ქართული დამწერლობის წარმომავლობის საკითხი ძველი საისტორიო ტრადიციის მონაცემების შუქზე.
ძირითადი სამეცნიერო ვერსიები

ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხისადმი გარკვეული ინტერესი ძველ დროშივე არსებობდა. მის შესახებ ცნობებს ვხვდებით ძველ ქართულ და სომხურ წერილობით წყაროებში. მათი მონაცემები პრინციპულად სხვაობენ ერთმანეთისაგან: ქართული საისტორიო ტრადიცია ჩვენთვის საინტერესო მოვლენას წინაქრისტიანულ ხანაში ათავსებს, სომხური კი – პირიქით, ქრისტიანობის ეპოქაში. უეჭველია, რომ თავის დროზე ამ გარემოებამაც მოახდინა გარკვეული გავლენა სხვადასხვა მეცნიერთა და მკვლევართა წრეში მოცემულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა თუ ვარაუდების ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზ-გარემოებათა გამო თვითონ აღნიშნული საისტორიო ტრადიციის მონაცემებიც არაერთხელ დამდგარა სპეციალისტთაგან ეჭვის ქვეშ; იმ დონემდეც კი, რომ მათი საისტორიო ღირებულება მეცნიერებს ხშირად საერთოდაც უგულებელყვიათ.
თავდაპირველად ქართული საისტორიო ტრადიციის მონაცემების შესახებ. პირველი ადგილობრივი წერილობითი წყარო, სადაც ქართული `მწიგნობრობის~ შექმნის თაობაზეა საუბარი, არის `ქართლის ცხოვრება~, რომლის ავტორად (ან შემდგენლად, გადამწერლად თუ რედაქტორად) ჩვენში ტრადიციულად XI საუკუნის მწერალი ლეონტი მროველია მიჩნეული. აქ ქართლის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებლის - ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას მოცემულია ცნობა, რომელიც ღაღადებს შემდეგს:
`ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაÁ ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაÁ ენაÁ ქართლსა შინა თÂნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაÁ ქართული~ (ქართლის ცხოვრება, I, 1955: 26).
დღემდე დაუდგენელია, თუ საიდან აიღო ლეონტი მროველმა ეს ცნობა, არის ის თვითონ მისი შემთხზველი თუ ჩვენთვის უცნობი რომელიმე ძველი წყაროდან გადმოწერა. `უძველეს ცნობილს ქართულ მატიანეში `მოქცევაÁ ქართლისაÁ~-ში ქართული მწიგნობრობის დასაწყისისა და მისი გამომგონებლის შესახებ არაფერია ნათქვამი. არსებობდა თუ არა მაშინ სხვა რომელიმე თხზულება, რომელშიაც ამ საკითხზე ლაპარაკი ყოფილიყო, ძნელი სათქმელია~-ო, წერდა თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი (იხ. ჯავახიშვილი 1996: 29). მიუხედავად იმისა, რომ დიდი მეცნიერი ქართული ანბანის წინაქრისტიანულ ხანაში შექმნის თვალსაზრისის თავგამოდებული დამცველი გახლდათ (იგი ქართული ანბანის შექმნის დროდ ძვ. წ. VII საუკუნის ვარაუდობდა), ლეონტი მროველის აღნიშნული ცნობის სანდოობა მან უპირობოდ დააყენა ეჭვის ქვეშ. `აქ მხოლოდ ის გარემოებაა საყურადღებო, რომ XI საუკუნის ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინადროინდელ აღმოჩენად ჰქონდა წარმოდგენილი, ძველისძველად მიაჩნდა და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ სთვლიდა. იქნებ, მომავალმა გამოარკვიოს, ჰქონდა თუ არა ლეონტი მროველს ამისთვის რაიმე საფუძვლიანი წყაროები ან ისტორიული ზეპირგადმოცემა~, - წერდა ის ერთგან მის ცნობილ ნაშრომში `ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია~ (ჯავახიშვილი 1996: 192). მისივე სიტყვებით, ლეონტის ცნობა `ბავშვური გულუბრყვილობის შედეგია~ და მას `ისტორიისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს~.
დღეისათვის ალბათ უკვე შეიძლება დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ივ. ჯავახიშვილის მიერ ნაგულებმა `მომავალმა~ არსებითად ვერ გამოავლინა რაიმე ისეთი ანგარიშგასაწევი საბუთი, რომელიც ქართული ასომთავრული ანბანის წინაქრისტიანულ ხანაში (ანუ ახ. წ. IV საუკუნემდელ პერიოდში) არსებობის ფაქტზე იღაღადებდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ივ. ჯავახიშვილის შემდგომ ზოგიერთი მეცნიერისა თუ მკვლევრის (პ. ინგოროყვა, გ. წერეთელი, რ. პატარიძე, ლ. ჭილაშვილი...) მხრიდან ჰქონდა ადგილი სათანადო არგუმენტთა მოძიების გარკვეულ მცდელობებს. შეგვიძლია მოკლედ განვიხილოთ ისინი:
გიორგი წერეთელი ფიქრობდა, რომ ქართული ანბანი ე.წ. `არმაზულ~ დამწერლობასთან ერთად ძველი არამეული დამწერლობის თავისებური შტოსგან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი. ამასთან, იგი არამეულთან შესადარებლად იღებდა ქართული ანბანის არა უძველეს სახეობას - ასომთავრულს, არამედ ნუსხა-ხუცურს; ასომთავრული და ნუსხური მან საერთო წყაროდან მომდინარე სახეობებად მიიჩნია (წერეთელი 1942: 3-14). გ. წერეთლის თეორია სადღეისოდ ქართველოლოგიაში გაზიარებული არ არის. ეჭვგარეშედ არის დადგენილი, რომ `ასომთავრული~ ქართული დამწერლობის უძველეს სახეობას წარმოადგენს, ნუსხა-ხუცური კი, მისი განვითარების შედეგად არის მიღებული. ამდენად, არამეულთან შესადარებლად ნუსხახუცურის აღების ფაქტი მეთოდოლოგიურ შეცდომას წარმოადგენს და მასზე დღეს ფაქტიურად აღარავინ დავობს.
რამაზ პატარიძემ ფაქტიურად გაიზიარა ივანე ჯავახიშვილის ძირითადი დებულებები. ივ. ჯავახიშვილის მსგავსად მანაც გრაფიკული შედარების მეთოდის გამოყენებით ქართული დამწერლობის წარმომავლობა ფინიკიურს დაუკავშირა, ხოლო მისი შექმნის დროდ ძვ. წ. V საუკუნის მიწურული ივარაუდა. ამასთანავე, ქართლის ლეგენდარული მეფე ფარნავაზ I მან ქართული დამწერლობის მხოლოდ რეფორმატორად მიიჩნია და არა შემქმნელად (იხ. პატარიძე 1980). აღნიშნულ თეორიას, - როგორც ამას სამართლიანად შენიშნავს ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი ბ. კილანავა, - `არ ახლავს ისტორიულ-ლიტერატურულ პირველწყაროთა არცერთი პირდაპირი ცნობა, არათუ ქართული ანბანის გენეზისის, არამედ თვით მისი არსებობის შესახებ და საეჭვოა, რომ იგი ვინმემ ოდესმე მოიძიოს~ (კილანავა 1990: 26). არსებითი სიახლე რ. პატარიძის გამოკვლევაში იყო ის, რომ მან ქართულ ასომთავრულს ძირითადი (ანუ წერითი) ფუნქციის გვერდით კალენდარული დანიშნულებაც მიაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარმა ქართული ანბანის შექმნა ფინიკიურის საფუძველზე ივარაუდა, მისივე დასკვნით: `ქართული ასომთავრული ასო-ნიშნების გრაფიკულმა ანალიზმა ცხადყო, რომ დამწერლობის ქართული მონუმენტური სახეობა თანდათანობითი ევოლუციის შედეგად კი არ არის ჩამოყალიბებული, არამედ იგი შექმნილია ერთ დროს და ერთდროულად. ამასთანავე, ქართული მონუმენტური დამწერლობის შექმნისას გათვალისწინებულია, ზოგადად, მონუმენტური დამწერლობის ბერძნული გრაფიკული პრინციპები~ (პატარიძე 1980: 594).
ლევან ჭილაშვილმა საკუთარი თეორია ძირითადად ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ფრაგმენტული წარწერების შესწავლის საფუძველზე ჩამოაყალიბა. კერძოდ, მან ათი ასეთი წარწერიდან ცხრა წინაქრისტიანული (ე.ი. ახ. წ. XV საუკუნემდელი) ხანით დაათარიღა, საკუთრივ ქართული ანბანი კი, მაზდეანთა სჯულის წიგნის - `ავესტას~ სათარგმნელად მეფე ფარნავაზის მიერ სპეციალურად შემოღებულ დამწერლობად მიიჩნია (იხ. ჭილაშვილი 2004). ფაქტიურად, ეს `ქართლის ცხოვრების~ ზემოთ განხილული ცნობის ნივთიერი მასალით (ანუ წარწერებით) უზრუნველყოფის ცდას წარმოადგენდა. მაგრამ, სხვა ასპექტებზე (თუნდაც ის, რომ მკვლევარმა ასომთავრულის სახეობის ჩამოყალიბების ევოლუციურ ვერსიას დაუჭირა მხარი) რომ არაფერი ვთქვათ, აღნიშნული ცდის ხელოვნურობა იმდენად თვალშისაცემი იყო (ამ საკითხის კრიტიკისათვის იხ. ხურცილავა 2002 ბ; 2003 ბ: 31-50; 2006: 55-76), რომ ლ. ჭილაშვილის თეორიამ, თუ არ ჩავთვლით მცირე გამონაკლისს (იხ. კახაძე 1992; ჭუმბურიძე 2001; პატარიძე 2002), სპეციალისტთა წრეში სათანადო გამოხმაურება და აღიარება ვერ ჰპოვა.
კორნელი კეკელიძე, რომელიც ქართული დამწერლობის ქრისტიანობის ხანაში ჩამოყალიბების ვერსიას უჭერდა მხარს, დაუფარავი უნდობლობით ეკიდებოდა `ქართლის ცხოვრებაში~ ამ საკითხზე დაცულ ცნობას. იგი ერთგან წერდა შემდეგს: `ჩვენ ვერ შევიწყნარებთ ვერც მატიანის ცნობას ფარნავაზ მეფის შესახებ, რომელმაც ვითომც `შექმნა მწიგნობრობა ქართული,~ ვერც იმ მოსაზრებებს, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ქართული მწერლობა არსებობდა ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოღებამდე ჩვენში~ (კეკელიძე 1929: 160). სამაგიეროდ, მანვე სათანადო კრიტიკის გარეშე გამოუცხადა ნდობა სომხური საისტორიო ტრადიციის მონაცემებს, რის შედეგადაც სომეხი განმანათლებელი მესროპ-მაშტოცი ქართული ანბანის შექმნის საქმეში `ინსტრუქტორად~ მოგვევლინა, ხოლო თვითონ ასომთავრულის შექმნის ფაქტი მეცნიერმა 420-422 წლებით დაათარიღა (იქვე: 166). ამ საკითხების კვლევისას კ. კეკელიძის მიერ დაშვებული მეთოდოლოგიური შეცდომები იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ქართული ანბანის როგორც სავარაუდო ავტორის, ისე შექმნის თარიღის საკითხთან დაკავშირებით მის მოსაზრებებს ქართველოლოგთა წრეში ერთგული მიმდევრები ფაქტიურად არ გამოუჩნდნენ.
`ქართლის ცხოვრებაში~ მოყვანილი ცნობის ორიგინალური განმარტების ცდა წარმოადგინა თავის დროზე მწერალმა და ქართული ანბანის მკვლევარმა თამაზ ჩხენკელმა. იგი აღნიშნული ცნობის რეალური შინაარსის ამოცნობას შეეცადა სეპტიმალურ შესაბამისობაზე დამყარებული თეორიის ჭრილში და პირველმა ქართული დამწერლობის მკვლევართაგან დაუშვა აზრი იმის თაობაზე, რომ ლეონტი მროველის აღნიშნული ცნობა ენიგმური ხასიათისაა და შესაძლოა ნართაულად მიუთითებდეს ქრისტიანულ ხანაში შექმნილი ქართული ანბანის ნამდვილი ავტორის ვინაობაზე. თ. ჩხენკელისვე აზრით, ქართული ასომთავრული ანბანის სტრუქტურა გეომეტრიულ (კვადრატის) პრინციპზეა აგებული (ჩხენკელი 1977: 67-81). ქართული დამწერლობის სტრუქტურის შესწავლის ნიადაგზე მსგავსი დასკვნა უფრო ადრე ჯერ ივ. ჯავახიშვილმა და შემდეგ კი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინფრიდ ბედერმაც გააკეთეს.
ქართული ანბანის აგების პრინციპის შესახებ ორიგინალური შეხედულებები წარმოადგინა თავის დროზე ელენე მაჭავარიანმაც. კერძოდ, მისი აზრით, ასომთავრული პირობითობის პრინციპზე, ე.ი. ხელოვნურად აგებული გრაფიკული სტრუქტურაა, რომელიც სათავეს ხალხური არქიტექტურის ტრადიციებიდან იღებს. მკვლევრის აზრით, ქართული ანბანი ქრისტიანობამდელ ხანაში შეიქმნა, ქრისტიანობის საქართველოში გამარჯვების შემდეგ კი მან გარკვეული სახეცვლილება განიცადა (იხ. მაჭავარიანი 1982). ამასთანავე, მეცნიერმა დამაჯერებლად უჩვენა ისიც, რომ ქართული და სომხური დამწერლობების შემთხვევაში სახეზე გვაქვს მათი შემქმნელების მხრიდან მხატვრული ხედვის, ფორმათა გამოხატვის განსხვავებულ გრაფიკულ სტილის გამოვლინების ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ ორი ანბანის შექმნას ერთი და იმავე პიროვნების მიერ (იქვე: 76-77).
თამაზ გამყრელიძე, რომელიც ქართულ ასომთავრულ ანბანს ბერძნულზე დამყარებულ ადრექრისტიანულ დამწერლობათა საერთო ტიპოლოგიურ ჯგუფში ათავსებს, ვარაუდობს, რომ ცნობა ფარნავაზისგან `მწიგნობრობა ქართული~-ს შექმნის შესახებ შეიძლება ნიშნავდეს წინაქრისტიანულ პერიოდში ქართულის წერილობითი ხმარების შემოღებას `ალოგლოტოგრაფიის~ (ან ჰეტეროგრაფიის) სახით, რაც გულისხმობს ქართული ზეპირი ტექსტის ჩაწერის წესს უცხო (სავარაუდოდ, არამეული) ენისა და დამწერლობის შუამავლობით (გამყრელიძე 1990: 198-200).
გარდა აღნიშნულისა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორების (ს. გორგაძე, ი. ოქრომჭედლიშვილი, დ. ფურცელაძე, ნ. ადონცი, ჰ. იუნკერი, ფრ. მმიულერი, ი. ტეილორი...) მიერ გამოთქმულ იქნა აგრეთვე მოსაზრებები ქართული ანბანის არამეული, ეთიოპური, ფალაური, სომხური, ზენდავესტური (ან უბრალოდ ავესტური) დამწერლობებისაგან წარმომავლობის შესახებაც.
თუკი `ქართლის ცხოვრების~ ზემოთ ნახსენები ცნობის ჭეშმარიტებად მიჩნევის გზაზე ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას სადღეისოდ წინაქრისტიანული ხანით დათარიღებული ნივთიერი მასალის (წარწერების) უქონლობის ფაქტი წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს სომხური საისტორიო ტრადიციის მონაცემებთან დაკავშირებით. მაგრამ, სამაგიეროდ, დაბრკოლებას აქ იმ მხრივ ვაწყდებით, რომ ძველი სომხური წერილობითი წყაროების ცნობათა თავდაპირველი შინაარსი უკიდურესად ტენდენციურად არის მოგვიანო ხანებში გადაკეთებულ-დამახინჯებული, რისი მიზეზითაც მის მიმართ სპეციალისტთა წრეში მყარი ნდობა ფაქტიურად არ არსებობს.
ქრისტიანობის ხანაში ქართული ანბანის შექმნის პერიპეტიებზე ცნობებს გვაწვდიან ვ საუკუნის სომეხი მწერლები – კორიუნი და მოვსეს ხორენაცი, რომელთა თხზულებებმა ჩვენამდე გვიანდელი ხელნაწერების (მათგან უძველესი მხოლოდ XIV საუკუნისაა) სახით მოაღწია. გამომდინარე იქედან, რომ რაიმე ცნობა ქრისტიანულ ეპოქაში ქართული დამწერლობის შექმნაზე სხვაგან ფაქტიურად არ მოგვეპოვება, საჭიროდ ვთვლით სომეხი მწერლების აღნიშნული ცნობების შინაარსის უფრო გულდასმით განხილვასა და ანალიზს. თავდაპირველად მესროპ-მაშტოცის ბიოგრაფის - კორიუნის ცნობის შესახებ. კერძოდ, მის თხზულებაში ვკითხულობთ შემდეგს:
`გარკვეული ხნის შემდეგ ქრისტესთვის საყვარელმა [მაშტოცმა] იზრუნა აგრეთვე უცხო ქვეყნებზეც. და შეუდგა იგი ივერთა ენის დამწერლობის შექმნას, ღმრთისგან მისთვის ბოძებული მადლით. მან მოხაზა, დაალაგა და გააწყო როგორც ეგებოდა, და, თან იახლა რა ზოგიერთი თავისი საუკეთესო მოწაფეთაგან, გაუდგა გზას და მივიდა ივერთა ქვეყანაში. აქ ის წარუდგა ივერთა მეფეს, სახელად ბაკურს, და ქვეყნის ეპისკოპოსს მოსეს. მეფე და მხედრობა ყველა მხარესთან ერთად ღმრთის ბრძანებით მორჩილად უსმენდნენ მას. და ის, გადაშალა რა მათ წინაშე თავისი ხელოვნება, ასწავლიდა და არიგებდა მათ. და მათ ყველამ ივალდებულეს მისი [მაშტოცის] სურვილის აღსრულება. და [მაშინ] იპოვნეს ერთი ივერთა ენიდან მთარგმნელი, წიგნიერი და მართლმორწმუნე კაცი, სახელად ჯალი. შემდეგ ივერთა მეფემ ბრძანა თავისი სამბრძანებლოს სხვადასხვა მხარეებიდან და ნაირგვაროვანი ოლქებიდან შეეკრიბათ ყრმები და მიებარებინათ მოძღვრისათვის [სასწავლელად]. ხოლო მან აიღო და შთაყარა ისინი მოძღვრების ქურაში და, სულიერი სიყვარულის მთელი ძალით ჩამოფხიკა მათ კერპებისადმი ეშმაკისეული და ცრუმორწმუნეობრივი თაყვანისცემის ავსუნიანი ჟანგი და ჭუჭყი, და ისე დააშორა ისინი წინაპართა გადმოცემებს, რომ მათ სრულიად დაივიწყეს მთელი თავიანთი წარსული და ამბობდნენ: დავივიწყე მე ერი ჩემი და სახლი მამისა ჩემისა. და აი, ისინი, რომლებიც შეკრებილნი იქნენ ცალკეული და დაქსაქსული ტომებისაგან, მან [მაშტოცმა] შეჰკრა ღვთიური აღთქმებით და გადააქცია ერთი ღმერთის მადიდებელ ერთიან ხალხად... მას შემდეგ, რაც ივერიაში ყველგან მოაწესრიგა [მაშტოცმა] ღმრთისმსახურების საქმე, ის დაემშვიდობა მათ, დაბრუნდა სომხეთის ქვეყანაში და, წარუდგა რა სომხეთის კათალიკოს საჰაკს, მოუთხრო მას ყოველივე ნამოქმედარის შესახებ, და მათ ერთად ადიდეს ქრისტე ღმერთი~.
მოვსეს ხორენაცის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე უფრო მოკლე და ლაკონიურია. კერძოდ, იგი გვამცნობს შემდეგს:
`რაც შეეხება მესროპს, იგი წავიდა ქართველთა ქვეყანაში და მადლის ზეგარდმო მინიჭებით მათაც შეუქმნა დამწერლობა ვინმე ჯალისთან ერთად, რომელიც ბერძნული და სომხური ენებიდან თარგმნიდა. {მესროპს} ხელს უწყობდნენ იმათი მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი. მან შეარჩია ბავშვები, გაჰყო ისინი ორ ჯგუფად და მოძღვრებად დაუტოვა თავისი [ორი] მოწაფეთაგანი, ტერ ხორძენაცი და მუსე ტარონაცი~ (მოვსეს ხორენაცი 1984: 223-224).
სპეციალისტთა შორის არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვსეს ხორენაცის ზემოხსენებული ცნობის პირველწყაროს სწორედ კორიუნის თხზულება წარმოადგენს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო საცნაურად გამოიყურება დასახელებულ ავტორთა ცნობებს შორის ნიუანსობრივი თვალსაზრისით გამოვლენილი პრინციპული ხასიათის სხვაობის ის ფაქტები, რომლებიც მოკლედ შეგვიძლია აღვნუსხოთ ქვემოთ:
1. კორიუნის მიხედვით: ქართულ ანბანს მესროპ-მაშტოცი ქმნის ერთპიროვნულად, სხვა ვინმესაგან დაუხმარებლად. მოვსეს ხორენაცის მიხედვით: ქართული ანბანის შექმნის საქმეში მესროპ-მაშტოცს ჰყავს თანამონაწილე ადგილობრივი პირის – ვინმე ჯალის სახით.
2. კორიუნის მიხედვით: ქართულ ანბანს მესროპ-მაშტოცი ქმნის იბერიის ფარგლებს გარეთ მისივე პირადი ინიციატივით და ამრიგად მოაქვს ის მცხეთაში. მოვსეს ხორენაცის მიხედვით: ქართულ ანბანს მესროპ-მაშტოცი ქმნის ადგილზე მისვლის შემდეგ, ანუ უშუალოდ იბერიაში (მცხეთაში); ამ საქმეში მისი ხელშემწყობები არიან ქართლის მეფე და მღვდელმთავარი.
3. კორიუნის მიხედვით: ჯალი იყო განათლებული და მორწმუნე, ქართული ენიდან მთარგმნელი კაცი. მოვსეს ხორენაცის მიხედვით: ჯალი ბერძნული და სომხური ენებიდან თარგმნიდა.
4. კორიუნის მიხედვით: იბერთა მეფე ბაკურის ბრძანებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეკრიბეს ყრმები და მიაბარეს მოძღვარს, რომელმაც ისინი თავისი მოძღვრების ქურაში შეყარა, დააშორა წინაპრების ადათებს და სრულიად დაავიწყა წარსული.
მოვსეს ხორენაცის მიხედვით: ყრმები იბერიაში უშუალოდ მესროპ-მაშტოცმა შეარჩია, ორ ჯგუფად გაჰყო ისინი და მოძღვრებად თავისი მოწაფეები – ტერ ხორძენაცი და მუშე ტარონაცი დაუყენა (ამ პირებს კორიუნიც იცნობს, მაგრამ არა კონკრეტულად მაშტოცის იბერიაში სტუმრობასთან დაკავშირებით).
5. კორიუნის მიხედვით: სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი ყრმები მაშტოცმა შეკრა ღვთაებრივი მცნებებით და გადააქცია ისინი ერთი ღმერთის მადიდებელ ერთიან ხალხად. იქვე ისიც არის ნათქვამი, რომ მაშტოცმა იბერიაში ყველგან მოაწესრიგა ღმრთისმსახურების საქმე. მოვსეს ხორენაცისთან მსგავსი არაფერია ნათქვამი.
ასეთია პრინციპული ხასიათის სხვაობათა ჩამონათვალი კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის ჩვენთვის საინტერესო ცნობებს შორის. მათ ნიადაგზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება ჭირს. ცხადია მხოლოდ ის, რომ მოვსეს ხორენაცის წყაროს არ შეიძლება წარმოადგენდეს კორიუნის თხზულების ჩვენთვის ამჟამად ცნობილი რომელიმე რედაქცია. პირვანდელი ინფორმაციის მოგვინებით დამახინჯების ფაქტის აღიარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება იმის ახსნა, თუ რატომ სხვაობენ ასე მკვეთრად ერთიდაიმავე საუკუნეში მოღვაწე მწერლების (თვითონ მაშტოცის მოწაფეთა!) ცნობები მოცემულ საკითხზე. სხვა დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ, დასახელებული სომეხი მწერლები ისეთ პრინციპულ საკითხშიც კი ვერ თანხმდებიან, ქართული ანბანი საკუთრივ იბერიაში შეიქმნა თუ მის ფარგლებს გარეთ.
სომხური წყაროების აღნიშნულ ცნობათა მეცნიერულად კრიტიკული ანალიზი ჩვენში პირველად ივ. ჯავახიშვილმა მოახდინა. შემდგომში ზ. ალექსიძის მიერ `ეპისტოლეთა წიგნის~ ტექსტში გამოვლენილი იქნა მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის შექმნის თაობაზე გვიანდელი ჩანართის უცილობელი ფაქტი და უხტანესის თხზულების შესაბამის ადგილთან შედარების ნიადაგზე გაკეთდა მნიშვნელოვანი დასკვნა იმის შესახებ, რომ ლეგენდა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონების შესახებ სომხურ მწერლობაში ცნობილი არ ყოფილა თვით X საუკუნეშიაც კი (იხ. უხტანესი 1975: 289-319). ჩვენის მხრივ დავამატებდით იმას, რომ ეს ლეგენდა ჯერ კიდევ არ არსებობდა XI საუკუნეში და დიდის ალბათობით, საფუძველი მას XII-XIII სს-ის მიჯნასთან ახლოს ვარდაპეტ იოვანე ვანაკანისა და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების (ვარდან არეველცი, მხითარ აირივანეცი, კირაკოს განძაკეცი და სხვ.) წრეში უნდა ჩაჰყროდა (იხ. ხურცილავა 2003 ა: 111-112).
საინტერესოა, რომ არმენოლოგიაში გამოთქმული ვარაუდის თანახმად, `მაშტოცის ცხოვრების~ შემოკლებული ვერსია, ე.წ. `ცრუკორიუნი~ XI საუკუნისათვის უნდა აღმოცენებულიყო. თვითონ ის ფაქტი, რომ `ცრუკორიუნი~, როგორც ასეთი, საერთოდ გაჩნდა შუა საუკუნეების სომხურ მწერლობაში, კორიუნის თხზულების თავდაპირველ ტექსტში უცნობ გადამწერელთაგან უხეშად ჩარევისა და მისი მონაცემების მოგვიანებით შეცვლა-გადაკეთების ნათელ მოწმობას წარმოადგენს; და რომ ეს ჩარევა იყო სრულიად შეგნებული, ჯერ კიდევ გამოსაძიებელი მოტივაციით ნაკარნახევი, ამის სარწმუნო გამოხატულებას წარმოადგენს თუნდაც ზ. ალექსიძის მიერ `ეპისტოლეთა წიგნში~ გამოვლენილი სიყალბის ზემოხსენებული ფაქტი. მაგრამ `ცრუკორიუნზე~ რა უნდა ვთქვათ, როდესაც ცნობილი ბელგიელი არმენოლოგის პ. პეეტერსის აღიარებით თვით `ჭეშმარიტი კორიუნიც~ კი ძველ სომხურ მწერლობაში `შესაშური პატივით არ ყოფილა გარემოცული~!? (იხ. თარხნიშვილი 1994: 189).
გამოსარკვევია მიზეზ-გარემოებანი იმისა, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის ცნობათა თავდაპირველი შინაარსის დამახინჯების ფაქტი. თუ აქ ტენდენციურად განწყობილი კონკრეტული პიროვნების (თვითონ კორიუნის ან მისი ცნობების რომელიმე გვიანდელი რედაქტორ-გადამკეთებლის) წინასწარგანზრახულობასთან არ გვაქვს საერთოდ საქმე, შეგვეძლო გვეფიქრა, რომ მაშტოცის სახელთან ქართული ანბანის შექმნის ფაქტის დაკავშირებას ხელი რამდენადმე შეუწყო იმ გარემოებამ, რომ კორიუნის მიხედვით მესროპ-მაშტოცმა კავკასიის ალბანელთა დამწერლობის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ივ. ჯავახიშვილის მეცადინეობით თავიდანვე დამკვიდრდა ისეთი აზრი, რომ ქართულ ანბანთან დაკავშირებული ინფორმაციის მსგავსად აღნიშნულიც მოგვიანებით იქნა კორიუნის შრომაში ჩართული, და რომ 52-ნიშნიანი ალბანური ანბანის შემქმნელი ამ ენის არმცოდნე მესროპ-მაშტოცი ვერ იქნებოდა. ხოლო, თუკი კორიუნის თხზულებაში იმთავითვე იყო საუბარი ალბანელთა დამწერლობის შექმნაში მესროპმაშტოცის პირდაპირი ან თუნდაც ნაწილობრივი მონაწილეობის ფაქტზე, ამ გარემოებას მოგვიანებით იოვანე ვანაკანის მსგავსი ტენდენციურად განწყობილი სომეხი მწიგნობრების წრეში ადვილად შეეძლო წარმოეშვა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ იგივე მაშტოცმა ალბანთა გარდა სხვა მეზობელი ხალხის – ქართველთა ანბანის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში, ვითარების ამრიგად წარმოჩენის, ანუ მათთვის სასურველის რეალობად გასაღების ცდუნება, ჩვენი აზრით, საკმაოდ დიდი იქნებოდა. ასეთი აზრის წარმოქმნას ხელს უდავოდ ისიც შეუწყობდა, თუკი კორიუნის თხზულების პირვანდელ ტექსტში ნამდვილად იყო საუბარი მესროპმაშტოცის იბერიაში სტუმრობის შესახებ და იქვე სულ სხვა მოვლენასთან კონტექსტში დასახელებული იყვნენ რეალურ-ისტორიული პირებიც: იბერთა მეფე ბაკური, ეპისკოპოსი მოსე, მწიგნობარი ჯალი). აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დავეთანხმოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხზე სხვა მხრივ ძალზედ ტენდენციურად განწყობილი სომეხი მკვლევრის პ. მურადიანის იმ შენიშვნას, რომ `რაგინდ კრიტიკულადაც არ უნდა შეფასდეს მესროპ მაშტოცის ქართლში მისიის მიზანი, არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს თვით ფაქტი მისი აქ ყოფნისა, რადგანაც ამ ამბების მთხრობლები ასახელებენ რეალურ-ისტორიულ პირებს, მეფე ბაკურსა და ეპისკოპოს მოსეს~. დაახლოებით მსგავსია ამ საკითხზე ისტორიკოს ლ.-ნ. ჯანაშიას პოზიციაც. მას კორიუნის ცნობა ქართული ანბანის გამოგონებაზე, მართალია, ივ. ჯავახიშვილის მსგავსად წყაროში გვიანდელ ჩანართად მიაჩნდა, მაგრამ მისივე სიტყვებით: `ეს არ ნიშნავს, რომ მასში არაფერი იყოს სწორი. ამიტომ ამ ცნობის გამოყენება შესაძლებლად მიგვაჩნია, ცხადია, სათანადო კრიტიკული განხილვის შემდეგ~ (იხ. ჯანაშია 1962: 183 შენიშვნა 280).
კორიუნის ჩვენთვის საინტერესო ცნობების თავდაპირველი სახით აღდგენა ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, დიდის ალბათობით შეიძლება მივიღოთ ის აზრი, რომ მესროპ-მაშტოცის მცხეთაში სტუმრობა დაკავშირებული იყო ქრისტიანული ეკლესიისათვის აუცილებელი წიგნების გადმოთარგმნის საქმეში მხარეთა (ქართულ და სომხურ) შორის გამოცდილების გაზიარებასთან (აბა, სხვას რას უნდა გულისხმობდეს მოვსეს ხორენაცის ის ცნობა, რომლის მიხედვით ჯალი თურმე ბერძნულიდან და სომხურიდან თარგმნიდა, ან კორიუნისგან იმავე პიროვნების `ივერთა ენიდან მთარგმნელად~ მოხსენიების ფაქტი!?), ღმრთისმსახურების ერთგვაროვანი პრაქტიკის დაწესებასთან, სამრევლო სკოლების გახსნასთან და სხვ.
მაგრამ საკითხის ასე დაყენების შემთხვევაშიც იმ დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ, რომ ვ ს-ის დასაწყისისათვის (ე.ი. მაშტოცის მცხეთაში საგულებელი სტუმრობისას) ქართულ დამწერლობას არსებობის არცთუ ხანგრძლივი გზა ჰქონდა განვლილი. ამ აზრის რეზონულობაში, სხვათა შორის, ირიბი მონაცემებით გვარწმუნებს `მოქცევაÁ ქართლისაÁ~-ს მატიანეც, სადაც ხაზგასმულია ადგილობრივი (ქართლის) ეკლესიის პირველი სამი მღვდელმთავრის (მთავარეპისკოპოსის) არაადგილობრივი (ორ შემთხვევაში `საბერძნეთიდან~ ანუ ბიზანტიიდან და ერთხელაც `სომხეთიდან~) წარმომავლობის ფაქტი. ნიშანდობლივია, რომ მღვდელმთავართა სადაურობაზე მითითება ქრონიკაში წყდება იმ მეფე ბაკურის თანამედროვე მთავარეპისკოპოსის (ელია) შემთხვევაში, რომელსაც კორიუნი და მოვსეს ხორენაცი იხსენიებენ იბერიის ხელმწიფედ ვ ს-ის დასაწყისისათვის. უმნიშვნელო დეტალი არ არის ისიც, რომ `ნინოს ცხოვრების~ მიხედვით, მომაკვდავი მირიან მეფის ანდერძი `საბერძნეთიდან მოსრული~ იაკობ მღვდლის ხელით იქნა ჩაწერილი, ხოლო წმ. ნინოს მოგონებები სივნიელი პეროჟავრისა და სალომე უჟარმელის, მირიან მეფის რძლისა და სომეხთა მეფე თრდატის ასულის ხელით. სავარაუდოა, რომ წმ. ნინოს მოგონებები, იბერიაში იმჟამად მიღებული წესის თანახმად, ბერძნულ და არამეულ ენებზე იქნა ჩაწერილი.
ერთი სიტყვით, ძველი ქართული წერილობითი წყაროების ეს და სხვა მსგავსი მონაცემები იმაზე უნდა მიუთითებდნენ, რომ ქართული ასომთავრული ანბანი IV საუკუნის I ნახევარში ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული.
როგორც უკვე ვთქვით, კორიუნის ცნობის შინაარსის თავდაპირველი სახით აღდგენა იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სადღეისოდ არის ჩვენთვის ცნობილი, ძალზე რთულია თუ საერთოდ შეუძლებელი არა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ძველ სომხურ წერილობით წყაროებშიაც კი არ გვაქვს ერთგვაროვანი წარმოდგენა მაშტოცის სომხურ ანბანთან მიმართების საკითხში; და ეს მხოლოდ კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის ცნობებს შორის არსებულ ზემოთ განხილულ წინააღმდეგობებს არ ეხება. ასე, მაგალითად, X ს-ის მემატიანის - სტეფანე ტარონეცის (იგივე ასოღიკის) ნაშრომში გვაქვს ცნობა, რომლის თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი მცირეს (408-450 წწ.) და სომხეთის კათალიკოს საჰაკის (387/390 – 439 წწ.) დროს სირიელმა ფილოსოფოსმა დანიელმა სომხური ენისათვის გამოიგონა ანბანი, რომელიც 29 ასოსაგან შედგებოდა, ნაკლული 7 ასო კი `ნეტარმა მესროპ ტარონელმა მოიპოვა ლოცვებით ღმრთისაგან~. ჶ685 წელს შედგენილი ანონიმური ქრონოგრაფია, რომელიც 971 წლით დათარიღებული ხელნაწერითაა დაცული, ასევე გვამცნობს მაშტოცის მიერ სომხური ანბანისათვის 7 ასოს შემატების შესახებ. ერთი ალეგორიული თხზულება, რომლის ავტორობას წარსულში მცდარად მიაწერდნენ დავით ფილოსოფოსს, გვამცნობს მესროპ-მაშტოცის მიერ 27 ასოს გამოგონებაზე. გვიანდელი ხანის სომხურ წერილობით წყაროებში (მაგ., ვარდან არეველცისთან) გვხვდება ცნობა მესროპის მიერ ანბანისათვის მხოლოდ 14 ასოს შემატების შესახებაც (ვარდან არეველცი 2002: 76). აღნიშნული სახის წარმოდგენათა გაჩენას ხელს თავად კორიუნის ცნობების ორაზროვნების ფაქტი უწყობდა. კერძოდ, კორიუნი გვამცნობს, რომ თავდაპირველად სომეხთათვის ანბანი ვინმე დანიელ ასურს შეუდგენია; ერთხანს ამ ანბანის პრაქტიკაში დანერგვაც უცდიათ სომხებს, მაგრამ ის მწირი აღმოჩენილა საკუთრივ სომხური ფონემების სრულყოფილად გადმოცემის თვალსაზრისით. აქედან თითქოს ისე ჩანს, რომ დანიელ ასურის მიერ შედგენილი ანბანი იმ დროისათვის არსებული უმრავლესი სემიტური დამწერლობების (და მათ შორის, ქრისტიანი სირიელების ანბანის) მსგავსად 22-ნიშნიანი დამწერლობა იყო. ამ გარემოებას შემდგომი ხანის სომეხ მწერლებს შორის ლოგიკურად შეეძლო გაეჩინა ის აზრი, რომ მაშტოცმა დანიელისეული `მწირი~ ანბანი 14 ასოთი შეავსო, ვინაიდან ძველი სომხური ანბანი 36 ასო-ნიშნისაგან შესდგებოდა. ასევე, თუკი რომელიმე მერმინდელი მწერალი დანიელ ასურის მიერ შედგენილი ანბანის საფუძვლად ბერძნულ დამწერლობას მიიჩნევდა, მაშინ მისი წარმოდგენით მაშტოცს მხოლოდ 9 ასო-ნიშანი უნდა შეემატებინა უკვე არსებული და ნაკლული სომხური ანბანისათვის, ვინაიდან კლასიკური ბერძნული ანბანი 27 ნიშანს შეიცავს, ძველი სომხური კი, როგორც ითქვა, 36-ს. რაც შეეხება ცნობას მაშტოცის მიერ დანიელისეული ანბანისათვის 7 ასო-ნიშნის დამატების შესახებ, მისი გაჩენის საფუძველი ჩვენთვის ამჟამადაც უცნობი რჩება. მთავარი და ხაზგასასმელი მაინც ის არის, რომ ძველ სომხურ მწერლობაში მესროპ-მაშტოცი ყოველთვის არ არის აღიარებული, ასე ვთქვათ, `სრული~ სომხური ანბანის შემქმნელ პიროვნებად, რისი მიზეზიც, როგორც ითქვა, თვითონ კორიუნის თხზულებაში მოცემული ინფორმაციაა.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სომხური ანბანის საფუძველში მოჩანს თავის დროზე მისი შემქმნელისგან სახელმძღვანელოდ აღებული ბერძნული ანბანის ასონიშანთა მწკრივი. ასე მაგალითად, თ. გამყრელიძის აზრით, სომხური ანბანის ბერძნულ საფუძვლად გამოდის გარკვეული თვალსაზრისით `რედუცირებული~ სისტემა,
რომელიც სულ 21 ასო-ნიშანს შეიცავს, სომხური ბგერებისადმი შესატყვისი ფონეტიკური მნიშვნელობებით; სომხური ანბანის ბერძნული საფუძვლიდან ამოგდებულია ყველა ეპისემონი (სტიგმა, კოპპა, სამპი) და სომხურთან შეუსაბამო ფონემები (ქს, ფს, ო-მეგა) (იხ. გამყრელიძე 1990: 107 შენ.). იგივე მეცნიერი ლინგვისტურად ასაბუთებს ქართული ანბანის ბერძნული დამწერლობიდან მომდინარეობის თეორიას. მისი აზრით, ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში. მეცნიერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაშტოცმა არ იცოდა ქართული, რაც, მისი აზრით, თავისთავად გამორიცხავს მის მონაწილეობას ქართული ანბანის შექმნის პროცესში; პირიქით, როგორც ის ფიქრობს, ქართულ ანბანს იქეთ უნდა მოეხდინა გარკვეული ზეგავლენა სომხურზე და ამის ერთერთ მაგალითად მოჰყავს ქართულსა და სომხურში `ი~ (ინ) ხმოვნის აღმნიშვნელი ასო-ნიშნების სახელწოდებათა იდენტობის ფაქტი. მართალია, დებულებების ნაწილი, რომელიც თ. გამყრელიძეს მის ფუნდამენტურ ნაშრომში - `წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა~ - მოაქვს, ქართული ანბანის სხვა, უფრო ადრინდელი პერიოდის მეცნიერთა (ვ. გარდტჰაუზენი, დ. ბაქრაძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე...) შრომებშიც გვხვდება, მაგრამ აკად. თ. გამყრელიძის დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მან მნიშვნელოვნად განავრცო და ფართო შედარებით-ტიპოლოგიური მასალის გამოყენების გზით სისტემური დასაბუთება მოგვცა ქართული ანბანის ბერძნულის გავლენით შექმნის თეორიისა.



სტატიის ავტორი – ბესიკ ხურცილავა;      
მასალა აღებულია წიგნიდან – "ქართული ასომთავრული ანბანი და მისი შემქმნელები: `ბაკურ~ და `გრი ორმიზდ~"; თბილისი, 2008წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014