დავით-გარეჯის ეტიმოლოგია
ისტორიოგრაფიული მიმოხილვა

ასურელ მამათა მონასტრების ეტიმოლოგიური კვლევის ფარგლებში ამჯერად შევეხებით სახელგანთქმული სამონასტრო კომპლექსის _ დავით-გარეჯის სახელწოდებას. ეს საკითხი მით უფრო მიმზიდველია, რამდენადაც მის თაობაზე მკვლევარ-მეცნიერთა მიერ მრავალი, მათ შორის სრულიად განსხვავებული და ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებია გამოთქმული. წინამდებარე ნაშრომში პირველადაა თავმოყრილი ყველა ამგვარი მოსაზრება, რომელიც კი ჩვენს მიერ იქნა მოკვლეული. ისინი წარმოდგენილია კრიტიკული განხილვის სახით. ამასთანავე შესაბამისი წყაროების ანალიზის ფონზე თითოეულ საკითხთან დაკავშირებით შევეცდებით საკუთარი თვალთხედვის ჩამოყალიბებასაც საბოლოო დასკვნასთან ერთად.
საგულისხმოა, რომ დავით-გარეჯის შემთხვევაში სხვა მხრივაც გამორჩეულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მისი სახელწოდების წარმოშობის შესახებ პირდაპირი მითითება მოიპოვება თვით ჰაგიოგრაფიულ ძეგლში. ესაა დავით გარეჯელის ცხოვრების ძველი რედაქცია, რომელშიც ნათქვამია: `ხოლო ესე წმიდაÁ მამაÁ ჩუენი დავით წარვიდა ადგილთა უდაბნოთა და ურწყულთა სჯად თავისა თÂსისა, რაÁთა წუთ ერთითა ჭირითა მოიპოოს საუკუნოÁ იგი და წარუვალი შუებაÁ და განსუენებაÁ, ამისთÂსცა აღირჩია აქა სჯაÁ გარეგან (გარე) უდაბნოთა შინა. ამისთÂს ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯაÁ~.
ჰაგიოგრაფის ეს უწყება დიდი ხნის განმავლობაში, საფიქრებელია, განიხილებოდა როგორც ამომწურავი და ყველა კითხვაზე პასუხის გამცემი მონაცემი იმდენად, რომ ამის თაობაზე რაიმე დამატებითი განმარტებანი ზედმეტადაც კი იქნა მიჩნეული. შეიძლება ამით აიხსნას ის გარემოება, რომ პირველი ვინც აღნიშნულ საკითხს შეეხო, იყო პ. იოსელიანი. 1843 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ თავის ნაშრომში _ `საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია~, მამა დავითის შესახებ აღნიშნავს, რომ იგი იყო დამაარსებელი გარეჯის უდაბნოსი, რომელმაც სახელი მის გმირობათაგან შეიძინა. შენიშვნის სახით კი, ჩანს არაქართულენოვანი მკითხველისათვის იქვე (სქოლიოში) განმარტავს: `გარესჯა~ განმარტოებით საგრობას ნიშნავსო (уединенно подвизаться).
პირველ განსხვავებულ განმარტებასაც ამავე ავტორთან ვხვდებით მის მოგვიანებით გამოცემულ ნარკვევში, სადაც დასაწყისში იძლევა თითქმის ტრადიციულ განმარტებას: `ქართული სახელწოდება გარეჯი აღნიშნავს განმარტოებულ ადგილს (уединенное место), მოშორებით საგრობას (дальше подвизаться)~, შემდეგ დასძენს: `მაგრამ ყველაზე ნამდვილ ახსნას გარეჯის სახელწოდებისა, ჩვენ ვხედავთ სიტყვაში `კარეჯ~ (`Каредж~) ანუ `კარეჯი~, როგორც კუნძულის სახელწოდება სპარსეთის ყურეში, რომელიც აღნიშნავს `გარეთ~ ე.ი. ყველაზე გარე კუნძულს. ჩვენი ქართული ადგილი გარეჯისა მართლაც თავისი მდებარეობით საქართველოს მიმართ არის გარე, განცალკევებული საქართველოს ცენტრიდან და დაუსახლებელი~ (თარგმანი ჩვენია - დ. მ.).
ეს განმარტება სიტყვასიტყვით გაიმეორა მ. საბინინმა, მის მიერ 1871 წელს ასევე რუსულ ენაზე შედგენილ ქართველ წმინდანთა ცხოვრებათა აღწერილობის კრებულში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრება მ. საბინინს აღარ გაუმეორებია 1882 წელს გამოცემულ `საქართველოს სამოთხეში~. აქ იგი მთლიანად ტრადიციულ წარმოდგენას უბრუნდება: `გარესჯა, სიტყუა ესე საკუთრებით არა არს სახელოან, არამედ ნიშნავს გარეთ ყოფნასა, უდაბნოთ ცხოვრებასა, სოფლითგან მოშორებულსა~.
`გარეჯა~ განმარტოებული ადგილის (уединенное место) მნიშვნელობით ბოლოს წარმოადგინა კირიონ ეპისკოპოსმა დავით გარეჯელისა და მისი ლავრისადმი მიძღვნილ ნაშრომში, ამავე დროს მიუთითა იქ მრავალი გამოქვაბულების არსებობის შესახებაც. ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ `გარეჯის~ მიმართ ცხოველი მეცნიერული ინტერესი ქართულ ისტორიოგრაფიაში XX სუკუნის 50-იანი წლების შუახანებიდან შეინიშნება, როცა დაახლოებით ათიოდე წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი ურთიერთ საპირისპირო თეორია იქნა შემოთავაზებული. მათგან პირველი იყო ილ. აბულაძე, რომელმაც 1955 წელს `ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები~ გამოაქვეყნა. გამოცემის წინასიტყვაობაში `ცხოვრების~ რედაქციების ურთიერთმიმართების კვლევისას, მის თვალსაწიერის არეში გარეჯის ეტიმოლგიის საკითხიც მოჰყვა. მეცნიერმა ყურადღება მიაქცია გარეჯის მოხსენიებას `იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში~. `ცხოვრების~ ერთი ძველ რედაქცია გვაუწყებს: წმ. იოანემ აკურთხა თავისი მოწაფენი `და წარავლინნა რომელნიმე მათგანნი კახეთად და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით, და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა~. მაშინ როცა უფრო მოკლე რედაქცია ამის თაობაზე გადმოგვცემს: `და წარავლინნა მათგანნი რომელნიმე კახეთით და რომელნიმე კუხეთით და სხუანი ზენა სოფლით, ხოლო ნეტარი დავით გარესჯისა უდაბნოსა, და სხუანი გარემო ქალაქსა ჩუენსა~. `მოკლე წიგნში _ წერს ილ. აბულაძე _ `გარეშეთა~ კი, ჯერ ერთი, `გარეჯის უდაბნოდ~ არის შეცვლილი, და მერმე ისიც არის დართული, რომ აქ დავითი გაიგზავნაო.~ აქედან კი ასკვნის, რომ `აქ სიტყვები `გარეშეთა~ თუ ~გარეშეთი~ და `გარესჯა~ ერთიმეორეს ენაცვლება, ხოლო იქ წარგზავნილი დავითი მოკლე წიგნის მიერ არის დამატებულიო~. სახელწოდებათა ამგვარი მონაცვლეობის მანიშნებლად ხაზს უსვამს `გარესჯა~-ს `გარშტე~-დ მოხსენიებას XIII საუკუნის მიწურულის სომეხ ისტორიკოსთან _ სტეფანოს ორბელიანთან. წმ. იოანეს `ცხოვრების~ სხვადასხვა რედაქციებში დაფიქსირებულ ადგილის სახელწოდებათა ურთიერთმიმართების შესახებ კი საბოლოოდ ასეთ ვარაუდს გამოთქვამს: `გარეშეთა~ თუ `გარეშეთი~ შეიძლება ამ ადგილს (გარესჯას) იმიტომაც რქმეოდა, რომ ქართლ-კახეთისათვის ის ზენა სოფლის მსგავსად გარეშე-ს // გარეშენ-ს წარმოადგენდა~ და მიგვანიშნებს შემდეგ მსგავს შეპირისპირებაზე: `შიგნი კახეთი~ _ `გარე კახეთი~.
ლ. მელიქსეთ-ბეგმა გადაწყვიტა, რომ `გარესჯის~ ნამდვილი შინაარსი ჯერ კიდევ არ იყო მიგნებული. ამიტომ `საქართველოს სამოთხეში~ მოთავსებულ მ. საბინინის შესაბამის განმარტებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ `ტერმინი `გარესჯა~ სრულიად უმართებულოდ დაუახლოვდა ისეთ გაგებას, როგორიც არიან ასკეტიზმის სხვადასხვა სახის გამომხატველი ტერმინები: `დაყუდება~, `მეუდაბნოება~, `მარტომყოფლობა~ და ა. შ. მას უფრო დამაჯერებლად ეჩვენა, რომ `სახელზმნა `გარესჯა~, ხოლო აქედან მამა-დავითის ზედწოდებაც `გარესჯელი~, ანუ `გარეჯელი~ და გეოგრაფიული სახელი `საგარეჯ~-ო, უნდა განმარტებულ იქნას არა ასკეტიზმის ინსტიტუტის საზომით, არამედ _ როგორც ფილოსოფიური ტერმინი `გარეითი მაფიქრებლობის~, `გარეშე სიბრძნის~, `ზე მსჯელობის~ გაგებით, რომელსაც ანალოგიური სომხური მასალებიც უჭერენ მხარს.~. ამის მოწმობად კი მოჰყავს ის გარემოება, რომ ძველი სომხური მწერლობის ერთ-ერთი, მეცნიერებასთან დაკავშირებული დარგი (`ნურბ~) შეიცავდა `გარეით წიგნებს~, `როგორც ფილოსოფიური აზროვნების პროდუქციას.~ `და სწორედ `გარეითი აზროვნების~ შინაარსის შემცველია ტერმინი `გარე-სჯა~ რომლის შესაბამისად ძველ სომხურში, კერძოდ `დაბადების~ ძველ თარგმანებში... იხმარება `გირქ არტაქინქ~, `არტაქინ გრეანქ~... ავტორი უფრო შორსაც მიდის და `გარესჯას~ სომხური `ჭემელის~ (პერიპატეტიკოსის ანუ ლÂკეელის მნიშვნელობით) საშუალებით არისტოტელიზმსაც უკავშირებს (აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელის მოწაფეთა სახელებიც კი _ დოდო და ლუკიანე _ `არისტოტელიზმთან დაკავშირებული მცნებების პერსონიფიკაციად~ მიიჩნია).
ნაშრომში, `დავით გარეჯის სალიტერატურო სკოლა~, მ. ქავთარია, არ ცდილობს `გარეჯის~ ეტიმოლოგიის დაზუსტებას და მონასტრის სახელწოდებასთან დაკავშირებით მხოლოდ ძალზე ზოგადად მიუთითებს, რომ მას `მისი პირველი მკვიდრის სახელისაგან შეერქვა შემდეგში დავით გარეჯა~.
ბ. ლომინაძეს მართებულად არ მიაჩნია ჰაგიოგრაფის მიერ ტოპონიმ გარეჯის წარმოშობის დაკავშირება დავითის ამ მხარეში მოღვაწეობასთან და, შესაბამისად. მისი ორი სიტყვის, `გარე~ და `სჯა~ გაერთიანებად დასახვა, რადგანაც, მისი აზრით, `გარეჯი~ ისეთივე წარმოების ტოპონიმური სახელია, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს რიგი სახელები: ბერდუჯი, ხორნაბუჯი, ბოდოჯი, თოლეჯი, ეთნონიმური სახელი სოჯი//სუჯი~, სადაც `ჯი~ სხვა არაფერია, თუ არა `ტოპო-ეთნონიმიურ სუფიქსი~. ამიტომ `გარეჯის~, როგორც დამოუკიდებელი ტოპონიმის, უძველესი დროიდან არსებობაში მყარად არის დარწმუნებული.
აღნიშნული თვალსაზრისი უყოყმანოდ იქნა გაზიარებული გარე კახეთის ისტორიული გეოგრაფიისადმი მიძღვნილ ერთ ნაშრომში. აქ ავტორთა ჯგუფის (თ. თოდრია, ა. თოდრია, მ. ფუტკარაძე) მიერ უარყოფილია რა ჰაგიოგრაფიული მონაცემი მონაზვნური `გარე-სჯის~ (რაც მათ ესმით, როგორც `განმარტოებით მსჯელობა, მარტვილობით მოღვაწეობა~) შესახებ, ბ. ლომინაძის ზემომოყვანილი გამონათქვამის დამოწმებითა და მასზე დაყრდნობით თამამად ასკვნიან: `მაშასადამე, დღევანდელი გარე კახეთის ჩრდილო ნაწილი, ივრის მარცხენა მხარე, ძველად სუჯეთად იწოდებოდა, ხოლო სამხრეთი ნაწილი, ივრის მარჯვენა მხარე _ გარეჯად~.
გარეჯად ეს მხარე, ავტორთა მიხედვით, VI სუკუნემდე, ანუ დავით გარეჯელის აქ დამკვიდრებამდე იწოდებოდა და გარეჯის ქვეყანას წარმოადგენდა. სუჯეთ-გარეჯის წყვილი კი მათთვის ტოპონიმთა მსგავს წარმომავლობას ააშკარავებს, `რაც მიუთითებს ამ ქვეყანაში მოსახლე ტომების ეთნიკურ ერთობაზე~. შემდგომი დასკვნის თანახმად, ალბათ, სწორედ ამ ეთნიკური ჯგუფის სამოსახლოს წარმოადგენდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მდ. ივრის მარჯვენა მხარეს მიკვლეული ძვ. წ. II ათასწლეულის II ნეხევრისა და ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრით დათარიღებული დიდი გორა-ნამოსახლარები. `გარესჯა~/`გარეჯის~ ეტიმოლოგიის საკითხმა სამეცნიერო კამათის სახე მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, როცა რ. სირაძე საყვედურობდა რა ლ. მელიქსეთ-ბეგს დავით ანჰაღთის დავით გარეჯელთან გაიგივების გამო, გააკრიტიკა ამ უკანასკნელის მიერ გამოთქმული დებულება `გარესჯელ~-`საგარეჯოს~ ფილოსოფიურ ტერმინად _ `გარეითი მაფიქრებლობის~, `გარეშე სიბრძნის~, `ზე მსჯელობის~ გაგების თაობაზე. აქვე მან ხაზი გაუსვა `გარეშე სიბრძნის~ განსხვავებულ შინაარსსა და `გარეჯის~ მნიშვნელობის დასადგენად ყველაზე სანდო წყაროდ დავით გარეჯელის ჰაგიოგრაფის შესაბამისი მონაცემები მიიჩნია. `სჯად თავისა თÂსისა~, `გარე ისჯებოდიან ხორცითა~, _ მარტო ეს შესიტყვებანი (კონტექსტზე რომ არაფერი ვთქვათ) უკვე ნათელყოფს, რომ `სჯა~ მსჯელობას (განსჯას) კი არ ნიშნავს, არამედ `დასჯას~ (თვითდასჯას, ბერულ თვითგვემას)~; _ ასე განმარტავს სათანადო ჰაგიოგრაფიულ მონაცემებს რ. სირაძე. ხოლო `სჯა გარეგან უდაბნოთა შინა~ მას მიანიშნებს, `რომ `სჯა~ ხდება `გარეთ~, უდაბნოში (უდაბურ, დაუსახლებელ ადგილას), მარტომყოფლობაში~. აქედან გამომდინარე კი გამორიცხავს `გარესჯისა~ და `გარეშე სიბრძნის~ ურთიერთკავშირის შესაძლებლობას, `მეტადრე, რომ ის ანჰაღთის ფილოსოფიის თავისებურების მიხედვით შერქმეული გეოგრაფიული სახელი იყოს~.
რ. სირაძე მოგვიანებით საგანგებოდ მიუბრუნდა `გარეჯის~ ეტიმოლოგიას. სახელწოდების შემადგენელ პირველ ნაწილს (`გარე~) იგი ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, თავისებურ ჭრილში განიხილავს: ვინაიდან `ქართლად~ იწოდებოდა წმ. ნინოს მიერ გაქრისტიანებული მხარეები, `ქართლია იქ, სადაც ქრისტიანობაა~ (ამ წარმოდგენის გამომხატველად მიიჩნევს ცნობილ თეზისს: `ქართლად ფრიადი ქუეყანაÁ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაÁ ყოველი აღესრულების~). გარეჯის უდაბნო `გარე~ რეგიონს წარმოადგენდა მხოლოდ ამგვარად გაგებული `ქართლის~, ანუ `ქრისტიანობის ძირითადი ცენტრების _ ქართლისა და კახეთის~ მიმართ. ამრიგად, ეს მხარე მოაზრებულ იქნა `გარე სივრცედ~ `ქრისტიანული ქართლის შიდა სივრცის~ საპირისპიროდ.
ავტორის დასკვნით, `კომპოზიტი `გარე-სჯა~ სულ თავდაპირველად ადგილის სახელდებად, ე.ი. ტოპონიმად კი არ წარმოქმნილა, არამედ სამონაზვნო ქმედების, მონაზვნის მიერ ტანჯვისა და შეჭირვების აღსანიშნავად~. რადგან ფრაზაში _ `სჯად თავისა თÂსისა~ _ `სჯა~-ს ლექსიკოგრაფიულ განმარტებათაგან მიესადაგება მხოლოდ `დასჯა~ და `წურთა~, რაც გულისხმობს დავითის მიერ აქ ასატან `ჭირს~ (`რაÁთა წუთ ერთითა ჭირითა მოიპოოს საუკუნოÁ იგი... შუებაÁ~). ხოლო ანტონ კათალიკოსის `მარტირიკაში~ და გარეჯელ მოწამეთა ქებაში ადგილის სახელწოდების `გარეჰსჯა~-დ დაფიქსირება ავტორთა თვალში `სჯა~-ს ზმნურ წარმომავლობას მიუთითებს. `სჯას~ იგივე (განსაცდელის) მნიშვნელობით გამოყენების მაგალითად მოჰყავს ასევე ფრაზა `თამარიანიდან~: `ლხინად ვლი სჯასაო~. `გარესჯას~ `გარეჯით~ ჩანაცვლებასა და ტოპონიმ `საგარეჯოს~ გაჩენას კი სახელწოდებაში ეკლესიოლოგიური შინაარსის დაკარგვით ხსნის.
მეცნიერი ამავე დროს ერთმანეთისაგან განასხვავებს `სჯა~ ფუძიდან ნაწარმოებ `ფორმით ურთიერთმსგავს ორ სხვადასხვა ზმნას~: `დასჯას~, რომელიც `გულისხმობს ტანჯვას, ამისდაკვალად, სამონაზვნო ჭირთათმენას~ და `განსჯას~, როგორც `მსჯელობის~ გამომხატველს. ამ განსხვავების დასტურად აღნიშნულია, რომ თუ ს-შ ბგერათმონაცვლეობა ორივე შემთხვევაშია შესაძლებელი, `გამორიცხულია რ-ს გაჩენა პირველი მნიშვნელობით სიტყვის ხმარებისას~, განსხვავებით მეორე გააზრებისაგან. `გარე-სჯა~ არ გულისხმობს `გარე-განსჯას~, `გარე-მსჯელობას... მეტადრე, `გარესჯის~ მონასტერი არ შეიძლება მივიჩნიოთ `გარეშე სიბრძნის~ ასპარეზად~, _ აღნიშნულია ბოლოს ლ. მელიქსეთ-ბეგის საპასუხოდ.
დავით გარეჯელის ცხოვრებაში `გარესჯის~ მოცემულ განმარტებას მ. ჩხარტიშვილი ხსნის როგორც `ადგილს გარე თვითგვემისათვის~. მაგრამ ამ `გარე~-ში მან დაუსახლებელი ადგილის გარდა დაინახა `ქართულ ჰაგიოგრაფიაში არაერთხელ დაფიქსირებული `გარესკნელი~. ამ უკანასკნელის შინაარსს კი ასე წარმოგვიდგენს: `იგი სატანის სამყოფელია და აკრავს საქრისტიანოს. ვინაიდან სატანის ჟამის შესამცირებლად აუცილებელია მისი შევიწროება სივრცეში, ქრისტიან მოღვაწეთა საზრუნავს შეადგენს საქრისტიანოს საზღვრების გაფართოება გარესკნელის ხარჯზე, რასაც ახერხებს წმ. დავითი. იგი მკვიდრდება გარესკნელში, დევნის იქიდან სატანას და ხდება უდაბნოს ქალაქმყოფელი.~.
ძველ პუბლიკაციებზე დაყრდნობით, `გარეჯა~ განმარტოებული ადგილის მნიშვნელობითაა წარმოდგენილი ო. შვედოვთან წმ. დავითისა და მისი ლავრისადმი მიძღვნილ გამოცემაში. თუმცა უდაბნოს მეორე სახელწოდებად, სადაც მამა დავითი ლუკიანესთან ერთად მკვიდრდება, იგი მკითხველს უსახელებს `გარე კახეთს~.

`გარეჯი~ და `სოჯი~-`სუჯეთი~

როგორც ლიტერატურის განხილვა მოწმობს, `გარეჯის~ ჰაგიოგრაფიულ ახსნას მეცნიერთაგან ბევრი ეჭვის თვალით უმზერს. სანამ უშუალოდ წყაროსმიერ განმარტებას შევეხებოდეთ, მანამდე თითოეული შემოთავაზებული ვერსიის ანალიზისკენ მივაპყრობთ მკითხველის ყურადღებას.
დავიწყოთ იმ თვალსაზრისიდან, რომელიც სრულიად გამორიცხავს ჩვენთვის საინტერესო სახელწოდების რაიმე კავშირს სიტყვებთან: `გარე~ და `სჯა~ (როგორც ერთთან, ისე მეორესთან). ამ მოსაზრების თანახმად, `გარეჯი~ უძველესი ტოპონიმია და ამ სახელის მქონე ქვეყანაც უძველესი დროიდან არსებობდა ამ მხარეში, სადაც ეთნიკურად ერთი წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ. საამისოდ მოხმობილია ის არგუმენტი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მრავლადაა მსგავსი წარმოების ტოპონიმიკა. მათ შორის გამორჩეული ადგილი კი უჭირავს `გარეჯი~-ისა და `სოჯი~//`სუჯი~//`სუჯეთი~-ს ანალოგიას. `სოჯი~//`სუჯი~ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. იორის შუაწელის მიდამოებში მაცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფის, ხალხის სახელია. ამიტომეთნიკურ სახელდებაში დაფიქსირებული `ჯი~ ვერაფრით ვერ იქნება `ტოპო-ეთნიკური სუფიქსი~. უკიდურეს შემთხვევაში ის შეიძლებოდა მხოლოდ ეთნიკურ სუფიქსად გვეგულვა (თუმცა ამასაც სათანადო დასაბუთება დასჭირდებოდა). `სუჯი~/`სოჯი~-დან ნაწარმოები ქვეყნის სახელწოდება კი `სუჯეთი~//`სოჯეთი~-ა. ამ შემთხვევაში ტოპონიმური ბოლოსართი ქართულ სინამდვილეში საყოველთაოდ გავრცელებული `ეთ~ არის და არა `ჯი~. რა ერქვა ძვ. წ. II-I ათასწლეულში `გარეჯის ქვეყანაში~ მოსახლე ეთნიკურ ერთობას, ამ მოსაზრებას ავტორები არ აზუსტებენ. თუმცა, როგორც `გარეჯის~ `სოჯი~-`სუჯეთ~-თან მოყვანილი ანალოგიიდან მომდინარეობს, ამ ხალხს `გარეჯები~ უნდა ჰრქმეოდა. ამასთან, ამავე ანალოგიიდან გამომდინარე, ამ `გარეჯების~ სამკვიდრო ქვეყანას `გარეჯეთი~ (და არა `გარეჯა~) უნდა წოდებოდა. ამ ფორმის სახელწოდებებს კი ისტორიული წყაროები არ იცნობს.
ცნობილია `გარეჯი~-დან ნაწარმოები სხვა ტოპონიმი _ `საგარეჯო~ (`სა-ო~ თავსართ-ბოლოსართით), რომელიც თეორიულად შეიძლებოდა ქვეყნის სახელწოდებადაც გამოყენებულიყო (შდრ. ქართველი-საქართველო, მაჩაბელი-სამაჩაბლო და ა.შ.). მაგრამ იგი განვითარებულ ფეოდალურ ხანაში შექმნილი საეკლესიო მიწისმფლობელობაზე დამყარებული სპეციფიკური ტერმინია, რომელიც კიდევ უფრო გვიან დასახლებული პუნქტის სახელწოდებად აღინიშნა კახეთში. ყოველივე ნათლად მეტყველებს `სუჯეთისა~ და `გარეჯის~ `მსგავსი წარმომავლობის~ მტკიცების მიზანშეუწონლობაზე.
ამდენად, `სუჯი~ და `სუჯეთი~ `გარეჯის~ სახელის მქონე ხალხისა თუ ქვეყნის არსებობის დასტურად არ გამოდგება.
ტოპონიმებში საერთო ასოსა თუ მარცვლის არსებობა საკმარისი არ არის ისინი საერთო წარმომავლობისად დავსახოთ. `ჯი~-თ დაბოლოებულ სხვა ტოპონიმებიდან ზოგი საერთოდ არაქართული წარმოშობისაა (ბერდუჯი, ხორნაბუჯი). სხვების სემანტიკა კი ჯერ კიდევ დასადგენია (ბოდოჯი, თოლეჯი). გარდა ამისა, სახელწოდების უძველესობის მტკიცებისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც: გარეჯის მრავალმთაში დავით გარეჯელის დამკვიდრების დროისათვის ეს მხარე უკვე საუკუნეების განმავლობაში გაუდაბურებული იყო _ ადამიანებს იგი კლიმატის ცვლილების შედეგად გაუწყლოების გამო ათასი წლის წინ მიეტოვებინათ ამ აზრით, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ ქვეყანაც არ არსებობდა). ხოლო აქაურობის სახელწოდება `გარესჯა~ ფორმით წყაროებში მხოლოდ წმ. დავითის მობრძანებიდან ფიქსირდება. გარეჯისა და მისგან ნაწარმოები სახელებითაც მხოლოდ სამონასტრო კომპლექსი და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაა ცნობილი. ასეთი სახელწოდების ხალხისა თუ ქვეყნის სახელი არც ერთ წყაროში მინიშნებულიც კი არაა, განსხვავებით ადრე შუასაუკუნეებში მეტ-ნაკლებად ცნობილ სუჯებისა და სუჯეთისაგან. ამიტომ `გარეჯის ქვეყნის~ ამ გაგებით გამოყენება (იგი აღნიშნულ სტატიის სათაურშიც კია დაფიქსირებული) მხოლოდ ხელოვნუ-რად შექმნილი ტერმინის შემოტანის მცდელობაა საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიაში და მისი მომდინარეობა ისტორიული სინამდვილიდან არ ჩანს.

`გარეჯი~ და `გარეშეთი~

მკვლევართა უმეტესობა `გარეჯის~ მნიშვნელობის ახსნას, როგორც ვნახეთ, საკუთრივ სახელწოდების შინაარსიდან გამომდინარე შეეცადა. თუმცა ერთგვაროვანი დასკვნები არც აქ მიღებულა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა სახელის პირველ ნაწილზე _ `გარე~. შეიძლება იმიტომაც, რომ ეს სიტყვა ქართული ენის ნიადაგზე ადვილად ასახსნელია და საუკუნეთა განმავლობაშიც მისი დატვირთვა თითქმის არ შეცვლილა. `იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში~ მოკლე რედაქციის `გარესჯის უდაბნო~ უფრო ვრცელი წიგნში რომ `გარეშეთად~ არის წარმოდგენილი, ილ. აბულაძემ სწორად შენიშნა. ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა. სანამ ეს ახალი და უცნაური სახელი რაიმე საინტერესოს მიგვანიშნებდეს, უნდა განვსაზღვროთ, რომელია მისი სწორი ფორმა: `გარეშეთა~ თუ `გარეშეთი~? ილ. აბულაძე ამ საკითხს არ აზუსტებს. ჩანს, მას ორივე ვარიანტი მეტ-ნაკლებად თანაბრად დასაშვებად მიაჩნია.
მოვიხმოთ შესაბამისი ადგილი ტექსტიდან: `და წარავლინნა რომელნიმე მათგანნი კახეთად და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით, და ერთი ვინმე გარეშეთად~. აქ `გარეშეთად~ ვითარებით ბრუნვაში არის მოცემული, ისევე
როგორც ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი დანარჩენი სიტყვები. ამიტომ თეორიულად ორივე ფორმა, მართლაც, დასაშვები იქნებოდა ზოგიერთი გარემოების გათვალისწინების გარეშე.
საგულისხმოა, რომ ჩვენთვის საინტერესო სახელი აღმოსავლეთ საქართველოს ქვეყნების რიგშია წარმოდგენილი: კახეთი, კუხეთი, ზენა სოფელი. მაშასადამე, უფრო მოსალოდნელია, ისიც მხარის დასახელება იყოს. რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი შემადგენელი `ეთ~ ნაწილი სწორედ ისეთივე ტოპონიმური ბოლოსართი იყოს, როგორც ეს კახეთ-კუხეთის შემთხვევაშია. ამ დროს `ა~ ვითარებითი ბრუნვის (`ად~) ნიშნისმიერია და არა ფუძისმიერი. აქედან გამომდინარე უფრო მართებული ფორმა (სახელობით ბუნვაში) უნდა იყოს `გარეშეთი~ და არა `გარეშეთა~ (იქვე, ტექსტში იგივე პოზიციაში გვაქვს `კახეთად~, `კუხე-თად~).
`იოანე ზედაზნელის ცხოვრების~ რედაქციებში `გარეშეთის~ `გარესჯად~ ჩანაცვლება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამის დასაბუთებისათვის რაიმე გარეშე მაგალითის მოხმობაც ზედმეტია. თუმცა ილ. აბულაძე ამის დასტურად სომეხ ისტორიკოსთან, სტეფანოს ორბელიანთან გარესჯის `გარშტე~-დ მოხსენიებას უთითებს: ორ სომხურ მონასტერს შორის სადავო საკითხის გასარჩევად დვინში მოწვეულთა შორის დასახელებულია `დიდი მამათმთავარი გარეშტეთა~. `დიდი მამათმთავარი გარესჯისა~ _ ამგვარად თარგმნის წყაროდან ამ პიროვნების ვინაობას ივ. ჯავახიშვილიც, თუმცა იქვე კითხვის ნიშნით ასეთი გაგების პირობითობასაც მიანიშნებს.
შესაძლებელია, მოსაზრება გარშტე-გარესჯის აღნიშნული შესაბამისობის შესახებ გამართლებასაც პოულობდეს. მაგრამ სომხურ `გარშტე~-ში მართლაც რომ გარეჯი იგულისხმებოდეს, ეს ქართული სახელწოდების სხვა ენაზე გადატანისას, ენობრივი მიზეზებითა თუ სხვა რაიმე უზუსტობით გამოწვეული დამახინჯება იქნებოდა. საეჭვოა, `გარშტე~-ს რაიმე შინაარსობრივი კავშირი გააჩნდეს ზემოაღნიშნულ `გარეშეთთან~. ამდენად, ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში მისი `გარეშეთის~ `გარესჯად~ ჩანაცვლების არგუმენტად გამოყენება არაფრის მომცემია. ამას გარდა, საკითხის შესწავლამ გვიჩვენა, რომ გარეშეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მხარე, კერძოდ კამბეჩოვანი უნდა ყოფილიყო, რომლითაც კახეთ-კუხეთთან და ზენა სოფელთან ერთიანობაში ასურელ მამათა სამოღვაწეო არეალი განისაზღვრებოდა. სხვა რედაქციაში მისი `გარესჯის უდაბნოდ~ ჩანაცვლება კი რედაქტორისათვის `გარეშეთის~ მნიშვნელობის გაუგებრობამ და ამის გამო მის გარესჯის დამახინჯებულ ფორმად აღქმამ გამოიწვია.

`გარეჯი~ და `გარესკნელი~

`გარეჯსა~ და `გარესკნელს~ შორის პარალელი საინტერესოდ კი გამოიყურება, მაგრამ მათი შინაარსობრივი გაიგივება მაინცდამაინც ზუსტი არ არის. პირველ რიგში დავაზუსტოთ, რა მნიშვნელობით გამოიყენება `გარესკნელი~ ქართულ ჰაფიოგრაფიაში. ასურელ მამათა ჰაგიოგრაფიული ციკლიდან ამ სიტყვას ორჯერ ვხვდებით იოანე ზედაზნელის მოკლე `ცხოვრებაში~ წმ. იოანეს მიმართვისას ზედაზნის სავანეში მის დასაბრკოლებლად მოძალებულ უკეთური ძალებისა და მათი მთავრისადმი: 1. `ცანი და ქუეყანაÁ ღმრთისა ჩუენისა შექმნილნი არიან და მას დაუბადებიან განსასუენებლად ჩუენ მონათა მისთათÂხოლო თქუენთÂს განუმზადებია ბნელი გარესკნელი და ცეცხლი უშრეტი, რომელსა შინა დასჯად ხართ საუკუნოდ შენ და ყოველნი შემწენი შენნი და ყოველნი, რომელნი ნებასა შენსა ჰყვებიან~; 2. `და აწ ესერა ადამის ნაშობთა მიერ იდევნები ყოვლით კერძოვე და არა არს ადგილი შენი თÂნიერ ბნელისა მის გარესკნელისაÁ, რამეთუ თÂთ მოიძულე ნათელი და შეიყუარე ბნელი~.ეშმაკები ცდილობენ სულიერად დასცენ მამა იოანე და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულონ სავანის მიტოვება. შეგახსენებთ, რომ ზედაზნის მთაზე წარმართულ ხანაში აღმართულ ზადენის მრისხანე კერპთან ასევე მოქმედებდა წარმართული სამსხვერპლოც. ჰაგიოგრაფის ცნობით, ამის გამო `ეშმაკნი ფრიად დამკÂდრებულ იყუნეს და ჰმსახურებდეს კუამლითა ნაზორევთაÁთა~. ნიშანდობლივია, რომ ეს გარემოება ერთ-ერთი მიზეზთაგანი ყოფილა, რამაც ახალმობრძანებულ წმ. იოანეს ამ ადგილას დავანება გადააწყვეტინა. უდრეკი წმ. მამა, როცა აქედანაც დევნის ბოროტ ძალებს, ამ დროს მათ გარესკნელისკენ მიუთითებს, როგორც მათთვის საგანგებოდ განკუთვნილ ადგილსამყოფელისაკენ. `გარესკნელს~ აქ აზრობრივად უპირისპირდება ღმერთის მიერ შექმნილი `ცანი და ქუეყანაÁ~. ეს ნიშნავს, გარესკნელი `ამ ქუეყანის~ მიღმაა, მაგრამ არც იმქვეყნიურ სამყაროს არ მოიცავს სრულად, ვინაიდან `ცანი~ ეს ღვთის ანგელოზთა სასუფეველია, პირველქმნილი სულიერი სამყარო.
ამიტომ გარესკნელი საიქიოს მხოლოდ ნაწილია, რომელსაც იოანე ზედაზნელის ცხოვრების სხვა ძველ რედაქციაში `ბნელეთი~ შეესაბამება: `ადგილი თქუენი ბნელეთი არს, ილტვოდეთ მუნ~; `არა არს შენდა ადგილ გარეშე ბნელეთისა~. ამავე მნიშვნელობით ვხვდებით ამ სიტყვას სახარებაშიც: `ხოლო ძენი იგი სასუფევლისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაÁ კბილთა~ (მათე 8, 12); შეუკრენით მაგას Ãელნი და ფერÃნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაÁ კბილთაÁ~ (მათე 22,13). გარესკნელი, იგივე ბნელეთი ეს არის უთუოდ ჯოჯოხეთი, მისი თანმდევი მარადიული სასჯელის სიმბოლოთი _ `უშრეტი ცეცხლით~, რომელიც ღმერთს სატანისა მის მიმდევართათვის განუმზადებია სამუდამო სატანჯველად (ამიტომაა მისი ეპითეტი `ბნელი~). მაშასადამე, სატანა წმინდანის მიერ გარესკნელიდან კი არ იდევნება `საქრისტიანოს საზღვრების გასაფართოებლად~ ან `სატანის ჟამის შესამცირებლად~, არამედ ცისქვეშეთის ცალკეული ადგილებიდან იდევნება სწორედ გარესკნელში. ამის გათვალისწინებით, წმ. დავითის გარესკნელში დამკვიდრებად წარმოსახვას და საერთოდ, გარესკნელის, როგორც ჯოჯოხეთის აღმნიშვნელი ტერმინის `გარესჯასთან~ კავშირში განხილვას, ცხადია, ყოველგვარი აზრი ეკარგება.

`გარესჯა~ და `გარეშე სიბრძნე~ (`ზე მსჯელობა~)

როდესაც მკითხველს `გარესჯის~, `გარესჯელისა~ და `საგარეჯოს~ ამგვარი ფილოსოფიური ტერმინებით განმარტებას სთავაზობდა, ლ. მელიქსეთ-ბეგი იმ თვალსაზრისიდან ამოდიოდა, რომ დავით გარეჯელი და სომეხი მოღვაწე დავით უძლეველი (ანჰაღთი) ერთი და იგივე პიროვნება ყოფილა. ამ მოსაზრების უსაფუძვლობა ამ საკითხისადმი მიძღვნილ ნაშრომში დაწვრილებით წარმოვაჩინეთ და ამაზე აღარ დავყოვნდებით. დავით გარეჯელის, საქართველოს მონაზვნობის ისტორიაში ამ ერთ-ერთი უდიდესი მეუდაბნოე-ასკეტის მოღვაწეობაში ასკეზის უამრავ მკაფიო ნიშანზე საერთოდ თვალის დახუჭვა და დანარჩენ მამათაგან მისი ფილოსოფოსობით გამორჩევის უმწეო მცდელობაც მხოლოდ ავტორის ზემოდასახელებულ მიზანს ემსახურებოდა.
ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნება ქრისტიანული მსოფლხედვიდან გამომდინარე, მართლაც, იცნობდა `გარეშე სიბრძნის~ ცნებას, რომელსაც სხვანაირად ეწოდებოდა `სიბრძნე კაცთაÁ~, `სიბრძნე ამის სოფლისაÁ~. თვით სახელწოდებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი მოიაზრებოდა ამქვეყნიურ, ადამიანურ, ემპირიულ სიბრძნედ (ცოდნად) და ამით ერთგვარად იმიჯნებოდა ღვთაებრივ, ღვთივბოძებული სიბრძნისაგან (`სიბრძნე ღმრთისაÁ~, `ზეშთა სიბრძნე~). ამდენად, `გარეშე სიბრძნე~, როგორც საერო ცოდნა, ამ უმაღლესი ცოდნა-სიბრძნის გარეთ მდგარ, მის გარდა-გარეშედ არსებულად განიხილებოდა. ამ მნიშვნელობით `გარეშეს~ სინონიმად ძველ ქართულში გვერდით ედგა სიტყვა `თÂნიერ~.
ნათელია, `გარეჯა-გარესჯის~ შინაარსობრივი კავშირი `გარეშე სიბრძნესთან~, `გარეით აზროვნებასთან~ არ შეინიშნება. ძველი სომხური ლიტერატურიდან ლ. მელიქსეთ-ბეგის მოყვანილი მაგალითებიც მხოლოდ ამ `გარეითი აზროვნების~ სომხური შესატყვისია და მისი `გარე-სჯის~ ანალოგიად დასახელებაც არაფრის მომცემია. დავით გარეჯელის მოწაფეების, წმ. ლუკიანესა და წმ. დოდოს არისტოტელიზმთან დაკავშირებული მცნებების პერსონიფიკაციად წარმოჩენა კი, საერთოდ აბსურდულად გამოიყურება.

`გარეჯი~ და კუნძული `კარეჯი~

როგორც თავად აღნიშნავს შესაბამისი მოსაზრების (პ. იოსელიანი), ასეთი განმარტებისაკენ მას უბიძგა 1856 წლის გაზ. `Кавказ~-ში N. Pr. Z.- დან ნასესხებმა ცნობამ სპარსეთის ყურეში ზემოაღნიშნული კუნძულის დაკავების ინგლისში დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო ოპერაციის თაობაზ. როგორც თანამედროვე პოლიტიკური სიახლეების შემცველ ამ სტატიიდან ჩანს, დასახელებული მცირე ზომის კუნძული სპარსეთის ყურის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში, ირანის სანაპიროსთან, სანავსადგურო ქალაქ ბუშირის (//ბუშერი) სიახლოვეს უნდა მდებარეობდეს. მაგრამ ამ სახელის კუნძული ამ მიდამოებში არ აღმოჩნდა, ისევე როგორც მთელს ყურეში ხუთ სახელმწიფოს (ირანი, კუვეიტი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები) შორის განაწილებულ 50-ზე მეტი კუნძულთაგან. `თუმცა აღნიშნულ ალაგს შეინიშნება ირანის კუთვნილი ორი მცირე კუნძული, რომლებიც ერთმანეთისაგან ვიწრო სრუტით გამოიყოფა: Kharkuდა Kharg~ (იგივე Khark). დასახელებულ სტატიაში მართლაც საუბარია კიდევ ერთ, პირველის მეზობლად მდებარე კიდევ უფრო მცირე დაუსახლებელ კუნძულზე, სახელით `კუერი~. ამ კუნძულთა მდებარეობა ზუსტად შეესაბამება სტატიაში აღწერილ ორივე კუნძულის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას.
ამჯერად დაზუსტებას ითხოვს უშუალოდ სახელწოდებასთან დაკავშირებული ორიოდე საკითხი: 1. მართალია, სტატიაში მითითებულია, რომ ჩვენთვის საინტერესო პატარა კუნძულის სახელწოდება აღნიშნავს `გარეს~ (`вне~), ანუ ყველაზე განაპირა კუნძულს, მაგრამ ამგვარი დახასიათება უფრო შესაფერისი იქნებოდა მის ჩრდილოეთით მდებარე ზემოთ ნახსენებ მეორე პაწაწინა კუნძულისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ეხება იქვე აღნიშნული სიტყვები: `კუერი ყველაზე ჩრდილო კუნძულია სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ მხარეს~. სტატიაში კუნძულების სახელწოდება რამდენიმე განსხვავებული ვარიანტის სახით არის მოწოდებული. `კარეჯ~-ის (Каредж) პარალელურად მოწოდებულია კუნძულის შემდეგი სახელები: ხარეჯ, კარეკ და კარაკ, ისევე როგორც `კუერი ანუ ხუერი, კორგ, კორგო, გორგუ, კორგო, კულლე~. ნაჩვენებ ვარიანტებთან შედარება, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალიწინებით, საბოლოოდ ადასტურებს, რომ მსგავსი სახელწოდებებით _ Kharku და Kharg (სავარაუდო ჟღერადობით ხარკუ და ხარგ(კ) _ ჩვენს მიერ მონიშნული ერთმანეთის მიმდებარე კუნძულები აღინიშნება. სპარსეთის ყურეში რომც არსებულიყო კუნძული სახელწოდებით კარეჯი, ძნელი წარმოსადგენია, გარეჯის ეტიმოლოგიის დადგენაში მას რაიმე როლის შესრულება შესძლებოდა. ჯერ ერთი, ყურეში დიდი ოდენობის მცირე კუნძულები ისე გაფანტულადაა განლაგებული, საეჭვოა, რომელიმე მათგანს განზე (გარე) მდგომობით შეეძინა სახელწოდება. მეორეც: `გარე~ წმინდა ქართული წარმოშობის ლექსიკური ერთეულია, თავის კონკრეტული შინაარსობრივი დატვირთ-ვით. ამიტომ სპარსეთის ყურეში ირანულ და არაბულენოვან სამყაროში კუნძულის სახელწოდება ქართულ ნიადაგზე ახსნის მცდელობა იმთავითვე განწირულია.
მეტიც, კუნძულ კარეჯის არსებობის გარდა, ამ უკანასკნელის სახელის შემოთავაზებული ახსნაც რომ რამენაირად პოულობდეს გამართლებას, გარეჯის ეტიმოლოგიის დადგენაში ეს პარალელი მაინც არაფრის მომცემი იქნებოდა. `გარე~ ამის გარეშეც ქართულად გარეს აღნიშნავს.

`გარეჯი~ და `ქართლის~ ეკლესიოლოგიური გააზრება

ქართლი გარკვეული გაგებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მართლაც, გულისხმობდა როგორც საკუთრივ ქართლს, ასევე კახეთსაც. მაგრამ არა იმის გამო, რომ `ქართლია იქ, სადაც ქრისტიანობაა~. მაშინდელი კახეთი (ოღონდ დღევანდელი კახეთისაგან განსხვავებული საზღვრებით) ამ დროს ქართლის სახელმწიფოს, იგივე იბერიის უშუალო შემადგენელი ნაწილია და ამდენადაა ისიც ქართლი. ეს ასე იყო წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევამდეც. ფარნავაზის ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში კახეთი კუხეთთან ერთად ერთ-ერთ საერისთავოს შეადგენს. გარდა ამისა, `ქართლად~ იწოდებოდა ქართლის სახელმწიფოს სხვა მხარეებიც: სამცხე-ჯავახეთი, თრიალეთი, შავშეთი, კლარჯეთი და ა.შ. როგორც გაქრისტიანების შემდგომ, ასევე წარმართულ ეპოქაშიც (რასაკვირველია, თუ არ ჩავთვლით დროის იმ მონაკვეთებს, როცა ესა თუ ის განაპირა რეგიონი არასახარბიელო პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის სახელმწიფოს მიღმა აღმოჩნდებოდა დროებით). ქართლის, როგორც სახელმწიფოს ცენტრალური და გარე რეგიონები, შესაბამისად, მისი პოლიტიკური ცენტრის (თუნდაც ცენტრების) მიმართებით განისაზღვრებოდა. ამ დროს, რა თქმა უნდა, არც გეოგრაფიული ფაქტორი არ უნდა იქნას დავიწყებული. ამ მხრივ გარეჯის უდაბნო მაშინდელი ქართლის სახელმწიფოს განვრცობის გათვალისწინებით, ქართლისა და კახეთის, თუნდაც როგორც `ქრისტიანობის ძირითადი ცენტრების~ მიმართ არც ისე გარე მდებარეობით არ გამოირჩეოდა. იგი კუხეთის ქვეყნის (ცენტრით რუსთავში) ფარგლებში ჩანს მოქცეული, რომელიც თავის მხრივ კახეთის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. დასავლეთიდან მას ესაზღვრებოდა მტკვარი და ამავდროულად უშუალოდ ქართლის მიწა-წყალი. ამიტომ, გარკვეულწილად, კუხეთი ქართლსა და კახეთს შორის იყო მოქცეული.
რაც შეეხება `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში~ დაუნჯებულ ცნობილ ფორმულას: `ქართლად ფრიადი ქუეყანაÁ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაÁ ყოველი აღესრულების~. აქ, ცხადია, აქცენტი კეთდება არა სარწმუნოებაზე, რომ თითქოს ქართლია იქ, სადაც ქრისტიანობაა, არამედ ენაზე: ქართლია ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება. ამას ნათელყოფს გიორგი მერჩულეს თეზისის დამაბოლოებელი სიტყვებიც: `ხოლო კÂრიელეÁსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: `უფალო, წყალობა ჰყავ~, გინა თუ `უფალო, შეგÂიწყალენ~. აქ ერთმანეთს შეპირისპირებულია ქართული და ბერძნული, როგორც ქრისტიანული ღვთისმსახურების ენები. ამის გამო, ამ თეზისის ერთმნიშვნელოვნად და მხოლოდ სარწმუნოებრივ ჭრილში განხილვა სწორ დასკვნამდე არ მიგვიყვანს. მაშასადამე, არ დასტურდება მცნება `ქართლის~ `ქრისტიანობაზე დამყარებული~ გაგება და შესაბამისად, გამართლებასაც ვერ პოულობს `გარეს~ ზემონახსენები `ეკლესიოლოგიური~ გააზრებაც.

`გარე-სჯის~ მნიშვნელობისათვის

გარეჯი ადრინდელ წერილობით ძეგლებში მოიხსენიება `გარესჯის უდაბნოდ~ ან უბრალოდ `გარესჯად~: `დავით აღაშენა უდაბნოÁ იგი გარესჯისაÁ~ (ერთი ხელნაწერით, `გარესჯაÁ~); `გარესჯისა უდაბნოდ მიიწია~ და ა.შ. ვინაიდან `გარეჯის~ `გარესჯა~-დან წარმომავლობა აშკარაა, ისღა დაგვრჩენია, შეძლებისდაგვარად ზუსტად და სრულად ავხსნათ ამ უკანასკნელის მნიშვნელობა. ამ მხრივ, საუკეთესო სამსახურის გაწევა, უპირველს ყოვლისა, უდავოდ, `გარე-სჯას~ წყაროსმიერ განმარტებას შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფი პირდაპირ და კონკრეტულ განმარტებას სთავაზობს მკითხველს, მკვლევართა მიერ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება მაინც არ მოხერხდა. განმარტოებით საგრობა, განმარტოებული ადგილი, ადგილი გარე თვითგვემისათვის, განმარტოებით მსჯელობა, გარეითი აზროვნება, მონაზვნური ტანჯვა და ა.შ., _ მარტო ეს ჩამონათვალიც კმარა დღემდე არსებულ ინტერპრეტაციათა ნაირგვარობის წარმოსაჩენად.
პირველ რიგში გავარკვიოთ, რა მნიშვნელობით შეიძლებოდა გამოყენებულიყო `გარესჯის~ მეორე კომპონენტი _ `სჯა~. `სჯა~-სა და მისგან ნაწარმოებ სიტყვებისათვის დამახასიათებელია ს/შ ბგერათმონაცვლეობა. სჯა/შჯა თითქმის თანაბრად გვხვდება ძველ ქართულ მწერლობაში. სულხან-საბა ორბელიანთან იგი განმარტებულია როგორც `სამართვლა~. ილ. აბულაძე ამ სიტყვას უსადაგებს `განსჯას~, `განკითხვას~, `ცილობას~. დაზუსტებას ითხოვს ერთი ნიუანსიც: არასწორია სიტყვების _ `დასჯა~, `წურთა~, `განსიტყუება~, `დადება გულისა~ ავტორისეულ განმარტებად მიჩნევა. ეს სიტყვანი ტეხილ კავებშია მოცემული, რაც იმის ნიშანია, რომ ესენი სჯა/შჯა-ს წყაროსმიერი სინონიმებია და ანდა მისი შესატყვისები (თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ასეთი სიტყვები `შინაარსობრივად მეტ-ნაკლებად არის დაცილებული განსამარტავი სიტყვის ძირითად მნიშვნელობას~).
`სჯა~-დან ნაწარმოები განსჯა/განშჯა, რომელსაც შეესაბამება `განკითხვა~, თავის მხრივ განიმარტება, როგორც `გასამართლება~. ზუსტად ასევეა იგი განმარტებული სულხან-საბასთანაც. `განსჯა~ (`შესჯა~-სთან ერთად) სჯა/შჯა-ს პარალელურ ცნებად არის დასახული იმავე `სიტყვის კონაში~. სჯა-შჯა-ს სხვა ფორმა _ დასჯა-დაშჯა-ს მნიშვნელობა იხსნება როგორც `სასჯელის დადება~ `გასამართლება~, სულხან-საბას მიხედვით, _ `სამართლის გარდაწყვეტა~, ხოლო ასევე სჯა/-შჯა-დან ნაწარმოები სასჯელი/საშჯელი `სამართლად~ განიმარტება. მის სინონიმად კი მოიაზრება მსჯავრი/მშჯავრი. სამართლის, კანონის აღმნიშვნელი კიდევ ერთი ძველი ქართული სიტყვა ისევ სჯა/შჯა-დან არის ნაწარმოები და ესაა სჯული/ შჯული. მოსამართლე კი `მსაჯულია~, რომელიც წარმოდგება სჯ ფუძის მეორე ვარიანტიდან _ საჯ. სხვანაირად იგი იგივე `განმსჯელი~ ან `განმკითხავია~.
მაშასადამე, სჯა/შჯა და მისგან ნაწარმოები სიტყვები სამართალსა და მასთან დაკავშირებულ ცნებებს ეხმიანება. სჯა/შჯა და დასჯა/დაშჯა, ისევე როგორც განსჯა/განშჯა, აღნიშნავს გასამართლებას და მათ ამავე დროს ყოველთვის შეესატყვისება `განკითხვა~ (სახარების ქართულ თარგმანებში `დასჯა~ და განკითხვა~ ერთმანეთის მონაცვლე სიტყვებადაც კი გვევლინება: `მიიყუანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე~. სხვა ხელნაწერით: `მსგავსად შჯულისა თქუენისა დასაჯეთ~, _ იოანე, რომლის სინონიმად უნდა განვიხილოთ `განსიტყუება~.ამიტომ ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, თითქოს `დასჯასა~ და `წურთას~ გარდა, `სჯა~-ს ილ. აბულაძის დანარჩენი განმარტებანი `არც კი შეესატყვისება კონტექსტს _ `(სჯად) თავის თÂსისა~. `სჯა~-ს მნიშვნელობათა გაანალიზება იმასაც ნათელყოფს, რატომ არ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში მათგან `განსჯა~-ს გამორიცხვა. ისიც უნდა აღინიშნოს, `განსჯა~ და `მსჯელობა~ ერთმანეთის სინონიმებს რომ არ წარმოადგენენ და ამიტომ ერთის უარყოფა ავტომატურად მეორის გამორიცხვას არ გულისხმობს _ თუ `მსჯელობა~ კონტექსტისათვის მართლაც შეუფერებელია, ამას ვერ ვიტყვით `განსჯა~-ს შესახებ. ერთმანეთის მონაცვლე ს-შ ადგილას რ-ბგერის გაჩენაც ზოგადად `სჯა~-ფუძისათვის დამახასიათებელი თვისებაა და არა მხოლოდ მისგან ნაწარმოები სიტყვების ცალკეული გააზრებისათვის. სჯული/შჯული/რჯულის გარდა ს-შ-რ მონაცვლეობის ნიმუშია თვით დასჯა/დაშჯა/დარჩა და ასევე უშუალოდ ამ უკანასკნელისაგან მომდინარე სიტყვები: სასჯელი/საშჯელი/სარჯელი და სარჩელი, დასჯილი/დაშჯილი/დარჩილი. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ XVII ს-ის მიწურულს დაწერილ ერთ სვინაქსარულ ცხოვრებაში ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი `გარერჯა~ ფორმითაც კი ფიქსირდება. სამაგიეროდ, ამავე ავტორთან სწორად არის შენიშნული, რომ ზოგიერთ გვიანდელ თხზულებაში `გარეჰსჯა~ ფორმის არსებობა ტოპონიმის მეორე ნაწილის ზმნურ წარმომავლობას მოწმობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, წმიდა დავითის წასვლა `სჯად თავისა თÂსისა~, ნიშნავს წმ. მამის სურვილს საკუთარი თავის დასჯისა, გასამართლებისა. სხვა სიტყვებით, დავით გარეჯელი ამას იქმს საკუთარი თავის განსასჯელად, რაც გასამართლების გარდა გულისხმობს (გარკვეული აზრით, მოიცავს კიდეც) განკითხვასაც. ეს უკანასკნელი გაგება სულაც არ ეწინააღმდეგება არსებულ კონტექსტს: მეუდაბნოე მამას სურს განკითხვა საკუთარი თავისა, რაც ღვთის წინაშე საკუთარი ცოდვების მხილებასა და მონანიებას ნიშნავს. ამდაგვარად, თავის თავის განსჯა-განკი- თხვა, რაც იმავდროულად საკუთარი ცოდვილი თავის გასამართლებად მოიაზრება, განდეგილ ბერს საშუალებას აძლევს ცოდვათაგან განწმენდისა. ეს თავის მხრივ გამჩენ ღმერთთან მიახლების გზაა, რამაც ადამიანის ცხოვრების უპირველესი მიზანი _ ცათა სასუფევლის მარადიულად დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს. ამისათვის კი საკუთარი თავის მუდმივი განსჯაგანკითხვით ამქვეყნიურ დროებით ცხოვრებაში მიღებული ხორციელი გაჭირვების და სულიერი ბრძოლების დათმენაა საჭირო: `რაÁთა წუთ ერთითა (აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს `წუთისოფელი~_დ.მ.) ჭირითა მოიპოოს საუკუნოÁ იგი და წარუვალი შუებაÁ და განსუენებაÁ~. ზემოთქმულს ეხმიანება წმ. დავითის სიტყვები, წმ. დოდოსადმი თქმული: `წარვედ ძმაო, რქასა ამის კლდისასა, რომელ არს პირისპირ ჩუენსა და წარიტანენ თანა სხუანიცა ძმანი, რამეთუ წადიერ არიან, რაÁთა გარე ისჯებოდიან Ãორცითა სულთა მათთა ცხონებისათვის~. მართალია, ამ შემთხვევაში ხორციელ ტანჯვაზეა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ ეს სულიერ და ხორციელ ღირებულებათა შეპირისპირების გამოხატვის ფორმაა სულიერის უპირატესობის ხაზგასმით. ერთის დათრგუნვით მიიღწევა მეორის გაძლიერება. ამასთანავე ხორციელი თვითდასჯა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თვითგანსჯის შედეგი. აქვე ფრაზა _ `წადიერ არიან, რაÁთა გარე ისჯებოდიან~, ნათელია, პირდაპირ კავშირშია თხზულების დასაწყისში მამა დავითთან დაკავშირებით თქმულ სიტყვებთან: `ამისთÂსცა აღირჩია აქა სჯაÁ გარეგან (გარე)~. `გარე~, ცხადია, მიგვანიშნებს გარკვეულ არეს, ადგილს რაღაცის გარეთ, სადაც თვითსჯას გადაწყვეტს დავით გარეჯელი და ასევე ამ მიზნით უნდა წავიდეს დასამკვიდრებლად მისი მონასტრის ძმობის ნაწილი. მაგრამ ეს ერთი და იგივე ადგილი არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღირსი დავითის მიერ არჩეული ადგილიდან (სადაც იმ დროს მისი დაარსებული ლავრა მოქმედებდა) ახალ სამონასტრო ადგილას გადასასვლელ ძმების მიმართ არ ითქმებოდა მსგავსი სიტყვები.
ამავე დროს, არც ისე ჩანს, რომ `გარე~-დ მოიაზრება თუნდაც ზოგადად გარეჯის მრავალმთა იმის გამო, რომ დავითის ლავრა და დოდორქა მის არეალში, ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობს. წმ. დავითი `სჯად თავისა თÂსისა~ მიდის `ადგილთა უდაბნოთა და ურწყულთა~, ანუ დაუსახლებელ (უდაბურ) და ურწყავ (უწყლო) მხარეს. და სწორედ წმ. მამის ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა უდაბნოსათვის სახელწოდების მიცემაც: `ამისთÂს ეწოდების უდაბნოსა მას გარესჯაÁ~. მაშასადამე, `გარე წასვლა~ აქ გაგებულ უნდა იქნას საღვთისმეტყველო შინაარსით, რაც გულისხმობს ამქვეყნიურ ამაოებათაგან, ამა სოფლის საზრუნავთაგან გარეთ გასვლას, რაც შეიძლება განშორებულად კაცთა სამოსახლოთაგან, სადაც არაა დაბანი, სხვაგვარად, _ `უდაბნოში~.
დავით გარეჯელის მეტაფრასულ ცხოვრებაში წმინდანის ამ ადგილას მოსვლის მიზეზი ბევრად მკაფიოდ არის წარმოდგენილი: `საკÂრველი და სანატრელი მამაÁ დავით, ვითარ სხუაÁ ვინმე ელია უდაბნოÁს-მოყუარე, გარესჯისა უდაბნოდ მიიწია, რამეთუ ევლტოდა იგი ამბოხთა და შფოთთა სოფლისათა, რომელნი მრავლად შეამრღუევენ გონებასა და არა ოდესმე დაყენებენცა ღმრთისა მიმართ მოსწრაფებათაგან. ამისთÂსცა მოსწრაფე იყო მსოფლიოთა ყოველთაგან განშორებასა და მისმიერთა გემოთაგან განყენებასა და ყოვლითურთ განსვლასა სხეულისა მარხვისა მიერ და შეიწრებისა ÃორცთაÁსა~. თუმცა თხზულების განვრცობისას ამ ერთი მხარის ესოდენ წინ წამოწევას შეეწირა მეორე _ ძეგლში უდაბნოსათვის სახელდების შესახებ აღნიშვნა. მაშასადამე, `გარე~-ში არ იკვეთება არც ერთი ამათგანი: გარესკნელი, გარე კახეთი, გარეშე სიბრძნე, ან ქვეყნის ქრისტიანული ცენტრების მიმართ `გარე~ მდებარეობა. ამრიგად, `გარესჯა~ აღნიშნავს ამა სოფლისაგან გარეთ, ადამიანთაგან უკიდურესად განშორებულ ადგილას ბერულ თვითდასჯა-გასამართლებასა და თავის განსჯა-განკითხვას, რისი საბოლოო მიზანი ცოდვათაგან სრული გაწმენდა და უფალთან მაქსიმალური დაახლოებაა.
ამდენად, მართალია, რომ თავიდან `გარესჯა~ არ ყოფილა საკუთარი სახელი და მხოლოდ ზოგადად ბერის მკაცრ ასკეტური ცხოვრებას გამოხატავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ `გარესჯა~ არც გარეჯის მრავალმთის რომელიმე კერძო მონასტრის სახელი ყოფილა (თვით დავით გარეჯელის დაარსებული მონასტერიც `დავითის ლავრად~ ან `დავითის საფლავად~ იწოდებოდა). ის მთელი ხრიოკი მრავალმთის სახელად იქცა, დავით გარეჯელის მოწაფეებმა დიდი რუდუნებით რომ აითვისეს და ვეებერთელა უნიკალურ სამონასტრო კომპლექსად აქციეს, უზარმაზარ არეალად თავის თვისის გარე- სჯისათვის და `სულთა მათთა ცხონებისათვის~. ამიტომაც `გარესჯის უდაბნო~ მრავლობით რიცხვში გამოიყენებოდა (`ათორმეტნი უდაბნონი გარესჯისანი~) და მრავალმთის ყველა მონასტერს თანაბრად მიემართებოდა.
დროთა განმავლობაში ერთ სახელად ქცეული კომპოზიტი `გარესჯა~ ფუძის შეკუმშვის შედეგად, ფუძისმიერი ს-ბგერის ამოვარდნით `გარეჯა~-დ იქცა. შესაბამისად, `გარესჯელი~ `გარეჯელმა~ შეცვალა. უფრო გვიან ტოპონიმს ამ ადგილას სამონაზვნო ცხოვრების საფუძველჩამყრელი დიდი ასურელი მამის სახელიც წარუძღვა წინ და ამგვარად მივიღეთ `დავიტ გარეჯა~, ანუ `დავით გარეჯი~.

 



სტატიის ავტორი – დავით მერკვილაძე;
მასალა აღებულია კრებულიდან –  „ისტორიულ–ეთნოლოგიური ძიებანი“, XI, თბილისი, 2009წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014