ქვაჯვარი გუჯარეთის თონეთიდან

გუჯარეთი თორის ულამაზესი ხეობაა. აქაურ ნასოფლარებში ჯერაც შემორჩენილია მატერიალური კულტურის ძეგლთა საყურადღებო ნაშთები (ციხეები, ეკლესიები, ქვაჯვრები, ზეთსახდელები). ვახუშტი ბატონიშვილის დროსვე მისი სიტყვით, აქ „ყოფილარიან მრავალნი შენობანი და ეკლესიანი გარნა აწ შემუსვრილნი“.

სოფელ გუჯარეთის მახლობლად, მის სამხრეთ-დასავლეთით, გუჯარულას მარცხნიდან ხევი უერთდება. რომელსაც ამჟამად „სახდელიხევს“ უწოდებენ; ვახუშტი ამ ხევის სახელს არ იხსენიებს, თუმცა კი მის ორსავე ნაპირზე აღნიშნავს ორ სოფელ ღინტურს. ერთი სოფელი ღინტური ახლაცაა ხევის მარცხენა ნაპირზე. გუჯარულასთან მისი შესაყარის სიახლოვეს. სახდელისხევს ახლა სამანქანო გზა მიჰევება. რომელიც ქვაჯვარის მთასთან უღელტეხილის გავლით ნარიანში გადადის; ეს კი შესანიშნავი. მთებით მოზღუდული ბალახოვანი ველია ქციის ზემო წელზე. რომელიც ვახუშტის დროს (და ახლაც) გუჯარეთს ეკუთვნიდა: „აწ იყო ნარიანიცა ამისი, სადა დგების ზაფხულს ცხვართა და პირუტყვთა სიმრავლე ტბის-ყურამდე, ადგილსა ვაკესა და შვენიერსა“. ნარიანისკენ მიმავალი გზის სიძველისა და მნიშვნელობის მოწმობაა ორი მაღალი ქვაჯვარი. რომელთაგან  ერთი ხოფელ ღინტურის სამხრეთით, გზისპირა ქედზე დგას. მეორე კი ქვაჯვარის მთის უღელტეხილზე. ამ უკანასკნელმა მისცა სახელი მთასაც. ორსავ ქვის ზედა ნაწილში, დადაბლებულ სიბრტყეზე მოგრძო რელიეფური ჯვარია გამოსახული. მათი ურთიერთმსგავსება ამ ქვაჯვართა აღმართვის ერთ პaრიოდზე უნდა მეტყველებედეს.

სახდელისხევის შუა წელზე ორი ნასოფლარია გაღმა-გამოღმა. მარცხენა სანაპიროზე ეკლესიის ნანგრევს შიგნიდან შელესვისა და მოხატვის კვალი ეტყობა. ჩრდილოეთ კედლის გარეთ ვეება გელაზის ქვა გდია. ხოლო იქვე მიწაში ღრმად ჩამჯდარი შენობა (ჩრდ-სამხრ. დამხრობილი) შესაძლოა ის ზეთსახდელია, რომლის გამოც გვიან მოსულმა მოსახლეობამ ამ ხევს სახდელისხევი შეარქვა. გაღმა მეორე ნასოფლარია. რომელსაც თონეთს უწოდებენ ახლა.

ვახუშტისთან ამ სახელწოდების სოფელი არ ჩანს. ნასოფლარში ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის ნანგრევია, რომელიც ნაკლებად დამუშავებული ქვებით უშენებიათ. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია; აფსიდაში ორი ნიშაა, ხოლო ჩრდილოეთ კედლის მახლობლად მოზრდილი, ბრტყელი ლოდია მიწაში ჩასმული. მისი ზომებია 1,4მx0,7მx0,36მ. ქვის დასდასავლეთ დამუშავებულ მხარეს რელიეფური, ორლილვიანი ჩარჩო შემოუყვება - ზევით თაღოვანი, ქვევით სწორკრეთხა ჩარჩოს შიგნით რელიეფური ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული, რომელიც მაღალ საყრდენზე დგას. ჯვარი ოთხზოლიანი გრეხილითაა შევსებული და შუაში კოპი აქვს. ქვედა მკლავის ორსავე მხარეს, ორი წვერულვაშიანი მამაკაცის ფიგურაა გამოკვეთილი. მათ თითო ხელი ქამარზე უდევთ, მეორეთი კი ჯვრის საყრდენი უჭირავთ. ორივეს ერთნაირი, ქამარშემოჭერილი კაბა აცვია წვივებამდე სიგრძისა.

მოკლე ტანთან შედარებით დიდი ზომის თავებზე, ერთიმეორისაგან განსხვავებული თავსაბურავი ახურავთ. მარცხენა ფიგურას თავთან ორი ასო აქვს ამოჭრილი გლ.(გაბრიელ), მარჯვენას - თე. (თევდორე). ჰორიზონტალური მკლავების ზევით დარჩენილ სივრცეზე ამოკაწრული ასოების ნაშთია, რომელთა გარჩევა ადგილზე აღარ მოხერხდა რელიეფური ჩარჩოს ლილვები ოთხ ადგილას კვადრატებით იკრიბება. ორი მათგანი ქვედა კუთხეებშია, ორი კი - ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების სიმაღლეზე; ოთხივეზე წარწერაა, რომელიც მარცხენა ზედა კვადრატიდან გადადის მარჯვენაზე, შემდეგ კი ქვედა კვადრატებზე გრძელდება (წარწერის მონახაზები l, 2, 3, 4,).

წარწერა შესრულებულია ნუსხურით, რომელშიც ზოგჯერ ასომთაერულია გარეული. მას თითქმის არაფერი აკლია და აზრიც დასრულებული ჩანს. ეს ქვა ჩემამდე უნასავს სერგი მაკალათიას და კანკელის ნაწილად მიუჩნევია. წარწერა მას არ წაუკითხავს, თუმცა კი შეუმჩნევია; ქვას იგი XVI-XVII საუკუნეებით ათარიღებს. (იხ. ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა თბ. 1957წ.)

წარწერა ასე იკითხება: „ადიდოს ღ(მერთმა)ნ სული ოქროისი. ჩ(უე)ნ მისთა ძმათა თევდორ(ე) და გ(ა)ბ(რიე)ლ ესე ბარზიმი ვამსახურ(ე)თ წმ(ი)დ(ა)სა გ(იორგ)ის ყუდევისასა ა(მე)ნ“.

warwerebi

წარწერაში ქარაგმის ნიშანი მოკლე სწორი ხაზია და ხუთჯერაა ნახმარი, მიუხედავად იმისა, რომ ასოები სხვაგანაცაა გამოტოვებული. განკვეთილობის ნიშანი არსად არაა, დამწერი სიტყვების დაშორებას ცდილობს, „უ“-ს მაგიერ ყველგან „ო“ წერია. პირველ კვადრატში საკუთარი სახელია ოქრო, რომლის შემდეგ თითქოს ასომთავრული „ი“ ჩანს, შემდეგ კი „სი“, ე.ი. „ოქროისი“; მაგრამ წარწერაში 8-ჯერ ნახმარი „ი“ - სრულიად სხვაგვარადაა ამოჭრილი, ამიტომ შესაძლოა აქ დაზიანებული „პ“ გვქონდეს და მაშინ ეს სიტყვა უნდა წაგვეკითხა, როგორც „ოქროპირისი“. ერთზე მეტი ასოს გამოტოვება საკუთარ სახელში აქ სხვაგანაც გვაქვს - გბლ, გი.

წარწერიდან ირკვევა, რომ თევდორესა და გაბრიელს ყუდევის წმინდა გიორგისათვის სახმარად მიუციათ ბარზიმი. მათი ოჯახური მდგომარეობა არ ჩანს, მაგრამ ისინი ძმები არიან ოქროსი (ან ოქროპირისი), რომელიც ალბათ აზნაურული სახლის უფროსია. აქ არც ეკლესიაზეა საუბარი არც ჯვრის აღმართვაზე, თუმცა კი ქვას ზევიდან ფოსო აქვს ამოჭრილი (17სმx20სმ), ალბათ ჯვრის ჩასასმელად.

ძმებს ხელთ უპყრიათ მაღალი ჯვარი, წარწერაში კი ამბობენ „ესე ბარზიმი ვამსახურეთო“. საბასთან ბარზიმი არის „ფერჴიანი მაღალი სასმისი“, ძველ ქართულშიაც იგი ვერცხლის სასმისია, ზიარების ჭურჭელი. გამოდის, რომ უფროსი ძმის სულის სადიდებლად თევდორემ და გაბრიელმა ბარზიმი მისცეს ეკლესიას თან საკურთხეველთან ქვაჯვარი დაუდგამთ, რელიეფური გამოსახულებითა და წარწერით. ამ უკანასკნელის ეკლესიაში აღმართვა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბარზიმის „მსახურება“ ამიტომ, შესაძლოა, ჯვრის ზევით არსებულ წარწერაში სწორედ ამაზე იყო საუბარი. უნდა ვიფიქროთ, ბარზიმიც სადღაც ამ ქვის სიახლოვეს იქნებოდა, ალბათ აფსიდის ნიშაში.

არაა ააუცილებელი ოქრო (ან ოქროპირი) გარდაცვლილი ყოფილიყო, რადგან „სულის დიდება“ ცოცხალ ადამიანზეც ითქმოდა. სახელი ოქრო (ისევე როგორც ოქროპირი) გავრცელებული ყოფილა ფეოდალურ საქართველოში, აქედანაა მიღებული გვარები ოქრუაძე, ოქრუაშვილი, ოქროპირიძე, ოქროპირაშვილი... საბუთებში ეს სახელი სხვადასხვა ვარიანტებით გვხვდება; 1260/ 1300 წლებში ბეგა სურამელის დაწერილში, ვინმე ჯომარდისძის სახელი სამნაირადაა ჩაწერილი: ოქუროი, ოქროი, ოქურაი. 1189 წლის ჭიაბერის დაწერილში მღვიმისადმი იხსენიება მიხითარაისძე ოქრაი; XIII-XIV საუკუნეების სვინაქსარში კი იხსენიება ოქრა გაგაისძე, რომელსაც გადაუწერია იგი „სანახებსა აწყურისასა და საყდარსა წმიდისა ღრმთისმშობლისასა.

ჩვენი წარწერის პიროვნების გაიგივება რომელიმე მათგანთან, სხვა საბუთების უქონლობის გამო ძნელდება. ვინმე თევდორე გუჯარეთის სხვა პუნქტშიაც იხსენიება: პატარა მიტარბის მახლობლად მყოფი, თელოვნის ნასოფლარის წმ. ელიას ეკლესიაზე მოთავსებულ წარწერაში; მის აღმოსავლეთ სარკმელს დამახასიათებელი წარბი აქვს ზევიდან, რომელსაც ჯვარი აზის. მის ორსავე მხარეზე კი, მოკლედ დაქარაგმებული სამი სიტყვაა, ასომთავრულით ამოჭრილი: „ქრისტე, შეიწეალე თევდორე“, აქ იგი ეკლესიის მაშენებელი შეიძლება იყოს; თონეთის წარწერის თევდორესთან მისი გაიგივების საცდური არსებობს, მაგრამ თელოვნის ეკლესიაცა და წარწერაც უფრო ადრეული ჩანს.

ისე, კი გამორიცხული შეიძლება არც იყოს გუჯარულას ხევის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ აზნაურულ სახლში, ერთი სახელი (თევდორე) თაობებში გამეორებულიყო. თონეთის წარწერაში მოხსენიებული ძმები სხვა წყაროებით უცნობნი არიან. თონეთის ბარელიეფის მსგავსი კომპოზიცია გვხვდება იმავე გუჯარულას მარცხნივ არსებული ნასოფლარის, ტყემლოვნის ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის თავზე; აქაც სარკმელს ზევიდან წარბი გაუყვება, მას მოგრძო ჯვარი ადგას, რომელიც აქეთ-იქით მდგომ ორ ფიგურას უჭირავს. სარკმლის ზედა სარქველის მიხედვით, ეს გამოსახულებაც უფრო ძველი ჩანს, ვიდრე თონეთისა. საერთოდ, ეკლესიის ნაშთების, რელიეფური გამოსახულების სტილის, ჯვრის მორთულობისა და წარწერის ხელის მიხედვით, თონეთის ქვაჯვარი XIII საუკუნით შეიძლება დავათარიღოთ.

წარწერის ბოლოს დასახელებულია „ყუდევის   გიორგი“ (შდრ.; „სადგერის   გიორგი“, „ხვამლის   გიორგი“, „ილორის წმ. გიორგი“). გამოდის, რომ ეკლესია, სადაც ეს ქვა დაუდგამთ და ბარზიმი უმსახურიათ წმ. გიორგის სახელობისა ყოფილა, ხოლო სოფელს მაშინ რქმევია ყ უ დ ე ვ ი. საზოგადოდ თორის, ისევე, როგორც სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიურ მასალებში, ჯერ კიდევ შუა და გვიანბრინჯაოს ეპოქაში, როდესაც თორში მოსახლეობა მატულობს, შეიმჩნევა დასავლეთ ქართული ელემენტის მომძლავრება, თუმცა აქვე შეინიშნება აღმოსავლეთ ქართულ კულტურასთან შეხვვდრის მომენტიც.

არქეოლოგიური მასალის ანალიზით მოღებულ ამ რიგის დასკვნებს, ეხმაურება სამცხე-ჯავახეთის ტოპონიმიაც. იქ დამოწმებული ძველი ზანური ენობრივი დანაშრევები გამოძახილს პოულობენ თორის ზოგიერთ გეოგრაფიულ სახელწოდებაშიც; ასეთებია ჭობისხევი უძველესი ზანური „ჭობ“ („წაბლი“) ფუძით; ზანავი, რომელიც თორის გარდა საქართველოს სხვა რაიონებშიც გვხვდება და „ზან“ ფუძიან გეოგრაფიულ სახელებთან ერთად (ზანა, საზანო, ზანაათი), შესაძლოა ზანური ტომის ნაკვალევიც იყოს.

ასეთიეე სახელი ჩანს გუჯარეთის ყუდევიც; ის და სამცხის უდე საერთო ძირიდან უნდა მოდიოდეს („ყუდე“ – „სახლი“) და ისიც ზანურის ნაკვალევად შეიძლება მივიღოთ. მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი ევ სუფიქსი მას ალბათ შემდეგ დაერთო (შდრ.; ნადარბაზევი თორთან). აკაკი შანიძის აზრით, „ევ“ კილო ახლოს უნდა მდგარიყო ზანურთან და მას შეიძლება პირობითად მარგული ვუწოდოთ. არგვეთი კი თორის მეზობელი პროვინცია იყო.

აქვე შეიმლება მოვიგონოთ სამძივარი და გუჯარეთი. გუჯარულას მარცხენა შენაკადის, სამძივისხევიდან წარმოებულ საგვარეულო სახელ სამძივარში, ჩანს ადამიანის წარმომავლობის მეგრულ-ჭანური სუფიქსი „არ“-ი შესაძლოა იგივე იყოს „გუჯარ“-შიც „გუჯ“-ელის მნიშვნელობით (შდრ. გოგარენე-გუგარქი). ამ მხრივ საინტერესოა, რომ გუჯარეთი არის ზემო აჭარაშიაც, ხოლო სოფელ ტაშრისთან (დვირისხევში) არსებობს გუჯრის ციხე. გუჯრის-ხევი და გუჯრისხევის ეკლესია.

 


სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.



 


megobari saitebi

   

01.10.2014