| კონსპექტი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში
(მინიმალური სტანდარტი)
1. დიაოხი და კოლხა
2. დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი
3. ქართლის სამეფოს წარმოქმნა
4. რომის იმპერია
5. პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
6. ფარსმან ქველი და რომის იმპერია
7. ქართლის გაქრისტიანება
8. ვახტანგ გორგასალი
9. არაბები (ისლამი)
10. არაბები საქართველოში
11. ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმანა VIII-IX სს. მიჯნაზე
1. დიაოხი და კოლხა
ძვ. წ-ის II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოები წარმოიშვა. ზოგი ისტორიკოსი მათ „სამხედრო სახელმწიფოებსაც” უწოდებს, რადგან ისინი მუდმივად ომებს აწარმოებდნენ. ასეთები იყვნენ- ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი. სწორედ ასურულ ლურსმულ წარწერებში იხსენიება პირველად ქართული სახეკმწიფოებრივი გაერთიანება – დაიენი (დიაოხი). ასურეთის ერთ–ერთი უძლიერესი მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწერაში ლაპარაკია ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ. ასურელები „ნაირის“ ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა–წყალს. ამ წარწერაში იხსენიება დაიენის მეფე სიენი. დაიენი– დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა. მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდგომში დიაოხს იხსენიებენ ურარტული წარწერები. ურარტუს მეფეების მენუას (819–786) და არგიშთი მენუას ძის (786–764) ლურსმულ წარწერებში იხსენიება მათი ძლევამოსილი ლაშქრობები დიაოხის წინააღმდეგ. მენუა იხსენიებს დიაოხის მეფეს უტუფურშის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას.
არგიშთის შემდეგ დიაოხი აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში იხსენიება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი გაერთიანება – კოლხა (კულხა). მის შესახებ ლაპარაკია სარდურ II-ის (764–725) წარწერებში. როგორც ჩანს დიაოხის მიწები ურარტუმ და კოლხამ გადაინაწილეს და გამეზობლების შემდეგ მათ შორის ომები დაიწყო. ამაზე მეტყველებენ სარდურის წარწერები, საიდანაც ჩანს, რომ მან სულ ცოტა ორჯერ ილაშქრა კოლხეთში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუშა.
ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიწყო მომთაბარე სკვითების და კიმერიელების შემოსევები. ისინი შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აქედან ახლო აღმოსავლეთში. ამ შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა.
2. დიდი ბერძნული კოლონიზაცია და კოლხეთი
ძვ.წ. VIII-VII სს-დან ბერძნებმა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა წამოიწყეს. იმ დროს ბერძნებს ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონდათ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვის კუნძულები და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიული სანაპირო (ტერიტორია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ) მოფენილი იყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოებით -პოლისებით. ბერძნული პოლისი აერთიანებდა მთავარ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამ პოლისებმა ხმელათაშუა და შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყეს ახალი ქალაქების - კოლონიების დაარსება. კოლონიების დამაარსებელ ასეთ პოლისებს - `მეტროპოლიები~ (დედაქალაქები) ეწოდება. რა იყო კოლონიების დაარსების მიზეზები? პოლისებში მოსახლეობის სიჭარბე, შესაბამისად ახალი მიწების ათვისების აუცილებლობა და ეკონომიკური ფაქტორი: პოლისებს წარმოებული საკუთარი ჭარბი პროდუქცია უნდა გაესაღებინათ და იმავდროულად შემოეტანათ ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქში არ მოიპოვებოდა.
როგორი იყო დამოკიდებულება მეტროპოლიასა და კოლონიას შორის? ზოგან მეტროპოლია კოლონიაზე ძლიერ კონტროლს ახორციელებდა, ზოგან კი კოლონიები დროთა განმავლობაში სრულ დამოუკიდებლობას აღწევდნენ და თავად ხდებოდნენ პოლისები. იქ, სადაც კოლონია ძლიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (მაგ., ეგვიპტეში) იქმნებოდა, ეს ახალშენი პოლიტიკური და სამხედრო აქტივობით ვერ გამოირჩეოდა, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა გავითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა, კოლონია წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდა.
რა აერთიანებდა ამ დაქსაქსულ ბერძნულ სამყაროს? 1. ბერძნული ენა; 2. საერთო რელიგია; 3. კულტურა. ამიტომ ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობა ელინი (ბერძენი) და დანარჩენი, უცხო სამყარო - ბარბაროსი. ბერძნული ახალშენები გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი (ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე. პირველი ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს. ამ ქალაქების შესახებ ორი აზრი არსებობს: ზოგი თვლის, რომ ისინი ტიპური ბერძნული ქალაქები იყო, რომლებსაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ანუ პოლისები იყო. მეორეთა აზრით, კი კოლხეთში, სადაც კოლონიზაციის დროისთვის განვითარების მაღალი დონე და ადგილობრივი ტრადიციები ძლიერი იყო, ბერძენი მოახალშენეები ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებელი, ჩაკეტილი საქალაქო ცხოვრების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, ამ ნაქალაქარებზე ბერძნულ იმპორტულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი კოლხური მასალა თანაარსებობს და ჭარბობს კიდეც.
კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის ნაწარმი (გემთსაშენი მასალა), თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და მოსახლეობა ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის კიდეც მითი ოქროს საწმისზე, არგონავტებზე). კოლხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული და მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი. კოლხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს ადგილობრივი ვერცხლის ფული - კოლხური თეთრი, რომელიც ძვ.წ. VI ს-დან იჭრება.
3. ქართლის სამეფოს წარმოქმნა
ძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებში მაკედონიის მეფე ალექსანდრემ ომი დაიწყო აზიის უდიდესი იმპერიის აქემენიანთა ირანის დასაპყრობად. ალექსანდრეს არმიაში 40 ათასამდე მაკედონელი და ბერძენი მეომარი იყო გაერთიანებული. ირანელების არმიის განადგურების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი იმპერია შექმნა, მაგრამ ძვ. წ. 323 წელს მისი გარდაცვალებისთანავე ეს იმპერია დაიშალა. წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები , რომელთაც ალექსანდრეს ყოფილი სარდლები ჩაუდგნენ სათავეში. ეგვიპტეში გამეფდა პტოლემაიოსის მემკვიდრეთა დინასტია, ირანში და მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ სელევკის (აქედან შეიქმნა სელევკიდების ირანული სახელმწიფო), მაკედონიაში – ანტიგონეს, მცირე აზიის ჩრ–აღ. ნაწილში - პონტოს სამეფოში – მითრიდატეს და ა.შ. მმემკვიდრეები. სწორედ ამ დროს ძვ. წ IV საუკუნის ბოლოს და III ს–ის დასაწყისში შეიქმნა ქართლის სამეფო. როგორც ჩანს, მანამდე მაკედონელთა რომელიღაც რაზმმა (ალექსანდრეს პირადად არ ულაშქრია) აღმოსავლეთ საქართველოში ილაშქრა და აიღო ქალაქები და ციხეები: მცხეთა , ურბნისი, უფლისციხე, წუნდა, ხევთისი, კასპი და ა.შ. მათ ქართლის მმართველად დანიშნეს აზო, რომელიც იყო არიან (ირანის) ქართლის მეფის ძე (აქემენიანთა ირანის შემადგენლობაში შემავალი ქართლის ნაწილის მთავრის ძე). აზომ არიან ქართლიდან წამოიყვანა საკუთარი ნათესავები, რომლებიც აზნაურები გახადა და მცხეთაში აღმართა ორი კერპი გაცი და გა (გაიმი). აზოს დაუპირისპირდა ფარნავაზი, რომელიც მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული იყო. სამარა და მისი ძმაც მაკედონელებთან ბრძოლას შეეწირნენ. დედამ სამი წლის ფარნავაზი აზოს რისხვას ჩრდილოეთ კავკასიაში გაარიდა. დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუნდა. საქართველოში მან მოიმხრო ეგრისის (დას. საქართველოს) ერისთავი ქუჯი, დაიქირავა ჩრდილოეთ კავკასიელი (ოსი,ლეკი) მეომრები და აზო გააძევა. აზო კლარჯეთში გამაგრდა. მას ბერძენთა (პონტოს) მეფე დაეხმარა ჯარით; ფარნავაზს კი სელევკიდების მეფის ანტიოქოსის დავალებით სომხები დაეხმარნენ. ბრძოლა მოხდა არტაანთან. აზო ბრძოლის დროს მოკლეს. გამარჯვებული ფარნავაზი თავის მოკავშირეებს ქუჯის (სწორედ ქუჯის მიწერება ეგრისის დედაქალაქის ციხეგოჯის აგება) და ოსთა მეფეს დაუნათესავდა. მათ თავის დები მიათხოვა ცოლად. შემდეგ მან ქვეყანაში რეფორმები განახორციელა. ქვეყანა დაიყო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ. ეს საერისთავოები იყო: მარგვეთის, კახეთის,ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის და ეგრისის საერისთავოები, ხოლო შიდა ქართლს მართავდა მეფის შემდგომი მეორე პირი სპასპეტი. მან გაამაგრა ქალაქი მცხეთა. მანვე მცხეთაში აღმართა არმაზის კერპი, რომელსაც მთელი სამეფოს მოსახლეობა თაყვანს სცემდა. მანვე ქართული ენა მთელ სამეფოში განავრცო და შექმნა დამწერლობა ქართული. ფარნავაზი ტახტზე ავიდა 27 წლის და 65 წელი იმეფა.
4. რომის იმპერია
ძვ.წ–ის VIII ს–ში აპენინის ნახევარკუნძულზე, მდინარე ტიბრის ნაპირას ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დაარსდეს ქალაქი რომი. პირველი ლეგენდარული მეფე იყო რომულუსი, რომელმაც მოქალაქეები პატრიციებად (წარჩინებულებად) და პლებეებად (დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები) დაყო. მანვე სენატი (თავიდან უხუცესთა საბჭო, შემდეგ რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ორგანო) დააფუძნა. სენატი თავიდან 100 პატრიციას, შემდეგ 300 პატრიციას და პლებეის აერთიანებდა. რომში სულ შვიდმა მეფემ იმეფა და ამის შემდეგ სამეფო ძალაუფლება დაემხო. დაიწყო რესპუბლიკის პერიოდი, რომელმაც ძვ.წ-ის I ს–ის მეორე ნახევრამდე იარსება. სახელმწიფოს მართავდა სენატი. სენატი ირჩევდა კონსულებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ და მათ ყველა ემორჩილებოდა სახალხო ტრიბუნების გარდა (ასევე არჩევითი თანამდებობა, რომლებსაც პლებეების წრიდან ირჩევდნენ). კონსულებს ეხებოდა საგარეო და საშინაო საქმეები – ომი და ზავი, გადასახადები, სახელმწიფო ხაზინა, სამხედრო ტრიბუნების (მხედართმთავრები) დანიშვნა, ჯარის შეკრება და ა.შ. სენატი განიხილავდა სასამართლო დავებს. რესპუბლიკის დამხობის შემდეგ დამყარდა იმპერია. პირველი იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 31– ახ.წ.14 წწ.). რომის იმპერია IV საუკუნეში ორად გაიყო. დასავლეთ რომის იმპერიამ, რომლის დედაქალაქი იყო რომი, V ს-ის 70-იან წლებამდე იარსება, როდესაც მას გერმანულმა ტომებმა, ვესტ გოთებმა ბოლო მოუღეს. აღმოსავლეთ რომის, იგივე ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა კონსტანტინოპოლი (ახლან. ისტამბული). ამ სახელმწიფომ იარსება 1453 წლამდე, როდესაც ის თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს.
5. პომპეუსის ლაშქრობა ქართლში
რომმა თანდათან გაფართოება დაიწყო. მან დაიპყრო გალია, დასავლეთ იბერია (თანამ. ესპანეთი), ბრიტანეთი, მაკედონია, საბერძნეთი, სირია. ეგვიპტე. აღმოსავლეთში მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეზობელი პონტოს სამეფო იყო. ძვ. წ. I საუკუნისთვის აღმოსავლეთში პონტოს სამეფოსთან ომები დაიწყო. ამ დროს პონტოს მეფე იყო მითრიდატე VI ევპატორი. მითრიდატეს ემორჩილებოდა დასავლეთ საქართველო, ხოლო მისი მოკავშირეები იყვნენ სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი (ძვ.წ 95–56), იბერიის (ქართლის) მეფე არტაგი და ალბანეთის მეფე. რომაელებმა ჯერ მითრიდატე დაამარცხეს, შემდეგ ტიგრანი დაიმორჩილეს. ძვ.წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი ქართლს (იბერიას) მოადგა. როგორც რომული ისტორიკოსები გადმოგვცემენ, იბერები მტკვრის ორივე სანაპიროზე ცხოვრობენ. მეფე არტაგმა მოციქულები გაუგზავნა პომპეუსს, რათა ის დაებრკოლებინა, თავად კი ომისთვის მზადება დაიწყო. ეს პომპეუსმა შეიტყო და მოულოდნელად თავს დაესხა იბერთა ციხეს. არტაგმა მოასწრო გაქცევა და მდინარე მტკვარზე გადებული ხიდის განადგურება. შემდეგ კვლავ გაუგზავნა ელჩები. ის კისრულობდა ხიდის აღდგენას და პომპეუსის ჯარის სურსათით მოამრაგებას. ეს პირობა არტაგმა შეასრულა, მაგრამ როგორც კი პომპეუსის ჯარი მეორე ნაპირზე გადმოვიდა, არტაგს შეეშინდა, მდინარე არაგვზე გადავიდა და ეხლა იქ გადებული ხიდი დაწვა. მისი ჯარისკაცები, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს ტყეს შეეფარნენ და მაღალი ხეებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ისრებით მტერს ანადგურებდნენ. შემდეგ რომაელებმა ხეები მოჭრეს და ისინი დახოცეს.საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი მაინც დაზავდნენ. არტაგმა მას შვილები გაუგზავნა მძევლად, ხოლო საჩუქრებად – ოქროს სარეცელი, მაგიდა და სამეფო ტახტი. იბერთა მეფე გამოცხადდა „რომის მეგობრად და მოკავშირედ“.
6. ფარსმან ქველი და რომის იმპერია
პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ რომის იმპერია ირანის ტერიტორიაზე არსებულ პართიას გაუმეზობლდა. პართიამ დაუდო ზღვარი რომის იმპერიის აღმოსავლეთით წინსვლას. მათი შემდგომი ურთიერთობა, ხან ომით და ხან ზავით მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ I-II სს. რომის სიძლიერის ხანად ითვლება, რომის იმპერია ამ დროს ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობდა. ქართლის სამეფოც ამ პერიოდში ნელ–ნელა გაძლიერდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ რომს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩრდილო კავკასიელი მეომარი ტომების შესაჩერებლად ძლიერი ქართლის სამეფო სჭირდებოდა და ხელს არ უშლიდა მის გაძლიერებას. ქვეყანა განსაკუთრებით გაძლიერდა II ს-ის 30–50 - იან წლებში, როდესაც აქ მეფობდა ფარსმან ქველი. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე(117–138). ადრიანე იმპერიის აღმ. პროვინციების მმართველებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. როდესაც ის კაბადოკიაში ჩავიდა, მან აღმოსავლეთის მეფეები და მთავრები თავისთან მიიწვია. ფარსმანმა, რომელსაც თავი დამოუკიდებლად ეჭირა, უარი თქვა მიწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას ყველაზე მდიდრული საჩუქრები, მათ შორის სპილო და 50 მხედარი გაუგზავნა. ფარსმანმა მართალია ჩამოსვლა არ ისურვა, მაგრამ თვითონაც უამრავი საჩუქარი გამოუგზავნა ადრიანეს, მათ შორის მოოქროვილი წამოსასხამები. გაბრაზებულმა ადრიანემ ეს მოსასხამები არენაზე გამოსულ გლადიატორებს ჩააცვა. ამ დაპირისპირების მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო, რომ ფარსმანმა რომის იმპერატორის ნებართვის გარეშე თავისი სამეფო შავ ზღვამდე გააფართოვა (თანამედროვე გურია–აჭარის ტერიტორიები). თუმცა შემდგომმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (138–161) ეს ტერიტორიები ფარსმანს დაუმტკიცა და რომთან ურთიერთობა მოწესრიგდა. ფარსმანი რომშიც კი ჩავიდა თავის ოჯახთან ერთად. იმპერატორმა მას ნება მისცა კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება კი მარსის მოედანზე აღმართა. ამ პერიოდში ფარსმანს პართელებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მის საზღვრებს ჩრდილო კავკასიელებს ხშირად შეუსევდა ხოლმე. ამიტომ მათ მოისყიდეს მისი მზარეული და მოწამლეს.
7. ქართლის გაქრისტიანება
რომის მეტოქე III საუკუნიდან სასანიანთა (ახალი დინასტია ირანის ტახტზე) ირანი გახდა. ისინი ერთმანეთს რელიგიურ სფეროშიც დაუპირისპირდნენ. სასანიანებმა, ირანის სათავეში მოსვლისთანავე, ძველი რელიგია ზოროასტროზმი, იგივე მაზდეანობა ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მაზდეანთა „უმაღლესი ქურუმი“ შაჰინშაჰის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პირად ითვლებოდა. ირანელები დაპყრობილ ტერიტორიებზე ამ რელიგიის გავრცელებას ცდილობდნენ და ცეცხლთაყვანისმცემლებისთვის ტაძრებს აგებდნენ.
იმავდროულად რომშიც დაიწყო მცდელობა, მაზდეანობის საპირისპიროდ მოეძებნათ ერთიანი რელიგია მსოფლიო იმპერიისთვის. IV ს-ში რომის იმპერია ორ ნაწილად - დასავლეთის და აღმოსავლეთის იმპერიებად გაიყო. მაგრამ მანამდე იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) იმპერიის დედაქალაქი ბოსფორის სრუტეზე მდებარე ქალაქ ბიზანტიონში გადმოიტანა, რომელიც კონსტანტინეს ქალაქად - კონსტანტინოპოლად იწოდა. როდესაც IV ს-ის ბოლოს რომი საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყო, აღმოსავლეთ რომის იმპერიას - უკვე ბიზანტიის იმპერიად იხსენიებენ, ხოლო მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა.
325 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის I საეკლესიო კრებაზე რომის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. რომის კვალდაკვალ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ქართლშიც გამოცხადდა ( ზოგი ცნობით 326, ზოგით კი 337 წელს ). ამ დროს ქართლის მეფე იყო მირიანი. ქრისტიანობა საქართველოში ჯერ კიდევ I ს-ში მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს (დასავლეთ საქართველოში). მაგრამ სახელმწიფო რელიგიად მხოლოდ IV-ს-ის დასაწყისში გამოცხადდა. ამ დროს ქართლში კაბადოკიიდან ჩამოვიდა წმინდა ნინო.
ნინო ქართლში თავდაპირველად ქ. ურბნისში მოვიდა, სადაც ერთი თვე დაყო. ერთ დღეს მან ნახა, რომ მთელი ქალაქი მცხეთაში წავიდა სავაჭროდ და სალოცავად, არმაზისთვის მსხვერპლის შესაწირად. ნინო თან გაყვა. მეორე დღეს მთელი ხალხი წავიდა არმაზის ციხისკენ. აქ გაემართნენ მირიან მეფეც და ნანა დედოფალიც. ნინო დაწინაურდა და მათ არმაზის ციხეში მიასწრო. მან აქ იხილა არმაზის კერპი, სპილენძის კაცი, ხმლით ხელში და ზურმუხტის თვალებით. მის მარჯვნივ ოქროს კერპის გაცი, ხოლო მარცხნივ ვერცხლის - გაიმი იდგა. ნინო შეწუხდა, რომ ხალხი თაყვანს სცემდა თავის გაკეთებულ უსულო კერპებს. ნინომ ილოცა და ქრისტეს სთხოვა კერპების დალეწვა. ლოცვის დასრულებისთანავე მოიღრუბლა, ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, მოვიდა სეტყვა. ხალხი გაიქცა. მეორე დღეს კერპების ნაკვალევი აღარ იყო. ნინო მეფის მებაღესთან დასახლდა დიდ ბაღში, სადაც ახლა სვეტიცხოველი დგას. აქ ის 9 თვე ცხოვრობდა. მებაღე და მისი ცოლი გააქრისტიანა. შემდეგ ის ქალაქგარეთ, მაყვლის ბუჩქთან დასახლდა (ეს ბუჩქი ახლანდელი „სამთავსის’’ საკურთხევლის ადგილას იდგა). მან ვაზის ნასხლავისგან ჯვარი გააკეთა, დადგა მაყვლის ქვეშ და იქ ლოცულობდა. ასე გაატარა 6 წელი. ის ქრისტიანობას ფარულად ქადაგებდა და ხალხს კურნავდა. მან დედოფალი ნანა მძიმე სენისგან განკურნა და შემდეგ გააქრისტიანა. უფრო გვიან კი მირიანიც დაარწმუნა და მასაც მიაღებინა ქრისტიანობა. ლეგენდის თანახმად მირიანი თხოთის მთებთან (ქ.გორთან) ნადირობდა. უცებ მას დაუბნელდა და დარჩა მარტო. გზა ვეღარ გაიკვლია. მან პირველად დახმარება ძველ ღმერთებს შესთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ნინოს ღმერთს შეევედრა და სიბნელე მაშინვე გადაიყარა. უკან მობრუნებულმა მირიანმა ნინო დაიბარა და ქრისტიანი გახდა. მან რომის იმპერატორს მღვდლების გამოგზავნა თხოვა. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ნინოს რჩევით თავის ბაღში ხის ეკლესია ააგო. ამის შემდეგ მღვდლებიც ჩამოვიდნენ და ქრისტიანობა მთელ ქვეყანაში გაავრცელეს. ნინომ და იოანე ეპისკოპოსმა ქრისტიანობა მთაშიც გაავრცელეს. აქ მათ ძველი კერპები დაანგრიეს. მთიელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეფის ერისთავმა ძალა გამოიყენა. შემდეგ ნინომ ქრისტიანობა კახეთ-კუხეთშიც გაავრცელა. კუხეთში ნინო დასნეულდა და გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ბოდბის მონასტერში (ქ. სიღნაღთან).
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი ქართული დამწერლობა შეიქმნა. მანამდე გამოიყენებოდა არამეული და ბერძნული დამწერლობები. ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია პალესტინაში ( V საუკუნის 30-იანი წლები), ბოლნისის სიონის კედლებზე (V საუკუნის ბოლო), ასევე VI – VII სს. - მცხეთის წარწერები ( ჯვარზე).
8. ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი V საუკუნის შუა ხანებში გამეფდა. მისი მოღვაწეობის შესახებ იმფორმაციას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების’’ ერთ - ერთი ისტორიული თხზულება - ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა’’. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგის გამეფების დროისათვის ქართლში სპარსელები ბატონობდნენ და თავიანთ რელიგიას ცეცხლთაყვანმცემლობას, იგივე მაზდეანობას, ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. მათი მოგვთა უფროსი ბინქარანი ცეცხლთაყვანისმცემლურ ტაძრებს აგებდა.
როდესაც 10 წლის იყო ვახტანგი, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსებმა ილაშქრეს ქართლში. იმავე დროს ბიზანტიელებმა ეგრისი დაიპყრეს თავის დედაქალაქით -ციხეგოჯით. ცოტა რომ წამოიზარდა, ვახტანგი იძულებული იყო ქართლის ჯარით ირანში წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა ვახტანგმა მოიწვია სამეფო საბჭო - დარბაზი. დარბაზს ესწრებოდნენ ჯუანშერ სპასპეტი , ორი ეპისკოპოსი და ერისთავები. ვახტანგმა სამეფო კარს ამცნო თავის გადაწყვეტილება ოსებზე ლაშქრობის შესახებ. დარბაზმა ეს ლაშქრობა გადაწყვიტა. ვახტანგმა მოციქული გაუგზავნა დედის ძმას, რანის (ჰერეთის) ერისთავს ვარაზ ბაკურს და დახმარება სთხოვა. ის დათანხმდა, რადგან თავადაც შეწუხებული იყო ოსების ლაშქრობებით. გაერთიანებულმა ლაშქარმა დარიალის კარით ილაშქრა ოსეთში და გაიმარჯვა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მთიულები მცველებად დააყენა. ისინი ქართლს ჩრდილო კავკასიელებისგან იცავდნენ. ამის შემდეგ მან დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. ქართლში დაბრუნებულმა ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი . შემდეგ ირანელებთან ერთად ბიზანტიელებთა წინააღმდეგ ილაშქრა, რის შედეგად ბიზანტიის იმპერატორმა მას დაუბრუნა ქართლის სასაზღვრო მიწები, თუხარისის ციხე, კლარჯეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილი. ირანელებისგან შეწუხებულმა ვახტანგმა ვახტანგმა ბიზანტიას მოკავშირეობა შესტავაზა. მან ქართული ეკლესიის რეორგანიზაცია და კათალიკოსობის დაწესება გადაწყვიტა. მანამდე ქართლში უმაღლესი სასულიერო პირი მთავარეპისკოპოსი მიქაელი იყო, რომელიც იერარქიულად კათალიკოსზე დაბლა იდგა. ვახტანგმა მოციქულები გაგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და ითხოვა კათალიკოსად პეტრე და ეპისკოპოსად სამოელი. ეს პირები წარგზავნეს ანტიოქიის პატრიარქთან. ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა პეტრე კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი. მცხეთაში ვახტანგმა ააგო მოციქულთა ეკლესია სვეტიცხოველი (აქ ადრე მირიანის მიერ აშენებული პატარა ეკლესია იყო) და პეტრე იქ დაჯდა კათალიკოსად, ხოლო სამოელი - ეპისკოპოსად. დანარჩენი საეპისკოპოსოები იყო: ახიზის (კლარჯეთში) , ერუშეთის (არტაანში) , წუნდის (ჯავახეთში) , მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის , ნინოწმინდის, უჯარმის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის ( ხუნანში ). შემდეგ ნიქოზშიც ააგო ეკლესია, სადაც დაკრძალული იყო სპარსელთაგან წამებული წმინდა რაჟდენი და იქაც ეპისკოპოსი დასვა. მალე ვახტანგმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. პირველ რიგში 482 წელს, მან მოკლა ირანელთა მოკავშირე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი. მარტო ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლა საშიში იყო. ამიტომ ვახტანგი დაუკავშირდა სომხეთის წარჩინებულებს. ვახტანგი მათ დაპირდა, რომ ჩრდილო კავკასიელ ჰუნებს დაიქირავებდა და მათი დახმარებით სპარსელებს დაამარცხებდნენ. სამწუხაროდ , ჩრდილო კავკასიიდან ქართველებს და სომხებს მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმი შეუერთდა. ამ დროს არც ბიზანტიას ეცალა მათ დასახმარებლად. 484 წელს სამხრეთ კავკასიაში ირანელთა დიდი ლაშქარი მოვიდა ჰაზარავუხტის სარდლობით. მას ნაბრძანები ჰქონდა ვახტანგის ან შეპყრობა, ან მოკვლა, ან კიდევ ქვეყნიდან გაძევება. ჰაზარავუხტმა შეკრიბა ქართველი დიდებულები და დიდი წყალობა აღუთქვა, თუ მას მიემხრობოდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა ეგრისში გახიზნულიყო. თუმცა ამ დროს ირანის შაჰი პეროზი შუა აზიაში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა და ირანელთა სარდალი სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ ირანელები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ დიდ დათმობებზე წავიდნენ: ქრისტიანობის დევნა შეწყვიტეს, სომეხთა მხრიდან აჯანყების მეთაური ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს, ალბანეთში გაუქმებული მეფობა აღადგინეს, ალბანეთის მეფემ ადრე უარყოფილი ქრისტიანობა დაიბრუნა. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა, ჩვენთვის უცნობია. ამის შემდეგ ვახტანგი კვლავ აგრძელებდა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას . ქართლში ირანელთა ახალი ლაშქარი მოვიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კახეთში, მდინარე იორის პირას. ამ ბრძოლაში ვახტანგი მოწამლული ისრით ერთმა სპარსელმა დაჭრა. სწორედ ამ ჭრილობისგან გარდაიცვალა 502 წელს. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში.
ვახტანგის სახელს უკავშირდება ქ. თბილისის დაარსება. მისი ანდერძის თანახმად აქ დედაქალაქი მისმა ვაჟმა დაჩიმ გადმოიტანა.
9. არაბები (ისლამი)
არაბები სამხრეთ-დასავლეთ აზიაში არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ. აქ მცხოვრები ტომები სოციალ-ეკონომიკური ყოფით და განვითარების დონით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩრდილოეთით მოსახლე არაბები,რომლებსაც ბედუინებს უწოდებდნენ, მომთაბარეობასა და ნადირობას მისდევდნენ. სამხრეთის ტომები მათ ქვეყნებზე გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ძირითადი გზა, ე.წ “გუნდრუკის გზა”, ხმელთაშუა ზგვის ქვეყნებს ინდოეთთან აკავშირებდა.
არაბთა ტომების გაერთიანება შეძლო მუჰამედმა.ის ღარიბი მექელი ვაჭრის შვილი იყო.იზრდებოდა გაჭირვებაში. ადრე დაობლდა. ამ პერიოდში გაეცნო სხვადასხვა ხალხებს და რელიგიებს, მათ შორის ქრისტიანობას და იუდევლობას. 24 წლის ასაკში დაქორწინდა მდიდარ ქვრივზე ხადიჯაზე და ვაჭარი გახდა.ორმოცი წლის მუჰამედს ხილვები დაეწყო. ის ამბობდა, რომ ალაჰის (ღმერთის) მიერ მოვლენილი მოციქული იყო იესოს შემდგომ. მექის მცხოვრებლების ნაწილი მასთან სახლში მიდიოდა და ქადაგებებს ისმენდნენ. (ეს ქადაგებები შემდგომ ჩაიწერა „ყურანში“ ). ისინი იყვნენ პირველი მუსლიმები, ანუ „ღმერთს მინდობილები“(მაჰმადიანი კი მუჰამედის მიმდევარს ნისშნავს). მექის წარჩინებულებმა არ მიიღეს მუჰამედი და მისი მიმდევრების დევნა დაიწყეს. სწორედ ამ დროს ტომების ურთიერთბრძოლით შეწუხებულმა მეზობელი ქ. იასრიბის მცხოვრებლებმა გაიგეს,რომ გამოჩნდა ახალი მოციქული, რომელიც ძმათა შორის მშვდობას ქადაგებდა.მათ მოიწვიეს მუჰამედი. 622 წელს მუჰამედი თავის მიმდევრებთან ერთად გადასახლდა იასრიბში (სხვა სახელი მედინა). ეს თარიღი, გადასახლება - „ჰიჯრა“ ითვლება მუსლიმური წელთაღიცხვის დასაწყისად. შეიქმნა პირველი მუსლიმური თემი,რომლეშიც ყველა თანასწორი იყო. მალე მექელებმა ჯარი გამოგზავნეს იასრიბელების წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა ბადრასთან. ბრძოლის წინ მუჰამედი ყველა ბრძოლის ველზე დაცემულ მუსლიმს სამოთხეს დაპირდა. რწმენამ მათ წარმატება მოუტანა. ამის სემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი იღებდა ისლამს. 630 წელს მათ მექა აიღეს. მუჰამედი არაბთა მთავარ სალოცავ ტაძარში-ქააბაში შევიდა და ძველი კერპების ჩამოყრა ბრძანა.
ისლამი არაბთა მთავარი რელიგია გახდა. მუსლიმი ლოცვის დროს ქააბის მხარეს უნდა მთხვეოდა მიწას. რამადანის თვეში უნდა ემარხულა. აიკრძალა ღვინის სმა და აზარტული თამაშები. სამაგიეროდ დაუშვა მრავალცოლიანობა. თავად მას 9 ცოლი ჰყავდა,რომელთაგან უსაყვარლესი აიშა იყო. 632 წელს ის მექაში გარდაიცვალა.დაკრძალეს მედინაში.მისი სიკვდილის შემდეგ „მოციქულის მოადგილედ“ ანუ ხალიფად აბუ ბაქრი აირჩიეს.ხალიფას დედამიწაზე ალაჰის-ღმერთის ნება უნდა განეხორციელებინა. არაბთა სახელმწიფოს სახალიფო ეწოდა. ისლამი არაბების დროშა გახდა, მათ მიერ წარმოებულ დაპყრობებს - „წმინდა ომი ურწმუნოთა წინააღმდეგ“- „ჯიჰადი“.
ისლამის ძირითადი მცნებებია,რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი- ალაჰი,რომ აუცილებელია ღარიბ-ღატაკების,ობლების დახმარება,მიტევება და სიკეთე.
10. არაბები საქართველოში
ა) დაცვის სიგელი
654 წელს საქართველოში არაბები პირველად გამოჩნდნენ. ქართლის ერისმთავარმა არაბებს თავისი ელჩი შეაგება საჩუქრებით და მათგან ზავი და მშვიდობა ითხოვა. არაბთა სარდალმა ჰაბიბ-იბნ-მასლამამ მორთმეული საჩუქრები მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქართლის მოსახლეობას „დაცვის სიგელი“ გადასცა. სიგელში განსაზღვრული იყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები :
1) ქართველები იხდიდნენ „ჯიზიას“ - კომლზე ერთ დინარს. ამასთან მათ ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიის შესამცირებლად; ამავე დროს,არაბებსაც არ შეეძლოთ კომლების დანაწილება ჯიზიის გასადიდებლად.
2) ქართველები ვალდებულები იყვნენ რჩევით და საქმით დახმარებოდნენ არაბებს; მათ უნდა შეეფარებინათ და დახმარებოდნენ ჩამორჩენილ მუსლიმებს, უნდა მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე;
3) ისლამის მიმღები ქართველი არაბთა თანამოძმე ხდებოდა, მუსლიმის უფლებებით ისარგებლებდა და არ გადაიხდიდა გადასახადებს;
4) არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ დაეცვათ ქართველები მტრისგან; მაგრამ, თუ არაბთა მოუცლელობის გამო ისინი მათ ვერ დაეხმარებოდნენ და ქართველები მტერს დამორჩილდებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ.
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, არაბები უშიშროების, ქონების და სარწმუნოების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდნენ; თუ არა და ალაჰის სახელით ომს გამოუცხადებდნენ.
ბ) მურვან-ყრუს ლაშქრობა
ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩილდნენ,მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735-737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა, რომელსაც ქართველებმა სისასტიკის და იმის გამოც, რომ არავის რჩევას ყურს არ უგდებდა ყრუ შეარქვეს. მურვან-ყრუს 120 000 - იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაანგრია, შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპოლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან-ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გადავიდა.მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო. ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ გადაიქცა.
მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს არაბებმა აწამეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც მურვან-ყრუმ ტყვედ ჩააგდო.
11. ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმანა VIII-IX სს. მიჯნაზე
VIII ს ბოლოსკენ არაბთა სახალიფო დაშალა. ამ დროს საქართველოში წარმოიქმნა ხუთი სამეფო-სამთავრო: ტაო-კლარჯეთი, კახეთი, აფხაზეთი, ჰერეთი და თბილისის საამირო.
სამხრეთ-დას. საქართველოში დამოუკიდებელი ტაო-კლარჯეთის სამთავროს საფუძველი ჩაუყარა აშოტ ბაგრატიონმა, რომელიც VIII ს-ს II ნახევარში ქართლის ერისმთავარი იყო. აშოტი როგორც ჩანს არაბებს დაუპირისპირდა და იძულებული გახდა ქართლი დაეტოვებ ინა. ის ჩავიდა შავშეთში და კლარჯეთში. კლარჯეთის ტყეებში, ერთ-ერთ კლდეზე ააგო ქ. არტანუჯი. აქ მან დააარსა ტაო-კლარჯეთის სამთავრო. მას მხარი დაუჭირა ბიზანტიის იმპერატორმა და მას კურაპალატობა მისცა. აშოტი განაგრძობდა არაბებთან ბრძოლას. ნიგალის ხევში ერთ-ერთი ბრძოლისას დამარცხებულმა აშოტმა თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ ის საკურთხეველში მოკლეს. იგი არტანუჯში დაკრძალეს. მისმა მემკვიდრეებმა მიიღეს „ქართველთა მეფის ტიტული“.
აშოტის დროს ტაო-კლარჯეთში დიდი საეკლესიო სამონასტრო მშენებლობა წამოიწყო ბერმა გრიგოლ ხანცდელმა. დაწყებული აღმშენებლობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამ პერიოდში აიგო: ხანძთა, ოპიზა(კლარჯეთში), საფარა(სამცხე), კუმურდო, წყაროსთავი(ჯავახეთი), ტბეთი, იშხანი, ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა (ტაოში) და სხვა.
VIII ს-ის ბოლოს დას. საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის სამეფო ჩამოყალიბდა. ის შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე ვრცელდებოდა, ჩრდილოეთით ნიკოფსიამდე, ხოლო სამხრეთით ჭოროხის ხეობამდე. აფხაზეთის მთავარი , ისევე როგორც ეგრისის მმართველი ბიზანტიის ხელქვეითი იყო, მაგრამ VIII ს-ის ბოლოს ბიზანტია დასუსტდა და აფხაზთა მთავარმა ლეონმა მეფის ტიტული მიიღო, დასავლეთ საქართველო გაართიანა და დედაქალაქი ქუთაისი გახადა.
VIII ს-ის ბოლოს ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც შეიქმნა დამოუკიდბელი სამთავრო. 70-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში მთიანეთის მცხოვრები წანარები არაბებს აუჯანყდნენ და მათი მოთავეობით მოხდა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება. ამ სამთავროს ცენტრი ჯერ თიანეთი, შემდეგ კი თელავი გახდა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. ეს თანამდებობა თავიდან არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობითი გახდა.
VIII ს-ის ბოლოს ქართლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო. ჰერები ქართლის და ალბანეთის სამეფოებს შორის მცხოვრები ერთ-ერთი ქართული ტომი იყო. შემდეგ ჰერეთი ქართლის ერთ-ერთი საერისთაო გახდა. ჰერეთის სამეფო სამხრეთ დასავლეთით მდ. მტკვრამდე ვრცელდებოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასიონამდე. უკიდურესი სამხრეთი წერტილი იორ-ალაზნის შესართავი იყო. IX ს-ის პირველ ნახევარში ჰერეთის მეფეებმა ალბანეთის ნაწილი შეიერთეს და „რანთა მეფის“ ტიტული მიიღეს.
მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ თბილისის ამირას თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. VIII ს-ის ბოლოდან, როდესაც საქართველოს ცალკეული მხარეები განთავისუფლდნენ, მისი სამფლობელო შემცირდა და შიდა ქართლის ნაწილს და ქვემო ქართლს მოიცავდა. არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ, თბილისის ამირა დამოკიდებულების გზას დაადგა და ხალიფას ხარკს აღარ უგზავნიდა. 853 წელს თბილისის ამირა საჰაკის დასასჯელად ხალიფამ არაბი სარდალი ბუღა თურქი გამოგზავნა. მართალია ბუღამ თბილისი აიღო და საჰაკი მოკლა,მაგრამ IX ს-ის 80- იანი წლებიდან ამირა ჯაფარის დროს თბილისის საამირო დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა.
|