დავით აღმაშენებლის დროინდელი საჭურვლისათვის

საინტერესოა, თუ დავით აღმაშენებლის ჯარმა განმანთავისუფლებელ ომში, რა საჭურველით დაიბრუნა თურქ–სელჯუკებისაგან მიტაცებული მიწა–წყალი, რით გადაიტანა საქართველოს საზღვარი „ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღუადმდე და ოვსეთიდგან–სოერად, და არეგაწემდე? საქართველოსათვის ასეთი პიროვნების მოვლენას გ. ორბელიანი განგებას მიაწერს.
მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, ჩვენს წინაპრებს შემონახული ქონიათ შუა საუკუნეების ქართველი მხედრის მთლიანი აღჭურვილობა, რითაც ეს საკითხი ნათელი გახდებოდამ მაგრამ სხვა უნიკალურ ქართულ კოლექციებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე უცხოელთა წყალობით ზოგი საზღვარგარეთულ მუზეუმებში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, აკად. ივ. ჯავახიშვილი, როდესაც იგი 1937 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შ. რუსთაველის ხანის მატერიალური კულტურის საიუბილეო გამოფენას, გულისტკივილით აღნიშნავდა: „არც საქართველოს მუზეუმის კოლექციებში და არც სხვაგან მთლიანად იმდროინდელ XI-XIII საუკუნეებში ჯავშანი და თორი უკვე აღარ მოიპოვება. მხოლოდ ბერლინის ცოიგჰაუზის (იარაღის) მუზეუმში ნახავს ადამიანი საქართველოდან (ხევსურეთიდან) XIX - საუკუნეში გატანილს მანეკენზე ჩამოცმულს, XIII საუკუნის რაინდისა და ცხენის ორს მთლიანს საუცხოო ანაკრებს. ოქროს ზარნახშით უხვად შემკული მშვენიერი ქართული მუზარადიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით არცი ის არის საქართველოში“. კავკასიის მუზეუმის ყოფილი დირექტორი გ. რადე (1867–1903), დასძენს აკად. გ. ჩიტაია, ქართული უნიკალური კოლექციებით პირველ რიგში გერმანიის მუზეუმებს: ჰამბურგს, ლაიპციგს და ბერლინს ამარაგებდა. საფიქრებელია, რომ ხსენებული კოლექცია ბერლინში მისი მეშვეობით მოხვდაო. ეს ქართული აღჭურვილობა გერმანიის საჭურვლის მუზეუმში კ. გამსახურდიას დაუთვალიერებია, რომლის შესახებ მწერალი აღნიშნავს შემდეგს: „ჩვენ დრომდის მოაღწია ქართული თორის უბრწყინვალესმა ნიმუშმა. ერთ ქართული თორის მთელი კომპლექსი XIII საუკუნში თავად უნახავს ამ სტატიის ავტორს (კოტე ჩოლოყაშვილი) ბერლინის ცოიგჰაუზში – იარაღის მუზეუმში (ურიგო არ იქნება, ეს თორიც მოვკითხოთ პრუსიელებს). ბერლინის მუზეუმში დაცული ქართული საჭურვლის ბადალი, კ. გამსახურდიას გადმოცემით, არსებულა ქ. მიუნჰენში მცხოვრებ მანტოლდის ოჯახში, რომელიც მათთვის უსახსოვრებია ნიჟნიგოროდის პოლკის „კომანდირს ბაგრატიონს“. საჭურველს კ. გამსახურდია ასე აგვიწერს: „სავსებით უზადოდ შენახულიყო, როგორც ჯაჭვის პერანგი, ისე თორი, ჯაჭვის პერანგი თვალმრგვალი იყო და სამფეროსანი. ჩაბალახის ორიოდ ადგილას თვალი ამოვარდნოდა“. ხოლო მუზარადზე კი ქართული ასოებით „ჩსნგ“ ე.ი. 1253 წელი აღნიშნულია ნივთის თარიღი. იქვე გამოფენილი ყოფილა: ხევსურული დავითფერული ფრანგული, ქართული ვადაჯრიანი ხმლები. ქართული საჭურვლის სანახავად ამ წერილის ავტორსაც, მოუხდა დასახელებულ მუზეუმში 1967 წელს მუშაობა, რამაც უშედეგოდ ჩაიარა 1941–45 წლების ომის შემდეგ ექსპონატების აწეწილობის გამო. ამ საკითხით იქაური თანამშრომლებიც დაინტერესდნენ. 1987 წელს ბერლინის საჭურველის მუზეუმიდან საქართველოში გამოგზავნეს საჭურველის ფოტოსურათი, რომელიც ქართული არ აღმოჩნდა. ე.ი. ძიება კვლავ გრძელდება. მართლაც როგორც დამშვენდებოდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ფეოდალური ხანის გამოფენას, რომ მის დარბაზში იყოს ფეოდალური ხანის მხედრის აღჭურვილობა.
საკითხავია ისიც, თუ სად მზადდებოდა ეროვნული საჭურველი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფეოდალური ხანის საჭურველი, ლითონის საბადოებთან ახლოს საქართველოს მაში: აჭარაში, სვანეთში, რაჭაში, ხევსურეთში, გუდამაყარში და ალგეთში იჭედებოდა, რასაც მატერიალურ კულტურასთან ერთად, ზეპირსიტყვიერება ადასტურებს.
საჭურველს შემდეგ უკვე დიდ ქალაქებში – დავითის მიერ „აღმოცენებულ ქალაქებში“ ამზადებდნენ. ანონიმური ავტორის ცნობით ქ. თბილისიდან საექსპორტოდ გაქონდათ სპილოს ძვლით ინკრუსტრირებული კაპარჭები და სხვა.
აურაცხელმა საჭურვლის ჭედვამ საქართველო მეტალურგიის მნიშვნელოვან კერად აქცია. საჭურვლის დამზადებისათვის საგანგებო ოსტატები რომ არსებობდნენ, ჩვენამდე მოღწეული შემდეგ გვარების არსებობაც ადასტურებს: მეფარიშვილი, მეიფარიანი, ჯავშანიშვილი, ჯავშანიძე, ჯაჭვლიანი, ჭურაძე, ჯოლბორდი (ისრის მთლელი), ზეინკლიშვილი (ზეინკალი, ადრე მთლიანი საჭურვლის, ხოლო შემდეგ კი მხოლოდ თავდასაცავი საჭურვლის ოსტატი), შუბითიძე, ხმალაძე, ხანჯალაძე, დაშნიანი, დაშნიანიძე, ქარქაშაძე და არა მარტო ამ გვარების წარმომადგენლები ჭედავდნენ თავის მხსნელ ქართულ საუკეთესო საჭურველს, რომლის მაღალხარისხოვნობამ და ხმარების დახვეწილმა წესმა უცხო დამპყრობლებისაგან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა.
საყურადღებოა თავად ქართული საჭურვლის არსებობა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან, როგორც ცნობილია, ბევრ დიდ და სახელოვან ერებს საკუთარი საჭურველი არ გააჩნდათ. ქართველები კი ომიაშვილები, ომიაძეები, ჩუბინაშვილები, ჩუბინიძეები (ისრის მსროლელნი) მშვიდობაძეები და მათთან ერთად ყველა, ქართული საჭურვლით სამშობლოს დასაცავად, მშვიდობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.
ფეოდალური ხანის ქართული საჭურველი აღწერეს სულხან–საბა ორბელიანმა და ვახუშტი ბაგრატიონმა. ხოლო ი. ჯავახიშვილმა საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა.
ამ პერიოდში შესატევ, მკვეთელ საჭურველად ხმარობდნენ: მახვილს, ხმალს და სატევარს. დასარტყმელად: ლახტს, ჩუგლუგს და გურზს, საძგერებლად კი ჰოროლს, შუბს და ხიშტს; სატყროცნელად: შურდულს ქვითა და ტავარჯუხით, ასევე ფილაკვანს, სასროლად კი შვილდ–ისარს კარაპაჭით. თავდასაცავი საჭურველიდან კი: ფარს, თავსარქველად მუზარადს და ჩაბალახს (XI საუკუნის ნიკორწმინდის სიგელში მოხსენებულია „გუდამაყრული ჩაბალახი“). ტანისსაცავად: ჯავშანს, ჯაჭვს და პოლოტიკს. ზედაკიდურთსაცავს: ხელნავს და საფუხრეს, ქვედასი კი: საბარკულს, საჩერნეს და სხვა.
ქრისტიანობის მიღების შემდეგ მიცვალებულს თან საჭურველს აღარ ატანდნენ. მიუხედავად ამ წესისა, ჩვენს დროში ფეოდალური ხანის ინტენსიური, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაინც აღმოჩენილია შუასაუკუნეების ზოგიერთი საჭურვლის ნიმუში. რკინის მუზარადი, ძაბრისებური ასევე მუზარადის წოპი ჯავახეთის ახალქალაქიდან, ჯაჭვის პერანგის ნაგლეჯი ქსოვილთან ერთად დმანისიდან. ჯაჭვის პერანგი ბიზანტიური მონეტით, ზურტაკის სამარხიდან. ბრტყელი, სამკუთხოვანი და ორკაპიანი ისრები. შუბი ხიშტისებრი დმანისიდან. ხმლის ვადები უმეტესად ნეფრიტის, მცენარეული და რელიეფური ორნამენტით. ხმალი რკინის ორლესული, ხმალი რკინის ცალლესული, ვადა ბურთულებისებური დაბოლოვებებით, ვანიდან და სხვა. დიდგორის არქეოლოგიური გათხრები ამ მხრივაც მდიდარ მასალას გადაგვიშლიდა თვალწინ.
საქართველო აღმაშენებლმა ჯვრით, რომელსაც ბრძოლებში ყოველთვის თან ატარებდა და ჯვარ–ვადიანი ხმლით აღადგინა. მეფე–სარდლის მიერ საქართველოს საზღვრების გაფართოებას და მის მიჯნის გადატანას გ. ორბელიანი აღმაშენებლის ხმალს მიაწერს: „შირვან, დერბენდი, ჰყავ სამზღვრად, შენი ხმლით შემოხაზული“. მაღალხარისხოვანი ქართული ხმლის შესახებ აღნიშნავდნენ: „თუ სადმე ხმალი მძლეობდეს, უთუოდ აქაურია“, მაგრამ როგორი ფორმის ხმლით აღადგინა საქართველო და დაუმკვიდრა თავის ერს? საძიებელი აი ეს არის. XII საუკუნეში ხმლის ფორმის დასადგენად უნდა დავეყრდნოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ, ღარიბ და მდიდარ ფრესკულს, იკონოგრაფიულ და ნუმიზმატიკურ მასალას, რითაც დგინდება, რომ XII საუკუნეში ხმალი სწორი იყო, რომელიც XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევის გამო მოიხარა, რაც ლაშა გიორგის ბეთანიისა და ბერთუბნის ფრესკებზე კარგადაა გამოსახული. პირველზე ლაშას – სწორი ხმალი არტყია. ბერთუბნის ფრესკებზე კი მისი ხმალი უკვე მოხრილია. ი. ჯავახიშვილი, აგრძელებს რა მსჯელობას ამ საკითხზე, აღნიშნავს: „ისტორიული მხატვრობის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ XII საუკუნის საქართველოში გავრცელებული ყოფილა სწორი ხმალი; მაგრამ XIII საუკუნის დამდეგს უკვე ჩნდება მოხრილი ხმალი, ისეთი, როგორიც გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“. ე.ი. ქართული ხმალი ფორმას იცვლის, მაგრამ ისეთი ღვარჭნილი და მრუდე არ ხდება, როგორც მუსულმანური–ნახევრად მთვარისებური, არამედ ქართული ხმალი ოდნავ მოხრილია, რომელიც უკეთ გამოყენების გამო დამკვიდრდა ჩვენში.
დავითის ჯვართან ერთად ჩვენამდე მოაღწია მის დროს მოჭრილმა მონეტებმა, ჩვენს თემასთან დაკავშირებით, ყურადსაღებია არაბული შემდეგ წარწერიანი „მეფეთა მეფე დავითი, ძე გიორგისა, მესიის მახვილი“, და „მეფე, მეფეთა, მახვილი მესიის დავით“. რაც დავითს წარმოგვიდგენს ქრისტიანთა დამცველად და მუსულმანთა დამლახვრელად. დავითის მიერ შემოღებული დასახელებული წარწერა ამშვენებს მეფეების: დემეტრე I-ის, გიორგი III–ის, თამარის. ლაშა–გიორგისა და რუსუდან მეფის მონეტებს. დასახელებული წარწერა ჟამთა უკუღმართმა სვლამ მოსპო.
ქართველების მიერ ომის დროს საჭურვლის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია იბნ–ალ–ასირის ცნობა. დიდგორის ბრძოლაში იმ 200–მა გმირმა ვაჟკაცმა, ომის დაწყებამდე მოწინააღმდეგის ბანაკს რომ მიუახლოვდა, დამპყრობლებს მშვილდ–ისარი ესროლა, რითაც მოწინააღმდეგეების არეულობა გამოიწვია.
დავითი ომის დროს არა მარტო მხედართმთავრობდა, არამედ, იგი თვით იყო უებრო მეომარი. არსენ იყალთოელის თქმით: „ძლიერი, ვითარცა ლომი მხეცთა შორის“, როგორც მისი ისტორიკოსი აღნიშნავს: 1105 წელს ერწუხის ბრძოლიდან დაბრუნებულ ნაომარ დავითს ჯაჭვის პერანგის სარტყელი რომ შეუხსნია, მტკნარი შეყინული სისხლი გადმოღვრია, რომელიც იყო მტრის სისხლი, დავითის ხმლით „უკუმომდინარე“. ამ ბრძოლაში დავითისათვის სამი ცხენი მოუკლავთ და მეოთხეთი გაუმარჯვია.
ქართველებისათვის ხმლით ბრძოლა მთავარი იყო. ამბობდნენ, „ხმალი ქართველს დაბადებიდან ებედებაო“. ქართველი კაცი და ხმალი ისე შეერწყნენ ერთმანეთს, რომ ჩვენს ყოფაში მან საპატიო ადგილი დაიკავა. იგი ქართული ჩოხა–ახალუხის და ოჯახის სამკაულია. ჭაბუკს, მხედართმთავარს და მეფეს ხმალს შემოაკრავდნენ. ნეფე–პატარძალს გადაჯვარიდინებულ ხმლებში გაატარებდნენ და სხვა. ხმლით ჩვენმა ხალხმა იმდენი იბრძოლა, რომ ამბობდნენ, „ხმალივით მართალი კაციაო“. ქართველისათვის ხმლით ბრძოლა იყო მთავარი. „ქართველო, ხელი ხმალს იკარ, დრო დაგიდა სანატრელი–„ო. და სხვა. ასეთი ურთიერთობის გამო ხმალმა ქართველების ცხოვრებაში საპატიო ადგილი დაისაკუთრა. მეფედ კურთხევის ცერემონიალში, ადრე ფეოდალურ ხანაში, მეფეს ხმალს ფეოდალური არისტოკრატია შემოარტყამდა, რაც დავითის მეფედ კურთხევისას, იმ აშლილობის ჟამს, არ შესრულებულა. დავითს „თვით მამამ (გიორგი III) დაადგა გვირგვინი მეფობისა“. დავითმა მეფის კურთხევის ძველი ტრადიცია აღადგინა და მნიშვნელვანი სიახლეც შეიტანა. თავის ვაჟს დემეტრე I – ს „დაადგა გვირგვინი, თვით მისთა ხელითა“ და თვითონ „შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი“. ამით დავითმა სამეფო სიძლიერეს გაუსვა ხაზი. დემეტრე I–სათვის ხმლის შემოკვრის ცერემონილია ასახული სოფ. ლატალის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკაზე, რომელსაც ახლავს შემდეგი წარწერა „ხმალს აბამენ დემეტრესა დავითისასაო“. აღმაშენებელი თავის ანდერძში დასძენს, რომ დემეტრე I-ს „მივეც დროშა ჩემი სვანი“. დავითის დროშას ეწოდებოდა „დროშა სვანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი“. სწორედ დავითის დროშით და ხმლით გალაღდა საქართველო. ანდერძში აღნიშნულია, რომ დავითს დემეტრე I-სათვის გადაუცია აბჯარი სამეფონი და საჭურჭლენი, თვითონ ზემონი და ქვემონი, რაც ჩვენი თემისათვის მნიშვნელოვანია.
დავით აღმაშენებლის, როგორც ომის ღმერთის სახელი, იქამდე აღწევდა, რომ იტალიის ქ. ფერარაში და გერმანიის ქ. ზილინეეში დამზადებულ ფერარას ხმლებს, რომელსაც ჩვენში დავითფერულს უწოდებენ, მეცნიერები (ბ. აბაშიძე და რ. ბურჭულაძე) დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირებენ.
საჭურვლის კარგ ხმარებასთან ერთად დავითი ზრუნავდა ქართული ჯარის საგანგებოდ გაწვრთნისათვის, რისთვისაც ვაჟკაცებს საგანგებოდ ახალისებდა, „მხნეთა ქებითა და ნიჭითა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხვითა ძაგებითა“. დავით IV–ს ჯარში „ყოველი უწესობა“ მოსპობილი იყო, ლაშქართა შინა მისთა“.
საქართველოს აღორძინებისათვის დავითს, მისგან დავალებულმა ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა. აღმაშენებლის საქმის უკვდავსაყოფად ერთმა დარბაისელმა გლეხმა ესეთი სადღეგრძელო წარმოსთქვა: „დავით აღმაშენებლის თამადობით, ვინც ქართულ საძირკველს ერთი აგურიც კი მიუმატა, ყველას გაუმარჯოსო“, მართლაც და, დალოცვილი იყოს დავითის ღვაწლი და ყველა მისი მიმდევარი.



სტატიის ავტორი – კოტე ჩოლოყაშვილი;

სტატია აღებულია ჟურნალიდან – ჯვარი ვაზისა, 1989წ.

მასალა ადაპტირებულია მარიტა გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014