ღირსი იოვანე კათოლიკოს–პატრიარქი 980–1001 წლებში განაგებდა საქართველოს ეკლესიას.
ტაო–კლარჯეთში, პარხლის მონასტრის წარწერაში მოხსენიებულია მონასტრის აღმშენებელი მეფე დავით კურაპალატი და „ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი იოვანე“.
პროფესორ ვალერი სილოგავას გამოკვლევით საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებიდან პატრიარქის ტიტული პირველად წმინდა იოვანე მეოთხეს მიენიჭა. „აქამდე მიღებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებმა პატრიარქის ტიტული მეთერთმეტე საუკუნიდან მიიღეს და პირველი ასეთი იყო მელქისედეკი (1010–1033). მელქისედეკის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას მისი ბიზანტიაში ხშირი მოგზაურობით, კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე ახლობლობით ხსნიან... ქვეყნის საეკლესიო საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის უმაღლესი ტიტულის მოპოვებას და მინიჭებას უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. ბიზანტიის იმპერისაგან პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობას სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობდა – ორმოცზე მეტი საეპისკოპოსო კათედრა და მონასტერი, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები და მეხუთე საუკუნიდან წმინდა მირონის ხარშვის უფლება.
ასეთ ვითარებაში დავით კურაპალატის დროს მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, საქართველოს კათოლიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა მეათე საუკუნის ბოლო ოცწლეულისა.
არ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათოლიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა... 1260 წლის ახლო დროის საბუთით დამოწმებულია, მაგრამ როგორც ჩანს ადრინდელი ტრადიციის ამსახველია კათოლიკოს ნიკოლოზ მესამის (1250–1282) ხერთვაში წარმოდგენილი რეალობა, როდესაც იგი წერს: ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ზეგარდმო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის–ცხოველის მეექუსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათოლიკოზი ნიკოლაოზ ვამტკიცებ და წავწერ“. მაშასადამე, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ უკვე XII საუკუნეში და, ალბათ, ამაზე ადრეც, საქათველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ მეექვსე ადგილზე აყენებდა პატრიარქის ტიტულით თავის თავს, მაგრამ ამისთვის მას რთული გზა უნდა გაევლო, რომელიც სათავეს X საუკუნეში იღებდა“ – წერს მკვლევარი.
საქართველოს ეკლესიის მეთაურთაგან პატრიარქის ტიტულის პირველი მფლობელი წმინდა იოვანე ბიბლიური პატრიარქალური ოჯახების მსგავსად მშობელთა მრავალწლიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ მოევლინდა ქვეყანას. კათოლიკოს პატრიარქ ბასილის (1065–1080) თხზულებაში: „თხრობაი სასწაულთათვის წმინდისა და ღმერთსემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია რომ იოვანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდა შვილი და შიო მღვიმელს ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ მშობლებმა იოვანე აღსაზრდელად შიომღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა იოვანემ ის სიწმინდე და სიბრძნე, „რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოვანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“.
კათოლიკოს–პატრიარქ იოვანე მეოთხე მშვიდობით აღესრულა 1001 წელს. იოვანე მეოთხის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს სვიმეონი, რომლის ტიტულის შესახებ წერილობითი წყაროები არ შემონახულა. სვიმეონის შემდგომ საქართველოს ეკლესიას მეთაურობდა წმინდა მელქისედეკი, რომლის მემკვიდრე გახდა, მისივე აღზრდილი იოვანე მეხუთე, რომელსაც ასევე იოვანე–ოქროპირ–კათოლიკოსი უწოდა ქართველმა ხალხმა.
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქართველ წმინდათა ცხოვრება“, თბილისი, 2007წ;
მასალა ადაპტირებულია მარიტა გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;
|