გოთები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში

ახ.წ. III ს. რომის იმპერიისა და მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ეს არის რომის სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის, პოლიტიკური ანარქიის, სოციალურ-ეკონომიკური დაცემისა და საყოველთაო სტაგნაციის ხანა, რაც საერთო ჯამში გამოწვეული იყო მონათმფლობელური სისტემის კრიზისით. III ს. კრიზისი გამოირჩეოდა თავისი სიმწვავით, ხანგრძლივობით და მან მოიცვა სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფერო. იმპერიის შინაგანმა დასუსტებამ გამოიწვია მისი მტრების გააქტიურება თითქმის ყველა საზღვარზე. დაიწყო ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლები ,,ბარბაროსებთან" _ რეინსა და დუნაიზე, ევფრატის სასაზღვრო ხაზზე, აფრიკასა თუ ბრიტანეთში. განუწყვეტელი ომები ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა უზურპატორთა გამოჩენისათვის. სახელმწიფო ხელისუფლებამ დაკარგა სტაბილურობა. ანარქიამ მოიცვა არმიაც. ასეთ პირობებში გაიზარდა პროვინციების სეპარატისტული ტენდენციები. იმპერიის სხვადასხვა ნაწილში ირჩევდნენ საკუთარ იმპერატორებს. აჯანყებები და უზურპაციები განუწყვეტლივ არყევდნენ სახელმწიფოს (1). `ბარბაროსთა~ ზეწოლის გაძლიერების, ცალკეული უზურპატორების ხანგრძლივი ბატონობის, არმიის მიერ იმპერატორების გაუთავებელი არჩევისა თუ მათი ჩამოგდების, იმპერიაში ხშირად რამდენიმე იმპერატორის ერთდროულად მმართველობის, პოლიტიკური ანარქიის, საყოველთაო სტაგნაციისა და ტოტალური დეპრესიის ფონზე რომის სახელმწიფომ რღვევა დაიწყო.
რომაულ სამყაროში მიმდინარე ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, შეეხო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს, ისტორიულ კოლხეთსაც, რომელიც ამ დროისათვის რომის პოლიტიკური გავლენის სფეროში შედიოდა და აქ არსებული მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების ტერიტორიულ-ტომობრივი გაერთიანებები ოფიციალურად ,,რომის მეგობარ და მოკავშირე~ ,,სამეფოებს~ წარმოადგენდნენ (2). რომში კრიზისმა და დეცენტრალიზაციამ კულმინაციას III ს. შუახანებში მიაღწია. გალიენეს (253-268 წწ.) მმართველობის დროს იმპერიის ყველა საზღვარზე კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ჩართული იქნა იმ პოლიტიკურ კატაკლიზმებში, რომელსაც განიცდიდა რომაული სამყარო და იგი მოექცა იმპერიის ყველაზე საშიში მტრების - გოთების თავდასხმების არეალში.

გოთების გერმანული ტომი, სხვა ბარბაროსული ტომების მსგავსად, რომლებიც მონაწილეობდნენ ხალხთა დიდ გადასახლებაში, რომის იმპერიასთან უშუალო შეხებამდე, საუკუნეების მანძილზე იმყოფებოდა ანტიკური ცივილიზაციის პერიფერიაში. გოთებმა, ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროდან და ვისლის¬პირეთიდან, II საუკუნის ბოლოს სამხრეთისაკენ, აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებისაკენ დაიწყეს გადასახლება (3). ამ მიგრაციის დროს გოთებს უერთდებოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და ბარბაროსების ეს უზარმაზარი მოძრავი მასა, რომელიც II ს. ბოლოსა და III ს. დასაწყისში მიადგა იმპერიას დუნაის საზღვრების ჩრდილოეთით, იწყებს რომის საზღვრებში შეჭრას და გამანადგურებელ ლაშქრობებს როგორც ხმელეთზე _ ქვემო დუნაის მხრიდან, ასევე ზღვით _ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან (4). გოთების საშიშროების გამო ჯერ კიდევ იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი იძულებული გახდა დუნაის ჩრდილოეთით გამავალი საზღვრები გაემაგრებინა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქებისათვის, რომელთაც შეეძლოთ შეეკავებინათ გოთების შემოტევა. დუნაის საზღვარზე რეორგანიზებულ იქნა ლიმესის სისტემა, გადასროლილ იქნა ახალი სამხედრო ქვედანაყოფები. ჩრდილოეთის საზღვრების უსაფრთხოების უკეთ დასაცავად და რეგიონში რომის სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობის გასამყარებლად, სეპტიმიუს სევერუსმა ქ. ოლბია შეუერთა პროვინცია ქვემო მეზიას (5). III ს. 20-30-იან წწ. გოთები ინტენსიურად იწყებენ შეჭრას ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (6). ბარბაროსები ფართო ფრონტით უტევდნენ. გოთებმა დალაშქრეს ოლბია, ტირა, 238 წ. გადალახეს მდინარე დუნაი და სასტიკად ააოხრეს რომაული სამფლობელოები. ქვემო მეზიის მმართველი, ბარბაროსთა შეტევების შესაჩერებლად, იძულებული გახდა ყოველწლიურ გადასახადზე დათანხმებულიყო (7).
III ს. 40-იან წწ. გოთები და მათი მოკავშირე ტომები შეტევაზე გადავიდნენ რომის მთელ ჩრდილოეთ საზღვარზე. დუნაის არმიის გაძლიერების მიზნით, რომელიც ვერ უმკლავდებოდა ბარბაროსთა ზეწოლას, რომი იძულებული გახდა თავისი ჯარები გაეყვანა ყირიმიდან, რის შედეგადაც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი ფაქტობრივად გოთი-ბორანების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა. ამ დროიდან ბოსფორი, რომელიც ადრე აკავებდა იმპერიის საზღვრებისაკენ მოძრავ ბარბაროსებს, რომ¬ზე მოლაშქრე გოთების ბაზად იქცა. ბოსფორის ხელისუფლებაში მოსულმა ანტი¬რომაულმა წრეებმა, რომლებსაც ბარბაროსებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ შესწევდათ, მომთაბარეებთან შეთანხმება დადეს. ამ შეთანხმების თანახმად, გოთებმა აზოვის ზღვიდან შავ ზღვამდე თავისუფლად გადაადგილების უფლება მიიღეს. ამას¬თან, ბოსფორი ვალდებული იყო საკუთარი ფლოტით უზრუნველეყო მათი ტრანსპორტირება (8). ამან ბარბაროსებს საშუალება მისცა მოეწყოთ მარბიელ ლაშქრობათა მთელი სერია კავკასიის სანაპიროზე, მცირე აზიასა და დასავლეთ შავიზღვისპირეთში. რომთან ბრძოლის ამ ახალი ფორმის განვითარებას ხელი შეუწყო იმ დიდმა წარმატებებმა, რომელსაც მიაღწიეს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომებმა რომთან ბრძოლაში (9). 250 წ. ბოლოსა და 251 წ. დასაწყისში გოთებმა გადალახეს მდ. დუნაი და დაიწყეს მეზიისა და თრაკიის აოხრება. ბარბაროსების წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა იმპერატორი დეციუსი (249-251 წწ), მაგრამ ქ. აბრიტთან მომხდარ ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ, თვითონ იმპერატორი კი ბრძოლის ველზე დაიღუპა. მოლაპარაკების შედეგად დადებულ იქნა იმპერიისათვის სამარცხვინო ზავი, რომლის თანახმადაც რომაელები ბარბაროსებს დაუბრკოლებლად უშვებდნენ მთელი ნადავლითა და ტყვეებით, ხოლო მათი შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებად ყოველწლიურ გადასახადს კისრულობდნენ (10). 250-251 წწ. ომის დროს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომებმა სასტიკად ააოხრეს უმნიშვნელოვანესი დუნაისპირა პროვინციები, გაანადგურეს მათი თავდაცვითი ხაზი დუნაის საზღვარზე და უზარმაზარი ზარალი მიაყენეს რომის ცოცხალ სამხედრო ძალას (11). აბრიტთან რომაელების მარცხი იყო ის ზღვარი, რომლის შემდეგაც იწყება III ს. კრიზისის უკიდურესი გამწვავება. დუნაიზე გამარჯვებებმა კიდევ უფრო გააქტიურა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტომების ბრძოლა რომის წინააღმდეგ და დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც მეზობელ გერმანულ ტომებში, ასევე სპარსელებში. იმპერიის სისუსტე ყველამ აშკარად დაინახა და მას ერთდროულად შეუტიეს გერმანელებმა, `სკვითებმა~ და სპარსელებმა (12).
ასე რომ, რომის იმპერიის საშინაო და საგარეო მდგომარეობა III ს. 50-იან წლებში ხელს უწყობდა რომთან ბრძოლის ახალი ფორმის _ საზღვაო ლაშქრობების განვითარებას. იმპერიის თითქმის მთელი რეგულარული ძალები რეინსა და ევფრატზე იმყოფებოდა, რომელსაც იმპერია თვლიდა უზარმაზარი ომის მთავარ ფრონტებად, ხოლო მცირე აზიასა და ბერძნულ პროვინციებს ძირითადად ადგილობრივი, არადისციპლინირებული და ნაკლებად¬ბრძოლის¬უნარიანი სამხედრო შენაერთები იცავდა (13). გარდა ამისა, რომის სახელმწიფოს მწვავე სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა თავისი გავლენა მოახდინა რომაულ ფლოტზეც, რომელიც ერთ დროს შავზღვაზე ერთპიროვნულად ბატონობდა. მართალია, III ს. შუახანებისათვის რომაული ფლოტი
Classic Flavia Moesica Gორდიანა რამდენჯერმე იხსენიება შავი ზღვის დასავლეთ რაიონებში, მაგრამ მას თავი არ გამოუჩენია ხანგრძლივი ბრძოლების დროს და ამ დროისათვის შავ ზღვაში რომაული ფლოტი, როგორც რეალური ძალა, უკვე აღარ არსებობდა (14). ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა რომის წინააღმდეგ საზღვაო ექსპედიციების წარმატებას. ბარბაროსების მიერ ომების ხმელეთიდან ზღვაზე გადატანა რომაულ სამფლობელოებზე შეტევისათვის გეოგრაფიული თვალსაზრისითაც უფრო ეფექტური იყო. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს ხმელეთზე ასობით კილომეტრი აშორებ¬და იმპერიის დუნაის საზღვრებს, ხოლო მცირე აზიისაგან მთიანი კავკასია ყოფდა. სამხედრო მოქმედებების ხმელეთიდან ზღვაზე გადატანა კი, ამ გეოგრაფიულ სიშორეს არა მარტო ანეიტრალებდა, არამედ ბარ¬ბა¬რო¬სებს ახალი, ბრწყინვალე პერსპექტივების წინაშე აყენებდა (15).
აზოვის ზღვიდან შავზღვაზე პირველი ექსპედიცია 255/256 წ. მოეწყო (16). V-VI სს. ავტორის ზოსიმეს ცნობით, ბოსფორელებმა შიშის გამო მისცეს სკვითებს* გასასვლელი გზა აზიაში და საკუთარი ხომალდებითაც კი გადაიყვანეს ისინი (17). შავზღვაში შესულმა გოთებმა გეზი კავკასიის სანაპიროსაკენ აიღეს და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა უკიდურესი საყრდენი პუნქტის _ პიტიუნტის რაიონში გადასხდნენ. `როდესაც სკვითებმა დაიწყეს მოოხრება ყველაფრისა, რაც გზაში ხვდებოდათ, პონტოს სანაპიროს მცხოვრებლები გაიქცნენ შიდა ხმელეთში და გამაგრებულ ადგილებში, ხოლო ბარბაროსები, პირველ ყოვლისა, თავს დაესხნენ ბიჭვინთას, რომელიც შემოზღუდული იყო უზარმაზარი კედლით და რომელსაც ჰქონდა კარგად მოწყობილი ნავსადგური. ადგილობრივი ჯარის სათავეში იდგა სუკესიანუსი, მან მთელი თავისი ძალებით შეუტია ბარბაროსებს და გარეკა ისინი~ (18). გოთები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც კამპანიის დასაწყისში, შავი ზღვის სანაპიროზე გადმოსვლისას, იმდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთ წარმატებაში, რომ ბოსფორელთა ხომალდები უკან დააბრუნეს (19). პიტიუნტთან მარცხის შემდეგ `სკვითებმა იმის შიშით, რომ სხვა სიმაგრეების მცველებმაც არ გაიგონ და არ შეუერთდნენ ბიჭვინტის ჯარებს და საბოლოოდ არ გაგვანადგურონო, _ აი ამის შიშით ხელთ იგდეს ხომალდები რაც კი შეეძლოთ და ძალიან შეშინებულებმა მოჰკურცხლეს შინისაკენ, ისე რომ, ბიჭვინტასთან ბრძოლებში ბევრი თავისი მეომარი დაჰკარგეს~ (20).
მაგრამ პირველმა წარუმატებლობამ ვერ დააფრთხო მეოტიდის ტომები. როდესაც იმპერატორმა ვალერიანემ სუკესიანუსი გაიწვია პიტიუნტიდან, სკვი¬თები კვლავ გამოჩნდნენ (21). მეორე ექსპედიცია 257 წ. შემოდგომაზე მოეწყო და იგი უფრო ფართო ხასიათისა ყოფილა. მასში ბორანებთან ერთად მონაწილეობდნენ ოსტგოთებიც (22). გაითვალისწინეს რა წინა ლაშქრობის შედეგები, აზიაში გადმოსულმა გოთებმა ბოსფორელებს ხომალდები აღარ დაუბრუნეს და არც ისინი გაუშვეს შინ. ამჯერად ბარბაროსებმა პირველი იერიში ქ. ფასისზე მიიტანეს და სცადეს იქ მყოფი არტემიდას საკურთხევლის აღება, მაგრამ უშედეგოდ, რის შემდეგაც კვლავ პიტიუნტისაკენ აიღეს გეზი. გოთებმა სასტიკად დაარბიეს პიტიუნტი. რომაული გარნიზონი, რომელსაც უკვე აღარ ხელმძღვანელობდა სუკესიანუსი, მთლიანად ამოწყვიტეს და იშოვეს რა დიდი რაოდენობით ხომალდები, დასვეს მათზე ნიჩბების ხმარების მცოდნე ტყვეები, გაემართნენ სამხრეთისაკენ დაილაშქრეს ტრაპეზუნტის წინააღმდეგ; აიღეს იგი, საშინლად გაძარცვეს, ომის შიშით ქალაქს შემოხიზნული მოსახლეობაც ხელთ იგდეს და უამრავი ხომალდით ისევ უკან დაბრუნდნენ (23).
ზოსიმეს ამ მონათხრობში ყურადღებას იქცევს რამდენიმე გარემოება: ჯერ ერთი, გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ჩანს, რომაელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობაც, რასაც მოწმობს ტრაპეზუნტის აღების ფაქტი, სადაც თავი მოეყარა `თითქმის ყველა გარშემო მცხოვრებთ~ (24), ბარბაროსებისაგან ქალაქის დასაცავად (25). როგორც ტრაპეზუნტში, ასევე პიტიუნტში, ზოსიმეს ცნობით, გოთებმა ხელთ იგდეს უამრავი ტყვე. პიტიუნტში ეს ტყვეები აშკარად მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები იქნებოდნენ (26). რამდენადაც ზოსიმე მიუთითებს, რომ რომაული გარნიზონი სკვითებმა მთლიანად გაწყვიტეს, ხოლო მეხოფეებად გამოიყენეს ტყვეები, ეს უკანასკნელნი ბიჭვინტის მიდამოების ძველთაგანვე კარგ ნაოსნებად ცნობილი მცხოვრებლები უნდა ყოფილიყვნენ (27). ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ჩანს, მონაწილეობდა ფასისის დაცვაშიც.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გოთებმა, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ შავიზღვის მთელ აკვატორიას, ვერ მოახერხეს ფასისის აღება, მაშინ, როცა აიღეს პიტიუნტი, ტრაპეზუნტი, ხოლო 258 წ. გაზაფხულზე, ფასისზე ლაშქრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ფაქტობრივად ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს მცირე აზიის ქალაქები _ ქალკედონი, ნიკომედია, ნიკეა, აპამეა და სხვ. (28) მკვლევართა აზრით, ერთი შეხედვით გაოცებას იწვევს ის, რომ გოთები, რომლებმაც თითქმის დაუბრკოლებლად აიღეს ძლიერი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი გარნიზონებით დაცული ქალაქები, უკუიქცნენ ფასისიდან, რომელსაც მცირერიცხოვანი გარნიზონი იცავდა (29). როგორც პროფ. თ. თოდუა აღნიშნავს, მართალია, ფასისის გარნიზონი რჩეული ლეგიონერებისგან შედგებოდა და არტილერიითაც იყო შეიარაღებული, მაგრამ დამხმარე ძალების გარეშე იგი მაინც ვერ შეძლებდა გოთების უკუგდებას. ასეთ `დამხმარე ძალებში~ კი, პირველ რიგში, უნდა ვიგულისხმოთ რომაელი ვეტერანები. ფასისის დაცვაში მათთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო, აგრეთვე, ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობასაც, კერძოდ ლაზებსაც. ლაზების მეფეს ხომ რომის იმპერატორი ნიშნავდა და ისინი ლოიალურ დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყვნენ რომაული გარნიზონების მიმართ, მით უმეტეს, რომ თვით ლაზებიც დაინტერესებული იყვნენ მომთაბარეთა თარეშის აღკვეთით (30).
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით მკვლევარს იმაში, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი რომაული გარნიზონით, დამხმარე ძალების გარეშე, ფასისის დაცვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ასეთ `დამხმარე ძალად~, პირველ რიგში, ვერ მივიჩნევთ რომაელ ვეტერანებს. ჩვენ არ უარვყოფთ მათ მონაწილეობას გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ფასისის რომაელ ვეტერანთა დასახლება არ უნდა ყოფილიყო დიდი და არიანეს მიერ მოხსენიებული, იქ მცხოვრები `სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებიც (31)~ არ უნდა ყოფილიყვნენ მრავალრიცხოვანი (32). ასე რომ, ფასისში მცხოვრები რომაელი ვეტერანები, ჩვენი აზრით, არ წარმოადგენდნენ რაიმე სერიოზულ, რეალურ სამხედრო ძალას და მათ არ შეეძლოთ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა გოთებისათვის ქალაქის დაცვის დროს. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი დახმარების გარეშე ფასისის დაცვა მხოლოდ მცირერიცხოვანი რომაული გარნიზონით შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ლაზები ლოიალურ დამოკიდებულებაში უნდა ყოფილიყვნენ რომაული გარნიზონების მიმართ. შავიზღვისპირეთში იმ დროს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ რომაელებისა და ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ინტერესები ერთმანეთისაგან განსხვავებული ყოფილიყო. რომაული გარნიზონები ამ პერიოდში უმთავრესად ჩრდილოელი ტომების შემოსევებისათვის წინააღმდეგობის გაწევის იარაღად იქცნენ და რამდენადაც ამ უკანასკნელის საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომისა და ადგილობრივი პოლიტიკური გაერთიანებების კავშირი ორივე მხარისათვის აუცილებელ საჭიროებად იქცა (33). ასე რომ, ფასისის დაცვის დროს, რჩეული მეომრებით დაკომპლექტებულ, სამხედრო მანქანებით აღჭურვილ რომაულ გარნიზონთან ერთად, გოთების წინააღმდეგ აქტიურად უნდა გამოსულიყო ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენდა მრავალრიცხოვან და რეალურ სამხედრო ძალას. გოთების დამარცხება ფასისთან, პიტიუნტსა და ტრაპეზუნტში მათი წარმატების ფონზე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს გ. მელიქიშვილი, შეიძლება იყოს მოწმობა ლაზეთის სამეფოს გაზრდილი ძლიერებისა (34). მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ ფასისში უფრო ძლიერი რომაული გარნიზონი მდგარიყო, ვიდრე ტრაპეზუნტში, რომელსაც ზოსიმეს ცნობით, ადგილობრივი ჯარის გარდა, კიდევ ათი ათასი სხვა ჯარის¬კაციც იცავდა (35). ასე რომ, გოთების მარცხი ფასის¬თან, პირველ რიგში, სწორედ ადგილობრივი სახელმწიფოს _ ლაზეთის სამეფოს ძლიერებით უნდა იქნას ახსნილი (36).
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გოთების ლაშქრობის კვალი ნათლად ჩანს პიტიუნტის არქეოლოგიურ მასალებში. ნაქალაქარის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ძლიერი ნგრევისა და ხანძრის კვალი (37). პიტიუნტის განადგურების სურათი კარ-გადაისახა ნუმიზმატიკურ მასალაშიც. ბიჭვინთაში III ს. პირველ ნახევარზე მოდის 276, ხოლო მეორე ნახევარზე მხოლოდ 107 მონეტა (38). მართალია, ზოსიმე არაფერს ამბობს გოთების მიერ კოლხეთის სხვა ქალაქების აღების შესახებ, მაგრამ, როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, ბარბაროსთა შემოსევების შედეგად პიტიუნტის ბედი გაიზიარეს აფსაროსმა (39) და სებასტოპოლისმა. აფსაროსის სტრატიგრაფიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ციხეს III ს. მიწურულს დროებით შეუწყვეტია ფუნქციონირება. ამ პერიოდის კულტურულ ფენებს ემჩნევა ნგრევის კვალი (40). ნახანძრალი ფენები ფიქსირდება სოხუმის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეც (41).
256-257 წწ. მოვლენებს, როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, ალბათ მოჰყვა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელთა ბატონობის ფაქტობრივი დაცემა (42), ხოლო პონტო-კავკასიის რომაულმა სასაზღვრო-თავდაცვითმა სისტემამ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა (43).
რომსა და გოთებს შორის III ს-ში მიმდინარე პერმანენტულ ომებში, 257 წ. საზღვაო ექსპედიციას ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან ძლიერი დარტყმა მიაყენა რომაელთა საყრდენ პუნქტებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბარბაროსებმა ხელთ იგდეს უზარმაზარი სიმდიდრე, უამრავი ტყვე, დიდი რაოდენობით ხომალდები და, რაც მთავარია, ამ რეიდმა მეოტურ ტომებს აჩვენა საზღვაო ლაშქრობების შესაძლებლობა და დიდი ეფექტურობა, რის შემდეგაც დაიწყო გოთების უფრო მასშტაბურ ლაშქრობათა მთელი სერია შავი ზღვის სანაპიროს ამ მხარეს და გავრცელდა მცირე აზიის პროვინციებზეც (44).
როგორც აღვნიშნეთ, რომში პოლიტიკურმა კრიზისმა და დეცენტრალიზაციამ კულმინაციას გალიენეს მმართველობის დროს მიაღწია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ ამ იმპერატორის მიერ გატარებულმა სამხედრო და ადმინისტრაციულმა რეფორმამ შეუწყო ხელი იმპერიის მდგომარეობის გაუმჯობესებას (45) და კლავდიუს II-ის (268-270 წწ.) მმართველობის დროიდან თანდათანობით იწყება იმპერიის მთლიანობისა და სამხედრო ძლიერების აღდგენა (46). 269 წ. მეზიაში, ნაისასთან ბრძოლაში კლავდიუსმა სასტიკად დაამარცხა გოთები (47), ხოლო მისმა მემკვიდრემ ავრელიანემ (270-275) თავისი ხუთწლიანი მმართველობისას არა მარტო უკუაგდო ბარბაროსთა მძლავრი თავდასხმები, არამედ მოახერხა განდგომილი პროვინციების დამორჩილება და იმპერიის მთლიანობის აღდგენა (48). მართალია, III ს. 70-იანი წწ. დასაწყისში ავრელიანემ სასტიკად დაამარცხა გოთები დუნაისპი¬რეთში და იმპერიას დროებით ააცილა გოთების შემოჭრის საფრთხე, მაგრამ 275 წ. შემოდგომაზე, როგორც კი გავრცელდა ხმა ავრელიანეს მოკვლის შესახებ, აზოვის ზღვიდან მოეწყო კიდევ ერთი, მკვლევართა აზრით, ალბათ უკვე უკანასკნელი დიდი ექსპედიცია მცირე აზიაში (49). ბარბაროსები (ძირითადად ჰერულები და ოსტგოთები) (50) შეიკრიბნენ და მცირე აზიაში გადმოვიდნენ იმ საბაბით, თითქოს ისინი ავრელიანეს მიერ მოხმობილი იყვნენ სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად (51). ზოსიმეს ცნობით, გოთები ფასისის შესართავთან გადმოვიდნენ და აქედან შავი ზღვის სანაპიროს გავლით შეესივნენ გალატიასა და კილიკიას (52).
275-276 წწ. მცირე აზიაში განვითარებული მოვლენები და გოთების ეს ლაშქრობა ჩვენთვის მრავალმხრივ არის საყურადღებო. ჯერ ერთი, საინტერესოა ის გარემოება, რომ შავ ზღვაში შემოსული გოთები მდ. ფასისთან გადმომსხდარან, მაგრამ ზოსიმე არაფერს ამბობს ფასისის აღების შესახებ და, როგორც ზემოთ ვნახეთ, აღნიშნავს, რომ აქედან გოთები სანაპიროს გავლით გადავიდნენ პონტოში, ხოლო შემდეგ შეესივნენ გალატიას და კილიკიას (53). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ფასისთან გადმოსულ გოთებს თვით ამ ადგილებში არაფერი მოუმოქმედიათ და სამხრეთისაკენ, მცირე აზიაში წასულან. ეს გარემოება კიდევ ერ¬თხელ ადას¬ტურებს გ. მელიქიშვილის ზემოთ მოტანილ მოსაზრებას, რომ ფასისიდან გოთების უკუქცევა (257 წ. კამპანიის დროს) ლაზთა სამეფოს ძლიერების ზრდის მაჩვენებელია. საფიქრებელია, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთ რეალურ ძალას კავკასიასა და მცირე აზიაში, რომელსაც შეეძლო ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა გოთებისათვის, აღმავლობის გზაზე მდგარი ლაზეთის სამეფო წარმოადგენდა (54).
275 წ. ბარბაროსთა ლაშქრობასა და მათი ექსპედიციის მარშრუტში, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფასისიდან გოთები შავი ზღვის სანაპიროს გავლით გაემართნენ პონტოსაკენ. ასეთ შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მიწა-წყალი, სხვანაირად ისინი პონტოში ვერ მოხვდებოდნენ. ფასისიდან წამოსულ, სამხრეთისაკენ მოძრავ გოთებს, ყველა შემთხვევაში უნდა გაევლოთ ზღვის¬პირეთის ის ნაწილი, რომელიც შედიოდა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების შემადგენლობაში და აქ არსებული ციხე¬სიმაგრე აფსაროსი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს მოსაზრება, რომ გოთების შემოსევის შედეგად აფსაროსი დანგრეულა. ამ ფაქტს ადგილი ხომ არ ჰქონდა სწორედ ამ დროს, 275 წელს?
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხე-სიმაგრეთა სისტემის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთგვარი კონტროლის დაწესება და ამ მხრიდან, `მეოტი¬და-კოლხეთის~ გზით მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებში ბარბაროსთა მოულოდნელი შემოჭრის აღკვეთა (55). ჭოროხის შესართავთან მდებარე აფსაროსის რომაული ციხე-სიმაგრე კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა. იქ დისლოცირებული ჯარები ერთდროულად კეტავდნენ სანაპირო ზოლს და სხვა კასტელუ-მებთან ერთად, ზღვასაც აკონტროლებდნენ (56). ამდენად, აფსაროსის ძირითად და¬ნიშნულებას სწორედ ჩრდილოეთის მომთაბარეთა შეკავება და მცირე აზიის რომაულ პროვინციებზე მათი შემოსევის თავიდან აცილება წარმოადგენდა (57).
ასე რომ, 275 წ. ფასისთან გადმომსხდარ და მცირე აზიაში სალაშქროდ მიმავალ ბარბაროსებს წინ უნდა აღდგომოდა რომაული ციხე¬სიმაგრე აფსაროსი, რომელმაც შესაძლოა წინააღმდეგობა გაუწია გოთებს და ამ თავდასხმის დროს დაინგრა კიდეც.
ამრიგად, III ს. 50-70-იან წწ. გოთების ლაშქრობების შედეგად საგრძნობლად დაზიანდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა. თუმცა, მისი ფაქტობრივი პარალიზება დიდხანს არ გაგრძელებულა და დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს გატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ამ სისტემის ფუნქციონირება აღდგენილ იქნა.



გამოყენებული ლიტერატურა

1. С. И. Ковалев, Е. М. Штаерман, Очерки истории древнეго Рима, М., 1956, გვ. 265-272; ; В. И. Кузищин, И. Л. Маяк и др., История древнего Рима, М., 2000, გვ. 318-325.
2. ამ გაერთიანებების რომთან პოლიტიკური დამოკიდებულების ხასიათის სესახებ იხ.: კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., თბ., 2005, გვ. 118-125.
3. Всемирная история, т. II, М., 1956, გვ. 777; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 278; Т. Моммзен, История Рима, V, М., 1949, გვ. 206; А. Р. Корсунский, Р. Гюнтер, Упадок и гибель Западной Римской империи и возникновение германских королевств, М., 1984, გვ. 30; А.Х.М. Джонс, Гибель античного мира, Ростов-на-Дону, 1997, გვ. 20.
4. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 206; А. Р. Корсунский, Р. Гюнтер, Упадок и гибель Западной..., გვ. 30; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, М., 1979, გვ. 19; В. М. Зубарь, Северное Причерноморье и Септимий Север. – ВДИ, 1993, №4, გვ. 35-37.
5. В. Ф. Гайдукевич, Боспорское царство, М.-Л., 1949, გვ. 440; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 19; В. М. Зубарь, Северное Причерноморье.., გვ. 35-40.
6. В. Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 440-441; История Европы, т. I, გვ. 612.
7. В. Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 441; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 20; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 207;
8.
Zosim., Hist. Nova, I, 31; Всемирная история, II, გვ. 777-778; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 443-444; Г. А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 20; И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, М., 1966, გვ. 16-17.
9. А.М. Ременников, Борьба племен Северного Причерноморья с Римом в III веке, М., 1954, გვ. 91;
H. Wolfram, Geschichte der Goten, München, 1979, გვ. 10-15.
10. А.М. Ременников, Борьба племен.., გვ. 48-52; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 441-442
11. А.М. Ременников, Война между Римской империей и племенами Северного Причерноморья в 250-251 гг. н. э. – ВДИ, 1951, №2, გვ. 210.
12. А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 50-51.
13. იქვე, გვ. 92.
14. А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 92; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 446.
15. А. М. Ременников, Борьба племен..., გვ. 91-92.
16. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 444; А. М. Ременников, Борьба племен..., გვ. 93; И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, გვ. 17; Г.А. Цветаева, Боспор и Рим, გვ. 20.
* ზოსიმე ამ ბარბაროსულ ტომებს კრებით სახელს _ `სკვითებს~ უწოდებს, მაგრამ მათ შორის ცალკეულ გოთურ ტომებსაც _ ბორანებს, კარპებს, ურუგუნდებს იხსენიებს
(Zosim.,  Hist. Nova, I, 27; I, 31).
17. Zosim., Hist. Nova, I, 31; ზოსიმე, ახალი ისტორია. _ გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამ¬ყრე¬ლი¬ძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1961, გვ. 266-267; В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе. - ВДИ, 1948, №4, გვ. 276-277.
18. Zosim., Hist. Nova, I, 32.
19. იქვე, I, 31.
20. იქვე, I, 32.
21. იქვე, I, 32.
22. იქვე, I, 32-33; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 445; А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 93; И.Т. Кругликова, Боспор в позднеантичное время, გვ. 17.
23. Zosim., Hist. Nova, I, 32-33.
24. იქვე, I. 33.
25. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ.,1970, გვ. 554
26. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 276.
27. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 42; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981 გვ. 276.
28. იხ. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 446-447; А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 99.
29. თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003, გვ. 32.
30. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, სადოქტორო დისერტაციის ხელნაწერი, თბ., 1995, გვ. 66; მისივე, რომაული სამყარო და კოლხეთი, გვ. 32.

31. Arr., PPE, 9.
32. იხ. კ. ფიფია, რომაული კოლონიზაცია და ლაზეთის `სამეფო. _ ისტორიულ ეთნოგრაფიული სტუდიები, VI, თბ., 2003, გვ. 16-20.
33. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 553; Г. А. Меликишвили, К истории..., გვ. 379.
34. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554; Г. А. Меликишвили, К истории..., გვ. 380.
35. Zosim., Hist. Nova, I, 33.
36. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42; Н. Ю. Ломоури, Грузино-римские.., გვ. 277.
37. რ. ფუთურიძე, ბიჭვინტის შიდაციხის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური გათხრების შედეგები. დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975, გვ. 142-143.
38. გ. დუნდუა, სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ.წ. II ახ.წ. IV სს. დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975, გვ. 352.
39. გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 52. ჩვენი აზრით, გოთების მიერ აფსაროსის დალაშქვრას ადგილი უნდა ჰქონოდა მოგვიანებით, 275 წ. ექსპედიციის დროს. ამ პრობლემას ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ.
40. ე. კახიძე, მ. ხალვაში ი,გონიო-აფსაროსი წერილობითი წყაროებისა და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით (I-IV სს). – კის, V, 1998, გვ. 29; მ. ხალვაში, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გვიანანტიკურსა და ადრე შუასაუკუნეების ხანაში (კერამიკული ტარა გონიო-აფსაროსიდან), საკანდიდატო დისერტაცია, თბ., 2000, გვ. 12; შ. მამულაძე, აჭარისწყლის ხეობა უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა), სადოქტორო დისერტაცია, /ხელნაწერი/, 2002, გვ. 158.
41. Ю.Н. Воронов, Диоскуриада – Себастополис – Цхум, М., 1980, გვ. 83.
42. გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, გვ. 554; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 380;
43. თ. თოდუა, რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, გვ. 67-68.
44. А.М. Ременников, Борьба племен..., გვ. 95.
45. С.И. Ковалев, Е.М. Штаерман, Очерки истории..., გვ. 283; К. Крист, История времен..., გვ. 331.
46. Treb. Poll., Vita Claud., V, 1-2; Aur. Vict., De Caes., Claud., XXXIV, 5.
47. Treb. Poll., Vita Claud., V, 1-2; Aur. Vict., De Caes., Claud., XXXIV, 5; Eutr., Brеv., IX, 11,2; Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 213-214
48. Flav. Vop., Vita Aur., XXXII, 4; Eutr., Brev., IX, 13,1; Aur. Vict., De Caes., Aurel., XXXV, 2-5; История древнего Рима, под редакцией В.И. Кузищина, გვ. 279; А.М. Ременников, Борьба племен Подунавья с Римом в 70-х годах III в. н. э., – «Античное общество», М., 1967, გვ. 188-192.
49. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448; Г.А. Цветаева, Боспор и Рим., გვ. 21.
50. Zosim., Hist. Nova, I, 63-64, 2; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 448; Властелины Рима, გვ. 919, შენ. 36.
51. Flav. Vop., Vita Tac., XIII, 2-3.
52. Zosim., Hist. Nova, I, 63-64; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448-449; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42; მისივე, Грузино-римские..., გვ. 277.
53. Zosim., Hist. Nova, I, 63-64; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, გვ. 448-449; ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 42;. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 277
54. Н.Ю. Ломоури, Грузино-римские..., გვ. 277.
55. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს..., გვ. 37; მისივე, Грузино-римские..., გვ. 237; გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნალაქალაქარი, გვ. 50.



სტატიის ავტორი _ კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
სტატია გამოქვეყნდა კრებულში _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტ-არულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაცნე, II, თბილისი, 2008 წელი.


 


megobari saitebi

   

01.10.2015