ოძრხევი

ძველი წ. VIII საუკუნის ურარტულ ლურსმულ წარწერებში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა შორის გვხვდება დიაოხის, ზაბახას, ქათარზას, ვიძეროხის სახელები. სავარაუდოდ ისინი აღნიშნავენ ტაოს, ჯავახეთს, კლარჯეთს და სამცხის უძველეს სახელწოდებას – ოძრახეს.
ლეონტი მროველის მიხედვით, ოძრახის დაარსება ლეგენდარულ მამამთავარს – ოძრხოსს უკავშირდება. საქართველოს პირველ მეფეს – ფარნავაზს იქ ერისთავი დაუსვამს. ქართლის მოქცევის მატიანე ოძრახეს მოიხსენიებს ძვ. წ. IV საუკუნიდან ურბნისის, კასპისა და სარკინე ქალაქის გვერდით. როგორც ამ უძველესი ცნობიდან ირკვევა, მაშინ ქალაქის დაბა შეიძლებოდა საერთო გალავანში არ ყოფილიყო მოქცეული. ასე ჩანს ეს სარკინისა და ციხედიდის მაგალითზე, მსგავსი ვითარება უნდა ვივარაუდოდ ოძრხეშიც, სადაც ციხე მოშორებულია ქალაქისა თუ დაბისათვის ხელსაყრელი ადგილისაგან.
უკვე მაშინ ოძრახე გარკვეულ ერთეულზე გაბატონებული ცენტრი იყო, შემდეგ საერისთავოს ცენტრად ქცეული. ეს ერთეული, უპირველეს ყოვლისა, ოცხისწყალსა და მის შემდინარეებს მოიცავდა, რომელთაგან უმთავრესია: ოძრხე – ზეკარი, ბარათხევი – ბაია, ორპირი – დიდმაღალი, კურცხანა – ხორო. შემდეგ კი მცირე შენაკადები ქვაბლიანის შესართავამდე და სოფლამდე სახელწოდებით – ზადენი.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ შემდინარეთა სათავეები უღელტეხილებით ბოლოვდება, რომელთაგან სამი იმერეთში გადადის. კურცხანა-ბოდოკლდით კი გოდერძზე გავლით აჭარაში შეიძლება გადასვლა. ყველა ამ გზათა შესაყარი აბასთუმანთან უმნიშვნელოვანესი პირობა იყო ოძრხის ციხე-ქალაქის აქ დაარსება-დაწინაურებისა. რკინისჯვრის უღელტეხილზე გამავალი გზა ისეთი მნიშვნელობის სავაჭრო მაგისტრალი ყოფილა, რომ იგი აღნიშნულია IV საუკუნის რომაელი გეოგრაფის მიერ შედგენილ რუკაზე. ეს გზა სომხეთის ქალაქ არტაშატიდან ჯავახეთ-სამცხეზე გამოვლით, დღევანდელ სოხუმამდე მიდიოდა. ფიქრობენ, რომ უღელტეხილამდე აღნიშნული პუნქტი ოძრხე უნდა იყოს.
ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ოძრხის ცენტრობით ზემოთ მოხაზულ ერთეულს ერქვა `ზევი ოძრახისა~. ამასვე უნდა აღნიშნავდეს წყაროებში დადასტურებული მეორე ფორმაც - `ოძრხევი~ და `ოძღხეველნი~, რაც იგივე ოძრხის ხევი~ და `ოძრხის ხეველნი~ უნდა იყოს. სახელწოდებათა დაბოლოების შეკვეცის მსგავსი მაგალითები ბევრია სამხრეთ-დასვლეთ საქართველოში, ერთ-ერთია აბასთუმანი, რაც აბაზაძეთ უბნის სახელი უნდა ყოფილიყო.
ციხე-ქალაქ ოძრხის თავდაპირველი ქვეყანა იყო მისი ხევი, რომელიც აგრეთვე ოძრხევად იწოდებოდა. ოძრხის როლისა და მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, ფართოვდებოდა მისი ქვეყანაც, ოძრხე მთელი სამცხის ცენტრად იქცა, სადაც ოძრხის ერისთავი იჯდა. I საუკუნის ამბების გადმოცემისას, ლეონტი მროველი წერს, რომ სუმბატ ბივრიტიანმა `აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგიოლსა, რომელსა ჰქვან დემოთი~. იქ მას დაუტოვებია `ლაშქარნი შემწედ წუნდელთადა მაბრძოლად ოძრჰეველთა~.  აქ კარგად ჩანს, რომ მთელი სამცხე ოძრხევის ქვეყანაა და მასში იგულისხმება დემოთი, ანუ ქვაბისხევი. იმავე ავტორის ცნობით `იყო ოძრაჰეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისსა, და მას შეეწეოდეს მეგრელნი~. მეგრელნი აქ ეგრისის ანუ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს ნიშნავს და ოძრხის ერისთავისადმი მათი დახმარებაც ზემოაღნიშნული უღელტეხილებით უნდა მომხდარიყო.
ოძრხის ხევის თავსა და ბოლოში არსებულ პუნქტებს ასახელებს ანდრია მოციქულის ამსახველი თხზულება. ანდრიას გადმოუვლია მთა, `რომელსა ეწოდების რკინისჯუარი, და თქმულ არს, ვიტარმედ ჯუარი იგი თვით ნეტარისა ანდრიას აღმართულ არს~. ესაა ცნობილი რკინისჯვრის უღელტეხილი, რომლის ჯვარიც X საუკუნეში ანდრია მოციქულის აღმართულად მიაჩნდათ. რკინისჯვრის დაკავშირება ანდრია მოციქულის სახელთან ამ გზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. თხზულების მომდევნო თხრობიდან ჩანს, რომ ანდრიამ `შთავლო ხევი ოძრახისა და … დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების `ზადენ-გორა~, აქ უნახავს ადგილობრივი კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც `უზორვიდეს კერპტა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან… და ყოველნი იგი დაემხუნეს და შეიმუსრნეს~. ეს პუნქტი ახლაც ცნობილი ნასოფლარია. XVI საუკუნეში კი, გორა და ზადენი ორი სოფელი ყოფილა ერთმანეთის მეზობლად. ქართულ წარმართულ ღვთაებათაგან ზადენი ერთი უმთავრესია. მცხეთის ზადენის გვერდით, ოძრხის ზადენი მიუთითებს იქ არსებულ წარმართულ საკულტო ცენტრზე.
V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს, ოძრხის ერისთავად მოხსენიებულია ბივრიტიანი, რომელიც იქვე სეფეწულად იწოდება. ადრეფეოდალური ხანის საქართველოში სეფეწული, უპირველეს ყოვლისა, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს ერქვა. მეფის მიერ თავისი ნათესავის ოძრხის ერისთავად დასმა, ამ საერისთავოს დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს ქართლის სამეფოში. ამიტომაც იყო, რომ ვახტანგმა სიკვდილის წინ, წუნდისა და კლარჯეთის ერისთავებთან ერთად `მოუწოდა... ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრჰესასა და მათ მიათუალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისნი~. ამის შემდეგ მეფის ცოლ-შვილი ზაფხულს წუნდაში ატარებდა, ზამთრობით კი – ოძრხეში იმყოფებოდა.
VI საუკუნეში სპარსეთმა წართლში მეფობა გააუქმა და ამის შემდეგ დიდხანს ქვეყანას ერისთავები მართავდნენ. ამ პერიოდის ოძრხის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი წყაროა რელიეფური წარწერა, რომელიც კურცხანა-ოძრხისწყლის შესართავთან არსებული სამონასტრო კომპლექსიდან უნდა იყოს წამოღებული (დღევანდელი რუსუდანის მონასტერი). მიუხედავად იმისა, რომ ამ წარწერის სხვადასხვა წაკითხვა არსებობს, მთავარი ისაა, რომ წაკითხვის რომელი ვარიანტიც არ უნდა მივიღოთ  ოძრხესთან მდებარე მონასტერი VII-VIII საუკუნეთა მიჯნაზე იწყებს არსებობას. ხოლო წარწერაში მოხსენიებული ციხე ოძრხე უნდა იყოს. წარწერის შინაარსი უთუოდ მოწმობს, რომ ამ დროსაც ოძრხე სამცხის პოლიტიკურ ცენტრად რჩებოდა, თუმცა კი თანდათან ჰკარგავდა ამ უპირატესობას. ეს კარგად ჩანს არგვეთის მთავრების დავითისა და კონსტანტინეს `წამებიდან~, რომლითაც უსარგებლია ისტორიკოსს ჯუანშერს  VIII საუკუნის 30-იანი წლების აღწერისას. ამ წყაროების ცნობით, მურვან ყრუ `მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრხისათა, რამეთუ იყო მაშინ ქალაქი იგი სახელოვანი, ძველ ნაქმართა მისთათვის~. ესე იგი იმხანად ძველი დიდებაღა შერჩენოდაო… ჩანს მტერს ციხე-ქალაქი აუღია და დაუნგრევია.
მურვან ყრუს მერე პირველსავე ხსენებისას ოძრხე ციხედღა იწოდება, და თან ისეთად, რომლის ხელახლა აღშენება გამხდარა საჭირო. `მატიანე ქართლისას~ ცნობით 888 წელს გუარამ მამფლის შვილმა ნასრამ `შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრჰე, ჯუარისციხე და ლომსიანთა გუარამისივე აღშენებული~. გამოდის, რომ გუარამს ლომსიანთის გარდა, სამცხეში აუშენებია ჯუარისციხეც. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით გუარამის მიერ აშენებულ ციხეებში იგულისხმებოდა ოძღხეც, ცხადია შეკეთების აზრით, რაკი იგი უძველესი ციხე-ქალაქი იყო.
ჯუარისციხე, ჟამთააღმწერელის მიხედვით, იგივე ციხისჯვარია, რაც დღევანდელი ციხისძირი უნდა იყოს. ამ ციხის ნანგრევები ახლაც შემორჩენილია ოძრხის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამ სახელწოდების ციხეთა იგივეობას იზიარებდა ვახუშტი ბაგრატიონიც.
ლომსიანთა დღევანდელი ლეკნარის ციხე უნდა იყოს, წინუბნისხევის აღმოსავლეთ ტოტის სათავეებთან. ნიშანდობლივია ციხისჯვრისა და ლეკნარის ციხის მსგავსება: ესენი ეგრის-აფხაზეთიდან მომავალი გზების მაკონტროლებელი, მიუვალი სიმაგრეებია. ოძრხის განახლებასთან ერთად, ამ სიმაგრეთა აგებით, გუარამ მამფალი მთლიან სისტემას ჰქმნიდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოსთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.
მიუხედავად გუარამ მამფლის აღმშენებლობისა, `ახალქალაქობის ხანისათვის~ ოძრხე აღარ იყო სამცხის ძირითადი ცენტრი. აქ თანდათან სხვა პუნქტები დაწინაურდნენ – ყველი, ჯაყი, აწყური, ახალციხე, რომლებიც სამცხეში ასევე მიკროქვეყნებს შეადგენდნენ. ამათ გვერდზე იყო ოძრხის ერთეულიც, რომელიც IX-X საუკუნეებში ისევ `ხევ~-ად იწოდებოდა.
1986 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ციხის გალავნის და შიგ მოქცეული შენობათა ნაშთები მოიხილა. ლ. მუსხელიშვილის 1931-33 წწ. დღიურებიდან ცნობილი იყო აბასთუმანთან ე.წ. `თამარის ციხის~ არსებობა, რომელსაც მეცნიერი XV ადრინდელად თვლიდა. მასვე შეემჩნია გვირაბის თაღოვანი გამოსასვლელი ოცხისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, რომლის ნაწილი ახლა მონგრეულია. ეს გვირაბი საკმაოდ დამრეც, ტყით დაბურულ ფერდზეა. იგი ზოგან ჩანგრეულია და ამიტომაც ზევიდანაც ადვილია მისი მიმართულების განსაზღვრა. კლდის მასივი ქვევიდან ზევით ალმაცერად ქედს მიუყვება, სწორედ ამ კლდის შვერილებს ასდევს გვირაბიც. ერთგან ჩანგრეული ნაწილი გვირაბის ზომებს ააშკარავებს – იგი აქ კაცის სიმაღლისაა, სიგანე კი ორ მეტრამდეა. გამოდის, რომ მეციხოვნეებისათვის წყლის ამოზიდვა ცხენით ან ხარითაც მოხერხდებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი გარნიზონიც გაივლიდა. იქვე ნაპოვნე თიხის მილის ნატეხი, შესაძლოა, მახლობლად წყაროს არსებობაზე მიუთითებს. ერთ ადგილას გვირაბი კედლითაა ამოქოლილი, რაც მოგვიანებით მის გაუქმებაზე მეტყველებს.

გაზეთ `დროების~ 1879 წლის #196-ში, წერილში `ძველი ნაქალაქარის ნანგრევები ოცხეს რაიონში~, ილ. ალხაზიშვილი წერდა: `ეს ნაგებობა გადახურულია თაღით, მიემართება მდინარე ოცხეს ნაპირებამდე… ბევრ ადგილას თაღი ჩანგრეულია, ჩავედი ნაგებობის შიგნით და მაშინ ცხადად გამოვლინდა, რომ ეს იყო ფარული გზა, გაყვანილი ციხიდან მდინარემდე. ნაგებობის შუა ნაწილს სიმაღლე აქვს საჟენზე მეტი, სიგანე – 1,5 საჟენი. მშვენიერი თლილი ქვის საფეხურები ეშვებიან მდინარემდე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ფარული გზა გაყვანილია სიგრძით სამ ვერსზე მეტი, ციცაბო მთის ფერდობზე~. აღნიშნულ გვირაბს მივყავართ `თამარისციხისაგან~ სრულიად განსხვავებულ კედლებთან, რომლებსაც კურცხანა-ოცხისწყლის გამყოფი კედლის სამხრეთი ნაწილი უჭირავს. იგი უფრო ოცხისწყლისკენაა გადაწეული: აქედან უფრომ ადვილად მოევლება, კურცხანას მხრიდან კი ციცაბო ფერდები მიუვალია.
გალავნისა და მის შიგნით მოქცეული ნაგებობათა წყობა ყველგან ერთგვაროვანია, გადაკეთების კვალის გარეშე: ესაა საშუალო ზომის, თანაბარი კვადრების ჰორიზონტალური მწკვრივები კირხსნარზე. ადგილობრივი კლდის მონატეხი ქვები მეტნაკლებად დამუშავებულია და აქაური რეგულარული წყობა მკვეთრად განსხვავდება `თამარის ციხის~ კედლებისაგან. გალავანი, რომლის სიმაღლე ზოგან შვიდ მეტრამდე აღწევს, ოთხკუთხა კოშკებითაა გამაგრებული. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, მიწაში ჩამჯდარი მცირე ნაგებობაა თაღოვანი გადახურვით. მისი ზომებია 1X2 მეტრზე, აფსიდა და ორი მცირე კვადრატული ნიშა დასავლეთიდან აქვს, შესასვლელი აღმოსავლეთიდან. სავარაუდოდ აქ აკლდამა იყო ან საძვალე. გალავნის შიგნით კიდევ რამდენიმე სათავსის კვალია სრულიად ანალოგიური წყობისა. ქედის ამ ნაწილის ყველაზე მაღალ ადგილას, იმავე წესით ნაგები, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევი ჩანს.
აღწერილ ნანგრევებს `თამარის ციხესთან~ საერთო კედლები არ აკავშირებს, მაგრამ ძველად გამაგრების ერთიან სისტემაში, მათ ალბათ მაინც გვერდი-გვერდ უხდებოდათ თანაარსებობა. ამაზე უნდა მიუთითებდეს სათავსთა ნაშთები, ამ ორ ნაწილს შორის რომაა შემორჩენილი. საინტერესოა `თამარის ციხის~ აღმოსავლეთის შესასვლელის ქვედა მოზრდილი ლოდების ჰორიზონტალური წყობა, იგი გაცილებით ძველი ჩანს, ვიდრე ამ ციხის ყველა კედელი. შესაძლოა `თამარის ციხის~ ძველი ფენისა იყოს ოთხკუთხა ნაგებობაც სამხრეთის კოშკთან; აქ განძის მაძიებლებს ორი-სამი საფლავი ამოუთხრიათ, რაც აქ ბრტყელსაკურთხევლიანი ეკლესიის არსებობაზე უნდა მიგვითითებდეს.
ზემოთ აღწერილი ნანგრევებისა და `თამარის ციხის~ თანაცხოვრების პირობებში, ამ უკანასკნელს სავარაუდოდ დედა-ციხის როლი ეკისრებოდა: იგი უფრო გაბატონებულ ადგილზეა, ორივე მხრიდან ყელმოჭრილი. ამ მიუვალობის გამო `თამარის ციხე~ გაცილებით გვიანამდე ფუნქციონირებდა, მრავალგზის გადაკეთებული. აღწერილი ნანგრევები კი აღარ განუახლებიათ. ციხეებთან დაკავშირებით საინტერესოა ოძრხის ეტიმოლოგია, რომელსაც ენათმაცნიერი ალ. ჭინჭარაული გვთავაზობს: მისი აზრით ოძრხე, მომდინარეობს ორ-ძიხე, ანუ ორი ციხიდან; თუ კი ასეაა, მაშინ ტოპონიმი ძველად არსებული, რეალური ბვითარების ამსახველი გამოვა.
კურცხანა-ოცხისწყლის გამყოფი ქედის მოხილვამ ქალაქისა და ციხის დამაკავშირებელი კედლები ვერსად დაადასტურა. ქალაქი კი დღევანდელი კურორტის და მონასტრის მიდამოებში უნდა ვივარაუდოდ. ამის მოწმობაა წარწერიანი ქვები ციხის მოხსენიებით, დღესაც არსებული XIII-XIV საუკუნეების ეკლესია კურორტის ტერიტორიაზე და ის მცირე ეკლესია, რომელიც გვირაბის გამოსასვლელის სიახლოვეს ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში იდგა. პროფესსორ ს. კაკაბაძის მოწოდებული ცნობით 1920-იან წლებში ელსადგურისათვის არხის გაყვანის დროს, აბასთუმნის აბანოს მახლობლად აღმოჩენილა სამარხი შიგ სასანური მონეტებით. მისსივე ცნობით, დეკანოზ ზედგინიძის გადმოცემით, 1900-1905 წმინდა გიორგის ეკლესიის გამოღმა, იქ სადაც საფუთკრე იყო, გზის გაყვანისას აღმოჩენილა სამარხი, რომელშიაც რომაული მონეტები უპოვიათ. ეს ცნობები წინა და ადრეფეოდალურ ხანაში აქ მიმდინარე ცხოვრების დამადასტურებელია.
ასევე წერილში გაზეთ `დროებიდან~ ავტორი აღწერს მონასტრის ნანგრევებს კურცხანა-ოცხისწყლის შესაყართან და  შემდეგ იმ დროისათვის შემორჩენილ ნასახლარებზე საუბრობს: `ნასახლარები აქ მდინარის მხარმარჯვნივ უფრო მეტია, რადგან ვაკე ადგილიც მეტი ჰქონდათ. ამ ნაქალაქევის ან ნასოფლარის ორთავე ნაწილები ერთთაღიანი კაი მაგარი ქვითკირის ხიდით ყოფილა შეერთებული. ხიდს ახლაც იყენებენ. ნასახლარების გარშემო ხილნარია გახშირებული… ხიდითგან ქვევით აღმოსავლეთისაკენ რო გაიხედამთ, კლდეში გამოქვაბულ სამ გვირაბს შენიშნამთ. იმ შესანიშნავ სასაფლაოთგან გზა ვიწრო, ტყით შემოსილ ღელეში მდინარის მხარმარცხნივ შესდევს და ასიოდე საჟენს რომ გავივლით, წავადგებით ერთს დიდ ვაკე ალაგს, მდინარე ოცხის ორთავე ნაპირებზე მდებარეს, რომელიც მოფენილია ათასგვარი ქვითკირის შენობებით და ხილნარით. ამ ვაკობაზე, მდინარის მარცხენა ნაპირზედ აშენებულია 1875 წელში სამეტაჟიანი კაზარმა……ახალი შარის გზა კაზარმის წინ არის გაყვანილი და ამ გზის თხრის დროს ბევრგან აღმოჩენილა მთელ-მთელი თონეები, ქვევრები, ორმოები, წყლის რუები და სხვა, რომელიც ახლაც ატყვია გზის ნაპირებზედ. აქვე, ოცხის მარჯვენა ნაპირზე პატარა ნასაყდრალი დგას თელთაღიანი, რომლის გარშემოც ორასამდე ქვითკირის ნასახლარები ეტყობა~.
ზემოთ აღწერილი ნაშთების გარდა ქალაქის ლოკალიზაციისათვის მნიშვნელოვანია მინერალური წყლის ცხელი აბანო, რომლის სამკურნალო თვისებები ასე აქვს აღწერილი ვახუშტი ბატონიშვილს.
XI საუკუნის 50-იან წლებში ოძრხე ჩანს, სამეფო ყოფილა. 1058 წელს, როდესაც სულა კალმახელმა ბაგრატ IV დაუძინებელი მტერი – ლიპარიტ ბაღუაში შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა, ამ ერთგული სამსახურის სანაცვლოდ, ბაგრატმა `უბოძა სულას მამულობით (ე.ი. სამემკვიდრეოდ) ციხისჯუარი და ოძრხე ბოდოკლდითა, და სხუაცა მრავალი საქონელი და სამღვდელთ-მოძღუარონი, და რაცა უნდა~-ო – მოგვითხრობს მატიანე ქართლისა. გამოთქმა `ციხისჯუარი და ოძრხე ბოდოკლდითა~ გამომხატველია იმისა, რომ ციხისჯვარი და ოძრხე ამ დროს თანაბარი მნიშვნელობის პუნქტებია. ბოდოკლდე კი – უფრო ნაკლები მნიშვნელობისა, რომელიც ოძრხეზე ჩანს დამოკიდებული. სულა კალმახელიძისათვის  სამემკვიდრეო მფლობელობაში ამ სამი ციხის ბოძებით ხდებოდა ოცხისწყლის მთელი ხეობის, ძველი ოძრხის ქვეყნის გადაცემა აზნაურის მფლობელობაში, რაც ამიერიდან ფეოდალურ მამულად ჩამოყალიბდა. სულამ, ჯაყელთა საგვარეულოს ერთი შტოს წარმომადგენელმა, სამცხეში იმხელა და ისეთი მნიშვნელობის ქვეყანა მიიღო, რომ იგი ახალი პოლიტიკური ერთეულის  - საათაბაგოს ფუძემდებელი გახდა. ამ ახლადჩამოყალიბებულ ფეოდალურ მამულში ოძრხის როლი შემცირებული ჩანს. წინა პლანზე ციხისჯვარი გამოდის, რომელიც იმერეთის უღელტეხილებთან უფროა ახლოა, ვიდრე ოძრხე. ამიტომაც მოხდა, რომ ჯაყელთა საგვარეულოს აქაურმა შტომ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სახელი დაიმკვიდრა და არა ჯაყელ-ოძრხელთა.
საინტერესოა აგრეთვე მეფე თამარის ისტორიკოსის ცნობები ოძრხეს შესახებ. 1190 წელს, თამარის წინააღმდეგ აჯანყების დროს მეფეს უღალატეს ბოცო სამცხის სპსალარმა და სხვა მესხმა დიდებულებმაც, გარდა `ივანე ციხისჯუარელისა, რომელსაც ყუარყუარეცა ეწოდების~. აჯანყებულებმა დადიანის წინამძღოლობით იმერეთიდან `გარდაიარეს რკინის ჯუარი~ და ჩავიდნენ ციხის ჯვარს, შემდეგ დაწვეს ქალაქი ოძრხე. ისტორიკოსი ციხისჯვრისა და ოძრხის ციხის აღებაზე არაფერს ამბობს, მხოლოდ ქალაქის დაწვას იხსენიებს. სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ ციხეები აჯანყებულებს ვერ აუღიათ.
1205 წელს ბასიანს საომრად ლაშქრის გასტუმრების შემდეგ, მეფე თამარი ვარძიიდან ოძრხეს მოსულა. მეფეს ეკლესია-მონასტრებისა და სოფლებისათვის უბრძანებია ელოცათ ქართველთა გამარჯვებისათვის, თვითონაც დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. ეს ლიტანიობა, სავარაუდოდ ოძრხესთან მდებარე მონასტერში ტარდებოდა, სადაც ბერ-მონაზონთა სენაკები მრავლად იყო.
შემდგომ პერიოდში ოძრხე დაცემის გზაზე დგება სამცხეში მომხდარი ამაოხრებელი ომების შედეგად. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ოძრხის ქალაქი და ციხე XV საუკუნემდე არსებობდა, შემდეგ კი დაბად შემორჩა. მისივე ცნობით 1674 წელს ირანის შაჰი სამცხეში შემოსულა აუკლია იგი და განსაკუთრებით აუოხრებია ოძრხე. 
ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტი მოგვითხრობს, რომ უკვე 1587 წელს `გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯუარი უკუიჭირა და მისცა ფაშას~. 1595 წლით დათარიღებულ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში საყურადღებო ცნობების შემონახული ოძრხისა და მისი ნაჰითიეს შესახებ. აქ იგი ახალციხის ლივის ერთ-ერთი რაიონია და ოძრხისწყლისა და კურცხანის ხეობების  25 სოფელს აერთიანებს. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ამ ნაჰითიეს ცენტრია ოცხის ციხე და მისი რაბათი, ამ დასახლებულ პუნქტს, უკვე ოცხე ქვია.
XVII საუკუნეში გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით იოსებ თბილელი სამცხის სხვა პუნქტებს შორის იხსენიებს ოცხეს, მაგრამ იგი ოცხის აბანოს ახსენებს მხოლოდ და არა ოცხეს. სავარაუდოდ ციხის მნიშვნელობა მაშინ დაცემული იყო. ოცხის ციხის ან ქალაქის შესახებ ასევე არაფერია თქმული ბერი ეგნატაშვილის ცნობაშიც, ოცხე ზეკარის უღელტეხილსა და ხეობის  ზემო წელს აღნიშნავს მხოლოდ.
ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი 1694-1732 წლებისა ისევ იხსენიებს ოცხის ლივასა და ნაჰითეს. აქ იგი გაცილებით შემცირებული ჩანს, ვიდრე ერთი საუკუნის წინათ `გურჯისტანის დიდ დავთარში.~ ჯაბა დავთარში ოცხის ნაჰითეს მხოლოდ ექვსი პუნქტი იხსენიება.
ამის შემდეგ ოცხის ციხე აღარსად გვხვდება, ვიდრე 1810 წლამდე, ამ წელს კი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლმა იმერეთის მეფე სოლომონმა ახალციხის ფაშის – შერიფის ნებართვით, იმერეთის საზღვრად – ოცხის ციხეში დაიდო ბინა. როგორც ჩანს ეს იყო ქართველების მიერ ამ ციხის გამოყენების უკანასკნელი შემთხვევა.
XIX საუკუნიდან ოცხეს აბასთუმანი შეერქვა, თუმცა არ ჩანს, როდის მოხდა ეს
.

 



სტატიისავტორი – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ნარკვევები“, თბილისი, 2005წ.
მასალა ადაპტირებულია  მარინა იტრიაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge

 


 


megobari saitebi

   

01.10.2014