ქართული დამწერლობის ისტორიიდან
(ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით)

დამწერლობა ხალხთა კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და თვალსაჩინო გამოვლინებაა. საკითხის დასმა ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ იმას ნიშნავს, რომ გაირკვეს, როდის და როგორ შეიქმნა ქართული ანბანი. ეს ერთ-ერთი ურთულესი საკითხია ქართულ მეცნიერებაში.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ნუმიზმატიკური მასალის საფუძველზე მცირეოდენი წვლილი შეიტანოს ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების შესწავლის საქმეში, რადგან მონეტაზე შერჩენილი ამა თუ იმ გამოსახულების ან წარწერის შესწავლის შედეგად ხერხდება შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტების დადგენა. ამ მხრივ მონეტა უტყუარი და ფასდაუდებელი ძეგლია, რომელზედაც სათანადო ეპოქის მდგომარეობა სწორად და პირუთვნელად იკითხება.
დღემდე ყურადღება არავის მიუქცევია ნუმიზმატიკურ მეცნიერებაში არსებულ ერთ ცნობაზე, რომელიც ქართული დამწერლობის არსებობაზე მიუთითებს ქრისტიანობამდელ პერიოდში. ქართველი ისტორიკოსი თეიმურაზ ბაგრატიონი მოგვითხრობს ერთ ქართულ მონეტაზე, რომელზედაც გამოსახულია ორი მეფე - აზორკ და არმაზელი და ამბობს, რომ მასზე ქართული წარწერაა: “ჩვენ ორთა საპატივცემოდ” (დ. კაპანაძე, 1970, გვ. 43). ლეონტი მროველის მიხედვით, ესენი არიან ორმეფობის ხანის მე-13 მეფენი. ძველ საისტორიო წყაროებში დამოწმებულია ვითარება, როცა ქართლის სამეფო ორად იყო გაყოფილი, მათ საკუთარი მეფეები ჰყავდათ; ერთი იჯდა მცხეთაში, მეორე - არმაზში. არსებობს მოსაზრება, რომ აზორკი და არმაზელი ძვ. წ. II საუკუნის 80-იან წლებში ცხოვრობდნენ. გ. მელიქიშვილის აზრით, აზორკი და არმაზელი ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ცხოვრობდნენ (ნარკვევები, 1979, გვ. 496, 518). ასევე, საინტერესოა ნუმიზმატ ბართოლომეის ცნობა ერთი სპილენძის მონეტის შესახებ, რომლის შუბლზე გამოსახულია ორი ლომი; ერთი დგას, მეორე კი მარჯვნივ გარბის და თავი პირველისკენ აქვს მობრუნებული. ირგვლივ ძნელად გასარკვევი წარწერის კვალია. ზურგზე გამოსახულია მეომარი შუბით და ფარით. ბართოლომეი ამ წარწერას კითხულობდა როგორც “მფ ფრსმნ” (მეფე ფარსმან). სამწუხაროდ, ეს მონეტა ამჟამად დაკარგულია (დ. კაპანაძე, 1970, გვ. 43). აღნიშნული მონეტა ჩვ. წ. I-II საუკუნეებით თარიღდება. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდა ფარსმანის სახელით ცნობილი ორი მეფე: ფარსმან I მეფობდა I საუკუნის 40-60-იან წლებში, ფარსმან II კი – II საუკუნის 30-50-იან წლებში. ესაა რომის კეისრისა და ხალხის მეგობრის სახელით ცნობილი ფარსმან ქველი (ნარკვევები, 1970, გვ. 520). ამ ორი მონეტის მაგალითზე ირკვევა, რომ ქართული ანბანი უკვე არსებობდა ქრისტიანობამდელ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში, ესაა ძვ. წ. II - ახ. წ. II საუკუნეები.
ქართულ საისტორიო წყაროებში დაცულია ცნობები ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, რომ ის წარმართობის ხანის ძეგლია, მაგრამ კონკრეტულად როდისაა შექმნილი ქართული ანბანი, ამ კითხვაზე შეიძლება პასუხი გაგვცეს ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულმა კოლხურმა მონეტამ.
ესაა ძვ. წ. V საუკუნეში მოჭრილი კოლხური დრაქმა-უნიკუმი, რომლის შუბლზე მოთავსებულია პირდაპირ მიმართული ლომის თავი, ხოლო ზურგზე ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებულია ხარის თავი. ხარს კისერი მორთული აქვს მძივებით.
ქართულ მონეტაზე ლომის გამოსახულების გაჩენა შემთხვევითი არ უნდა იყოს. მას გარკვეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ცნობილია, ძვ. წ. 553-550 წლებში სპარსელებმა დაიპყრეს მიდია და სპარსეთი ერთ მთლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. სახელმწიფოში გაბატონებული რელიგია იყო ზოროასტრიზმი. ამ რელიგიის მიხედვით უზენაესი ღვთაებაა აჰურამაზდა _ სიკეთისა და სინათლის მეუფე. ზოროასტრიზმის წმინდა გამოვლინებაა ცეცხლი, ასტრალური თვალსაზრისით – მზე, განსახიერება ღვთაებრივი სამართლიანობისა. ამიტომ ქადაგებდა ზარატუშტრა, რომ ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს ცეცხლს, იგივე მზეს, როგორც მართლმსაჯულების ამქვეყნიურ სახეს. აქედან წარმოდგება ცეცხლთაყვანისმცემლობა. მაზდეანურ ტაძრებში, საკურთხევლის წინ ჩაუქრობლად ენთო კოცონი, რასაც მორწმუნენი სასოებით ემსახურებოდნენ.
იმპერიის ერთიანობის განმტკიცების მიზნით ქსერქსე I- მა ძვ. წ. V საუკუნეში გაატარა რეფორმები რელიგიის სფეროში, რომლის ძალით ირანსა და დაპყრობილ ქვეყნებში, იმპერიის მასშტაბით, სავალდებულო გახდა აჰურამაზდას კულტი. ამიერიდან იმპერიის არაირანულ სატრაპიებში იკრძალება და იდევნება ადგილობრივი ღვთაებანი და მათ ნაცვლად უპირატესობა ენიჭება აჰურამაზდას კულტს. ეს რეფორმა შეეხო საქართველოსაც, რადგან ის ირანის მე-19 სატრაპიაში შედიოდა და ამ დროიდან მოკიდებული მაზდეანობა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ქართველთათვის სავალდებულო რელიგიად იქცა.
ე. ი. საქართველოში, ისევე როგორც ირანში, წინა პლანზე დადგა მზის კულტი _ მზის თაყვანისცემა. როგორც ცნობილია, მზე, ვითარცა დედა ღმერთი, ქართული წარმართული პანთეონის სათავეში იდგა სწორედ წინაქრისტიანულ ხანაში. ამასთანავე, უძველეს საფეხურზე სწორედ მზე უნდა ყოფილიყო მთავარი ღმერთი, დედა ღმერთი, ხოლო მანამდე არსებულმა მთვარის კულტმა, მთვარის ღმერთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დედამიწაზე მზის ზოომორფული გამოსახულებაა ლომი, ხოლო მთვარის ზოომორფული გამოსახულებაა ხარი. სწორედ ეს ვითარება უნდა ვიგულისხმოთ მონეტიზე არსებულ გამოსახულებებში, როცა მონეტის შუბლზე, ანუ პირველ ადგილზე, მზის ზოომორფული გამოსახულებაა ლომი, ხოლო მეორე ადგილზე, ანუ ზურგზე, მთვარის ზოომორფული გამოსახულება _ ხარი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში, სადაც უძველესი დროიდან ქართველები მთვარეს სცემდნენ თაყვანს, ძვ. წ. V საუკუნიდან მთვარის თაყვანისცემა შეიცვალა მზის თაყვანისცემით და ეს ვითარება კარგადაა ასახული ნუმიზმატიკურ მასალაზე. ამ მხრივ საინტერესოა ქართული ანბანის განხილვაც. ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილი წერდა: “ქართული “ან”-ის მრგვალი მოხაზულობა და კიდურებაწეული ზევითი განივი ხაზი სწორედ ხარის რქიანი თავის მოხაზულობას წარმოადგენს” (ივ. ჯავახიშვილი, 1949, გვ. 270). ანალოგიურ აზრს ავითარებს რ. პატარიძეც: “ქართული ასომთავრული წარმართული ეპოქის ძეგლია... ქართული დამწერლობის ისტორიიდან (ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით) ანბანის პირველი ასო-ნიშანი არის მთვარის, ანუ მთვარის ღმერთის, იდეოგრამა.
ქართული ასომთავრული “ან” ზოგადად ცის სხეულის - მთვარის გრაფიკული ხატია” (რ. პატარიძე, 1980, გვ. 169). ბოლოს ასკვნის: ”ქართულ ასომთავრულ ანბანს მთვარის ღმერთი იწყებს და მისი ზოომორფული სიმბოლო ანუ საკულტო ცხოველი – ხარი ამთავრებს” (იქვე, 1980, გვ. 100). აქედან კარგად ჩანს, რომ ქართული ასომთავრული ანბანის “ან”, როგორც მნათობი მთვარე და მთვარის ღმერთი, ქართული ანბანის პირველი ასო-ნიშანია, პირველ ცაზე, მთვარის ცაზე ზის. რადგან ძველ ხალხთა ასტრალურ რელიგიაში მთვარე პირველ ადგილზეა, ქართულ ასომთავრულ ანბანშიც ასახულია ძველი, წარმართული ხანის მთვარის კულტის ასტრალურ-რელიგიური მრწამსი. ყურადღებას იქცევს რ. პატარიძის მოსაზრება, რომ ქართული ანბანის “ან” ასო-ნიშნის რკალური მოხაზულობა იმის მაჩვენებელია, რომ იგი გრაფიკული ხატია მცხრალი მთვარისა და ეს შემთხვევითობად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ქართული ანბანის პირველი ასო-ნიშანი ბაბილონური მთვარის ღმერთად იწოდება (იქვე, 1980, გვ. 170). ისტორიულად ცნობილია, რომ შუამდინარეთის ძველი ცივილიზაციის უკანასკნელი პერიოდი ახალბაბილონური სამეფოს დაარსებით დაიწყო, ხოლო იმავდროულად შუამდინარეთის ძველი ცივილიზაციის აღსასრულიც დაიწყო და როცა ძვ. წ. 539 წელს საბოლოოდ დაემხო ძველი ბაბილონი, “ან” მთვარის ღმერთმაც დაკარგა თავისი უპირველესი ღვთაების პრივილეგიები. ხოლო რაკი ეს მოხდა ძვ. w. ვჳ საუკუნეში, უნდა ვიფიქროთ, ქართული ანბანი ამ ისტორიულ ვითარებამდეა შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, ის იმ პერიოდის გამოვლინებაა, როცა მთვარის ღმერთი ბაბილონში უპირველესი ღვთაება იყო და მიიჩნეოდა ცისა და მიწის ღმერთების მეუფედ.
რ. პატარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართულ ასომთავრულ ანბანში რაიმე კვალი ირანული მრწამსისა არა ჩანს და, პირუკუ, პირველ ასო-ნიშნად ქართულ ანბანში “ან” ბაბილონური მთვარის ღმერთი ზის (რ. პატარიძე, 1980, გვ. 70).
ყოველივე ზემოთქმული საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქართული ანბანი შექმნილია წარმართობის ხანაში, კერძოდ, ძვ. წ. V საუკუნემდე, რადგანაც მასში ასახულია ის პერიოდი, როცა მთვარე მთავარი ღვთაება იყო ქართველებისა. უფრო მოგვიანებით მთვარემ ქართველთა ასტრალურ პანთეონში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველობა მზეს დაუთმო.




სტატიის ავტორი – ნელი უგრეხელიძე.
მასალა აღებულია ჟურნალიდან – `ქართველური მემკვიდრეობა~, N14 გამოცემა, 2010წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014