მეფე გიორგი III

(???-1184)

1155-1156 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა დემეტრე I უმცროსი შვილი გიორგი III. თუ მის მამას გულადი მეომრის სახელი ჰქონდა, მით უმეტეს მამაცობა მას მიეკუთვნებოდა. დემეტრე I უფრო რომ იცავდა თავისი დიდებული წინამორბედის დავით აღმაშენებელის ნაანდერძევ მემკვიდრეობას, გიორგი III კი კვლავ განაახლა საქართველოს საზღვრების გაფართოვება. მისი სამხედრო მოქმედება განსაკუთრებით სამხრეთისაკენ იყო მიმართული და შაჰარმენსა და სხვა ამირებს, რომელთაც წინანდელი სომხეთის სამეფოს მიწები ეჭირათ, აცლიდა ხელითგან სამფლობელოს. თუმცა მაჰმადიანი მმართველნი გიორგი III ერთსულოვნად მედგარს წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ საბოლოვო გამარჯვება მაინც მისი იყო: იგი კვალდაკვალ მისდევდა მტერს და მათს ქვეყნებს იპყრობდა.
ქართველი ისტორიკოსის სიტყვით მეფეს პირველად ქ. კაღზევანზე გაულაშქრია, როდესაც მან «წარმოტყუენა ყოველი âევნები კლდოვანნი და ქალაქები აშორნისა», რომელიც შაჰარმენის ხელთ იყო. მაგრამ გიორგი III განსაკუთრებულს ყურადღებას ქ. ანისს აქცევდა.
მან გადასწყვიტა ქ. ანისი, რომელიც დემეტრე მეფემ ისევ ყმად ნაფიცს მაჰმადიან მმართველს დაუბრუნა, კვლავ საკუთრივ დაეპყრა. ამისათვის მან «ინება შეყრად და გალაშქრებად და მიჰმართა დიდად ქალაქად ანისად რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო», ხოლო «მორიდებითა ბერძენთასა და მიმო[ც]ვ[ა]ლებითა ჟამთა დიდ გურიანთა ვიეთმე შედად[ი]ანთა გ[ამგ]ეთა და [დ]გუმულთა» ხელთ იყო «ამას ზედა მყის მიმâდომმან, სამ დღე ყო ომთა სიმრავლე დაძგერა ჰუნეთა... გარდახვეწასა შინა შადიანისა456 âელთ იგდო ქალაქი ნებისაებრ თჳსისა, და არა დამბრუნებელმან და შემტყობელმან დაიმჭირა სადგომად, ტახტისა მისისა შესანახავად და გასამაგრებლად. დამგდებელმან ივანე ორბელისა [მანდატურთა-უხუცესისა] და ამირსპასალარისა, თანაშემწეობითა სარგის მâარგრძელისათა და სხუათა თემის[ა] დიდებულ აზნაურთათა [მო]ურავ [მ]ქმნელმან», შინ დაბრუნდაო. ქართველი ისტორიკოსის აღწერილობა მშვენივრად მტკიცდება უცხოელ ისტორიკოსთა ცნობებით. იბნ ალასირი სახელდობრ ამბობს: «თვესა შაბანს 556 წელს (აგვისტოს 1161 წ.) ქართველები თავიანთ მეფის წინამძღოლობით შეიყარნენ და ქალაქ ანისისაკენ, რომელიც არანშია, გაემგზავრნენ, აიღეს იგი და დიდძალი ხალხი დახოცეს»-ო. ამგვარადვე მოგვითხრობენ სომეხთა ისტორიკოსები მათე ურჰაელი, ვარდანი და სტეფანოს ორბელიანი. სამივენი ერთხმივ თარიღად 1161 წელს ასახელებენ; ამასთანავე მათე ურჰაელის სიტყვით ეს ამბავი ზაფხულში მომხდარა და ამით არაბ მემატიანის ცნობას ადასტურებს. ვარდანს აღნიშნული აქვს, რომ ამ დროს ანისი შადადის ძმის ფადლუნის ხელში იყო და ისედაც ცნობილია, რომ ანისის მმართველნი შედადიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ: ამითაც ქართველი ავტორის სიტყვები, რომ ანისის გამგედ შადადიანი იყო, მშვენივრადა მტკიცდება. ამას გარდა მათე ურჰაელი ამბობს, რომ როცა გიორგი მეფე ანისში მივიდა იყო «დღე ორშაბათი, ერთი დღე გაატარა და დილა-ადრიან ქალაქი ძალით აიღოო»  და ამნაირად თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვას, რომ გიორგიმ «სამ დღე ყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა... და âელთ იგდო ქალაქი»-ო, საუცხოვოდ ამოწმებს. მათე ურჰაელის სიტყვით ანისის აღების დროს ქრისტიანი და უცხოთესლი ათასი კაცი დაიხოცა. დასასრულ, სტეფანოს ორბელიანსაც ქართველ ისტორიკოსსავით აღნიშნული აქვს, რომ მეფემ დაპყრობილი ანისი ივანე ამირ სპასალარს ჩააბარა; თანაც ქალაქის მცველად 2000 რჩეული მეომარი დაუტოვებია.
ანისის დაკარგვა მაჰმადიანი მთავრებისათვის მეტად ძნელი საქმე იყო, რომ თავიანთი მარცხი ასე ადვილად დაეთმოთ გიორგი მეფისათვის. მართლაც «ჯავრისაგან აღ[ი]ძრა ნაღუელფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა და შაჰიერ[მან] სულტანად [მ]წოდებელმანთავისამან, მწ[ვე]ველ იქმნა ყოვლისა შამისა ჯაზირისა და დ[ი]არბაგისა, თურქთა თანა გარმ[ი]ანისათა არდოხის ძე სალდუხი სალჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსა ტომობდა, მრავალთა დიდთა მ[ე]პა[ტ]რ[ონე]თა და ფადაშაჰთა სპარსეთისათათანა... უჰამრავითა ხალხითა და ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა; ყოველთა დღეთა კართა ზედა მებრძოლი, მაშქერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა. ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან... იჴმნა დასნი და დასნი»; მაგრამ სანამ მთელი მჴედრობა შეიყრებოდა მეფე «არღა[რა]» დამხედველი მცირეთა, დ ყოვლისა არღა მომლოდ[ინე] ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთიმერით და ვიეთ(თა) მე ამერთაცა», შესწრებული ჯარითურთ «შთავიდა შირაკად». გიორგი მეფეს თან ახლდნენ «თანა-ვაზირობდეს იოვანე მწიგნობართ-უხუცესი და სუმბატ სვიმონ ქმნილი» და გამოჩენილი მეომარნი, ამირახორი სუმბატის ძე ლიპარიტ, ბექა სურამელი, ქირქიში აბულეთის ძე. გამწვავებული ომი შეწყდა მხოლოდ მზის ჩასვლისას. თავგანწირული ბრძოლითგან მეფე გიორგი და მისი მხედრობა ძლევამოსილი გამოვიდა, საშინლად დამარცხებული მტერი უკუქცეული იყო. როდესაც გაქცეულ მტერს საკმაოდ სდიეს და შემდეგ უკან გამობრუნდნენ, ქართველებს ბრძოლის ველზე დახვდათ «სიმრავლე (დატყვევებულ) ჴელმწიფეთა და დიდებულთა აზნაურთა, ყმათა და მონათა, სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალიტთა, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა და სიმდიდრეთა სოფლისათა. მეფე, âელისუფალნი და მხედრობა გახარებული იყო ამ დიდებული გამარჯვებით, რომ ბევრად ძლიერს და მრავალრიცხოვანს მტერს სძლიეს. ასეთ ფიცხელ «ომმოხდილნი ქართველები «იშვებდეს ფრიად მპოველნი მამა ძისა და ძე მამისა, ძმა ძმისა და თჳსი[სა და] ნათესავისა, პატრონი ყმისა და ყმა პატრონისა გამარჯვებულნი და აღვსილნი ყოვლითა». მეფე გიორგიმ სამ დღეში ანისის საქმეები მოაწყო და ქ. ანისში «დამყენებელმან ამირისა და ლაშქართა-მან» ტფილისში «წარმოავლინა მახარობელი» და თითონაც სახელოვანის მხედრობითურთ საქართველოში დაბრუნდა.
არაბი და სომეხი მემატიანენი ადასტურებენ ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობასაც. იბნ ალასირს მაგ. ნათქვამი აქვს, რომ ქართველთა გამარჯვების შემდგომ ანისში 1161 წლის აგვისტოში, »შაჰარმენი, იბრაჰიმის ძე სუკმანი, ხლათის მთავარი მოწვეულ იქმნა ქართველთა წინააღმდეგ საბრძოლველად; მან თავისი ლაშქარიც შეჰყარა და დიდძალი მოხალისეც შემოუერთდა. შაჰარმანი ქართველების წინააღმდეგ წავიდა. ისინი დაუხვდნენ მას და დაამარცხეს. მუსლიმანები უკუქცეულ იქმნენ, მომეტებული მათგანი დაიღუპა დბევრიც დაატყვევეს (ქართველებმა). დამარცხებული შაჰარმენი უკან დაბრუნდა და მტერს გადურჩა მხოლოდ 400 მხედრითურთ».
უფრო ვრცელი აღწერილობა მათე ურჰაელსა აქვს შენახული. ქართველებმა რომ 1161 წელს ანისი აიღეს «ხლათის მთავარმა, რომელსაც შაჰარმენს უწოდებენ, 80000 კაცი შეკრიბა, მოვიდა და ქალაქი ანისი გარემოიცვაო,— ამბობს სომეხი ისტორიკოსი; ამის გამგონე ქართველთა მეფე მათ წინააღმდეგ წამოვიდა, დაამარცხა და ყველანი უკუაქცია. ამ დღეს (ომში) დაიხოცა 7000 კაცი; ხოლო ქართველებს ტყვედ ჩაუვარდათ 2000 ყმა და 6 მთავარი, 150 დიდი ამირა; (დავლად ერგოთ) უამრავი ცხენები, ჯორები, აქლემები» და სხვა. მათე ურჰაელის სიტყვით ქალაქ ანისის მცხოვრებნი ამ ბრძოლის კარგა ხნის შემდგომაც ბალახებში თურმე მეომართა ჯავშანს პოულობდნენ. ვარდანისა და სტეფანოს ორბელიანის  აღწერილობა არსებითად ახალს არაფერს შეიცავს; უკანასკნელი ისტორიკოსის სიტყვით მხოლოდ მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა 40000 აღემატებოდა და ალბათ ეს ცნობა უფრო სწორი უნდა იყოს.
ამგვარად, ყველა ადგილობრივი და უცხო ისტორიკოსები ერთხმივ ამტკიცებენ, რომ ანისის დაპყრობა და იქ ქართველების გაბატონება მაჰმადიან მოსაზღვრე მთავრებს ძალიან სწყენიათ და შაჰარმენის მეთაურობით შურის საძიებლად და ანისის დასაბრუნებლად შეერთებულის ლაშქრით ანისს მისდგომიან. ქართველი ისტორიკოსი ამ ლაშქრობის უმთავრეს მონაწილედ ასახელებს: 1) შაჰარმანს, ანუ შაჰარმენს, რომელიც ხლათის მმართველი იყო. როგორც იბნ ალასირის სიტყვებითგანა ჩანს, ეს შაჰარმენი ყოფილა იბრაჰიმის შვილი, ესე იგი, ნასირ ადდინ სუკმან II 1128—1183 წელს; ყურადღების ღირსია, რომ ქართველი ისტორიკოსის სიტყვით შაჰარმენი თავის თავს თურმე «სულტანს» უწოდებდა. ლაშა-გიორგის დროინდელს ქართველს მემატიანესაც აღნიშნული აქვს, რომ გიორგი III «ხლათის სულტანი გააქცივნა»; 2) არდოხის ძეს, რომელიც უნდა უდრიდეს დიარბეკრის მმართველს მარდანაში კუტბ ად-დინ ილ-ღაზის (1152-1176 წ.); იგი მართლაც ორტოკის გვარის შვილი იყო; საყურადღებოა, რომ თამარ მეფის ისტორიკოსს საგანგებოდ აღნიშნული აქვს, რომ შაჰარმენმა გიორგი III საწინააღმდეგო ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება და დახმარება სხვათა შორის «დიარბაგრისა» მმართველსაც სთხოვაო; და 3) სალდუხი, რომელიც უნდა იყოს არზრუმის მთავარი ალ-მელიქ სალიკ ანუ სალტუხი; იგი უკვე 1153—54 წელს ამირად იყო და ჯერ კიდევ 1164—1165 წელს ცოცხალი ყოფილა.

ძლევამოსილმა გიორგი მეფემ, მათე ურჰაელის სიტყვით, ქ. ანისის მცხოვრებელებს ეროვნებისდა განურჩევლად თურმე დიდი წყალობა უყო და 40000 დრაჰკანი მისცა და ანისითგან ტყვედ წაყვანილი ქრისტიანები და უცხო თესლი (მაჰმადიანი) ტყვეობითგან გამოისყიდა. რაკი ანისი მტრისაგან უზრუნველჰყო, ეხლა გიორგი მეფემ უფრო სამხრეთისაკენ გაილაშქრა და «მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულად დ[ვინ]ა[დ], აწ რომელ არს არარატისა ძირსა ზღუარი სომხეთისა და ადარბადაჯანისა»; მეფე «წინამსრბოლობითა» მტერს მიადგა და «რომელნი მოამწყვდივნა ქალაქსა გარეთ» იმათ ეკვეთა; თვით ქალაქი-კი აიღო, »გამოიღო და წარმოტყუენა», დიდძალი დავლა და ნატყვენავი ჩაუვარდა ქართველებს ხელში. ეს ლაშქრობა ქართველ ისტორიკოსს ანისის აღებამდე აქვს მოთხრობილი და სწორედ ამ ამბავს მისდევს ანისის დაპყრობის აღწერილობაც; მაგრამ უცხოელ მემატიანეთა თხზულებები ამაზე სხვაგვარ ცნობებს გვაძლევენ, მაგ. მათე ურჰაელი მოგვითხრობს: «ამავ (1162—1163) წელს სახელოვანი ქალაქი დვინი აღებულ იქმნა ქართველთა მეფის გიორგის489 მიერ. იგი უცხო თესლთა უკუქცეულს ლაშქარს, რომელიც ქალაქითგან მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსული იყო, კვალ-და-კვალ მიჰყვა, ლტოლვილნი დახოცა და ხოლო გადარჩენილთ, რომელთაც პირი ქალაქისაკენ იბრუნეს, მისდია და ჯარითურთ ქალაქის კარითგან ძალით შიგ ქალაქში შეიჭრა. (ქართველებმა) ყველანი უწყალოდ ამოხოცეს, დაატყვევეს და მათი მოსახლეობა აიკლეს და დიდის იავარითა და ნატყვენავით თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდენ»-ო. ვარდანსაც დვინის აღება და აოხრება ქართველთაგან მოთხრობილი აქვს ანისის აღების შემდგომ 1163 წელს. ვარდანის აღწერილობა საერთოდ მათე ურჰაელისას ეთანხმება: ვარდანს მხოლოდ საგანგებოდ აღნიშნული აქვს, რომ ქართველებს დვინის აღების დროს იქაურ ქრისტიანებისათვის ხელი არ უხლიათ და არა უვნიათ-რა. დასასრულ, არაბი მემატიანე იბნ ალასირიც ადასტურებს სომეხ ისტორიკოსთა ცნობას; მას ეს ამბავი ამნაირად აქვს აწერილი: “557 წელს (ჰიჯრ:) თვეს შაბანს (ივლისს-აგვისტოს 1162 წ.) დიდძალი ქართველობა შეიყარა (მეომართა რიცხვი 30000 უწევდა) და მუსულმანთა ქვეყანაში შეიჭრა და ადარბაგანში ქალაქ დვინისკენ გაემგზავრა. ქართველთა მხედრობამ გაცარცვა იგი და 10000-მდე მოქალაქე და ამ სანახების მცხოვრები მოჰკლა, მრავალი ტყვე ქალი და კაცი წაასხა»-ო. ზემომოყვანილ არაბ-სომეხ მემატიანეთა ერთხმივი მოწმობა გვაფიქრებინებს, რომ თამარ მეფის ისტორიკოსს დვინის აღების დრო სწორად არა აქვს ნაგულისხმევი და დვინი ნამდვილად ქართველებს ანისის შემდგომ უნდა აეღოთ, სახელდობრ 1162 წელს ივლისს-აგვისტოში. ქართულ-სომხურ-არაბული დანარჩენი საისტორიო ცნობები ერთი-ერთმანეთს ეთანხმება და ავსებს. თამარ მეფის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის სიტყვებითგანა ჩანს, რომ ქართველთა მხედრობას ბრძოლა ჯერ ქალაქ დვინის წინა ჰქონია იმ რაზმთან, რომელსაც გიორგი მეფისათვის წინააღმდეგობა უნდა გაეწია. ქართველთა მეფემ ეს ჯარი «მოაწყუდივნა ქალაქსა გარეთ» და თითქმის სულ მთლად გააწყო, ხოლო უკუქცეულს გადარჩენილს მტერს თავისი ჯარითურთ კვალ-და-კვალ ქალაქის კარამდის მიჰყვა და თავზარდაცემულს ლაშქარს ძალით შიგ დვინში შეჰყვა, მთელი ქალაქი აიღო და ყველა მცხოვრებნი, ქრისტიანებს გარდა, დააწიოკა. მრავლის ნადავლითა და ტყვეებით დატვირთული ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა შინ დაბრუნდა. ანისთან დამარცხებამ და დვინის დაკარგვამ მაჰმადიანთა ამირები და მთავრები საშინლად განარისხა. ქართველები მათს საგამგეო მიწა-წყალს კვალდა-კვალ იჭერდნენ და განსაცდელი კარზე ჰქონდათ მიმდგარი. ამიტომ ეხლა უფრო მეტის მხნეობითა და ერთსულოვნობით შეჰკრეს პირი და გადასწყვიტეს ქართველებისათვის წინააღმდეგობა შეერთებულის ძალით გაეწიათ და ანის-დვინის დამარცხებისათვის მაგიერი გადაეხდეინებინათ. მართლაც, თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვით, როდესაც «გ[ან]ესმა ამოწყუეტა შამისა და ჯაზირისა, სომხითისა და არზრუმის ლაშქართა, ჴელმწიფეთა და დიდებულთა, მ[ი]ესმა სულტანსა ხუარასნისა და ერაყისა[სა], ხალიფას, მპყრობელსა დიდისა ბაბილოვნისასა და ცრუ-სჯულისა მდებელსა სარკინოზობისასა და ელდიგუზ494 ათაბაგსა სპარსეთისასა; მწუევართა და შემკრებელთა ისლემობის[ა]თა.. შეიყარნეს ერანს და მომართეს ქუემო-კერძოსა ქუეყანასა სომხითისასა და მოადგეს ციხესა გაგ[ის]ასა, აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველნი საზღვარნი. ცნა ესე სახელგანთქმულმან, უძლეველმან მჴედარმან და უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და, მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა; იმერთა და ამერთამან495, გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელ[ი]თა და უ[ა]მრავითა496 ლაშქრითა, რამეთუ იყუნეს აქეთცა სიკეთე და სისირულე დაუსრულებელი. ვითარცა ცნა ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს ვითარმედ: [არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა ზედა, მივრიდოთ თავი და ვეფაროთ]. დამყრელთა ყოვლისა სანოვაგის[ა]თა და უფროს-ღა გაგისშინა მყოფთა განვლე[ს]წყალი ეკლეცისა... ესე ვინაითგან ცნა ხელმწიფემან... მიუტივა სახედ მხეცისა, გარნა უქმ იქმნ[ა]ვე ესე ვითარ[ი] ძლევად განმზადებულება: ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი... არა-მიმშვებელთა მეტყუელთა ამისთა: [ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზავებული მკადრ[ებლ]ობ501 ღუთისა]... ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო დამორჩილებული კუალად ეგო, გამყრელი ლაშქართა»-ო, მოგვითხრობს ისტორიკოსი. ამ აღწერითგანა ჩანს, რომ მაჰმადიანთა შეერთებულს მხედრობას აუღია ციხე გაგი და აუოხრებია მისი მიდამოები და უვნებელი გაბრუნებულა უკან, ხოლო ქართველთა ჯარის მეთაურებს უკან დადევნება ვერ გაუბედიათ. მართლაც, სპარსელს ისტორიკოსს ჰამდალაჰ ყაზვინის მოთხრობილი აქვს: »არრანის მხრითგან აფხაზთა მეფე შეესია ისლემობის მიწა-წყალს, სულტანი არსლანი და ილდიგუზ ათაბაგი მის წინააღმდეგ საომრად წავიდნენ, გაგის ციხის საზღვარზე შეებრძოლნენ მას და გაიმარჯვეს. აფხაზები უკუქცეულნი დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში მუსულმანებს ბევრი ტყვე ჩაუვარდათ ხელში. არას დროს ისლემობას აფხაზებთან ასეთი ბრძოლა არა ჰქონიათ და ამოდენა დავლა არ დარჩენიათ. ამ ომის შემდგომ კუბას (სპარს. კუბან) ქვეყანაც ისლემობის მფლობაში გადავიდა»-ო. ამგვარად, ქართველთა ისტორიკოსის ცნობა გაგის ციხის აღებისა და მიდამოების აოხრების შესახებ მართლდება. ისიც მტკიცდება, რომ ქართველებმა მტერი დაუსჯელი გაუშვეს. მცირეოდენი განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სპარსელი ისტორიკოსის სიტყვით, ვითომც ჯერ ქართველი ჯარი მეფის მეთაურობით გამზადებულიყოს მაჰმადიანთა სამფლობელოს ასაწიოკებლად და ამის გამო დაძრულიყვნენ სულტანი და ათაბაგი; მაგრამ რაკი ომიც გაგთან მომხდარა, ე.ი. საქართველოს სამეფოს საზღვრებში, თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობა, რომ მაჰმადიანნი უეცრად დაესხნენ ქართველებს, სიმართლეზე უფრო ახლო უნდა იყოს. ქართველი ისტორიკოსის ცნობას იმის შესახებ, რომ ელდიგუზ ათაბაგისა და მის მოკავშირეთა ლაშქარი გიორგი მეფის მხედრობის მოახლოვებისათანავე გაიქცა, ვარდანიც ადასტურებს და თანაც დასძენს, რომ გაქცეულმა მტერმა დასტოვა ჭურჭელი და ტყვეებიო.
სტეფანოს ორბელიანი ამტკიცებს კიდეც ვითომც ელდიგუზ ათაბაგი თავის შეერთებულ 100000504 მეომარისაგან შემდგარი ლაშქრითურთ გაგითგან იმიტომ გაქცეულიყოს და დიდძალი კარვები, საჭურველი და სხვაგვარი იარაღი დაეტოვებინოს, რომ ივანე ამირსპასალარს ათაბაგი თავის გულადობით ვითომც დიდს გაჭირვებაში ჩაეგდოს. მაგრამ სხვა ისტორიკოსები და მათ შორის ქართველიც ამაზე არას ამბობენ.
რაკი ელდიგუზ ათაბაგმა და მისმა მოკავშირეებმა გაგითგან უკან დაიხიეს, მეფე გიორგის და მის ვაზირებს საქმე გათავებული ეგონათ. მეფე უდარდელად ისვენებდა და ლორესა და დმანისის მთებში ნადირობდა. ელდიგუზსა და მის მეშველ მთავრებს კი ლაქშრობის შეჩერება ფიქრადაც არ მოსვლიათ. პირიქით, ხლათის სულტანმა თვალების ასახვევად მეფეს ვითომც მოციქული მიუგზავნა, ნამდვილად კი ის «მოციქული სულტანისა» საქართველოში მხოლოდ იმიტომა ყოფილა წარვლენილი, რომ ყოფილიყო «ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა». რა წამს საჭირო ცნობები მიიღეს, გაგის აღებით გათამამებული «სულტანი [და] ათაბაგი ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა აღვიდა გელაქუნად, მოვიდა და მოადგა კართა ანისისათა და ზემოთ (მოჴსენებული) შაჰარმენი და ყოველი ჴელმწიფე არაბეთითგან მომტყუებელ (იქმნა) ძალისა; მას ჟამსა შინა ანისსა გან [ამტ]კიც[ებ]და თორელი, დიდი და სახელ-განთქმული მოლაშქრე და გან[ა]მზად[ნ]ა საბრძოლველი მანქანანი, [და]მრღუეველმან და მარბიელმან და ამაოჴრებელმან გარე [შემო]თა ქუეყანათამან; ესე ამბავი ვითარ მოისმა ქუეყანასა ამას და მოიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა მონადირე და მხიარული დგა შორის მთათა ლორისა და დმანის[ისა]თა, რომელსაც წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგჳ და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა... ვინათგან იხილა მცირედითა მდგომი, განლაღებული ამას ზედა.. ღამესა მას, ჟამსა განთიადისასა, მძინარეთა ზედა-დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ [მეფემან] ძლითღა იჴუმია სწრობა შეჭურვისა და [ა]მჴედრებისა ჰუნესა ზედა; ივანე ამირ-სპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყუანეს, მეტყუელთა ამისთა:  «მეფეო, ოდესმე ალექსანდროსცა იძლივა დედაკაცისა მიერ და ეგრეთვე სამბსონ სიბილასა-გან [და] სხუანი სახენი ჴელმწიფეთა ძლეულებისანი [წინა უყვნეს]... ვინათგან იგი[ცა] (დავით ჰურიათა მეფე) ს[ა]ულისაგან იდევნე[ბ]ოდა მეფე და წინასწარმეტყუელი, უფროს-ღა მამად ძისად ღ՜თისა[დ]განჩინებული; აწ ჩუენცა თავს-მდებელთა ვიჴმიოთ სივლტოლა და კუალად შემძლებმან ძლევათამან ჩვეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა». იძ[უ]ლებითა წარმოყუანილი და გამომ[ა]რთებული მრავალ-გზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსა-ვე შინა იპოვნეს, გარე-უკუნ-მქცეველ[ნ]ი და დამჴოც[ნ]ი და დამჴოც[ვ]ელნი სპათა მისთანი (ე. ი. სულტნისა), რომელთა ესე-ვითარი სიმჴნე, უცხო და განსაკრთომელი საქმე (აჩუენეს, რომელ) არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქ[ა]რთა შინა. თჳნიერ ერთისა ჯუარის-მტვირთ[უე]ლისა და ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყუანებულ იქმნა მშვიდობით».
თამარ მეფის ისტორიკოსის ზემომოყვანილი ცნობა მტკიცდება იბნ ალასირის მოწმობით, რომელიც მოგვითხრობს, რომ ქართველთა მიერ 1162 წელს ქ. დვინის აღების შემდგომ შემსედდინი ილდიგუზმა, ადერბეჯანისა, ჯებელისა, და ისპაჰანის პატრონმა თავისი ლაშქარი შეჰყარა; მას მიუდგნენ შაჰარმენი იბნ სუკმან ალხოტბი ხლათის მმართველი, აყსანკორის ძე, მარაღას მთავარი, და სხვა მთავრები და შეერთებულის დიდის მხედრობითურთ, რომელთა რიცხვი 50000 აღემატებოდა, 1163 წელს საქართველოს მიადგნენ, აიკლეს და ტყვედ წაიყვანეს მამაკაცები, დედაკაცები და ბავშვები. მოპირდაპირეებს ცხარე ბრძოლა მოუხდათ, რომელმაც ერთს თვეზე მეტს გასტანა, მუსულმანებმა გაიმარჯვეს. ქართველების დამარცხების მიზეზი ის იყო, რომ ერთი მათგანი მივიდა ელდიგუზთან, მაჰმადიანობა მიიღო და ერთს წინათვე დანიშნულს დღეს მაჰმადიანთა რაზმითურთ ქართველთა ბანაკს უკანითგან მოექცა, როცა წინითგან ერთბაშად მტრის მთავარი ლაშქარი მიადგა საბრძოლველად; ამ დროს უეცრად ქართველი მოღალატე ჩასაფრებულ რაზმითურთ უკანითგან დაეცა და ზურგითგან დაუშინა ქართველებს, რომელნიც დამარცხდნენ.
იბნ ალასირისა და ქართველი ისტორიკოსის ცნობები მხოლოდ წვრილმანებით განსხვავდებიან ერთიერთმანეთისაგან. არაბი ისტორიკოსი მაგ. მოგვითხრობს, ვითომც ბრძოლა თვეზე მეტს გაგრძელბულიყოს508, მაგრამ ამასთანავე მისივე სიტყვებითგანა ჩანს, რომ ბედ-იღბალი ერთს ბრძოლას, ისიც უეცარს, ღალატზე დამყარებულს, გადაუწყვეტია. ყურადღების ღირსია, რომ თამარის მემატიანეც იხსენიებს სულტანის მოციქულს-ჯაშუშს, რომელსაც სულტნისათვის ქართველი ჯარის ბინა შეუტყობინებია და რომლის წყალობითაც შესძლებიათ ქართველებს მოულოდნელად, დილა-ადრიან თავს დასხმოდნენ. თამარის მემატიანე მხოლოდ არას ამბობს ამხილველი გამაჰმადიანებული ქართველი მოღალატე იყო, თუ მკვიდრი მაჰმადიანი. მაინცა-და-მაინც თამარის ისტორიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ მაშინ ქართველები ძლეულნი იყვნენ და «სივლტოლამ» თვით მეფეც დიდს განსაცდელს გადაარჩინა.
იბნ ალასირის სიტყვით ელდიგუზ ათაბაგისა და მისი მოკავშირეების ხლათის სულტანის, შაჰარმენ იბნ სოკმან ალხოტბისა და მარაღას მმართველ აყსანკორის [ძის] ლაშქრობა საქართველოში მომხდარა 558 წელს ჰიჯ. თვესა სეფერს ანუ 1163 წელს. იანვარ-თებერვალში.
როგორც უკვე დავინახეთ მაჰმადიანთა ამირები, ათაბაგი და სულტანი თავგამოდებით ებრძოდნენ საქართველოს ანისის გამო: მეტად ძნელი იყო მისი დათმობა და ყოველი ღონისძიებით ცდილობდნენ ანისი კვლავ ჩაეგდოთ ხელში. ვარდანს ნათქვამი აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში ქ. ანისს მტრის გამუდმებული იერიშისაგან მოსვენება არა ჰქონდაო. გიორგი მეფესაც თანდათან უძნელდებოდა მოზღვავებულ მაჰმადიანობასთან ანისის გამო ბრძოლა. ამიტომ როდესაც არა ნაკლებ მობეზრებული «თჳთ შემოეხვეწა ელდიგუზ ათაბაგი» და შუაკაცად «ჩამოდგა შუა სულტანსა და [ქართუელთა] და ითხოვა ზავი და აქეთ», შერიგების მთხოვნელად გამოვიდა «დედოფალი რუსუდან დაჲ” გიორგი მეფისა, «სულტნის ცოლ ყოფილი», მეფე გიორგი გულში მაინც, ალბათ, გახარებული იქმნებოდა. მოპირდაპირენი შერიგებულან. საქართველოს მეფემ «უბოძა ანისი თჳსსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თჳისისა ყმადა». მაშასადამე, ანისის ახალი მაჰმადიანი მმართველი უწინდელ მფლობელთა ნათესავი და «მემამულე» უეჭველად საქართველოს მეფის ბატონ-პატრონობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ვითარცა მისი ყმა და ხელქვეითი. ვარდანი ადასტურებს ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობას და თანაც დასძენს რომ გიორგი მეფემ მოიწვია მაჰმუდის შვილი არსლანი და ანისი სახელდობრ მას უწყალობაო. რაკი ვარდანი ამბობს, რომ არსლანი ანისს ოთხი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდაო, მ. ბროსესთან ერთად უნდა დავასკვნათ, რომ გიორგი მეფეს არსლანისათვის ანისი 1165 წელს უწყალობებია. რასაკვირველია ანისის ისევ დაბრუნება და წყალობა თუნდაც ყმადნაფიცისათვის ქართველებისათვის მარცხი იყო, მაგრამ როგორც ეტყობა სხვა საშუალება არ ყოფილა და მხოლოდ ამ გზით «შეიქმნა მშვიდობა და ზავი ჟამ რაოდენიმე».
თუმცა საქართველოში დამყარდა, მაგრამ ქართველი მეომარნი ისე იყვნენ ომსა და ლაშქრობას მიჩვეულნი, რომ ზავის დადების შემდგომ «უღონო იქმნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფოსანი» და მეფეს გულახდილად მოახსენეს: ”არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თჳნიერ ლაშქრობისა და რბევისა»-ო. მეფეს როგორც ეტყობა შინაური მტრები ეგულებოდა და მხოლოდ მას შემდგომ დათანხმდა, როდესაც «წარსცა ზავნი და ფიცნი შინა» (იქვე). რაკი ამნაირად თავისი თავი შინაური შუღლისა და მტრებისაგან უზრუნველ ჰყო, გიორგი მეფემ თავისი ლაშქრის სურვილი აასრულა და მეზობლების დარბევის ნება მისცა: «უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისისა და ბანისა, მესხთა და თორელთა — კარისა და აშორნისა, ამიერსპასალარისა და სომხითართა—მტკუარს აქეთ ვიდრე განძამდის, თჳთ ხასაგანიანთა, ლიხთიმერთა და ქართუელთა — განძას დამართებით მტკუარის პირი იმიერ და ამიერ ხლათამდის, ჰერთა და კახთა ალაზნის შესართავით ვიდრე შარვანამდის; იქმნა ესევითარი უცხო ლაშქრობა»-ო. თუმცა ამ მართლადაც და «უცხო» ლაშქრობის ყველა კუთხეების შესახებ კი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ რომ ეს ამბავი მართალი უნდა იყოს იმითაცა მტკიცდება, რომ იბნ ალასირი ქართველთა ძლევამოსილს ლაშქრობას რანში ადასტურებს. მას მოთხრობილი აქვს, რომ 561 წელს ჰიჯრ. ანუ 1165—1166 წელს ქ. შ. ქართველთა დიდი მხედრობა შეესია რანს და განძამდის მიაღწია, მრავალი მაჰმადიანი დახოცა და ტყვედ წაასხაო. მორბეული ქვეყნის საზღვარიც, თარიღიც მშვენივრად უდგება ქართველი ისტორიკოსის ცნობას. ლაშქრობის დანარჩენი კუთხეების შესახებ არაბულ-სპარსულ მწერლობაში შემთხვევით ცნობები არ არის შენახული, თორემ უეჭველია ამ მხრივაც თამარ მეფის ისტორიკოსის სიმართლე დამტკიცდებოდა.
ამავე ხანებში გიორგი მეფეს აღმოსავლეთ-ჩრდილოეთისაკენ შარვანში მოუხდა გალაშქრება. მაშინ შარვანში მეფედ დისწული აღსართანი ყოფილა, რომელიც იმდროინდელ არაბ-სპარსულ მწერლობაში იწოდება აბუ-ლ-მუზაფფარ მანუჩაჰრ-ახისტან ბენ-კესრან-ად. ეს აღსართანი «მეფე იყო შარვანისა და ზღვის-პირისა დარუბანდით ხა[ლ]ხ[ა]ლამდის». რაკი შარვანშა საქართველოს მეფის ყმად ითვლებოდა და ჰყავდა «ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი», ამიტომ როდესაც «ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე დაჭირებული დარუბანდელთა ხაზართაგან», გიორგი მეფე ჯარით მიეშველა და თან საქართველოში, 1167 წელს სტუმრად მოსული »ძმა ბერძენთა მეფისა ანდრონიკე წარიყუანა». ქართველთა მხედრობითურთ მეფე «მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა, მოაოჴრა ქუეყანა მუსკუტისა შარაბამისა და აიღო ქალაქი შაბურანი» და თვით ქალაქი თავის დისწულს შარვანშას უწყალობა. ეს ლაშქრობა, დარუბანდამდის და შაბურანის აღება 1167 წელს ახლო ხანებში უნდა მომხდარიყო.
თუმცა როგორც აღნიშნული იყო  გიორგი მეფემ 1165 წელს ანისი მაჰმადიან მმართველს ყმად-ნაფიცს არსლანს დაუთმო, მაგრამ მეფეს მაინც ანისი ხანგრძლივ არ დაუტოვებია სხვათა ხელში. ვარდანის სიტყვით, 1173 წელს გიორგი III ანისი კვლავ აიღო, ქალაქის ამირა მეფემ თან წაიყვანა და უკან აღარ გამოუშვა. როდესაც ეს ამბავი თურქებმა შეიტყვეს, სწრაფად პირი შეჰკრეს და შეერთებული ძალით კვლავინდებურად ანისის დაბრუნება ჰსურდათ, მიადგნენ ქალაქს და შირაკის სანახები ააოხრეს. ვარდანის სიტყვით ივანე ამირსპასალარს ანისის თურქთათვის დათმობა ჰსურდა, მაგრამ ქალაქმა შეუტყო და ეს საქმე ჩაფუშა, მტერი - კი ცარიელი გაბრუნდაო. გიორგი მეფეს ანისის ეპისკოპოსის ბარსეღის თხოვნით ანისის ამირად დაუნიშნა მისი ძმა აპირატი.
იმ დროს, როდესაც გიორგი მეფე თავის ძლევამოსილებით მეზობლებშიც კი სახელი გაითქვა, შიში და პატივისცემა დაიმსახურა, თვით საქართველოში მას საშინელს განსაცდელს უმზადებდნენ. როგორც უკვე აღნიშნული იყო, თუმცა გიორგი დემეტრე I უმცროსი შვილი ყოფილა, მაგრამ სამეფოდ თურმე უფროსს დავითს კი არ ამზადებდა, არამედ მას, უმცროსს. საქართველოს წარსული ისტორიითგან ნათლადა ჩანს, რომ სამეფო უფლების დამკვიდრება IX საუკუნიდან მოყოლებული პირდაპირ მემკვიდრეობასა და პირმშოობაზე იყო დამოკიდებული. ყოველთვის განსვენებული მეფის უფროსი ვაჟი-უფლისწული ადიოდა ხოლმე სახელმწიფო ტახტზე. მაშასადამე, წესიერად რომ ყოფილიყო საქმე მოწყობილი, დემეტრე I შემდგომ უნდა მის უხუცესს ძეს დავითს ემეფა, მაგრამ მისს მამას სხვანაირად განუსჯია. მომავალი აღმოაჩენს, როდესაც ახალი და საკმაო ცნობები გამოქვეყნდება, ჰქონდა დემეტრე I რაიმე კანონიერი საბუთი, როდესაც თავისს უფროსს შვილს მემკვიდრეობის უფლებას ართმევდა, თუ მარტო პირადი გრძნობა და მიკერძოებითი სიყვარული ამოქმედებდა მას? იქნებ უფლისწულს ისეთი ნაკლი ჰქონდა, ან ისეთი დანაშაული მიუძღოდა მამის წინაშე, რომელიც მას კანონიერ უფლებას თავისთავად აკარგვინებდა? მაინცა-და-მაინც ძნელი დასაჯერებელია, რომ მშობელმა მამამ თავისს უდანაშაულო უზადო პირმშოს მართოდენ პირადის გრძნობის გამო მეფობის დამკვიდრების უფლება მოუსპოს. რამდენად ძლიერი და ბრმა უნდა ყოფილიყო მამის სიძულვილი უფროს შვილისადმი ისიც ამტკიცებს, რომ მისის სიკვდილის შემდგომაც მან არ აპატია და მის მაგიერ განსვენებული დავითის მცირეწლოვანი შვილი დემეტრე კი არ გამოაცხადა მეფედ, არამედ, როგორც წინათვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ისევ თავისი საყვარელი უმცროსი ძე გიორგი მეფედ და თანამოსაყდრედ დასვა. როგორც ეტყობა დავითს მამა მოღალატედა და მიმტაცებლადა სთვლიდა და ამის გამო არც დავითის შვილს არგუნა მემკვიდრეობის უფლება.
სრულებით ცხადია, რომ ამგვარ ნიადაგზე ყოველთვისშეიძლებოდა ამბოხება აღმოცენებულიყო, მეტადრე საქართველოში, სადაც დიდებული აზნაურები მეფის წინააღმდეგ განდგომას დიდის სიამოვნებით მხარს დაუჭერდნენ ხოლმე. ამიტომაც იყო რომ, როდესაც «მოიწიფა ძმისწული [მისი, შვილი] დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე», ამ დემეტრე-დემნას სიმამრმა, ამირსპასალარმა ივანე ორბელმა, გიორგი მეფის წინააღმდეგ განდგომილება მოაწყო, რომ თავისი სიძე გაემეფებინა. თამარ მეფის ისტორიკოსი არა მალავს, რომ პირადად ჭაბუკი უფლისწული იყო «სახე-კეთილი და ყოვლით ჴელით მარჯჳ და ნასწავლი», მაგრამ მისმა განდგომილებამ მისი სწავლულობაცა და ჭაბუკობაც ფუჭად ჩაატარაო. ივანე ორბელს მხარი დაუჭირეს ყველა «ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა სამცხელთა, ჰერთა, კახთა და სადაცა ვინ ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. ამ განდგომილებისა და ამბოხების მთავარ მონაწილეებად ივანე ამირსპასალარს გარდა ყოფილან ივანე ვარდანისძე, შოთა ძე ართავაჩოს ძისა, რომელნიც ღალატის »განზრახ-გამგებელნი» და თანაც «შინათგამცემელნი» ყოფილან, «ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ, მეჯინიბეთ-უხუცესი ქავთარ ივანეს ძე და ანანია დვინელი». განდგომილთ ჰსურდათ გიორგი მეფე შეეპყრათ და დემნა უფლისწული გაემეფებინათ, ხოლო გიორგისგან ფიცისა და სიმტკიცის წიგნი ჩამოერთმიათ, რომ იგი ამას დაჰმორჩილებოდა და თავისი საკუთარი კერძო საუფლისწულო მამულით დაკმაყოფილდებოდა. ზემოდასახელებული გარდა შეთქმულთ მიემხრნენ «სარგისი მჴარგრძელი შვილითა და ძმისწულითა მისითა», ჯავახნი კახაჲ შვილებითურთ, დიდი გამრეკელი, მემნა ჯაყელი, ჰასან კაენისა პატრონი და გრიგოლ ანელი აპირატის ძე. განდგომილთა ჯარი, სტეფანოს ორბელიანის სიტყვით, 30 000 აღემატებოდა.

 



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014