ქალაქები, საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVII სს.
ქალაქები და სტატისტიკური ცნობები მათ შესახებ.

ქვემდებარე საკითხის შესასწავლად საქართველოს ყველა ნაწილებისათვის თანასწორად არ არის შენახული მასალები და არც გამოქვეყნებულია. აღმოსავლეთ საქართველოს შესახებ ჩვენ საკმაოდ შინაარსიანი ცნობები მოგვეპოვება უცხოელ მოგზაურთა აღწერილობაშიაცა და ქართულ საისტორიო და  სასამრთლო ძეგლებში და თვით ხალხის აღწერისა და შემოსავლის დავთრებშიაც. დასავლეთ საქართველოს შესახებ ჩვენ ამგვარი ქართული წყაროები არ მოგვეპოვება, ჯერ-ჯერობით არც კია აღმოჩენილი. უნებლიედ მხოლოდ უცხოელ მოგზაურთა ცნობებით უნდა დავკმაყოფილდეთ. ამის გამო ქვემოთ მოყვანილი გამოკვლევა სასურველს სისრულესა და მთლიანობას იქმნება მოკლებული. იმირ-ამიერ საქართველოს წარსული ამ მხრივაც თანასწორის ზედმიწევნილობით ვერ წარმოგვიდგება თვალწინ: თუ აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით ქართლის, ქალაქებისა და საქალაქო წესწყობილების შესახებ ჩვენ შედარებით მრავალი სხვადასხვა მხრივი ცნობები გვექმნება, დასავლეთის შესახებ უნებლიედ მხოლოდ ნაწყვეტ ნაწყვეტა ცნობებით უნდა დავკმაყოფილდეთ.
დაწინაურებული სამოქალაქო ცხოვრებისა და ქვეყნის ეკონომიურ ძლიერების საუკეთესო გამომხატველად ქალაქების სიმრავლე და სიმდიდრე ითვლება. საკმარისია მარტო ამ მხრივაც შევეხოთ საკითხს, რომ უმალ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო და ეკონომიურ ცხოვრების დიდი განსხვავება ჩამორჩენილი იყო. არქანჯელო ლამბერტიცა და შარდენიც მოწმობენ, რომ სამეგრელოში სრულებით არა ყოფილა ქალაქები. მთელ სამთავროში მხოლოდ ცხრა თუ ათი ციხე ყოფილა, რომელთა შრის უმთავრესსა და ამასთანავე სამეგრელოს მთავრის საჯდომს (საქართველოს ეკონომიურ ისტორიის ჯერ დაუბეჭდავ უკანასკნელ წიგნითგან არის ამოღებული) რუხის ციხე ეწოდებოდა (შარდენი. „სპარსეთში მოგზ.“. პარიზის 1723 წ. გამ. I, 133). არქანჯელო ლამბერტის სიტყვებითაც მტკიცება, რომ სამეგრელოში სამოქალაქო ცხოვრებაც ძალზე დაქვეითებული იყო და ეკონომიური ვითარებაც თითქმის პირველყოფილ მდგომარეობის დონემდე იყო დაცემული. სამეგრელოს მთავარს ლევანს სდომებია, რომ ხელოვნურ საშუალებითა და მფარველობით თავის საბრძენებლის  ეკონომიური ცხოვრება გამოეცოცხლებინა, მაგრამ ცდამ თურმე ამაოდ ჩაუარა.
იმერეთის სამეფოც ამ მხრივ მეტად დაქვეითებული ყოფილა. იმერეთის თვით სატახტო ქალაქი ქუთაისიც-კი იმოდენად პატარა იყო, რომ შარდენის სიტყვით იქ მხოლოდ 200 კომლი მცხოვრები ითვლებოდა (შარდენი. სპ. მოგზ. 1723 წ. გამ. II, 108), ისე რომ დიდსა და მჭიდროდ დასახლებულს სოფელს უფრო მიაგავდა, ვიდრე დედა-ქალაქსა და სავაჭრო ცენტრს. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ქ. ახალ-ციხეც-კი სამცხეში ერში ორად ქუთაისზე მოზრდილი ყოფილა და 400 კომლ მცხოვრებლებზე მეტს შეიცავდა (იქვე II, 94). ახალ-ციხის მცხოვრებნი ხუთ ეროვნებას ეკუთვნოდენ თურმე: იქ თურქებიც ყოფილან, სომხებიც, ქართველებიც, ბერძნებიც და ებრაელნიც. თითქმის მთელს ახალციხეში ხის შენობები ყოფილა. ამ ქალაქში პატარა ქარვასლაც ჰქონიათ, მაგრამ ისიც ხისა იყო თურმე. სამცხეში ახალციხის გარდა აწყურიც (უსკერ) ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ პატარა ყოფილა. აწყურში თურქთა მონაპირენი იდგენ და საბაჟოც იქ იყო თურმე (შარდენი, იქვე II, 94-96).
შარდენის სიტყვით არც აღმოსავლეთს საქართველოში ყოფილა მაინც-და-მაინც ბევრი ქალაქები (ამსტერდამის 1735 წ. გამოცემის გვ. 169), მაგრამ მაინც მარტო ქართლში მაშინ ოთხი ქალაქი ითვლებოდა: სურამი, ალი, გორი და ტფილისი (იქვე გვ. 170). სურამი და ალი მეტად პატარა ქალაქები ყოფილა, განსაკუთრებით სურამი, რომელიც უფრო რომ ციხე იყო და გორის ნახევარს შეადგენდა (იქვე 160 და 170). გორიც პატარა ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ იმას გარდა რომ თავის საუცხოვო მდებარეობითა და ბუნებრივ მდგარ ციხით ქვეყნისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, ამასთანავე იგი თვალსაჩინო სავაჭრო ცენტროც ყოფილა. თუმცა სახლები და თვით ბაზარიც-კი ალიზისა ყოფილა (შარდენის მიერ აქ ნახმარი სიტყვა „მიწურს“ უდრის, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია და არც ქ. გორის შენახული ძველი სურათით მტკიცდება, რომ შენობები იქ მიწური ყოფილიყოს), მაგრამ იქ მდიდარი ვაჭრები ცხოვრობდნენ და ყველაფერი, რაც კი ადამიანს საცხოვრებლად ესაჭიროება, თურმე ბლომად იშოვებოდა და იაფადაც შეიძლებოდა რომ ეყიდა. გორის მცხოვრებნი ყველა ვაჭრები არიანო, ამბობს შარდენი (იქვე 170). თვით გორის ციხეში-კი 100 სპარსელი მეციხოვნე მდგარა. შარდენის დროინდ. ტფილისი ძალიან დიდ ქალაქად ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ მაინც ფრანგ მოგზაურს მოზრდილად სჩვენებია. ამასთანავე შარდენი, რომელსაც სპარსეთიც მოვლილი და კარგად შესწავლილი ჰქონდა, მოწმობს, რომ თვით სპარსეთისათვისაც ტფილისი ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ქალაქი სამხრეთით ჩრდილოეთისაკენ არის გადმოჭიმული და სამხრეთით მთაზე დიდი ციხეა აგებული, რომელშიაც მაშინ თურმე მხოლოდ სპარსელი მეციხოვნენი და სპარსეთის ქვეშევრდომნი ცხოვრობდენ. ქალაქს ყოველმხრივ, მტკვრის სანაპიროებს გარდა, ლამაზი და მაგარი ზღუდე ჰქონდა შემოვლებული (იქვე, პარიზის გამ, II, 155).
ტფილისში მაშინაც ბევრი კარგი დაწესებულებათა შენობები ყოფილა. ბაზრები და სავაჭრო სახლები დიდები იყო, ქვითკირით ნაშენი და კარგადაც ყოფილა შენახული. ქარვასლები და ფუნდუკებიც, სადაც მგზავრებს შეეძლოთ თავშესაფარი ეშოვათ, მოზრდილი და შესაფერისად მოწყობილები იყო (იქვე, II, 159). მაღაზიებიც კარგად ყოფილა ნაშენი და მშვენივრადვე იყო თურმე მოწყობილი-შენახული (იქვე, II, 159-160).
ტფილისში ბევრი კოხტა და მოხდენილი შენობა ყოფილა, მაგრამ საქართველოს დედა-ქალაქის საუცხოვო სამკაულად და მშვენებად მეფის სასახლე ითვლებოდა, რომელსაც მოხდენილი დარბაზ-პალატები და მტკვარზე გადაკიდებული ლამაზი აივნები ჰქონდა. სასახლის წინ დიდი მოედანი იყო და გრძელი საბაზრო ადგილი. ამ ბაზრის თავითგან სასახლისაკენ მნახველს თვალწინ მშვენიერი გარდასახედი სურათი ეშლებოდა.
ტფილისშივე იყო თავის მოხდენილობითა და შემკულობით საყურადღებო კახთ ბატონის სასახლეც (იქვე, II, 160). სამეფო კარი მრავალ-რიცხოვანი და ბრწყინვალე ყოფილა (იქვე II, 163).
თვით ტფილისი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად სჩვენებია ფრანგ მოგზაურს და იქ დიდი ვაჭრობაც ყოფილა გაჩაღებული. მის განსაკუთრებულს ეკონომიურ მნიშვნელობის და სამოქალაქო ცხოვრების მყუდროებისა და წესიერების დამამტკიცებელ გარემოებად ისიც უნდა იყოს მიჩნეული, რომ საქართველოს დედა-ქალაქში ყოველგვარ უცხოელთაც ჰქონდათ მყუდრო ბინა (იქვე II, 163).
მაგრამ შარდენმაც-კი იცოდა, რომ საქართველოს საქალაქო ცხოვრების ვითარება ძველად, მის დამოუკიდებლობისა და ძლიერების დროს, სულ სხვანაირი იყო და დიდად აყვავებული. იგი ქართლში თავის თვალითაც ჰხედავდა, რომ ქალაქებში ნანგრევების სიმრავლე მათ ოდინდელ სიფართოვეს და მერმინდელ განადგურებას მჭევრმეტყველურად ჰმოწმობდა. მას აღნიშნული აქვს, რომ გორს მახლობლად, დასავლეთით, ერთი დიდი ქალაქი, ანუ უფრო რომ ნაქალაქევი იყო, რომელიც თითქმის მთლად დანგრეული ყოფილა. მისობას იქ 500 სახლზე მეტი არ ითვლებოდა, ოდესღაც კი ამ ქალაქში 12000 ყოფილა (იქვე, პარიზის გამ. 1723 წ. II, 97). ამავე ფრანგ მოგზაურის სიტყვით კახეთის სამეფოშიც იმ რამოდენიმე ქალაქთა რიცხვითგან, რომელნიც ძველად იქ იყო, მხოლოდ ერთი-ღა ყოფილა შერჩენილი, დანარჩენნი-კი ის დროს თურმე ყველა დანგრეული იყო (იქვე, ამსტერდამის გამოც. 1735 წ. გვ. 169).
მე-18-ე საუკუნეში, გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოშიაც ქალაქების რიცხვი არ გამრავლებულა. 1770 წლის აღმოსავლეთ საქართველოს მთავრობის სტატისტიკურ ცნობებით ქართლ-კახეთში მაგ. სულ 8 ქალაქი ყოფილა: ტფილისი, გორი, სურამი, ახალგორი, წილკანი, ანანური, თელავი და სიღნაღი. ქართლში მაშასადამე 4 ქალაქი იყო, კახეთსაც 4 ჰქონდა, თუ რომ წილკანსა და ანანურს კახეთისად ჩავთვლით. საყურადღებოა, რომ ალი უკვე ქალაქად აღარ იხსენიება. შარდენს ალი ქალაქდ აქვს დასახელებული და ძველადაც მას შედარებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ იქ სახელმწიფო საბაჟოც იყო.
ზემოდასახელებულ 8 ქალაქში უდიდესი, რასაკვირველია, საქართველოს დედა-ქალაქი უნდა ყოფილიყო. ტფილისში სულ 4000 კომლი მცხოვრები ითვლებოდა. შემდეგ კომლთა რაოდენობისდა მიხედვით თელავი მისდებდა. რომელშიაც 749 კომლი ყოფილა. მერმე წილკანი თავის 700 კომლითურთ, გორი 500 კომლითურთ, სურამი 200  კომლი, ანანური 100 კომლი და სიღნაღი, რომელშიაც მეკომურთა რიცხვი იმდენივე იყო, რამდენიც ანანურში ითვლებოდა. უკანასკნელი ორი ქალაქი მაშასადამე ქართლ-კახეთის ზოგიერთ სოფლებზე უფრო პატარა ყოფილა, მაგ.: 1794 წ. საქართველოს მთავრობის ერთ სტატისტიკურ ცნობით ს. ქარელში 106 კომლი ირიცხებოდა, ხოლო ცხინვალში 116 კომლი.
ორთა შუა რიცხვით თვითოეულს კომლში რომ 5 სული ვიანგარიშოთ, მაშინ ტფილისში დაახლოვებით 20000 სული მცხოვრები გამოდის, თელავში 3700 სული, წილკანში - 3500, გორში - 2500, სურამში 1000, ანანურსა და სიღნაღში-კი ხუთას-ხუთასი სული მცხოვრები. რომ ეს ჩვენი სავარაუდო აღრიცხვა სიმართლეს უახლოვდება, ფრანგ მოგზაურ ტურნეფორის ცნობითაც მტკიცდება. საქართველოში ის 1700 წელს იყო და ქ. ტფილისის მცხოვრებთა რაოდენობაზე ამბობს: ფიქრობენ, რომ ამ ქალაქში დაახლოვებით 20000 სული ცხოვრობსო (მოგზაურობა ლევანტში ტ. I გვ. 133, ამსტერდამის 1728 წ. გამოცემა). ყურადღების ღირსია, რომ შარდენს თავის დროს ტფილისი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად სჩვენებია (მოგზაურობა სპარსეთში, პარიზის 1723 წ. გამ., 163).

შენახულია სხვადასხვა წლების ცნობები ქალებში  მცხოვრებთა რაოდენობის შესახებ, მაგრამ ბევრს სხვადასხვა საბუთებშია გაბნეული. როდესაც ამ ცნობებს ამოჰკრებთ და ერთმანეთს შეადარებთ, მეტად საგულისხმიერო სურათი გეშლებათ. ამგვარი შედარებითი დაკვირვება ამტკიცებს, რომ მე-18-ე საუკ. პირველად ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 300 კომლს არ აღემატებოდა, 1770 წელს-კი იქ 500 კომლი ითვლებოდა. მაშასადამე - 200 კომლით უმატნია. მაგრამ შემდეგ მცხოვრებთა რიცხვი ქალაქებში თანდათან და შეუჩერებლივ კლებულობდა, მაგ. 1781-2 წ. ტფილისში 4000 კომლის მაგიერ (ამდენი იყო როგორც ვიცით 1770 წელს) 3478 კომლი-ღა ირიცხებოდა, ქ. ახალგორში 1781 წელს 100 კომლის მაგიერ 88 კომლი-ღა დარჩენილა, ხოლო ქ. გორში 1794 წელს იმ 500 კომლის მაგიერ, რომელიც იქ 1770 წელს ცხოვრობდა, მხოლოდ  227 კომლი ითვლებოდა.

რაკი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებითგან მცხოვრებნი ასე დაჟინებით და განუწყვეტლივ იყრებოდნენ და იხიზნებოდნენ, მეფე ერეკლემ რომ ის აყრა შეეფერხებინა, 1784 წელს და ბრძანებაც კი გამოსცა, ამიერითგან ტფილისისა და გორის იმ მოქალაქეთა რომელნიც სხვაგან გადასახლდებიან, ან უცხო ქვეყანაში გაიხიზნებიან, მამულები, სამეფოს ჩამოერთვას და ჩვენის ნებართვით სხვებს მიეყიდოსო (იხ. დ. ფურცელაძის Крестьянск. Грам. 12. სადაც სამწუხაროდ ამ საყურადღებო საბუთის მხოლოდ რუსული თარგმანია მოყვანილი).
საგულისხმოა, თუ რამდენია მჭიდროდ იყო მაშინ ქ. ტფილისის სხვადასხვა უბანი დასახელებული. 1781-2 წ. ქ. ტფილისში ავლაბრით და გარეთუბნით სულ 3498 კომლი მცხოვრები იყო. აქედან თვით ქალაქში 2329 მცხოვრები კომლი ითვლებოდა, დანარჩენი 1184 კომლი ცხოვრობდა შიგნითსა და გერეთს ავლაბარში (375 კომლი), მეტეხს ციხეში ხიდამდის (259 კომლი) და გარეთუბანში (550 კომლი).
ამგვარად ირკვევა, რომ მცხოვრებთა უმრავლესობა (2294 კომლს) ქალაქის შუაგულში ჰქონდა ბინა, ხოლო უბნებითგან ყველაზე მჭიდროდ გარეთუბანი იყო დასახლებული (550 კომლი), შემდეგ ავლაბარი (375), რომელიც ორად იყოფებოდა: გარეთ ავლაბარში იყო 156 კომლი, ხოლო შიგნით ავლაბრის ციხეში 219 კომლი. სხვებზე ნაკლები მცხოვრები ყოფილა მეტეხში (259 კომლი), აქეთგან „მეტეხში კიდამდინ“ 73 კომლი, ხოლო „ხიდიდამ ციხეში“ 186 კომლი ითვლებოდა (ივ, ჯავახიშვილი, აღმოსავ. საქართველოს ხალხის აღწერის დავთრები, გვ. 1).
ჩვენ ისეთი საკითხის გამორკვევაც შეგვიძლიან, თუ რა რიცხვებრიბი დამოკიდებულება არსებობდა მაშინ სოფლის მცხოვრებთა და ქალაქების მცხოვრებთა შორის. ქართლ-კახეთის სამეფოში დიდოეთსა და ყაზახ-შამშადილის გარდა მცხოვრებთა ერთობლივი რიცხვი 1770 წელს 55290 კომლს უდრიდა, აქეთგან ყველა ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი 68810 კომლზე მეტი არ ყოფილა. მაშასადამე ქალაქების მეკომური მცხოვრებნი ასეულად ნაანგარიშევნი სამეფოს მეკომურთა ერთობლივ რიცხვს 11 2/3 % შეადგენდნენ.
ერთი ფრიად საყურადღებო ცნობაა შენახული ტფილისის მცხოვრებთა რაოდენობის შესახებ ეროვნული კუთვნილებისდა მიხედვით. ფრანგი მოგზაური ტურნეფორი ამბობს, რომ 1700 წელს ქ. ტფილისის 20000 სულ მცხოვრებთა შორის 14000 სომეხი ყოფილა, 3000 მაჰმადიანი, 2000 ქართველი და 500 სული რომის კათოლიკენიო (მოგზაურობა ლევანში, 1, 133). მაშასადამე  იმ დროს ქართველთა რიცხვი ტფილისში სომეხთა რიცხვის მხოლოდ 1/7-ედს შეადგენდა. მე-19-ე საუკუნის დასასრულს ოფიციურ ცნობითაც ქართველები ტფილისში უკვე სომეხ მცხოვრებთა რიცხვის ნახევარს აღემატებოდენ, ხოლო 1917 წ. საყოველთაო აღწერამ ტფილისში გამოარკვია, რომ ეხლა ქართველთა რიცხვი ჩვენ დედა-ქალაქში სომეხთა რიცხვს აჭარბებს. საყურადღებოა ქართველთა ეს გასაოცარი, ბუნებრივი და არა-ხელოვნური ზრდა.
ეხლა რაკი ჩვენ უკვე ვიცით ქ. ტფილისის მცხოვრებთა დანაწილება ეროვნულ კუთვნილებისდა მიხედვით, შეიძლება მეორე საყურადღებო საკითხის გამორკვევასაც შევუდგეთ, სახელდობრ იმისას, თუ როგორ იყო დანაწილებული ჩვენი დედა-ქალაქი მესაკუთრე მფლობელობის მხრივ. ჯერ-ჯერობით ამის გამოსარკვევად მხოლოდ ერთი სტატისტიკური ძეგლი მოგვეპოვება, ქ. ტფილისი. 1781-2 წ. ხალხის აღწერის დავთრითგან ამოღებული მოკლე საზ. ცნობების სახით, ქალაქ ტფილისის 3498 კომლ მცხოვრებთაგან 1781-2 წ. ყმათა მფლობელობის მხრივ, პირველი მესაკუთრე ტფილისში მეფე იყო: სამეფო სახლობას ერთობლივ საკუთრად სახასო ყმა ქალაქში ავლაბრითა და გარეთუბნითურთ ჰყავდა 1589 კომლი, ხოლო დანარჩენ მესაკუთრეებს საერთოდ 1811 კომლი ყმა (აღმოსავ. საქართველოს ხალხისა აღწერის დავთრები, გვ. 7).
თუ მფლობელთა ეროვნებისდა მიხედვით ვიანგარიშებთ გამოდის, რომ ყველა სომეხ მესაკუთრეებს მათ შორის მოქალაქეებსა და სომეხთა ეკლესიებსაც ერთობლივ ჰყოლიათ 429 კომლი ყმა, ქართველებს სამეფო გვარეულობითურთ ერთოვლივ ჰყავდათ 3069 ხოლო კომლი, ანუ ერთი შვიდად თითქმის ერთი რვად უფრო მეტი ვიდრე სომეხ მესაკუთრეებს. თუნდაც რომ სამეფო სახლობის სახასო ყმების რიცხვი 1589 კოლი გამოვაკლოთ, მაინც ქართველ მებატონეების საკუთრება 1480 კომლს უდრის და მაშინაც სომეხ მფლობელთა რაოდენობას ერთი სამად უფრო მეტადაც სჭარბობს. აქეთგან ნათლადა სჩანს, რომ მაშინ ტფილისი მფლობელობის მხრივ ქართველებს ეკუთვნოდათ. მაშასადამე ცხადია, რომ ტფილისი საკუთრების თვალსაზრისით ქართველებს მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაუკარგავთ.
ამისდა გვარად ვითარცა ყმათა მფლობელი, ტფილისში ქართველთა ეკლესია სომეხთა ეკლესიაზე უფრო შეძლებული იყო: ქართულ ეკლესიას ერთობლივ 365 კოლი ჰყავდა, ამათგან საპატრიარქო საყდარს 198 კოლი ეკუთვნოდა, დანარჩენი 167 კომლი 19 ეკლესია-მონასტერის საკუთრება იყო; სომეხთა ეკლესიას საერთოდ 72 კოლი ყმა ჰყავდა ტფილისში, ამათგან 49 კომლი ეჩმიაწინის საკათალიკოზო ტახტს ეკუთვნოდა, დანარჩენი 32 კომლი 7 ეკლესია მონასტრისა იყო.
წოდებრივად თუ გავარჩევთ ყმათ მფლობელები ოთხ უმთავრეს ჯგუფად განიყოფებოდენ: 1) სამეფო სახლობა, რომელსაც 1589 კომლი ეკუთვნოდა, 2) თავადაზნაურობა და მსახურები; მათ ერთობლივ 1426 კომლი ყმა ჰყავდათ. 3) ეკლესია: ქართული 365 კომლის მფლობელი იყო, სომხური 72 კომლისა; 4) მოქალაქენი, „მოქალაქეთა ყმები“ სულ 46 კომლს არ აღემატებოდენ (იხ. აღმ. საქარ. ხალხის აღწერის დავთრები გვ. 5).

II საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება.

ქალაქის უზენაეს გამგედ ქალაქის მოურავი იყო. როგორც ვიცით უძველეს დროს, მაგ. XII საუკ. ამგვარ უფლებით აღჭურვილს „ამირა“ (საქართველოს ეკონომიური ისტორია I, 23) ეწოდებოდა. მე-XVII-XVIII საუკუნეებში არც საბუთებსა, არც დასატურლამალში „ამირა“  აღარ გვხვდება და ქალაქის მთავრად ქალაქის მოურავი ჩანს. როდის უნდა გაჩენილიყო „მოურავი“, ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება.
ყურადღების ღირსია რომ  1608 წლის ლუარსაბ II-ის სიგელშიც გიორგი სააკაძე, დიდ მოურავად ცნობილი, ჯერ კიდევ ძველებურად „ქალაქის ამირათ-ამირა“დ იწოდება (სქს სიძველენი II, 50), ხოლო უკვე 1620 წლის სასამართლოს განჩინების წიგნში იგი „ბატონ-მოურავად“ არის მოხსენებული) (იქვე II, 51). თუ ამ შემთხვევაში მოურავი ქალაქის მოურავსა ჰნიშნავდა, მაშინ ეს სამოხელეო სახელწოდება ტფილისისათვის უნდა მე-XVII საუკუნის დამდეგს იყოს შემოღებული, 1608-1620 წლებს შუა. ყოველ შემთხვევაში მოიპოვება 1673 წლის საბუთი, რომელშიაც დასახელებულია „ქალაქის მოურავი“ (სქს სიძველენი III, 3) და ამ საბუთითგან არა ჩანს, რომ ეს თანამდებობა სწორედ ინ წელს იყოს დაწესებული, პირიქით საბუთი ამ სახელწოდებას იხსენიებს ვითარცა ჩვეულებრივს მოხელეობას. მოურავნი ძველს უკვე მე-XI-XII საუკუნის საბუთებშიაც არიან მოხსენებულნი, მაგრამ გარკვევით არა ჩანს რომ იქ ქალაქის მოურავნი ყოფილიყვნენ ნაგულისხმევნი. მცხეთის 1448 წ. სიგელში-კი უკვე პირდაპირ ქალაქის მოურავი იხსენიება, სახელდობრ „გორის მოურავნი“ (ისტ. საბ. III 28). ტფილისის სიონის 1552 წ. სიგელშიაც ნათქვამია „ქალაქისა მოურავოო“ (ისტ. საბ. II, 41). ამიტომ სიმართლეზე ახლო უნდა იყოს თუ დავასკვნით, რომ „ქალაქის მორუავი“ს სახელი საბოლოოდ და საყოველთაოდ XVII ს. დამდეგს შემოღებულ იქმნა „ქალაქის ამირა“ს მაგიერ.
რომ ეს დასკვნა დაახლოვებით სწორე უნდა იყოს, სხვათა შორის შიძლება  1784 წლის ერეკლე მე-2-ის სიგელიც დავიმოწმოთ. მეფე ამ საბუთში ბრძანებს: „ქალაქის მოურავო დავით! როგორადაც ბატონის პაპის ჩვენის მეგის ირაკლის დროს და მეფის ვახტანგის დროს და სანატრელის ბატონის მამის ჩვენის დროს ქალაქის მოურავები ყოფილან და ქალაქში უმოურავნიათ, თქვენთვისაც იმავ წესით გვიბოძებია მოურავობა“ო (სქს სიძველენი 3, 12). მაშასადამე ეტყობა ქალაქის მოურაობის წესი, ისეთი, რომელიც სამაგალითოდ იყო მიჩნეული, ირაკლი I-ისა 1688-1695 და ვახტანგ მე-VI-ის დროსა ყოფილა დადებული, პირველი იქნებ ვითარცა ამ თანამდებობის გამჩენი, ხოლო მეორე ვითარცა კანონმდებელია დასახელებულნი.

ქალაქის მოურავის შესახებ „დასტურლამალ“შიაც მოიპოვება ცნობები, მაგრამ იქ მის უფლებისა და მოვალეობის შესახებ არავითარი „გარიგება“ არ არსებობს. მხოლოდ § 100-ში, რომელსაც ეწოდება სათაურად „მდივანბეგის გარიგებისათვის“ და 1704 წელს საქართველოს ჯანიშინის შაჰნავაზ-ხანის ნაბოძებ „მდივანბეგის წესისა და რიგის დასტურლამა“ არის, სხვათა შორის ნათქვამია, თუ ქალაქის მოურავის სამოსამართლო საქმეებში რა-და-რა ეკითხებოდა („დასტურლამალი“, 57), ხოლო იქვე § 210 განსაზღვრულია მოურავის სარგოც. სწორედ ამ ცნობებითგანა ჩანს, რომ ქალაქში ერთი მოურავი იყო. ყურადღების ღირსია მხოლოდ, რომ ერეკლე მეფის დროს ქ. ტფილისში რამდენიმე მოურავი ყოფილა, სხვა და სხვა უწყების წარმომადგენელი: საკათალიკოზო მოურავი და სხვათა. ამით რასაკვირველია ქალაქის მორავის უფლება უნდა შელახულიყო და საქმეების წარმოება სრულებით დაიხლართებოდა. თუმცა ეს ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო მთავრობისათვის, მაგრამ რათგან სხვა უწყებათა მოურავები და მათი ბატონები, როგორც ეტყობა ამტკიცებდენ ვითომც წინადაც ჩვეულებრივ ქალაქში ერთი მოურავი - კიარა, არამედ რამდენიმე ყოფილიყოს, მთავრობამ 1784 წელს თავისი თავი მოვალედ ჩათვალა მოხუცებულ მოქალაქეთა, ქედხუდათა და სამღვდელოების შორს „სწორე და ჭეშმარიტი“ ცნობები შეეკრიბა: „ამ ქალაქში მეფის მოურავის მეტი და მელიქის, მამასახლისის, ნაცვლის მეტი ყოფილა ვინმე, თუ არა ბატონის მეფის ირაკლის დროსა, მეფის ვახტანგის დროსა, სანატრელის მეფის თეიმურაზის დროსა? ამ მეფეებს გარდა ამ ქალაქში სხვათ მოხელები ამ მეფეების ჟამი ყოლიათ ვისმემ. თუ არავის არა ყოლიაო“ (სქს. სიძველენი 3, 15) სამღვდელოებამ და ქალაქში მყოფმა ერის კაცებმა, ქედხუდებმა თუ დაბალმა ხალხმა „ფიცით მოახსენეს“ „ჩვენ მნახავნიცა ვართ და მამა-პაპისაგანაც გაგონილნი ვართ (ასეა!), რომ ქალაქში ერთი მოურავი ყოფილა, ერთი მელიქი ყოფილ, ერთი მამასახლისი ყოფილა და ერთი ნაცვალი ყოფილა; სხვისა არავის ყოფილან არცა მოურავი, არც მელიქ მამასახლისი და არც ნაცვალი“ო (იქვე გვ. 15-17). როცა შეკრებილი ცნობები ერეკლე მეფეს მიართვეს, მან შემდეგი მსჯავრი დასდო: „რადგანაც ამდენი სამღუდელო და საერო კაცნი მოწმობენ, რომ ქალაქში ძველათგან ერთის მოურავის მეტი არა ყოფილა, ჩვენ ამდენის კაცის მოწმობის ძალით ჩვენს მოურავს გარდაისად, სხვას ვისაც ქალაქში მოურავები ჰყავს ისინი მოურაობიდან დაგვიყენებია“ო (იქვე, 17). ამ გვარად შემთხვევით შემოპარული მრავალ-მოურაობა მოსპობილა და ძველი წესი აღდგენილ იქმნა: ერთი ქალაქის მორაბი-ღა დატოვეს. ქალაქის მოურავს მეგე ჰნიშნავდა, ეს ზემომოყვანილ 1784 წლის საბუთითაც მტკიცდება (სქს სიძველენი 3, 12).

ქალაქის მოურავს დიდი უფლება ჰქონდა. მოურავი ქალაქის პატრონი იყო: „ქალაქის სამოქალაქოსი ყოველივე მოურავს უნდა ეკითხოს“, ნათქვამია დებულებაში (სქს სიძველენი 2, 528 § 44); იმის დაუკითხავად უმაღლეს მთავრობასაც არაფერი არ უნდა გაეკეთებინა ქალაქში: „რაც ბატონმა ქალაქს ან სთხოოს, ან შეაწეროს, ან სხვა რამე საქმე იყოს“ ვიდრე საქმეს გადასწყვეტდნენ და აღსრულებას შეუდგებოდენ, თავდაპირველად მოურავის აზრი უნდა გაიგოს მთავრობამაო. (იქვე).
როცა მეფე „დიდკაცებთან“ ერთად საქვეყნო საქმეებზე ბჭობდა ხოლმე, სჩანს, ქალაქის მოურავიც იღებდა მონაწილეობას (1791 წ. საბუთი სქს. სიძველენი 3, 13).
ქალაქის მოურავის მოვალეობა იყო ქალაქისა და მცხოვრებთა კეთილდღეობაზე და მათ ქონებისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობაზე ეზრუნა. „მოურავი ქალაქისა და მოქალაქის მოვლას დიდად უნდა სცდილობდეს ყოვლის თავის გარჯით და თავდადებითა“ო ბრძანებდა დებულება (სქს სიძველენი 2, 528, c) ერეკლე მეფეც თავის 1784 წელს გამოცემულს ბრძანებაში  ქალაქის მოურავს ავალებდა: ჭეშმარიტს სამართალს და ქალაქის მოვლასა და ბეჯითად გარჯას ნუ დააცადებთ“ო (სქს სიძველენი 3, 12). ქალაქის საზოგადო კეთილდღეობაზე ზრუნვას გარდა მოურავს, მაშასადამე უნდა სამართლიანობა დაემყარებინა და მცხოვრებთა ზნეობისათვის თვალყური ედევნებინა: საჩივრები გაერჩია დამნაშავენი შეეპყრო და მსჯავრი დაედო. რა საქმეები და როდის ეკითხებოდა ხოლმე ქალაქის მოურავს, ამის შესახებ გარკვეული ცნობები მოიპოვება.
სასამართლოს საქმეები ქალაქში ორ მოხელეს შორის იყო განაწილებული მდივანბეგისა და ქალაქის მოურავის შუა. მკვლელობა ყოველთვის მარტო მდივანბეგს ეკითხებოდა. „თუ ქალაქში კაცის სიკვდილი მოხდეს ან მოქალაქისაგან, ან სვისაგან, იმის სამართალი კარზედ მდივანბეგმან უყოს“ო ბრძანებდა „დასტურლამალი“ (გვ. 57) რაც შეეხება სამოქალაქო სამართლის საქმეს მდივანბეგი მხოლოდ ინ შემთხვევაში არჩევდა ხოლმე საჩივარს, „თუ მოქალაქე კაცი გარეშე კაცს უჩიოდეს, ან გარეშე კაცი გარეშე კაცს უჩიოდეს, ან ორნი მოქალაქე კაცნი თავის ნებით მივიდნენ და მდივან-ბეგს შემოსჩივლონ“ო (იქვე) იმავ 57 გვერდზე, და 58 გორის შესახებ ამგვარადვე) მაშასადამე როცა საქმე გარეშე კაცს შეეხებოდა, სულერთი იყო თუნდ ორივ მხარე, - მოჩირვარი და მოპასუხე, - თუნდ მხოლოდ ერთ-ერთი მხარე ამ ქალაქის მკვიდრად არ ითვლებოდა, სოფლელად და გარეშე კაცად ირიცხებოდა. მოქალაქეთა შორის დავის გარჩევის უფლება მხოლოდ მაშინ ჰქონდა მინიჭებული, როცა ორივ მხარე თვით მოისურვებდა, ნებაყოფლობით მივიდოდა მდივანბეგთან საჩივლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში როცა ერთ-ერთ მხარეს არა ჰსურდა მდივანბეგის მსჯავრის მოსმენა, ჩვეულებრივ საჩივრების გარჩება მოქალაქეთა შორის ქალაქის მოურავის უფლებას შეადგენდა: მოქალაქის საჩივარი ერთმანეთში მოურავმა გაურიგოს“ო ბრძანებდა სახელწიფო სამართალი („დასტურლამალი 57) როგორც ზემოთ იყო აღნიშნული „გარეშე კაცსა“, ან სოფლელსა და მოქალაქეს ატეხილ საცივრის დროს დებულება უპირატესობას მოქალაქეს კი-არა, „გარეშე კაცს“ აძლევდა და საქმეს ჩვეულებრივი მსაჯული, მდივანბეგი არჩევდა ხოლმე. ეს საზოგადო წესრიგი შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლილიყო „თუ მდივანი ბეგი იქ (ქალაქში) არ იყო“, მხოლოდ ამ დროს აძლევდა ნებას კანონი: „მოქალაქეს კაცისაგან სოფლელმან კაცმან ქალაქის მოურავს შესჩივლოს, მოურავმან გაურიგოს“ო (დასტურლამალი, 57).
ქალაქის მოურავის პირდაპირ მოვალეობად ითვლებოდა ქურდებისა და „ბოზების“ დევნა და დასჯა. დებულებაში პირდაპირ არის ნათქვამი: „მოურავი მუდამ ქურდსა და ბოზს უნდა ეძებდეს“ო (სქს სიძველენი II, 529 § 13); ამისათვის მას ასასები ჰყავდა, „ორი-სამი გამოულევლად ახლდნენ“ და „ქურდსა და ბოზს მოახსენებდნენ ხოლმე“-ო (იქვე II, 530 § 22) მოურავს დამნაშავეთათვის „ჯარიმა“ უნდა გარდაეხდევინებინა (იქვე, 527 § 38 და 530 § 22).
სხვაფრივ მაშასადამე როცა სამოქალაქო სამართლის შესახებ საჩივარი მოქალაქეთა შორის ჩამოვარდებოდა ხოლმე, ქალაქში სამართლის წარმოება ქალაქის მოურავის ხელში იყო: „ქალაქის მოურავი ქალაქში უნდა სამართლობდეს“ო ნათქვამია ერთს შესანიშნავს საბუთში (საქრთ. სიძველენი II გვ. 523 § ). სამზე იყო დამოკიდებული მისი მოქმედება: მას შეეძლო ან პირადად მიეღო მონაწილეობა, ან თავის წარმომადგენელს მიანდობდა. როდესაც მოურავი თვითვე ინებებდა მოსამართლედ დაჯდომას , მაშინ კანონი ბრძანებდა: „სამი-ოთხი სარწმუნო მოქალაქე თან ახლდეს სამართლის ბჭობაში“ო (იქვე). ინის ნებაყოფლობაზე იყო აგრეთვე დამოკიდებული, „მოურავი, თუნდა მელიქ-მამასახლისს და ნაცვალს სამართალში დაისწრებს და თუ უნდა არ დაისწრებს, ქედხუდები ახლდებიან“ო (იქვე). მაშასადამე მელიქ-მამასახლისი და ნაცვალი სამართლის წარმოებისათვის საჭირონი არა ყოფილან: ინ შემთხვევაშიც კი როცა მოურავი მათ მოიწვევდა, მაშინაც ისინი „სამართლის ბჭობაში“ მოქმედ პირებად არ ითვლებოდენ, ისინი მხოლოდ „ესწრებოდნენ“ იმ გვარადვე, როგორც ქედხუდები მოურავს ისრე უნდა ახლდნენ“ ხოლმე. სასამართლოს მოქმედებაში და სამართლის „ბჭობაში“ მონაწილეობას იღებდენ თვით მოურავი ვითარცა თავმჯდომარე და „სამი-ოთხი სარწმუნო მოქალაქე“ ვითარცა მოსამართლე წევრები. „მოჩივარი“ მოურავთან უნდა მისულიყო, და მისთვის საჩივარი მიერთმია (იქვე § 2).
მოურავს შეეძლო თვითონ არ გაერჩია საჩივარი; ამისთანა შემთხვევაში, „თუ თითონ არ ინებებს სამართალს“, იგი მოჩივარს „თავის იასაულს გაატანს“ (იქვე § 2). იასაული მისი წარმომადგენელია მხოლოდ, მოსამართლედ კი აისევ “სარწმუნო“ მოქალაქე უნდა ყოფილიყო: მოურავს „ორი უნდა თუ სამი მოქალაქე, იმათ დასმენ და სამართალს მოქალაქენი იქმნენ“ო (იქვე § 2).
შეიძლება ქალაქის მოურავი სამართალში მარტო წევრადაც ყოფილიყო, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდებოდა ხოლმე, „ბარონის ბძანებით ქალაქის მოურავი და მდივანბეგი რომ სამართალში დასხდებიან“ო (იქვე § 3), მაშასადამე როცა სასამართლო მეფის ბრძანებით მოქმედობდა.
ყურადღების ღირსია რომ ერეკლე მეფე თავის 1784 წლის ბრძანებაში ქალაქის მოურავს ავალებდა „საბჭოდ ჯდომის“ დროს სამართალის თანასწორობა და მიუდგომლობა დაეცვა: „თავაზსა და ხათრს წესიერსა და კანონიერს საქმეზედ ნურვის შეუნახავთ“ო (ქართ. სიძველენი III, 12).
“საბჭოდ ჯდომისთვის“ და მოსამართლეობისათვის, - თვითონ იღებდა მონაწილეობას „სამართლის ქმნა-„ში, თუ თავის წარმომადგენელსა ჰგზავნიდა, - ქალაქის მოურავს სარგო ჰქონდა გაჩენილი. ამ სარგოს „სამდივანბეგო“ ჰრქმევია და მისი რაოდენობაც მკაფიოდ განსაზღვრული იყო დებულებაში, დასაც ნათქვამია: „ამაში აქვს სარგო თუმანზედ სამდივანბეგო ხუთი აბაზი მოურავს და ამ სამდივანბეგოში ხელი არა აქვსთ მელიქ-მამასახლისს, ნაცვალს და ქედხუდებს“-ო (სქს სძვლნი II, 523, § 1, 2). რაკი თუმანზედ 5 აბაზი ყოფილა, მაშასადამე „სამდივანბეგო“ 10 პროც. უდრიდა. ეს სარგო მოურავის განსაკუთრებული საკუთრება ყოფილა და დანარჩენი მოხელეები რომელნიც „ბჭობა“-ში მოურავს ახლდენ, არავითარ სასყიდელს, არ იღებდენ. ჰქონდათ თუ არა რაიმე სარგო ინ 3-4 სარწმუნო მოქალაქეს, რომელნიც მოურავს „სამართლის ბჭობაში“ თან ახლდენ, დებულებაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ ვგონებ რომ არა ჰქონიათ. ეს იმითი მტკიცდება, რომ ინ შემთხვევაშიაც კი, როცა მოურავი თვით არ ინებებდა მოსამართლედ დაჯდომას და საქმის გარჩევას იასაულსა და მოქალაქეთ მიანდობდა, „იქიდამაც თუმანზედ ხუთი აბაზი მოურავისა არის, რადგან მოურავი გაგზავნის ამისთვის“ო (იქვე § 2).
მაშასადამე ამ შემთხვევაშიაც-კი სარწმუნო მოქალაქეთა „სამართლის ქმნა“ უსასყიდლო ყოფილა. მით უმეტეს უსასყიდლო იქნებოდა მაშინ, როცა სასამართლოში თვით მოურავი ბრძანდებოდა. სამდივანბეგო მოურავის სრულ საკუთრებას არ შეადგენდა მხოლოდ მაშინ, როცა იგი მეფის ბრძანებით მდივანბეგებთან ერთად „სამართალში დასხდებოდენ“, მაშინ „რაც სამდივანბეგო შემოვა როგორც რიგი არის, მოურავი და მდივანბეგები ისრე გაიყოფენ“-ო (სქს სძვლნი ტ. 2 გვ. 523 § 3). სამწუხაროდ არც თვით საბუთში არც,“დასტურლამალში“ არ არის განმარტებული სამდივანბეგოს განაწილების „რიგი“ მოსამართლეთა შორის, როცა სასამართლო მეფის ბძანებით „საბჭოდ დაჯდებოდა“. ვიცით მხოლოდ რომ საზოგადოდ „ჯარიმა ბარონისა“ ესე იგი მეფისა იყო („დასტურლამალი“, 57).
ქალაქის მოურავი ქალაქის ეკონომიურ ცხოვრებას თვალ-ყურს ადევნებდა: აღებ-მიცემობა და მისი კანონიერი წარმოება მის ზედამხედველობის ქვეშ იყო. საქართველოს ქალაქებში სანოვაგესა, სურსათსა, ხილეულობასა და მაგარ სასმელებზე ბაზრულ ფასებს მთავრობა აწესებდა ხოლმე. ამგვარ გადაკვეთილ მტკიცე ფასებს „ნიხრი“ ეწოდებოდა. ეს სიტყვა სპარსულ ნირხისაგან არის წარმომდგარი. რომელსაც იგივე მნიშვნელობა ქონდა. ნიხრით ვაჭრობა სავალდებულო იყო აღებ-მიცემობის შემდეგ დარგების წარმომადგენლობისათვის: ყასპებისა (სქს სიძველენი ტ. 2 525 § 18) მეთევზეებისა (გელაქნურზე იქვე 22, განჯის ორაგულზე, იქვე 22, ზუთხზე 23, ხრამულზე და ფიჩხულზე § 24, ბაყლებისა, ზეთისხილზე, იქვე 28, განჯის ყურძენზე, იქვე 26, ახალციხის და ახალქალაქის ხილზე. იქვე § 30) და სირაჯებისათბის (ღვინოზე იქვე ტ. 2, 525, § 19).
ქალაქში ნიხრის დაწესებაც, რომელსაც „ნიხრის მიცემა“ ერქვა, მოურავის უფლება და მოვალეობა იყო; დებულებაში პირდაპირ იყო ნათქვამი: „ნიხრი მიეცემა მოურავისაგან“-აო (სქს სძვლნი ტ. 2 გ. 525, § 18), ნიხრი მოურავმა უნდა მისცეს“-ო იქვე ტ. 2, 256 § 26 მოხლოდ ქ. გორში მის მოურავს, ამილახორს ნიხრთან საქმე არა ჰქონდა და ნიხრის მიცემა „ქედხუდებისა არის“-ო ნათქვამია ერეკლე მეფისადმი მირთმეულს გორელ ქედხუდების საჩივარში. კახეთსა და ქიზიყში „ნიხრი ვაჭრისა“ თურმე ნაცვალს უნდა „გადაეჭრა“ (კახეთ-ქიზიყის მოსავლის გარიგება სქს სძვლნი ტ. 3, 137).
ნიხრი ცვალებადი იყო: იმისდა მიხედვით თუ რამდენად ადვილად აიწევ-დაიწევდა ხოლმე ამა თუ იმ საქონლის ფასი, ნიხრიც ზოგიერთ საგანზე უფრო ხშირად იცვლებოდა.
საზოგადო წესი ბძანებდა, რომ მოურავმა სამს თვეში ერთხელ უნდა ნიხრი მისცეს ქალაქსა-ო“ (იქვე, ტ. 2, გ 530, § 24) მაგრამ ხორცის ნიხრი წელიწადში შეიძლება მრავალჯერ შეცვლილიყო: „წელიწადში რამდენჯერაც ნიხრი მიეცემა მოურავისაგან ყასპებს და მიემატება, თითოს მომატებაზედ ყასპებმა საერთოდ ნიხრანა“ უნდა გადაიხადონო (იქვე, ტ 2, 525 § 18, ზოგს საქონელს მოგორც მაგალითად  ხილეულობასა და თევზეულობას, წელიწადში ერთხელ აქვს ხოლმე შემოსვლის დრო. ამიტომ ასეთ საგნების ნიხრი მაშინ უნდა დაწესებულიყო, როცა ქალაქში შემოიტანდნენ. დებულებაში სწერია, რომ ესა და ეს საქონელი „ქალაქში რომ შემოვიდეს“, „მომტანთ მოურავი  უნდა ნახონ, და ნიხრი მისცეს-„ო.
რაკი ყოველ ნიხრის მიცემისთვის მოურავს ვაჭრებისაგან გარკვეული, „ნიხრანა“დ წოდებული, გადასახადი უნდა მიეღო, ამიტომ რასაკვირველია, ქალაქის მოურავისთვის უკეთესი იყო თუ ნიხრი ხშირად შეიცვლებოდა. ამას გარდა, რათგან დებულებაში ნათქვამი იყო რომ ნიხრის „თითოს მიმატებაზედ ყასპებმა საერთოდ ნიხრანა... მოურავს უნდა მიართვან-ო (სქს სძვლნი 2, 525 § 18), ამიტომ სასყიდლის ხშირად მიღების გულისათვის მოურავს შეეძლო ნიხრისთვის მოემატებინა ხოლმე. ამის გამო ალბად მოურავის ანგაარების ასალაგმავად და მოქრთამეობის შესაფერხებლად, სამართალი აწესებდა: „მოურავი ყოველს ნიხრზედ, თუ ბატონის ნაცვალს არ დაისწრებს, ქუდხუდებს დაისწრებს ორსა და სამსა“ო (იქვე 2, 526. § 24). მეორე საბუთში უფრო ვრცლად არის განმარტებული: მოურავმა :მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი და ქედხუდები უნდა დაისწრას და ისე უნდა მისცეს ნიხრი“ო (იქვე, 530-531 § 24). ერთის სიტყვით მოურავს ნიხრის საქმე ჩუმად და საიდუმლოდ არ შეეძლო გაერიგებინა, არამედ ქალაქის დანარჩენ მოხელეთა და პატივცემულ მოქალაქეთა თანადასწრებით. რასაკვირველია, მოქრთამეობა და ანგაარების ჩადენა უფრო ძნელი იქნებოდა. მოურავს თვალყური უნდა ედევნებინა რომ ნიხრი არავის დაერღვია: ნიხრის მიცემის უკან რომელმაც ასნაფმა დააშაოს მოურავმა უნდა გადაახდეივნოს“-ო, ნათქვამია დებულებაში. (იქვე, ტ. 2, გვ, 531, § 24).
ვაჭარს მარტო ფასში არ შეეძლო მუშტრის მოტყუება. უფრო ძნელი შესატყობი იყო მისი ეშმაკობა, როცა ის მრუდე და ნაკლებიანს საწყავ-საზომსა ხმარობდა ხოლმე. ეს მოვალეობა მეფისა და მოურავის საგანგებო მოხელეებს ჰქონდათ დაკისრებული. დებულება ბძანებდა: „ბატონის ნაცვალი და მოურავის ნაცვალი ყოველთვის უნდა სინჯავდეს ლიტრას, ადლს, საწყაოს და ყოველსავე საწონს და გასაზომს და თუნგს, და რომელსაც ნაკლებობა და სიმრუდე შეამჩნდეს, ჯარიმა უნდა წაერთვას“ო (იქვე ტ. 2, გვ. 527 §). ორ მოხელეს მუდამ დღე ვაჭრების „საწყაო“ და „საზომი“ უნდა ესინჯნა, რომ სიმრუდე და ნაკლებობა არც ერთ სავაჭრო იარაღში არა ყოფილიყო. ამაზე განსაკუთრებით მოურავის ნაცვალს უნდა ეზრუნა, ამიტომაც იყო რომ დებულებაში ეწერა: „მორავის ნაცვალი მუდამ ბაზარში უნდა დავიდოდეს და იჯდეს“-ო (იქვე ტ. 2, 529, §14).
მრუდე და ნაკლებიან იარაღის პატრონ ვაჭრებისათვის ნაცვლებს ჯარიმა უნდა წაერთმიათ (იქვე, ტ. 2 გვ 527 და 530, §§ 37, 14 ).
ქალაქი მაშინაც აღებ-მიცემობისა და ხელოსნობა-მრეწველობის დედაბუდე იყო, განსაკუთრებით იქ ჰქონდა მას ბინა მიჩენილი. რასაკვირველია, რადგან ჯერ ხანად უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებული საბუთებისა  ეკლესიებსა და აზნაურთა გვარებს ეკუთვნის, ამიტომ ამ საგნის შესასწავლად ჯერ ძალიან ცოტა მასალები მოიპოვება, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს ხელთ არის ორი საუკეთესო წყარო „დასტურლამალი“ და „ქალაქის მოურავის სარგო“ს დებულება. ორსავე საბუთებში ძვირფასი ცნობები მოიპოვება. აღებ-მიცემობა ქალაქში ერთის მხრით ადგილობრივ ნაწარმოებებით იკვებებოდა, მაგრამ მის დიდ ნაწილს მაინც გარეთგან შემოტანილი საქონელი შეადგენდა.
ქალაქ ტფილისს ექვსი კარი ჰქონდა (იხ. ქალაქის მოურავის სარგო § 4, სქს სძვლნი ტ. 2, 523): ერთს ერქვა „აბანოს კარი“ მეორეს „განჯის კარი“ (იქვე, ტ. წ, გვ 523, § 5), მესამეს „დიღმის კარი“, მეოთხეს „კოჟრის კარი“ (იქვე, ტ. 2, გვ 524, § 7), მეხუთეს „წყალ-ყინის კარი“ (იქვე 524 § 7), მეექვსის სახელი კი მოხსენებული არ არის.
ბატონიშვილი ვახუშტი თავის გეოგრაფიაში ამბობს რომ „სოლალაკის ხევის კარს უწოდებენ განჯის კარად-„ო (ბროსეს გამოცემა, ჯანაშვილის გამოცემა, გვ. 70). ამასთანავე აღნიშნული აქვს რომ „კალა მოზღუდა მეორე შააბაზ პირველ შემუსვრილი; სამხრით მოავლო სოლალაკის კლდეზედ, დასავლით ქმნეს ორი კარი, ჩრდილოთ ორი კარი-„ო (იქვე, გვ. 72. ყოველგვარი საქონელი ტფილისში ქალაქის ექვსისავე კარებით შემოჰქონდათ (ქ. მოურავის გარიგება § 4, სქს სძვლნი II, 523). მხოლოდ შეშა შემოდიოდა როგორცა ჩანს მხოლოდ სამ კარით-დიღმის. კოჯრისა და წყალყინის კარებთაგან (იქვე, 524, § 7), ალბად იმიტომ რომ, სწორედ იქით მხრისაკენ მოიპოვებოდა მახლობლად ტყიანი ადგილები.
როგორც შარდენის ცნობებითგანა ჩანს, ქალაქ გორსა და ტფილისში ყველაფერი რაც კი ადამიანისთვის საჭირო იყო იშოვებოდა და გაჩაღებული აღებ-მიცემობა სუფევდა. „დასტურლამალსა“ და „ქალაქის მოურავის სარგო“ში ვაჭრობისა და ხელოსნობის შემდები დარგების წარმომადგენლები არიან მოხსენებულნი: მეპურეები (საქართ. სიძ. II, 528, §43), ყასპები (იქვე, II 524, §§10, 15, 18, 43), ბაჰყლები (იქვე, 528, § 11, 13, 528, §, 43), მეთევზეები (დასტურლამალი 40, 126), სირაჯები (სქს სძვლნ ტ2, 524, § 19 და 528, §43) მეწვრილმანეები (იქვე, 528, § 43), ბაზეზები (იქვე, § 527, §§ 43, 35) მკუპრავები (იქვე, § 528, § 42),საზანდრები (დასტურ. 68), მღებრები (დასტ. 125). ტფილისის 1781-1782 წ. აღწერის დავთრის ერთ ნაწყვეტში მარტო ნაზარბეგიანთ ქარვასლაში მყოფად დასახელებულია: 2 სარაჯი, 1 მესატევრე, 2 ოქრომჭედელი, 1 მეჩახმახჩე, მჭედელი, 1 მკალავი, 2 მექვაბე, 2 ნალბანდი, 1 დაბაღი, 2 ჭონი, 1 ხარაზი, 1 მეწუღე, 7 ფეიქარი, 1 მკერვალი, 1 ქურქჩი, 2 ბაზაზი, 1 მჩითავი, 2 მეწისქვილე, 1 ხაბაზი, 1 მეფურნე, 1 მზარეული, 2 გალატოზი, 1 ხურო, 1 ქვის მჭრელი, 2 მესანთლე, 1 მეთევზე, 1 მეაბანოე, 2 ვაჭარი, 1 ბაყალბაში, 2 ბაყალი, 1 ჩირაბი, 1 მუშა და სხვანი.
ამის გარდა ხელოსნების სხვა დარგების წარმომადგენლებიც უნდა ყოფილიყვნენ და იყვნენ კიდეც. ვაჭრებსა და ხელოსნებს საქართველოში თავიანთი კავშირი ჰქონდათ, რასაც ეხლა „ამქარი“ ეწოდება, ხოლო მაშინ „ასნაფი“ ერქვა (დასტურლამალი 24, 64; სქს სძვლნი 2, 524 § 10, 12, 528 §43, გორელ ქედხუდების საჩივარი ერეკლე II-სადმი). როგორც დასტურლამითგან ჩანს „ასნაფი“ ერთისა და იმავე ხელობის კაცთა ჯგუფს და წრეს ეწოდებოდა. სიტყვა ასნაფი არაბულია და იქაც ჯგუფებს, წრეებს, ამქრებს ნიშნავს. იგი მრავლობითი რიცხვია, ხოლო მხოლობითი რიცხვი „სინფ“ ხელოსანსა და ამქარს ნიშნავს. ქართულად მაშასადამე თუმცა ამ სიტყვის მრალმობითი რიცხვია შეთვისებული, მაგრამ მხოლობით რიცხვის მნიშვნელობა მიუღია და ამქარს გარდა ამქრის სევრსაც, ხელოსანს და ვაჭარსაც ეწოდებოდა (სქს სძვლნი 2, 528). როგორც დასტურლამალითგანა ჩანს ამქარს ქართულად აგრედვე „თაბუნი“ ერქვა: ასნაფი და თაბუნი დასტურლამალში ერთი-მეორის მაგიერ იხმარება, მაგ. § 115-ს სათაურად აქვს „სალაროს ნაზირისა და მისის ასნაფებისათვის“, ხოლო შემდგომ მისდევს: „არის სალაროს ნაზირის სახელოდა თაბუნი კაცნი“-ო.
ქალაქებში ასნაფებს რასაკვირველია იქ ექმნებოდათ ბინა და სახელოსნოები, სადაც ყველა სხვა სავაჭრო დაწესებულებანიც იყვნენ შეჯგუფულნი, ბაზარში. გორელი ქედხუდების საჩივარითგან ნათლად ჩანს, რომ გორშიც ასნაფები ბაზარში მდგარან.
თვითეულ დარგის ყველა ვაჭრები და ხელოსნები ერთს კავშირს ეკუთვნოდენ, ერთს ასნაფს შეადგენდენ. საბედნიეროდ ჩვენ ასნაფების აგებულების ცნობებიც მოგვეპოვება: ასნაფის სათავეში „უსტაბაში“ მდგარა, ეს სიტყვა სპარსულ - თურქულია (უსტა - მასწავლებელი, ოსტატი, ბაში - თავი). იმ ასნაფის სახელის მიხედვით, რომლის მოთავესაც იგი ითვლებოდა, მას აგრედვე ად „სირაჯბაში „ (იქვე ტ. 2, 525 ც 20), ან „ბაჰყალბაში“ (იქვე, ან „საზანდარბაში დასტურლამალი 68) და სხვანაირად ეწოდებოდა. დასტურლამალში „მეთევზეების უფროსი“ და „მღებართუხუცესი“-ც არის დასახელებული, მაგრამ ნათლად არა ჩანს, უსტაბაში  იყო თუ არა იგი.
საფიქრებელია რომ ძველად მაინც ეს ორი სახელი სწორად უსტაბაშობის ქართული სახელწოდება ინდა ყოფილიყო და ამბად ბაჰყალბაშისა და სხვა მის მსგავს სახელების მაგიერ ბაჰყალთ უხუცესი ან უფროსი იქნებოდა
ასნაფის თითოეული წევრი ამქრის, ამხანაგობისა და უსტაბაშის სასარგებლოდ გადაკვეთილს წვლილს იხდიდა (საქარ. სიძვ. ტ. 2, 528 § 13). ასნაფის თვითეული წევრი ამქრის, ამხანაგობისა და უსტაბაშის სასარგებლოდ გადაკვეთილს წვლილს იხდიდა (საქარ. სიძვ. ტ. 2, 528 §13). საზოგადო, საამქრო საქმეების გარჩევა-გადაწყვეტა თვით „ასნაფზე“ იყო დამოკიდებული, უსტაბაშსა და ასნაფის წევრებზე, ხელოსან ვაჭართა საზოგადო კრებაზე. ეს იქითგანა ჩანს, რომ დებულებაში პირდაპირ არის აღნიშნული საამქრო გადასახადისაგან განთავისუფლებული  „უნდა იყოს გასათარხნებელი მეწვრილმანე იყო, საზოგადოდ კი თვითეული „ასნაფებისაგან შეღავათ ნაქნარი და განთავისუფლებული უნდა იყოს“ (საქ. სიძ, ტ 2, 528 § 43). უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა  სამოურაო სარგოსაც ამქარი ანუ ასნაფი „საერთოდ“ (საქ, სიძ. ტ. 2, 525 §  18,19) იხდიდა, როგორც ერთი დაწესებულება (საქ. სიძ. ტ. 2, გვ 524 § 10, 11, 12, 13; 525 § 14 18, 19). უსტაბაში ასნაფის თავი და წარმომადგენელი იყო მთავრობის წინაშე და განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდა მთელი ამქარი რაიმე დღესასწაულში მონაწილეობას იღებდა, იგი თავის ასნაფს წინამძღვრობდა. დებულებაში მაგალითად ნათქვამია რომ როცა დიდის ხნის „სხვაგან“ სადმე წასული ქალაქის მოურავი ქალაქში დაბრუნდებოდა, მას ასნაფები მიეგებნონო, „სარაჯბაში სარაჯებს უნდა მიუძღვეს და მოურავს ტიკით ღვინო უნდა მოართვან, აგრეთვე ბაჰყალბაშმა ხილი უნდა მოართვან“ო (საქ. სიძ. ტ. 2 გვ. 525 § 20).
მრეწველობა და ვაჭრობა დაბადებული იყო ქარხანასა და დუქანში. „ქარხანა“ (დასტურლამალი, 24, 34, 40, 41, 54, 55, 62, 84, 124, 127) სპარსული სიტყვაა და ნიშნავს სახელოსცნო სახლს, დაწესებულებას, სადაც გასაყიდავ საქონელს ამზადებდენ. ქართულად ამ სიტყვას ფართო მნიშვნელობა ჰქონდა: „ქარხანას“ ეძახდნენ ყველა საწყობსა და დაწესებულებას, რომელი ამა-თუ იმ საქმისა ან ხელობისათვის იყო, მაგ. დასტურლამალში სამეფო სამზარეულოს „ქარხანა“ (გვ. 35) ეწოდება, ამ გვარადვე სამეჯინიბოსაც „ქარხანა“ ერქვა (იქვე 54, 55), შემოსულ ფეშქაშის შესანახავს ადგილსაც (იქვ. 84 „ფეშქაშის ქარხანა“), იმ დაწესებულებასაც, სადაც ინახებოდა აღებული ჯარიმა („ჯარიმა ნაცვალმა უნდა აიღოს და ბატონს ქარხანაში მიაბაროს“, იქვე 124) და სალაროს სადაც ფული ინახებოდა „მეთევზის უფროსს ორი თუმანი ქარხნიდამ უნდა მიეცეს“-ო, იქვე 124).

ერთი სიტყვით ქარხანად ყოველგვარი, როგორც კერძო ისე სამეფო, სამეურნეო - სამრეწველო დაწესებულება იწოდებოდა. ქარხანა საზოგადო სახელწოდება იყო. ხოლო იმისდა მიხედვით, თუ მრეწველობის რომელ დარგს აწარმოებდა, იწოდებოდა ან „ყასაბხანად“ (დასტურლამალი 24), როცა საქონელის დაკვლა ჰქონდა საქმედ, - ან „დაბაღხანა“დ (იქვე 92), როცა ტყავის გამოყვანა აქვს საგნად, - ან „ქუზიხანა“დ (იქვე 124), ან „ჭურჭლის ქურახანად“ (საქ. სიძ. 527 § 34, 35), როცა ჭურჭლის გაკეთებას მისდევდენ. ყველა ზემომოყვანილი სიტყვები სპარსულითგან არიან სემიღებულნი და ორ-ნაწილები აგებულება აქვთ. მეორე ნაწილი ყოველთვის „ხანა“ა იგივე რაც „ქარხანაშია და ჰნიშნავს სახლს, ხოლო პირველი ნაწილი ხელობის იმ დარგს აღნიშნავს, რომელსაც იგი მისდევს: ყასაბხანა (მესაკლავეთა სახლი,) დაბაღ-ხანა (ტყავის მკეთებელთა სახლი,) ქუზი-ხანა (კოკების, ჭურჭლის ქარხანა, სახლი), აუშ-ხანა (საჭმლის სახლი, სასადილო). ზოგიერთ ქარხანას ქართული სახელიც ჰქონდა, მაგალითად „სამღებრო“ (დასტურლამალი 125). ვახტანგ მეექვსის დროს ზოგიერთი ქარხნები მეფის განსაკუთრებული საკუთრება იყო, მაგ. ყველა სამღებროები და ქუზი-ხანა დასტ. 124, 125. მათთვის განსაკუთრებული „ქარხნის სახლები“ (იქვე 124) არსებობდა და თუ ეს შენობა დაზიანდებოდა და შეკეთება საჭირო იყო „კედელი, თუ გადალესვა მსუბუქი“ (იქვე 124) მოქალაქეთა მოვალეობად ითვლებოდა.

ქარხნის მოსამსახურეებს მაშინ „ქარხნის კაცებს“ ეძახდენ (დასტ. 24).
სავაჭრო შენობას „დუქანი“ (საქ. სიძველენი ტ 2, 525 § 15) ეწოდებოდა, მაგ. ქ. მოურავის სარგოში ნათქვამია: „ყასპებმა, რაც დუქანი არის, დუქანზედ მოურავს გადასახადი უნდა მიართვან“ო. დუქანი სპარსული სიტყვაა და სპარსულშიც იგივე მნიშვნელობა აქვს.
დუქანში „დაზგები“ იდგა. ქ. მოურავის სარგოს დებულებაში მაგ. სწერია: „ყასპებმა, რაც დუქანი არის, დუქანზედ მოურავს 3 ლიტრა ქონი უნდა მიართვან... თხის ქონი; ღორის ქონი ერთს დაზგაზედ რამდენიც ამხანაგი არიან კაცის თავს 4 ლიტრა ქონი უნდა გამოერთვას მოურავისთვის, ეს ქონოი კაცის თავზედ აიღება და არა დაგაზედ. დაზგაზედ ღორისა... აღებაში მოურავისთვის ერთი მხარი და ერთი ბარკალი უნდა მოიკრიფოს“ო (საქარ. სიძველნი II, 525 § 15-17). მაშასადამე დუქანში დაზგები იდგა. „დაზგა“ სპარსული სიტყვაა („დაზგაჰ“) და იქ სახელოსნო იარაღს, სახელოსნო მაგიდას, საფეიქრო მანქანას და თვით მაღაზიასაცა ჰნიშნავს.
როგორც ზემო მოყვანილ მაგალითითგანა ჩანს, ქართულში დაზგა სავაჭრო და სამრეწველო დახლსა ჰრქმევია, იგი თითქოს თვით ვაჭრობისა და მრეწველობის სიმბოლო ყოფილა.
საქმის წარმოება და თვით საქმე შეიძლებოდა ერთი კაცის საკუთრება ყოფილიყო, ან რამდენსამე კაცს ერთადა ჰქონოდა მაშინ ისინი „ამხანაგებად“ (იქვე II 525 §16) ითვლებოდნენ. შეიძლებოდა მაშასადამე „ერთს დაზგაზედ რამდენიმე ამხანაგი“ ყოფილიყვნენ.
ზემოაღნიშნულის გარდა სხვა კიდევ ბევრი ცნობებია გაფანტული ძველ ქართულ წყაროებში. ამ მასალებით სხვათა შორის ასეთ საყურადღებო საკითხის გამორკვევაც კი შეიძლევა, თუ რადარა და რამდენი საქონელი, სანოვაგე, ან სხვაგვარი სახმარი შემოჰქონდათ ხოლმე ყოველწლიურად ჩვენს დედა-ქალაქში. მაგრამ ეს მონოგრაფიული გამოკვლევა ჟურნალისათვის ისედაც დიდი გამოვიდა და რაკი ამ საკითხის გამორკვევისათვის რთული გამოანგარიეშებაცაა საჭირო, ამიტომ მას აქ აღარ შევეხებით.

თანამედროვე საქალაქო თივთმართველობის ორგანოთა მთავარი დანიშნულება და სამოქმედო მიზანი ქალაქისა და მის მცხოვრებთა კეთილდღეობაზე და მშვიდობიან ცხოვრებაზე ზრუნვა შეადგენს. მაგრამ არას გარდა ისინი მოვალენი არიან ყოველი ღონისძიება იხმარონ, რომ ცხოვრებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგე და სხვაგვარი საკმარი ქალაქში ბლომად მოიპოვებოდეს და პირიან ფასადაც იყიდებოდეს, ამასთანავე ფხიზლად თვალ-ყური ადევნონ, რომ საწყავ-საზომების სიმრუდითა და ნაკლებობით ვაჭრებმა მოქალაქეთა ჯიბეები არ შეათხელონ. ამ ჩვენი გამოკვლევის გულდასმით გადამკითხველისათვის იმედია ცხადი გახდება ჯერ ერთი ის, რომ ეს მიზანი და მოვალეობა ძველ საქართველოშიაც კარგად გათვალისწინებული და შეგნებულიც ჰქონიათ და ქალაქის მმართველთ აუცილებელ ვალადა ჰქონდათ დაკისრებული, ხოლო მეორეც ის, თუ რაოდენად შემცდარია გაბატონებული აზრი, ვითომც საქალაქო მართვა-გამგეობის  წესწყობილება ჩვენში პირველად რუსეთის მთავრობას შემოეღოს. ყველა ზემოთნათქვამითგან ვგონებ აშკარა უნდა იყოს, რომ ძველ საქართველოში მართვა-გამგეობის ეს დარგიც საკმაოდ შემუშავებული იყო და რომ საქალაქო თვითმართველობის ჩანასახი უკვე მაშინაც არსებობოდა.


სტატიის ავტორი - ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან
ჟურნალ "პრომეთედან",
N1, თბილისი.      


megobari saitebi

   

20.09.2016