გერმანელები

ისტორიული ნარკვევები
მიწათმფლობელობა და სამეურნეო საქმიანობა
საცხოვრებელი გარემო და ყოფა
პირველი მსოფლიო ომის წლები
საბჭოთა პერიოდი
გამოჩენილი გერმანელები
დღევანდელი ვითარება


გერმანელები (თვითსახელი — დოიჩ) წარმოადგენენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითად მოსახლეობას, რომლის ეთნიკური ფორმირება გერმანული ტომების: ალემანების, ბავარელების, ფრანკების, საქსების, ლანგობარდების, გოთების, ნემეტების, შვაბებისა და სხვ. საფუძველზე განხორციელდა. გერმანული ენა ინდოევროპულ ენათა გერმანულ ოჯახში შედის. ავსტრიის, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის და ლუქსემბურგის გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს გერმანელად არ მიიჩნევს. გერმანელთა დიდი თუ მცირე თემები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

ისტორიული ნარკვევები

საქართველო-გერმანიის ურთიერთობის პირველი ნაბიჯები შუა საუკუნეებში გადაიდგა. ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ გარკვეული ცნობები ჩნდება გერმანიის წარსულსა და აწმყოზე, ხოლო გერმანიასა და, საერთოდ, ევროპას ცნობებს საქართველოზე, მის ხალხზე, ისტორიაზე, კულტურაზე, ბუნებაზე სხვებთან ერთად აწვდიან გერმანელი მოგზაურები, დიპლომატები, მწერლები, მეცნიერები (შიტბერგერი, ვოლფი, შტედერი, გიულდენშტედტი, რაინეგსი, ჰაქსტჰაუზენი, ვინკელმანი, კანტი, ლესინგი, ბოდენშტედტი, ვირხოვი და სხვ.).
ქართველ და გერმანელ ხალხთა ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა მას შემდეგ, რაც 1817 წლიდან, გენერალ ერმოლოვის მმართველობის დროს, ხელისუფლებამ XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოში გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლა. ეკატერინე II-ის ინიციატივით, რუსეთის მიერ ახლად დაპყრობილ სამხრეთ ტერიტორიებზე დაიწყო ევროპელი, ძირითადად გერმანელი, კოლონისტების მოწვევა-ჩამოსახლება. ამის უზრუნველსაყოფად რუსეთში მიიღეს მთელი რიგი კანონებისა და დადგენილებებისა, რომლებიც მოწვეულ კოლონისტებს კარგ პირობებსა და პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნიდა. შემდგომში ეს ვითარება გაავრცელეს საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტებზეც. მთავრობის აზრით, აქ ჩამოსახლებული კოლონისტები მაგალითის მიმცემნი უნდა გამხდარიყვნენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
1817-1819 წლებში საქართველოსა და კავკასიაში გერმანელ კოლონისტთა ჩამოსახლება გერმანიაში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამაც განაპირობა. კაპიტალიზმის განვითარებამ და ნაპოლეონის ომებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი გერმანიიდან ემიგრაციის გაძლიერებას, განსაკუთრებული როლი ითამაშეს პროტესტანტულმა რელიგიურმა ჯგუფებმაც, რომელთა ერთი ნაწილი აღიარებდა «ჰილიაზმს» — მოძღვრებას მეორედ მოსვლის, მსოფლიო წარღვნისა და «ათასწლოვანი» სამეფოს შექმნის შესახებ. ისინი ცდილობდნენ ამ მოვლენას აღმოსვლეთში, არარატის მთასთან შეხვედროდნენ.
ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის «სეპარატისტების» წარმომადგენლები 1815 წელს შტუტგარტში მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს შეხვდნენ და მიიღეს მისი თანხმობა ამიერკავკასიაში გადმოსახლების თაობაზე. 1817 წლის დამდეგს ამიერკავკასიისკენ, დუნაის გზით, რამდენიმე პარტიად დაყოფილი კოლონისტები დაიძრნენ. მათი უმრავლესობა ვიურტემბერგელი, ბადენელი პროტესტანტები იყვნენ. რუსეთის ხელისუფალთა ყოველმხრივი დახმარების მიუხედავად, კოლონისტებს უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მგზავრობა. რამდენიმე ასეული კოლონისტი გზაში გარდაიცვალა.
1819 წლის ბოლოსათვის გერმანიიდან გადმოსახლებულებმა, ქვეყნის ადმინისტრაციის დახმარებით, სულ რვა კოლონია შექმნეს: მარიენფელდი — კახეთის გზატკეცილზე, სართიჭალაში, თბილისის კოლონია — კუკიაზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი), სადაც მხოლოდ ხელოსნები დასახლდნენ; ალექსანდერსდორფი — დიდუბეში (ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოები), პეტერსდორფი — დაარსდა მარიენფელდის მახლობლად, ელიზაბეტტალი — ქვემო ქართლში (დღევანდელი ასურეთი), კატარინენფელდი — მდებარეობდა ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისთან, ანენფელდი — შამქორის სახაზინო მიწებზე, ჰელენენდორფი — განჯის მახლობლად.
მოგვიანებით საქართველოში კიდევ რამდენიმე გერმანული კოლონია შეიქმნა (ალექსანდერსჰილფი — წალკის მახლობლად, ნაიდორფი და გრანდენბერგი — სოხუმთან, გეორგფელდი, აიგენფელდი, გრიუნფელდი და ტრაუბენფელდი «ძველი» კოლონიების მახლობლად.
1848 წლამდე გერმანელ კოლონისტთა დასახლებები საქართველოში მოიხსენიებოდა როგორც «საქართველოს გერმანული კოლონიები», ხოლო ამ წლიდან უკვე, როგორც «ამიერკავკასიის გერმანული კოლონიები». გერმანელი კოლონისტები ლაპარაკობდნენ შვაბურ დიალექტზე.

 

მიწათმფლობელობა და სამეურნეო საქმიანობა

მთელი XIX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა გერმანიიდან და რუსეთიდან ცალკეულ გერმანელ კოლონისტთა ჩამოსვლა. ისინი, ძირითადად, გერმანულ კოლონიებში ან დიდ ქალაქებში (ხელოსნები) მკვიდრდებოდნენ.
ხელისუფლება ეხმარებოდა გერმანულ კოლონიებს: უფასოდ უშენებდა სახლებს, აძლევდა ფულს საქონლისა და შრომის იარაღების შესაძენად, ურიგებდა მიწებს (ოჯახს 35 დესეტინა სავარგული — სახნავ-სათესი, საბაღე და სავენახე — ნაკვეთი ეძლეოდა, გარდა ამისა, კოლონისტების განკარგულებაში იყო საერთო საძოვრები, ტყეები, სათიბები), იცავდა მათ შეიარაღებული ნაწილებით მთიელთა თავდასხმებისაგან და ა.შ. ჩამოსახლების პირველ წლებში კოლონისტებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ადგილობრივი მოსახლეობაც. ჩამოსახლებულთ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ შენარჩუნებული გერმანიასთანაც.
ყოველმხრივი მხარდაჭერის მიუხედავად, კოლონისტები, პირველ ხანებში, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი უნდა შეგუებოდნენ უჩვეულო კლიმატს, ჯარის დახმარებით თავი უნდა დაეცვათ მოთარეშე ბანდებისაგან, დაეძლიათ მოუსავლიანობითა და ეპიდემიებით გამოწვეული სიძნელენი.
ხელისუფლებამ კოლონისტთა მძიმე მდგომარეობის გამოყენება მოინდომა და სცადა ისინი ლუთერანულ აღმსარებლობაზე გადაეყვანა. 40-იანი წლების დამდეგს ამის განხორციელება შესაძლებელი გახდა. გერმანელმა კოლონისტებმა უარი თქვეს თავი-
ანთ «ჰილიასტურ» რწმენაზე და ლუთერანულ ეკლესიას შეუერთდნენ, რომელიც კავკასიელ გერმანელთა ერთიანობასა და მათ სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სამხრეთ კავკასიაში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის სტრუქტურისა და ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება პირველად 1832 წლის საეკლესიო კანონის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. 1834 წელს სამხრეთ კავკასიაში პირველი ლუთერანული ეკლესია აკურთხეს. ეკლესიის ხარჯებს სახელმწიფო და თემი იხდიდა. პასტორთა ინიციატივით, დაარსდა სკოლები, რომლებიც მშობლიური შვაბიის რვაწლიან სახალხო კოლეჯებს შეესაბამებოდნენ. კოლონისტთა სკოლები ლუთერანული ეკლესიის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სწავლება გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა.
გერმანელი კოლონისტები თავიანთი უფლებებით, იურიდიულად, თავისუფალ გლეხებს უთანაბრდებოდნენ, მაგრამ რეალურად გაცილებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდნენ. ისინი კარგად სარგებლობდნენ მინიჭებული პრივილეგიებით და ეკონომიკურად ძლიერდებოდნენ. მათ ინტერესებს იცავდა ხელისუფლების მიერ და- ნიშნული ზედამხედველი. მთავრობის მიერ დაწესებული განსაკუთრებული მმართველობა კოლონისტებს საგუბერნიო და სამაზრო ბიუროკრატიული ადმინისტრაციის ყოველგვარი ჩარევისაგან ათავისუფლებდა.
გადმოსახლებამდე კოლონისტები აცხადებდნენ, რომ კარგად იცოდნენ მიწათმოქმედება და მევენახეობა, მაგრამ გადმოსახლების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ნაკლებად იცნობდნენ ამიერკავკასიაში გავრცელებული კულტურების, განსაკუთრებით ვაზის, მოვლა-პატრონობას. კოლონისტების მიერ გერმანიიდან ჩამოტანილი იარაღები ადგილობრივ პირობებში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, 40-50-იანი წლებიდან მათ უკვე შეძლეს გარკვეული სამეურნეო-ეკონომიკური წარმატების მიღწევა. ამავდროულად, გერმანელებმა ბევრი რამ ისწავლეს და გადაიღეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან (ვაზის მოვლა, ქართული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის — მძიმე ქართული გუთნის, კევრის — გამოყენება და სხვ.).
1870-იან წლებში რუსეთის იმპერიაში გატარებული აგრარული რეფორმების შედეგად, კოლონისტებს ჩამოერთვათ განსაკუთრებული უფლებები, თვითმმართველობა გაუუქმდათ, სამხედრო ვალდებულებაც დაეკისრათ და ერთობის სკოლებიც რუსულ სახალხო სკოლებად გადაუკეთეს.
XIX საუკუნის ბოლოსათვის თბილისში 4 ათასამდე გერმანელი ცხოვრობდა. კუკიაზე დასახლებული კოლონისტების ძირითადი საქმიანობა ხელოსნობა იყო. გერმანელი ხელოსნები ორ რიგად ჩამწკვრივებულ ერთსართულიან საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებსაც ირგვლივ ბაღები ერტყა. მათი ნაწარმი კარგად საღდებოდა. მთავრობის ხელშეწყობით, კოლონისტებმა გაავრცელეს ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურა (მაგ., კარტოფილი) და ზოგიერთი პროდუქტის (სხვადასხვა სახის ძეხვეულის, შვეიცარიული ყველის) საქართველოში დამზადების ტრადიციასაც ჩაუყარეს საფუძველი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კოლონისტთაგან რამდენიმემ საქართველოში მსხვილი კაპიტალისტული მეურნეობა შექმნა (კუჩენბახმა, ფორერმა, ფივეგმა და სხვ.).
ადგილობრივ კოლონისტებთან ერთად თბილისის გერმანული ერთობის წევრები იყვნენ შავი ზღვისპირეთიდან გადმოსახლებული გერმანელები, ვოლგისპირელი მუშები, მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული ბალტიისპირელი გერმანელები და სხვები, რომლებიც ვაჭრების, მუსიკოსებისა თუ მეწარმეების რანგში სტუმრობდნენ თბილისს და შემდეგ აქ დიდი ხნით რჩებოდნენ. ბალტიისპირელი თუ ქალაქური წარმოშობის რუსი გერმანელები სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში მოღვაწეობდნენ, მათი ერთი ნაწილი ოფიცერი, აფთიაქარი ან ექიმი იყო. ბალტიისპირეთიდან ჩამოვიდნენ გერმანელი მასწავლებლები და გუვერნანტებიც, რომლებიც ქალაქის ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლებს ამეცადინებდნენ. XIX საუკუნის 70-იან წლებში, ფირმა «ზიმენსის» შემოსვლასთან ერთად, თბილისში მრავალი ტექნიკოსი, მექანიკოსი და ინჟინერი ჩამოვიდა. მათი ნაწილი ქალაქის მმართველობის დავალებით, წყლისა და ელექტროგაყვანილობაზე მუშაობდა.

საცხოვრებელი გარემო და ყოფა

XIX საუკუნის 50-იან წლებამდე გერმანული კოლონიები უსწორმასწორო, ვიწრო ქუჩებით, მიწური, ბანიანი ქოხმახებით, არაფრით განსხვავდებოდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა სოფლებისაგან.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ამიერკავკასიის ყოველ გერმანულ კოლონიაში იყო ერთი ან რამდენიმე სწორად დაგეგმილი ფართო, ე.წ. მთავარი ქუჩა, რომლებიც ერთმანეთს პერპენდიკულარული, უფრო ვიწრო ქუჩებით უერთდებოდნენ.
შეძლებულ კოლონიებში ქუჩები მოკირწყლული იყო. კოლონიის შუაგულში მდებარეობდა მოზრდილი მოედანი, სადაც განთავსებული იყო კოლონიის სამმართველო, ეკლესია, სკოლა, საზოგადოებრივი შენობები და მაღაზიები. ქუჩის პირას, ორივე მხარეს, ფრონტონით ქუჩისაკენ ჩამწკრივებული იყო კოლონისტთა სახლები, რომელთაც, უმთავრესად, ქვისაგან აგებდნენ. მათში იყო 4-5 ოთახი და სამზარეულო. სახლის სახურავი მაღალი და ძალზე დაქანებული იყო.
სახურავის ქვეშ იყო სხვენი, რომელიც ნაწილებად იყოფოდა და ბეღლის მოვალეობას ასრულებდა, სადაც ყოველგვარ სურსათ-სანოვაგეს ათავსებდნენ. სახლის ქვემოთ მოწყობილი იყო თაღებიანი სარდაფი, რომელიც მარნის მოვალეობას ასრულებდა მასში ღვინიან კასრებს ინახავდნენ. სახლის მოშორებით, დამხმარე შენობებიდან, მხოლოდ თავლა-ბოსელი იდგა, რომელსაც მიშენებული ჰქონდა პატარა სათავსოები შინაური ფრინველისა და წვრილფეხა საქონლისათვის.


სამოსი
XIX საუკუნის 80-იან წლებამდე კოლონისტები ტიპურ შვაბურ ტანსაცმელს ატარებდნენ. 80-იანი წლებიდან «შვაბური» ტანსაცმელი გაქრა და კოლონისტები იმდროინდელ ქალაქებში გავრცელებულ ევროპულ სამუშაო და სადღესასწაულო კოსტიუმებს იცვამდნენ.

ოჯახი
გერმანელ კოლონისტებში ოჯახის მეთაური იყო მამა, რომელსაც ემორჩილებოდა ოჯახის ყველა წევრი. ყოველგვარ ოჯახურ სამუშაოს — ბავშვების მოვლას, სადილის მომზადებას, დალაგებას, რეცხვას, კერვას, პირუტყვისა და ფრინველის მოვლასა და სხვ. — ოჯახის დიასახლისი ასრულებდა; ამასთან ერთად, იგი ფიზიკურად მუშაობდა ქმრის გვერდით. ბავშვები იზრდებოდნენ მკაცრ რელიგიურ გარემოში. მათ სწავლასთან ერთად, პატარაობიდანვე, აჩვევდნენ შრომას. დაქორწინების შემდეგ ოჯახს ვაჟი ეყოფოდა. მშობლები ეხმარებოდნენ მას საკუთარ სახლის აშენებასა და მეურნეობის შეძენაში. ნებადართული იყო ქორწინება ბიძაშვილებს შორის.

ქორწილი
გერმანულ კოლონიებში ქორწილები, როგორც წესი, გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში იმართებოდა. ქორწილს წინ უსწრებდა ნიშნობა, რომელიც ეკლესიაში სრულდებოდა. ახალგაზრდა ქალ-ვაჟის შეუღლებაში გადამწყვეტ როლს მშობლები თამაშობდნენ, ამიტომ ამ აქტის დროს უფრო მატერიალურ მხარეს ეწეოდა ანგარიში, ვიდრე გრძნობებს. დასაქორწინებელი ქალი არანაკლებ 17-ის, ხოლო ვაჟი 20 წლისა უნდა ყოფილიყო.
ქორწილი ეკლესიაში ჯვრისწერით იწყებოდა. სხვა ქრისტიანული მიმდინარეობებისაგან განსხვავებით, ლუთერანულ ეკლესიაში ჯვრისწერის დროს ნეფე-დედოფალი ბეჭდებს არ ცვლიდნენ. საეკლესიო რიტუალის შემდეგ სტუმრები დედოფლის მშობლების სახლში მიდიოდნენ, სადაც ქორწილი იმართებოდა.


დაკრძალვა
მიცვალებულების დასამარხავად გერმანელ კოლონისტებს ჰქონდათ სასაფლაო, რომელიც ეკლესიისაგან განცალკევებით, კოლონიის გარეთ მდებარეობდა. სასაფლაოს გარს ერტყა ქვის გალავანი ან მაგარი ხის მესერი. სასაფლაომდე კუბო აუცილებლად თავდახურული უნდა წაეღოთ სპეციალური კატაფალკით. მიცვალებულს გალობით მიჰყვებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მას უკანასკნელ გზაზე თითქმის მთელი კოლონია აცილებდა. არ იმართებოდა ქელეხი, არ აღინიშნებოდა მეორმოცე დღე და წლისთავი. უბედურების (სიკვდილის, დასახიჩრების, მოსავლის განადგურების, ხანძრის და სხვ.) შემთხვევაში კოლონისტები მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ დაზარალებულ თანასოფლელს.



პირველი მსოფლიო ომის წლები

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გერმანელი კოლონისტები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. კავკასიის იმპერიულმა ადმინისტრაციამ ღონისძიებები გაატარა კოლონიების მიმართ. პირველი ასეთი ღონისძიება იყო კოლონიების გერმანული სახელწოდებების შეცვლა რუსული და ქართული სახელწოდებებით: კატარინენფელდი ეკატერინოვკად გადაკეთდა, ფროიდენტალი — ვესიოლოედ, მარიენფელდი — მარინოდ, ელიზაბეტტალი — ასურეთად, ტრაუბენბერგი — ახალ ალავარად და ა.შ. 1915 წლის ნოემბრიდან მეფისნაცვლის ბრძანებით, გერმანულ სოფლებში «კოლონისტებზე თვალყურის სადევნებლად და მავნე საქმიანობის აღსაკვეთად» დანიშნეს სახელმწიფო მამასახლისები და მოხელეები — რუსი და ადგილობრივი ეთნოსების წარმომადგენლები.
ამიერკავკასიის გერმანელ კოლონისტებს კარგად ესმოდათ ის ორჭოფული მდგომარეობა, რაც მათ შეექმნათ რუსეთ-გერმანიის ომის გამო. მათთვის ცნობილი იყო, რომ იმყოფებოდნენ გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ; თუმცა როგორც პოლიციისა და ჟანდარმერიის მოხელეთა საიდუმლო მოხსენებებშია აღნიშნული, მეთვალყურეობა ძნელდებოდა კოლონიების კარჩაკეტილობისა და მათი მონოეთნიკური შემადგენლობის გამო. ომთან დაკავშირებით შექმნილ ანტიგერმანულ ატმოსფეროში პირველ ხანებში კოლონისტები ცდილობდნენ ხელისუფლებას ეჭვი არ შეეტანა მათს ლოიალობაში, ამიტომ სახელმწიფოს გადასცეს მოთხოვნილი ცხენები და ფურგონები, სამხედროვალდებული კოლონისტები დროულად გამოცხადდნენ გასაწვევ პუნქტებში, საქართველოს გერმანულ კოლონიებში დაიწყეს ფულის შეგროვება წითელი ჯვრისათვის — ლაზარეთის გასახსნელად, მოკლედ, კოლონიების ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობდა ხაზი გაესვა სახელმწიფოსადმი თავისი ერთგულებისათვის. 1914 წლის 23 სექტემბერს გერმანული კოლონიების ობერპასტორმა გაინცელმანმა კატარინენფელდიდან უქვეშევრდომილესი დეპეშა გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალს.
პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური წინააღმდეგობის გამწვავების გამო რუსეთის პრესასაში დაიწყო კამპანია, ე.წ. «გერმანული ძალმომრეობისაგან» გასათავისუფლებლად. იგი გამოხატავდა რუსეთის ბურჟუაზიისა და მემამულეთა ზოგიერთი წრის ინტერესებს. ბურჟუაზიის ეს ნაწილი ცდილობდა განთავისუფლებულიყო უცხოელთა კონკურენციისაგან, ხოლო მემამულეები მიწის ფართობების შეძენას ესწრაფვოდნენ იმპერიის სამხრეთ რეგიონებში, სადაც მათ ძლიერ კონკურენციას უწევდნენ გამდიდრებული გერმანელი კოლონისტები.
გერმანელთა მიწათმფლობელობის შეზღუდვა მეფის მთავრობამ ჯერ კიდევ ომამდე სცადა, მაგრამ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ომის დაწყების შემდეგ გახდა. 1915 წლის 2 თებერვალსა და 13 დეკემბერს რუსეთში გამოიცა კანონები გერმანული წარმოშობის პირთა მიწათმფლობელობის ლიკვიდაციის შესახებ. მაგრამ ამ კანონების გატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც «მემარჯვენე» (კადეტები და სხვ.), ისე «მემარცხენე» (ტრუდოვიკები, სოციალ-დემოკრატები [მენშევიკები]) პარტიები.
მიწების ჩამორთმევის შიშით შექმნილ გაურკვეველ სიტუაციაში კოლონისტები არ აწარმოებდნენ ხვნა-თესვას. მათ ხელში კი რუსეთის იმპერიის სათესი ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფებოდა. ეს ვითარება კიდევ უფრო აუარესებდა რუსეთის ისედაც მძიმე სასურსათო მდგომარეობას. პურისა და სურსათის ნაკლებობას განსაკუთრებით დიდი ქალაქები განიცდიდნენ. ამიტომ უკვე 1916 წლის გაზაფხულისათვის მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ იმ კოლონისტებს, რომლებიც განაგრძნობდნენ ხვნა-თესვას, მიწებს სულ მცირე ორი წლით შეუნარჩუნებდნენ. ამით ცარიზმის ბიუროკრატიამ ოფიციალურად აღიარა მის მიერ მოფიქრებული და ფართოდ რეკლამირებული გეგმის ჩაშლა. დროებით მთავრობას არც უცდია ამ საკითხის ახლებურად გადაჭრა. მან საერთოდ შეაჩერა სალიკვიდაციო ღონისძიებები მიწათმფლობელობის დარგში.
ამ პერიოდში, როგორც საარქივო დოკუმენტები მოწმობენ, საქართველოში მცხოვრებ გერმანელთა ზოგიერთი წარმომადგენელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გერმანიის სადაზვერვო საქმიანობაში. ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული გერმანიის თბილისის საკონსულოსთან, რომელიც ამიერკავკასიაში გერმანიის სადაზვერვო ცენტრს წარმოადგენდა. საკონსულომ განსაკუთრებით გააქტიურა მოქმედება ამ მიმართულებით მას შემდეგ, რაც გერმანიის კონსულად თბილისში გრაფი შულენბურგ ფონ ბერგი დაინიშნა.
1906 წელს ამიერკავკასიაში მცხოვრებ გერმანელთა მომსახურების მიზნით, თბილისში დაარსდა გერმანულენოვანი გაზეთი «კაუკაზიშე პოსტი». გაზეთში ქვეყნდებოდა მასალები ამიერკავკასიის ცხოვრებიდან, გერმანული კოლონიების შესახებ, ადგილობრივი და საერთაშორისო ქრონიკა და სხვ. 1909 წლამდე გაზეთს რედაქტორობდა ქართული ლიტერატურის ნიმუშების, მათ შორის «ვეფხისტყაოსნის», გერმანულ ენაზე მთარგმნელი, XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან თბილისში დამკვიდრებული ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართველი ხალხის მეგობარი არტურ ლაისტი.
საქართველოში გერმანიის ჯარების შემოსვლის შემდეგ (1918 წ. მაისი) გერმანელი კოლონისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. გერმანელთა სარდლობამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე გამოაცხადა აქ მცხოვრები ყველა გერმანელი სამხედრო ვალდებულისა და სამხედრო ტყვის მობილიზაცია. გერმანიის ჯარების მოწვევა საქართველოში გამოწვეული იყო თურქების შემოტევის საშიშროებით, რომლებიც არ დასჯერდნენ ბრესტის ზავით (1918 მარტი) გადაცემულ ტერიტორიებს (ყარსი, არდაგანი, ბათუმი) და მთელი ამიერკავკასიის დაკავებას ცდილობდნენ. გერმანიას იმ მომენტში თურქეთის შემაჩერებელი როლი უნდა ეთამაშა. გერმანელების ჩარევა თურქეთის მხარემ უკანონოდ ჩათვალა, მაგრამ ძლიერი პარტნიორისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბოლომდე ვერ შეძლო. საქართველო თურქეთის ოკუპაციას გადარჩა.
გარდა ამისა, გერმანელებმა გარკვეული დახმარება გაუწიეს საქართველოს სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ამბოხების ჩაქრობაში, რომლებიც ძირითადად ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. მაგრამ გერმანიის ჯარები დიდხანს არ დარჩენილან საქართველოში. 1918 წლის 9 ნოემბრის რევოლუციამ გერმანიაში დაამხო მონარქია. 11 ნოემბერს გერმანიის წარმომადგენლებმა კომპიენის ტყეში ხელი მოაწერეს ზავს, რომლითაც გერმანიამ აღიარა თავისი დამარცხება მსოფლიო ომში. 1918 წლის დეკემბრის ბოლოს გერმანიის ჯარებმა და დელეგაციამ დატოვა საქართველო.
1920 წლისათვის გერმანელებმა განაახლეს ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან, რაც, ძირითადად, მანგანუმის იმპორტით გამოიხატა. 1922 წელს თბილისში ცხოვრობდა 2457 გერმანელი. 1926 წელს მათი რაოდენობა 3156 გახდა. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში მცხოვრებ გერმანელთა რაოდენობამ 6000 მიაღწია.


საბჭოთა პერიოდი

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას, ისევე როგორც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, საქართველოში მცხოვრები გერმანელებიც უარყოფითად შეხვდნენ. ნელ-ნელა დაიხურა გერმანული დაწესებულებები, 1922 წელს მუშაობა შეწყვიტა «კაუკაზიშე პოსტის» რედაქციამ, დაიშალა «ამიერკავკასიელ გერმანელთა გაერთიანება». 1924 წელს გაასაბჭოეს გერმანული გიმნაზია. სამშობლოში დაბრუნდნენ გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც მასწავლებლებლად მუშაობდნენ საქართველოში. რუსიფიკაციის წლების შემდეგ გერმანელი მოსახლეობა ეროვნულ უმცირესობად აღიარეს.
მიწის დანაწილებასთან დაკავშირებით გერმანულმა კოლონიებმა პირველ ეტაპზე ნაკლები ცვლილებები განიცადა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კოლონისტებს მიწა მხოლოდ მემკვიდრეობითი სარგებლობის უფლებით ჰქონდათ გადაცემული და არა საკუთრების უფლებით. ვინც დადგენილ ნორმაზე მეტ ფართობს ფლობდა, იძულებული შეიქნა «ზედმეტი» ფართობი ღარიბი გლეხებისათვის გადაეცა. 1930-იანი წლებიდან კოლონიების კოლექტივიზაციასთან ერთად კოლონისტების მიერ შექმნილი ერთობებიც დაიშალა. კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგეები დააპატიმრეს.
გერმანელების ნაწილმა 1930 წელს გერმანიაში დაბრუნება გადაწყვიტა. სტალინის მმართველობის პერიოდში გერმანელებს მტრის იარლიყი მიაწებეს და სხვა «არასაიმედო» ეთნიკურ ჯუფებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, 1941 წელს საქართველოდან 24 ათასამდე გერმანელი გაასახლეს. გერმანელთა დეპორტაცია მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიმდინარეობდა. საქართველოში დარჩენის უფლება მხოლოდ არაგერმანულ ოჯახებში გათხოვილ ქალებს მისცეს. სსრკ-ს სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1941 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოდან ყაზახეთში 23.580 გერმანელი უნდა გაესახლებინათ. უმეტესობას ბარგის ჩასალაგებლად რამდენიმე საათი მისცეს. მათ საცხოვრებელ სახლებს, ბინებს, ავეჯეულობასა და საქონელს ყადაღა დაადეს. დეპორტირებულები საქონლის ვაგონებით ჩაიყვანეს ჯერ ბაქოში, იქიდან გემებით კრასნოვოდსკში, ალტაის მხარეში და შემდეგ ისევ მატარებლით ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ბევრი მათგანი, აუტანელი სამგზავრო პირობების გამო, გზაში დაიღუპა, ბევრი გადასახლების ადგილზე ჩასვლისთანავე სხვადასხვა დაავადების მსხვერპლი გახდა. 1942 წელს 12-დან 70 წლამდე გადასახლებული მამაკაცი გაიწვიეს ე.წ. ,,შრომით არმიაში,,.
1955 წელს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, გააუქმეს საგანგებო დასახლებათა რეჟიმი და საბჭოთა გერმანელებს გადასახლების ადგილის დატოვების ნება დართეს მშობლიურ მხარეში დაბრუნების უფლების გარეშე. 1979 წლამდე 2053 დეპორტირებული გერმანელი დაუბრუნდა საქართველოს.

 

გამოჩენილი გერმანელები

მრავალ გამოჩენილ გერმანელ მოღვაწეს მიუძღვის წვლილი საქართველოს განვითარებისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ეკატერინე II-ის დავალებით, კავკასიაში იმოგზაურეს გერმანელმა მეცნიერებმა, რომლებსაც კავკასიის შესწავლა და უმაღლესი ხელისუფლებისთვის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენებების წარდგენა ევალებოდათ. მათ შორის იყო აკად. იოჰან გიულდენშტედტი, რომლის შედგენილია დღემდე აქტუალური საქართველოს რუკა.
ერეკლე II-ის კარზე მოღვაწეობდა გერმანელი ექიმი, დიპლომატი, მეცნიერი და პოლიგლოტი ქრისტიან რუდოლფ ელიხი, რომელიც იაკობ რეინეგსის სახელით არის ცნობილი. ერეკლემ გაწეული შრომისთვის მას ბოლნისის შვიდი სოფელი აჩუქა. 1829 წელს გერმანელმა ფარმაცევტმა ფლორ შიონბერგმა თბილისში პირველი აფთიაქი გახსნა. სააფთიაქო საქმეში ცნობილ ი. ზემელთან ერთად მოღვაწეობდნენ: ოტენი, კოხი, ჰაინე და სხვ.
საქართველოში ოცდაათი წელი იცხოვრა ბაღების არქიტექტორმა ჰაინრიხ შარერმა, რომელიც განაგებდა ბოტანიკურ მუზეუმს და პარკებისა და ბაღების (მათ შორის ალექსანდრეს პარკისა და ბორჯომის პარკის) გაშენებას ხელმძღვანელობდა. 1870 წელს გუსტავ რადეს ძალისხმევით თბილისში კავკასიის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხარეთმცოდნეობის ერთადერთი მუზეუმი იყო რუსეთის იმპერიაში.
მეცნიერთაგან უნდა აღინიშნოს ცნობილი გეოლოგი პროფესორი ჰ. აბიხი — კავკასიის მეფისნაცვლის ადმინისტრაციის სამთო საქმის მთავარი მოხელე. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სასარგებლო წიაღისეულთა მეცნიერულ შესწავლას. გამოავლინა და შეისწავლა მანგანუმის, ქვანახშირისა და სხვა საბადოები.
გერმანული ფირმები ყოველთვის იჩენდნენ საქართველოსადმი დაინტერესებას. ისინი მონაწილეობდნენ ჭიათურის მანგანუმისა და სპილენძის მოპოვებაში და ა.შ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ცნობილი ფირმა ,,სიმენსის,, მოღვაწეობა, რომელმაც 1858 წლიდან მთელ საქართველოში შექმნა სატელეფონო ხაზების ხშირი ქსელი. XIX საუკუნის ერთ-ერთ ტექნიკურ მიღწევად ლონდონ-კალკუტის სატელეფონო ხაზი ითვლებოდა, რომლის სიგრძე 10 ათას კილომეტრამდე იყო, ხოლო მის საკვანძო წერტილს თბილისი წარმოადგენდა. ვალტერ სიმენსი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მისი ძმა ოტო (ფირმის დამფუძნებლის ვერნერ სიმენსის უმცროსი ძმები) თბილისში ფირმის წარმომადგენლები და ამავდროულად ჩრდ. გერმანიის კავშირის კონსულები იყვნენ ამიერკავკასიაში. ძმები ვალტერ და ოტო სიმენსები თბილისში არიან დაკრაძალულნი, თუმცა მათი საფლავები დაკარგულია. 1912 წელს მეფის მოწვევით თბილისში ჩამოდის კოსტიუმების მკვლევარი პროფესორი მაქს ტილკე, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი «კოსტიუმების ისტორია სურათებში», მასში კავკასიაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კოსტიუმებია ასახული.
1922 წელს კარიკატურისტმა ოსკარ შმერლინგმა, ხელოვნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში დაარსა «კავკასიის ხელოვანთა საზოგადოება». შმერლინგის ნათესავმა, ალბერტ ზალცმანმა, საქართველოში მრავალი შენობა ააგო, რომელთა ნაწილი დღეს უკვე აღარ არსებობს: კავკასიის მუზეუმი, საქალაქო ბიბლიოთეკა, ბორჯომის საზაფხულო სასახლე, სასტუმრო «ორიენტი», ცისფერი გალერეა, კათოლიკური ეკლესია. პაულ შტერნის აშენებულია დღევანდელი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდს თბილისის ქაშუეთის ეკლესიის, ლიკანის მეფისნაცვლის სასახლისა და აღმაშენებლის პროსპექტზე ვენცელის სასტუმროს პროექტები ეკუთვნის.
მუსიკალურ ცხოვრებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს ბერლინის მუსიკალური აკადემიისა და თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა ფ. კესნერმა, პიანისტმა რ. კერერმა და სხვ. საავიაციო დარგში საქმიანობდა გამოცდილი მფრინავი-ინსტრუქტორი მილი.


დღევანდელი ვითარება

2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 651 გერმანელი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა (424) თბილისის მკვიდრია, 83 — ქვემო ქართლში, 37 — იმერეთში, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში სახლობს. მათი რაოდენობის შემცირება გარკვეულწილად 90-იან წლებში საქართველოში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, როდესაც მძიმე ყოფითი პირობების გამო, ბევრი მათგანი ემიგრაციაში წავიდა. 1990-იანი წლების დასაწყისში გადასახლების მსურველებს გერმანიის მთავრობაც დაეხმარა. საქართველოში მცხოვრებ მცირერიცხოვან გერმანელთა ეროვნული თვითშეგნების, კულტურისა და ყოფის შენარჩუნებასა და მხარდაჭერაზე საქართველოს გერმანელთა ასოციაცია «აინუნგი» ზრუნავს (ძველგერმანული სიტყვა ,,აინუნგი,, ნიშნავს ერთობას), რომელიც 1991 წელს დაარსდა თბილისში. ორგანიზაციას ფილიალები აქვს ბათუმსა და რუსთავში. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი 1991 წლიდან 2001 წლამდე იყო ნოდარ ქურდიანი, 2001 წლიდან დღემდე მას გარი აუგსტი ხელმძღვანელობს. ასოციაციის ძალისხმევით მრავალმა გერმანელმა სტალინური რეპრესიების დროს გამოცვლილი გვარი და ეროვნება აღიდგინა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ პრობლემის გადაწყვეტა პირველად საქართველოში დაიწყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ,,აინუნგია,, დაკავებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფაა. 1997 წელს საქართველომ მიიღო კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ,,. ,,აინუნგის,, ძალისხმევის შედეგად კანონის მოქმედება გავრცელდა ეთნიკური ნიშნით დეპორტირებულ გერმანელებზეც.
,,აინუნგის,, შექმნისთანავე ჩამოყალიბდა გერმანული ენის შემსწავლელი კურსები.
ასოციაციასთან მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა ახალგაზრდული გერმანულენოვანი თეატრალური სტუდია, რომელსაც დიანა კესნერი თაოსნობდა. ასოციაცასთან პროფესიონალ მხატვართა ჯგუფიც არსებობს. ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურად ეწყობა საზაფხულო ბანაკები, სადაც მოზარდები ინტენსიურად ეუფლებიან გერმანულს.
გერმანული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია. 1991 წლიდან მამა-შვილმა დრაილინგებმა ლუთერანული ღვთისმსახურება განაახლეს, რომელსაც ისტორიულ სამშობლოში მათი დაბრუნების შემდეგ, პასტორი გარი აზიკოვი ატარებდა. 1995 წელს ასოციაცია ,,აინუნგმა,, მიწის ნაკვეთი მიიღო (გერმანელთა ყოფილი სასაფლაო ტერენტი გრანელის ქუჩაზე). 90-იან წლებში ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორმა, დოქტორმა გერდ ჰუმელმა, პენსიაზე გასვლის შემდეგ, საქართველოში გადმოსახლება, საკუთარი სახსრებით ახალი ეკლესიის აგება და ლუთერანული ეკლესიის აღორძინება გადაწყვიტა. გერმანული სასაფლაოს მიწაზე მან ,,შერიგების,, ეკლესია ააშენა. შემდგომში იგი საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი გახდა.
1999 წელს საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული საქველმოქმედო ორგანიზაცია «დიაკონური სამსახური» დაარსდა. იგი მოხუცთა თავშესაფარს ინახავს, რომელსაც სამედიცინო განყოფილება და ღარიბთა სასადილოც აქვს. «აინუნგსა» და «დიაკონურ სამსახურს», სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, გერმანიის მთავრობაც ეხმარება.

 



სტატიის ავტორი – გურამ მანჯგალაძე, მამუკა კომახია;
მასალა აღებულია წიგნიდან – "ეთნოსები საქართველოში", საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008წ.


megobari saitebi

   

01.10.2014