სოფელი ნავთლუღი თბილისის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა.
ნავთლუღსაც ისევე როგორც ზოგიერთ ქალაქისპირა სოფელს ორი სახელი ჰქონდა - ნავთლუღი და ერეკლეს ციხე. სახელი ნავთლუღი ადრეულია, ხოლო „ერეკლეს ციხე“ კი გვიანი, თუმცა ეს უკანასკნელი არ დამკვიდრდა, ციხე გალავნის დანგრევასთან ერთად ისიც დავიწყებას მიეცა და სოფელს ისევა თავისი ძველი სახელი დაუბრუნდა.
ნავთლუღის ეტიმოლოგიის ახსნა ძნელი არაა. იგი ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს - ნავთი+ლუღი. „ნავთი“ - აღმოსავლური სიტყვაა. „ლუღი“ - თურქული სიტყვაა და ადგილს ნიშნავს ესე იგი ნავთლუღი - ნავთის ადგილს, ნავთისას, სანავთეს აღნიშნავს.
თბილისის სანახებში ამ სახელის მქონე პუნქტი როდის გაჩნდა ზუსტად არ ვიცით. ერთი რამ კი აღსანიშნავია; ქართულ სალაპარაკო ენაში სიტყვა ნავთი უკვე VIII საუკუნეში გვხვდება ,,მარტვილობაი“ ჰაბო ტფილელისაი“ -ში. აბოს გვამი ურმით გაატანეს ,,გარეშე ქალაქსა და აღირეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების... და მოიღეს შეშაი და თივაი და ნაფთი და დაასხეს გვამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი“ (1).
ვახუშტი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში გადმოგვცემს: ,,ხოლო ტიფლისის სამხრ-აღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნდის ნივთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების“ (2).
თუ ადგილს ადრეულ სახელის - ,,ნავთლუღის“ წარმოშობის ზუსტი დრო არ ვიცით, ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს მისი მეორე სახელი - ,,ერეკლეს ციხე“. აი, მის შესახებ რას წერს გიულდენშტედტი: ,,სოფელი ნათლუღი მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირას, შესდგება დაახლოებით 50 სახლისაგან და, გარდა ამისა, აქაური ჩვეულების მიხედვით, ბევრი მიწურისგან (რუსულად ,,ზემლიანკა“). მოსახლეობა ქართველებია. ახლანდელმა მეფემ შემოარტყა ოთხკუთხა კედელი ადგილს დიამეტრით 80 ნაბიჯი, და დაატანა მრგვალი კოშკი. ამიტომ მას დაარქვეს ერეკლეს ციხე“ (3).
ეს ისეთი უტყუარი და პირდაპირი მინიშნებაა ადგილის სახელისა, რომ მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. მეფე ერეკლე II -ს ნავთლუხში ციხე გალავანი უნდა აეგო მის მიერ ქართლის სამეფოს ტახტის დაკავების ესე იგი 1761 წლის შემდეგ. გიულდენშტედტმა ჩვენში იმოგზაურა 1772 წელს მაშასადამე, ნავთლუღის ციხე-გალავანი აგებულია 1761-1772 წლებში.
,,ერეკლეს ციხეს“ პირველად 1770 წელს ვხვდებით. თბილისში შავი ჭირი გაჩენილა, რის გამოც ქალაქი დაცარიელებულა. ამასთან დაკავშირებით თავადი მურავიოვი 10 ივლისს უპატაკებს გრაფ ტოტლებენს, რომ მან თავი შეაფარა თბილისიდან 7 ვერსით მოშორებულ სოფელ ერეკლეს ციხეს (4).
ჩვენს ხელთ არსებული მოგვიანო ხანის (1802 წ. საბუთი) გიულდენშტედტის ცნობას ავსებს და XVIII საუკუნის ნავთლუღის სურათს მთლიანად წარმოგვიდგენს სუმბათაშვილის განცხადება საქართველოს მმართველის პეტრე კოვალენსკისადმი: ,,ითხოვე კნიაზ სუმბატოვები. ოცდახუთიწელიწადი არის, რაც მეფე ერეკლემ ნავთლუღის სოფელი ააშენა. რადგანაც მტრის ალაგი იყო, ქალაქის დაცვისათვის თითო კაცი სოფლებიდან მოაგროვა და ჩვენს მამულში სოფელი გააკეთა ახლა ნება მიგიციათ აყრისა და სხვაგან დგომისა, თავადებს ჰკითხეთ და თუ ნავთლუღის სოფლის მოშლა ქალაქის სამჯობინარი იქნება, ნება გაქვთ, მოშალეთ...“ (5)
მოგზაურის მიერ მოწოდებული ცნობისაგან განსხვავებით, დამოწმებული ადგილით ვიგებთ, რომ ერეკლე II-ს არა მარტო ციხეგალავანი აუგია, არამედ გახარაბებული ადგილი ნავთლუღი სხვადასხვა სოფლებიდან მორეკილი ყმა გლეხებით დაუსახლებია კიდეც; ასევე, სოფელი ნავთლუღის ხელმეორედ დასახლებას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონია: აქაა ციხე-გალავანი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოულოდნელად შემოსულ მტერს შეაჩერებდა. 1796 წელს ერეკლეს ციხეს შეწერლი აქვს 7 ურემი შეშა - ,, ზ. ქ. ერეკლეს ციხემ ურემი“ (6).
1803 წელს თავადი სუმბათაშვილები ამჯერად პავლე ციციშვილისადმი (ციციანოვი) ორგზის მიმართული აზრით მოითხოვენ ,,მოჯანღეთა“ დასჯას, სოფლიდან გასახლებას. ისინი თავიანთი მოთხოვნის კანონიერებას ასაბუთებდნენ და ამტკიცებდნენ იმით, რომ სოფელი ნავთლუღი მათი მამულია, რომ მეფეთა მიერ მათ გვარს ებოძა სოფელი ნავთლუღის მეურვეობა. ,,თქვენს ბრწყინვალებას მოხსენებლი აქვს, რომ ნავთლუღის სოფელი ჩვენი მამული არის და გლეხკაცნი სახელმწიფონი დგანან და რადგანაც ის სოფელი ჩვენი მამული არის, ამას უწინარეს მეფეთაგან იმათს მოურავთ ჩვენი გახლავართ და არც მოურავის განწესება არის, ისე გვემსახურებოდნენ“ (7) სოფელ ნავთლუღის მოურავობა სუმბათაშვილებმა შეიძლება სოფლის ხელმეორედ დასახლებისას, XVIII საუკუნის 60 -70 იან წლებში მიიღეს; ხოლო რაც შეეხება იმას, რომ სოფელი მათი კუთვნილი მამული იყო - ძნელია ახლა ამის დამტკიცება, ანდა უარყოფა. შეიძლება დავუშვათ, რომ მეფემ თავად სუმბათაშვილებს სამეფო სოფელი ნავთლუღი XVIII საუკუნის დასასრულს უბოძა.
XVIII საუკუნის დასასრულისთვის ნავთლუღის ველ-მინდვრები გამოიყენებოდა სანადიროდ და სათიბად (8).
1780 წელს მოწყობილ სოფელთა აღწერის ნუსხის შეხედვით ერეკლეს ციხეში 62 კომლი ყმა გლეხი ცხოვრობს (9).
აღწერის ნუსხაში ვხვდებით სხვადასხვა ხელობის გლეხებს: თოფჩი ბერუა, მჭედელი მამაჯანა, ბატონის მებაღე აზატი კუჭიშვილი ღთისია, სიაში სოფელის მამასახლისიცაა მანველაშვილი (სხვათა შორის, ნავთლუღის მამასახლისს XIX საუკუნეში 1819 წ. ვხვდებით) (10) და სხვა.
ასევე ნავთლუღში მეტად საინტერესო მოსამსახურეა დედოფლის ჯილავდარი იმნაძე: „ჯილავდარი - ჯილავის დამჭერი ცხენით მიმავალთა დიდებულთა“ (11).
რაც შეეხება სოფლის წიაღისეულს - ნავთს მისი ექსპლოატაცია, არ ხერხდებოდა მდინარის სიახლოვის გამო. ამის გარდა ეტყობა, მარაგიც არ იყო დიდი.
დღეს შემორჩენილი ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან ნავთლუღში აღსანიშნავია ორი ეკლესია - წმინდა ბარბარეს ახალი და ძველი ეკლესიები.
პირველად ნავთლუღის ეკლესიის შესახებ ცნობას ვხვდებით 1779 წელს (12) მაგრამ აქ ეკლესია უფრო ადრე უნდა აეგოთ, რადგანაც ერეკლეს ციხის მღვდელი უკვე 1774 წელს იხსენიება (13).
თბილისის 1800 წელს გეგმაზე ნავთლუღში დატანილია დანგრეული ეკლესია «Раззоренная грузинская церковь святого Георгия» (14) - ესაა ავლაბრიდან მოშორებით, სამხრეთ აღმოსავლეთით. ეკლესიის ნანგრევები მდინარე მტკვრის ნაპირის სიახლოვესაა და ის უნდა მდგარიყო იქ სადაც ამჟამად დგას ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ძველი ეკლესია. ეკლესია ქვითკირითაა ნაგები. ამჟამინდელი სახე მას XIX საუკუნეში უნდა მიეღო.
მეორე ეკლესია, რომელსაც წმინდა ბარბარეს ახალ ეკლესიას უწოდებენ, აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ძეგლი აგურითაა ნაგები და დგას „5 დეკემბრის“ ქუჩაზე (15).
ამგვარად ნავთლუღი - ერეკლეს ციხე ქალაქის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთი სასოფლო- სამეურნეო უბანი. * * *
-
იოვანე საბანის ძე - მარტვილობაი ჰაბოი ტფილისაი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. 1, 1964, გვ. 73;
-
ვახუშტი - აღწერა..., გვ. 338;
-
გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. 1, 1962, გვ. 17;
-
Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, под редакцией А. А. Цагарели, СПб., 1891, с. 128;
-
დოკუმენტები საქ. სოც. ისტორიიდან, 11, 1953, გვ. 87;
-
სცსია - ფ. 1448, N1704;
-
დოკუმენტები საქ. სოც. ისტორიიდან, 11, 1953, გვ. 221;
-
სცსია - ფ. 1448, N7591;
-
ივ. ჯავახიშვილი - საქართველოს ეკონ. ისტ-იის ძეგ., 1, 1967, გვ. 158-160,
-
სცსია - ფ. 1448, N7591;
-
ნ. ჩუბინაშვილი - ქართული ლექსიკონი;
-
სცსია - ფ. 1448, N336;
-
დოკუმენტები საქ. სოც. ისტორიიდან, 11, 1953, გვ. 87;
-
ЦГВИА, ф. ВУА, д. 88660;
-
XIX ს. ნავთლუღში იდგა ერთი სომხურ-გრიგორიანული ეკლესია „წაღიქვანკ“ (ყვავილის ეკლესია), რომელიც ამჟამად აღარ არსებობს.
სტატიის ავტორი – თეიმურაზ ბერიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია"; თბილისი, 1977 წ. გამომცემლობა - მეცნიერება; .
|