მანილიუსის კანონი და `ზემო კოლხეთი~

ძვ.წ. I ს. დასაწყისიდან თანდათანობით ცხადი გახდა, რომ რომში რესპუბლიკური მმართველობის სიტემამ უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. გრანდიოზული საგარეო ექსპანსიის შედეგად, უზარმაზარ მედიტერანულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებული რომის რესპუბლიკა ახალი გამოწვევების წინაშე იდგა და იგი მმართველობის ახალ ფორმას – უფრო ცენტრალიზებულ, ერთპიროვნულ, საიმპერიო პოლიტიკურ სისტემას ითხოვდა. ფართო¬მასშტაბიანი, პერმანენტული დაპყრობითი ომების, სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გაუთავებელი დაპირისპირების პროცესში ისტორიის ასპარეზზე გამოდიან ცალკეული სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც აშკარად აცხადებდნენ პრეტენზიას ერთმმართველობაზე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო გნეუს პომპეუსი (ძვ. წ. 106 - 48 წწ.), რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული არა მხოლოდ ძვ. წ. I ს. 70-50-იანი წწ. რომის საშინაო-პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, არამედ გვიანდელი რესპუბლიკის ძლევამოსილი ექსპანსია აღმოსავლეთში და წინა აზიაში `რომაული წესრიგის~ დამყარება.
ძვ. წ. I ს. 60-იან წწ. პომპეუსს ორი უმწვავესი პრობლემის – ხმელთა¬შუა ზღვაზე მეკობრეობის აღკვეთა და აზიაში მითრიდატე VI-ის (ძვ. წ. 120-63 წწ.) წინააღმდეგ გაჭიანურებული სამხედრო კამპანიის დასრულება დაეკისრა. ძვ. წ. I ს. პირველ ნახევარში მეკობრეობამ ხმელთა¬შუა ზღვაზე იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო გახდა ექსტრა¬ორდინარული უფლებებით აღჭურვილი მთავარ¬სარდლის დანიშვნა. ძვ. წ. 67 წ. სახალხო ტრიბუნის ავლუს გაბინიუსის კანონის თანახმად, ასეთ მთავარ¬სარდლად პომპეუსი იქნა არჩეული. პომპეუსმა სამი წლით მიიღო უმაღლესი იმპერიუმი, ფაქტობრივად დიქტატორული უფლებები მთელ ხმელთა¬შუა ზღვასა და მის მიმდებარე სანაპირო ზოლზე 75 კმ სიღრმეში. პომპეუსს გადაეცა დიდი არმია, ფლოტი და უზარმაზარი ფინანსური რესურსები. ასეთი ფართო უფლებებით აღჭურვილმა პომპეუსმა მოკლე დროში ხმელთა¬შუა ზღვა მთლიანად გაწმინდა მეკობრეებისაგან (1). ამ წარმატებული ექსპედიციის შემდეგ პომპეუსის პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა და ძვ.წ. 66 წ. ამჯერად უკვე მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მან კიდევ უფრო მეტი უფლებები მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მითრიდატულ ომებში რომაელებმა არა¬ერთგზის დაამარცხეს პონტოელები, სარდლები აზიიდან "ბრუნდებოდნენ გამარჯვების ნიშნებით, თვით გამარჯვებით კი ვერა" (2). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლუკულუსის მიღწევები. III მითრიდატულ ომში (ძვ. წ. 74-64 წწ.) ლუკულუსის ლეგიონებმა სასტიკად დაამარცხეს მითრიდატე VI და მოახდინეს პონტოს ტერიტორიის ოკუპაცია, რის შემდეგაც შეიჭრნენ მითრიდატეს მოკავშირე არმენიაში. რომაელებმა ძვ. წ. 69 წ. ტიგრანოკერტთან გამართულ ბრძოლაშიც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლუკულუსმა მაინც ვერ შეძლო სრული გამარჯვების მოპოვება და მითრიდატე VI-ის საბოლოოდ განადგურება. არმიაში დაწყებული უკმაყოფილების გამო, ლუკულუსი იძულებული გახდა უკან დაეხია, ხოლო მითრიდატემ კვლავ აღადგინა თავისი ძალაუფლება პონტოზე (3). ასეთ ვითარებაში ძვ. წ. 66 წ. დამდეგს, სახალხო ტრიბუნმა გაიუსმა¬ნილიუსმა კომიციას წარუდგინა კანონპროექტი, რომლითაც რამდენიმე მაგისტრანტს შორის გადანაწილებული აზიის საქმეები თავმოყრილი უნდა ყოფილიყო პომპეუსის ხელში. აღმოსავლეთიდან უნდა გამოეწვიათ ბითვინიისა და პონტოს მმართველი გლაბრიონი, კილიკიიდან – მარციუს რექსი, ხოლო ლუკულუსისთვის უნდა ჩამოერთვათ აღმოსავლეთის მთავარსარდლობა. ყველა ეს რწმუნებები კი პომპეუსს უნდა გადასცემოდა. გარდა ამისა, პომპეუსის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო ფლოტი და ზღვაზე განუსაზღვრელი მბრძანებლობის უფლება იმავე პირობით, როგორც ეს თავიდან, გაბინიუსის კანონით ჰქონდა. პომპეუსს უფლება ეძლეოდა დამოუკიდებლად ეწარმოებინა ომი და ჩამოეგდო ზავი; სენატის და¬უკითხავად ეცნო `რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ~ ან მტრებად ისინი, ვისაც თვითონ ჩათვლი¬და საჭიროდ; თავის ნებაზე გამოეყენებინა ყველა არმია და სამხედრო რესურსი, რომელიც იტალიის გარეთ იმყოფებოდა (4). მანილიუსის კანონპროექტს სერიოზული წინააღმდეგობა არშეხვედრია და იგი ხმათა უმრავლესობით მიიღეს (5).
ამრიგად, პომპეუსმა მანილიუსის კანონპროექტით (
Lex De Bello Mithridaticco) ერთპიროვნული და განუსაზღვრელი ძალაუფლება მიიღო, რამაც წინა აზიაში მძლავრი პოლიტიკური ძვრები გამოიწვია. კანონის ძალაში შესვლისთანავე, ძვ. წ. 66 წ. პომპეუსის უზარმაზარი არმია შეიჭრა პონტოს ტერიტორიაზე და მოკლე დროში საბოლოოდ გაანადგურა კიდეც მითრიდატეს ჯარები. მომდევნო წელს კი, პომპეუსის აღმოსავლური კამპანიის არეალში იბერია და კოლხეთიც მოექცა (6). პომპეუსმა კოლხთა დინასტად დანიშნა არისტარქე (7). როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, არისტარქე იყო ადგილობრივი დიდებული, ან ერთ-ერთი ,,სკეპტუხი~, რომელიც პომპეუსს უჭერდა მხარს და კოლხეთის მმართველად დაინიშნა რომაელთათვის გაწეული სამსახურის გამო (8).
მანილიუსის კანონით პომპეუსისათვის მინიჭებულ უფლებებში, საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი ცნობა, რომელსაც ისტორიოგრაფიაში რატომღაც ყურადღება არ ექცეოდა. პლუტარქეს (ახ. წ. 46-120 წწ.) ცნობით, `ეს კანონი (იგულისხმება მანილიუსის კანონი – კ. ფ.) სინამდვილეში იმას მოასწავებდა, რომ რომაელთა ძალაუფლება მთლიანად ერთი პიროვნების ხელში მოქცეულიყო. ფრიგია, ლიკაონია, კაპადოკია, კილიკია, ზემო კოლხეთი და სომხეთი, ესე იგი ის პროვინციები, რომლებიც, როგორიც ჩანს, პირველი გადაწყვეტილებით (გაბინიუსის კანონპროექტით – კ.ფ.) პომპეუსის განკარგულებაში არ შედიოდა, ახლა მის გამგებლობაში ექცეოდა მთელი იმ ბანაკებითა და ჯარებითურთ, რითაც ლუკულუსმა მითრიდატე და ტიგრანი დაამარცხა" (9).
ამდენად, ძვ. წ. 66 წ. პომპეუსისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიების ჩამონათვალში პლუტარქე `ზემო კოლხეთსაც~ იხსენიებს. ამ ცნობიდან გამომდინარე იქმნება ისეთი შთაბეჭდი, რომ ამ დროისათვის კოლხეთი თითქოს უკვე შედიოდა რომაულ სამფლობელოებში. თუმცა, ეს ასე არაა (10). როგორც ცნობილია, კოლხეთი წარმოადგენდა მითრიდატეს ერთ-ერთ ბოლო თავშესაფარს და საბოლოოდ დამარცხების შემდეგ იგი სწორედ აქედან გადავიდა ბოსფორში (11). სხვათაშორის, პლუტარქემაც კარგად იცის, თუ როდის ხდება რეალურად პომპეუსის მიერ კოლხეთზე კონტროლის დაწესება და რამდენიმე პარაგრაფის შემდეგ, ძვ. წ. 65 წ. კამპანიის აღწერისას, აღნიშნავს `დაამარცხა თუ არა იბერები, პომპეუსი კოლხეთში შეიჭრა. მდ. ფასისის სანაპიროზე მას შეეგება სერვილიუსი თავისი ფლოტით, რომლითაც იგი პონტოს იცავდა~ (12). მაშინ რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ პლუტარქე უკვე ძვ. წ. 66 წლისათვის `ზემო კოლხეთს~ პომპეუსისადმი დაქვემდებარებულ ოლქად მიიჩ¬ნევს?
მართალია, პლუტარქე არ იყო და თვითონაც არ თვლიდა თავს ისტორიკოსად, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ნაშრომი ¬_ `პარალელური ბიოგრაფიები~, თავისი ორიგინალურობის, მრავალფეროვნებისა და ფართო მასშტაბების გამო, ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს (13). ამ ნაშრომში გვხდება მრავალი ისეთი ცნობა, რომელიც სხვა წყაროებში დაცული არაა (14). პლუტარქე ეყრდნობოდა წინამორბედ ავტორთა მრავალრიცხოვან ცნობებს, რომელთა დიდი ნაწილი დაკარგულია და ბევრ შემთხვევაში, კონკრეტული ისტორიული ფაქტის შესასწავლად, პლუტარქეს თხზულება ერთადერთი წყაროა (15). მიუხედავად იმისა, რომ მის `პარალელურ ბიოგრაფიებში~ ხშირად გვხვდება უზუსტობები (16), ვფიქრობთ, ძნელია ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტი უბრალო შეცდომას მიეწეროს და აქ `ზემო კოლხეთი~ შემთხვევით იყოს მოხსენიებული. ამ ცნობაში რაიმე შეცდომასთან ან შემთხვევითობასთან რომ გვქონდეს საქმე, მაშინ პლუტარქე პომპეუსის საგამგებლო ტერიტორიების ჩამონათვალში უბრალოდ `კოლხეთს~ მოიხსენიებდა და არმოახდენდა მის დაკონკრეტება-დაზუსტებას `ზემო კოლხეთად~. აქედან გამომდინარე, პლუტარქეს ეს ცნობა ხომ არ შეიძლება იმის დამადასტურებლად ჩაითვალოს, რომ კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილში, `ზემო კოლხეთში" ამ პერიოდისათვის უკვე აღარ ვრცელდებოდა მითრიდატეს ძალაუფლება?
მაგრამ, მხოლოდ პლუტარქეს მიერ მოხსენიებულ ,,ზემო კოლხეთზე~ დაყრდნობით ცალსახად რამის მტკიცება ძნელია. ანტიკური წყაროებში კი ,,ზემო კოლხეთი~, სამწუხაროდ, სხვაგან არსად იხსენიება. თუმცა, იმ დროს კოლხეთსა და საერთოდ, მცირე აზიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესების ფონზე, პლუტარქეს ცნობის განხილვა, ვფიქრობთ, რამდენიმე მოსაზრების გამოთქმის შესაძლებელობას იძლევა. ამ ცნობის კონტექსტში მეტად საყურადღებოა ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთიდან, კონკრეტულად ეშერის ნაქალაქარიდან მოპოვებული არტეფაქტები. ეშერა მდებარეობს თანამედროვე სოხუმის დასავლეთით 10 კმ-ზე, მდ. გუმისთის მარჯვენა ნაპირას. ძვ.წ. I ს. პირველ ნახევარში ეშერის დასახლებას მძლავრი თავდასხმა განუცდია. არქეოლოგიური მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ეშერის სიმაგრეს თავს დაატყდა ქვის ბირთვების, ისრებისა და ხელშუბების წვიმა. სიმაგრე შტურმით იქნა აღებული. თავდამსხმელებმა ქალაქის მაღალი, 2 მ. სისქის კედლები დაანგრიეს, ხოლო დასახლება გადაწვეს (17). თავდასხმა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეშერაში ცხოვრება პრაქტიკულად შეწყდა.
სამწუხაროდ, წერილობითი წყაროები არაფერს ამბობენ ეშერაში მომხდარი ბატალიების შესახებ და აქედან გამომდინარე, თუ როდის და ვის მიერ უნდა ყოფილიყო დანგრეული ეშერის სიმაგრე, სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. მკვლევართა ნაწილის ვარაუდით, Eეშერის დანგრევა უნდა იყოს მთიელ ტომთა მარბიელი ლაშქრობის შედეგი. ი. ვორონოვის აზრით, თავდამსხმელები სტრაბონის მიერ მოხსენიებული სოანები უნდა ყოფილიყვნენ (18), გ. შამბას აზრით კი _ ზიგები და ჰენიოხები (19). არსებობს მოსაზრება, რომ ეშერა დაინგრა ძვ. წ. 85-83 წწ. კოლხეთში ანტიმითრიდატული გამოსვლის დროს, მამა-შვილს _ მითრიდატე ევპატორსა და მითრიდატე უმცროსს შორის გამართული სამხედრო მოქმედებების შედეგად (20). ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეშერა დანგრეულ იქნა ძვ. წ. 48-47 წწ. კოლხეთში ბოსფორის მეფე ფარნაკესა და მითრიდატე პერგამონელის ლაშქრობების დროს (21). უკანასკნელ ხანებში აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ვრცლად შეეხო ნ. ბერულავა. მკვლევარის აზრით, ეშერა წარმოადგენდა მითრიდატეს მომხრეთა უკანასკნელ თავშესაფარს კოლხეთში და იგი არისტარქემ დაანგრია (22).
როგორც ვხედავთ, ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. ცალ-ცალკე შევეხოთ თითოეულ მათგანს. დავიწყოთ ი. ვორონოვისა და გ. შამბას მიერ გამოთქმული მოსაზრებით. მკვლევართა ვერსია ეფუძნება იმას, რომ ეშერის ნანგრევებზე აღმოჩენილი ისრისპირები და ხელშუბები ადგილობრივი იერ-სახისაა. მაგრამ, როგორც აჩვენა თ. თოდუამ, ეშერის კედლებთან აღმოჩენილი კარგად დამუშავებული ქვის ბირთვები გამორიცხავს მთიელი ტომების მონაწილეობას სიმაგრის დანგრევაში, რამდენადაც მათ საერთოდ არ ქონდათ ქვასატყორცნი მანქანები (23).
რაც შეეხება ნ. ბერულავას მოსაზრებასEეშერის არისტარქეს მიერ დანგრევის შესახებ, მკვლევარი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ეშერის დასანგრევად გამოყენებული ქვის ბირთვები, რომლებიც დამზადებულია ადგილობრივი მასალისაგან, სხვადასხვა კალიბრისაა და კარგადაა დამუშავებული, მხოლოდ სტაციონარული სიმაგრეების არსენალში შედიოდა და რომელიმე ციხესიმაგრის სამხედრო საწყობიდან უნდა ყოფილიყო მოტანილი. უახლოესი პუნქტი კი, რომელსაც გააჩნდა მსგავსი საწყობი დიოსკურია იყო (24). ასე რომ, ეშერაზე შეტევა უნდა განხორციელებულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ამასთან, როგორც აღნიშნავს მკვლევარი, ეშერის არქეოლოგიურ მასალებში არ ჩანს არისტარქეს საკმაოდ ხანგრძლივი, 18-წლიანი მმართველობის დროს მომხდარი ძლიერი ეთნოპოლიტიკური ძვრების არავითარი კვალი, რაც თავისთავად გამორიცხავს ეშერის დანგრევას არისტარქეს შემდგომ ხანებში, ძვ. წ. 48-47 წწ. ფარნაკესა და მითრიდატე პერგამონელის საომარი კოლიზიების შედეგად (25). მკვლევარის ამ მოსაზრებას ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა ვერ დავეთანხმებით მას იმაში, რომ მითრიდატეს მიერ კოლხეთის დატოვებისა და ბოსფორში გაქცევის შემდეგ, პონტოს მეფის მომხრეებმა, რომლებსაც იმედი არ ქონდათ რომ შეძლებდნენ დიოსკურიის დაცვას, თავიანთი ძალების კონცენტრირება ეშერაში მოახდინეს და არისტარქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საბოლოოდ ქალაქის დანგრევით დასრულდა კიდეც (26).
როგორც ცნობილია, მითრიდატეს, რომელმაც ძვ.წ. 66/65 წ ზამთარი დიოსკურიაში გაატარა, პომპეუსის შემოსვლის დროისათვის უკვე დატოვებული ჰქონდა კოლხეთი (27). კოლხეთს, როგორც პონტოს სამეფოს ერთ-ერთ სატრაპიას, პონტოს შემადგენლობაში შემავალ მთლიან პოლიტიკურ ერთეულს და მის ადმინისტრაციას, რომაელებისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობა არ გაუწევია (28). კოლხეთის უკანასკნელმა მმართველმა, სტრაბონის დედის ბიძამ მოაფერნემ (29) და პონტოური ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა მითრიდატესთან ერთად დატოვეს კოლხეთი და ბოსფორში გაიქცნენ (30). ამ დროისთვის კოლხეთში მითუმეტეს უკვე არ იქნებოდნენ პონტოს ჯარები (31). ჯერ ერთი, დევნილ მითრიდატეს, რომელსაც უკვე დაკარგული ჰქონდა მთელი მცირეაზიური სამფლობელოები, არ გააჩნდა იმის რესურსი, რომ კოლხეთში თავისი ჯარები დაეტოვებინა. როგორც ცნობილია, მითრიდატე კოლხეთში მხოლოდ 3 000 მეომრით შემოვიდა (32). დიოსკურიიდან მითრიდატე ბოსფორისაკენ დაიძრა. მას განზრახული ჰქონდა, რომ თავისი განდგომილი შვილისთვის, მახარესათვის ბოსფორის მმართველობა წაერთვა და დაესაჯა იგი (33). ეს კი მხოლოდ 3 000 მეომრის ამარა საკმაოდ ძნელი იყო. ამასთან, მითრიდატე ბოსფორისაკენ სახმელეთო გზით წავიდა. მან `გადაიარა მეომარი და მის მიმართ მტრულად განწყობილი სკვითური ტომები, ზოგან დარწმუნებით და ზოგან ძალით~ (34), რაც თვით პომპეუსმაც კი ვერ გაბედა აქაურ ,,მცხოვრებთა სისასტიკის გამო~ (35). აპიანეს ცნობით, მითრიდატემ დაამარცხა მეომარი აქეელები და გააქცია (36), ხოლო ბოსფორში შესვლის შემდეგ კი, ტახტიდან ჩამოაგდო მახარე (37), რაც ცალსახად მოწმობს იმას, რომ მას თან უკვე სერიოზული სამხედრო ძალები ჰყავდა. ამას პირდაპირ ამბობს აპიანეც (38). ასე რომ, ბოსფორში შესვლისას მითრიდატეს თანმხლები ,,მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა~ (39), სწორედ ადრე კოლხეთში დისლოცირებული პონტოური სამხედრო ნაწილები იქნებოდნენ. გარდა ამისა, ეშერაში პონტოელთა სამხედრო ძალები რომ ყოფილიყო კონცენტრირებული, მაშინ პომპეუსი, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აუცილებლად გაილაშქრებდა მათ წინააღმდეგ, რამდენადაც პონტოელთა ყოფილი ადმინისტრაციული ცენტრის – დიოსკურიის მისადგომებთან მითრიდატული ჯარის ყოფნა ავტომატურად დიოსკურიის მტრის ხელში დატოვებას ნიშნავდა. კოლხეთის ტერიტორია პონტოელებს რომ მთლიანად დატოვებული ჰქონდათ მოწმობს ის ფაქტიც, რომ პომპეუსს კოლხეთში გარნიზონები არ დაუტოვებია (40). და ბოლოს, ეშერაში პონტოური გარნიზონის დატოვებას აზრიც არ ჰქონდა, რამდენადაც მითრიდატეს უკვე მთლიანად დაკარგული ჰქონდა აზიური სამფლობელოები და პერსპექტივაში საომარი ასპარეზის გადატანასაც იგი უკვე ევროპის ტერიტორიაზე აპირებდა (41). ასე რომ, მითრიდატეს ბოსფორში გაქცევის შემდეგ, კოლხეთში პონტოს სამხედრო ძალები არ დარჩენილან და შესაბამისად გამოირიცხება ეშერის დანგრევა არისტარქეს მიერ.
ახლა რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ეშერის დანგრევა უნდა მომხდარიყო ძვ. წ. 85-83 წწ. მოვლენების დროს. მითრიდატე უმცროსის მამისგან განდგომისა და კოლხთა აჯანყების პერიპეტიები სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდაა განხილული (42). ამიტომ ამ საკითხს აქ დაწვრილებით არ შევეხებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ მოსაზრების ამოსავალია ის რომ, თითქოს ეშერის ხანძარი მოხდა ქალაქ ვანის დანგრევის სინქრონულად და ეს ორი ფაქტი ურთიერთკავშირშია; კოლხეთის ორი პუნქტი _ ვანი და ეშერა მითრიდატეს მიერ კოლხეთში გამოგზავნილი სადამსჯელო ექსპედიციის მიერ შტურმით იქნა აღებული და მათი დანგრევა ერთდროულად მოხდა (43). თუმცა, მკვლევართა უმრავლესობა ვანის დანგრევას ძვ. წ. 48-47 წწ. ათარიღებს და კოლხეთში ფარნაკესა და მითრიდატე პერგამონელის ლაშქრობებს უკავშირებს, რაც დადასტურებულია კიდეც არქეოლოგიური მასალებით (44). გარდა ამისა, ეშერის დანგრევას კოლხთა აჯანყების დროს რომ ჰქონოდა ადგილი, მაშინ საომარი მოქმედებების კვალი დიოსკურიაშიც უნდა შემონახულიყო, რამდენადაც ეს უკანასკნელი კოლხეთის მეფის – მითრიდატე ფილოპატორ-ფილადელფოსის რეზიდენციას წარმოადგენდა და მითრიდატე ევპატორის მიერ გამოგზავნილი სადამსჯელო ექსპედიციის მთავარი ,,სამიზნე~ სწორედ დიოსკურია იქნებოდა. ამ პერიოდის დიოსკურიის არქეოლოგიურ მასალებში კი სამხედრო შეტაკების კვალი არ შეიმჩნევა. და ბოლოს, ეშერის დანგრევას რომ ადგილი არ ჰქონია მითრიდატე უმცროსის დროს, ეს, ჩვენი აზრით, ნუმიზმატიკური მასალებიდანაც ჩანს. როგორც აღვნიშნეთ, ეშერაზე განხორციელებული თავდასხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ამის შემდეგ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. ეშერის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, ძვ. წ. 80-70 წწ. ამისოში მოჭრილი ტეტრახალკი (45) კი, ვფიქრობთ, აშკარად ადასტურებს იმას, რომ ძვ. წ. I ს. 70-იან წწ., ე.ი. კოლხთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, აქ ისევ იდგა პონტოური გარნიზონი.
ამდენად, მკვლევარებმა ეშერის დანგრევის ფაქტი ძვ. წ. I ს. პირველ ნახევარში კოლხეთში მომხდარ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირეს, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ყველა ამ მოსაზრებას აქვს სუსტი მხარეები და საკითხი გადაჭრილად ვერ ჩაითვლება. და მაინც როდის უნდა დანგრეულიყო ეშერა? უკანასკნელ ხანებში ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ავტორობით შესრულებულ სახელმძღვანელოში «История Абхазии» გამოითქვა საყურადღებო მოსაზრება. ავტორებმა ეშერის დანგრევის ფაქტი პომპეუსის კოლხეთში ლაშქრობას დაუკავშირეს _,,Создаётся впечатление что местные племена в тот момент (იგულისხმება ეშერაში გამართული ბრძოლა _ კ. ფ.) поддерживали римского полководца Помпея в борьбе против Митридата VI Евпатора~ (46). Aამ მოსაზრების დამატებით არგუმენტად შეიძლება გამოდგეს ჩვენ მიერ ზემოთ განხილული პლუტარქეს ცნობა. Pპლუტარქეს მიერ მოხსენიებული ,,ზემო კოლხეთისა~ და ეშერის არქეოლოგიური მასალების შეჯერების საფუძველზე, ჩვენი აზრით, მეტნაკლებად შესაძლებელია იმ დროს კოლხეთის ამ რაიონში მიმდინარე ბატალიების მეცნიერული რეკონსტრუქცია.
წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მაშინ ,,ზემო კოლხეთი~ კოლხეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უნდა იყოს. როგორც ცნობილია, კოლხეთი ჯერ კიდევ ძვ. წ. 105-90 წლებიდან მითრიდატეს ვრცელი სამეფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული და ძვ. წ. 85-83 წწ. შორის ხანმოკლე პერიოდის გარდა, როცა აქ დროებით აღდგენილი იქნა ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება, პონტოს სამეფოს ერთ-ერთ სატრაპიას წარმოადგენდა (47). როგორც ჩანს, მითრიდატიდების მმართველობის პერიოდში კოლხეთში კვლავ შენარჩუნებულ იქნა ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა ტრადიციულ `სკეპტუხიებად~ (48). კოლხეთის სამეფოს დაცემისა და მისი ტერიტორის მითრიდატე VI-ის სახელმწიფოში მოქცევის შემდეგ, `სკეპტუხთა~ ცენტრიდანული ტენდენციები შეიზღუდა (49), თუმცა, ფაქტია, რომ პონტოელთა ძალაუფლება მთელ კოლხეთში ერთნაირი არ იქნებოდა. ისინი მტკიცედ დამკვიდრდნენ კოლხეთის ზღვისპირეთსა და ცენტრალურ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთის მიუვალი, მთიანი ნაწილი და კოლხეთის უკიდურესი ჩრდილო_დასავლეთი ნაწილი კი, ძნელი წარმოსადგენია, რომ მითრიდატეს რეალურად გაეკონტროლებინა. ეს მოგვიანებით რომაელებმაც კი ვერ მოახერხეს. მაგ., ხანგრძლივი დროის მანძილზე დიოსკურიის იქით მცხოვრებ ტომებზე რომაელთა გავლენა საერთოდ არ ვრცელდებოდა. სტრაბონის (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 24 წწ.) ცნობით, რომაელების `ხელში არის ჩვენკენ მომართული აზიის მთელი სანაპირო, თუ არ მივიღებთ მხედველობაში აქეელების, ზიგებისა და ჰენიოხების [მხა¬რეს], რომელნიც ვიწრო და მწირ ადგილებში ცხოვრობენ ყაჩაღობითა და მომთაბარეობით.~(50) ფაქტია, რომ დიოსკურიის იქით არსებული ,,ბარბაროსული~ სივრცე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ Mმითრიდატიდების რეზიდენციად კოლხეთში თავიდანვე დიოსკურია გამოცხადდა (51). თუმცა, ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის მორჩილებაში ყოლა არც თუ ისე ადვილი საქმე იყო და, როგორც აღინიშნა, თვით რომაელებმაც კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ მოახერხეს ამ ტერიტორიაზე ,,საიმპერიო წესრიგის~ დამყარება და მხოლოდ ახ. წ. II ს. 30-50-იან წწ. პიტიუნტში გარნიზონის შეყვანის შემდეგ შეძლეს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მომთაბარე ტომთა გაკონტროლება (52).
ცხადია, კოლხეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის, `ზემო კოლხეთის~ რეალურ კონტროლქვეშ მოქცევა მითრიდატეს გაუჭირდებოდა და აქ პონტოელთა ძალაუფლება ეფემერული ხასიათისა თუ იქნებოდა. ასეთ ვითარებაში, სავარაუდოა, რომ ,,ზემო კოლხეთი~, რომელიც შესაძლოა კოლხეთის სამეფოს ფარგლებში ცალკე ,,სკეპტუხიის~ სახით შედიოდა, ანტი¬მითრიდატული ძალების თავშესაფარს წარმოადგენდა (53). შესაძლებელია, ეს ძალები მონაწილეობდნენ კიდეც მითრიდატე უმცროსის აჯანყებაში, როდესაც რომთან პირველ ომში (ძვ. წ. 89-84 წწ.) ჩაბმული მითრიდატე ევპატორი იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა კოლხეთის მოთხოვნა და აქ დროებით, ძვ. წ. 85-83 წწ. აღედგინა სამეფო ხელისუფლება (54). მოგვიანებით კი, როცა მითრიდატემ საკუთარი შვილი მითრიდატე ფილოპატორფი¬ლა¬დელფოსი სიკვდილით დასაჯა და კოლხეთი კვლავ სატრაპიად გადააქცია, ამ ოპოზიციურად განწყობილ ძალებს კოლხეთში არ ედგომებოდათ. მათი ხელახალი გააქტიურება უნდა დაწყებულიყო ძვ. წ. 72 წ., როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლუკულუსმა მოახდინა პონტოს ოკუპაცია და მითრიდატე ევპატორი სომხეთში გადაიხვეწა. ძვ. წ. 69 წ. ტიგრანო¬კერტთან გამართულ ბრძოლაში ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგეები, რომლებმაც დაიწყეს უკან¬დახევა სომხეთის შიდა რაიონებისაკენ. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, და თვით რომაელებიც კი მიიჩნევდნენ, რომ მითრიდატესთან ომი უკვე დასრულებული იყო და მოხუც მეფეს არავითარი რესურსი არ გააჩნდა მის გასაგრძელებლად. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დროს, მითრიდატეს მოწინააღმდეგე კოლხები დაეუფლნენ ქვეყნის ერთ ნაწილს, `ზემო კოლხეთს~ და დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ პონტოელებს. როგორც ჩანს, ისინი დაეუფლნენ ეშერას და გამორიცხული არ არის რომ ემზადებოდნენ დიოსკურიის ასაღებადაც. შესაძლოა, რომ ამ ანტი¬მითრიდატულ ძალებს კოლხეთში სწორედ არისტარქე მეთაურობდა, რომელიც პომპეუსმა მოგვიანებით კოლხეთის მმართველად დანიშნა. თუმცა, ძვ. წ. 67 წ. ტიგრან II და მითრიდატე მკვეთრად გააქტიურდნენ და ამ უკანასკნელმა მოახერხა პონტოზე თავისი კონტროლის აღდგენა. სიტუაციის ასეთი რადიკალური შეცვლა, რა თქმა უნდა კოლხეთზეც აისახებოდა. როგორც ჩანს, პონტოელებმა აქაც მოახერხეს მთელი თავისი ძალების მობილიზება, დიოსკურიიდან მძლავრი იერიში მიიტანეს ეშერაზე და დაანგრიეს კიდეც. სწორედ ასეთ ვითარებაში იქნა მიღებული ჯერ გაბინიუსის, ხოლო შემდეგ კი მანილიუსის კანონები და აღმოსავლური ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა პომპეუსი. აღმოსავლეთში დიდი გარდაქმნების ხანა დაიწყო. პომპეუსის გარშემო დაიწყო თავმოყრა ყველა ანტი¬მითრიდატულმა ძალამ, მას¬თან გამოცხადდა უამრავი ადგილობრივი მმართველი. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ ეტაპზე, პონტოს წინააღმდეგ გადამწყვეტი კამპანიის დაწყებამდე დაუკავშირდა `ზემო კოლხეთის~ გამგებელი არისტარქე პომპეუსს და შესთავაზა მას თავისი სამსახური. რომაელებმა კი, ბუნებრივია, არისტარქეს მმართველობის ქვეშ მყოფი რაიონი პომპეუსის საგამგებლო ტერიტორიებს მიაკუთვნეს, რაც აისახა კიდეც პლუტარქეს ნაშრომში.
Aამდენად, პლუტარქეს ,,პარალელურ ბიოგრაფიებში~ დაცული ცნობა ,,ზემო კოლხეთის~ შესახებ კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ძველი კოლხეთის საზღვრები მინიმუმ თანამედროვე გაგრა-ბიჭვინტის სექტორამდე ვრცელდებოდა და დღევანდელი აფხაზეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ერთიანი კოლხური სახელმწიფოებრივი სივრცის ორგანულ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.


გამოყენებული ლიტერატურა

1. Plut., Pomp., 25-29;  App., Mithr., 94.
2. Cic., Pro Lege Manilia, III. 
3. Plut., Lucul., 26-32; Dio Cass., XXXVI, 1-17; App., Mithr., 72-91.
4. Plut., Pomp., 30, App., Mithr., 97; Cic., De Imperio Gn. Pompei, III. 8; IV, 9; IX, 22.
5. Т.Моммзен. История  Рима.Т., 3, кн.5, М., 2002, gv. 111.
6. იბერია-კოლხეთში პომპეუსის ლაშქრობის შესახებ იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები). თბ., 2005, გვ. 27-30; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ.. 99-117.
7. App.,  Mithr., 114.
8. Г. А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды. Тб., 1970, გვ. 37; Th. Reinach. Mithridate Eupator roi de Pont. Paris, 1890, გვ. 458; D. Magie. Roman rule in Asia Minor , vol. I  Princeton, New Jersey, 1950, გვ. 374. არისტარქეს შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. პომპეუსი და არისტარქე კოლხი. _ ბედია, 8-9. თბ., 2010, გვ. 257-289.
9. Plut., Pomp., 30. იხ.: პლუტარქე. რჩეული პარალელური ბიოგრაფიები, ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებები დაურთო აკ. ურუშაძემ, თბ., 1957.
10. М. Дреер. Помпей на Кавказе: Колхида, Иберия, Албания. – Вестник древней истории. 1994, №1. ელექტრონული ვერსია იხ.: http://ancientrome.ru/publik/dreyer/dreyer01-f.htm.
11. App.,  Mithr., 101.
12. Plut., Pomp., 34.
13. С. И. Соболевский. Плутарх. – წგნ.: Плутарх. Сравнительные жизнеописания в трех томах. I. Издание подготовили С. П. Маркиш и С. И. Соболевский. М., 1961, გვ. 10-11.
14. Д. П. Калистов. Римские биографии Плутарха. – წგნ.: Плутарх. Избранные биографии. М.-Л., 1941, გვ. 189-197; С.Я. Лурье. Плутарх и его время. – წგნ.: Плутарх. Избранные биографии, გვ. 5-18.
15. С. И. Соболевский. Плутарх, გვ. 464; А. Лосев. Плутарх. Очерк жизни и творчества. – წგნ.: Плутарх. Сочинения. Сост. С. Аверинцева; Вступит. статья А. Лосева; комент. А Столярова. М., 1983, გვ. 9.
16. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები. თბ., 1998, გვ. 125-134; Плутарх. Избранные Жизнеописания. Т. I. Составление, вступительная статья и примечания М. Томашевской. М., 1990, გვ. 9-10.
17. Г.К. Шамба. Ешерское городище. Тб., 1980, გვ. 49-50, 60; Ю.Н. Воронов. Диоскуриада – Себастополис – Цхум. М., 1980, გვ. 75-76.
18. Ю.Н. Воронов. Диоскуриада – Себастополис – Цхум, გვ. 76.
19. Г.К. Шамба. Ешерское городище, გვ. 60.
20. თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ., 1993, გვ. 49-55.
21. Т.Т. Тодуа. Крепости Митридата VI Евпатора в Колхиде. – Вестник древней истории, 1988, №1(184), გვ. 139-146.
22. Н.Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху (VI в. до н.э. – III в. н.э.). Тб., 2005, გვ. 69, 97, 106-107.
23. Т.Т. Тодуа. Крепости Митридата VI Евпатора в Колхиде, გვ. 141-142.
24. Н.Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху, გვ. 106-107.
25. Н.Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху, გვ. 107.
26. Н.Б. Берулава. Город Диоскурия-Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху, გვ. 106.
27. App., Mithr., 101-102.
28. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 28; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 109-110.
29. Strabo, XI, 2, 18; Г.А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды, გვ. 31; Т.Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, Тб., 1990, გვ. 72.
30. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 28-29; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006, გვ. 38; Т.Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 73.
31. Т.Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 73.
32. App., Mithr, 101; Ю.Н. Воронов. Диоскуриада – Себастополис – Цхум, გვ. 72.
33. Dio Cass.,  XXXVI, 50, 1-2; App., Mithr., 101
34. App., Mithr., 102.
35. App., Mithr., 103.
36. App., Mithr., 102.
37. App., Mithr., 101.
38. App., Mithr., 102.
39. App., Mithr., 102. 
40. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 59-61. იქვე იხ.: პრობლემის გარშემო არსებული მთელი ლიტერატურა.
41. App., Mithr., 101-102, 109.
42. გ. დუნდუა. იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში? _ მაცნე, ისტორიის.., სერია, #2, 1974, გვ. 152-157; თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, გვ. 50-68; კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან (ძვ.წ. I ს). _ საისტორიო ძიებანი, I, თბ., 1998, გვ. 18-24.
Г.А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды, გვ. 20-36; Н.Ю. Ломоури. К истории Понтийского царства. Тб., 1979, გვ. 167-180; Е.А. Молев. Митридат Евпатор. Саратов, 1976, გვ. 24-27; Д.Б. Шелов. Колхида в системе Понтийской державы Митридата VI. – ВДИ, 1980, №3 (153), გვ. 28-53; А.И. Немировский. Понтийское царство и Колхида. – Кавказ и Средиземноморье. Тб.,1980, გვ. 154-160; Т.Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 60-73.
43. თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, გვ. 50.
44. ო. ლორთქიფანიძე. ვანის ნაქალაქარი. გათხრები, ისტორია, პრობლემები. _ ვანი I, თბ., 1972, გვ. 7-42; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 123-124; Т.Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 69-73
45. თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, გვ. 70;
გ. დუნდუა, თ. დუნდუა. ქართული ნუმიზმატიკა. I ნაწილი. თბ.,
2006, გვ. 78-79; С. М.Шамба. О чем говорят монеты, Сухуми, 1982, გვ. 16-17; С. М. Шамба. Монетное обращение на территории Абхазии (Vв. до н.э. – XIII в. н.э.), Тб., 1987, გვ. 34-35.
46. О.Х. Бгажба, С.З. Лакоба. История Абхазии. С древнейших времён до наших дней. Сухуми, 2006, გვ. 76; იგივე მოსაზრება გამეორებულია - О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии с древнейших времен до наших дней. М., 2007, გვ. 74-75. იხ.: ამ უკანასკნელის ელექტრ. ვერსია - http://www.apsuara.ru/lib_b/bgzb112.php
47. კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან, გვ. 18-22.
48. კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციული სისტემაში. – საისტორიო ძიებანი, VI. თბ., 2003, გვ. 193; Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства. Тб., 1990, გვ. 81; Н.Б. Берулава. Город Диоскурия – Себастополис и район Сухумской бухты в античную эпоху, გვ. 132.
49. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 22.
50. Strabo,, XVII, 3, 24.
51. Н.Ю. Ломоури. К истории Понтийского царства, გვ. 175-178; Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства, გვ. 65-68; Ю.Н. Воронов. Диоскуриада – Себастополис – Цхум, გვ. 72.
52. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 148-149.
53. ამ ძალების არსებობა კოლხეთში აშკარაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მითრიდატე VI-ის მიერ კოლხეთის დაკავება უბრძოლველად არ მომხდარა. როგორც ჩანს, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველებმა _ `სკეპტუხებმა~ პონტოელებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ამას ადასტურებს მემნონის (ძვ.წ. I – ახ. I სს. მიჯნა) ცნობა, რომ პონტოს მეფემ `ომით დაიმორჩილა ფასისის მიდამოების მეფეები~ (Мемн., XV, III; თ. ყაუხჩიშვილი. მემნონის `ჰერაკლეის ისტორიის~ ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ. _ მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 34. თბ., 1962, გვ. 149). ეს `მეფეები~ რეალურად მხოლოდ ადგილობრივი `სკეპტუხები~ უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ სურდათ თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლების შეზღუდვა. როგორც ჩანს, მათ იმდენად სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პონტოელებს, რომ აპიანე (დაახ. 90-170 წწ.) მითრიდატეს ქვეშევრდომ და მეგობარ ხალხთა ჩამონათვალში, კოლხებს `კარგ მეომარ ხალხად~ იხსენიებს~(App., Mithr.,15. აპიანე. მითრიდატეს ომების ისტორია. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1959, გვ. 59).
54. App., Mithr., 64; კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან, გვ. 18-22.



სტატიის ავტორი _ კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სტატია გამოქვეყნდა კრებულში _ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, N 1 (8). თბილისი, 2012 წ.

 


 


megobari saitebi

   

02.10.2015