ნაქალაქარი სამშვილდე

samSvildes gegma

საქართველოს უძველეს ქალაქთა შორის სამშვილდე თავისი მდებარეობის, ლანდშაფტის, მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის და მდიდარი ისტორიული წარსულის წყალობით, უცილობლად, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მომხიბლავია, ამასთანავე ეს დროა მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებით გამოწვეული გრძნობა. არამედ განწყობილება, შექმნილი ამ შესანიშნავი ძეგლის მრავალი წლის მანძილზე ურთიერთობის შედეგად.
საშვილდეს დიდი ხნის ისტორია აქვს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრისა და III ათასწლეულს. შემთხვევითი  როდია, რომ სამშვილდის ციხის აშენებას მატიანე ქართლოსს მიაწერეს - „ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ  და ქალაქად“. იხსენიება სამშვილდე ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით, ქართლის ცხოვრება გვამცნობს, რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედამ დედოფალმა საგდუხტმა „აღაშენა სიონი სამშუილდისა“. VII-IX საუკუნის სამშვილდის მფლობელებად ყოფილან „ნათესავით პიტიახშნი“. ძველი პიტიახშთა გვარიშვილნი. X-XIII საუკუნის ქალაქმა გამოიცვალა რამოდენიმე მფლობელი - XI საუკუნის ბაგრატ IV ქალაქი გაანთავისუფლა. მაგრამ მეფეთა ხელში იგი დიდხანს არ დარჩენილა. XI საუკუნის დამლევისათვის გიორგი II - სამშვილდე შერიგებისა პატიების ნიშნად უბოძა საპატრონოდ კლდეკარის ერისთავს ივანე ლიპარტის-ძეს. არ გასულა დიდი ხანი და ქალაქი თურქ-სელჯუკებმა აიღეს. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა კვლავ შემოიერთა სამშვილდე. მაგრამ 1123 წელს იგი უწყალობა ბრძოლებში გამარჯვებულ ივანე ორბელს. ნახევარი საუკუნის მანძილზე სამშვილდე ორბელიანთა ხელში იმყოფებოდა, შემდეგ კი მათი აჯანყებისა და დამარცხებისა, ისევ მეფის ქალაქად იქცა.
XIII საუკუნეში მონღოლებმა „ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ“. 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებითა და მუქარით მისი აღება მოახერხა“, სამშვილდის კარებწინ 1664 კაცის მოჭრილი თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია მთლიანად დაანგრია, ქვეყანა აოხრებული და აკლებული დატოვა“.
1747 წელს დიდი ბრძოლა ატყდა  თბილისის საშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
სამშვილდე მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით 50-იოდე კილომეტრის დაშორებით, თეთრიწყაროს მახლობლად. ქალაქი გაშენებულია მდინარეების, ჭივჭავისა და ხრამის შესართავიდან მდებარე მაღალ კონცხზე. ჩრდილოეთიდან ქალაქს ერტყმის ჭივჭავის ხევი, რომლის ძირში საუკუნოვან კაკლის ხეებსა და უშველებელ ლოდებს შორის გზას იკაფავს ანკარა მდინარე. სამხრეთიდან ღრმა ხევის  ძირას ცისფერ ზოლად იგრიხება ხრამი (ქცია). შებოჭილი ციცაბო კლდეებით, რომელზეც უცნაურად არის მოკიდებული, დიდი ხეები. ამგვარად ღრმა ხევები სამი მხრიდან ციხე ქალაქს ბუნებრივ სიმაგრედ ხდიან, ხოლო დასავლეთიდან დაცულია ხევიდან-ხევამდე გადაჭიმული გალავნით. გალავნის საერთო სიგრძე 2,5 კმ-ია, სიგანე საშუალოდ 400 მეტრი.
ქალაქი იყოფა სამ ნაწილად - აღმოსავლეთით, კონცხის ბოლოს, იმყოფება შიდაციხე, შუა ნაწილი კედლებით შემოზღუდული ციხეა, ხოლო დასავლეთით საკუთვრივ ქალაქი. ქალაქის ამ ნაწილს გალავანი არ ჰქონია. აქ ცხოვრობდა  „ქალაქის ერი“ და „სავაჭრო ერი“, ჩანს რამოდენიმე სახლის ნანგრევი, ქვის ღობეებით გამოყოფილი საკარმიდამო ნაკვეთები, ვრცელი კაკლიანის უკან კი სასაფლაო ბალახით დაფარული საფლავის ქვებით - მწყემსების  მხედრების თუ ხელოსანთა გამოსახულებებით. აქვე გზის მახლობლად დგას ოდესღაც თლილი ქვით შემოსილი, წმინდა გიორგის  სახელობის პატარა დარბაზული ეკლესია. ამჟამად მას მთლიანად აქვს შემოცლილი ქვის პერანგი, აღარ არის წარწერაც, რომელიც 80 - წლის წინათ ამოიკითხა ექვთიმე თაყაიშვილმა. ამ წარწერის მიხედვით ეკლესია აუგია ვახტანგ V თანამეცხედრის გამზრდელს ზილიფხანს 1672 წელს. ეს პატარა ეკლესია აცოცხლებს  ამაღელვებელ სახეს ქართველი ქალის ზილიხანისა, რომლის სიცოცხლის მანძილზე დაგროვილი სახსრები საკმარისი არ ყოფილა ეკლესიის ასაგებად და თავისი გაზრდილის დახმარება - „ხელის პყრობა“ დასჭირვებია.
ქალაქის შუა ნაწილი გამოყოფილია გალავნით რომლის ალაყაფის კარს უკან იწყება სამი მეტრის სიგანის ქვის ფილებით მოკირწყლული მთავარი ქუჩა. აქედან მიიმართებიან ვიწრო ჩიხები, მათ შორის გამოიყოფა საკარმიდამო ნაკვეთები. აქ ყველგან არის შენობათა კვალი; ლოდების გროვა და ზედ ყურძნის ვაზი, ველური ლეღვი, ტყემალი, დახლართული ფესვები - შლიან საუკუნეებს. ეს ნაშთები აღადგენენ შუა საუკუნეების პატარა, მაგრამ ძლერი ქალაქის სურათს, სადაც ცხოვრობდნენ ფეოდალები, მხედართმთავრები, ციხისთავი და მოხელეები. აქვე შემორჩენილია რამდენიმე ორსართულიანი სახლის ნანგრევი. პირველი სართული ალბათ მარანს და სამეურნეო საწყობს ეთმობოდა. ხოლო მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია კედლის ნიშებითა და ბუხრებით. გალავნის მახლობლად დგას მდარე ქვით ნაგები ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ეკლესია, რომლის ინტერიერში სანთლების ალისაგან გაჭვარტლული დიდი, შავი მენჰირია, საფიქრებელია ძვ.წ. II ათასწლეულიდან. მასზე გამოკვეთილია ჯვარი და სომხური წარწერა - სუმბათ ერისთავთ-ერისთავი“. ეს წარწერა XI საუკუნით თარიღდება, ხოლო ეკლესია შემდგომ პერიოდშია აგებული.
მდინარე ხრამის მხარეს დგას კიდევ ერთი ეკლესია - „თეოგენიდა“, სავარაუდოა XII-XIII საუკუნეების. აქვე შეიმჩნევა ერთმანეთზე დალაგებული სამი დიდი ლოდი, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე ლოდს - საფუძველს. ეს ტეტრალიტია, ასევე უძველესი საუკუნეებიდან. აქვე ბალახებში ჩანს ბორბლები და საწნახელის ღარიანი ქვები - სოფლის მეურნეობის განვითარების უტყუარი საფუძველი.
შიდა ციხე გამოყოფილია მძლავრი გალავნით. შემორჩენილია მისი ძველი, 6 მეტრის სისქის დასავლეთის ნაწილი. როგორც ჩანს, დროთა ვითარებაში მატულობდა სიმაღლეში და 10-12 მეტრს მიაღწია. ბოლო ფენები ქმნიან გალავნის საბრძოლო ნაწილის განიერ ტალანს, სარბენ ბილიკებს, საიდანაც შეიძლებოდა შუბისა თუ ისრის ტყორცნა. ცნობილია, რომ IX-X საუკუნეების შემდეგ სამშვილდე მრავალგზის გადადიოდა ხელიდან ხელში. გვიანდელ პერიოდში შეკეთებისას მის გვერდებზე მიუშენებიათ დიდი მრგვალი ბურჯები. შესასვლელის თავზე გაჩნდა სათოფურები და სალოდეები. გაგრძელდა კედლები ხევებისა და მთების კალთების გასწვრივ. ციხის შიგნით ააგეს ორსართულიანი სასახლეები და აგურის ოთხსათავსიანი აბანო ტრომპებზე ამოყვანილი გუმბათით. ამასთან, გვაგონდება პაპუნა ორბელიანის თხრობა აბდულა ბეგის ვერაგულ მოქმედებაზე 1747 წელს: „მან ააშენა სამშვილდის ორი დიდი ბურჯი, ამიერ და იმიერ, გააკეთა აუზი დიდი წყლისა სადგურად და დაიჭირა ორი წლისა თადარიგი ყოვლიფერით. ვინა თვისისა სიტყვის მორჩილი იყო, გლეხი ყოველივე აყარა და ციხეში (სამშვილდე და ბირთვისი) დააყენა“. გამუდმებული ბრძოლების პირობებში, საჭირო გახდა არა მარტო ციხეების გამაგრება არამედ სასახლეებისა და დამხმარე ნაგებობების ციხის გალავნის შიგნით მოქცევა. ციხის ტერიტორიაზე - აღმოსავლეთით, შემორჩენილია ხსენებული, წყლის ორი უზარმაზარი აუზი, გათვალისწინებული ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში, შიდა ციხის ტერიტორიაზე კი დგას სამი მოზრდილი ეკლესია.
სამშვილდის არსებობას, ჯერ კიდევ წარმართულ დროს, ისიც მოწმობს რომ აქ დედოფალ საგდუხტს  აუგია პირველი ეკლესია. ეს ეკლესია დღეს აღარ არსებობს. მის ადგილას  759-777 წლებში ერისთავმა ვარაზბაკურმა და შემდეგ ერისთავმა იოვანემ ააგეს სამშვილდის სიონი. ეს ოდესღაც დიდებული გუმბათიანი ტაძარი თემურლენგისა და ოსმალთა თარეშის შედეგად ამჟამად მხოლოდ ცხოველსახულ ნანგრევს წარმოადგენს. ეკლესია არა მხოლოდ კომპოზიციით არამედ დეტალებშიაც ემსგავსება წრომის ტაძარს, თუმცა სამშვილდის ხუროთმოძღვარმა განავითარა ცნობილი თემა ახლა მხატვრული გემოვნების შესაბამისად, რამდენადმე შეცვალა ფასადების დამუშავების სისტემა - გარდა შუა მაღალი ნიშებისა შექმნა დამატებითი დაბალი ნიშები და მიაღწია უფრო რბილ, ჰარმონიულ გადასვლას, კედლების გასაოცარი სუფთა წყობა, მკვეთრი, ზუსტი პროფილები, შესანიშნავი პროპორციები, თავშეკავებული დეკორი და ქვის თბილი, ყვითელი ფერი - ყოველივე ეს წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. გავიხსენოთ ძეგლის მშენებლობის ვითარებაც - არაბთა ბატონობის შედეგად აოხრებულ ქვეყანაში  სარწმუნოებრივი დევნის ხანაში, ქართველი ხალხი აღსავსე მამულისადმი შეუპოვარი რწმენით, ქედს არ იხრის მტრის წინაშე და აშენებს გრანდიოზულ საკულტო ნაგებობას.
სიონის დასავლეთით დგას სამნავიანი ბაზილიკა - აგებული მუქი ბაზალტის კვადრებით. მემატიანეთა გადმოცემით ეკლესია თავისი ხასიათით, არქიტექტურითა და დეკორატიული  დეტალების მიხედვით X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება.
მესამე ეკლესია დგას სიონის აღმოსავლეთით - 60-ოდე მეტრის მანძილზე. ეს არის დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი აბსიდით. აგებულია უხეში გათლილი ქვით, მაგრამ შიგნით აქა-იქ გადარჩენილ ნალესობაზე ჯერ კიდევ  ჩანს მშვენიერი ფრესკული ფერწერის ფრაგმენტები. კარის თაღის ფერწერაზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია დავით აღმაშენებლის მეფობაში - XII საუკუნის დასაწყისში.
ნაქალაქარი სამშვილდე უდაოდ წარმოადგენს ქართული კულტურისა და ისტორიის უნიკალურ კომპლექსს და აუცილებელია მისი დაცვა და შთამომავლობისათვის შენახვა. ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ 1979 წელს კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ხელოვნებათმცოდნეების დოქტორი ნ. ჩუბინაშვილი, პროფესორი ი. ციციშვილი, რაიონული  და საშეფო ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეისწავლა სამშვილდის ნაქალაქარის ნაგებობები და დასახა მათი დაცვის ზოგადი პროგრამა.


უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რთული პირობებისა, სამშვილდის კომპლექსზე უკვე შესრულებულია სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოები. დაწყებულია გაწმენდითი და სარესტავრაციო ღონისძიებები. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საშუალებას მოგვცემს, რათა წარმატებით დასრულდეს ამ კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაცია, ხოლო ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება მიზნად ისახავს მის მოვლას და სამაგალითო სანახაობით ძეგლად გადააქცევს.

 



სტატიის ავტორი – ირაკლი ციციშვილი;

სტატია აღებულია ჟურნალიდან - „ძეგლის მეგობარი“ N#1, 1993 წელი.


 


megobari saitebi

   

01.10.2014