელება-გაფართოება, რომელიც ავტორს მოაქვს თავის შრომაში.

ასევე არ ჩანს ამ გეოგრაფიიდან, რომ IX საუკუნეში ტაშირის ფარგლებში გაერთიანებული ყოფილიყოს ტაშირისა და გარდაბნის მხარეები, პირიქით როგორც ვნახეთ, ისინი სულ ცალ-ცალკე არიან წარმოდგენილნი.

ტაშირი თავის ძირითად საზღვრებშია მოცემული იოანე დრახსანაკერტელთანაც, ხოლო ძველი ქართული წყაროებიდან ამასვე მოწმობს სტეფანე მტბევარი. ერთგან ის აღწერს სომხეთის აოხრებას არაბთაგან; შესანიშნავია მისი თანმიმდევრული ჩამოთვლა - „მიწაჲ იგი სომხითისაჲ საზღვარი მისი და სახელები ჴევთა მისთაჲ“ რომელთა შორის დასახელებულია „ვასპურაგანი - ათორმეტი ჴევი... დვინა-დაშტი... სამი ჴევი... სივნიეთი - ათი ჴევი. ტაშირი და კოლბოფორი“. აქ ცხადად ჩანს, რომ ტაშირი ერთია ისევე, როგორც კოლბოფორი, იგი თავის ვიწრო საზღვრებშია მოცემული, მას არ აქვს ეს შემადგენელი ჴევები იგი ერთი „ჴევია“, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორი იტყოდა მათ რიცხვს, როგორც წინა მაგალითებში.

ცხადად ჩანს, რომ ადრეული ხანის სომხური და ქართული წყაროები ტაშირს, ამ ოლქს იცნობენ თავის ძირითად საზღვრებში - ტაშრატაფის ზეგანი. არ გვაქვს საფუძველი, ადრეულ საშუალო საუკუნეებში ქვემო ქართლის უდიდეს ნაწილზე სახელწოდება ტაშირი გავავრცელოთ ისე, როგორც ამას პ. ინგოროევა გვთავაზობს. ამით ეცლება ნიადაგი მტკიცებას, თითქოს სამშვილდისა და ბოლნისის სიონის წარწერებში „ნათესავით პიტიახშნი“, - მამფლები, იხსენიებოდნენ, როგორც მფლობელები ტაშირისა, თითქო IX საუკუნის მთელ სიგრძეზე ქვემო ქართლის ეს ნაწილი მთლიანი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული იყოს, ბუნებრივი მემკვიდრე ადრე არსებულ ქართლის საპიტიახშოსი.

მას შემდეგ რაც შექმნა „IX საუკუნის სამამფლო“ (ფაქტიურად გვარამის სამფლობელო), გააიგივა ტიტული პიტიახშისა და მამფლისა, ხოლო გვარამის სამამფლო ქვემო ქართლის საპიტიახშოს მემკვიდრედ გამოაცხადა, ავტორი უდარებს ერთმანეთს სამამფლოსა და სომხურ გეოგრაფიაში გუგარქად აღწერილ ტერიტორიას, საიდანაც თითქოს გამოდის, რომ „ისინი ჰფარავენ ერთი მეორეს“.

სომხური გეოგრაფიის მიხედვით, გუგარქში შედიოდა 9 ოლქი: ძორი, კოლბი, წოფი, ტაშირი, კანგარქი. თრიალეთი, ჯავახეთი, არტაანი, კლარჯეთი. „მატიანე ქართლისა“ კი გვარამის სამფლობელოში ჩამოთელის 5-ს: ჯავახეთი, თრიაღეთი, ტაშირი, აბოცი. და არტაანი (ამათგან აბოცი გვარამმა თავის ცოლის ძმას - სომეხთა მეფეს „განუყო“). იმისთვის, რომ როგორმე შეაეხოს გეარამის სამამფლოში დასახელებული ოლქების რიცხვი რათა ის გუგარქს დაამსგავსოს, ავტორს უსათუოდ სჭირდება კლარჯეთი, ძორი, კოლბი, წოფი, კანგარქი. ამათგან კლარჯეთი მას გვარამის სამფლობელოში შემოყავს იმ საეჭვო საბუთით, რომ გვარამს, მატიანის ცნობით, მშენებლობა უწარმოებია ოპიზაში (ცოტა წინ კი ავტორი გვარწმუნებდა კლარჯეთს ადარნასე მართავდაო).

რაც შეეხება ძორს, კოლბს და კანგარქს - ავტორს ისინი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ტაშირში შეუყვანია. ერთადერთი დამამტკიცებელი ამისა არის განცხადება: ტაშირში „მე-9 საუკუნეში გაერთიანებული იყო ტაშირისა და გარდაბნის მხარეები“, რისთვისაც, როგორც ვნახეთ, ამ დროისათვის საფუძველი არ არსებობს (იხ. ზემოთ).

მერე და ქვემო ქართლის პიტიახშები, მათი განდიდების დროსაც კი, არ ჩანს, რომ ფლობდნენ სომხურ გეოგრაფიაში გუგარქად მოხაზულ მთელ სამხრეთ საქართველოს (ცურტაველი, ლაზარ ფარპეცი, კორჳნი...) პ. ინგოროყვა, ჩანს აქ იყენებს თავისსავე მოსაზრებას, ძველ საქართველოში ოთხი საპიტიახშოს არსებობის შესახებ: ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მესხეთის დასავლეთ სანაპიროზე - ჭოროხსა და სპერში. გამოდის, რომ გუგარქის ტერიტორიაზე ორი პიტიახში იჯდა - ქვემო ქართლისა და კლარჯეთისა, ხოლო IX საუკუნეში, ქართველთა სამეფოში აღდგენილი ორი სამამფლო იგივეა, რაც ეს საპიტიახშონი.

რომ აღარაფერი ვთქვათ კახეთისა და შიდა ქართლის პიტიახშებზე, კლარჯეთშიც საპიტიახშოს არსებობა წყაროებით არ დასტურდება (ისევე, როგორც ვერ დავადასტურებთ გუგარქის ორ პიტიახშს). პირიქით, ისე ჩანს რომ, პიტიახში მხოლოდ ქვემო ქართლელი ხელისუფალია (შესაძლოა სამშვილდის ერისთავად მოხსენიებუილი „ქართლის ცხოვრებაში“).

ნათქვამს თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ატენის სიონის წარწერებში VIII საუკუნეში იხსენიება სტეფანოზ მამფალი, IX საუკუნეში მამფალი სუმბატ აშოტის ძე, ხოლო ოძრჴის (აბასთუმანი) წარწერაში - მამფალი არშუშა, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნება დავასკვნათ, რომ მთელი სამხრეთ საქართველო ორი სამამფლო კი არაა მხოლოდ, არამედ მხარეა, რომლის სხვადასხვა ნაწილებს მამფლები განაგებდნენ. „მამფალი“ საერო და სასულიერო ხელისუფალთა ზოგადი ტიტული იყო ძველ საქართველოში (მაგ. იოანე საბანისძესთან მოხსენიებულია „მამფალი სამოელ კათალიკოსი“).

ასეთ პირობებში რომელ კონკრეტულ შემთხვევას უნდა გულისხმობდეს პ. ინგოროყვას მიერ შემოთავაზებული ”IX საუკუნის სამამფლო“? - იგი ხომ ყველგანაა, სადაც მამფალი ზის. ყოველივე ზემოთქმულის გარდა, „სამამფლოსაგან“ განსხვავებით, „საპიტიახშო“ იმიტომაცაა მარჯვედ ხმარებული, რომ არსებული წყაროებით, შუა საუკუნეთა საქართველოში პიტიახში ერთი ჩანს და „საპიტიახშოც“ ამდენად განსაზღვრულია, მაშინ როდესაც „სამამფლო“ ზოგადია და ყოველ კონკრეტულ შემთხვეეაში მსაზღვრელს საჭიროებს (მაგ: „გვარამის სამამფლო“).

ამრიგად გამოდის რომ პ. ინგოროყვას აზრი ქვემო ქართლის საპიტიახშოსა და „IX საუკუნის სამამფლოს“ იგივეობაზე არ მართლდება.

ჩვენს მიერ განხილული მასალა საშუალებას იძლევა ითქვას შემდეგი: VIII-X საუკუნეებში ქვემო ქართლის სხვადასხვა ნაწილში ჩანან მამფლები, რომლებიც ისეთივე მმართველები არიან მეტ-ნაკლები ტერიტორიისა, „ქვეყნებისა“, როგორც სამხრეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან ცნობილი მამფლები. არ ჩანს, რომ აქაური, ამ ტიტულის მატარებელი ხელისუფღუბი, ყოველთვის მთელ ქვემო ქართლს ფლობდნენ ერთიანად, თუმცა არაა გამორიცხუღხი ზოგიერთს მეტი წარმატება ჰქონოდა ამ საქმეში, ამიტომ არაა სწორი საუბარი „IX საუკუნის სამამფლოზე“ ზოგადად, საუბარი შეიძლება გვარამის სამამფლოზე; „მატიანე ქართლისას“ ცნობა მისი საბრძანებლის შესახებ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს მხოლოდ გვარამის მიერ გაერთიანებული ტერიტორიაა და არ ჩანს მისი ასევე ჩამოყალიბებულ სამამფლოდ არსებობა გვარამამდე, ან მის შემდეგ, პირიქით გვარამი გამონაკლისი ჩანს ამ მხრივ, აკი ამიტომაც შეერქვა მას „დიდი“.

შემდეგ, არ უნდა იყოს სწორი პ. ინგოროყვას აზრი, თითქოს ადრე შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე, ქვემო ქართლის უდიდეს ნაწილს მოიცავდეს ტაშირის ცნება და, ამდენად, ის (ქვემო ქართლი) ყოველთვის ერთიანი ტერიტორია იყოს, უცვლელი საგამგეო პიტიახშებისა, „ნათესავით პიტიახშებისა“, თუ მამფლებისა. პირიქით - ქვემო ქართლის საპიტიახშოს მოსპობის შემდეგ (და თვით ამ საპიტიახშოს არსებობის დროსაც კი) ეს მუდამ მყარი, ერთიანი საგამგებლო ტერიტორია არასდროს ყოფილა, რომელსაც თითქოს მხოლოდ მმართველთა ტიტულატურა განასხვავებდა (ამიტომაც აკი ამ ტიტულებსაც აიგივებს ავტორი); ამის მოწმობად მოჩანს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ადრე შუა საუკუნეების მთელ სიგრმეზე დადასტურებული სულ განსსვავებული საერისთავოები (ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლისა თუ არჩილის დროინდელი), საპიტიახშო, სამამფლო, საერისთავთერისთავო, სამარზპნო, საჴევისუფლო თუ სამეფო ქვეყნები - აგრე ხშირად ნახსენები ქართულ-სომხურ წყაროებსა და ეპიგრაფიკაში.

თვით ამ ტიტულთა ასეთი ნაირფეროვნება იყო შედეგი ამ ქვეყნების განვითარებისა, გამოხატულება შინაგანი და გარეგანი ცვლილებებისა. ან თვით ამ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული თუ ეთნიკურ-გეოგრაფიული ცნებების ასეთი ცვლა განა ამ ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური განვითარების, მათი მუდამ მოძრაობაში ყოფნის მაჩვენებელი არაა? ვფიქრობ არ რჩება აქ ადგილი ამის მტკიცებისათვის რომ „IX საუკუნის სამამფლო იგივეა, რაც ძველი  იბერიის საპიტიახშო“, რომ, მამფალი და პიტიახში ერთი მნიშვნელობის ტიტულებია, რომ ერთმანეთს ფარავენ გუგარქისა და სამამფლოს ტერიტორიები...

 

* * *
შევეცადოთ თვალი გავადევნოთ, თუ როდის და რატომ გახდა შესაძლებელი ტაშირის ცნების ისე გაფართოება, რომ მას ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი მოეცვა, როგორც ეს განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ და სომხურ წყაროებში გვაქვს დადასტურებული.

IX საუკუნის დასასრულიდან ქვემო ქართლის ნაწილი ტაშირელ კვირიკეანთა პოლიტიკურ მომძლავრებას განიცდის. X საუკუნის 70-იან წლებში ტაშირის მმართველი გურგენი, მეფის ტიტულს იღებს და იქმნება ტაშირ-ძორაგეტის სამეფო (ძორაგეტი - სომხური წყაროებისა და ძორაკერტი - ზორაკერტი ქართულ წყაროებში აღნიშნავდა დებედის ხეობას).

ამ სამეფოს ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი - დავით გურგენის ძე „უმიწაწყლო“ (ეს სახელი  მას იმიტომ შეერქვა, რომ ბიმამისმა - ანისის მეფემ დავითს დროებით სამფლობელო წაართვა) თავის საჯდომ ქალაქად აქცევს სამშვილდეს. იგი წარმატებით ებრძვის თბილისის და განჯის ამირებს. მათ ხარჯზე აფართოებს თავის სამფლობელოს.

1046 წელს ანისის სამეფოს დაცემის შემდეგ, დავითი სრულიად დამოუკიდებელი მეფეა. მისი შვილი კვირიკე კურაპალატის ტიტულით უნდა იხსენიებოდეს ერთ სომხურ მონეტაზე. იგივე კვირიკე უნდა იგულისხმებოდეს უკან-დაღეთისა და ზემოყარაბულახის ქართულ წარწერებში.

მაგრამ ტაშირ-ძორაგეტის ეს სამეფო დღემოკლე აღმოჩნდა. უკვე XI საუკუნის შუა წლებიდან აქაური  მეფეები კარგავენ სამშვილდეს და ტაშირის სამეფოც იშლება.

ასეთია ძირითადი მომენტები ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ისტორიისა, რომელიც ფაქტობრივად ისტორიული ქვემო ქართლის უმეტეს ტერიტორიაზე გაიშალა.

არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს სომხური დინასტიის გაბატონებას ქვემო ქართლში მოეოლოდეს ძირეული ცვლილებანი ამ მხარეში.

ტაშირელ კვირიკეანთა პოლიტიკური ბატონობა არ იყო მტკიცე. იგი ხშირად ირყეოდა მეზობელ ქართულ და არაქართულ სამთავროებთან შეტაკებისას. ამ მხრივ საკმარისია დავასახელოთ გურგენ დიდი ერისთავთ-ერისთავი (918-941 წწ.) ძე ადარნასე II-სა, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოის წარმომადგენელი, რომელმაც „უმეტესნი სიმხნენი და ბრძოლანი ქმნა ყოველთა მამათა მისთასა და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი“. იოანე დრასხანაკერტელის ცნობით, მას დროებით სამშვილდეც კი უგდია ხელთ, თუმცა მალევე დაუკარგავს.

შესაძლოა სწორედ ეს გურგენ ერისთავთ-ერისთავი იხსენიებოდეს ბოლნისის სიონში ნაპოვნი ლოდის წარწერაში, სადაც იგი იოანე ბოლნელ ეპისკოპოსთან ერთადაა დასახელებული. ბუნებრივია ბოლნისი და მისი ქვეყანა ამ ქართველ ხელისუფლის სამფლობელოდ ვივარაუდოთ. გვარამ მამფლის ეს ღირსეული მემკვიდრე, ჩანს არ ეპუება ტაშირ-ზორაკერტელ კვირიკეანთა ბატონობას და მის პრეტენზიებს ხშირად რეალური შედეგი მოსდევს.

ამდროინდელ სომხურ სამეფოში საერთოდაც შეინიშნება მძლავრი ნაკადი ქალკედონიტური გავლენებისა. სტეფანოს ორბელიანისა და ვარდანის ცნობით, X საუკუნის დასასრულს სომეხთა კათალიკოსი ვაჰანი (ადრე სივნიეთის ეპისკოპოსი) დიდ მიდრეკილებას იჩენდა ქალკედონიზმისადმი. მას დაუწყია ქართული ხატების შემოტანა, რომლებითაც მოურთავს ეკლესიათა საკურთხევლები, თან ამ ბერძნული წესის დამკვიდრებას მოითხოვდა ყველა ეკლესიისათვის. ამას დიდი აღშფოთება გამოუწვევია, რასაც ანისის კრებაზე ამ კათალიკოსის კარიერაც უმსხვერპლია.

ასევე დამახასიათებელია ზემოთ არაერთხელ მოხსენიებული ცნობა ასოღიკისა, რომლის მიხედვითაც, გაგში მჯდომი დემეტრე მარზპანი ქართველებს მიემხრო და თავისი შვილი ტაშირის მამფლად დასვა ჰჲუნევანში.

ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ბამბაკისწყალზე (დებედის ზემო დინება) არსებული ვანანა-ვანქის ეკლესიის ქართული წარწერა, სადაც იხსენიება ამავე დემეტრე მარზპანის ძე გიორგი-ვანანავანელი მთავარეპისკოპოსი. იგი, ცხადია, ქართველია (ქალკედონიტი) და ქართულ ეკლესიას აგებს პოლიტიკურად სომეხთადმი დაქვემდებარებულ ტაიშირ-ძორაგეტის სამეფოში. თავის წარწერას იგი ამ სამეფოს მეთაურის დავით კვირიკეანის ზეობით განსაზღვრავს - 1022 წელი.

აღწერილი ფაქტი დამახასიათებელი იმიტომაა, რომ იგი ხდება ტაშირის სომხური სამეფოს უშინაგანეს რაიონში - ბამბაკის წყალზე, თორემ ამ სამეფოს განაპირა, ჩრდილო რაიონებში, ქართული აღმშენებლობა, ქართული წარწერები და ქართული (ქალკედონიტური) ღვთისმსახურება ჩვეულებრივ მოვლენად რჩებოდა. ამისი დადასტურებაა იმდროინდელი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების დიდი რაოდენობა ბოლნისის, დმანისის, სამშვილდის მიდამოებში, თუ ზურტაკეტში, სადაც არაერთი ქართველი ადგილობრივი ხელისუფალი იხსენიება.

ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა დაღეთ-ხაჩინში ნაპოვნი წარწერა ეკლესიის ბალავარის ქვაზე: ,,ქრისტე შეიწყალე ქობულ ჴევისუფალი, ესე და კარკნალჲ წყაროჲ მან ქმნა“. IX-X საუკუნის ეს წარწერა იმით იქცევს ყურადღებას, რომ ქართველი ჴევისუფალი სწორედ სომხური სამეფო დინასტიის არსებობის პირობებში კვირიკეან მეფეთა იმ დროს საჯდომი ქალაქის - სამშვილდის სიახლოვეს (დაახლ. 2-5 კმ) მოღვაწეობს, უფლობს.

ამ დინასტიის ორი მეფე - დავითი და კვირიკე სხვა ეკლესიათა ქართულ წარწერებშიც იხსენიებიან: უკან-დაღეთსა და ზემოყარაბულახში. ე.ი. ქვეყანა ისევ ქართული რჩება, ოდონდ სამეფო დინასტიაა სომხური და ისიც მოყვრობითაა დაკავშირებული ქართლისა და ჰერეთ-კახეთის ბაგრატიონებთან, საქართველოს ფეოდალურ სახლებთან.

ყოველივე ზემოთქმული და, რაც მთავარია, იოანე ბოლნელის იმდროინდელი მოღვაწეობა ბოლნისში გვაიძულებს, ტაშირის ეს სამეფო განვიხილოთ, როგორც ქართული ერთეული, სადაც ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა განსაზღვრავდა სამეფოს ხასიათს. ასე უყურებდნენ მას ქართველი იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწენი, რადგან ეს ხომ ის დროა, როდესაც გიორგი მერჩულეს თქმით: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი ადესრულების“.

ასეთი მიდგომის შემდეგ, თითქოს სინამდვილეს უახლოვდება სუმბატ დავითის ძის შენიშვნა ბაგრატ III-ის დროინდელ აღმავლობა-მოწინავეობის შესახებ, რომელსაც საქართველო ამიერკავკასიაში იწყებდა: ბაგრატ მეფემო „დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა, ნებიერად განაგებდა, მეფე სპარსთა თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა. უფროს სახლეულთა თჳსთასა“. მოტანილ ამონაწერში კარგად ჩანს არა მარტო ბრძოლით მოპოვებული წარმატებანი საქართველოსი, არამედ ხაზგასმულია თანამშრომლობა, თანამებრძოლობა მეზობელი სომხეთის სამეფოებთანაც.

ტაშირის ზემოხსენებული სამეფოს ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი - მეფე დავითი ქართულ წყაროებში იწოდება „სამშვილდარ-ძორაკერტელად“, რაც კარგად ასახავს ტაშირის სამეფოს ფარგლებს ქართველი ისტორიკოსის წარმოდგენით.

თუ ადრე შუა საუკუნეების სომხურ და ქართულ წყაროებში ტაშირი მოიცავდა ტაშრატაფის ზეგანს - ლოქის მთის სამხრეთით დებედამდე, განვითარებული შუა საუკუნეების იგივე წყაროები ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობითაც იცნობენ. საფიქრებელია, ტაშირელ კვირიკეანთა ქვემო ქართლში გაბატონებით (როდესაც მათ დაიპყრეს არატაშირიც), განსაკუთრებით სამშვილდის მათ რეზიდენციად გადაქცევის შემდეგ, დასრულდა ტაშირის ცნების გავრცელება-გაფართოების პროცესი იმგვარად, როგორც ჩვენ მას განვითარებულ შუა საუკუნეთა ქართველ და სომეხ ისტორიკოსებთან ვხვდებით. ეს ახალი ცნება ფართო მნიშვნელობით, პოლიტიკური აზრით, სწორედ ამ „ტაშირის სამეფოს“ გავლენით შემოდის...

გვიანი შუა საუკუნეების ისტორიკოსებთან, იმდროინდელ საბუთებში, ტაშირის ცნება თანდათან ისევ ძველ შინაარს უბრუნდება (საკუთრივ ტაშრატაფის ზეგანი). ახლა სომხითი ცალკეა, ტაშირი  - ცალკე, ბოლოს ლორეც სხვა შინაარსით გვხვდება - იგი ძველი ტაშირის სამხრეთ ნაწილს დაერქეა, ტაშირი კი - ჩრდილო ნაწილისღა შერჩა. ვახუშტი ამ ტაშირზე საუბრისას შენიშნავს: „მსახლობელნი არიან სარწმუნოებით სომეხნი, არამედ სამწყსონი არიან დმანისისა“, ამ უკანასკნელში „ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ტაშირისა და დბანისჴევისა“.

ბერი ეგნატაშეილი 1461 წლის ამბებთან დაკავშირებით მოგვითხრობს: „შეკრბა სიმრავლე ურიცჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა... ამას შინა ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ“. მაგრამ კიდევ ერთი დოკუმენტიდან კარგად ჩანს, რომ ეს ტაშირიც ერთიანი კი აღარაა, არამედ დანაწილებულია. 1675 წელს როსტომ მეფე მიმართავს ბარათაშვილებს: „ტაშირს რაც თქვენი მამა-პაპათ სამკუიდრო მამული ყოფილიყო, ყუელა გაგეყოთ... ამას წინათ ვინცავინ ლორეს მჯდომი ხანი და სულთანი ყოფილა ვერცავის ეხსენებინა... თქუენსა სიგელსა და განაყარის წიგნშიაც გიწერიათ ტაშირის შირჩაპატი, წითელი ეკლესია (სოფლებია ჩამოთვლილი - დ. ბ.)... ავდარასა და ბარქდარას შუა საქარავნო დიდი შარა რომ გაიარს, მარუჯვნივ საბარათაშვილოსაკენ საბარათიანო არის და მარცხნივ სალორისი არის, რასაც ლალვარი გადმოხედავს - სასომხითო არის, იმას გარდაის ლორისა არის, და ნურავინ ეცილების“.

ასე იცვლება ტაშირის ცნება სხვადასხვა ეპოქაში. თავდაპირველად ის გეოგრაფიული ერთეული ჩანს (ვახუშტის აზრით სივაკისათვის ეწოდა ასე). ასეა იგი პლინიუსთან თრიალეთის გვერდით დასახელებული. თუმცა აქვე არ ჩანს რა მოცულობისაა ეს ორი ოლქი, ამიტომ საეჭვოა ლ. მელიქსეთ-ბეგის აზრი, რომ „აქიდანაა ბორჯომის ხეობის შესავალი ნაწილის სახელწოდებაც „ტაშის-კარი“. „ტასის-კარი“. უთუოდ ამ სახელწოდების კვალს უნდა წარმოადგენდეს „თეზი“ და „თეძამი“, რომელთაგან პირველს ვახუშტი „თეზის ჴრამს“ უწოდებს, ხოლო მეორე ცნობილი სოფელი და ხეობაა ქართლში, თრიალეთის მთებს გადმოდმა“.

მოტანილი მაგალითებიდან „თეზის ჴრამი“ თრიალეთში აქვს დასახელებული ვახუშტის. ტაშის-კარი და თეძამი კი საკმაოდაა დაშორებული არა მარტო ტაშირს, თვით თრიალეთსაც. ისინი ამ ქედს გადადმა რჩებიან ჩრდილოეთით. ეს კი სრუილიად გამორიცხავს მათ რაიმე კავშირს ტაშირთან. საამისოდ საჭირო იქნებოდა ტაშირის ცნებას მოეცვა არა მარტო თრიალეთის, არამედ თორის ტერიტორიაც. ეს კი შეუძლებელია, რადგან შუა საუკუნეთა არცერთ ეტაპზე ტაშირი ასე ფართო არაა, ხოლო უფრო ადრეც თრიალეთი ასევე კარგად ცნობილი ოლქია. მაშ რჩება მხოლოდ გარეგანი მსგავსება ამ სახელებისა, რაც საკმაო საბუთად ვერ ჩაითვლება. ამას გარდა. რას უნდა დავუკავშიროთ მაშინ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავრცელებული ასეთივე სახელხები: თეზის მინდორი ოკამთან, თეზმისხევი საგურამოსთან?..

საერთოდ, წინაქრისტიანული ხანის ერთეულებზე მსჯელობისას, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ უცხო ავტორები ჩვეულებრივ უფრო მნიშვნელოვან, შედარებით მოზრდილ ოლქებს, ან ეთნიკურ-გეოგრაფიულ ერთეულებს ასახელებენ (გოგარენე და სსვა...). ასეთი ზოგადი, ფართო შინაარსის სახელები, იმ უძველესი დროის ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებისათვის, შუა საუკუნეთა ქართულ წყაროებსაც ახასიათებთ. მაგ.: „ქუეეანა არარატისა და მასისა“, „ზენა სოფელი“ და სხვ. 

ადრეულ შუა საუკუნეებში კი, როცა აგრე მრავლდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული, რელიგიური თუ ეკონომიკური ცენტრების რიცხვი, რომელთა სახელებითაც იწოდებიან პატარ-პატარა „ხევები“. იმ ძველ, ზოგად გეოგრაფიულ, თუ ეთნიკურ-გეოგრაფიულ სახელთა ადგილს (იმიტომ. რომ ახლა ეს კი არა, არამედ სხვა ნიშნები ქვეყნისა გამოდიან წინა პლანზე) იჭერენ ამ ხევებისა, თუ ქვეყნების სახელები. ასე მაგალითად, „ზენა სოფელში“ გამოიკვეთა: დვანის ველი. აჩაბეთის ხევი, რეჴა... „ქვენა სოფელში“ - მანგლისისხევი, ქვეშისხევი, ბოლნისისხევი, წოფისხევი... ამ დროის ტაშირი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არ აღემატება მის ძირითად ფარგლებს - სამხრეთ მთიანეთის ზემოხსენებულ ზეგანს.

ადრე შუა საუკუნეებშივე იწყება ამ მცირე ერთეულების ადმინისტრაციული შერწყმა-დაახლოება ახალი ფეოდალური ურთიერთობის ნიადაგზე. „საპიტიახშო“ და სხვა საერისთავოები გორგასლისა, თუ არჩილის ცხოვრების დროინდელი - სწორედ ამის დადასტურებაა; შერწყმა, დაშლა, ისევ შერწყმა სხვა, ახალი ურთიერთობის ნიადაგზე, ახალი პირობების შესაბამისად - ეს განუწყვეტელი პროცესია ცოცხალი ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულის არსებობისა.

საქართველოში ადრე შუა საუკუნეების დასასრული და განვითარებული შუა საუკუნეების დასაწყისი ქვეყნის ევონომიკური წინსვლით აღინიშნა. ზეგან-მთის მიერ ბარული მეურნეობის სრულყოფილი ათვისება ხდება (მესელეობა, მეფუტკრეობა, განვითარებული მეხორბლეობა...) და ამით მათი გამნიშვნელოვანება-დაწინაურება მზადდება. ბარში პირუტყვის სულადობის ზრდა ადიდებს მოთხოვნილებას ზეგან-მთაზე და პირიქით. ამ უკანასკნელზე მომრავლებულ მოსახლეობას სჭირდება გზა და უფრო ცხოველი ურთიერთობა მეზობლებთან. ნიშანდობლივია სწორედ ამდროინდელი ნასოფლარ-ნაეკლესიარების, გელაზებისა თუ წარწერათა სიმრავლე ტაშირ-თრიალეთ-ჯავახეთში. ტაშირს სჭირდება ხე-ტყე, რომელსაც იგი ლალვარ-ლოქის ჩრდილო ფერდობებიდან ეზიდება, იგივეა თრიალეთშიაც. ტაშირული სპილენძი და ძვირფასი ქვები ახალ მიმზიდველობას იძენენ...და აი, სწორედ ამ დროს (ფეოდალური ურთიერთობის ახალ საფეხურზე ასვლისას), არაბთაგან დაჩაგრულ აღმოსავლეთ საქართველოს ბართან შედარებით, წინ გამოდიან მესხეთ-ჯავახეთის ზეგნები არტანუჯით, ახალქალაქით, თრიალეთი - კლდეკარით, ტაშირი - სამშვილდე, ლორეთი. ამ ქვეყნის მფლობელნი ძლიერნი არიან ეკონომიკურად, პოლიტიკურად; მათ მიერ დამორჩილებულ, ადრე ხევებად გამოყოფილ ცალკე „ერთეულებს“ (ქცია, დმანისი, ბოლნისი, წოფი...), ერთიანად ჰფარავს ახლა ამ ძირითადი ოლქის - ტაშირის სახელი და ეს იმიტომ, რომ კვირიკეანი მეფეები „ტაშირელი“ ბაგრატიონები არიან რეზიდენციით სამშვილდეში (შდრ. თრიალეთი და კლდეკარის საერისთავო).

ზემოთ აღნიშნული თანდათან მზარდი ეკონომიკური ურთიერთმისწრაფება, საქართველოს ბარსა და ზეგან-მთიანეთს რომ აკავშირებდა, დამახასიათებელი მოვლენაა საქართველოს ფეოდალური ურთიერთობის ამ გარდამავალ საფეხურზე. მართალია იგი ყოველთვის მოქმედი ფაქტორი იყო, მაგრამ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა დროს გადამწყვეტი იყო ის, თუ რომელი ქვეყანა რა მნიშვნელობას იძენდა და რამდენად ახერხებდა ამ ურთიერთსწრაფვის მტკიცე კავშირად ქცევას. უბაროდ დარჩენილი ზეგან-მთიანეთი და უმთოდ დარჩენილი ბარი ვერასოდეს ვერ იქნებოდნენ ის სრულყოფილი ერთეულები, რომლებიც „ქართლსა ზედა“ ბრძოლაში წარმატების პრეტენზიით გამოდიოდნენ და რომელსაც ამ ხანის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონე მოითხოვდა... ამიტომაცაა დამახასიათებელი ტაშირის სამეფოსათვის „ვრაც-დაშტის“ – „ქართველთა ველის“ ის აუცილებელი დაპატრონება, რომელიც ასე ხაზგასმულია სომეხ ისტორიკოსებთან (მაგ.: სტეფანოს ტარონელი, იხ. ზევით).

XIII საუკუნის ცნობილი სომეხი ისტორიკოსი ვარდანი, მოგვითხრობს რა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ამბებს X საუკუნის მეორე ნახევრისას, მიუთითებს, რომ აქაური სამეფო დინასტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს მემკვიდრეობით ერგო ტაშირი. შემდეგ ჩამოთვლილია ციხეები, მათ შორის: „ხოჟორნი, ხორაკერტი, ბაზკერტი და სხვა ცნობილი სიმაგრეები ტაშირის მხარეში. ასევე სხვა ციხეები, რომელსაც ქართველები სომხეთს უწოდებენო“.

XIII საუკუნის ისტორიკოსის ეს მრავალმხრივ საყურადღებო ჩვენება ამჯერად იმიტომ. გვაინტერესებს, რომ მისი ბოლო სიტყვები ავტორის თანამედროვე ვითარებას ასახავს. ე.ი. მის დროს ქვემო ქართლს უწოდებენ სომხითს. თან ტაშირის შინაარსი ისეა გაფართოებული, როგორც ეს ხშირად გვაქვს ამ ხანის ისტორიკოსებთან“.

აქედან კარგად ჩანს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში ფეოდალური ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე ასული ერთიანი საქართველო, უმსხვილესი ადმინისტრაციული გაერთიანებების კრებულად ქცეული (ჰერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხის და სხვა საერისთავონი), სპობს ძველ ერთეულს - ტაშირის სამეფოს. ქართულ სინამდვილეში ჩნდება ახალი, ამ მხარის დასახასიათებლად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი - სომხითი. ქვეყანა ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ნიშნით (ტაშირის სამეფო.) ახლა შეცვალა ქვეყანამ ეთნიკურ-გეოგრაფიული ნიშნით (ხომხითი), რასაც თავისი გამართლება ჰქონდა, რადგან „დაიპყრეს ბაგრატ მეფისამდე სომხითის მეფეთა ადგილნი ესენი“. მაგრამ აქაც კი სხვადასხვა პერიოდის ორი ეს ქვეყანა ერთიმეორის გამეორება როდია: სომხითი შეიცავს სამეფო საკუთრებას, გაგის სანაპირო საერისთავოს, ლორეს - „სათავადოს და სამთავროს სომხითსა  შინა“, რომელმაც თანდათან შეავსო ტაშირის ძველი ცნება.

გვიან შუა საუკუნეებში, სათავადოებად დაყოფის პირობებში ტაშირის ცნება ისევ მცირდება საკუთრივ ტაშირამდე, მაგრამ საქმე ამით როდი თავდება: იწყება მისი დანაწილება, დაქვემდებარება სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებისადმი და ეს ახალი გაყოფა უკვალოდ როდი ჩაივლის: ტაშირი ახლა განყენებული, გეოგრაფიულად განსაზღვრული არეა, თორემ მისი აწინდელი მთავარი ნიშნებია - სახასო სამოაურო, საბარათაშვილო, სასომხითო, სალორო... ეკონომიკური და ადმინისტრაციული ზრდა აფართოვებს ან ამცირებს გეოგრაფიულ ცნებას.

თუ განვითარებულ შუა საუკუნეთა დასაწყისში მოსახლეთბით, ეკონომიკურად ღონიერმა ზეგანმა იძალა ბარის ხევებზე, გვიან, მოსახლეობისაგან დაცლილი, ვერანა ზეგანი სასურველი საძოვარია მხოლოდ და ბარის ხევებზე დამოკიდებული, მათ შორის ერთმანეთში საცილობელი არე.

 



სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.


megobari saitebi

   

01.10.2014