ქვემო დიდგორი და მისი ისტორიული მნიშვნელობა
თვალსაზრისი

დიღმის ხეობის შუა წელში და ქართლის (არმაზის) ხევის სათავეში აღმართულია დიდი, ლამაზი "დედა გორა"... წვერზე მოჩანს ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც დიდგორის წმიდა გიორგი ეწოდება. თუ ვინმე ამ მთის წვერზე ავა, მის თვალწინ გადაიშლება ქართლის ქედის, მტკვრის ხეობისა და შიდა და ქვემო ქართლის თვალისმომჭრელი სილამაზე, ლამაზად არის განფენილი გარე კახეთის სოფლები, თბილისი, არაგვის ხეობა. ამბობენ, აქედან "გორიც მოჩანსო", ერთი სიტყვით, დიდგორის მთის წვერი "მჭვრეტია" დიდი სივრცისა.
დიდგორი თავის მდებარეობით, გზების თავშესაყარი იყო. აქ გადიოდა სამცხეთო და სათბილისო გზები, აქვე იყო სამცხე–ჯავახეთზე მიმავალი გზა, ასევე უძველესი "საცხვრე გზა", რომელიც დღემდე არსებობს. დიდგორიდან ერთი მთავარი გზა თბილისისაკენ მიემართებოდა, რომელსაც ისტორიული დოკუმენტების მიხედვით "სადიღმო შარა" ეწოდებოდა. ცნობილია, რომ ძველად ქართლიდან და თრიალეთიდან თბილისში მომავალი გზა დიღომზე გადიოდა. "უამინდობის" და "შიშიანობის" დროს გზაში დარჩენილი მგზავრების შენახვა საქონლით ამ სოფლის მოვალეობას შეადგენდა. (იხ. ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის. 1964 წ., გვ. 216, "სტუმრისა და მდგმურის საკითხისათვის").
საერთოდ, დიღმის ხეობის იმ სოფლებს, სადაც სამეფო და საკათალიკოსო გლეხობა ცხოვრობდა, ევალებოდათ დიდგორის, მუხათგვერდისა ("დევის ნამუხლართან") და თბილისისაკენ მიმავალი გზის "ვიწროებთან" "ნაურდულარის" დაცვა.
დიდგორის შემოგარენი განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიული ძეგლებით. ამას მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქ აუგიათ წმიდა გიორგის სახელობის ცხრა ეკლესია. მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში გახლდათ "დიღმის თავის წმიდა გიორგი", რომელიც დიღმის ხეობის სოფლების დეკანოზის კათედრალი იყო. "დიდგორის წმიდა გიორგი" XI-XII საუკუნისაა. მას დიდი სახელი ქონდა არა მარტო დიღმის ხეობის მოსახლეობაში, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს დიდ რეგიონებში. დღეისათვის შემორჩენილ რიტუალებში დიდგორის წმიდა გიორგის მიმართ ხეობის მოსახლეობის განსაკუთრებული პატივისცემა მჟღავნდება. სტატიის ავტორს (ჯუანშერ სონღულაშვილი) კარგად ახსოვს, თუ როგორ ილოცებოდნენ მოხუცები ნადიმის დროს "მტერი გილახვროს და მოყვარე გიმრავლოს დიდგორის წმიდა გიორგიმ". დიღომში დღესაც ქორწილის მესამე, მეოთხე დღეს მექორწინეები ქორწილში მოტრიალე ხალხთან ერთად მიდიან დიდგორზე, ანთებენ სანთლებს, ლოცავენ დაქორწინებუნებს დ იქვე იმართება ლხინი.

არსებობს ხალხური ლექსი:
"ვაითუ, ქართლში გათხოვდე,
შავად შეგჭვარტლოს კვრის ბოლმა,
წადი, ილოცე ხატები,
ეგებ გიშველოს დიდგორმა...
ბუნებიდან გადაგწმინდოს
იმისმა მწვანე მინდორმა".


დიდგორის დღესასწაული გაზაფხულზე – 20 მაისს მოდიოდა. (ძვ. სტ. 7 მაისს). დღესასწაული იმართებოდა დიდგორის ველზე "მოსალოცავის გარშემო". "დიდგორის წვერზე" მხოლოდ ის მლოცველი მიდიოდა, ვისაც ქონდა შეთქმული. 20 მაისის დილით, ბინდ–ბუნდისას მიდიოდნენ, სანამ მზე ამოვიდოდა. მზის ამოსვლას იქ უნდა დასწრებოდნენ. მთის წვერიდან მინდორ–ველს, ხეობებს ეფინებოდა ცნობილი დიდგორის ზარის ხმა. ეს ზარი სიონის ცნობილ ზარს ეტოლებოდა ხმითა და სიდიდით.
საინტერესოა, რომ ერთ დღეს იყო ზედაზნისა და დიდგორის დღესასწაული. დიდგორის ველზე იკრიბებოდნენ ქვემო და შიდა ქართლის სოფლებიდან, მოდიოდნენ კახეთიდან, არაგვის ხეობის, თიანეთის სოფლებიდან და თბილისიდან. "შორი სოფლებიდან" წამოსული მლოცავები წინა დღეებში 18 და 19 მაისს იწყებდნენ მოსვლას. მოდიოდნენ მოჩარდახული ურმებით. ასე გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. დიდგორის წმიდა გიორგისაკენ მომავალ ძირითად მლოცველებს დიღომზე უნდა ამოევლოთ ურმებით. ურემზე ქალები და ბავშვები ისხდნენ, უკან კოფოზე საკლავი იყო მიკრული. ხოლო ურმის თვალზე "კურატი" ან "ბერზვარა" იყო გამობმული. სოფელზე მომავალ მლოცველებს "საყეფარაზე" მდგომი მოხუცები შეძახილებით ხვდებოდნენ: "გწყალობდეთ, გწყალობდეთ დიდგორის წმიდა გიორგის და მისი სალოცავების მადლი", "თქვენი მწყალობელიც იყო", – პასუხობდნენ მგზავრები.
ამ დღისთვის დიღმის ხეობის სოფლებში საზეიმო განწყობილება სუფევდა. ყველა ოჯახი განსაკუთრებულ სამზადისში იყო. ემზადებოდნენ დიდგორზე წასასვლელად და სტუმრის მისაღებად. ყველა ოჯახს მოლოდინი ქონდა შორი სოფლებიდან თავიანთი ახლობლების და აკითხავდნენ კიდევაც. განსაკუთრებით ახალგაზრდობა ემზადებოდა ამ დღისათვის. ერთი თვით ადრე იწყებდნენ ცხენების მოვლა–პატრონობას. საძოვრებს ურჩევდნენ, რომ კარგ ბალახში ეძოვებინათ, "ჯანზე" დაეყენებინათ, რათა დიდგორის ასპარეზობაზე სახელი მოეხვეჭათ. ღამის თევით მოსულები თავ–თავიანთ ბინას იღებდნენ "მოსალოცავის" ირგვლივ, განსაკუთრებით ტყის პირებს ირჩევდნენ გასაჩერებლად. ტყიდან წალო, შეშა და ფიჩხი გამოქონდათ. ცეცხლს ანთებდნენ, ლხინითა და ნადიმით ათევდნენ ღამეს, ასეთი დროსტარებით ხვდებოდნენ დღესასწაულს. აქ მოდიოდნენ ვაჭრებიც...სახელდახელოდ მოწყობილი ქოხების წინ გამოფენილი ქონდათ სხვადასხვა ხასიათის სავაჭრო საქონელი.
20 მაისს დილით ადრე დიდგორის გზები კვლავ მომსვლელებით ივსებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ დღესასწაულზე მაჰმადიანებიც იღებდნენ მონაწილეობას, მოქონდათ შესაწირი, ანთებდნენ სანთელს და ქრისტიანულ დღესასწაულს იზიარებდნენ.
დიდგორის დღესასწაული ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. სტატიის ავტორის ხელშწყობით (უანშერ სონღულაშვილი) 1955 წელს, დიდგორის წვერიდან აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი იქნა დიდი ქვისაგან გამოთლილი ნაყოფიერების ღვთაება, "ფალოსი" და ელინისტური ხანის კერამიკა. ქვის ქანდაკება წლების მანძილზე მუზეუმის ეზოში იდგა, ამჟამად ძეგლი არმაზის ფონდსაცავში ინახება. ძეგლის გადატანა განაპირობა დიღმის მინდვრის ჩრდილოეთით "ჭერმის კლდეებზე" არსებული ეკლესიის დანგრევამ. ამ შემთხვევამ შიში წარმოშვა დიდგორის წმიდა გიორგისაც არაფერი შემთხვეოდა და იქ დაცული ძეგლი, რომელიც წინაქრისტიანული სარწმუნოების საინტერესო მასალას წარმოადგენდა, გადასარჩენად მუზეუმში იქნა გადატანილი.
ქვემო დიდგორს შეეხება ის გადმოცემები, რომლებიც მრავალნაირი ვარიანტით გვხვდება დიღმის ხეობის მოსახლეობაში, სადაც ნათქვამია, რომ დიდგორის ბრძოლაში ძლევამოსილმა დავით აღმაშენებელმა გამარჯვების ნიშნად ეკლესიის აგება ბრძანა და დიდი ნადიმი გადაიხადა, მაგრამ რომელი ეკლესია ააგო დავითმა დიდგორის ველზე, ამის თქმა ძნელია. ამ ტერიტორიაზე აუარებელ ნაეკლესიარს ვხედავთ. 1987 წელს არქეოლოგიურმა დაზვერვებმა 5 ნაეკლესიარი გამოავლინა. აქედან ერთი გაითხარა 1988 წელს. მათ კიდევ ორი ეკლესია დაემატა. დიდგორის მთის გარშემო რაღაც სიძველე და ტრადიციულობა რომ არსებობს, ამას ქართლის ცხოვრება და ისტორიულ–დოკუმენტური მასალაც ავლენს. ეს გახლავთ ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი.
სამეფო სახლს, ცხადია, თან მოსდევდა ამალა თავისი "ჯალაბით". სავარაუდოდ, ეს ტრადიციული სადგომი უეჭველად შექმნიდა მატერიალური ხასიათის ძეგლს: საცხოვრებლებს, სამლოცველოებს, სახელოსნოებს, წყალსადენებს.
რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ზემო დიდგორზე? გვაქვს რაიმე მნიშვნელოვანი ძეგლი? არა, ამის მსგავსი არაფერი არსებობს, გარდა მწყემსების "ნაბინავრებისა" და ერთი საკულტო გორისა.
მხედველობაშია მისაღები ქართლის სოფლების ძირძველი მოსახლეობის ცნობაც იმის შესახებ, რომ ზემო დიდგორი "მთიულების დიდგორია", ხოლო ქვემო დიდგორი თავისი სალოცავებით "მამაპაპურია."
1970–71 წლებში, ზემო დიდგორზე დიღმის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რ. აბრამიშვილის ხელმძღვანელობით გათხარა ის საკულტო გორა. გაირკვა, რომ გორა ბუნებრივი მთა ყოფილა, ხოლო სამლოცველო XIX საუკუნის მასალას შეიცავდა. ქვემო დიდგორი კი ამ დროს, არქეოლოგიური ძეგლებით მდიდარი კუთხეა.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ განვიხილოთ ქართული ისტორიოგრაფიის ერთ–ერთი საინტერესო საკითხი, თუ სად იყო ის ბრძოლა, რომელიც "დიდგორის ომის" სახელით არის შეტანილი საქართველოს ისტორიაში. სად მოხდა "ძლევაი საკვირველი"?
პირველ რიგში გასარკვევია, საიდან, რა გზით მოდიოდა ეს კოალიციური ლაშქარი. დავითის ისტორიკოსს მხოლოდ ისა აქვს აღნიშნული, რომ მტრის ურიცხვი ლაშქარი, "ვითარცა ქვიშა ზღვისა", მოვიდა "თრიალეთს, მანგლისად დიდგორს". მათე ურჰაელის ცნობიდან კი ჩანს, რომ ილღაზი და დუბეისი, ასევე სულთანი მელიქი (თოღრული) განძიდან დაძრულან და იქიდან "საშინელი სიმრავლით შევიდნენ ქართველთა ქვეყანაში ქ. თბილისის მხარეს, მთაში, რომელსაც ქვია დეკორ (დიდგორი). (შ. მესხია, ტ. III, 1986 წ.. გვ. 90).
ამ საკითხზე სხვა ცნობა აქვს ალ. ფარიკს. მისი მონაცემებით, არზრუმიდან ილღაზი გაემართა "ყარსისაკენ და შევიდა იქ (საქართველოში) თრიალისით (თრიალეთით). შეკრიბა დიდი ლაშქარი, სულთანი თოღრული მოვიდა განძის მხრიდან, ხოლო ფახრ–ად–დინ თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდან, და იარა ამ ლაშქარმა იმდენი, რომ მასსა და ბილისს შორის დარჩა მთა ნახევარდღის სავალი". ამ ცნობების მიხედვით, დიდგორთან შეყრილი კოალიციური ლაშქარი სამი ხმრიდან მოსულა: ყარსიდან თრიალეთის გზით, განძიდან და დვინიდან. ცნობიდან ჩანს, რომ თბილისიდან ნახევარი დღის სავალზე იმყოფებოდა არა მარტო ილღაზის ლაშქარი, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, არამედ სულთანი თოღრული და თუღან არსლან კუზიანიც თავის ჯარებით.
ცნობიდა არ ჩანს ბრძოლაში იღებდნენ თუ არა მონაწილეობას თბილისელი და დმანისელი მაჰმადიანები. განა ამათი თაოსნობით არ მოხდა მოკავშირეების თავშეყრა? როდესაც დავითისაგან "შეიწრებულნი თურქმანნი" და მოქალაქეთა წარმომადგენლები "წარვიდეს სულთანსა წინაშე და ყოველსა სპარსეთსა".როგორც ჩანს, ისინი სულთანს ხლებიან, მაგრამ ამითაც არ დაკმაყოფილებულან და სხვა მაჰმადიანი მფლობელებისათვისაც მიუმართავთ. ისტორიკოსის განცხადება – "წარვიდეს .... ყოველსა სპარსეთსა" – სწორედ ამაზე მიუთითებს. სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაელის მიხედვით, შავტანსაცმლიანი და თავდაუხურავი ელჩები "გაჰკიოდნენ თავიანთ სულთანთან მის წინაშე თავიანთ დაღუპვას. ხოლო სხვები მივიდნენ არაბთა ოლქში, კარმინიის (კაბადოკიის) ქვეყანაში ამირა ხაზისთან – არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას ... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე ..."
შეუძლებელია, არ მიეღოთ მონაწილეობა მოკავშირეების ამ გაერთიანებულ ლაშქრობაში თბილისელ და დმანისელ მაჰმადიანებს და სავარაუდოდ, ამ გაერთიანებული ლაშქრის დათქმული თავშეყრის ერთ–ერთი ადგილი დიდგორი უნდა ყოფილიყო.არც ის ვარაუდი უნდა იყოს სწორი, რომ კოალიციური ლაშქრის ნაწილმა წალკის მხარეში, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა მეორე ნაწილმა კი დიღმის ხეობა დაიჭირა (შ. მესხია, დასახ. ნაშრომი, გვ. 94). როგორც ჩანს, ქვემო დიდგორიდან წალკამდე მტრის ლაშქარი მდგარა. ამხელა მანძილზე ლაშქრის გაშლა გადამწყვეტი ბრძოლის დროს შეუძლებელია. საერთოდ სხვა წყაროების მიხედვით თავმოყრა ხდება ერთ ადგილზე – დიდგორზე, რამაც განაპირობა გამარჯვება.
ზემოთ აღწერილი იქნა გზები, რომლებიც დიღმის ხეობის წელში ქვემო დიდგორთან იყრიდა თავს. ეს გზაშესაყარი შეიძლება ყოფილიყო სწორედ ლაშქრის თავშესაყრელი ადგილი. დიღმის ხეობა გვიანობამდე თბილისის საამიროში შედიოდა და ამ კოალიციის დროს მოკავშირეთა ძალებს თბილელ–დმანელ მაჰმადიანთა ლაშქარიც აქ უნდა შეერთებოდა. მათი მოსვლა მიზანშეწონილი იქნებოდა ქვემო დიდგორზე. ამავე დროს, ქვემო ქართლიდან და თრიალეთიდან ხომ აქეთ მოემართებოდა ორი უმთავრესი გზა. ლაშქარი აქ უნდა მოსულიყო და შეიძლება თამამად ითქვას, ერთ–ერთი მთავარი ცენტრი ეს ადგილი უნდა ყოფილიყო. აქედან საშუალება ეძლეოდათ ქართლის (არმაზის) ხევით ქართლის საქარავნო გზაზე გასულიყვნენ, მეორე – კარსან–მცხეთის ხიდით შიდა ქართლისაკენ გაჭრილიყვნენ, მესამე – მთავარი გზა თბილისზე აქედან მიემართებოდა.
როცა ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციიდან დაბრუნდა, კვირაობით გამოდიოდა სასეირნოდ საქართველოს სამხედრო გზის მიმართულებით, დიღმის მინდორზე. ძალიან ლამაზია და მომწონს ეს ადგილებიო, უთქვამს. ხშირად დიღომში ადიოდა ჯუანშერ სონღულაშვილის (სტატიის ავტორი) მამაპაპურ სახლში, იქ, სადაც ძველთაგანვე იყრიდნენ თავს ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

ერთხელ ასეთი სტუმრობის დროს ექვთიმესთან ერთად ჯუანშერ სონღულაშვილის სახლში მიბრძანებულა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მისი უწმინდესობა კალისტრატე ცინცაძე, მათ მიყვნენ სამსონ ფირცხალავა, გოგლა ლეონიძე, აკაკი შანიძე და სხვები. როდესაც დავით აღმაშენებელზე და დიდგორის ომებზე საუბრობდნენ, ირ. სონღულაშვილი ასაბუთებდა, "დიდგორის ომის ადგილად" ზემო დიდგორი არ არის სწორად განსაზღვრულიო და მოყავდა სათანადო მაგალითები: პირველი, რომ, დიდგორის ველზე არა თუ ნახევარმილიონიან, ასიათასიანი ლაშქარსაც ვერ მოათავსებო. ამის საშუალებას მხოლოდ ქვემო დიდგორის ველები იძლევიანო. მეორე, ქვემო დიდგორის ველზე ხვნის დროს გლეხები პოულობენ ისრის წვერებსა და შუბის პირებსო. გლეხები მათ "ნაომარ მინდვრებს" უწოდებენო. მესამე, "მანძილს" შეეხებოდა. როცა ძველი ისტორიკოსების ცნობებით, ლაშქრის გაჩერების ადგილს თბილისიდან "ნახევარი დღის სავალი გზით განსაზღვრავდნენ".

მიუხედავად ამგვარი დასაბუთებისა, რომელსაც თვით სტატიის ავტორიც იზიარებს (ჯუანშერ სონღულაშვილი), დღეს მეცნიერებაში ომის ადგილად ზემო დიდგორია მიჩნეული. თუმცა დროთა განმავლობაში ჯუანშერ სონღულაშვილის მუშაობამ ამ საკითხზე ცხადყო, რომ დიდგორის ბრძოლა ზემო დიდგორზე კი არა, ქვემო დიდგორის გარშემო მოხდა. ამს საფუძველს იძლევა შემდეგი მოსაზრებები და ფაქტირუი მასალა:
ზემო დიდგორის ველი ვერ დაიტევდა იმ კოალიციური ლაშქარის ნახევარსაც კი, რაც ისტორიულ წყაროებშია მოცემული. ეს მხოლოდ ქვმეო დიდგორზე მოხერხდებოდა. ამ დროს ყველაფერი გასათვალისწინებელია: მეომრები, ცხენები, აქლემები, ტრანსპორტი ბარგი და სხვა.
აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – წყლის საკითხი. საერთოდ ცნობილია, რომ მგზავრები, ეს იქნებოდა ურმისაღალი, ქარევანი. ლაშქარი თუ მოსიარულენი, ღამის სათევად თუ დასასვენებლად ისეთ ადგილს აირჩევდნენ, სადაც წყარო–ნაკადულები იყო. ზემო დიდგორს ასეთი წყლიანი ადგილები არ გააჩნია. ესაა "უწყლო მთა". ქვემო დიდგორი კი ყველანაირად შემკულია: ტბებით და წყარო–ნაკადულებითაც. მხოლოდ ასეთ ადგილს შეეძლო ისეთი დიდი ლაშქრის წყლთ უზრუნველყოფა. ამას უეჭველად ანგარიში უნდა გაეწიოს.
ყველა გზა თავს იყრის ქვემო დიდგორზე. ამ მხრივ თრიალეთზე წამოსული ილღაზის ლაშქარი წალკაში არ გაჩერდებოდა. თრიალეთის გზით ქვემო დიდგორზე ჩავიდოდა. ისე, როგორც დანარჩენი მოკავშირეები, თორე ქვემო დიდგორიდან, გნებავთ ზემო დიდგორიდან მანძილი წალკამდე 100 კილომეტრზე მეტია, ხოლო ქვემო დიდგორიდან ზემო დიდგორამდე 22 კილომეტრია. ამ მანძილებიდან საომარი ოპერაციების განხოორციელება შეუძლებელია. ისტორიკოსთა ცნობების მიხედვით ჩანს, რომ მტრის ლაშქარი თბილისიდან ნახევრი დღის სავალზე იმყოფებოდა. ნახევარი დღის სავალ გზად განისაზღვრება მანძილი ქვემო დიდგორიდან თბილისამდე. მაგალითად ცხენის საპალნიანი კაცი კორთახევიდან, გნებავთ თელოვანიდან, პირველი მამლის ყივლისას დაიძვრებოდა ადგილიდან, რათა გათენებულზე თბილისში ყოფილიყო. ძველად ხომ თბილისის საზღვრები უფრო შორს იყო. როგორც ლიტერატურიდა ირკვევა, კოალიციური ლაშქრის ნაწილმა მანგლისსა და ზემო დიდგორში დაიბანაკა, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა მეორე ნაწილმა კი (მეორე ნაწილი ქვემო ქართლიდან ალგეთ–ვერეს ხეობის გზით წამოვიდოდა–ჯ. ს.), დიღმის ხეობა დაიჭირა. ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ქვემო, ისე ზემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით – "დიდგორნი".მტრის მიერ დიდგორის ველი შესაყრელ პუნქტად შემთხვევით არ იყო შერჩეული – აქეთკენ მოემართებოდა არა ერთი გზა და გასასვლელი. კლდეკარი, საიდანაც ერთი გზა დიდგორისაკენ მიდიოდა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო ქართლისაკენ მიმავალი დამპყრობლისათვის, დიდგორიდან კიდევ გზა ეხსნებოდათ თბილისისაკენ. ზოგი ძველი ისტორიკოსის მიხედვით, მტრის ლაშქრის დიდგორთან შეკრება თბილისის კართან შეკრებას ნიშნავდა. ამას გარდა, აქედან მათ შეეძლოთ, მცხეთის შემოვლით, გასლვა შიდა ქართლში და დავითის ლაშქრის გარემოცვა. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი თბილისისაკენ აიღებდნენ გეზს (შ. მესხია, გვ. 94). ზემოთ მოტანილი აღწერილობიდან ჩანს, რომ მკვლევარები წინააღმდეგობაში მოდიან. თუ "მტრის ნაწილმა წალკის მხარეში, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, მეორე ნაწილმა კიდევ დიღმის ხეობა დაიჭირა, ისე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ქვემო, ისე ზემო დიდგორი (შ. მესხია, დასახ. ნაშრომი, გვ. 94), მაშინ მტრის ლაშქარი საკმაოდ გაფანტული მოჩანს, იმ დროს, როცა ქვემო დიდგორიდან, თანაც ზემო დიდგორიდან მანგლისამდე კიდევ სულ მცირე ამდენივე მანძილია. ლაშქრის ამგვარად განლაგება არ უნდა იყოს სწორი. თრიალეთისა და ქვემო ქართლის გზებით შემოსული ლაშქარი ერთ ბირთვად ქვემო დიდგორზე უნდა დამკვიდრებულიყო. განა ბრძოლის ვითარება ამას არ მიუთითებს? განა სამსაათიან ბრძოლაში არ განადგურდა მოკავშირეთა ეს უზარმაზარი მხედრობა და "ძლევაი საკვირველიც" – აქედან არ იწყება? "მცხეთის შემოვლით გავლა შიდა ქართლში" განა ქვემო დიდგორიდან არ უნდა განხორციელებულიყო? ან ქართლის საქარავნო გზაზე გასასვლელი ქვემო დიდგორთან არაა? ერთი სიტყვით, ბევრი რამ დასაზუსტებელია. თუ მტრის ლაშქარი ასე გალით იყო განლაგებული სათრიალეთო გზაზე, იგი მაშინ არც ისეთ დღეში აღმოჩნდებოდა, რაც ამ ბრძოლას მოყვა შედეგად.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე დავით აღმაშენებლის ნათქვამი, რომელიც ეხება ხეობის შესავალს, საიდანაც ქართველთა ლაშქარი შემოვიდა "ხეთა ხორგებით შევკარით" – ო. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ მეფის ბრძანებით გასავალ გზაზე ხერგილი აუგიათ. მთლიან ხეობაზე კი ხერგილის აგება შეუძლებელია. ხერგილი უნდა აეგოთ ისეთ მონაკვეთში, სადაც სტრატეგიულად ამის შესაძლებლობა იქნებოდა. ასეთ ხეობად (ასეთ ადგილად) სტატიის ავტორს ქართლის (არმაზის) ხევზე გამავალი გზა მიაჩნია, სადაც ფრიალო კლდოვან ადგილზე გადადის გზა მეორე ხეობაში და "ჩახერგილის" სახელითაა ცნობილი. ამ ტოპონიმის საფუძველზე XIX საუკუნის დასაწყისში, მთიულეთ–გუდამაყრიდან მირირებულ ხალხისაგან დაარსდა სოფელი "ჩახერგილი". ეს ის გაზაა, რომელიც ქართლის საქარავნო გზიდან დიდგორს უკან ამოდის და დიღომზე გავლით თბილისისაკენ მიემართება.
შ. მესხია ამ ტოპონიმზე წერს შემდეგს: "აღსანიშნავია, რომ დიღმის ხეობის თავში (შუა წელია. – ჯ. ს.), რომელიც ბრძოლის ერთი–ერთი ასპარეზი იყო, დღემდე დაცული ადგილის სახელწოდება – "ჩახერგილი" – იქნება, დავითის მიერ საგანგებოდ გადაკეტილი ჩახერგილი პუნქტის იმ დროიდან შერქმეული და დღემდე შემორჩენილი სახელი იყოს" (შ. მესხია, დასახ. ნაშრომი, გვ. 96). და თუ დიგორის კალთიდან შემოსულმა მტრის ლაშქრის მეორე ნაწილმა დიღმის ხეობა დაიჭირა, მტრის ლაშქრით გაივსებოდა როგორც ქვემო, ისე ზემო დიდგორი" (გვ. 94). ზემოთ მოტანილ ტექსტში აღნიშნულია, რომ დიღმის ხეობის თავში, რომელიც ბრძოლის ერთ–ერთი ასპარეზი იყო (შ. მ., გვ. 94), ხოლო ამ ასპარეზს დიღმის ხეობა, კერძოდ ქვემო დიდგორის ველები წარმოადგენდა, მაშინ სადაო არაფერი ყოფილა და დიდგორის ომიც ქვემო დიდგორზე უნდა ვიგულოთ.
ზემო დიდგორის მთა საკულტო გორად გადაიქცა XIX საუკუნის დასაწისში, მთიულეთის აჯანყების შემდეგ, როცა მთიდან მიგრირებული მოსახლეობა განსახლდა ქართლის მთების ნასოფლარებში. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ გორაზე ადრეული რაიმე ღირშესანიშნავი დამასაბუთებელი სიძველე არ ყოფილა. რაც შეეხება ბრძოლის ამსახველ მასალასაც (ისრის პირები, შუბის, ფარის და სხვათა ნამტვრევები), აქ არაფერი არ არის ნაპოვნი.
ხოლო ქვემო დიდგორი, რომელიც მდებარეობს ქართლის (არმაზის) სათავეში და დიღმის ხეობის შუა წელში, არის უძველესი საკულტო გორა "დედა გორა". მის წვერზე აღმოჩენილი ნაყოფიერების ღვთაება და აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მიუთითებს იმას, რომ ჯერ კიდევ ელინისტურ ხანაში გორა წარმოადგენდა წმიდა მთას, რომელზეც შემდეგ დიდგორის წმიდა გიორგის ეკლესია აღიმართა.
დიდგორის მთის გარშემო არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები მიუთითებენ იმას, რომ უელესი დროიდან მთის გარშემო მოსახლეობა ისხდა. მთის აღმოსავლეთის ძირამდე სამკილომეტრიანი ნამოსახლარია.
არქეოლოგირური გათხრებიშ შედეგად, რომელიც 1987 წელს დაიწყო, გამოვლენილი იქნა ეკლესია, რომელიც XI საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესია აშენებიდან მალევე დაუნგრევიათ. აქვე გაითხარა ნამოსახლარის ერთი კომპლექსი, სადაც აღმოჩნდა სახელოსნოები: კერამიკის, მინისა და ლითონის ქურები. ეს სახელოსნოებიც ცეცხლით არი გადაბუგული. ამავე ტერიტორიაზე მიაკვლიეს სხვა ნაეკლესიარს, რომელიც საგანგებოდ არის განადგურებული. გათხრების დროს მოპოვებულია ისრის წვერები, ფარისა და სხვათა ფრაგმენტები. აღსანიშნავია, აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ ამ მინდვრებში ხვნის დროს გლეხებიც ხვდებიან ისრის, შუბისა და სხვა იარაღბის ფრაგმენტებს. ყველაფერი ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ომს თავისი კვალი დაუტოვებია.
იყო თუ არა საქართველოს ისტორიაში "დიდგორის ომი" ერთ–ერთ მისაბაძ მაგალითად ქცეული? რა თქმა უნდა, იყო და მისი დავიწყება არ შეიძლება.
დღეისათვის შემორჩენილი ის დიდი რწმენა, რომელიც დიღმის ხეობის სოფლებში ფიქსირდება, რომ მათ არ გასწირავს "დიდგორის წმიდა გიორგი", დედა გორა იცავს სეტყვისა და ყველა უბედურებისაგან", არ არის დასავიწყარი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობაში, როცა ბრძოლის ველს აღრწერს, ნათქვამია: "რამეთუ პირველსავე ომსა იოტაბანაკი მათი და ივლიტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალზე გარდმოფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად და წინ უძღოდი ..." (ქართლის ცხოვრება, ტ. I. 1955, გვ. 341) აი, ძველ ფესვებზე დამყნობილი და ტრადიციულად ქცეული რწმენა.
და ბოლოს ისმება კითხვა: იყო კი 1121 წელს" ზემო დიდგორი და თუ იყო რას წარმოადგენდა და რა მნიშვნელობა ენიჭებოდა მას?
1121 წელს ზემო დიდგორი, როგორც რაიმე მნიშვნელობის "გორა" არ არსეობდა. იგი შეიქმნა XV-XVI საუკუნეებში. კერძოდ, 1505–1525 წლებში, როცა ქართლში მეფობდა დავით X. მის დროს ქართლის სამხედრო რეორგანიზაცია მოხდა, ქვეყანა დაყოფილ იქნა ოთხ ნაწილად. თითოეულ ნაწილს სადროშე ეწოდებოდა. სადროშიდან გამოსული ლაშქარი ცალკე ერთეულს დროშას, ქმინდა. დროშის სარდლობა ამა თუ იმ ბატონის სახლს ეკუთვნოდა. ასეთი სამხედრო რეორგანიზაცია ამ დროს საქართველოს სხვა სამეფოებშიც მოხდა (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიული საკითხავები I, 973 წ., გვ. 151). და სწორედ ქართლის ქედზე იქ, სადაც ორი დიდგორი გვაქვს, ორი სადროშო, საზღვარი გადიოდა, საყაფლანაშვილოსი, პირველი სასპასპეტო, რომელიც სამეფო–საკათალიკოსო დროშა შედიოდა. "ზემო დიდგორი" წარმოშვა ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამ, განაკუთრებით კი "ლეკიანობამ"
ამგვარად, ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ დიდგორის ბრძოლის ადგილი ქვემო დიდგორია, სწორედ აქ უნდა მომხდარიყო "ძლევაი საკვირველი."



სტატიის ავტორი – ჯუანშერ სონღულაშვილი;
სტატია აღებულია ჟურნალიდან - ჯვარი ვაზისა, 1989წ.


მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge


 


megobari saitebi

   

01.10.2014