|
|
ლეჩხუმი ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების (ეკლესია-მონასტრები და ციხე-კოშკები) სიმრავლით, ნაგებობათა არქიტექტურის უნიკალურობით და მშენებლობის კულტურით. მათგან ბევრი უძველესი ხანისაა, დღეისათვის ზოგი მათგანის ნანგრევიც აღარ არსებობს. ბოლო პერიოდში აღადგინეს რამდენიმე ეკლესია მათ შორის ტვიშის, თაბორის, ლაილაშის, ჭიქელაშის, ლაბეჭინის, წმინდა მაქსიმეს მურში და სხვა.
ცაგერიდან ჩრდილო-დასავლეთით ხუთიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ლეჩხუმის ქედის განშტოება ჭიქელაში. მახლობელი სოფლების მცხოვრებლები წინათ ჭიქელაშიდან ეზიდებოდნენ ხე-ტყის მასალას, ახლა კი ჭიქელაშის მთა საძოვრად არის გამოყენებული.
ჭიქელაშის მთის კალთებზე თესდნენ სიმინდს, პურს, ქერს და კარტოფილს. სწორედ აქ, ერთ-ერთ გორაზე არის ქვის ნაგებობა, რომელიც უძველეს დროში ციხე-სიმაგრეს და სამლოცველოს წარმოადგენდა და დიდი ხნის განმავლობაში ნანგრევების სახით იყო, ჩვენს დროში დაახლოებით 2000 წელს ის აღდგენილი იქნა ბიქტორ ბენდელიანის მიერ. ხოლო ძველ ნაშთებში აღმოჩენილი იქნა შუბები, ისრები, ფული და სხვა შეწირული ნივთები. შენობის გარშემო საფლავის ქვებია. არსებობს გადმოცემა რომ, როდესაც მწყემსებს დაეკარგებოდათ საქონელი, ისინი შესწირავდნენ ფულს, ან სხვა ნივთს და შესთხოვდნენ, რათა საქონელი უვნებლად დაბრუნებოდათ შინ. მახლობელი სოფლებიდანაც მიდიოდნენ სალოცავად. უხეცესთა ცნობით ძეგლი, რომელიც ჭიქელაშში იდგა უძველეს დროში არის აშენებული.
ძეგლის სამხრეთით დიდი წიფლის ხე მდგარა, რომელზედაც გამობმული ჰქონიათ მსხვილი, გრძელი ჯაჭვი. წიფლის ხეს და ჯაჭვს არავინ ახლებდა ხელს. გადმოცემით დღევანდელი ცაგერის ტერიტორია წყლით ყოფილა დაფარული, შესაბამისად სოფლები მაღალ გორაკებზე იყო განთავსებული, მაცხოვრებლები ერთმანეთს ნავებით უკავშირდებოდნენ. ასეთი ნავები გამობმული იყო ჯაჭვზე, რომელიც მიმაგრებული იყო ხეებზე. შესაბამისად ეს ჯაჭვიც ამას უნდა მომსახურებოდა თავის დროზე.
ნავით მიმოსვლა ჭიქელაშიდან სამი მიმართულებით ხდებოდა: სამხრეთ-დასავლეთით სარეწკელას, სამხრეთით ხვამლის და აღმოსავლეთით ლაილაშის მიმართულებით.
ჭიქელაშის ციხე-სიმაგრე სამხედრო და სამეურნეო მნიშვნელობის, რომ ყოფილა, ამას ადასტურებს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძველი ნივთები. ძეგლის ნანგრევის დასავლეთით ერთ ვაკეზე მრავლადაა დაგროვილი ნაშკიდურა, იქვე რკინის ზოდებსაც შევხვდებით. როგორც ირკვევა აქვე სჭედნენ როგორც საომარ, ისე სამეურნეო იარაღს. შესაძლოა, რომ ჭიქელაში წარმოადგენდეს რკინის ძველი წარმოების მნიშვნელოვან ძეგლს, საფიქრებელია, რომ „უჭედველი რკინა“ რაჭიდან შემოჰქონდათ. ამრიგად, ირკვევა, რომ ჭიქელაშის მიდამოები უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებლი და მიჩნეული იყო საკულტო ადგილად. ვინაიდან მჭედელს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, სამჭედლო და სამჭედლოს ნასადგურევიც კი ბოლო დრომდე „წმინდა“ და „საფიცარ“ ადგილად ითვლებოდა. სწორედ ეს ტრადიცია შემორჩა ლეჩხუმშიც. მჭედლობას მათი წაროდგენით ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება და არსებობდა მისდამი განკუთვნილი დღე. სამჭედლოში ხდებოდა საგანგებო რიტუალები და სხვ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჭიქელაში წარმოადგენს საინტერესო ობიექტს, როგორც უძველესი დასახლების ადგილს. ხოლო ლეჩხუმის სინამდვილეში ეთნოგრაფიულ მონაცემს მელითონეობის ისტორიის შესწავლისათვის, რომელიც ბოლომდე არ არის გამოკვლეული და საჭიროებს არქეოლოგიურ ექსპედიციებს, ეს კი მნიშვნელოვან და საინტერესო მასალას დაგვიხატავს.
ბიბილიოგრაფია
1. კოპალიანი, დ. (2002); ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან. ქუთაისი: "მანდარიას სტამბა";
2. ადგილობრივთა მონათხრობი
3. ადგილობრივი გაზეთი "კომუნიზმის სხივი" - 1970წ.
სტატიის ავტორი – დარეჯან ჭაბუკიანი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი. ხელმძღვანელი ისტორიკოსი ნინო ლაკვეხელიანი.
ფოტოები აღებულია - ინტერნეტ რესურსიდან http://lechxumi.ucoz.com/
|