axtalis monasteri
ქვემო ქართლში, მდინარე დებედის შუა წელზე მდებარეობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული მონასტერი ახტალა. მისი ძველი სახელწოდება ყოფილა სპილენძის საბადო, სპილენძის მადანი (სომხურად-პღნძაჰანქ), რაც ძველთაგანვე აქ სპილენძის მოპოვება-დამუშავებაზე მიგვანიშნებს.
ახტალის საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. აქ მას დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ამ მხარის უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
IX საუკუნის ბოლოდან ქვემო ქართლში თანდათან ბატონდებიან სომეხი ბაგრატუნები; ამ დროს, პირველ ყოვლისა, დებედის ხეობა აღმოჩნდა მათ ხელში, მაგრამ XI საუკუნეში ბაგრატუნების ბატონობას ქვემო ქართლში ბოლო მოეღო, თუმცა ხეობის ეს ნაწილი ერთ ხანს ისევ მათ შერჩათ.
|
axtalas saerTo xedi (ia meliTauris foto) |
ახტალის მიდამოებში აღმოჩენილი ქვაჯვრის 1183 წლის სომხურ წარწერაში საუბარია პღნძაჰანქში ჯვრის აღმართვაზე ახპატის წმინდა ღმრთისმშობლის სახელზე, რომელსაც აკეთებს მარიამ კვირიკეს ასული. ესენი ლორე-ტაშირის ბაგრატუნთა შთამომავლები არიან, რომლებიც იხსენიებიან ახპატის სომხურ და ქობერის ქართულ წარწერებში. უნდა ვიფიქროთ, ეს ადგილები მაშინ ამ საგვარეულოს მფლობელობაში რჩებოდა. სომეხი ისტორიკოსების - ვარდან დიდის (XIII ს), კირაკოს განძაკეცის (XIII ს), სტეფანოს ორბელიანის (XIII-XIV სს) ცნობებით, ზაქარია მხარგრმელის ძმამ - ივანე ათაბაგმა, XIII საუკუნეში მიიღო რა ქართული მართლმადიდებლობა, სომხებს წაართვა პღნძაჰანქი, ააშენა იქ ქართული მონასტერი და იქვე დაიმარხა. ამ დროიდან მონასტრის სახელად სპილენძაჰანიც შემოსულა, ე.ი. სომხურ სიტყვას იმავე მნიშვნელობის ქართული ,,სპილენძი" ჩაენაცვლა.
ახტალის სამონასტო კომპლექსში ახლა სამი ეკლესია ჩანს: ორი მცირე, დარბაზული ტიპისაა - წმ. გიორგისა და წმ. სამების სახელობისა, მესამე კი ჯვარგუმბათოვანი დიდი ტაძარია ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული (ადრე ყოფილა კიდევ ეკვდერები წშ. დიმიტრის, წმ. ბასილისა და ივანესი). ტაძარი აგებულია XIII საუკუნეში.
ახტალის მთავარი ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზი ადასტურებს, რომ გეგმით იგი წააგავს XII საუკუნის ბოლოსა და XIII ს-ის დასაწყისის ქართულ გუმბათოვან ტაძრებს; ამასვე ემოწმება დეკორის სისტემა და ფასადების ორნამენტიკა. აღსანიშნავია, რომ მათი ცალკეული ელემენტები და მოტივები უკავშირდება მუსლიმანურ აღმოსავლეთს და სომხეთს. ტაძარს ეს ანიჭებს სპეციფიკურ ხასიათს, რაც ნიშანდობლივია სომხეთთან მოსაზღვრე ამ რაიონისათვის.
ახტალის მონასტრის ისტორიისათვის საინტერესოა ერთი ეპიზოდი, რომელიც სტეფანოს ორბელიანს აღუწერია. მისი სიტყვით, ვაიოც ძორში (სევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მდებარე ნორავანის მონასტრის ჯვრები, იქაურ ეპისკოპოსს ხაჩენში, აწოპის მონასტერში დაუგირავებია. ამ მონასტრისათვის ისინი ჩამოურთმევია ქვეყნის მთავარს - ვასაკს, ქალკედონიტ სომეხს და ერთი ჯვარი ივანე ათაბაგისათვის უჩუქებია; მას კი, ნაჩუქარი ჯვარი პღნძაჰანქის მონასტერში დაუსვენებია. ეს სასწაულმოქმედი ჯვარი ივანესაგან დაუხსნიათ სარგის ეპისკოპოსსა და სივნიეთის მთავარს ლიპარიტ ორბელიანს, რომლებმაც ჯვარი ნორავანს დაუბრუნეს. ივანე ათაბაგს კი, გამოსასყიდთან ერთად, ჩარექის ციხეც გადასცეს (შამქორის ხეობის ზემო წელზე).
ახტალის სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილ წარწერებში კარგად მოჩანს ბერების მიერ წარმოებული, გაცხოველებული აღმშენებლობა.
მთავარი ტაძრის პირდაპირ, გორაკზე მცირე სამლოცველოა, რომლის დასავლეთის შესასვლელის თავზე, ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერიდან (რომელიც 1242-1250 წლებისა უნდა იყოს) ირკვევა, რომ მონასტრის წინამძღვარ პეტრეს, მონგოლთა ბატონობის პირობებშიც მოუხერხებია ავაგ ათაბაგის სამწირველო ეკვდერის აშენება.
სპილენძაჰანის ქართულ სავანეში უმოღვაწიათ სომეხ ქალკედონიტ ბერებსაც. უნდა ვიფიქროთ, სამონასტრო კომპლექსში მათ თავისი სამლოცველოც ექნებოდათ...
კირაკოს განძაკეცის ცნობით, ივანე ათაბაგი დაუკრძალავთ მის მიერ აგებული ეკლესიის შესასვლელთან, ხოლო მისი ძე - ავაგი მამამისის საძვალეში.
ახტალის ტაძრის XIII საუკუნის მოხატულობაში, ქართველ მოღვაწეთა მთელი ჯგუფის გამოსახვის საინტერესო მაგალითი გვხვდება. დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან წმ. იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, ევაგრე, აგრეთვე ილარიონ ქართველი, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. აქ ხაზგასმულია სურვილი იმ ქართველ მოღვაწეთა უკვდავყოფისა, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ქართული სამონასტრო საქმიანობის გავრცელებაში.
XX საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ არსებობდა ერთი უცნობი მონასტრის ტიბიკონის დაზიანებული ნაწყვეტი. მისი დედანი დაიღუპა. შემოგვრჩა ს. კაკაბაძის გადმონაწერი; თუმცა ტექსტი საბოლოოდ დადგენილი არაა, შინაარსის მიხედვით, ტიბიკონი 1191-1212 თარიღდება. ტექსტის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ტიბიკონი წარმოადგენს ახტალის სამონასტრო ცხოვრების წესს.
|
sqema meliqis mamulisa somxiTSi |
სახელი ახტალა პირველად მოხსენიებულია 1392 წელს საკათალიკოსო მამულების სითარbნის გუჯარში. სომხური წყაროები მას არ იხსენიებენ, იქ ძველებურად, მწიგნობრული გზით შემორჩენილი „პღნძაჰანქი" იხმარება. ვარაუდობენ, რომ ახტალა ამ ადგილს შეერქვა მონგოლ-თათართა ბატონობის ხანაში, წარმომდგარია „აღ-თალა“-დან, რაც ნიშნავს „თეთრ ველს“. ეს კი ალბათ იქ არსებული მადნების გამო, ნიადაგის სიბაცეს უკავშირდება.
ახტალის მონასტერი სომხითის მელიქების საგვარეულო სასაფლაოდ ქცეულა და ასე დარჩენილა XIX საუკუნის შუამდე. ხოლო 1802 წლიდან, რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდგომ, ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა.
დებედის ხეობის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა ისევ გამოჩნდა XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც ერეკლე მეფემ გიუმიშხანეს პროვინციიდან (ოსმალეთი) გადმოასახლა ბერძენ მადნისმწარმოებელთა 800 ოჯახი (2000 სული). 1763 განახლდა ახტალის ვერცხლის საბადოების და შამბლუღის სპილენძის დამუშაევბა, 1770 წელს კი, მათ შეემატა ალავერდის სპილენძსადნობი იმავე დებედის ხეობაში. თუ ახტალის მადანი სომხითის მელიქიშვილების მიწებში ითვლებოდა, ალავერდის საბადოები არღუთაშვილებისა და ბარათაშვილ-ორბელიანთა მამულებში იყო. 1776 წელს ერეკლე მეფეს სვეტიცხოელისათვის შეუწირავს ცხრაგირვანქიანი, ახტალის მადნისაგან გაკეთებული ბარძიმი წარწერით.
1785 წელს ომარ-ხანი კახეთზე გამოვლით ქართლს შემოესია, ააოხრა ახტალის მაღაროები. ამის გამო ერეკლე სწერდა გარსევანჭავჭავაძეს რომ ლეკებმა ააფეთქეს ახტალის ციხის კედელი. თუმცა 300 კაცი დაუხოცეს, მათ მაინც აიღეს ახტალა და დაატყვევეს 845 კაცი, მათ შორის მელიქიშვილებიც. მტერს წაუღია დიდი რაოდენობის სპილენძი, ტყვია, ვერცხლი, ფული.
აოხრებული საბადოები ორი წლის მანძილზე უმოქმედოდ იყო. იქ მუშაობა განახლდა 1787 წლიდან, მაგრამ უკვე შემცირებული წარმადობით.
ერეკლეს დიდი მზრუნველობა გამოუჩენია მადნის მწარმოებელ ბერძენთა მიმართ. ახტალაში მომუშავე ილია ბერძნის ნათლიობაზეც არ უთქვამს უარი. დაუნიშნია ჯამაგირი. საკმაოდ უხვი წლიური ულუფა და სახლიც მიუცია.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, ახტალაში ძველთაგანვე საეპისკოპოსო კათედრის არსებობაზე, სხვა წყაროებით არ დასტურდება; სამაგიეროდ საყურადღებო უნდა იყოს მისი ნათქვამი ახტალის წინამძღვარზე: „შემდგომად იქმნა მიტრაპოლიტი და მეტოქი სომხითისა, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუჯის მდინარე“. ავტორის მიერ ნახმარი ეს ,,შემდგომად“ ჯერ ისევ ერთიანი საქართველოს პერიოდს უნდა გულისხმობდეს, მაგრამ XIII საუკუნის ძეგლში - „განგება დარბაზობისა“ ახტალის მიტროპოლიტი არ ჩანს. შესაძლოა დემეტრე II-ის შემდგომ ხანებში, ეგების გიორგი ბრწყინვალის დროს შეიქმნა ქვემო ქართლში ისეთი ვითარება, რომ ახტალის წინამძღვარი მიტროპოლიტი გახდა. ამ მხრივ შესაძლოა ნიშანდობლივი იყოს „ქართლის ცხოვრების“ ცნობა ამ მეფეზე: „ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელნიც ჩინგიზთ მიუდგენ, კახეთის ცივზედ მოაწვია და ამოსწყვიტა, იმერნი და ამერნი გაიერთა და დაიპყრა ნებისაებრ ყოველი საქართველო“. ასეთ პირობებში ახტალის მიტროპოლიტს დაეკისრებოდა დებედის ხეობის ქართული მოსახლეობის. ასევე მომრავლებული სომეხი ქალკედონიანების მწყემსმთავრობა.
ცნობა იმის შესახებ, რომ გვიან შუა საუკუნეებშიაც არსებობდა ახტალის სამიტროპოლიტო, ვახუშტის გარდა, მოიპოვება 1770-იანი წლების კიდევ ერთ საბუთში. იქ ქართლის მაშინ მოქმედ საეპისკოპოსოთა გვერდით, დასახელებულია ,,დაცლილნი აოხრებისაგან სამიტროპოლიტო ახტალისა, საეპისკოპოსო მანგლისისა" და სხვა. მაშინ მოხდებოდა ახტალის წმ. გიორგის ეკლესიიდან XII-XIII საუკუნეების ტყავის სახარების გამოტანა, რომელიც შალიკაშვილებს ჩავარდნიათ ხელში.
ვახუშტისავე სიტყვით, ატენის სიონში ,,აწ სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინათგან იგი უქმ არს, და არს ნიში მისი“. სხვა ფაქტებთან ამ ცნობის შეჯერებით, გამოტანილია დასკვნა, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ვახუშტის ცნობა იწერებოდა, აპირებდნენ, როგორც ჩანს, ახტალიდან ატენში საეპისკოპოსოს გადმოტანას. მას მერე, რაც ატენი გახდა ,,ნიში" ახტალისა, შემდეგ მისი მემკვიდრე, უნდა გაჩენილიყო სომხური პილიგრიმული წარწერები ატენის სიონის კედლებზე. ეს პილიგრიმები ქალკედონიტები იქნებოდნენ ისევე, როგორც ქალკედონიტური იყო ახტალის საეპისკოპოსო. ჩანს აღნიშნული ღონისძიება არ განხორციელებულა: როგორც მომხდარი ფაქტი, იგი არ აისახა ვახუშტის თხზულების გვიანი ხანის ხელნაწერებში; არც შემდგომშია რაიმე ცნობა ატენის სავპისკოპოსოს შესახებ.
მომდევნო ხანებში ახტალის მრევლისათვის ისევ მოუყრიათ თავი. ეს ალბათ ანტონ I კათალიკოსის მოღვაწეობის ხანაში (1744-1788 წწ) მოხდა. ახტალის იმდროინდელ იერარქთაგან ასახელებენ: სოფრომს, ომარ-ხანისაგან დატყვევებულს, შემდეგ ახალციხელ ქრისტიანთაგან გამოსყიდულს; გედეონს, აღესრულა 1792 წ; ეგნატის, რომელმაც ახტალა მიატოვა 1796 წ; იოანეს, რომელიც აღესრულა 1798 წ; XVIII საუკუნის ბოლოს ახტალის ეპარქიას განაგებდა ვარლამი, ქსნის ერისთავის - დავითის ძე. იოანე ბაგრატიონის ცნობით, იგი კათალიკოს ანტონ I-ს აღუზრდია, ახტალის ეპისკოპოსი გამხდარა, შემდგომში კი - საქართველოს ეგზარქოსი. 1802 წ. ახტალის მაღაროებში მომუშავე ბერძნების თხოვნით, ბერძენი მღვდელი ქ. ანკირიიდან, კიპროსში აღზრდილი იოაკიმი ახტალის ეპისკოპოსად აკურთხეს; აღესრულა 1827 წ.
XX საუკუნის ოციანი წლებიდან ახტალის მონასტერი, ისევე როგორც მისი შემოგარენი ლორე, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახტალაში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. არაპროფესიული მიდგომის გამო, ფრესკების ნაწილი თავიდან გადაიწერა და მათ შორის ზოგიერთი ფრესკა საბოლოოდ დაიკარგა.
ახტალის მონასტერი ამჟამად სომხეთის საზღვრებშია.
სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ნარკვევები“, თბილისი, 2005წ.
მასალა ადაპტირებულია მარი კუთხაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge.
|