პირველი დაზვერვითი და არქეოლოგიური სამუშაოები აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნების პირველ პერიოდში

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და, კერძოდ, აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის წინა პერიოდიდან შეინიშნება. ამ საკითხებით არაერთი მკვლევარი თუ მოგზაური დაინტერესებულა. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს დ. ბაქრაძისა და გ. ყაზბეგის დამსახურება.
პირველი სპეციალისტი, ვინც ჩვენი რეგიონის მიწისზედა მატერიალური თუ ნივთიერი კულტურის ძეგლებს შეეხო, იყო ქართველი ისტორიკოსი დ. ბაქრაძე. შეიძლება ითქვას, რომ მისი მეცნიერული მემკვიდრეობიდან ყველაზე უფრო ძვირფასია სწორედ ის ნაწილი, რაც გურია-აჭარისა და მთლიანად სამხრეთ საქართველოს ისტორიულ წარსულს ეხება (დუმბაძე:1950,116). 1878 წელს გამოქვეყნდა დ.ბაქრაძის კაპიტალური ნაშრომი, რომელმაც მკვლევართა დიდი მოწონება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო დრო გავიდა, იგი ერთ-ერთ ძვირფას სამაგიდო წიგნად რჩება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და კერძოდ აჭარის ისტორიის შესასწავლად. წიგნში გამახვილებულია ყურადღება კულტურის ძეგლებზე, მათ მდგომარეობაზე, გზებსა და საგზაო ნაგებობებზე და ა.შ. დ. ბაქრაძე ზემო აჭარისწყლის ხეობის ძეგლების აღწერისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფ. სხალთისა და იქ მყოფი განთქმული მონასტრის მეცნიერულ შესწავლას (ბაქრაძე: 1987, 42-65).
აჭარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ მეტად საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ასევე ცნობილმა მეცნიერმა და მოგზაურმა დ. ყაზბეგმა (Казбеги, 1876).
იგი მოკლედ ეხება აგარის, ხულოს, სხალთის ეკლესიებს, ხიხანის ციხეს, ვარდციხეს და სხვა. ასევე მიმოხილულია ხეობის გზები და საგზაო ნაგებობანი.სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და, კერძოდ, აჭარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური თუ განსაკუთრებით არქეოლოგიური ძეგლებისადმი ინტერესი არც 1877-1878 წლების ომის დროს განელებულა. მხარის ოსმალთაგან განთავისუფლების შემდეგ ეს ყურადღება კიდევ უფრო გაძლიერდა, მითუმეტეს, რომ როგორც აჭარის, ისე მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ ოსმალთა სამსაუკუნოვანი ბატონობის პერიოდში ცოტა რამ იწერებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, აქ მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური თუ კულტურული პროცესების შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. ეს წყვეტილი რამდენადმე შეივსო ამ მხარის გამოხსნისა და დედასამშობლოსთან შემოერთების შემდეგ. სწორედ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდანვე გააქტიურდა ამ მხარის ისტორიისა და მათ შორის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლაც.
ახლად შემოერთებული რეგიონის სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლთაგან სიძველეთმოყვარულ მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება 1979 წლიდანვე მიიქცია სოფ. ხუცუბანმა. ეს განპირობებული იყო ამ სოფელში შემთხვევითი აღმოჩენებით, რომელიც და ცნობილი საზოგადო მოღვაწის გულო კაიკაციშვილის სახელს უკავშირდება. იგი მდინარე კინტრიშზე სამხედრო დანიშნულების ხიდის მშენობლობის დროს მოულოდნელად წააწყდა ბრინჯაოს ცულებს. მათგან ერთი ნიმუში გაზეთ ,,დროების" რედაქტორს სერგეი მესხს გადასცა. ამ ექსპონატმა უმალვე მიიქცია გ. წერეთლის ყურადღება. იგი პარალელურად დაინტერესებულა პეტრა-ციხისძირის მიდამოების ძეგლებითაც, სადაც ომის დროს თურქ მესანგრეებს თითქოს უპოვიათ ქვის კუბო, რომელშიც ჩალაგებული ყოფილა ოქროსა და ბრინჯაოს ნივთები. გ. წერეთელი ასევე ყურადღებას ამახვილებს სოფ. კვირიკეში აღმოჩენილ მარმარილოს კუბოზე. ყველა ამ აღმოჩენათა თუ ინფორმაციათა შესახებ გ.წერეთელი ამახვილებს ყურადღებას თავის მოხსენებაში, რომელიც არქეოლოგთა მეხუთე ყრილობაზე წაიკითხა. იგი აღნიშნავდა:
,,Окрестности Цихиз-Дзири близ с.Квирике, где при производстве фортификационных работ турками в минувшую войну открыт былмраморный гроб с надписью на мраморной крыше. Крышу выломали турки, а найденные в гробу золотые вещи расхитили. Я об этом сообщил в местных газетах, там же найдено было несколько бронзовых вещей. Между прочим, один бронзовый топор, хорошо сохранившийся очень красивой работы, был подарен местным жителем редактору грузинской газеты ,,Дроэба’’,-С.С.Месхи’’ (Протоколы подготовительного комитета к пятому археологическому сезду:1881,37-51) თითქოს ამ ფაქტებზე უნდა მიუთითებს ა. ვ. კომაროვიც, რომელიც 1882 წელს წერდა ,,В 1882 г близ того места, где в прошедшую войну русскими войсками был построен мост через реку Кинтриши между селениями Хуцубани и Кобулети, урядник Гулахмед Намаз оглы нашел два бронзовых топора, которые передал редактору газеты ,,Дроеба" г-ну Месхи (Протоколы подготовительного комитета к пятому археологическому сезду: 1881, 337). ტექსტში მითითებული გულახმედ ნამაზ ოღლი, ამავე სოფლის მკვიდრი, იგივე გულო კაიკაციშვილია, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ამ რეგიონის წარსულით. იგი შემდგომშიც იჩენდა ინტერესს ამ სოფლის სიძველეებისადმი. ა. კომაროვის წერილიდან ვგებულობთ, რომ ხუცუბანშივე გულო კაიკაციშვილს 1881 წლის შემოდგომაზე მდინარე კინტრიშის ნაპირის ჩამოზავებისას კვლავ უპოვია ორი მთლიანი ბრინჯაოს ცული, ორი დაზიანებული ფიბულა, ბრინჯაოს ლომის ფიგურა, სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები, კერამიკული ნაკეთობანი და ა. შ.
სამწუხაროდ არავითარი ინფორმაცია არაა იგივე კომაროვთან, თუ რა ბედი ეწია ამ ნივთებს. კომაროვს ამის შემდეგ გულო კაიკაციშვილისათვის სახსრებიც მიუცია და ხუცუბანში ადრე შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების ადგილას გათხრითი სამუშაოების წარმოებაც უთხოვია. გულო კაიკაციშვილმა შეასრულა კომაროვის თხოვნა და მცირე მასშტაბის სამუშაოებიც განახორციელა. როგორც კომაროვის ანგარიშიდან ჩანს, გათხრების შედეგად აქ რამდენიმე საფლავი აღმოჩენილა, რომლებშიც გულო კაიკაციშვილს საკმაოდ კარგი მასალები მოუპოვებია. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ისეთი ნიმუშები, როგორიცაა ბრინჯაოს ცულები, შუბის პირები, ფიბულები, სარტყლის ფრაგმენტები, სამაჯურები, ბრინჯაოს ჭურჭლის ნიმუშები, მძივები, რკინის ნივთები, კერამიკული მასალები და ა. შ (ИзвестияКавказкого обшества истории и археологии:1882; Журнал Министерства народного просвешения:1884). აღმოჩენილი მასალების ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. არაა გამორიცხული კომაროვს იგი სხვა მასალების მსგავსად გადაეგზავნა მოსკოვის ისტორიული მუზეუმისათვის.
ხუცუბნის არქეოლოგიური ძეგლებით დაინტერესდა ასევე ფრანგი ჟურნალისტი და სიძველეთმოყვარული ჟან მურიეც. მან მცირე მასშტაბის სამუშაოებიც კი განახორციელა ხუცუბანში, მაგრამ ერთი ცულის მეტი ვერაფერი უპოვია. ხუცუბნის ძეგლებმა გრიგოლ გურიელის ყურადღებაც მიიქცია. მისთვის ეს ინტერესი გულო კაიკაციშვილს აღუძრავს. თავის მხრივ გურიელმა საქმეში ჩართო პეტერბურგიდან ახლად დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი. ისინი 1891 წლის ზაფხულში ეწვივნენ ხუცუბანს. მათ ზედაპირულად დაათვალიერეს ნივთების აღმოჩენის ადგილი და რამდენიმე მძივიც უპოვიათ. მათთვის ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაუციათ ასევე ერთი ბრინჯაოს ცული და 30-მდე მძივი. ეს მასალები ე. თაყაიშვილს წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობისათვის გადაუცია მომავალი მუზეუმის ფონდებისათვის.
ე. თაყაიშვილმა ხუცუბანში გათხრების ჩატარება 5 წლის შემდეგ მოახერხა. ამჯერადაც მისი თანამგზავრი გულო კაიკაციშვილი იყო. 1896 წლის 8 ივლისს იგი შეუდგა გათხრებს. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით აქ ბევრი რამ უკვე შეცვლილი იყო. ნაწილი მიწის უკვე ჩამოშლილიყო და მდინარე კინტრიში უფრო მიახლოებოდა ძეგლის ტერიტორიას. თაყაიშვილს გათხრები მდინარის მარჯვენა სანაპიროზე დაუწყია. უშუალოდ გასათხრელი ფართობი, როგორც ჩანს ამ ადგილის კარგი მცოდნის, გულო კაიკაციშვილის რეკომენდაციით იქნა შერჩეული. აქ გათხრების შედეგად დადასტურდა ნახანძრალი ფენა და მცირერიცხოვანი ბრინჯაოსა და რკინის ნივთები. თაყაიშვილს აქვე უპოვია ქვის იარაღები, რკინისა თუ ბრინჯაოს შუბისპირის ფრაგმენტები და კერამიკული მასალის ნატეხები. ე. თაყაიშვილი გულო კაიკაციშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 1881 წელს კომაროვის მიერ ნაპოვნი მასალები სწორედ ამ ადგილებში იყო აღმოჩენილი. ასე რომ, გამოდის, ე.თაყაიშვილმა ადრე დაწყებული გათხრები ამ ტერიტორიაზე ბოლომდე მიიყვანა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ თხრილი შემდეგ გაუფართოებია, მაგრამ ბევრი ვერაფერი უპოვია. ექვთიმეს მოძიებული მასალები პეტერბურგში ვესელოვსკისათვის გაუგზავნია, საიდანაც შემდეგ ისინი 1899 წელს თბილისის მუზეუმში დაუბრუნებიათ.
მოკლედ რომ ვთაქვათ, ხუცუბანში რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ რევოლუციამდე რამოდენიმეჯერ განხორციელდა არქეოლოგიური გათხრები თუ დაზვერვები. ამ ტერიტორიაზე, როგორც შემდგომი პერიოდის გათხრებმა დაადასტურა (მხედველობაში გვაქვს განსაკუთრებით 1944 წლის საველე სამუშაოები) (იოსელიანი:1973,81-142) საქმე გვაქვს გვიანბ-რინჯაო - ადრერკინის ხანის სამაროვანთან. მომდევნო მკვლევარი, ვისი ბარიც შეეხო აჭარის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ძეგლბს, იყო რუსი არქეოლოგი პ. უვაროვა. მან რუსეთის საიმპერიო არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით 1888 წელს იმოგზაურა აჭარა-შავშეთში. მკვლევარმა დაგვიტოვა საყურადღებო ცნობები აჭარისწყლის ხეობის მკვიდრთა ყოფაცხოვრებისა და მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ. ღორჯომის წყლის ხეობაში მოგზაურობისას პ. უვაროვას ყურადღება მიიქცია სოფ. ვანაძეების (აგარის) ეკლესიის ნანგრევებმა. აქ მან მცირე მასშტაბის საველე არქეოლოგიური გათხრებიც კი განახორციელა.
პირველ რიგში მან სასინჯი თხრილები გაავლო ეკლესიის გარეთ, დასავლეთითა და აღმოსავლეთით, მაგრამ უშედეგოდ. აქ რაიმე მნიშვნელოვანი მასალა არ აღმოჩენილა. Aმის შემდეგ მისი ყურადღება მიიქცია ეკლესიის ცენტრალურმა ნაწილმა, სადაც მთლიანი ეკლესიის ჩამონგრეული მასა იყო კონცენტრირებული (Уварова:1981,223-230). მკვლევარმა ჩათვალა, რომ ამ ტერიტორიას ე.წ. ,,მოხალისე არქეოლოგთა" ხელი არ უნდა შეხებოდა. ამიტომ გადაწყვიტა ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში საცდელი თხრილის გავლება. პირველ რიგში აალაგეს ჩამონაშალი მასა, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ეკლესიის შიდა და გარე პერანგებად გამოყენებული კარგად დამუშავებული ქვის კვადრები, სახურავისათვის განკუთვნილი ქვის ფილები, რომლებიც დამზადებული იყო ადგილობრივი კირქვისაგან, ასევე სხვადასხვა დანიშნულების სადა თუ ორნამენტირებული არქიტექტურული დეტალები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვებზე დატანილი ჯვრის გამოსახულებები და ა.შ. ეკლესიის შიდა ტერიტორია იატაკის დონემდე გაასუფთავეს და მცირე მოცულობის სამუშაოები განახორციელეს. მონაპოვარ არქეოლოგიურ მასალაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების კერამიკული ნაკეთობანი. განსაკუთრებით მოჭიქული კერამიკა, მინის ჭურჭლის ნატეხები, ღვთისმშობლის ხატი ქრისტეს, ორი წმინდანის გამოსახულებითა და წარწერით, რკინისა და ბრინჯაოს ნივთები და ა.შ. აქვე მრავლად იყო წარმოდგენილი გარეული თხის, ცხენის თუ ირმის რქის ნიმუშებიც.
არქიტექტურული მასალების დიდი ნაწილი პ. უვაროვამ ადგილზევე ჩაიხატა და იქვე დატოვა, ხოლო არქეოლოგიური მონაპოვრები თან წაიღო, რომელთა ბედი ჩვენთვის დღემდე უცნობია. ამ ძეგლზე ფართო მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა მოგვიანებით - 1985 წელს (მამულაძე: 1993).
პ. უვაროვას შემდეგ აჭარის უძრავი მატერიალური (და არა მოძრავი) კულტურის ძეგლების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XIX საუკუნის მიწურულის და XX საუკუნის დასაწყისის ცნობილი ქართველი ეთნოგრაფ-მოგზაურის თ. სახოკიას მემკვიდრეობაშიც. მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოქვეყნდა 1898, 1900-1901 წლებში გაზეთ ,,დროების" ფურცლებზე. ხოლო მოგვიანებით (1950წ) გამოიცა ცალკე წიგნად (სახოკია:1950). მოგზაური საკმაოდ ფართოდ განიხილავს მიწისზედა ძეგლებს, მათთან დაკავშირებულ ხალხურ გადმოცემებს. ეხება ფურტიოს, დანდალოს, ხულოს, უჩხოს და სხვა თაღიან ხიდებს, ხიხაძირის ეკლესიას, სხალთის ტაძარს, მის მარანს, ხიხანის ციხის ნანგრევებს და ა.შ.

აქვე უნდა აღინიშნოს აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის საქმეში ზ. ჭიჭინაძის დამსახურებაც, რომელმაც აჭარის ოსმალ დამპყრობთაგან განთავისუფლების შემდეგ, თითქმის მთელი რეგიონი ფეხით შემოიარა, მოინახულა ბევრი ძეგლი და დაგვიტოვა მოკლე ცნობები მათ შესახებ. ასეთია მოკლედ ის ძირითადი Dდაზვერვითი თუ არქეოლოგიური სამუშაოები, რაც განხორციელდა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების პირველ პერიოდში. აჭარაში არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა შემდგომშიც გრძელდება, მაგრამ მან სისტემატური ხასიათი მიიღო XX საუკუნის 60-იანი წლებიდან.



სტატიის ავტორი - შოთა მამულაძე;

მასალა აღებულია კრებულიდან - სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში. აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”,  ბათუმი, 2009წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014