დემეტრე II თავდადებულის პიროვნების ზოგადი დახასიათება
დემეტრე II-ის ზოგადი დახასიათება ადვილი არ არის, რადგან ცნობები მის შესახებ ორნაირი თვისებისა მოგვეპოვება. მისს თავგანწირულებას მონღოლთა-დროინდელს ჟამთააღმწერელზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც საეკლესიო წრეებში დემეტრე II-ისადმი მანამდე სუფევდა მისი საეკლესიო უძრავი ქონების გაღარიბებულ ერისკაცთათვის გაცემისა და თავისი სამცოლიანობით ხალხისათვის ცუდი მაგალითის მიცემის გამო, თავის მოთხრობაში მას, როგორც ეტყობა, შერბილებული უნდა ჰქონდეს.
თუ თანამედროვე ისტორიკოსი მის პიროვნებას წარმოადგენს ისევე, როგორც სინამდვილეში და თავის ყოველდღიურს საქმიანობა-მოღვაწეობაში მოჩანს, უნდა ითქვას, რომ დემეტრე II-ის დამოკიდებულება ქრისტიანული მოძღვრებისადმი ძალზე შერყეული ყოფილა. მის გულში ეკლესიისა და მისი, როგორც მწყემსთმთავრისა, ისევე მოძღვართადმი, ოდნავი პატივისცემაც-კი არ ჩანს, ამ მხრივ ის გიორგი–ლაშას მიაგავს.
აღსანიშნავია აგრეთვე დემეტრე II-ის მიერ დავით–ულუსა და ბასილ უჯარმელ–ჭყონდიდელის პოლიტიკოსის გაზიარებაცა და მისი შეუჩერებლივ განგრძობაც საეკლესიო შეწირული მამულების გამოსაყენებლად დიდი ეკონომიური კრიზისის შემსუბუქებისთვის. არ ეტყობა, რომ ამ შემთხვევაშიც მას ეკლესიის წყევლა –კრულვის რაიმე შიში ჰქონოდეს. აქ მას მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესით უხელმძღვანელია: გაჭირვება ძლიერდებოდა, სხვა საშუალება-კი მისი ოდნავ მაინც შესანელებლად საქართველოს მაშინდელ მთავრობას არ გააჩნდა, ამიტომ წინანდელი პოლიტიკის განგრძობა აუცილებელი იყო, და მასაც ეკლესიის წინაშე უკან არ დაუხევია.
დამახასიათებელია, რომ ეს გარემოება მაშინდელ და მომდევნო ხანის საეკლესიო წრეებს იმდენად არ ესმოდათ, ან ეგების არც-კი უნდოდათ გაეგოთ, რომ ქართველი ჟამთააღმწერელი გულუბრყვილოდ ამტკიცებს კიდეც, ვითომც მეფე დემეტრე II-ემა და საქართველოს დიდებულებმა ქვეყნის დაწყნარებისა და მოსავლის უხვობის გავლენით, ”რაკი მოეცალეს მცირედ ჭირთაგან და განისვენებდეს”, ასეთს უწესო განცხრომასა და ძალმომრეობასაც იმიტომ მიჰყვეს ხელი, ”მიდრკეს გზისაგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად”-ო.
თუ სამცოლიანობაზე ასე მსჯელობას, შესაძლებელია, კიდევ ასე-თუ-ისე რაიმე დამაჯერებლობა მაინც ჰქონოდა, ეს ხომ ყველამ კარგად იცოდა, რომ, არც ქვეყანასა და არც ხალხს, დემეტრე II-ის მეფობაში, თუნდაც მარტო მონღოლთა ხშირი ლაშქრობის გამო, დაწყნარება არ ჰღირსებია, სიღარიბე ხომ არამც თუ არ შემცირებულა, არამედ წინანდელზე უფრო მეტადაც-კი გაძლიერდა, ცხადია, რომ, მაშინდელი ყოფაცხოვრების აბობოქრებული ვითარებისა და სოციალური ბრძოლის მიზეზის ამნაირად ახსნა, სრული გულუბრყვილობა იყო.
დემეტრე II-ეს, საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, შემთხვევა ჰქონდა უფრო თავისი სამხედრო სიქველე და მამაცობა გამოეჩინა, ვიდრე სახელმწიფოებრივს მოღვაწეობაში სამოქალაქო ასპარეზზე თავისი გამჭრიახობა გამოემჟღავნებინა. მონღოლთა მომხრეებიით გათამამებული დიდებულისა და გადიდკაცებული მედროვე მოხელეების გარემოცვაში, აღმოსავლეთ საქართველოს მეფეს გაბედული შინაური პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა სრულებით მოსპობილი ჰქონდა. ჟამთააღმწერელისაგან გაკვრით მოხსენებული ზოგიერთი ცნობებითგან მაინც საკმაოდ მკაფიოდ მოჩანს რომ, თუმცა ფარულად მას ასეთ მედროვეთა წინააღმდეგ ბრძოლა უცდია, მაგრამ არაერთხელ დასახული მიზნის მისაღწევად მას გადაულახავი დაბრკოლება დაჰხვედრია.
იმდროინდელი მძიმე ეკონომიური პირობებისდა მიუხედავად, დემეტრე II ცდილობდა აგრეთვე მონღოლთა ბატონობის წყალობით დაზარალებულ-აოხრებული ქვეყანა გაეკაცრიელებინა, ამოწყვეტილისა და გაქცეული მოსახლეობის მაგიერ სხვების დასახლებით გაპარტახებული მიწები კვლავ დაემუშავებინა და ისტორიკოსიც მოგვითხრობს, რომ მეფემ ”აღაშენნა ქვეყანანი მოოჴრებულნი”-ო.
დემეტრე II–ეს ნაგებობათა მშენებლობაშიც შეუტანია წვლილი და, თუმცა ეს ცნობა მეფის ზემოაღნიშნულ დამოკიდებულებას როგორღაც თითქოს ნაკლებ შეეფერება, მაგრამ, ისტორიკოსის სიტყვით, მანვე ააგო ”პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღ՜თისმშობლისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირნა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო განგებითა კეთილითა”-ო.
მართალია, მაშინდელ საეკლესიო წრეებს შეეძლოთ ეთქვათ, ეს ადამიანი, თავისი მარჯვენით ეკლესიის კეთილდღეობას ანადგურებს და ძირს უთხრის, მის მოძღვრებას არ ემორჩილება, მთელი თავისი მოქმედებით მისი გავლენის გაქარწყლებას ხელს უწყობს და იმავე დროს მონასტერს აშენებსო! მაგრამ როგორც ჩანს, დემეტრე II–ეს ეკლესიის მესვეურთათვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ, თუ ისინი მის საქმეებში არ ჩაერეოდნენ და თავიანთ ქერქში იქნებოდნენ, მასაც შეეძლო მათთვის რამე სამაგიერო გადაეხადა.
საფიქრებელია, რომ ჟამთააღმწერელს ზემომოყვანილს ცნობაში იმ ნაგებობაზე უნდა ჰქონდეს საუბარი, რომელიც ”მეტეხის” ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის. ეს ძეგლი ამჟამად ჩვენთვისაც საყურადღებოა, მაგრამ უკვე მხოლოდ როგორც XIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების მაღალი ღირსების უტყვი პირუთვნელი მოწმე. ამის დამამტკიცებელია დღევანდლამდე შერჩენილი მისი საუცხოვოდ მოჩუქურთმებული კარიბჭე და ერთგანაც, თუმცა ულმობელი დროისაგან ძალზე დაზიანებული, მაგრამ ამ სახითაც ძლიერი შთაბეჭდილების მომხდენი აქა-იქ ჯერ კიდევ გადარჩენილი სამკაული ასეთ საშინელ ხანაშიც-კი ქართულ ხელოვნებას ასეთი მაღალხარისხოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლების შექმნის უნარი შეუნარჩუნებია და ეს გარემოება ქართველი ხალხის დიდი ნიჭისა და ენერგიის უცილობელი გამომჟღავნებული არის.
ისტორიკოსს დემეტრე II-ის რაინდული თვისებები და გულშემატკივრობაც აქვს აღნიშნული. მას არ ავიწყდებოდა ის უბედური გაღატაკებულნი, რომელნიც იძულებულნი ყოფილან ტფილისის ქუჩებში სამათხოვროდ ხელი გაეშვირათ. მაგრამ ამავე დროს ეტყობა, რომ დემეტრე მეფეს არც თავისი თავი ავიწყდებოდა. პირიქით, ქართველი ჟამთააღმწერლის ცნობითგან ჩანს, რომ დემეტრე II-ეს, თავისი მამის მსგავსად, პირადი ქონებრივი კეთილდღეობის მოპოვების დიდი უნარიც-კი ჰქონია. ისტორიკოსს ეს გარემოება გარკვევით აქვს აღნიშნული: მეფემ ”მოიგო სიმდიდრე დიდად-დიდი სიმდიდრესავე ზედა, რომელ დაშთომოდა მამისა მისისაგან”-აო. სამწუხაროდ ავტორს განმარტებული არა აქვს, თუ რა გზითა და როდის შეძლეს მამა-შვილმა, იმ საერთო გაჭირვების დროს, ესოდენ დიდი ქონების დაგროვება, მით სიმდიდრის მთავარ წყაროდ სამხედრო ნადავლი უნდა ვიგულისხმოთ, თუ ეგების საქართველოში მყოფი მათი უძრავ-მოძრავი ქონების შემოსავალიც. ამრიგად, ალტრუისტულიც და წმინდა ეგოისტური სულისკვეთებაც მის ბუნებაში ერთსა და იმავე დროს მკაფიოდ მოჩანს. უკანასკნელი გარემოება, მისი განმაცვიფრებელი სიმდიდრე, მეტადრე იმდროინდელს საერთო საშინელ გაჭირვებას თუ გავიხსენებთ, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს ეხლაც. ჟამთააღმწერელის ერთი ცნობისდა მიხედვით ირკვევა, რომ ამით არც მაშინ ყოფილან კმაყოფილნი, მოსახლეობის ზოგი ფენები მაინც. დემეტრე II - კი იმდენად მდიდარი ყოფილა, რომ ვითომც მონღოლთა ყაანსაც კი გაჰკვირვებოდეს. თუ ქართველი ჟამთააღმწერელს ამ შემთხვევაში ძალზე გადაჭარბებული არა აქვს და დაეჯერება, როდესაც არღუნს საქართველოთგან დემეტრე II-ის მთელი ჩამორთმეული განძეულობა და ”საჭურჭლე მეფისა” მიუვიდა, ის - კი თურმე ”განჰკჳრდა სიმრავლისათჳს”-ო.
|
demetre II emSvidobeba xalxs |
მაგრამ ადამიანის ნამდვილი სულიერი და ზნეობრივი თვისებები ყველაზე მკაფიოდ, უეჭველია, განსაცდელის დროს გამომჟღავნდება ხოლმე: სწორედ მაშინ ირკვევა უცილობლად, კაცის ბუნებაში პატიოსნება და გმირული თავგანწირულება სჭარბობს, თუ ცხოველურ-მხეცური მიდრეკილება მას, თავის თავის გარდა, ყველაფერს ავიწყებს და პირადი უშიშროება – სიმრთელის გადასარჩენად მზად არის ყველა სხვები და ყველაფერი ინაცვალოს. ეს დაკვირვება საშუალებას აძლევს მკვლევარს დემეტრე II-ის პიროვნება საბოლოოდ უფრო შეუმცდარად შეაფასოს.
თუ ამ საკითხს ამ თვალსაზრისით მივუდგებით, ცხადი გახდება, რომ დემეტრე II-ის ქცევამ იმ საბედისწერო შემთხვევაში, როდესაც მას უნდა საბოლოოდ გადაეწყვიტა, თავისი პირადი სიცოცხლის გადარჩენაზე ეზრუნა და ამისთვის თუნდაც უდანაშაულო ქართველი ერის კეთილდღეობა და სიცოცხლეც–კი მსხვერპლად შეეწირა, თუ პირიქით, სიკვდილის აუცილებელ სასჯელს არ შეჰშინებოდა და თავისი პირადი მოქმედებისათვის პასუხსაგებად, ხალხის გადარჩენის მიზნით, რაინდული სიმამაცით მტრის წინაშე წარმდგარიყო, დემეტრე II-ის პატიოსანი ბუნება და მაღალი ადამიანური თვისებები სრული სიცხადით გამომჟღავნდა. მის ნაბიჯს, უეჭველია, პირადი პასუხისმგებლობის ღრმა ზნეობრივი შეგნება და თავგანწირულების მომხიბვლელობა ასხივოსნებს. მართალია, ის შედარება, რომლითაც დარბაზის ერს დემეტრე II-ის დარწმუნება მოუსურვებია, რომ მას, თავისი მამის დავით-ულუს მსგავსად, ყაანის მრისხანებისაგან გადასარჩენად უფლება ჰქონდა თავი სადმე შეეფარებინა, მთლად სწორი არ არის, რათგან დავით-ნარინი და დავით–ულუ მონღოლებს თვით საქართველოს აუტანელი მდგომარეობის გამო აუჯანყდნენ და ლიხთ-იმერეთში მხოლოდ აჯანყების ჩაშლის შემდეგ გადავიდნენ, დემეტრე II-ეს - კი ერანის ილხანის წინააღმდეგ სხვა მონღოლ ხელისუფლებთან შეზრახებით მოწყობილს შეთქმულებაში მონაწილეობა, მაშასადემე, მხოლოდ პირადი დანაშაულება, ჰბრალდებოდა, მაგრამ, ამ შედარების მცდარობის და მიუხედავად, განა მასაც არ შეეძლო თავისი სიცოცხლის გადასარჩენად ისე მოქცეულიყო, როგორც მას დარბაისელნი ურჩევდნენ, და, ერანის მრისხანე ყაანთან წასვლის მაგიერ, მართლაც მთიულეთში შეხიზნულიყო? ცნობილია, რომ ასე წინათაც არაერთი ქვეყნის მმართველი მოქცეულა და შემდეგშიც თვით დემეტრე II-ის საკუთარი შვილივე დავით მეფეც მოიქცა და საქართველო, როგორც მერმე დავრწმუნდებით, მტრებს ულმობლად გააოხრებინა. დემეტრე II-ემ - კი თავისი სიცოცხლის გადასარჩენად ქართველი ერის უკიდურეს განსაცდელში ჩაგდება არ მოისურვა და ამით აუცილებელი განადგურება თავითგან ააშორა. ამიტომაც არის, რომ საქართველოში უკვე იმავე ხანაში დემეტრე II-ეს თავდადებულის სახელი მიეკუთვნა. შემდეგში როდესაც მისი ძის, დავით VI-ის მეფობის ამბებზე გადავალთ, გამოირკვევა, რომ დემეტრე II-ის თავგანწირულების გმირობა ყოველთვის უფრო ცხადი და უცილობელი უნდა გამხდარიყო. ისტორიამაც ხალხის ამ მსჯავრს თავისი დასტური მისცა და ერთად - ერთს მეფეს საქართველოში თავდადებულის წოდებულება შეუნარჩუნა.
სასარგებლო ბმულები
http://ka.wikipedia.org/
http://www.nplg.gov.ge
http://orthodoxy.ge
http://kvirike.ge
http://www.tbiliselebi.ge/
http://qim.ge
სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982წ.
სურათი აღებულია ინტერნეტ გვერდიდან
- http://ka.wikipedia.org/.
|