გიორგი I
(1014-1027)

ბაგრატ III რომ მიიცვალა, მისი შვილი გიორგი ჯერ კიდევ სრულჰასაკოვანი არ ყოფილა, რომ «ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა» სამეფო ტახტზე ასვლა მოხდომია. ახალგაზრდა მეფე მაშინ "წლისა ათექუსმეტისა" ყოფილა; "მატიანე ქართლისაჲ"-ს ანა დედოფლისეულს ხელნაწერში 16 წლის მაგიერ თორმეტი წლისა სწერია კიდეც. თუ უანასკნელი ცნობაა სწორე, მაშინ გიორგი I დაბადებულა 1002 წელს, ხოლო თუ სიმართლე სუმბატისა და მ˜მ დ˜ფს ქ˜ცის ხელნაწერშია შენახული, მაშინ იგი უნდა 998 წელს დაბადებულიყო. მცირეწლოვან გიორგის მეფობა კახეთის განდგომით დაიწყო, «განდგა... ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი, მათ ქუეყანათა კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი». არც სხვაფრივ ყოფილა ახალგაზრდა მეფე ბედნიერი. თითქმის მთელი თავის მეფობა და ძალღონე მან ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. არაბ ისტორიკოსის ჲაჰჲა ანტიოქიელის სიტყვით, როდესაც ბასილი კეისარი ბულგარელებს ეომებოდა და აღმოსავლეთისათვის არა სცალოდა, გიორგი მეფემ ამით ისარგებლა, შეესია საბერძნეთის საზღვრებს და ადვილად დაიპყრო ყველა ის ქვეყნები, რომლებიც კეისარმა დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდგომ დაისაკუთრა. მაშასადამე, ეს უნდა დაახლოებით 1014-1016 წლებში მომხდარიყო.
როდესაც ბასილი ბულგარეთითგან ძლევამოსილი შინ დაბრუნდა (იქვე), არისტაკეს ლასტივერელის სიტყვით, მას გიორგი მეფისათვის მოუწერია, თავი დაანებე იმას, რაც მამაშენს დავით კურაპალატის მემკვიდრეობითგან ვაჩუქე, და შენის საკუთარის მამულით კმაყოფილი იყავიო; მაგრამ მას უარი შეუთვლია. ჲაჰჲა ანტიოქელი ამბობს: გიორგი მეფეს არამცთუ კეისრისათვის შენდობა არ უთხოვნია და მის წინაშე ქედი არ მოუხრია, პირიქით, ალჰაქიმს საიდუმლოდ მისწერა, ბერძნების საწინაამდეგოდ ერთი-ერთმანეთს დავეხმაროთ და თანხმობით ვიმოქმედოთო, ისე-კი, რომ თითოეული ჩვენგანი კეისრის საბრძანებელს თავის სამეფოთაგან შეესიოსო. ალბათ, გიორგი მეფეს ორის მხრით ატეხილი ომით უნდოდა ბასილი კეისარი განსაცდელში და გაჭირვებაში ჩაეგდო.
მაგრამ ბერძენთა მეფემ ამ მიწერმოწერის ამბავი შეიტყო, გაიგო რასაც უპირებდა გიორგი მეფე, და საშინლად განრისხდა. მან გადასწყვიტა თავისი მეტოქე სამაგალითოდ დაესაჯა; მხოლოდ თავის განზრახვას საიდუმლოდ ინახავდა და არავის უმჟღავნებდა. პირიქით, რომ ქართველებისათვის თვალები აეხვია, საქვეყნოდ ამბობდა ასურეთში მივდივარ საომრად და იმიტომ ვამზადებ ჯარსაო; სურსათიც-კი განგებ ანტიოქიაში გაგზავნა. ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბერძენთა მეფე მართლაც ასურეთს მიემგზავრებოდა; მაგრამ სწორედ უკანასკნელს დროს პირი საქართველოსაკენ იბრუნა და გიორგი მეფის წინააღმდეგ გამოილაშქრა. ქართველ მემატიანეთა სიტყვით ბასილი კეისრის გამოლაშქრება მომხდარა «გიორგის მეფობისა მეშვიდესა წელსა» ანუ 1020-1021 წელს. ამავე 1021 წელს სდებს არისტაკეს ლასტივერელი ბასილ კეისრის გიორგის წინააღმდეგ გამოლაშქრების თარიღად290. როდესაც მოვიდა «ბასილი მეფე ბერძენთა... ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა [და] უცხოელითა ურიცხვითა… გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინააღდგომად მისსა და დაიბანაკეს ორთავე ქუეყანასა ბასიანისასა». მოპირდაპირენი ჯერ კარგა ხანს ერთიერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედების დაწყებას ვერა ბედავდნენ; მერე ქართველებმა უბრძოლველად უკან დაიხიეს, «მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისნი», ხოლო იქითგან გადავიდა კოლას. მას უკან დაედევნა ბერძენთა მეფე და დაეწია; ქართველთა ჯარის "უკანმავალნი" და ბერძენთა "წინმავალნი" შეეყარნენ ერთიერთმანეთს და ბრძოლა მოხდა სოფელსა, რომელსაც ერქვა შირიმნი. ამ ბრძოლაში დაიხოცნენ დიდებულნი ერისთავნი რატი ძე ლიპარიტისა და ხურსი. რაკი მებრძოლთ ორთავე მხრივ მთავარი ნაწილებიც მიეშველნენ, ფიცხელი ომი ატყდა; აქაც საბოლოოდ გამარჯვება კეისარს დარჩა, რომელიც ამის შემდგომ არტანში მივიდა, ქალაქი გადასწვა და მცხოვრებნი ტყვედ წაიყვანა. გიორგი მეფე ნიალის გზით სამცხეში გადავიდა, ხოლო ბასილი "ჯავახეთით კერძო" დაედევნა და ყოველივე ააოხრა. ქართველთა მეფე თრიალეთში გადავიდა; აქ მას მოუვიდნენ მეშველნი წანარნი და შაქნი, მაგრამ კეისარი უკან გაბრუნდა, გზა და გზა ისევ საშინლად მოაოხრა ჯავახეთი და არტაანი და ზამთარს დასადგომად მივიდა «ქუეყანასა ხალდიისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა».
აქ ბასილი ისევ სამზადისს შეუდგა, რომ გიორგის წინააღმდეგ ზღვით აფხაზეთში ხომალდები გაეგზავნა და საქართველოს მეფის საბრძანებელი დაეწიოკებინა291. მაგრამ სწორედ ამ დროს გიორგი მეფისაგან მოციქული მოვიდა და მოლაპარაკება დაიწყო: «ვიდოდეს მათ შორის მოციქულნთი ზავისა და სიყუარულის თჳს». როგორც ჲაჰჲა ანტიოქიელი ამბობს, ზავი და სიმტკიცის წერილი დაუდვიათ კიდეც; ამ ცნობის სიმართლეს ქართველი მემატიანის მოთხრობაც ამტკიცებს, სადაც ის ამბობს, რომ გიორგის ვერაგული ქცევით აღშფოთებულმა ბერძენთა მეფემ უბრძანა, რომ ქართველთა მიერ დაწერილი პირობა შუბზე ჩამოეცვათ და საჯაროდ ეჩვენებინათო.
ამ დროს, როდესაც უკვე დაზავებული იყვნენ, ბასილ კეისარს განუდგა ქსიფე. გიორგი მეფემ და ქართთვეებმა რომ ამ განდგომილების ამბავაი შეიტყეს, კვლავ გამხნევდნენ და პირობაზე უარი სთქვეს. მაგრამ ბასილ კეისარმა სძლია აჯანყებულს ქსიფეს და ფოკას და მაშინვე ფოკას თავი გიორგი მეფეს გამოუგზავნა, რომ ეჩვენებინა, შენს ქცევას მიხვედრილი ვარ, ყველაფერი მშვენივრად მესმის და სრულებითაც არ გენდობიო, ამბობს ჲაჰჲა ანტიოქიელი. ბასილი კეისარი მოვიდა ბასიანს და «ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა»; ხოლო გიორგი მეფემ «წარავლინა ზჳადი ერისთავი სპითა და უბრძანა, რათა ზავის მიპყრობითა მცირედ ხან დამჭირვად ადგილსა», რომ ამგვარად საკმაო დრო ჰქონოდა და ჯარი შეეყარა. მეფე «განიზრახვიდა ესრეთ: უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ, და უკუეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მის თჳს».მაგრამ დიდებულები ზავის ჩამოგდებას იმ პირობით; რასაც კეისარი უდებდა ქართველებს, ალბათ არა სთანხმდებოდნენ და ზემოაღნიშნულის ხერხით შეიძლებოდა კეისარი მახეში გაებათ.
კეისარმა შეიტყო რასაც უპირებდნენ ქართველები და მაშინვე ომი აუტეხა. ქართველები იძლივნენ: «მეოტ იქმნეს სპანი საქართველოსანი... და მოისრეს ურიცხუნი პირითა მახვილისათა». მაშინ-კი ზავის მეტი სხვა გზა აღარ იყო. გიორგი მეფემ მისცა «მძევლად ძე თჳსი ბაგრატი წლისა სამისა და ციხენი, რომელნი-მე პირველ გაეცნეს აზნაურთა დაულოცნა, სხუანიცა ციხენი პირველ მოცემულნი და უკანის ათოთხმეტნი და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოს, კოლა-არტანს და ჯავახეთს» ზავის პირობა მეტად სამძიმო იყო, მაგრამ სხვა ღონე არ იყო. გიორგი მეფეს შეეძლო თავის თავი მით ენუგეშებინა, რომ კეისარმა მას «რომელნი-მე ამათ ქუეყანათა გან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა». ეს ზავი ჲაჰჲა ანტიოქიელის სიტყვით 1023-1024 წლებში ყოფილა დადებული. ქართველი მემატიანის სიტყვებითგანაცა ჩანს, რომ ზავი დადებული ყოფილა 1023 წელს. დადებული პირობისამებრ მცირეწლოვანი მძევალი კეისარს მესამე წელს უკან უნდა გამოეგზავნა მშობლებისათვის. თავის აღთქმა ბასილმა პირნათლად აასრულა და 1025 წელს შინ გამოისტუმრა. მალე, იმავ წელსვე, ბასილი კეისარიც გარდაიცვალა და მის მემკვიდრეს კონსტანტინე მეფეს უნდოდა გაგზავნილი ქართველი უფლისწული უკან მოებრუნებინა, საგანგებოდ მოციქულიც-კი აფრინა, რომ დასწევოდა, მაგრამ გვიანღა იყო: ბაგრატი უკვე სამშობლოში იყო მისული. ორის წლის შემდგომ, 16 აგვისტოს 1027 წელს ჯერ კიდევ თითქმის ჭაბუკი მეფე გარდაიცვალა თრიალეთში, «ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი, გინა იწრონი». ისტორიკოსი ამბობს, რომ გიორგი მეფე გარდაიცვალა «ჟამსა ოდენ სიყრმისასა», მართლაც 1027 წელს იგი იქმნებოდა ან 25, ან 29 წლისა. უდროოდ გარდაცვლილი მეფე დაასაფლავეს ქუთაისის საყდარში.

სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://qim.ge



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – "ივანე ჯავახიშვილი", თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1982წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014