`gardamavali xanis~ (VII s-is II nax. – Xs-is nax.) qarTuli kultura
imdroindeli xuroTmoZRvrebis xasiaTi

მას შემდეგ, რაც არაბებმა აღმოსავლეთი საქართველო და მისი ცენტრი თბილისი დაიპყრეს, საქართველოს კულტურული ძალები პერიფერიაში იყრის თავს. თუმცა არაბთა უღელი მძიმე და ხანგრძლივი იყო, მას საქართველოსთვის არ მოუტანია ისეთი შედეგი,  როგორც მოუტანა, მაგალითად, ირანს, სადაც ისლამის დამკვიდრებასთან ერთად, ცხოვრებისა და კულტურის ყველა მხარემ არსებითი ცვლილება განიცადა. საქართველომ ქრისტიანული სარწმუნოება შეინარჩუნა არაბობის დროსაც, ეს კი იმ პირობებში ეროვნული თავისთავდობის შენარჩუნებას უდრიდა. მართლაც საკვირველია, რომ არც ქართულ ხელოვნებას, არც მწერლობას, რომელიც გამდიდრდა არაბულიდან ნათარგმნი თხუზულებებით და რომელმაც ასახა არაბობის დროინდელი მოვლენები, არსებითად არ განუცდია არაბული გავლენა, ორივე თავისი ბუნებრივი, სრულიად დამოუკიდებელი გზით ვითარდებოდა.
ქვეყნის სულიერი ცხოვრებისათვის, მთელი შემდგომი კულტურული განვითარებისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა დიდ ქართულ მონასტრებს, რომლებიც არაბთა შემოსევების შემდეგ წარმოიშვა ამ შემოსევებისგან ყველაზე მეტად აოხრებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ამ კუთხეს ტაო-კლარჯეთს უწოდებენ, თუმცა ეს სამთავრო სხვა ისტორიულ პროვინციებსაც აერთიანებდა). VII-X საუკუნეებში დაარსებული მონასტრები იშხანი, ოშკი და სხვები გადაიქცა დიდ კულტურულ კერებად, სადაც ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა იყო გაშლილი. იქმნებოდა ორიგინალური აგიოგრაფიული თხზულებები, ითარგმნებოდა უცხოური თხზულებები, გადაიწერა უამრავი წიგნი, რომლებიც განსაცვიფრებელი კალიგრაფიული ოსტატობით გამოირჩევა, სრულდებოდა ჭედური ხატები, ჯვრები, წიგნის ყდები; ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ აშენდა მონასტრების მთელი ხუროთმოძღვრული ანსამბლები ეკლესიებით, სამლოცველოებით, სატრაპეზოებით, გადამწერდა სახელოსნოებით, სემინარიებით, სამეურნეო შენობებით; აღდგა ძველი და დაარსდა ახალი ქალაქები, აშენდა მიუვალი ციხეები, ხიდები, გაყვანილი იქნა გზები.
შემოქმედებითი ცხოვრება ქვეყნის სხვა ნაწილებშიაც გრძელდებოდა: დასავლეთ საქართველოში – ე.წ. აფხაზთა სამეფო, კახეთში და ქართლშიაც კი, ესე იგი საამიროსგან ყველაზე მეტად შევიწროვებულ პროვინციაში. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს სწორედ ხუროთმოძღვრება, რომლის ძეგლებიც გვხვდება საქართველოს სულ სხვადასხვა კუთხეში – შავი ზღვის სანაპიროებიდან სამხრეთისა და აღმოსავლეთის საზღვრებამდე.
ამ ხანას მიეკუთვნება შუა საუკუნეთა ქართული სასულიერო მწერლობის ბევრი შესანიშნავი ნაწარმოები: იოანე საბანის ძის `აბო ტფილელის მარტვილობა~ (VIII საუკუნის დასასრული), ბასილი ზარზმელის `სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება~, მერჩულის `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება~ (X ს.) და სხვა. მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამავე პერიოდს, IX საუკუნეს მიეკუთვნება ბალავარიანის – შუა საუკუნეებში დიდად პოპულარული ბუდისტური ლეგენდის – ქართული ვერსია, რომელიც ბერძნულის წყაროდ იქცა, იქედან კი სხვა ენებზე ითარგმნა. ყველა ეს ნაწარმოები უშრეტი წყაროა ერისა და ქვეყნის მაშინდელი ცხოვრების გასაცნობად და გასაგებად, ყოველი მათგანი, თავისი განსაკუთრებული მხატვრული ღირსებების წყალობით, პროზის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
აქტიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია არც უცხოეთის ქართულ მონასტრებს, რომლებიც ხელს უწყობდა ქართველთა მჭიდრო სულიერ კონტაქტებს მთელ განათლებულ სამყაროსთან და, უპირველესად, ბიზანტიასთან. ადრე არსებულთა გარდა, იქმნება ახალი მნიშვნელოვანი ცენტრები: IX საუკუნეში ულუმბოს ქართული მონასტერი მცირე აზიის ბითინიაში, X საუკუნის მეორე ნახევრსა და მიწურულში – ქართული მონასტრები სინას ნახევარკუნძულზე და ათონის მთაზე. ორივემ ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში.
გარდამავალი ხანის არქიტექტურაში წინანდებურად მთავარი ადგილი უჭირავს სარწმუნოებრივსა და სათავდაცვო ნაგებობებს – ციხე-სიმაგრეებს, ციხე-ქალაქებს, ეკლესიებსა და მონასტრებს. ამას გარდა, გარდამავალი ხანისაგან დაგვრჩა საცხოვრებელი ნანგრევები (კახეთი), რომლებიც აფართოებს ჩვენს ცოდნას შუა საუკუნეთა მშენებლობის შესახებ.
თემატიკურად საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში რაიმე შესამჩნევი ცვლილება არ მომხდარა – მნიშვნელობის მხრივ ახლაც გუმბათიან ეკლესიებს ენიჭება უპირატესობა, მაგრამ განაგრძობდნენ სამნავიანი და სამეკლესიიანი ბაზილიკებისა და ცალნავიანი ეკლესია-სამლოცველოების შენებასაც. ძირითადი საშენი მასალა კვლავ ქვაა, მაგრამ თლილ ქვასთან ერთად გვხვდება ნატეხიც, რაც ხშირათ ეკონომიური მოსაზრებითაც იყო გამოწვეული – მძიმე დრო იყო, ქვეყანას უჭირდა. კახეთში, VIII საუკუნეში, აქა-იქ აგურსაც იყენებდნენ რიყის ქვასა და ნატეხ ქვასთან ერთად. იცვლება ზოგი კონსტრუქცია: მაგალითად, ტრომპები თანდათანობით პანდატივებს უთმობს ადგილს; VIII-IX საუკუნეებში არის შემთხვევა, როცა ტრომპი და პანდატივი ერთდროულადაა გამოყენებული ერთსადაიმავე შენობაში, შემდეგ კი ტრომპები მთლიანად ქრება (საინტერესოა, რომ ბიზანტიაში ტრომპები პირველად ამ დროს ჩნდება ეკლესიების ერთ ტიპში, რომელსაც ასე უწოდებენ კიდეც – კუთხის ტრომპებიანი ეკლესია. ამის ნიმუშებია დაფნის მონასტრის ეკლესია, ფოკიდის ხოზიოს-ლუკასი და სხვა). თანდათან ქრება აგრეთვე მანამდე დიდად გავრცელებული ნალისებრი მოხაზულობა თაღებისა, კამარებისა და აფსიდებისა.
მაგრამ, როცა უამრავ იმ დროინდელ ძეგლს გადაავლებ თვალს, მთავარი ის არის, რომ გეგმები, ხუროთმოძღვრული თემები ჭრელია, რაც წინა ხანის მკაცრი სტილის დათმობასა და ახალი ხუროთმოძღვრული გზების ძიებას მოწმობს. ჩნდება დეკორაციული და ცხოველხატული ტენდენციები, რაც X საუკუნის შუა წლებში უკვე ახალი სტილის საბოლოო შემუშავებამდე მიგვიყვანს. ეს გარდამავალი ხანის დამახასიათებელი სურათია: ხან აქ, ხან იქ ამოტივტივდება ხუროთმოძღვრული თემები, ფორმები, დეტალები, რომლებიც ვერ მოიკიდებს ფეხს და მალე გაქრება (მაგალითად ორგუმბათიანი ეკლესიის თემა, ან უყელო გუმბათი ორფერდა სახურავქვეშ და სხვა); მაგრამ სამაგიეროდ, აღმოცენდება ისეთი მოტივებიც და კომპოზიციებიც, რომლებიც შემდგომ განვითარდება და ხუროთმოძღვრული და დეკორაციული ფორმების ძირითად ფონდში დაიმკვიდრებს ადგილს. ამ ძიებათა პროცესში მაინც შეიქმნა ზოგი ნაწარმოები, რომლებიც არა მარტო ევოლუციის გაგების თვალსაზრისით არის საყურადღებო, არამედ შესანიშნავი მხატვრული ღირსებებითაც.




სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე

მასალა აღებულია წიგნიდან – „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ თბილისი, 1974წ.

 

 


 


megobari saitebi

   

01.10.2014