ქეთევანი, აშოთან მუხრანბატონის ასული, დაიბადა 1570 წლის ახლო ხანებში. ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს, მეფე ალექსანდრეს ერთ–ერთი შვილი, კონსტანტინე, შაჰ–აბასის კარზე იზრდებოდა და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტი ქეთევანის მეუღლემ დავითმა დაიკავა, მაგრამ ოთხიოდე თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ–ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო, ქეთევანმა, თეიმურაზი სპარსეთში, შაჰ–აბასთან გაგზავნა.
შაჰ–აბასმა, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე–მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამაჰმადიანებულ კონსტანტინე–მირზამ მოაკვლევინა საკუთარი მამა, კახეთის მეფე ალექსანდრე, ძმა გიორგი და მათთან მყოფი რუსთველი ეპისკოპოსი, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები შაჰ–აბასს მიართვა ერთგულების ნიშნად, თავმოკვეთილი სხეულები კი აქლემს აჰკიდა და ქეთევანს გაუგზავნა.
კონსტანტინემ უსურცხვილოდ შეუთვალა ქეთევანს: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რაეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისა“. კონსტანტინე კარგად ხედავდა დედოფლის ავტორიტეტს მთელს სამეფოში და მამისა და ძმის სისხლის საფასურად მითვისებული სამეფო ტახტის შენარჩუნება უფრო უნდოდა ვიდრე ქეთევანის მეუღლეობა.
ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო და სარწმუნოების სიწმინდისა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად მოუწოდა. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ კონსტანტინე მირზას და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი ბაგრატიონთა გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, კახეთის მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ–აბასი შეშინდა, კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო, ამიტომაც სასწრაფოდ დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში უფლისწული თეიმურაზი.
გაიხარა ქეთევან დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. თეიმურაზი ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე–დედოფალს სამი შვილი – ლევანი, ალექსანდრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით, თეიმურაზ მეფემ, ქართლის მეფის – ლუარსაბის და, ხორეშანი შეირთო, თვითონ კი ხორეშანის და – ელენე წაიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით „დაუმოყვრდა“ შაჰ–აბასი ქართლ–კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილებას.
შაჰ–აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავა სპარსეთში, თან ქეთევანიც გააყოლა: „ჰგნებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ–აბასისგან“. შაჰმა უფროსი შვილი, ლევანიც მოსთხოვა და როცა ისიც თავისთან დაიგულა, კვლავ შეუთვალა თეიმურაზს: „რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“. შაჰს სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად ამოეწყვიტა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზმა და ლუარსაბმა გაერთიანებული ძალებით სძლეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ–აბასმა ქეთევანი და მისი შვილიშვილები შირას გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შემოესია, ააოხრა ქვეყანა და ეკლესია–მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. სამასათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლა, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს. დამარცხებული თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთის მეფემ, გიორგიმ, შეიფარა.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ ქეთევანი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მართველის, გათათრებული ქართველის, იმამ–ყული–ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არის ჩვენიო, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონ ვართო მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმინდა ქეთევანს არ უმხელდნენ თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს – ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა ქეთევანი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს. ქეთევან დედოფლის მსახურთა შორის იყო მღვდელი ვასილი და მღვდელი მოსე, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად აღასრულებდნენ წირვებს, ამზადებდნენ დედოფალს მოწამეობისათვის და თვითონაც ყოველდღიურად ელოდნენ ქრისტესთვის სიკვდილს.
ხედავდა შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“ და ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას. შაჰმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდე მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა ქეთევანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.
შაჰმა იმამ–ყული–ხანს შეუთვალა “ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ–აბასმა ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე ალაჰი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. ქეთევანმა მტკიცედ უარყო უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა. „მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღმრთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაი შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“, შეევედრა მაცხოვარს, მიიღო წმინდა ზიარება და უშიშრად დადგა ჯალათების წინაშე.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს დედოფალი, ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, ჩააწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა ქეთევანმა: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცმყოფთო სიშიშვლით“.
უსჯულოებმა ენით აღუწერელი სისასტიკით აწამეს დედოფალი. გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, მარწუხებით დაუწყლულეს მკერდი, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს „და შეირაცხა წმინდა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა და მოვიდა სამხილებლად ყოველთა და დაადგა ნათელი. ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმინდანი ნაწილნი წმინდისა ქეთევანისანი ფრანგთა და წარიღეს თვისთა თანა ნაწილად, ხოლო ხელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს“. თეიმურაზ მეფემ „კეთილმსახურებისაებრ, ვითარცა მოწამესა დღესასწაულითა დიდითა პატივ–სცა... და ყოვლითურთ სამღვდელოით კრებულით... ვითა შუენოდა დედასა, დედოფალსა და მეფესა და დააბრძანა წმინდანი იგი ნაწილნი ეკლესიას – მთავარმოწამისა გიორგისსა ალავერდს, იტყვიან ქვეშე საღმრთოისა ტრაპეზისა“.
დედოფალ ქეთევათან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ ქეთევანის თანმხლები მღვდლები: ვასილი, რომელიც „ღირს იქმნა მოწამისა ღვაწლთასა, რამეთუ მანცა ქრისტესთვის მიიღო აღსასრული ცეცხლისა მიერ“ და მოსე, რომელიც ქვაბისა და დაშნების ცემით განგმირული ნაკუწ–ნაკუწებად აჩეხეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 13 სექტემბერი (ახალი სტილით 26 სექტემბერი) დადგინდა.
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქართველ წმინდათა ცხოვრება“, თბილისი, 2007წ;
მასალა ადაპტირებულია მარიტა გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;
|