კათოლიკური ეკლესია საქართველოში
(მოკლე ქრონოლოგიური ინფორმაცია)

1978 წლის ოქტომბერს რომის კათოლიკური ეკლესიის 264-ე პაპი ხდება კრაკოვის არქიეპისკოპოსი, პოლონელი კარდინალი კაროლ ვოიტილა, რომელიც იმის ნიშნად, რომ გააგრძელებს მისი წინა პაპების იოანე XIII-ისა და პავლე VI-ის საქმეს და იქნება ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების გადაწყვეტილებათა ერთგული, ირჩევს პაპობის სახელს - იოანე-პავლეს.
იოანე-პავლე II არის პირველი პოლონელი, პირველი სლავი, პირველი აღმოსავლეთ ევროპელი პაპი. ამავე დროს, იგი არის პირველი არაიტალიელი პაპი 450 წლის მანძილზე. იგი გამორჩეულია როგორც მოგზაური პაპი. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მან 102 ვიზიტი განახორციელა (ზოგ ქვეყანას ორჯერ ეწვია, ხოლო პოლონეთში ცხრა ვიზიტი განახორციელა). ბოლო ვიზიტად 2003 წელს პაპი ხორვატიას ესტუმრა.
კაროლ ვოიტილას რომის პაპად არჩევის შემგომ იწყება კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტის ზრდა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო სსრკ-ში ამას თან სდევს ეთნიკური პოლონელების ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება. ამის სამაგალითოდ იმ ფაქტის მოყვანაც კმარა, რომ საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მღვდელი ივან სტეპანოვიჩ სნეჟინსკი, ეროვნებით უკრაინელი, იცვლის პასპორტს და ხდება იან სტანისლავოვიჩ-სნეჟინსკი, ეროვნებით პოლონელი. მსგავსი ფაქტები იმხანად მრავლად იყო. ამასთანავე, ეთნიკურმა პოლონელებმა დაიწყეს მშობლიური ენის შესწავლა. ცხადია, ეს გარემოება გააღიზიანებდა რუსულ საზოგადოებას, რომელიც 200 წლის მანძილზე გეგმაზომიერად ეწეოდა პოლონელთა ასიმილაციას.
კათოლიკური ეკლესიის გააქტიურებამ შეშფოთება გამოიწვია რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ხოლო პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში აგორებულმა ანტისაბჭოთა ტალღამ განარისხა კრემლის მესვეურები. რის ლოგიკურ შედეგსაც წარმოადგენდა 1981 წელს წმინდა პეტრეს მოედანზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც დაჭრილი პაპი სასწაულად გადაურჩა დაღუპვას. ყველა მცდელობის მიუხედავად, შეეზღუდათ კათოლიკური ეკლესია საბჭოთა კავშირში, ის მაინც იწყებდა გააქტიურებას კომუნისტური იმპერიის მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის საქართველოშიც.
80-იანი წლებიდან იწყება ახალგაზრდობის შემობრუნება ეკლესიისაკენ, ამავე პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აკმაყოფილებს თბილისელ კათოლიკეთა თხოვნას და ნებას რთავს რიგის ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ მღვდელს იოსებ კორნაშევსკის დაიწყოს სამსახური ჯერ თბილისის წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარში, ხოლო შემდგომ ახალციხის რ-ნის სოფელ სხვილისის ეკლესიაში.
1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებული ე.წ. გარდაქმნის პროცესი საგრძნობლად შეეხო რელიგიურ გაერთიანებებს. დაიწყო მორწმუნეთა გააქტიურება ყველა კონფესიაში. ეს პროცესი თანდათანობით საქართველოსაც შეეხო.
1985 წელი წყალგამყოფ თარიღად უნდა მივიჩნიოთ კათოლიკური და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ტრადიციულად არაკეთილმეგობრული ურთიერთობების ისტორიაში. ამ წელს შესრულდა სლავების განმანათლებლის წმ. მეთოდეს გარდაცვალების 1100 წელი. ამ თარიღის აღსანიშნავად ემზადებოდნენ რომშიც და მოსკოვშიც. წმ. მეთოდე ჩეხეთის, კერძოდ კი, მორავიის ერთ-ერთ კათოლიკურ მონასტერში განისვენებს. რომის პაპი, ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობის მიწვევით, ემზადებოდა ივლისის თვეში სტუმრებოდა ჩეხეთს. მანამდე კი უმაღლესმა პონტიფიკმა გამოსცა თავისი მორიგი ენციკლიკა “Slavorum Apostoli” (სლავების მოციქული), რომელშიც გააჟღერა ისტორიული ფაქტი, რომ დასავლეთ სლავებთან წმ. მეთოდე რომის პაპის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი და რომის პაპებმა, კონსტანტინეპოლის პატრიარქებთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულეს სლავების მოქცევაში. ამ ენციკლიკამ აღაშფოთა მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც არ სურდა საიუბილეო ღონისძიებების პროცესში ლიდერის ადგილი სხვასთან, მით უმეტეს რომის პაპთან გაეყო და დაიწყო ფარული, მაგრამ სასტიკი დაპირისპირება მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან პაპის და მთელი კათოლიკური ეკლესიის მიმართ.
საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც საგარეო საკითხებში ეთანხმებოდა მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციას, სიამოვნებით ჩაება ანტირომაულ კამპანიაში. პირველი, რაც გააკეთეს, აიძულეს ჩეხოსლოვაკია, უარი ეთქვათ იოანე-პავლე II სათვის ჩეხეთში ვიზიტზე.
1985 წლიდან იძაბება ვითარება დასავლეთ უკრაინაშიც, სადაც სამი მილიონი უნიატი ცხოვრობდა (ზოგიერთი მონაცემით 6 მილიონიც) და მათი ჩამორთმეული ტაძრების მართლმადიდებლებისთვის გადაცემა იყო განზრახული. საქართველოში 1985-86 წლებში ვითარება ჯერ კიდევ არ იყო გამოსული “უძრაობის” ძილისაგან, კათოლიკე მრევლი ჯერ არ აწუხებდა მთავრობას ეკლესიების რეგისტრაციის მოთხოვნით, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ კათოლიკე მრევლი - როგორც ქართველები, ასევე სხვა ერის წარმომადგენლები, აქტიურად არ იყვნენ ჩაბმულნი რელიგიურ ცხოვრებაში. უბრალოდ, ხელისუფლება (რაიონული აღმასკომების დონეზე) არჩევდა სირაქლემის პოზაში ყოფნას. თორემ 80-იან წლებში სინამდვილეში სულ სხვა რელიგიური სურათი იყო.
კათოლიკე მორწმუნე მრევლს, 1985 წლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ორი რეგისტრირებული ეკლესია გააჩნდა, მაგრამ სინამდვილეში ფაქტიურად მოქმედი არარეგისტრირებული ეკლესიები, რომლებიც მოსახლეობამ რეპრესიების მიუხედავად შეინარჩუნა, ჩვეულებრივად მოქმედებდნენ და მათში ყოველდღიურად ათეულობით მორწმუნე იკრიბებოდა და ორგანიზებულად ატარებდა ლოცვებს. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სოფლები არალი (ადიგენის რ-ნი), ვალე, ივლიტა, სხვილისი, წყალთბილი, აბათხევი, ნაოხსება, წინუბანი (ახალციხის რ-ნი), ხიზაბვრა, ვარგავი (ასპინძის რ-ნი), ტურცხი, ხულგუმო, კართიკამი (ახალქალაქის რ-ნი), ეშტია (ბოგდანოვკის რ-ნი). მორწმუნეთა ჯგუფები იყო გურიაშიც, იმერეთში; გორის, ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებში.
1986 წლიდან გააქტიურდნენ არალისა და უდეს (ადიგენის რაიონი) მორმწუნეები და არაერთგზის მიმართეს სხვადასხვა სახელისუფლო ინსტანციებს ეკლესიების რეგისტრაციისათვის. საქართველოს რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, არ გაეტარებინა რეგისტრაციაში კათოლიკე მორწმუნეთა რელიგიური ორგანიზაციები და მიიღო გადაწყვეტილება, მეთოდურად, თანდათანობით რეგისტრაციაში გაეტარებინა ფაქტიურად მოქმედი აქტიური რელიგიური საზოგადოებები. ხელისუფლების გადაწყვეტილება - რეგისტრაცია განხორციელებულიყო ეტაპობრივად, სწორი და ობიეტური ვითარებით ნაკარნახევი იყო.
პირველი და უმთავრესი, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ არ იყო სასულიერო კადრები. აუცილებელი იყო წესიერი და განათლებული ეროვნული კადრებით ეკლესიების დაკომპლექტება. სხვანაირად ეკლესიათა რეგისტრაციას აზრი ეკარგებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ წინამძღვარ იან სნეჟინსკის სთხოვა, მოეძებნა სათანადო ახალგაზრდები და გაეგზავნა რიგის ან კაუნასის, თუნდაც პოლონეთის სასულიერო სასწავლებლებში.
მეორე პრობლემას ქმნიდა ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც, ძველი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვერ წარმოედგინა თავის რაიონში ეკლესიის ამოქმედება ოფიციალურ დონეზე.
პრობლემა შეიძლება გამხდარიყო მოსკოვიც, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას ქართული სულიერების აღორძინება, მით უმეტეს კათოლიკური ეკლესიის წიაღში, სრულიადაც არ ხიბლავდა.
უკმაყოფილება (თუმცა იგი იმხანად არ იყო სერიოზულად ანგარიშგასაწევი) იყო არაკათოლიკური და არაქრისტიანული კონფესიებიდანაც, რომლებიც, მართალია, არ აქტიურობდნენ, მაგრამ აუცილებლად გააქტიურდებოდნენ. იმხანად უკვე იწყებდა ჩასახვას ანტიკათოლიკური „პიარი“. მაგალითად, მესხეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები მონდომებით ცდილობდნენ თავიანთ მორწმუნეებში იმ აზრის დანერგვას, რომ სხვილისის კათოლიკე მღვდელი ვატიკანის „შპიონია“ და მას თვალ-ყური უნდა ადევნონ და ა. შ. 1987 წ. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ათეისტურ-პატრიოტული მოტივები ასაზრდოებდა, მიამიტურად სწამდა, რომ გავხსნით ეკლესიას და რა მნიშვნელობა აქვს რომელი კონფესიის იქნება, მთავარია, რომ ქართული ქრისტიანული იყოსო. გავუშვებთ პატრიოტ მართლმადიდებელ მღვდელს (ვინაიდან ქართველი კათოლიკე მღვდელი იმხანად ბუნებაში არ არსებობდა) და ეროვნულ სულიერებას ავაღორძინებთ დახურულ სასაზღვრო რაიონშიო. სხვათა შორის, უდეს მოსახლეობის ნაწილიც ეთანხმებოდა ამ აზრს. „მთავარია, ეკლესია გავხსნათ და მღვდელი მოგვეცითო“. თავად სასულიერო პირი, ვისაც უპირებდნენ უდეს ეკლესიაში განწესებას, მორწმუნეებს აიმედებდა, „ქართული კათოლიკური წესით“ ჩავატარებ წირვასო.
ასე რომ, თავდაპირველად საკმაოდ იმედის მომცემად იკვეთებოდა უდეში „ქართული ქრისტიანული ეკლესიის“ ამოქმედება, მაგრამ სოფლის მოსახლეობაში უთანხმოებამ ეკლესიის გახსნის დღიდანვე იჩინა თავი და წლების მანძილზე მწვავედ მიმდინარეობს.
გამწვავდა ვითარება მეზობელი სოფლების - არალისა და უდეს - მორწმუნე კათოლიკეთა შორის. არალელები მეზობელ კათოლიკეებს სიმხდალესა და ღალატს აბრალებდნენ და არალის ეკლესიაში კათოლიკური წესის ლოცვაში მონაწილეობას უკრძალავდნენ. არალის მორწმუნეებში გამწვავდა ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაშიც და გაჩნდა უნდობლობა ხელისუფლების მიმართაც. აი, კარგი მაგალითი არაკომპეტენტურობისა. იმის ნაცვლად, რომ მორწმუნეთა ინტერესების დამცველად და ეროვნული საქმის მოთავედ გამოჩენილიყო და ამით კეთილგამწყობა მოეპოვებინა, ხელისუფლებამ წინასწარგანზრახვის გარეშე, უნებურად ხელი შეუწყო კონფესიურ დაპირისპირებას ქართველებს შორის და ინსპირირება მოახდინა არაქართველ მორწმუნეებში, მოეთხოვათ თავიანთი რელიგიური საზოგადოებების რეგისტრაცია.
1987 წელს რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებები შემოდის ახალქალაქის რაიონის სოფელ ტურცხიდან, რომლის მოსახლეობამაც რეგისტრირების საქმეში მხარდაჭერა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქიებისგან მიიღო. ამავე პერიოდში ახალციხის სომეხ კათოლიკეებს, რომლებსაც რომაული წესის მღვდელი ემსახურებოდა, უჩნდებათ სურვილი გადავიდნენ სომხურ-კათოლიკურ ტიპიკონზე.
1988 წლიდან რეგისტრირდება ტურცხის ეკლესია და იქ იგზავნება ახლად ნაკურთხი ლათინური წესის მღვდელი, თუმცა ერთი წლის შემდეგ იგი თვითონაც შეიცვლის წესს და მთელი რეგიონის მრევლსაც სომხურ-კათოლიკურ ტიპიკონზე გადაიყვანს. ასე რომ, ნახევარსაუკუნოვანი ერთობის მიუხედავად, საქართველოში კათოლიკეები კვლავ რომისა და აღმოსავლურ მოწესეებად იყოფიან.
1988 წლის მაისში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავი. საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ როგორი ფართო იყო „პერესტროიკისა“ და მსოფლმხედველობითი პლურალიზმის მასშტაბები. ეს იუბილე მიზნად ისახავდა მსოფლიოსათვის დაენახვებინათ რუსული კულტურისა და ეკლესიის როლი. მაგრამ ამ ფონზე ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ იზღუდებოდა არამართლმადიდებელი აღმსარებლობის მილიონობით მორწმუნის კანონიერი უფლებები.
სწორედ 1988 წელს ფართო ხასიათი მიიღო დასავლეთ უკრაინელი უნიატების გამოსვლებმა იმ ძალადობის წინააღმდეგ, რასაც მათ მიმართ ერთობლივად ანხორციელებდა საკავშირო ხელისუფლება და მოსკოვის საპატრიარქო. მართლმადიდებელთა ზეწოლა იწვევდა კათოლიკე მორწმუნეთა გააქტიურებასა და კონსოლიდაცას. 1988 წლის ბოლოსათვის რეგისტრაციას ითხოევნ გორის, ქუთაისის, ბათუმის მორწმუნეთა ჯგუფები. განსაკუთრებულად აქტიურობდნენ გორელი კათოლიკეები, რომლებიც პერიოდულად იწვევდნენ თბილისიდან მღვდელს და მორწმუნეთა ბინებში ახდენდნენ მსახურებას. გორელი მორწმუნეების გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, ყოფილი კათოლიკური ტაძრის შენობაში მოქმედმა ახალგაზრდულმა კლუბმა შეწყვიტა საეკლესიო ნაგებობაში დისკოთეკების ჩატარება. გორელი კათოლიკეები თვლიდნენ, რომ შორს არ უნდა ყოფილიყო მათთვის 30-იან წლებში ჩამორთმეული ეკლესიის დაბრუნების გადაწყვეტილების გამოტანა. მაგრამ ქალაქის ხელისუფლება, თბილისიდან მითითების მიუხედავად არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას. მთელი წლის განმავლობაში გორელმა კათოლიკეებმა ვერ მიიღეს პასუხი იმის შესახებ, უბრუნებდა თუ არა ქალაქის აღმასკომი მათ საეკლესიო შენობას.
ამასობაში მორწმუნეთა მხრიდან ძლიერი ზეწოლის შედეგად რეგისტრაციაში გატარდა ადიგენის რ-ნის სოფ. არალის წმ. იოსების კათოლიკური საკრებულო და გადაეცა საეკლესიო ნაგებობა. ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების არსებობის მანძილზე პირველი საკრებულო, რომელსაც კანონიერი რეგისტრაცია გაუკეთდა და საეკლესიო ნაგებობაც დაუბრუნდა. 1989 წლის ზაფხულში რეგისტრაციაში გაატარეს ახალციხის რ-ნის სოფლების: ვალესა და ივლიტას საკრებულოები. ხოლო ასპინძის რ-ნის აღმასკომმა ჯერ დადებითად გადაწყვიტა სოფ. ხიზაბავრის მორწმუნეთა თხოვნა, მაგრამ ორიოდე კვირის შემდგომ გააუქმა თავისივე მიღებული გადაწყვეტილება.
1989 წელს გორში და ქუთაისში ყოფილი კათოლიკური ტაძრები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებებს გადასცა. ცოტა მოგვიანებით ანალოგიური ბედი ეწიათ უკვე რეგისტრირებულ ივლიტას ეკლესიასა და ბათუმის ტაძარს. ასე რომ, 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ხუთი კათოლიკური საეკლესიო ნაგებობა გადაეცა მართლმადიდებელ მრევლს. ამით პრობლემა, ცხადია, ვერ მოგვარდებოდა. პირიქით, ამ ფაქტმა დაძაბა ურთიერთობა ქართველ მორწმუნეთა შორის, რაც საბოლოოდ რუსეთის მმართველი წრეების მიზანს შეადგენდა და რასაც მათ წარმატებით მიაღწიეს ზევიდან ჩაურევლად, თავად ქართველების ხელით. ამას ვერ მიაღწიეს უკრაინაში, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში უნიატებმა და რომის კათოლიკეებმა დაიბრუნეს მართლმადიდებელთა მიერ მიტაცებული ათეულობით ეკლესია.
1989 წელს საქართველოს ხელისუფალთა მოწვევითა და ხელშეწყობით საქართველოს ესტუმრა მოწყალების დედათა ორდენის დამაარსებელი დედა ტერეზა კალკუტელი. დედა ტერეზას გულისამაჩუყებელი შეხვედრა მოუწყვეს სიონის საპატრიარქო ტაძარში, ორდენითაც დააჯილდოვეს და შემწეობა სთხოვეს 9 აპრილს მოწამლულთა რეაბილიტაციისა და იმხანად არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევის საქმეში.
1989 წლის ივნისიდან თბილისში დამკვიდრდა დედა ტერეზას მოწყალების ორდენის ოთხი მონაზონი. თუმცა ორიოდე თვის შემდეგ, ფანატიკურად განწოყბილი ადამიანების მხრიდან, დაიწყო გაუგონარი რეპრესიები ამ მონაზვნების წინააღმდეგ, რაც უპრეცენდენტო შემთხვევას წარმოადგენდა ამ ორდენის ისტორიაში. თვით რელიგიურ ომში გახვეულ სუდანშიც კი უპრობლემოდ მოღვაწეობნდნენ მოწყალების ორდენის წევრები.
ნიშანდობლივია თბილისის ტაძრის წინამძღვრის იან სნეჟინსკის განმარტებაც, რაც მან 1989 წლის აგვისტოში ხელისუფალთა შეკითხვაზე - როდის გაემგზავრებიან საქართველოდან ტერეზას მონაზვნებიო - გააკეთა. წინამძღვარმა განაცხადა - დედა ტერეზას მოწყალების დები საკუთარი სურვილით არსად არ ჩადიან, მათ იწვევენ. მაგრამ იქიდან მოწყალების დები გაემგზავრებიან მხოლოდ საკუთარი სურვილით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ მათი დახმარების საჭიროება უკვე აღარ არსებობს და გაჭირვებულები აღარ არიან.
1989 წელს კიდევ ერთი გაუგებრობა იჩენს თავს. თბილისის სასულიერო აკადემიაში მართლმადიდებლური ლიტურგიის კურსის წასაკითხად იწვევენ მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერს, მართლმადიდებლური ლიტურგიის სპეციალისტს, ბასკური წარმოშობის კათოლიკე მღვდელს მიგელ არანცს, რომელიც მანამდე პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში კითხულობდა მართლმადიდებლურ ლიტურგიას. თბილისში სასულიერო აკადემიაში ლექციების კურსის დაწყების მეორე დღეს ცნობილ პროფესორს სტუდენტებმა არ მისცეს ლექციების ჩატარების საშუალება. მესამე დღეს პროფესორს ნება დართეს გაეგრძელებინა ლექციების კითხვა მხოლოდ ერთგვარი კონტროლის პირობებში. მეოთხე დღეს ისევ აუკრძალეს ლექციების ჩატარება და მოსთხოვეს სასულიერო აკადემიის დატოვება.
ამ სამარცხვინო ფაქტმა ქართული საზოგადოების ნაწილის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. თავად მამა მიგელ არანცმა კი ამ შემთხვევიდან ორიოდე დღის შემდგომ, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის არსებობის 750-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე, განაცხადა: მე გულში არანაირ ხინჯად არ მრჩება ეს ამბავი. მე აშკარად ვხედავ რუსეთის ეკლესიის ხელს. ეს ყველაფერი მოსკოვის მიერაა ინსპირირებული.
1991 წელს საქართველოს რესპუბლიკას ესტუმრა კარდინალი კაზაროლი. ვიზიტის მიზანს დამოუკიდებლობაგამოცხადებულ საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობების დამყარება წარმოადგენდა. მაღალი უცხოელი სტუმარი და გამოცდილი დიპლომატი ითვალისწინებდა რა რუსეთის ხელისუფლებისა და მისი მომხრეების ინტერესებს, არ დაეშვათ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ყოველნაირად შეეშალათ ხელი ქართველებისათვის, გაერღვიათ საინფორმაციო ბლოკადა, კარდინალი თავს არიდებდა საჯარო გამოსვლებს და ინტერვიუებს. „ჯერ არ მომწიფებულა დრო ღიად ვისაუბროთ რომისა და საქართველოს ურთიერთობებზე. თქვენც ნუ გაასწრებთ დროს და ნუ იჩქარებთ მასალების გამოქვეყნებას“, - განუცხადა კარდინალმა ჟურნალისტებს.
1991 წელი საეტაპო წლად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში მოქმედი კათოლიკური ეკლესიისათვის. ამ წელს თბილისში ფუძნდება „ახალი კათეხუმენალური“ საკრებულო. აგვისტოში კი საკრებულოს დელეგატები მონაწილეობას იღებენ მომლოცველობაში, მიემგზავრებიან ვარშავაში, სადაც ესწრებიან პაპის ვიზიტს. თბილისის კათოლიკური ეკლესიის ორი ახალგაზრდა წევრი ვარშავაში, სტადიონზე გამართული მსახურების დროს, იღებს რომის პაპის კურთხევას, რათა შეუდგნენ მღვდელმსახურის პასუხსაგებ გზას. წინამძღვარი იან სნეჟინსკი შესძლებს პოლონეთში გამოძებნოს მღვდელი, ვინც სურვილს გამოთქვამს თბილისში განაგრძოს მსახურება. წლის ბოლოსათვის მამა ადამ ოხალი ბიუროკრატიულ ბარიერებს გადალახავს და ჩამოდის თბილისში, სადაც უკვე სამოქალაქო ომის სამზადისია გამართული.
1992 წლიდან აქტიურდება ახალი კატეხუმენალური საკრებულოების საქმიანობა. იქმნება მეორე საკრებულო. მათ დასახმარებლად იტალიიდან და მალტიდან ჩამოდის ორი ოჯახი. ისინი სახლდებიან თბილისში და ეხმარებიან მამა იანსა და მამა ადამს კატეხუმენალური საკრებულოების ფორმირებაში.
ახალი კატეხუმენალური მოძრაობა, ან გზა, როგორც მას მისი წევრები უწოდებენ, ჩამოყალიბდა მადრიდის გარეუბნებში მცხოვრები ღატაკი მოსახლეობის ფენებში. ამ მოძრაობის შექმნის იდეა ეკუთვნის ესპანელ მხატვარს კიკო არგუელის. მოძრაობის ჩამოყალიბების პროცესში მას მხარში ედგნენ მონაზონი, სახელად კარმენი და მღვდელი მამა მარიო. ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების შემდგომ შეიქმნა იმის საშუალება, რომ სხვადასხვა ქარიზმატულ პიროვნებებს შეექმნათ ეკლესიის წიაღში ინტერესებისა და მოწოდებების მიხედვით გაერთიანებული მორწმუნეთა მრავალათასიანი მოძრაობები, რითაც დაუპირისპირდნენ რელიგიურ ინდეფერენტიზმს, მატერიალიზმის მოძალებასა და სხვადასხვა აღმოსავლური რელიგიებით გატაცებას.
ასე ჩამოყალიბდა საფრანგეთში ტეზეს მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდა კათოლიკეთა საერთოევროპულ ფორუმებს ატარებდა. 1990-93 წლებში ამ ფორუმებში, რომლებიც ჩეხეთში, ავსტრიაში, იტალიასა და საფრანგეთში ჩატარდა, მონაწილეობდნენ კათოლიკე და მართლმადიდებელი ახალგაზრდები თბილისიდანაც. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მათი გარკვეული ნაწილი უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად. რაც შეეხება ახალ კატეხუმენალურ მოძრაობას, იგი ძირითადად ოჯახებს აერთიანებს და მოწოდებულია ქრისტიანული მორალით აღზარდოს ადამიანები, დააახლოვოს მორწმუნეები ერთმანეთს ისე, როგორც პირველ საუკუნეებში იყვნენ გაერთიანებულნი ერთ ძმურ საკრებულოდ. კატეხუმენალურ საკრებულოში აახლოებს მორწმუნეებს ეკლესიასთან, ეხმარება მათ ბიბლიის უკეთ შესწავლასა და გააზრებაში, ხელს უწყობს ადამიანებში თავმდაბლობისა და ურთიერთსიყვარულის განმტკიცებას.
1991 წლიდან ახალ კატეხუმენალური საკრეუბლო მრავალმა ათეულმა მორწმუნემ გაიარა ქრისტიანული აღზრდის სკოლა. საშუალოდ ყოველ წელს 50- დან 70-მდე მორწმუნე ერთიანდებოდა ახლადშექმნილ საკრებულოში, თუმცა სამიოთხი წლის შემდეგ ნახევარზე მეტი სხვადასხვა მიზეზით ტოვებდა საკრებულოებს.
ახალი კატეხუმენალური საკრებულოების ერთ-ერთ დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს შობისა და აღდგომის დღესასწაულების ღამისთევით აღნიშვნის ძველი ტრადიციის აღდგენა საერთოდ მთელ დასავლეთ ევროპაში და თბილისშიც.
1992 წლიდან ვატიკანმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და რამდენიმე თვეში მოავლინა სრულუფლებიანი წარმომადგენელი - წმინდა საყდრის დესპანი. პირველ დესპანად დაინიშნა ფრანგი მღვდელი ჟან-პოლ გობელი. მას დესპანის უფლებებთან ერთად მიენიჭა არქიეპისკოპოსის წოდება. წმინდა საყდრის სადესპანო გახდა (რიგის მიხედვით) მეათე საელჩო დამოუკიდებელ საქართველოში.
1992 წლიდანვე კარიტასის საქველმოქმედო ორგანიზაცია იწყებს ფართო მასშტაბის ჰუმანიტარულ დახმარებებს. პირველივე წელს კარიტასმა საქართველოს ნახევარი მილიონი კილოგრამი ხორცის კონსერვი და სხვა პროდუქტები გამოუგზავნა. იგზავნებოდა დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები ანაწილებდნენ. შემდგომ წელს უკვე თბილისში დაფუძნდა „საქართველოს კარიტასი“ და ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. ამოქმედდა ორი უფასო სასადილო, ამბულატორია და აფთიაქი.
1994 წლიდან საქართველოში იგზავნებიან წმ. სტიმატინთა კონგრეგაციის მღვდლები მამა ჯუზეპე პაზოტო და მამა გაბრიელე ბრაგანტინი, რომლებიც ქუთაისში სახლდებიან, სადაც ფუნქციონირებას იწყებს სამლოცველო სახლი, ხოლო მამა ჯუზეპეს სულ მალე ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო მმართველად ნიშნავენ. ამავე დროს ინიშნება სომხური წესის კათოლიკეთა ეპისკოპოსი. მისი კათედრა სომხეთში, ქ. გუმბრიში დაფუძნდება და მისი იურისდიქცია საქართველოში მცხოვრებ სომეხ კათოლიკეებზეც ვრცელდება. ამავე წელს მტკიცდება ქართულ ენაზე ლიტურგიის წესი და საქართველოში ლათინური წესის კათოლიკეთათვის სავალდებულოდ იქცევა ქართული მღვდელმსახურება.
1994 წელს იწყება თემქის დასახლების გარეუბანში კამილიელთა ორდენის მიერ პოლიკლინიკის მშენებლობა. რამდენიმე წელიწადში პოლიკლინიკის მშენებლობა დასრულდება და მას იესო ხალხთა მხსნელის სახელზე აკურთხებენ. იქვე განთავსდება საქართველოში კამილიელთა ორდენის სახლი.
ამავე პერიოდში იწყებს გამოსვლას გაზეთი „საქართველოს კათოლიკე“. გამოიცა მურმან პაპაშვილის წიგნი „რომი-საქართველოს ურთიერთობანი“.
სამოციქულო ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ ძალზე მალე მრავალმხრივი და საფუძვლიანი საქმიანობა გააჩაღა როგორც პასტორალური, ასევე საგანმანათლებლო-საგამომცემლო კუთხით. ხელი შეუწყო მომლოცველობას და უცხოეთთან კავშირურთიერთობებს. ძალზე დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობას, სადავო საკითხების მშვიდობიან მოგვარებას და ქრისტიანული სათნოების დაფუძნებას.
90-იანი წლების II ნახევარში გაკეთებული მრავალი საქმიდან ყველაზე მნიშვნელოვანია საკრებულოების აღდგენა-დაფუძნება, კადრების მომზადება - ათამდე ახალგაზრდა გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ სასულიერო სემინარიებში. ქუთაისთან ამოქმედდა კომპოსკოლა (სასწავლო ბანაკის ტიპის დროებითი სკოლა-კურსები).
გამოიცა კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, ჟამნის ლოცვანი, საგალობლების კრებული, ითარგმნა პაპის ენციკლიკა „რათა ყოველნი ერთ ვიყვეთ“, საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები.
ათეულობით ახალგაზრდა სისტემატურად იგზავნებოდა ევროპის ქალაქებში გამართულ ქრისტიანულ ფორუმებზე. ხონის რაიონის სოფელ ახალშენში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ კათოლიკეები, აიგო ახალი ეკლესია.
1999 წელს გაიხსნა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათედრალური ტაძარი, რომლის აღდგენაშიც წვლილი მეუფე ჯუზეპეს მშობლიურმა ქალაქმა ვერონამაც მიიღო. 15 აგვისტოს ტაძრის სახელის დღესასწაულზე - ღვთისმშობლის ამაღლების დღეს საზეიმოდ ეკურთხა ტაძარი, რომელიც 1937 წლიდან მორწმუნეთათვის დაკეტილი იყო. 1999 წლის 8-9 ნოემბერს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით საქართველოს ესტუმრა რომის პაპი იოანე-პავლე II. ეს იყო ისტორიული ვიზიტი, რადგან ეს იყო პაპის პირველი ვიზიტი თანამეგობრობის ქვეყნებში. მანამდე პაპის მოწვევას უშედეგოდ ცდილობდა სომხეთის რესპუბლიკა, უკრაინა. პაპის ორდღიანი ვიზიტი თბილისში იყო საქართველოს სახელმწიფოს აღიარება და ქვეყნის 70 დემოკრატიული კურსის მხარდაჭერა. პაპის ვიზიტმა აღაშფოთა რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო წრეები, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში პაპის ვიზიტს მეტად მტკივნეულად შეხვდნენ. სხვათა შორის, ასევე იყო 2002 წელს აზერბაიჯანში პაპის ვიზიტის დროსაც. რუსული საინფორმაციო საშუალებები და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები ცდილობდნენ პაპის ვიზიტის საწინააღმდეგოდ განეწყოთ ბაქოელები, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. თბილისში ვიზიტის წინ ცალკეული სასულიერო პირები აქტიურად გამოდიოდნენ ამ ვიზიტის წინააღმდეგ, იყო მცდელობა, ჩაეშალათ ვიზიტი. ჩამოსვლის წინა დღეს გავრცელდა მოწოდება, რათა მოსახლეობას თავი შეეკავებინა სპორტის სასახლეში გამართულ წმინდა წირვაში მონაწილეობისაგან, თუმცა პაპს მხურვალე შეხვედრები ჰქონდა ყველგან - წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარშიც; სვეტიცხოველის კათედრალში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად პაპმა ხელი მოაწერა მიმართვას; სპორტის სასახლეშიც და კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაშიც.
ვიზიტის დროს პაპმა საჩუქარი გაუკეთა ქართველ კათოლიკეებს. სამოციქულო მმართველი ჯუზეპე პაზოტო ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.
2000 წლის 6 იანვარს ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში პაპმა მეუფე ჯუზეპე ეპისკოპოსად აკურთხა. ეს იყო ისტორიული მომენტი - აღსრულდა ქართველი კათოლიკეების მრავალსაუკუნოვანი ოცნება, ჰყოლოდათ თავიანთი ეპისკოპოსი.




სტატიის ავტორი – ნუგზარ ბარდაველიძე;
სტატია აღებულია - ინტერნეტ რესურსიდან "http://www.nplg.gov.ge/


megobari saitebi

   

15.09.2016