ყეენობა

„როგორც ვიცით, ძველი ტფილისი თანდათანობით ჰკარგავს თავის ძველ სახეს. და რომ მომავლისათვის უკვალოდ არ დაიკარგოს ძვირფასი მასალები, ტფილისის ქალაქის საბჭოს მუზეუმი ახლო მომავალში აწყობს გამოფენას: ძველი ტფილისი“.
ასეთი განცხადებით გამოვიდა ტფილისის მუნიციპალური მუზეუმი 1926 წელს, 3 დეკემბერს.
სიხარულით უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი მოხსენების წაკითხვის შემდგომ, პარალელურად ჩვენს ნაშრომთან ერთად, თითქოს რეალურ ილუსტრაციად ჩაისახა ტფილისის მუნიციპალური მუზეუმი, სადაც მკითხველი ნაწილობრივად ნახავს და გაეცნობა ძველი ტფილისის ზოგიერთ ღირსშესანიშნავ ძეგლებს.
განა, ქალაქის საბჭოს მოწოდებაში სამართლიანად არ არის ნათქვამი, რომ „ტფილისი თანდათან ჰკარგავს თავის ძველ სახეს?“ განა, მართალი არ არის, რომ თვალსა და ხელსშუა ჰქრება და ისპობა ძველი ტფილისის  ეგზოტიური ნატიფობა, ყარაჩოღელთა ისტორიული სამოქალაქო  თუ საოჯახო ადათები და ქალაქური ზეპირ-სიტყვაობის ძარღვიანი ნიმუშები?
მე როგორც ძველი ტფილისის ტრუბადურმა და ქეშიკმა, მე, როგორც ძველი წიგნის ჩრჩილმა და ავანჩავანმა, მოვალეთ ჩავთვალე ჩემი თავი, ვიდრე ჯერ კიდევ დაგვიანებული არ არის, დამერაზმა მეხსიერება, წინ წამეგდო გამოცდილება და შეძლებისგვარად ამეწერა ეს ლამაზი კუთხე, რომელიც უქომაგოა და სადღაც ძველი ჯიგარივით გდია: დაე, ტფილისის მუზეუმის გვერდით ეს ცოცხალი სიტყვაც დარჩეს ჩვენი მკვლევართა საყურადღებოდ.
ძველი ტფილისი ლიტერატურული ბოჰემა!
მაგრამ ვიდრე შეუდგებოდეთ ამ წერლების განხილვას, საჭიროა ცოტა შორიდან დავიწყოთ და გავითვალისწინოთ  ის არე, ის ტფილისი და ის ყოფის ამსახველი ცხოვრება, რომელიც მათი შემოქმედების წყარო იყო და რომელმაც წარმოშვა ძველი ტფილისის ეგზოტიკა და ქალაქური ხალხური პოეზიის თავისებურება.
ყოველი მწერალი თავის წრის ღვიძლი შვილია, -
„ღვიძლზე ნადები ძმასავით“-
მაშ, გავიცნოთ ეს წრე და მათი ზნე ჩვეულებანი.
ყეენობა!
ყეენობა იყო მასსიური, გრანდიოზული გასართობი, რომელსაც საერთო დღესასწაულის ხასიათი ჰქონდა.
ჩვენი ყეენობა გარეგნულად გვაგონებს ევროპულ კარნავალს და ნაწილობრივად - მასკარადს.
გიორგი წერეთლის სიტყვით: „ამ თვის საყვარელი ჩვეულებით ყოველი ქართველი წელიწადში ერთხელ მსახიობობით გამოიხატავს თვალწინ წარსულ ისტორიულს სურათს. რაში მდგომარეობდა  ეს სურათი? იმაში, რომ საქართველოს ერი, ვერც ერთი უცხო რჯულის ხალხს ხანგრძლივად ვერ დაუპყრია. ხშირად შემოსულან ძველ დროში სხვა-და-სხვა ქვეყნის ყეენები, მაგრამ იმათი ბატონობა დღეგრძელი არ ყოფილა. ბოლოს მაინც, ადრე თუ გვიან, საქართველოს ერი ამდგარა, „განუხეთქია აპეურნი მათნი და განუგდია უღელი მათი“.
იგივე „კვალი“ აგვიწერს ერთ ასეთს ყეენობის სურათს, რომელიც ერმოლოვის დროს მომხდარა:
„მაშინ ის იყო სოლოლაკის მხარე შენდებოდა. მთავარმართებლის გარშემო იბადებოდა ახალი უბანი ევროპული ხუროთმოძღვრების გეგმაზედ. დადგა ყველიერის უკანასკნელი დღეები, მთელი ტფილისის ქალაქი: ავლაბარი, ნარიყალა და ჩუღურეთი ყეენობის სათამაშოდ ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებს და მჭედლებს ბევრი სამუშაო ჰქონდათ აღებული. ისინი ამზადებდნენ ხის ხმლებსა და ხანჯლებს საცერე რგოლებს და შურდულებს, მთელი ქალაქი გაყოფილი იყო, ორ უბნად, ერთი იყო ისანი და მეორე ნარიყალა. ნარიყალას ემხრობოდნენ ვერის მხრის მცხოვრებნი, ახალი სოლოლაკის უბანიც ამათკენ იყო. ისნის მხარეს შეადგენდა: ავლაბარი, ჩუღურეთი და გარეთაუბანი ანუ კუკიის მხარე. ნარიყალის მცხოვრებნი იყვნენ: მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი და ერისთავი. ისნის მხარეზედ იყვნენ კახეთის მებატონეები: ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი, ჯორჯაძე და სხვა. ერმოლოვს ნარიყალელების მხარე ეჭირა. ყეენი უნდა გამოსულიყო ისნელებიდან და შემოესეოდა ქალაქს, დაეპყრა დილით მთელი ქალაქი, გზების გზაჯვარედინზე ჩაეყენებინა თავის მოხელეები, ჯარის უფროსები, რომ გამვლელ-გამომვლელებისათვის ხარჯი გამოერთმიათ. ამ დროს ნარიყალას მომხრენიც საიდუმლოდ ამზადებდნენ თავიანთ ჯარებს. ტფილისის  ქალაქის დუქნები დაიკეტა და მცხოვრებნი ნახევარი ყეენისაკენ იყვნენ, ნახევარი სოლოლაკის ხევში დაიმალა. ყეენმა დაიდგა ტახტი სეირდაბადის მაღლობზე, სადაც დღეს ბოტანიკურ ბაღთან ძველი ციხის ნანგრევია; მისი მოხელენი  იჭერდნენ გამვლელ-გამომვლელებს და მოჰყავდათ ყეენთან თაყვანის საცემლად. ამ სახით განაგრძო ყეენმა თავისი უფლება მთელ ტფილისს ქალაქზედ შუადღემდის. ნაშუადღევს ყეენს მოახსენეს, რომ ქვეყანა აჯანყდაო, რომ ერი განუდგაო მას და ქართველები სოლოლაკის მაღლობს გადმოდგაო. მაშინ ყეენი გაემგზავრა საომრად, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყეენი საქართველოს ჯარებს ტყვედ ჩაუვარდა ხელში.
როგორც ვხედავთ, ყეენობა თავის პირვანდელ სახით ომის მისტიფიკაციას წარმოადგენდა. ბევრი შეიძლება მაშინაც ამ მისტიფიკაციაში მხოლოდ მოცლილი ხალხის გათამაშებას ხედავდა, ბევრისთვის კი იგი იქნება ალეგორიული გამოხატულება იყო იმ საიდუმლო გულის ზრახვებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ განსაკუთრებით საქართველოს იმ დროინდელ მოწინავე საზოგადოებაში. ის ინტერესი რომელსაც ყეენობისადმი იჩენდა მაშინდელი გვარიშვილობა, საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ „ყეენობა“ ჰსურდათ პატრიოტული პროპაგანდის ალეგორიულ საშუალებად გაეხადათ ისევე, როგორც ჩვენი ისტორიული გმირული დრამები ჰხდებოდა პატრიოტული პროპაგანდის ერთერთ ფორმად. ყეენი იქ შეიძლება იმ დროინდელი მთავრობის კარიკატურულ გამოხატულებადაც გადაქცეულიყო, მთავრობას, აჯანყების გათამაშება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აჯანყება ტაკიმასხარული ყეენის წინააღმდეგ იყო მიმართული, არ მოსწონდა, და ამიტომ ომის მისტიფიკაცია აკრძალა. ამის შემდეგ ყეენობას უბრალო პროცესიებისა და ცეკვა-თამაშის ხასიათი მიეცა.
ყველიერის ორშაბათს, ტფილისის თვითოეულ უბანს თავისი უბნის ყეენი გამოჰყავდა. ამ დღისთვის ყეენად ამოირჩევდნენ ისეთ კაცს, რომელიც ნ. ბერძენოვის სიტყვით, „გონება მახვილი, ოხუნჯი და მოძრავი უნდა ყოფილიყო“.
ამ კაცს მორთავდნენ კარიკატურულად: თავზე ეხურა შაქრის ქაღალდისაგან გაკეთებული წოწოლა ქუდი, ერთ ხელში ხმლის მაგივრად ქაფქირი ეჭირა, მეორეში ჟანგიანი შამფური, რომელზედაც ვაშლი ან ხახვი იყო წამოგებული. ყელზე ეკიდა თაღლითი მძივები, ტანთ ეცვა გადმობრუნებული ტყაპუჭი, რომელზედაც მოჭერილი ჰქონდა თივისაგან დაგრეხილი მსხვილი თოკი (თულო); სახე გამურული ჰქონდა და სხვა. აი, ამგვარად მორთული ყეენი იჯდა აქლემზე და თან „ბერიკულად“ გადაცმული ხალხი-ყეენის ამქარი-ზურნის დაკვრით და ხმაურით მისდევდა. პროცესია მიდიოდა ქუჩაში რამოდენიმე ხელჯოხიანის წინამძღოლობით; ხოლო რომელსაც დიდი ყავარჯენი ეჭირა, ის ამ ხელჯოხიანების უფროსი იყო (ეტიკი), ყეენის ამალა გამვლელ-გამომვლელებს გზას უღობავდა  და ყეენის სასარგებლოდ ხარკს ახდევინებდა; რომელიმე ხელჯოხიანი წინ გადაუდგებოდა ქუჩაში გამვლელ კაცს,  კომბალს წინ დაურჭობდა, ზანზალაკებს დაუჟღარუნებდა  და „ყეენს სალამს“ მიართმევდა ეს იმას ნიშნავდა, რომ ფული გადაიხადეო, როცა ხაზინადარი ფულს ქისაში ჩააგდებდა, ხმამაღლა დაიძახებდა „ააშენოს!“ „ააშენოს!“ ყეენი რომელსაც ხელში დავთარი ეჭირა, აღნიშნავდა შემოსულ ფულის რაოდენობას.
ეს წინამძღოლი დუქნებშიაც შედიოდა და ყველა მოვაჭრე ვალდებული იყო გადაეხადა მასზე გაწერილი თანხა (ხშირად ხარკს ნატურითაც იხდიდნენ).
ზოგჯერ ყეენს ზურგშებრუნებითაც დასვამდნენ სახედარზედ და ხელში ამ „დიდყურა რაშის“ კუდს მისცემდნენ.
ზოგჯერ კი ყეენი არ მოგზაურობდა. იგი მოთავსებული იყო ცოტა მომაღლო ადგილას, ფეხმორთხმული იჯდა გოდორზე და ყალიონს სწევდა, გვერდით სახრჩობელა იყო ამართული, ვინც გაწესებულ ხარკს არ გადაიხდიდა, იმას ამ სახრჩობელით ემუქრებოდნენ.
ზოგს ყეენს გვერდით დედოფალიც ჰყავდა (ქალურად გადაცმული ვაჟი) და ირგვლივ ნაზირ-ვეზირი ეხვია.
ერთი უბნის ყეენი მეორე უბანს არ უნდა შეხვედროდა. თორემ თუ ძველად ხმლებით და საცერულებით იბრძოდნენ, ეხლა ბრძოლა ჰაერში კეტების ტრიალით იწყებოდა.
შემდეგში ყეენობის უფრო შეეცვლა ნირი  და თავისი შინაარსით იგი მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ამსახველ კარიკატურად და შარჟად იქცა.
„ივერია“ გადმოგვცემს, რომ 1888 წელს, „ზოგიერთი უბნის ყეენი სამსახურიდან გამოგდებულ „პიანიცა კაპიტნების“ მუნდირში იყვნენ ჩაცმული; ზოგს მურის მაგიერ ხელთქმნილი ნიღაბი ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული. თვითონ ყეენს გადმობრუნებული ტყაპუჭი ეცვა და სხვა... გუშინ, - განაგრძნობს „ივერია“, - ერთი ყეენი აქლემზე შეესვათ და თავზედ შაქრის ქაღალდის ფაფახი დაეხურათ. ურმის თვალებზე კიდევ ლუგანის ქარხნის ზარბაზანი დაედოთ; პოვოსკაში კამბეჩები ჰყავდათ შებმული, წინ მიუძღოდნენ  შებორკილი ტუსაღები, რომელთაც გარს შუბიანი ჯარისკაცები მისდევდნენ. ქალაქის გამგეობის წინ, ყეენათა ჰყავდათ ჯვრიანი პოლკოვნიკი და ხარჯს ჰკრეფდა ვიღაც ვიცმუნდირიანი კაცი... ერთ რომელიღაც უბანს ევროპის პოლიტიკური გამწვავებული მდგომარეობა აუღია და კამბეჩებით შებმულ პოვოსკაზე შეუსხამს გენერალი ბელანჟე და თავადი ბისმარკი ერთად, თითქოს იმის თქმა უნდოდათ, რომ გერმანია და საფრანგეთი შეერთდნენო“.
„ყეენობის“ ზეიმის დასასრული ასეთი იყო: ნაშუადღევს წაიყვანდნენ ყეენს და პირდაპირ მტკვარში გადაისვრიდნენ, რასაკვირველია, ისეთ ადგილას, რომ არ დამღრჩვალიყო. გრიმგაკეთებული ყეენიც სარგებლობდა ამ შემთხვევით და გამურულ პირს შეიბანდა. მერე ხარჯდადებულ მოქალაქეთაგან მოგროვილ ფულით ყეენობის მონაწილენი ყიდულობდნენ ხორაგს და მთელი ერთი კვირის განმავლობაში დაუსრულებელი ქეიფი ჰქონდათ ორთაჭალაში, მტკვრის პირას. ვერის ბაღებში, დიდუბეში და სხვა.
საგულისხმოა, რომ ეს ყეენობა იმართებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ეგრეთწოდებულ შავ-ორშაბათს. ამ ხალხურ სანახაობას თავის ისტორიული სარჩული აქვს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქართულ ხალხს ახსოვს არა ერთი შემოსევა სპარსელებისა თუ თურქების და ალბად, ტაკიმასხრული ყეენი განსახიერება იყო იმ დამარცხებული მტრისა, რომელსაც ქართველი ხალხი დაცინვით იგონებს. თვით ეპიტეტიც: „შავი ორშაბათი“ ხალხური სიმბოლიკაა, დაკავშირებული იმ ორშაბათთან, რომელიც ყეენის შიშით შავად უნდა გასთენებოდა ქართველებს.
გიორგი წერეთლის სიტყვით: ყეენობა მურვანყრუს შემოსევიდან არის ჩვენში შემოღებული, „ივერია“ მე-XVII-ე საუკუნეს აკუთვნებს, „კავკაზი“- შაჰ-აბაზის ხანას. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ იგი უფრო ისეთივე გამოხატულება უნდა იყოს საერთო ხალხოსნური, მასიური ლხენისა, რანაირიც კარნავლებისა და სხვა ამგვარი გასართობების სახით სხვაგანაც გვხვდება, და რომელსაც რაღაც ბავშვური სიხალისით და ჯანსაღობით ეტანება ქართველი ერი. მწუხარება და უბედურება ქართველ ხალხს სიცოცხლის წყურვილსა  და უნარს ვერ უკარგავს. ისტორიის გრძელ მანძილზე იგი თავგამოდებით იბრძვის, მაგრამ ბრძოლის მეორე დღესვე მას შეუძლიან მომღიმარის სახით გაითამაშოს  ამ სისხლით მორწყულ ასპარეზზე. ქართველ ხალხს ისტორიული ტკივილები დაუყუჩდა და იმანაც გუშინდელი კაეშანი გასართობ სანახაობად გადააქცია. ყეენობა სწორედ ასეთი გასართობია. ჩვენს ხალხს ისე არაფერი უყვარს, როგორც მასიური გასართობი... კარჩაკეტილი, ოჯახის ვიწრო ფარგალსი მოქცეული გართობა მის გაშლილ ბუნებისათვის ბორკილს წარმოადგენს. დღეობა, ლხინი, ჯირითი, ბურთი, - ყველგან მასსიურობა, ყველგან წყურვილი მასსიური მოლხენისა. ყეენობაც ერთი კეთილშობილი გამოხატულებათაგანი იყო ამ მასსიური გართობისა, და სწორედ, ამითაც უნდა აიხსნას ის ფაქტი, რო ხშირად ჩვენი პოეტები და საზოგადოების ცნობილი პირნი ყეენობის უმთავრესი პერსონაჟებად ჰხედავდნენ. ერთი ასეთი გრანდიოზული ყეენობა მოწყობილი იყო გრიგოლ ორბელიანის გეგმით და ხარჯით მისი მთავარმართებლობის თანამდებობის ასრულების დროს, ხოლო უკანასკნელი ყეენობა მოწყობილ იქნა ჩვენი თანამედროვე პოეტის გრიგოლ აბაშიძის უშუალო მონაწილეობით.

და, არც ვიცით, კარგია თუ ცუდი, რომ ეს მასსიური გასართობი დავიწყებას მიეცა და მოლხენა ოთახის ვიწრო ჩარჩოებში მოექცა?!


სტატიის ავტორი - იოსებ გრიშაშვილი;
სტატია აღებულია  - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამომცემლობა „სახელგამი“, 1927 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014