კონსპექტი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში
(მინიმალური სტანდარტი)


1 2 3 4

23. ვახტანგ VI
24. აშშ-ს ჩამოყალიბება
25. ერეკლეს ეპოქა
26. ნაპოლეონის ეპოქა
27. თერგდალეულები
28. I მსოფლიო ომი და ვერსალის კონფერენცია
29. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.)

23. ვახტანგ VI

XVI ს-ის 30-იანი წლებიდან ქართლსა და კახეთში ირანელების მიერ დანიშნული მუსლიმი მმართველები ისხდნენ. ქართლს თუ ქართლის ბაგრატიონების შთამომავლები მართავდნენ, კახეთი ირანელი ხანების ხელში იყო. XVI ს-ის ბოლოდან ქართლის მმართველები, იგივე `გურჯისტანის ვალები~ იძულებული იყვნენ ირანელთა მიერ წარმოებულ ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა. გიორგი XI თავისი ჯარით ავღანეთში იბრძოდა. ის ირანის ჯარების მთავარსარდალი და ავღანეთის მმართველიც კი გახდა. ამ დროს ქართლს მისი მოადგილე (`ჯანიშინი~), ძმისწული ვახტანგ VI მართავდა. თუ ვალი აუცილებლად მუსლიმი უნდა ყოფილიყო, ჯანიშინი შესაძლოა ქრისტიანიც ყოფილიყო. ვახტანგი ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. მის დროს, 1709 წელს თბილისში დაარსდა სტამბა, სადაც სახარება და `ვეფხისტყაოსანი~ დაიბეჭდა; შედგა `სწავლულ კაცთა კომისია~, რომელიც საისტორიო კრებულის `ქართლის ცხოვრების~ განახლებასა და გაგრძელებაზე იმუშავა. გიორგი XI და მისი მემკვიდრე `გურჯისტანის ვალი~ ქაიხოსრო (ვახტანგის ძმა) ავღანელებთან ბრძოლას შეეწირნენ. 1711 წელს ქაიხოსროს დაღუპვის შემდეგ შაჰმა არჩევანი ვახტანგზე შეაჩერა. 1712 წელს `გურჯისტანის ვალად~ ანუ ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ვახტანგი ისპაჰანში გაემგზავრა. მის ამალაში იყო სულხან-საბა ორბელიანიც. შაჰმა ვახტანგს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგს ისლამის მიღება არ სურდა, ამიტომ უარი თქვა. შაჰმა ის დაატყვევა, ხოლო `გურჯისტანის ვალად~ მისი მუსლიმი ძმა, იესე ალი ყული-ხანი დაამტკიცეს.
ვახტანგმა სცადა ირანის შაჰზე გავლენა ევროპელი მონარქების საშუალებით მოეხდინა და სულხან-საბა ევროპაში ელჩად გაგზავნა. 1714 წელს სულხან-საბა შეხვდა რომის პაპს და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. სულხან-საბა საფრანგეთის ეკონომიკურად დაინეტერსებასაც ცდილობდა. მან ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს გავლით იაფი აბრეშუმის მიწოდება შესთავაზა. 1715 წელს ლუი XIV გარდაიცვალა და ეს ელჩობა უშედეგოდ დასრულდა.
ვახტანგი იძულებული გახდა ისლამი მიეღო და ამის შემდეგ შაჰმა ის `გურჯისტანის ვალად~ (ქართლის მეფედ) დაამტკიცა. ვახტანგი ირანის გავლენისგან ქვეყნის დახსნას ცდილობდა და ამჯერად გაძლიერებულ რუსეთს მიმართა.
1715 წლიდან რუსეთის მეფის, პეტრე I-ის ელჩი ირანში იყო არტემ ვოლინსკი, რომელსაც გაეკვეული დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებაც ევალებოდა. 1719 წელს ის ასტრახანის გუბერნატორად დანიშნეს. ვოლინსკიმ ვახტანგათან მოლაპარაკებები დაიწყო. პეტრე I-ს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს დაკავება ჰქონდა განზრახული და ამ საქმეში ვახტანდის დახმარება ჭირდებოდა. ამ გეგმას ქართლში აღფრთოვანებით შეხვდნენ. 1722 წელს პეტრე I-ის ჯარმა კასპიის ნაპირებზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. იმავე წელს ვახტანგის გადაბირება მოინდომა თურქეთის სულთანმაც. მისი სახელით ვატხანგს არზრუმის ფაშა ეწვია. ირანის წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ ვახტანგს თურქეთის სულთანი მთელ საქართველოს პირდებოდა. ქართლის მეფემ ეს წინადადება არ მიიღო. ამასობაში რუსეთის ჯარმა კასპიისპირეთში სამხედრო მოქმედებები შეაჩერა.

1723 წელს ირანის ახალი შაჰის, თამაზის ბრძანებით, კახეთის მეფე კონსტანტინემ დაქირავებული ლეკების, განჯისა და ერევნის ხანების დახმარებით, სამთვიანი ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღო. ვახტანგი ცხინვალში გამაგრდა. არზრუმის ფაშამ ვახტანგს კვლავ შესთავაზა, სულთნის ძალაუფლება ეცნო და მისი წინადადება მიეღო. მეფის დარბაზიც თურქების წინადადებისკენ იხრებოდა, თუმცა ვახტანგს რუსების დახმარების იმედი ჰქონდა და ამიტომ თურქებთან მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. როცა თურქებმა ჩათვალეს, რომ ვახტანგი მათ ატყუებდა, ქართლში შეიჭრნენ. 1724 წელს თურქები და რუსები შეთანხმდნენ: თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, სანაცვლოდ კი აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთსა და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იღებდა. იმავე წელს ვახტანგ VI 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა. მასთან ერთად იყო სულხან-საბა ორბელიანიც.

 

24. აშშ-ს ჩამოყალიბება

ინგლისმა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია XVII საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1607 წელს მეფე ჯეიმს I-ის ნებართვით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლონდონის სააქციო საზოგადოებამ დაარსა პირველი ინგლისური კოლონია - ვირჯინია. XVIII ს-ის 70-იანი წლებისთვის ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 13 ინგლისური კოლონია არსებობდა. ამ კოლონიების მოსახლეობის ძირითად ნაწილს პურიტანები (პროტესტანტულ მიმდინარეობის წევრები, რომლებიც რელიგიური დისციპლინის გამკაცრებას მოითხოვდნენ) შეადგენდნენ. ნელ-ნელა ამერიკულმა საქონელმა ბრიტანული საქონელი ბაზრიდან გამოდევნა. ინგლისელები სხვადასხვა გადასახადების, ბაჟების და შეზღუდვების დაწესებით შეეცადნენ კოლონისტების წარმატებები შეენელებინათ. ამან ამერიკელი კოლონისტების პროტესტი გამოიწვია. მათი აზრით, მათი ნების გაუთვალისწინებლად ინგლისის პარლამენტს ახალი გადასახადების შემოღების უფლება არ ქონდა. ამიტომ მოითხოვეს საკუთარი წარმომადგენლების ყოლა ინგლისის პარლამენტში. 1774 წელს კოლონიების წარმომადგენლებმა მოიწვიეს პირველი კონტინენტური კონგრესი, თუმცა ინგლისის ხელისუფლებამ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
1775 წელს ბოსტონთან მოხდა პირველი შეიარაღებული შეტაკება ბრიტანეთის და კოლონისტების ჯარებს შორის. იმავე წელს ფილადელფიაში II კონტინენტურმა კონგრესმა თავი საკანონმდებლო ორგანო - კონგრესად (პარლამენტად) გამოაცხადა და ინგლისტან ურთიერთობა გაწყვიტა. შეიქმნა მოხალისეთა არმია, რომელსაც სატავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა მიიღო თომას ჯეფერსონის შემუშავებული „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. 1783 წელს ინგლისმა თავი დამარცხებულად ცნო და პარიზის ზავით აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა. ჯეიმს მედისონის პროექტის საფუძველზე 1787 წელს კონგრესმა მიიღო აშშ-ს კონსტიტუცია, რომელიც გარკვეული შესწორებებით დღემდე ძალაშია.

აშშ შექმნა პირველმა 13-მა კოლონიამ-შტატმა, რაც მის დროშაზე აისახა. ამერიკის დროშას აქვს 13 წითელი და თეთრი ზოლი, ხოლო მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე თავიდან გამოსახული იყო 13 ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში ვარსკვლავების რაოდენობა (შტატების რაოდენობა) იზრდებოდა და ახლა 50 ვარსკვლავია დატანილი.

 

25. ერეკლეს ეპოქა

ა) XVIII ს-ის 60-იანი წლები და გეორგიევსკის ტრაქტატი
ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჯერ თურქები დაეპატრონენ (ე.წ. „ოსმალობა“), შემდეგ კი - სპარსელები („ყიზილბაშობა“). მალე ირანელების ახალ შაჰს ნადირ შაჰს თურქების წინააღმდეგ ქართველების დახმარება დასჭირდა. ამიტომ 1744 წელს მან უფლება მისცა თეიმურაზ II-ს და მის ვაჟს ერეკლე II-ს მეფეებად ქრისტიანული წესით კურთხეულიყვნენ. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის ქრისტიანი მეფეები გახდნენ. ისინი ფორმალურად ირანის ვასალებად ითვლებოდნენ. თეიმურაზი ამ დამოკიდებულებიდან თავის დაღწევას ცდილობდა და ქრისტიანულ რუსეთში დასახმარებლად რამდენიმე ელჩობაც გაგზავნა. 1760 წელს თავადაც გაემგზავრა პეტერბურგში, მაგრამ მისმა ელჩობამ შედეგი ვერ მოიტანა. უკან გამობრუნებისას, გზაში ის გარდაიცვალა და ქ. ასტრახანში სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით, დაკრძალეს.
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გახდა. მის დროს ქვეყანა ზალიან გაძლიერდა. ერევნის, განჯის და ნახჭევანის ხანები მას ემორჩილებოდნენ. 1751 წელს მან ირანის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანიც კი დაამარცხა. იმავე პერიოდში იმერეთში სოლომონ I მეფობდა, რომელმაც 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. შემდეგ მისი ინიციატივით 1759 წელს მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც დასავლეთ საქართველოს მთავრებმა და დიდებულებმა მეფეს შეჰფიცეს, რომ უარს იტყოდნენ ე. წ. „ტყვის სყიდვაზე.“ ასევე სოლომონმა და ერეკლემ ერთმანეთტან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს.
XVIII ს-ის 60-იანი წლების ბოლოს, 1768 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო, რომელიც 1774 წლამდე გაგრძელდა და მასში რუსების მხარეს ორივე ქართველი მეფე იბრძოდა. 1770 წელს რუსებმა საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ჯარი გამოგზავნეს. ტოტლებენი ერეკლესთან ერთად აწყურის ციხის, სადაც თურქული გარნიზონი იდგა, ასაღებად გაემართა. რუსებმა ციხე ვერ აიღეს და უკან ქართლში გაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, მარტო დარჩენილმა ერეკლემ ქართველთა ჯარით ასპინძის ბრძოლაში თურქები დაამარცხა. ამის შემდეგ ის ქართლში დაბრუნდა და რუსეთის იმპერეტორი ეკატერინე II აიძულა ტოტლებენი უკან გაეწვია. 1774 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავი. საქართველოსთვის ფაქტიურად არაფერი შეიცვალა - დასავლეთ საქართველო კვლავ თურქების გავლენის ქვეშ დარჩა. ამ ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთიერთობა გაუფუჭდა არა მხოლოდ თურქეთთან და მის მოკავშირე ლეკებთან, არამედ ირანთანაც, რომელსაც არ აწყობდა რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში. მიუხედავად ამისა, ერეკლე მაინც აგრძელებდა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას და 1782 წელს მან ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ ეკატერინე II-ს ოფიციალურად მიმართა. 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ. ტრაქტატის თანახმად რუსეთი ცნობდა ქართლ-კახეთის ტახტზე ერეკლეს და მისი შთამომავლების სამუდამო უფლებას; რუსეთი ვალდებულებას იღებდა არ ცარეულიყო ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში და ჩათვლიდა ამ ქვეყნის მტრებს საკუთარ მტრებად; ამავე დროს ქართლ-კახეთი რუსეთის დაუკითხავად არ აწარმოებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას; ქართული ეკლესიის მმართველობა უცვლელი რჩებოდა. ტრაქტატს ახლდა საიდუმლო პუნქტებიც: რუსეთს ქართლ-კახეთში უნდა გამოეგზავნა 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი, ხოლო ომის შემთხვევაში უნდა გაეზარდა ჯარის რაოდენობა; ქართული ჯარი საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხარჯებით მონაწილეობას მიიღებდა მათ მიერ წარმოებულ ომებში; სხვების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იყო ისინი ქართლ-კახეთისთვის გადაეცა.

ბ) ქართლ-კახეთის ანექსია
გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე II-ს ურთიერთობა დაეძაბა ირანთან. ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა წერილი მოწერა ერეკლეს, სადაც მოითხოვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და ირანის ქვეშევრდომობის აღიარება. წინააღმდეგ შემთხვევასი ის აფრთხილებდა ქართველ მეფეს, რომ მის სამეფოში ილაშქრებდა. ერეკლეს კვლავ რუსების დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ის მოტყუვდა. 1795 წელს კრწანისთან მოხდა ბრძოლა, რომელსიც ირანელთა 35 000-იან არმიას მოუმზადებელი ერეკლე 5000 მეომრით დაუპირისპირდა. ორდღიანი ბრძოლის სემდეგ, ქართველები დამარცხდნენ და 11 სექტემბერს ირანელებმა თბილისი აიღეს. მალე აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნდა. შემდეგ ის კვლავ ემზადებოდა საქართველოში სალაშქროდ, მაგრამ შეთქმულებმა მოკლეს. 1798 წლის 11 იანვარს 78 წლის ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი გიორგი XII ავიდა. 1801 წლის დასაწყისში მის სიცოცხლეშივე რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა პაქტს ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ. იმავე წელს გიორგი XII გარდაიცვალა და 12 სექტემბერს რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ახალი მანიფესტი ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ.

გ) იმერეთის სამეფოს გაუქმება
1789 წელს იმერეთის დელეგაციამ ერეკლე II-ს შესთავაზა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთანება, თუმცა ერეკლემ უარი განაცხადა. მისი მოტივაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ამით თურქეთი გაღიზიანდებოდა. იმერეთში გამეფდა ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ II.
ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1802 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი. 1804 წელს სოლომონ II იძულებული გახდა დაედო ელაზნაურის შეთანხმება, რომლის თანახმად იმერეთი და გურია რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. რუსეთმა ესეც არ იკმარა და 1810 წელს იმერეთში მეფობა გააუქმა. სოლომონ II თურქეთში გაიქცა და იქიდან ცდილობდა რუსეთთან ბრძოლას. მან დახმარებისთვის ნაპოლეონ ბონაპარტსაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სოლომონ II 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.


26. ნაპოლეონის ეპოქა

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კ. კორსიკაზე. მან სამხედრო კარიერა დაიწყო და დაწინაურდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. თავის ნიჭის წყალობით გენერლობამდე მიაღწია. 1796 წელს თავი გამოიჩინა იტალიასი, 1798 წელს კი ეგვიპტეში. 1799 წლიდან საფრანდეთის პირველი კონსული და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. 1800 წელს აუსტერლიცთან დაამარცხა ავსტრია-რუსეთის გაეთიანებული არმია. 1804 წლიდან ის საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ნელ-ნელა მან თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. თუმცა დიდ ბრიტანეთს, რომელსაც საფრანგეთის მთავარ მოწინააღმდეგედ თვლიდა, ვერაფერი მოუხერხა. 1806 წლიდან ამ ქვეყანას „კონტინენტური ბლოკადა“ გამოუცხადა. ეს იყო ეკონომიკური ღონისძიებების სისტემა, რაც დიდ ბრიტანეთთან ევროპული ქვეყნების ვაჭრობის აკრძალვას, ბრიტანული საქონლის ევროპაში არ შემოტანას და ამ ქვეყნისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას გულისხმობდა. თუმცა აქაც მარცხი განიცადა.
ამის სემდეგმთელი ყურადღება რუსეთის იმპერიისკენ გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონმა რუსეთში ილაშქრა. თავიდან წარმატებებს მიაღწია: ბოროდინოს ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია და მოსკოვი აიღო; მაგრამ რუსეთის უზარმაზარმა ტერიტორიამ და ზამთრის სიცივეებმა ფრანგული არმია ქმედითუუნარო გახადა და ნაპოლეონი რუსეთიდან დამარცხებული გამოიქცა. 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლაში რუსეთის, ავსტრიის, პრუსიის და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ ნაპოლეონი დაამარცხა და 1814 წელს პარიზი აიღო. ნაპოლეონი გადადგა და ის, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კ. ელბაზე გადაასახლეს. საფრანგეთში აღდგა მონარქია, ბურბონთა დინასტია და ეს ქვეყანა 1792 წლის საზღვრებს დაუბრუნდა. 1815 წლის მარტში ნაპოლეონმა დატოვა კ. ელბა და საფრანგეთში დაბრუნდა. მისმა მმართველობამ 100 დღეს გასტანა. იმავე წლის ივნისში ვატერლოოს (ბელგია) ბრძოლაში მისი არმია დამარცხდა ბრიტანელთა და პრუსიელთა გაერთიანებულ ძალებთან, რომელსაც ინგლისელი ლორდი ველინგტონი მეთაურობდა. 22 ივნისს ნაპოლეონი მეორედ გადადგა და ის გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე (ატლანტის ოკეანეში).
1814 წელს სექტემბერში ნაპოლეონის პირველი გადადგომის შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა ვენაში მოიწვიეს კონგრესი, რომლის დასკვნით აქტს 1815 წლის 9 ივნისს მოაწერეს. მას საფრანგეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მეთაურობდა, ნაპოლეონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმჟამად ბურბონთა სამსახურში ჩამდგარი, ცნობილი დიპლომატი ტალეირანი. ამ კონგრესზე შემუშავდა საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა, რომელიც წონასწორობის დაცვას ევროპაში „დიდ სახელმწიფოებს“ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, პრუსიას, ავსტრიას და რუსეთს აკისრებდა. ის ისტორიაში „ვენის სისტემის“ სახელით შევიდა და საერთაშორისო სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობდა. პირველად ამ დროს დაინერგა მოლაპარაკებები შეიარაღების შემცირების შესახებ.


27. თერგდალეულები

XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“. ესენი იყვნენ რუსეთის უნივერსიტეტებში განათლებამირებული ახალგაზრდები - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები. „თერგდალეულების“ აღიარებული ლიდერი იყო ი. ჭავჭავაძე. მათ თავიდანვე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა.
1875 წელს მათი ინიციატივით დაარსდა თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი. ამ ბანკს 30 წლის მანძილზე მეთაურობდა ი. ჭავჭავაძე. მოგვიანებით ასეთი ბანკი ქუთაისშიც დაარსდა. მათი მიზანი შემდეგი იყო: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაღარიბებული თავადაზნაურობის შემოსავლის ძირითადი წყარო მამულების გაყიდვა იყო. ამ მიწებს კი ძირითადად მდიდარი ბურჟუაზია, რომელთა შორის უცხოელები სჭარბობდნენ, ყიდულობდა. ეს ბანკები თავადაზნაურობას იმის საშუალებას აძლევდნენ, რომ მიწა არ გაეყიდათ და დროებით დაეგირავებინათ. თანხის ბანკში დაბრუნების შემდეგ კი მას უკან იბრუნებდნენ. ამ ბანკების შემოსავლის საკმაო ნაწილი კი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ხმარდებოდა.
1879 წელს „თერგდალეულების“ ინიციატივით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნა, რომლის თავჯდომარე ჯერ დიმიტრი ყიფიანი, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძე იყო. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობდნენ ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე და სხვები. მათ მთელ საქართველოში დაწყებითი ქართული სკოლების ქსელი შექმნეს; დაიწერა ახალი ქართული სახელმძღვანელოები - „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და ა.შ. ორგანიზაციამ შეაგროვა მოსახლეობაში გაბნეული ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული კულტურის ძეგლების და ტრადიციების აღსაწერად ჩაატარა ექსპედიციები და ა. შ.
1863 წელს ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“; 1866 წელს გიორგი წერეთელმა და სერგეი მესხმა- გაზ. „დროება“; 1877 წელს ი. ჭავჭავაძემ-გაზ. „ივერია“. ეს გამოცემები ქართული ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას უწყობდა ხელს. 70-80-იან წლებში „თერგდალეულების“ რიგები ორად გაიყო. პირველ დასს კვლავ ი. ჭავჭავაძე ედგა სათავეში, ხოლო მეორე დასს - გ. წერეთელი და ნ. ნიკოლაძე. მათ იდეებს, რომელიც რადიკალური ბურჟუაზიის მსოფლმხედველობას ასახავდა, გაზ. „დროება“ გამოხატავდა.


28. I მსოფლიო ომი და ვერსალის კონფერენცია

ა) I მსოფლიო ომი (1914-1918)
XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დიდ სახელმწიფოებს გადანაწი - ლებული ჰქონდათ. აზიისა და აფრიკის კოლონიები ძირითადად დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელში იყო. ეს იწვევდა დაპირისპირებას გერმანიასთან, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ ტერიოტორიებზე. საკუთარი ინტერესები ჰქონდათ რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს, იტალიას, აშშ-ს, იაპონიას და სხვებს. ამ ინეტერსების გათვალისწინებით ეს სახელმწიფოები დაჯგუფდნენ ორ სამხედრო ბლოკში. 1882 წელს დაიდო ხელშეკრულება გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა და იტალიას შორის, რომელიც ისტორიაში "სამთა კავშირის" სახელით არის ცნობილი. 1892 წ. ამ სამხედრო ბლოკის საპირისპიროდ ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის. 1904 წ. დაიდო ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რომელსაც "ანტანტა" (გულითადი შეთანხმება) ეწოდა. შემდგომში "ანტანტა" ეწოდებოდა I მსოფლიო ომში დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მათი მოკავშირეებისგან შემდგარ კავშირს. 1907 წელს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ორი სამხედრო ბლოკი ევროპაში ასე ჩამოყალიბდა. "სამთა კავშირს" მოგვიანებით შეუერთდნენ თურქეთი და ბულგარეთი, ხოლო "ანტანტას" იაპონია, სერბეთი, აშშ. 1915 წელს იტალია გამოვიდა "სამთა კავშირიდან" და I მსოფლიო ომში "ანტანტის" მხარეზე მიიღო მონაწილეობა.
I მსოფლიო ომის საბაბი გახდა ტერორისტული აქტი. 1914 წლის 28 ივნისს ქ.სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა სტუდენტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მის მეუღლე მოკლა. ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა, შემდგე კი თავს დაესხა. რუსეთის იმპრეტორმა ნიკოლოზ I I -მ მოძმე სერბი ხალხის დასაცავად ჯარის მობილიზიაცია გამოაცხადა. ამის საპასუხოდ 1914 წლის 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა (ეს თარიღი I მსოფლიო ომის დასაწყისად ითვლება). 3 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთსაც და ბელგიის ტერიტორიის გავლით საფრანგეთში შეიჭრა. 4 აგვიტოს დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას გამოუცხადა ომი. I მსოფლიო ომი 4 წელზე დიდხანს გაგრძელდა. საბრძოლო მოქმედებები ერთდროულად აფრიკაში, აზიასა და ევროპაში რამდენიმე ფრონტზე მიმდინარეობდა, მაგრამ ძირითადი ევროპის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტები იყო. აქ გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა: სომის, იპრის და ვერდენის. I მსოფლიო ომის მსვლელობისას გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები. 1915 წლის აპრილში მდ. იპრთან გერმანელებმა ფრანგების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მომწამლავი გაზი. ამის შემდგომ ასეთ გაზებს ორივე მხარე იყენებდა. ამის საწინააღმდეგოდ აირწინაღები შეიქმნა. 1916 წ. სომის ბრძოლაში ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტანკი. ამ ომში პირველად იქნა გამოყენებული წყალქვეშა ნავი გერმანელების მიერ. მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს ავიაცია, ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები, რომლებიც ჭურვებს 10 კმ-ზე შორს ისროდნენ. 1917 წლის აპრილში ომში ჩაება აშშ, რომელმაც "ანტანტის" დასახმარებლად ევროპაში 2 მლნ-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა. ომის მსვლელობაზე ასევე გავლენა იქონია 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ. სახელმწიფოს სათავეში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოვიდნენ. ახალმა მთავრობამ 1918 წ. 3 მარტს გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატული ზავი დადო და ომიდან გავიდა. ამ ზავის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად რუსეთის ჯარებს ამიერკავკასიაში უნდა დაეტოვებინათ არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები, რაც ფაქტობრივად მათი თურქეთისთვის გადაცემას ნიშანავდა. 1918წ. მარნის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს, ხოლო აშშ-ს ჩართვამ ომში დააჩქარა მოვლენები და ომის ბედიც გადაწყდა. მალე ბულგარელები, თურქები და ავსტრიელები დანებდნენ. 1918წ. ნოემბერში გერმანიაში მოხდა რევოლუცია და 9 ნოემბერს ვილჰელმ II ჰოლანდიაში გაიქცა. 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიამ თავი დამარცხებულად ცნო. I მსოფლიო ომი დასრულდა. ხელშეკრულების მიხედვით გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიოტორიები, ელზასი და ლოთარინგია, ანტანტის ქვეყნებისთვის უნდა გადაეცათ მთელი შეიარაღება. 1918წ. ბოლოს ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა და წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია. I მსოფლიო ომში ორივე მხრიდან დაიღუპა 9-10 მლნ ადამიანი.
I მსოფლიო ომში საქართველო, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მონაწილეობდა. ის ჩართული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზეც მიმდინარეობდა. საქართველოდან ომში 200 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი გაიწვიეს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ არზრუმის, ერევნის, ოლთისისა და სარიყამიშის საომარ ოპერაციებში. 1915-16 წწ. მიმდინარე საომარ ოპერაციებში თურქეთის ჯარებმა დამარცხება განიცადეს.

ბ) ვერსალის კონფერენცია

I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს შემდგომი განვითარების გზები დღის წესრიგში დადგა. აშშ–ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა კონგრესს წარუდგინა პროგრამა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობიანი თანაარსებობის 14 პირობას შეიცავდა. ეს პროგრამა „ვილსონის 14 პუნქტის“ სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო : არანაირი საიდუმლო საერთაშორისო მოლაპარაკებები არ უნდა შემდგარიყო, ანუ უნდა ყოფილიყო ღია დიპლომატია; ზღვაოსნობა თავისუფალი უნდა ყოფილიყო; ეკონომიკური ბარიერები უნდა გაუქმებულიყო; შეიარაღება უნდა შემცირებულიყო; უნდა შექმნილიყო ხალხთა საერთაშორისო გაერთიანება „ერთა ლიგა“, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია იქნებოდა. ეს 14 პუნქტი სახელმწიფოებრიობის უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ მხოლოდ „ერთა ლიგის“ შექმნის იდეა მოიწონეს.

1919 წლის იანვარში საფრანგეთში ვერსალის სასახლეში მოიწვიეს ანტანტის მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენლები. კონფერენციის მიმდინარეობას განსაზღვრავდა 3 დიდი სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი (პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ- ჯორჯი) საფრანგეთი (პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო) და აშშ ( პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი). 28 ივნისს კონფერენციის გადაწყვეტილებები ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ დააფიქსირა. გერმანიას ისეთი ვალდებულებები დააკისრეს, რომ ის მომავალში არ გაძლიერებულიყო. ის საფრანგეთის სასარგებლოდ უარს ამბობდა ელზასსა და ლოტარინგიაზე. ასევე გერმანიამ დაკარგა ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთით პოლონეთის სასარგებლოდ. მთლიანად გერმანიამ დაკარგა 1/8 ნაწილი. 1919– 1921 წლების განმავლობაში გერმანიას ოქროთი, საქონლით, ხომალდებით, ფასიანი ქაღალდებით 20 მილიარდი ოქროს მარკის ექვივალენტი უნდა გადაეხადა; მდინარე რაინის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მას არ უნდა შეექმნა სიმაგრეები; ანტანტის ქვეყნების სასარგებლოდ ის უარს ამბობდა კოლონიებზე. ვერსალში გადაწყდა „ერთა ლიგის“ შექმნა. მისი მუდმივ მოქმედი წევრები გახდნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია. აშშ–მ თავიდან უარი თქვა „ერთა ლიგაში“ შესვლაზე და მას მოგვიანებით შეუერთდა. „ერთა ლიგა“ მუშაობას 1920 წლიდან შეუდგა. მისი შტაბბინა შვეიცარიაში , ქალაქ ჟენევაში მდებარეობდა. მას საბჭო მართავდა, რომელიც შედგებოდა 4 მუდმივ -მოქმედი და 4 არჩევითი წევრი ქვეყნებისგან. ძირითადი ორგანო იყო ასამბლეა. ეს იყო მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ყველა სახელმწიფოს ერთი ხმა ჰქონდა, ვეტოს უფლებით; ამიტომ ამ დემოკრატიულმა პრინციპმა „ერთა ლიგა“ არაქმედითი გახადა, რადგან ბევრი საკითხი იბლოკებოდა. ამ დროს შეიქმნა საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში (ჰოლანდია), რომელიც სხვადქვეყნებიდან არჩეული 15 მოსამართლისგან შედგებოდა და ქვეყნებს შორის დავას განიხილავდა.


29. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.)

I მსოფლიო ომის მსვლელობისას მის მონაწილე ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 1917 წლის თებერვალში რუსეთში ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. მარტში თავის ძმის მიხეილის სასარგებლოდ იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა, მაგრამ 1 დღეში მიხეილმაც ტახტზე უარი თქვა და რუსეთში რესპუბლიკა გამოცხადდა. სახელმწიფოს სათავეში დროებითი მთავრობა ჩაუდგა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიის მართვა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს (ოზაკომს) დაავალა, რომლის თავჯდომარე რუსეთის კონსტიტუციურ–დემოკრატიული (კადეტთა) პარტიის წევრი ხარლამოვი გახდა.
კომიტეტში შედიოდა სიციალისტ–ფედერალისტი კიტა აბაშიძე. აპრილში საქართველოში შეიქმნა ინტერპარტიული საბჭო, რომელშიც საქართველოში მოქმედი პარტიები და პოლიტიკური მიმდინარეობები გაერთიანდნენ. ესენი იყვნენ: სოციალ–დემოკრატები, სოციალ–ფედერალისტები, ეროვნულ–დემოკრატები, სოციალურ–დემოკრატიული ჯგუფი „ალიონი“ და ა.შ. ამ საბჭოს თავჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. ეს საბჭო რუსეთისგან საქართველოს გამოყოფის საკითხს არ აყენებდა (ამას მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატები მოითხოვდნენ). საბჭოს აზრით რუსეთში ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში საქართველოს ავტონომია უნდა მოეთხოვა, ხოლო უნიტარული სახელმწიფოს შექმნის პირობებში რუსეთთან ურთიერთობა გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე უნდა გაეგრძელებიათ. რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და დროებითი მთავრობა უდღეური აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ მოქმედებდა რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები, სადაც დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრთას. მათ საკუთარი სამხედრო დანაყოფი წითელი გვარდია ჰყავდა. ბოლშევიკთა ლიდერმა ლენინმა 1917 წლის აპრილში გაზეთ “პრავდაში“ გამოაქვეყნა ე.წ. აპრილის თეზისები, რომლის თანახმად რუსეთში პარლამენტური რესპუბლიკის ნაცვლად უნდა შექმნილიყო მუშათა, მოჯამაგირეთა და გლეხთა საბჭოების რესპუბლიკა და ძალაუფლება ხელში უნდა აეღო პროლეტარიატს და უღარიბეს გლეხობას. 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს) ბოლშევიკებმა დროებითი მთავრობა დაამხეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. საქართველოში ოზაკომმა არსებობა შეწყვიტა. ინტერპარტიულმა საბჭომ რუსეთის ახალი ხალისუფლება არ ცნო. 1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში სამხარეო ხელისუფლების ახალი ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი დაარსდა ( თავჯდომარე მენშევიკი ევგენი გეგეჭკორი). 19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც მენშევიკ ნოე ჟორდანიას თავჯდომარეობით აირჩია ეროვნული საბჭო. საბჭოში შედიოდნენ სხვადასხვა პარტიების, საინგილოს და აჭარის წარმომადგენლები: აკაკი ჩხენკელი, ნიკო ნიკოლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კოტე აფხაზი, მემედ-ბეგ აბაშიძე, რაფიელ ივანიცკი.. ეს საბჭოც გაემიჯნა რუსეთს. ისინი თვლიდნენ, თუ რუსეთში დემოკრატიული მთავრობა აღდგებოდა, მაშინ მასში საქართველო ცალკე ავტონომიად შევიდოდა; თუ არა, მოიწვევდნენ დამფუძნებელ კრებას და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. 1918 წლის მარტში რუსეთსა და გერმანიას შორის დადებული ბრესტის ზავის შემდეგ, ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკება. მაგრამ თურქეთი ამიერკავკასიას განიხილავდა როგორც რუსეთის ნაწილს და ამიტომ მოლაპარაკება ჩაიშალა. აპრილში თურქებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი. ქართულმა ჯარმა თურქების შეტევა მდინარე ჩოლოქთან გააჩერა. 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ახალი სახელმწიფოს , ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასში შედიოდნენ : საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მთავრობის თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. 11 მაისს განახლდა მოლაპარაკება თურქეთთან. თურქეთი ბრესტის ზავით მინიჭებული ბათუმის, ყარსის და არტაანის გარდა, ახლა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებსაც მოითხოვდა. გარდა ამისა, ამიერკავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა: აზერბაიჯანს-თურქოფილური, საქართველოს-გერმანო– ფილური, ხოლო სომხეთს-ანგლოფილური. აკაკი ჩხენკელი ბათუმში შეხვდა გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარე გენერალ ფონ ლოსოვს. ამ მოლაპარაკების დროს დადგინდა, რომ გერმანია საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გადაწყვიტა 26 მაისს ქ. თბილისში სეიმის სხდომა მოეწვია. აქ ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა. 3 ივნისს თურქეთთან დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც ბათუმის ოლქთან ერთად, ახალციხის და ახალქალაქის ოლქიც მათ გადაეცათ. ნოემბერში გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ, თურქებმა ახალციხე და ახალქალაქი დატოვეს, ხოლო 1919 წელს ინგლისის ჩარევით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბათუმის ოლქიც დაიბრუნა.
საბჭოთა რუსეთი იმპერიის ტერიტორიების დაკარგვას ვერ ეგუებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მოახერხა და 1920 წლის 7 მაისს დადო ხელშეკრულება რუსეთის სოციალისტურ ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასთან, რომლის თანახმადაც რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იღებდა ვალდებულებას არ ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში და თავს არ დაესხმოდა მას. საქართველო თავის მხრივ კისრულობდა თავის ტერიტორიაზე რუსეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ დაეშვა და კომუნისტური ორგანიზაციებისთვის მიეცა მოქმედებების თავისუფლება. მიუხედავად ამისა რუსეთი ემზადებოდა საქართველოს ოკუპაციისათვის. 1920 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დაპყრობის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს ლორეს ოლქში მოხდა გამოსვლა მთავრობის წინააღმდეგ და იქ საბჭოთა მთავრობა, ე. წ. “შულავერის კომიტეტი” შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მამია ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვ. მათი დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის წითელი არმია (მეთერთმეტე არმია) შემოვიდა და 25 თებერვალს თბილისი აიღო. საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ჯერ ბათუმში გადავიდა, ხოლო შემდეგ 17 მარტს იტალიური გემით ბათუმი დატოვა და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.



1 2 3 4



megobari saitebi

   

16.09.2016