ქისტები

ვაინახები
ისტორიული ნარკვევი
ქისტები
საცხოვრებელი გარემო
საცხოვრებელი გარემო
სამეურნეო ყოფა
რელიგია
ტრადიციული ინსტიტუტები



ვაინახები

ვაინახი — ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებაა და ნიშნავს «ჩვენს ხალხს». ამ ეთნონიმით ეს მონათესავე ხალხები თავიანთ თავს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეთნოსებისაგან გამოაცალკევებდნენ. ვაინახები ცენტრალური კავკასიის ოდინდელი მკვიდრნი არიან. ჩეჩნების თვითსახელწოდებაა ნოხჩი, ხოლო ინგუშებისა — ღალღაი. ისინი ჩრდილო-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში ერთიანდებიან.

 

ისტორიული ნარკვევი

ვაინახებს უშუალოდ ემეზობლება ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს ერთი მონაკვეთი — თუშეთი და ხევსურეთი. ტერიტორიული სიახლოვე ხელს უწყობდა მეზობელ ქართულ თემებში ვაინახური მოსახლეობის ინფილტრაციას. XI საუკუნიდან, ვაინახების ის ნაწილი, რომელიც მთიან ზოლში ცხოვრობდა, საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. აქ საქართველოდან გავრცელდა ქრისტიანობა და, შესაბამისად, ქრისტიანული კულტურის ელემენტები. მართალია, ახალმა რელიგიამ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მსგავსად, ვაინახებშიც სრულყოფილად ვერ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ამ გარემოებამ მაინც, გარკვეულწილად, განაპირობა საქართველოსაკენ მათი ორიენტაცია.
მოსახლეობის დინება, ძირითადად, ბარისკენ ხდებოდა, მაგრამ ამავე დროს იყო მთის პირობებში ახალი საცხოვრებელი ადგილების ძიების ფაქტებიც. ვაინახები ქართულ ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ ცალკეულ კომლებად და ზოგჯერ ერთდროულ მასობრივ დასახლებებსაც ქმნიდნენ. დროთა განმავლობაში ხდებოდა მათი ასიმილაცია.
ქართულ წერილობით წყაროებში თავდაპირველად ვაინახური ტომები კავკასიანებად ან დურძუკებად//ძურძუკებად მოიხსენიებიან, თუმცა მოგვიანებით, ეს ეთნონიმი კონკრეტულად ჩეჩნების აღმნიშვნელად იქცა, ხოლო ინგუშების აღსანიშნავად გვხვდება ეთნონიმი ღლიღვი. გვიან ფეოდალური ხანიდან ქართველთა ლექსიკონში მკვიდრდება ეთნონიმი ქისტი, რომელშიც ჩეჩნების გარდა ინგუშებიც იგულისხმებიან. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ეთნონიმ ქისტს დღესაც ორივე ხალხთან დაკავშირებით ხმარობენ. ამავე დროს, ქისტებად იწოდება საქართველოს მოსაზღვრე თემებიდან პანკისის ხეობაში გადმოსული და კომპაქტურად მოსახლე ჩეჩნური წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფი (ზოგიერთი ავტორის შეხედულებით, ქისტები ცალკე ვაინახური ტომია).
ვაინახების საქართველოში მიგრაციის მიზეზად მკვლევარები მთიელთა ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მეტად მწირ მიწის სავარგულებს, სისხლის აღების ტრადიციასა და შამილის მიერ გატარებულ რელიგიურ რეფორმებს მიიჩნევენ, აგრეთვე, ე.წ. «ბეითალ-ვაჴარის» (ბეითალმანობის) წესსაც, რაც დაწინაურებული მეურნეობის მქონე ოჯახისთვის საქონლის ნაწილის კონფისკაციას გულისხმობდა: თუ რომელიმე მეურნეს საქონლის ჯოგი ძალიან გაუმრავლდებოდა, თემის უხუცესნი გადაწყვეტდნენ პატრონისათვის ჩამოერთმიათ «ზედმეტი» საქონელი და თანასოფლელებს შორის გაენაწილებინათ. ქონების ჩამორთმევისათვის თავის არიდების მიზნით, მეპატრონე კავკასიის ქედს გადაღმა ეძებდა თავშესაფარს. ამ მიზეზით, ბევრმა ვაინახმა დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და საქართველოში გადმოსახლდა.

ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ვაინახური ეთნიკური ერთეულის შემოდინებას თავდაპირველად ჩვ. წ. III საუკუნეში ჰქონდა ადგილი, როდესაც ფარნავაზ მეფის ძემ, საურმაგმა, პოლიტიკური მოსაზრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მასობრივად გადმოასახლა თავისი დედულნი — დურძუკები. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დასახლებული დურძუკები დროთა განმავლობაში გაქართველდნენ. ამის შემდეგ კავკასიონის ქედის სამხრეთით ვაინახთა გადმოსახლების პროცესი ინტენსიურ ხასიათს XIII საუკუნიდან იღებს, ხოლო XVIII საუკუნის მიწურულიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა — ერთეულ შემთხვევებს მოგვიანებითაც აქვს ადგილი. XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან საქართველოში გადმოსული ვაინახები, ძირითადად კი ქისტებად სახელდებული ჩეჩნები, თიანეთისა და თელავის რეგიონებში ბინავდებოდნენ. ამათი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილირდა, ხოლო ნაწილი პანკისის ხეობაში დასახლდა.

 

ქისტები

საქართველოში ქისტების კომპაქტური სამოსახლოები კახეთის ბარის მთისწინა ზოლში XVIII-XIX-საუკუნეების მიჯნაზე ჩნდება. მათი პირველი ნაკადი თიანეთის მაზრის სოფელ ხორბალოს (ქისტნელის) ტერიტორიაზე ფუძნდება. ისტორიული წყაროებით, ხორბალოში ქისტების რაოდენობა დაახლოებით 20 კომლი იყო, ფლობდნენ 120 დღიურ სახნავ მიწას, ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ 1791 წლიდან (ზოგიერთი საბუთის მიხედვით, უფრო გვიანდელი პერიოდიდან) და მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარნი იყვნენ. ქისტური ოჯახები დასახლდნენ,
აგრეთვე, სოფ. ჩაბანოში, ხოლო პანკისის ხეობაში ქართველთაგან დაცლილ ტერიტორიაზე ქისტების მასობრივი ჩამოსახლება XIX საუკუნეში, სავარაუდოდ, 1826 წლიდან, დაიწყო და იმავე საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა. თუმცა მიგრაციის
ცალკეული შემთხვევები XX სა-უკუნის პირველ ნახევარშიც ფიქსირდება.
XIX საუკუნის დამდეგს ხეობა მთლიანად იყო მოსახლეობისგან დაცარიელებული და გაუკაცრიელებული. პანკისის ხეობის ისტორიის გვიანდელი შუა საუკუნეების პერიოდი ბურუსითაა მოცული, რასაც ქართველი ისტორიკოსები ლეკიანობით ხსნიან. ამას დაემატა ჟამიანობა, რის არსებობასაც ადასტურებს ხეობაში სწორედ ასეთი პირობებისთვის დამახასიათებელი საფლავებისა და აკლდამების სიმრავლე. ასეა თუ ისე, XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე პანკისის ხეობა უკაცრიელეია და ხეობის მიწის ფონდი, იოანე ბაგრატიონის ,,ქართლისა და კახეთის აღწერის,, მიხედვით, ეკუთვნის მეფეს, თავადადებს, აზნაურებსა და ეკლესიას.
ერთი მთვარი მიზეზი ხეობის დაცარიელებისა, რასაც ყველა ისტორიკოსი აღიარებს, არის დაღესტნელი ლეკების გამუდმებული თავდასხმები. პანკისი იყო კორიდორი ლეკებისთვის კახეთზე თავდასასხმელად და ხალხი იძულებული ხდებოდა, დაეტოვებინა მშობლიური საცხოვრისი და ეძებნა უსაფრთხო ადგილი. ამ პერიოდში
საქართველოს მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ჩეჩნები ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს და ქართული მხარე დაინტერესებული იყო ქისტების, როგორც გამორჩეულად მამაცი და მეომარი ხალხის, პანკისის ხეობაში ჩასახლებით. პანკისის
ხეობაში ქისტების დასახლებიდან ცოტა ხანში (დაახ. 1829 წლიდან) კახეთზე ლეკების თავდასხმებს ბოლო მოეღო.
ქისტები პანკისში საქართველოს მოსაზღვრე მაისტის, მელხისტის, ტერლოის, ხილდიხაროსა და მაღალმთიანი ხეობის სხვა მცირემიწიანი სოფლებიდან ჩამოვიდნენ. ვაინახთა საქართველოში მიგრაციის ზემოხსენებული მიზეზების გარდა ქისტების საქართველოში დასახლებას, როგორც ჩანს, პოლიტიკური საფუძველიც ედო. პანკისის ხეობაში მათი მასობრივი ჩამოსახლებით თავად მეფისნაცვალი იყო დაინტერესებული; ქისტებისათვის საქართველოში ცხოვრება რომ სახარბიელო გაეხადა, ხელისუფლება მათთვის გარკვეულ შეღავათებს აწესებდა: ათავისუფლებდა სახელმწიფო გადასახადებისაგან, აჰყავდა სახელმწიფო კმაყოფაზე და ა. შ.
სოფელი დუისი პანკისის ხეობაში ყველაზე ადრეული ქისტური დასახლება უნდა იყოს — სავარაუდოდ, იგი 1826 წლიდან არსებობს. სოფელ ჯოყოლოს დაარსების თარიღად 1855 წელი მიიჩნევა. 1854 წლისათვის ქისტების 54 კომლი, რომლებიც თიანეთის მაზრაში მიიღეს მაისტის საზოგადოებიდან, მათივე თხოვნის საფუძველზე, 1855 წელს პანკისის ხეობაში გადაიყვნეს. ასე შეიქმნა ქისტების მეორე დასახლება — ჯოყოლო. გაჭირვებისა და რთული საარსებო პირობების გამო ჯოყოლოელმა ქისტებმა სამშობლოში დაბრუნება ორჯერ სცადეს (1855-1856 წწ-ებში), მაგრამ მეფის მთავრობამ უკანვე მოაბრუნა თუშებისა და მილიციის დახმარებით და ხელმეორედ დაასახლა პანკისში. დაახლოებით ამავე პერიოდში ფიქსირდება სოფ. ომალო.
არსებობს მოსაზრება, რომ იგი ჯოყოლოზე ადრინდელი დასახლებაა და დაარსებულია თუშეთში დიდი ხნის წინ გადმოსახლებული და ერთ ხანს იქ მცხოვრები მართლმადიდებელი ქისტების მიერ. ქისტების ოცდათორმეტამდე კომლი 1848 წელს პანკისის ხეობის ბალთაგორის მიდამოებში დაფუძნდა. მათ ჰქონდათ 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგული და მიწათმოქმედებას ეწეოდნენ. როდესაც ხელისუფლება ქისტების ახალი ნაკადის დასასახლებლად ადგილს არჩევდა, ომალოში ქისტები უკვე ბინადრობდნენ. 1858 წელს დაისვა ქისტების 75 ოჯახის ომალოში გადაყვანის საკითხი. იმავე წელს ალვანიდან ომალოში გადმოასახლეს ქისტების 37 ოჯახი, ხოლო 40 ოჯახის ჩამოსახლება შემდეგი წლის გაზაფხულისთვის იყო განზრახული.
ამრიგად, XIX საუკუნის I ნახევარში პანკისში ქისტების კომპაქტური სამოსახლოები შეიქმნა — სოფლები: დუისი, ომალო და ჯოყოლო. დროთა განმავლობაში ქისტები პანკისის ხეობის სხვა სოფლებშიც დასახლდნენ (ჩხათანაში, ხორაჯოში, ძიბახევში). XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფ. ჯოყოლო პანკისის ხეობის კულტურული ცენტრი გახდა. 1888 წელს «კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ» ჯოყოლოში არსებული ფიცრული ეკლესიის ნაცვლად ქვითკირის ეკლესია ააშენა, ხოლო ყოფილი ეკლესიის შენობაში სასულიერო სასწავლებელი გახსნა. ეს იყო განათლების პირველი კერა პანკისის ხეობაში.
1891 წელს არქიმანდრიტ ლეონიდეს ინიციატივით, ჯოყოლოში სასოფლო სკოლა გაიხსნა, სადაც ბავშვები ქართულად სწავლობდნენ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ სკოლები გაიხსნა პანკისის თითქმის ყველა, მათ შორის, ქისტებით დასახლებულ სოფლებში — დუისში (1922 წ. 1944 წ-მდე ქართულთან ერთად ჩეჩნური ენაც ისწავლებოდა), ომალოში (1928 წ.), ხორაჯოში (1938 წ.).
1902 წელს მუსლიმმა ქისტებმა სოფ. დუისში კავკასიის მუფტისა და ადგილობრივ მორწმუნეთა ინიციატივით მეჩეთი ააშენეს.
საქართველოში დაფუძნების შემდეგ პანკისელი ქისტები ქვეყნის მოსახლეობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, ამიტომაც ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი უშუალოდ აისახებოდა მათ ყოფასა და ცხოვრებაზე. საქართველოს სხვა კუთხებში მცხოვრებთა მსგავსად, მათაც შეეხო ეგზეკუციაც და გაციმბირებაც, გაკულაკებაც და
კოლექტივიზაციაც... პანკისის ხეობა იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის თავდაპირველი ბაზა, სადაც შეთქმულთ ქისტი თანამოაზრეები ჰყავდათ.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯოყოლოში გაიხსნა ათადგილიანი საავადმყოფო, აფთიაქი, დანარჩენ სოფლებში კი — ამბულატორიები. 1950-ინი წლებიდან დუისში 60-ადგილიანი საავადმყოფო ფუნქციონირებდა.
ათეულობით პანკისელი ქისტი მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. პირველმა ქისტმა მფრინავმა მახმად მარგოშვილმა 1941 წელს განახორციელა პირველი გადაფრენა ბრესტ-ლიტოვსკის რკინიგზის დასაბომბად.
ერთადერთი რამ, რაც ქისტებს არ შეხებიათ, ეს 1944 წლის რეპრესიები იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები, შუა აზიაში გადაასახლეს. თავად ქისტებს სტალინის რეპრესიებისაგან თავის დაღწევა ქართველების დამსახურებად მიაჩნიათ. 1940-50-იან წლებში პანკისელი ქისტები თანაუგრძნობდნენ და ფარულად მხარში ედგნენ ვაინახ აბრაგთა რაზმებს, რომლებიც ჩეჩენ-ინგუშთა სამშობლოდან აყრის შემდეგ მთებში დარჩნენ და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, საყოველთაო მატერიალურმა სიდუხჭირემ განაპირობა პანკისის ქისტური მოსახლეობის მიგრაცია, რასაც შედეგად
ხეობის სოფლების დაცარიელება მოჰყვა. ქისტების ეთნიკური ჯგუფიდან ახალგაზრდებმა და საშუალო ასაკის ადამიანებმა ჩეჩნეთს მიაშურეს. რთულია ზუსტად
განისაზღვროს ამ პერიოდში ქისტების რიცხოვნება საქართველოში, რადგან ადგილი
ჰქონდა ორმხრივ მიგრაციულ პროცესს — საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში და, პირიქით. ქისტი მოსახლეობის ჩეჩნეთში გადასულმა შრომისუნარიანმა ნაწილმა შექმნა ქისტი ვაინახების განსაკუთრებული ჯგუფი, რომელიც ჩეჩნეთის საზოგადოების ორგანულ ნაწილად იქცა. XX საუკუნის ბოლო წლებში ჩრდ. კავკასიაში არსებული მდგომარეობისა და განსაკუთრებით ჩეჩნეთ-რუსეთის ომის (1994- 1996 წწ.) გამო ქისტების უმრავლესობა (დაახლოებით 2000 ადამიანი) დაუბრუნდა პანკისის ხეობას. ამას მოგვიანებთ დაემატა ჩეჩენ ლტოლვილთა დიდი ჯგუფი, რომელმაც რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად 1999 წელს პაკისის ხეობაში მოიყა-
რა თავი.
პანკისის ხეობის სოფლებიდან დღეს ქისტები ცხოვრობენ ძიბახევში, ბირკიანში, ჯოყოლოში, ომალოში, შუახალაწანსა და დუისში. ზემო ხალაწანში ქისტებთან ერთად ცხოვრობენ ფშავლები. ქისტები ჩასახლდნენ, აგრეთვე, ოსურ სოფლებში —  დუმასტურში, ქვემო ხალაწანსა და წინუბანში (ამ ბოლო დროს ოსების დიდმა ნაწილმა ეს სოფლები მიატოვა).

 

საცხოვრებელი გარემო

პანკისელი ქისტების დასახლების ერთეულია სოფელი — «იურთ». ქისტების სოფლებს ხეობიდან ველისაკენ გასასვლელი უკავიათ. ხეობის ზემო წელზე მდებარე თავდაპირველი სოფლები, ე.წ. «შექუჩული» ფორმისა იყო, გაშლილ ადგილებზე მდებარე სოფლებისთვის კი დამახასიათებელი იყო შედარებით ფართო სწორი ქუჩები, შესახვევებითა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი პარალელური შიდა ქუჩებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დუისელებს დასახლებისას არავითარი პრინციპები არ დაუცავთ და სახლებიც ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლად უშენებიათ. საკუთარ სამშობლოში ქისტების სოფლები სისხლით ნათესაობის ნიშნით, ანუ ერთი გვარის წარმომადგენლებით, იყო დასახლებული — სოფლებს მონოგენური ხასიათი ჰქონდა. საქართველოში მოსვლისას კი ერთ სოფელში რამოდენიმე გვარი ჩასახლდა, თუმცა თითოეულ გვარს ყველა სოფელში გამოკვეთილად ერთი უბანი ეჭირა. თავდაპირველი სოფლები ერთ ან ორუბნიანი იყო, თანდათანობით კი მათი რაოდენობა გაიზარდა, მაგალითად, თუ სოფ. დუისში თავიდან ორი უბანი იყო, მოსახლეობის მატების შედეგად, შვიდი უბანი გამოიკვეთა. მრავალრიცხოვანი ოჯახების განაყრებისა და საკარმიდამო ნაკვეთების სიმცირის გამოისობით დროთა განმავლობაში დასახლების ტრადიციული სტრუქტურა შეიცვალა და ახალ უბნებში გვარები შერეულად დასახლდნენ. პანკისში ქისტები, თავდაპირველად, ახოს სახით აღებულ მიწის ნაკვეთებზე დაფუძნდნენ, შემდეგ კი სოფლის გარშემო მიწების ათვისება დაიწყეს. საკარმიდამო ნაკვეთი კერძო საკუთრებაში იყო და მეპატრონეს მისი თავისუფალი განკარგვის უფლება ჰქონდა.
ქისტურ სოფლებში თითოეული მოსახლის კარ-მიდამო მეორე მეზობლის კარ- მიდამოს უშუალოდ ესაზღვრება. თავდაპირველად, ხეობაში მოსულმა ქისტებმა საცხოვრებლად ტრადიციული სიპი ქვის სახლების ნაცვლად წნული სახლების შენება დაიწყეს, რომელთაც კახეთის ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ. თუმცა ამ ტიპის საცხოვრებელმა აქაურ პირობებში ფეხი ვერ მოიკიდა და ქისტების ყოფაში თანდათან დამკვიდრდა ჯერ ფიცრული, შემდეგ კი ქვითკირის, ერთი ან ორსართულიანი სახლები. XX საუკუნის მეორე ნახევარში მასობრივად დაიწყო არქიტექტურული სტილით, ეზო-კარმიდამოთი და ინტერიერით კახურის ანალოგიური ქვითკირის სახლების მშენებლობა.


საცხოვრებელი გარემო

საქართველოში დასახლებისთანავე ქისტებმა მამის სახელს ქართული დაბოლოება — «შვილი» — დაუმატეს და მათმა გვარებმა ქართული გაფორმება მიიღო. პანკისელმა ქისტებმა დღემდე შემოინახეს მშობლიური ენა. ისინი ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზე მეტყველებენ, თუმცა ქართული ენის გავლენის შედეგად მათმა ენამ ფონეტიკური, მორფოლოგიური და ლექსიკური ცვლილებები განიცადა. მათ ლექსიკაში ბევრი ქართული სიტყვაა.

გადმოსახლების პერიოდისათვის პანკისელ ქისტებში გვხვდებოდა როგორც პატარა, ისე დიდი ოჯახები. დიდ ოჯახებში ერთიანდებოდნენ მშობლები, დაცოლშვილებული შვილები და შვილთაშვილები, რომლებიც ერთ საერთო კომლად ცხვრობდნენ. დღეს ქისტებს ინდივიდუალური ოჯახები აქვთ. ოჯახში მკაცრად არის დაცული უფროსუმცროსობის მამაპაპური წესი, რაც ყოფის ნებისმიერ სფეროში იჩენს თავს (მაგალითად, უფროსები და ახალგაზრდები სუფრასთან ერთად არ სხდებიან, მოხუცის თანდასწრებით ახალგაზრდები არ სვამენ არც ეწევიან და სხვ.). ოჯახის უფროს მამაკაცს და უფროს დიასახლისს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან. ქისტს უფროსის პატივისცემას ბავშვობიდან ასწავლიან. ქისტებში მიღებული იყო სოფლის შიგნით ქორწინება. ყოველი ქისტის ოჯახი დაინტერესებული იყო მოყვრობითი ნათესაობა თავისივე სოფელში დაემყარებინა. ყურადღება ექცეოდა სასიძოს ავტორიტეტს, ეკონომიკურ მდგომარეობას და შესახედაობას. თუ წინათ ქალი 20 წლის, ხოლო ვაჟი 25-30 წლის ასაკში ქორწინდებოდა, დღეს ქალი 16-17 წლისა თხოვდება, ხოლო ვაჟი 18-19 წლისა ოჯახდება. ქისტებში ნათესაობის სამი ფორმა არსებობდა: სისხლითი, მოყვრობითი და ხელოვნური. სისხლით ნათესაობა შვიდ თაობაზე ვრცელდება და სისხლით ნათესავთა შორის ქორწინებას ადათი სასტიკად კრძალავდა. ქორწინება დასაშვებია დედის მხრიდან მესამე და მეოთხე თაობათა წარმომადგენლებს შორის. მამაკაცს ადათით, ერთი ცოლის შერთვის უფლება ჰქონდა, გაყრის შემთხვევაში კი, შეეძლო რამდენმეჯერ ექორწინა. აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის გავლენით, პანკისელ ქისტებში შარიათით, ნებადართული მრავალცოლიანობა აკრძალულია. ამ მხრივ, ქისტების ოჯახის ფორმა ჩეჩნურისა და ინგუშურისაგან განსხვავდება. ქმრის მიზეზით ცოლის მშობლების ოჯახში დაბრუნება შეურაცხყოფად არ ითვლებოდა. თანამედროვე პირობებში შეიცვალა ქორწინებასთან დაკავშირებული ძველი წესები. დღეს იმ ფორმებიდან ქალის დანიშვნით წაყვანა და ქალის ოჯახიდან გაპარვაა შემორჩენილი. კვლავ აქტუალურია მზითევი, რომელიც ქართული კულტურის გავლენით უფრო გამრავალფეროვნდა.


სამეურნეო ყოფა

ქისტები მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ. მთიანი ჩეჩნეთიდან გადმოსახლებულ ქისტებს მესაქონლეობის მეტი ცოდნა-გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ საქართველოში მიწათმოქმედება პანკისელი ქისტების მეურნეობის წამყვანი დარგი გახდა. მარცვლეული კულტურებიდან მათ მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი, ქერი, შვრია და სხვ. ქისტები მიწას, თავდაპირველად, ტრადიციულად აჩაჩა გუთნით ხნავდნენ, რომელიც XX საუკუნის ბოლომდე შემორჩა. პარალელურად ხმარებაში შემოვიდა რკინის გუთანი, რომელმაც ბარში ადგილი თანამედროვე ტექნიკას დაუთმო. თანდათან დაიხვეწა მიწის დამუშავებისა და მოვლა-პატრონობის მეთოდები. პანკისელმა ქისტებმა სოფლის მეურნეობის ადგილობრივ გავრცელებულ დარგებიც აითვისეს: მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა. მათი სამეურნეო საქმიანობა მთასა და ბარზე განაწილდა. მესაქონლეობას ალპური ხასიათი ჰქონდა (და ნაწილობრივ ახლაც აქვს). საქონელი ზაფხულობით მთაში, დანარჩენ დროს კი ბარში ჰყავდათ, ცხვარი მაღალმთიანი მდელოებიდან შირაქის საძოვრებზე ინაცვლებდა ადგილს. ქისტებმა თუშებისაგან ისწავლეს ცხვრის ყველის წარმოება.
მეურნეობის ძირითად დარგებთან ერთად ვითარდებოდა დამხმარე სამეურნეო დარგები, რომელთაგანაც ზოგიერთი ქისტებმა ახალ გარემოში აითვისეს, ზოგიერთი
კი მათ ოდინდელ საქმიანობას წარმოადგენს (მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მონადირეობა და სხვ.). კახეთში ისწავლეს არყის გამოხდა, რასაც, უმთავრესად, ხილისაგან ამზადებენ, ხოლო ქერის, ხორბლისა და ასკილისაგან ამზადებენ ლუდს. გარდა ამისა, პანკისში შინამრეწველობის დარგებიდან საკმაოდ განვითარებულია ხელოსნობა, ხის ჭურჭლის, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადება. სამოსელი. ქისტების ტრადიციული სამოსი საქართველოში თანდათან კახეთში გავრცელებულმა ტანსაცმელმა შეცვალა. თანამედროვე პირობებში ქისტები ქალაქურ ყაიდაზე იცვამენ. ქალებს თმა გრძლად აქვთ დაყენებული და თავსაბურავი ახურავთ,
რომლის გარეშე საზოგადოებაში არ გადიან. გოგონები ახლა უთავშლოდ დადიან.
წინათ მამაკაცები თმას იპარსავდნენ და წვერს ატარებდნენ, ბოლო ხანებში კი თმას მოკლედ იჭრიან.
სამზარეულო. ქისტების ტრადიციული საკვები მრავალფეროვანებით არ გამოირჩევა. ისტორიულ სამშობლოში ყოფნისას ისინი, ძირითადად, ცხოველურ პროდუქტებს მოიხმარდნენ (რძეს, ხაჭოს, ერბოს, ხორცს). პანკისში კი მათი კვების რაციონში მცენარეული საკვების წილი გაიზარდა. ქისტების ტრადიციული კერძებია: მოხარშული ხორცი ნივრიანი საწებლით, მოხარშული გალანა, სიმინდის ფქვილის ანტრიები, ერბო-კვერცხი, ხაჭო-ერბო, სვამენ თაფლისგან დამზადებულ ტკბილ წყალს. ქისტების ხინკალი ქართულის ანალოგიურია და განსხვავდება ჩეჩნების ხინკლისაგან.

 

რელიგია

მიგრირებული ქისტების ძირითადი ნაწილი იმ ადგილებიდან წამოვიდა, სადაც ისლამი ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული. მათი რწმენა ვაინახთა უძველესი რწმენა-წარმოდგენებისა და ქრისტიანული რელიგიის მთური ვარიანტის სინთეზს წარმოადგენდა. ამიტომ პანკისის ხეობაში ქართველთა მიტოვებულ სამოსახლოზე დაფუძნებულმა ქისტებმა ადვილად გაითავისეს ადგილობრივი სამლოცველო ნიშები და ქრისტიანული ძეგლები. ქართველების უძველესი სალოცავები მათთვის წმინდა ადგილებად იქცა. პანკისში მიგრირებული ქისტების ნაწილი წარმართობას მისდევდა, მცირე ნაწილი ქრისტიანი იყო, ნაწილი კი (უფრო გვიან ჩამოსულები) — მუსლიმი. ხეობაში, ქისტების ჩამოსახლების პირველი წლებიდანვე,
ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერებული მისიონერული მოღვაწეობის შედეგად ქისტი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ოფიციალურად ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო (თუმცა ამ პროცესს ერთგვარი იძულების ხასიათი ჰქონდა და მოსახლეობის პრაქტიკული დაინტერესებაც ედო საფუძვლად), რაც მეტ-ნაკლებად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 1886 წელს ქართული ქრისტიანული მისიონერული საზოგადოების მიერ ჯოყოლოელი ქისტები ქრისტიანებად მოინათლნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში პარალელურად თანდათანობით მოიკიდა ფეხი ისლამმა (სოფ. დუისი გახდა ისლამის მიმდევართა ცენტრი), ქისტები სალოცავებში და ქრისტიანულ დღესასწაულებზე, ნაწილობრივ, დღესაც დადიან.
ისინი კვლავინდებურად პატივისცემით ეპყრობიან ხეობაში არსებულ ქრისტიანულ სალოცავებს და რელიგიურ დღესასწაულებს ზეიმობენ (აღდგომას, კვირაცხოვლობასა და სხვ.). აღდგომისთვის დღემდე საგანგებოდ ემზადებიან პანკისელი (ჯოყოლოელი, ომალოელი) ქისტები. მაგალითად, სოფ. ომალოს მოსახლეობა აღდგომას («თიეყარიე დი») წმ. გიორგის ხატში აღნიშნავდა. ხატის კარზე ამ დღეს სოფელში მცხოვრები თუშებიც მოდიოდნენ (შემდეგ თუშები სოფ. ალვანში გადავიდნენ საცხოვრებლად). იკვლება საკლავი, ინთება სანთელი, მოაქვთ შესაწირი ქადები, სარიტუალო კვერები, სასმელი (ლუდი, არაყი), შლიან სუფრებს. აღდგომის მეორე დღეს ომალოელები ღვთისმშობლის (თი-შუოლის) სალოცავში იკრიბებოდნენ.
თუშოლი შვილიერებისა და ნაყოფიერების, ქალებისა და ბავშვების მფარველი ღვთაებაა. ღვთისმშობელს, ანუ თიშუოლს შესთხოვდნენ ბავშვების კარგად ყოფნას. უშვილო ქალები თიშუოლის ვერცხლის ფიგურას მკერდით ეხებოდნენ. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.
სოფ. ჯოყოლოს მოსახლეობა აღდგომა დღეს ბალთაგორაზე მდებარე წმ. გიორგის სალოცავში დადიოდა. მათთან ერთად აღდგომას დღესასწაულობდა ქართული სოფ. დედისფერულის (კაკლიანის) და სოფ. დუისის ქისტი მოსახლეობა. აღდგომის მეორე დღეს ჯოყოლოელები «ჭვებიერ წუუში» — ჭობიოს ხევში — მდებარე სალოცავს სტუმრობდნენ. აღდგომის მესამე დღეს ჯოყოლოს მოსახლეობა სოფლის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დღესასწაულობდა.
პანკისელი ქისტები, ქართველებთან და ოსებთან ერთად, ქართულ ქრისტიანულ ეკლესიებშიც დადიოდნენ. აწყურის თეთრი გიორგისა და ალავერდობის დღესასწაულებისთვის სპეციალურად ემზადებოდნენ (ურემს ფარდაგით გადახურავდნენ, თივას მიაფენდნენ, ზედ საჭმელ-სასმელს დააწყობდნენ, საკლავს მოათავსებდნენ). ეკლესიის ეზოში ქისტები ქართველებისგან მოშორებით შლიდნენ სუფრას, თუმცა ერთმანეთის გადაპატიჟება იცოდნენ. დღეობაზე ბაზრობა იმართებოდა — ქისტები ნაბდის ქუდებს ყიდდნენ და სანაცვლოდ ფართლეულსა და საოჯახო ნივთებს იძენდნენ.

დღეს პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები, ერთეული შემთხვევის გარდა, სუნიტური ისლამის აღმსარებლები არიან.. ხეობაში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ვაჰაბიზმი გავრცელდა. მისი მიმდევრები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. პანკისის ხეობის სოფლებში 1998-99 წლებში 4 მეჩეთი აშენდა. ქისტები, მუსლიმური ტრადიციისამებრ, მიცვალებულს მზის ჩასვლამდე მარხავდნენ, თუმცა დღეს ეს წესი, რამდენადმე, შეცვლილია და დასაფლავება შეიძლება მეორე ან მესამე დღეს მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალი შორიდან არის მოსასვლელი. მიცვალებულს ბანენ, მამაკაცს თეთრ სუდარაში ახვევენ, ქალს კი სპეციალური ფორმის ორ-სამ პერანგს აცმევენ. ცხედარს საფლავის ძირზე, გვერდით გამოჭრილ ნიშაში ოდნავ გვერდულად აწვენენ, ნიშას ფიცრებს მიაფარებენ და მერე აყრიან მიწას. ქალები სასაფლაოზე არ მიდიან, სასაფლაოდან უკან მობრუნებულ მამაკაცებს სუფრა გაშლილი ხვდებათ. ქრისტიანებისათვის ცალკე სუფრა იშლება ღვინით. მიცვალებულის დასაკრძალავ ხარჯებს მთელი სოფელი გაიღებს.

 

ტრადიციული ინსტიტუტები

ქართულ გარემოში მოხვედრილმა ქისტებმა ქართული კულტურის უშუალო გავლენა განიცადეს და მოხდა საერთო მახასიათებლების ფორმირება, რაც ყოფისა და კულტურის ყველა ასპექტში გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, მათში უძველესი ტრადიციები დღემდეა შემორჩენილი. მკაცრად არის დაცული სტუმარმასპინძლობის ეტიკეტი, სიცოცხლისუნარიანია დაძმობილების ინსტიტუტი, სისხლ-მესისხლეობის ტრადიცია, კვლავ აქტუალურია ადათობრივი სამართალი, საერთო საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებს წყვეტს უხუცესთა საბჭო და ა.შ. დაძმობილება ხდება, როგორც ერთი ეთნოსის წარმომადგენლებს, ასევე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წევრებს შორისაც. ძმობილდებიან ერთმანეთის საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ. დაძმობილების ძირითადი საბაბი ურთიერთმოწონებაა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც შერიგების შემდეგ მტრადმოკიდებულნიც დაძმობილებულან. დაძმობილება გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს: ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდით ყოფნას, მოსაკითხით ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას, ძმობილისთვის შურისძიებასაც (ძველად) და ა.შ. დაძმობილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რიტუალი თითების დასერვითა და მათი ერთმანეთზე მიდებით ტარდება, რაც სისხლის სიმბოლურ შერევას ნიშნავს. გარდა ამისა, ცნობილია ფიცვერცხლით დაძმობილება, რომელიც ასე სრულდება: ხნიერი, დაფასებული მამაკაცი არყიან ჭიქაში (ყანწში) ვერცხლს ჩათლის (ქამრის ბალთიდან, მონეტიდან თუ სხვა რამ ვერცხლის ნივთიდან) და სალოცავებს მიმართავს, მფარველობა გაუწიონ მომავალ ძმობილებს, მისცენ მათ ერთურთის ნდობა და სიყვარული. მერე თითოეული ძმობილთაგანი სამ-სამჯერ მოასმევინებს ვერცხლჩათლილ სასმელს მეორეს, შეჰფიცავს ძმობას და ადღეგრძელებს.
საერთოდ, ძმადნაფიცი უახლოეს და სისხლხორცეულ მოკეთედ ითვლება.
პანკისელი ქისტები დღემდე სათუთად უფრთხილდებიან ძმადნაფიცობის მადლს, ღალატი წარმოუდგენელია. ძმადგაფიცულნი არამხოლოდ ოჯახებით უახლოვდებიან ერთმანეთს, არამედ მათი ბიძაშვილები და სხვა ნათესავებიც ერთმანეთის მოკეთეებად ითვლებიან. გაჭირვების ჟამს, განსაცდელში ქისტი საკუთარ სიცოცხლეს ანაცვალებს ძმადნაფიცს და ამასვე მოელის მისგანაც. დაძმობილება, მსგავსად სისხლით ნათესაობისა, კრძალავდა ქორწინებას ძმობილებსა და მათ შთამომავლებს შორის.



სტატიის ავტორი – ნათია ჯალაბაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – "ეთნოსები საქართველოში", საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014