აფსაროსი პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემაში

(I-IV სს.)

ბერძნულ-რომაულ წყაროებში არაერთგზის მოხსენიებული ციხესიმაგრე აფსაროსი დიდი ხანია იდენტიფიცირებულია დღევანდელ გონიოსთან. იგი მდებარეობს ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვასთან ახლოს, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას. გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე კარგადაა შემონახული. იგი გეგმით სწორკუთხედია. კოშკებსა და ციხის გალავანს ეტყობა მრავალგზის რესტავრაცია-გადაკეთების კვალი.
მიუხედავად ამისა, რომაული კასტელუმის ძირითადმა ღერძებმა (194×245 მ) ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ციხის კედლების სიმაღლე 5 მ-ია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, 7 მ-ს აღწევს. ამჟამად ციხესიმაგრე 18 კოშკს მოითვლის, თუმცა მათი რაოდენობა თავდაპირველად 22 იყო.
აფსაროსი ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოადგენდა პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის უმნიშვნელოვანეს ციხესიმაგრეს. აღნიშნულ სისტემას საფუძველი ჩაეყარა ახ. წ. I ს. 60-იან წლებში, როდესაც იმპერატორმა ნერონმა (54-68 წწ.) შავიზღვისპირეთში, რომის პოზიციების განმტკიცების მიზნით, რადიკალური ღონისძიებები გაატარა.
62 წელს მეზიის მმართველის პლავტიუს სილვანის ექსპედიციის შედეგად ბოსფორი რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა. ყირიმის სამხრეთ ნაწილში რავენის სამხედრო ფლოტის ნაწილები იქნა ჩაყენებული. იმავე ხანებში, 63 წელს ნერონის ბრძანებით გაუქმდა პოლომენიდური პონტოს სამეფო. მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, პროვინციად გამოცხადდა. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. 37-95 წწ.) ცნობით, ნერონის დროს მეოტიდა-პონტოსპირეთში იმპერიის ინტერესებს 3000 მძიმე შეიარაღებული მეომარი და რომაელთა 40 ხომალდისაგან შემდგარი სამხედრო ფლოტი იცავდა. ამრიგად, ყირიმი და კავკასიის სანაპირო უშუალოდ რომის სამხედრო კონტროლქვეშ მოექცა. როგორც არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ რომაული გარნიზონები კოლხეთის სანაპირო პუნქტებშიც – აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლში.
პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითმა სისტემამ აქტიური ფუნქციონირება ვესპასიანეს (69-79 წწ.) მიერ აღმოსავლეთის მთელი თავდაცვითი ხაზის მოდერნიზაცია-რეორგანიზაციის შემდეგ დაიწყო. 72-76 წწ. აღმოსავლეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე დაიწყო მნიშვნელოვანი ძალების კონცენტრირება. ვესპასიანეს მიერ შექმნილმა ე.წ. `კაპადოკიურმა კომპლექსმა~, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კოლხეთიც, მიიღო ორი ლეგიონი. ეს ლეგიონები განლაგებულ იქნან კაპადოკია-მცირე არმენიის ხაზზე, სატალასა და მელიტენეში. მელიტენეში ჩადგა სირიიდან გადმოყვანილი ლეგიონი XII F
ulminata (ელვისებური), ხოლო სატალაში ახალშექმნილი XVI Flavia irma, რომელიც მოგვიანბით შეცვალა XV Apollinarisma. სატალა და მელიტენე ითვლებოდნენ კაპადოკიასა და, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კაპადოკიის ლეგატის დაქვემდებარებაში მყოფ, ამიერკავკასიაში რომაული სამხედრო ძალების ძირითად გამანაწილებელ ბაზად. მელიტენეს სამხრეთით იწყებოდა სირიის ლიმესი, ხოლო სატალა საფორტიფიკაციო ნაგებობათა ქსელით უკავშირდებოდა ტრაპეზუნტს.
ტრაპეზუნტი წარმოადგენდა რომის კავკასიური პოლიტიკის საყრდენს და რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს. ახ. წ. 64 წლიდან იგი რომაული ფლოტის –
Classic Pontica-ს მთავარი ბაზა გახდა. სწორედ ტრაპეზუნტიდან იღებდა სათავეს რომაული მორიგი თავდაცვითი სისტემა, პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ჰისოსის, რიზეს, ათენას, აფსაროსის, ფასისისა და სებასტოპოლისის კასტელუმები.
II საუკუნის შუახანებამდე პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზი მხოლოდ სებასტოპოლისამდე ვრცელდებოდა. მაგრამ 132-152 წლებს შორის ამ თავდაცვითი სისტემის არეალი გაფართოვდა და მასში პიტიუნტიც იქნა ჩართული. პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზზე განლაგებული კასტელუმების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება საზღვაო გზით ტრაპეზუნტიდან ხორციელდებოდა.
ცნობილია, რომ რომაელები მუდმივმოქმედი, ხანგრძლივი დროისათვის გამიზნული ციხესიმაგრეების მშენებლობამდე აგებდნენ ხის დროებით საფორტიფიკაციო ნაგებობებს, ე. წ. `
ila Muralia~- ს. გამორიცხული არ არის, რომ რომაელებს აფსაროსშიც თავდაპირველად ხის ისეთივე დროებითი სასიმაგრო ნაგებობა აეგოთ, როგორსაც ფლავიუს არიანე (დაახლ. 95-175 წწ.) იხსენიებს ფასისში. აფსაროსში, როგორც მიიჩნევენ მკვლევარები, მუდმივი, ხანგრძლივი დანიშნულების ციხის ფუნდამენტური ხასიათის მშენებლობა I ს. ბოლოს დაიწყო და მომდევნო საუკუნის განმავლობაში იგი რომაელთა საყრდენ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ცენტრად იქცა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.
ადრიანეს (117-138 წწ.) მმართველობის დროს, როგორც არიანეს ცნობიდან ირკვევა, აფსაროსში უკვე ფუნქციონირებდა `
Castella Murata~-ს ტიპის მუდმივმოქმედი თავდაცვითი ნაგებობა, სადაც ხუთი კოჰორტა იყო დისლოცირებული. აფსაროსის კასტელუმი, მისი ზომიდან გამომდინარე, საშუალო სიდიდის ბანაკების კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ აფსაროსის გარნიზონის შემადგენლობაში შედიოდა დამხმარე ჯარის ნაწილები – კლავდიუსის სახელობის II კოჰორტა (Cohors II Claudiana), სპეციფიკური აღჭურვილობის მშვილდოსანთა რაზმი (Sagitarius) და იმპერატორ მარკუს ავრელიუსის სახელობის კოჰორტა (Cohors Aurellia). გამორიცხული არ არის, რომ დანარჩენი ორი კოჰორტა ლეგიონური ჯარის ნაწილებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, რასაც გარკვეულწილად მოწმობს აფსაროსის ავანპოსტში – პეტრაში (ციხისძირი) აღმოჩენილი ლეგიონის დამღიანი აგურის ფრაგმენტი.
აფსაროსში ასეთი სერიოზული სამხედრო ძალის ყოფნა განპირობებული იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობით. აფსაროსის ციხესიმაგრე კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა და, ამავე დროს, სანაპირო ზოლსაც კეტავდა. მის ძირითად ფუნქციას ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეთა შეკავება და მცირე აზიის რომაულ პროვინციებზე მათი მოულოდნელი თავდასხმის აღკვეთა წარმოადგენდა. აფსაროსის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა II საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც გაძლიერებულმა იბერიამ მიიტაცა კოლხეთის ზღვისპირეთის ერთი ნაწილი, ზიდრიტთა ოლქი. აფსაროსი უშუალოდ ემიჯნებოდა ზიდრიტთა ოლქს და ამდენად, იბერიის სამეფოს წინააღმდეგ ძირითადი ფორპოსტის ფუნქცია სწორედ მას დაეკისრა. ყოველივე ამასთან ერთად, აფსაროსის გარნიზონს ევალებოდა ადგილობრივი `სკეპტუხებისა~ თუ `მეფეების~ გაკონტროლება, მათი მეშვეობით გადასახადების აკრეფა და რომაულ დამხმარე ჯარის ნაწილებში მკვიდრი მოსახლეობის გაწვევის ორგანიზება.
პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მეშვეობით, რომმა III საუკუნის შუახანებამდე წარმატებით შეძლო რეგიონში სამხედრო და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. კოლხეთის სანაპიროზე შეწყდა ჩრდილოკავკასიელ ნომადთა მარბიელი თავდასხმები; აღკვეთილ იქნა მეკობრეობა და ძარცვა-ყაჩაღობა; უზრუნველყოფილ იქნა იმპერიის შორეული მისადგომების უსაფრთხოება და ადგილობრივი ტომების რომის რეალურ კონტროლქვეშ ყოფნა.
III საუკუნეში რომაული სამყარო უკიდურეს კრიზისში აღმოჩნდა. იმპერიის თითქმის ყველა საზღვარზე დაიწყო ბარბაროსთა პერმანენტული თავდასხმები. III საუკუნის  შუახანებიდან მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა პონტო-კავკასიის საზღვარზეც. 257 წელს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გოთების მორიგი ექსპედიციის შედეგად დაეცა რომაელთა უკიდურესი საყრდენი პუნქტი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში – პიტიუნტი. იმავე ექსპედიციის დროს ბარბაროსებმა აიღეს და სასტიკად ააოხრეს რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, პონტო-კავკასიის საზღვრის ძირითადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – ტრაპეზუნტი. როგორც ჩანს, ბარბაროსთა თავდასხმების პირველი ტალღა აფსაროსს არ შეხებია. ყოველ შემთხვევაში, V-VI საუკუნეებში ბიზანტიელი ავტორი ზოსიმე, რომელიც საკმაოდ დაწვრილებით აღწერს 255/256 და 257 წლებში გოთების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ლაშქრობის პერიპეტიებს, არაფერს ამბობს აფსაროსზე ბარბაროსების თავდასხმის შესახებ. თუმცა, აფსაროსი, როგორც ირკვევა, მანიც ვერ ასცდა ბარბაროსთა მხრიდან თავდასხმას. 275 წელს აზოვის ზღვიდან მცირე აზიისკენ სალაშქროდ დაიძრნენ ჰერულები და ოსტგოთები. ბარბაროსები ფასისის შესართავთან გადმოვიდნენ და აქედან შავი ზღვის სანაპიროს გავლით შეიჭრნენ პონტოში. როგორც ჩანს, სწორედ ამ ექსპედიციის დროს, ფასისიდან სამხრეთისაკენ მოძრავმა ბარბაროსებმა, მაკრონ-ჰენიოთა ტერიტორიაზე გავლისას, იერიში მიიტანეს აფსაროსზეც. როგორც არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, ამ თავდასხმის შედეგად აფსაროსის ციხესიმაგრე დანგრეულა.
257-275 წლების მოვლენების შემდეგ პონტო-კავკასიის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა ფაქტობრივად მოიშალა. თუმცა მისი პარალიზება დიდხანს არ გაგრძელებულა. დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს იმპერიის საზღვრების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და მათი სტაბილიზაციის მიზნით ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული ციხესიმაგრეების ქსელის გასამაგრებლადაც. გაფართოვდა და განმტკიცდა პიტიუნტისა და სებასტოპოლისის კასტელუმები. იმავე ხანებში, III საუკუნის  ბოლოს ან IV საუკუნის  დასაწყისში რომაელებმა აღადგინეს აფსაროსის ციხესიმაგრეც.

ასე რომ, IV საუკუნის დასაწყისიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კვლავ ჩვეული ძალით ამოქმედდა ბარბაროსთა მიერ დაზიანებული რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა, რომლის ფუნქციონირებაც გრძელდებოდა IV საუკუნის მეორე ნახევრამდე. IV საუკუნის 70-იანი წლებიდან, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილი ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში, რაც განპირობებული იყო ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს მიერ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებითა და მის მიერ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვებით, აფსაროსიდან, ისევე როგორც კოლხეთის სხვა სანაპირო ციხესიმაგრეებიდან, გაყვანილ იქნა რომაული გარნიზონები, ხოლო პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითმა სისტემამ არსებობა შეწყვიტა.



სტატიის ავტორი – კახაბერ ფიფია.
სტატია აღებულია კრებულიდან – `ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, XI, თბილისი, 2009წ.


megobari saitebi

   

01.10.2014