ხეთური დაკრძალვის რიტუალი და პარალელები ქართულ სამყაროსთან
ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებთან გარკვეული კავშირები ჰქონდათ. ეს კავშირები პროდუქტის გაცვლა-გამოცვლით და არქიტექტურული თუ სხვა კულტურული გავლენებით არ შემოიფარგლებოდა. მსგავსებებს ვხვდებით ყოველდღიურ ყოფასა და ტრადიციებში. კერძოდ, ამ შემთხვევაში დაკრძალვის რიტუალზე შევჩერდები. ალბათ გასაკვირი არცაა ის, რომ მცირე აზიაში ძვ.წ. @II ათასწლეულის შუა ხანებში გავრცელებულ დაკრძალვის რიტუალს ძალიან ბევრი პარალელი მოეძებნება ამავე პერიოდის ძველი სამყაროს სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის სამხრეთ საქართველოს რეგიონთან.
კარგადაა ცნობილი, რომ სინქრონული პერიოდის თრიალეთური კულტურის ელიტარისტული საზოგადოების დაკრძალვის რიტუალი ბევრ საერთოს იჩენს ხეთური დაკრძალვის წესებთან. უპირველეს ყოვლისა, ესაა მიცვალებულის კრემაცია, რაც აქამდე უცხო იყო სამხრეთ კავკასიის სამყაროსთვის. მიცვალებულის დაკრძალვა მისთვის მოწყობილ სპეციალურ ქვის სახლში, რომესაც თრიალეთური კულტურის აღმომჩენი აკად. ბორის კუფტინი ანალოგიურად მიიჩნევს ყორღანქვეშა ნაგებობასთან თრიალეთში – ე.წ. დასაკრძალავ დარბაზებთა.
რაც ყველაზე საინტერესოა ვაწყდებით პარალელებს თანამედროვე საქართველოს მთიანეთში არსებულ მიცვალეულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებთან.
ამ თემაში საუბარი გვექნება კავშირებზე კონკრეტულად ხეთურ და ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ დაკრძალვის რიტუალებს შორის.
ხეთებს მეტად საინტერესო დაკრძალვის რიტუალი ჰქონდათ, რომელიც დაახლოებით ცამეტ-თოთხმეტ დღეს გრძელდებოდა. ამ რიტუალის ამსახველი ტექსტი შემორჩენილია ბოღაზქოის ლურსმულ არქივში. ტექსტის სრულად გამოქვეყნება შეძლო გერმანელმა ხეთოლოგმა ჰ. ოტენმა. მან 1958 წელს გამოაქვეყნა ყველა ხეთური ტექსტი ტრანსლიტერაციითა და თარგმანით.
რიტუალის ტექსტის შინაარსის დაწვრილებით გადმოცემა ძნელია, რადგან ზოგიერთი ფირფიტა ძალიან დაზიანებულია და კარგად ვერ იკითხება. გარდა ამისა, ტექსტის ზოგიერთი ადგილი ჩვენთვის გაუგებარია. ესენია ძირითადად შელოცვის ფორმულები და რიტუალის ჩატარების დროს წარმოთქმული მაგიური სიტყვები. ამ მაგიურ სიტყვებს თუ შელოცვებს ალბათ მათი გაგებით ღვთაებრივი ძალა ჰქონდათ და ისინი ჩვეულებრივი მოკვდავთათვის გასაგები არ უნდა ყოფილიყო. თავს იჩენს ფილოლოგიური ხასიათის სიძნელეებიც: გვხვდება ისეთი ხეთური სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, არის გამოთქმები, რომელთა ზუსტი თარგმანი გაძნელებულია და სხვ. მიუხედავად ამის, მაინც ხერხდება რიტუალის თითქმის დაწვრილებითი შინაარსის წარმოდგენა.
შევეხები რიტუალის მხოლოდ იმ ადგილებს რომლებიც პარალელებს პოულობენ ქართულ სამყაროსთან. წარმოვადგინოთ ზოგიერთი მათგანი:
დაკრძალვის რიტუალის პირველი დღის ტექსტი შემდეგი სიტყვებით იწყება:
,,იმ დღეს, როცა იგი ღმერთი გახდება, შემდეგს აკეთებენ: დაუკლავენ გუთნის ხარს (დაკოდილს) და მის სულს შესწირავენ. დაკვლისას შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამენ: `რათაც შენ იქმენ, იმათვე იქმნეს (ხარიც) და შენი სული მას დაუტოვე~.
მსგავსი ტრადიცია ჰქონდათ ფშავში: აქ მძიმე ავადმყოფობის დროს იციან `ყელის მოხვევა~ და ამისათვის ავადმყოფთან მიიყვანენ ხარს ან ცხვარს. ავადმყოფი მას ყელზე ხელს მოხვევს და ლაშარის ჯვარს შეევედრებიან: `დიდებულო წმინდა გიორგი, შენ უშველე, შენ უმეშვლე (იტყვიან ავადმყოფის სახელს) შენ სახელად და ამ კაცის სამეშვლოდ~ და სხვ. ხარს რქაზე ჭდეს უკეთებენ და შუბლს კი სანთლით შეტრუსავენ. ხატობას ამ ხარს ხატში მიიყვანენ, ხევისბერი დაამწყალობებს და იქვე დაკლავენ.
ხეთური დაკრძალვის რიტუალის პირველი დღის ამსახველ ტექსტში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც მიცვალებულს ეტლით კრემაციის ადგილამდე გადაიყვანენ, ,,აძლევენ მას ხელის ,,განსაბან” წყალს”. როგორც ჩანს აქ მიცვალებულის განბანაზე უნდა იყოს საუბარი.
,,მიცვალებულის გადაყვანა კრემაციის ადგილამდე ხდება (როგორც ჩანს, საბრძოლო) ეტლით, შუალედური სადგომის _ კარვის გავლით. ამის შემდეგ აძლევან მიცვალებულს ხელის `განსაბან~ წყალს."
ხევსურეთში კი ადამიანის გარდაცვალებისთანავე ნარევები (დასახმარებლად მოწვეული უცოლო ახალგაზრდები) მიცვალებულს ტანს დაბანენ, თმა_წვერს შეუსწორებენ და კარავში დაასვენებენ, რადგან თვლიან, რომ მკვდარი სხეული უწმინდურია.
ხეთური რიტუალის მესამე დღეს, კრემაციის შემდეგ, ძვლებს აგროვებენ და აწყობენ მათ განწმენდილი ზეთით სავსე ვერცხლის თასში. შემდეგ იღებენ ძვლებს ზეთიდნ, ახვევენ შალის ქსოვილში და თუ მამაკაცის ძვლებია აწყობენ სავარძელში, ხოლო თუ ქალის _ უზურგო სკამზე. იმ სკამის წინ, რომელზედაც ძვლებია დალაგებული, დგამენ მაგიდას. მაგიდაზე აწყვია ცხელი პური და სხვა სანოვაგე, რითაც უმასპინძლდებიან, მათ ვინც იყო მოსული ძვლების შესაგროვებლად. ტრაპეზობა სრულდება მიცვალებულის გვერდით. შდრ. ფშავში მას შემდეგ, რაც მიცვალებულს დაკრძალავენ, რამდენიმე რიგი უნდა გადაიხდონ. ამისათვის მიცვალებულს ოჯახში `ლოგინს~ ან `სატირელს~ უდგამენ, რომელზედაც გაშლილია მიცვალებულის ტანისამოსი და ქალის მოჭრილი ნაწნავები. მიცვალებულის ლოგინი გამართულია სახლის ერთ კუთხეში. აქვე უდგას ხელადა არაყი ან ღვინო, წყალი, პური და თხილ-კაკალი. სატირელის პურს სულიწმინდისას აცხობენ, მსგავსი რიტუალი სრულდებოდა ხევსურეთშიც: ისინი ოთახის ერთ კუთხეში ტახტზე გაშლიან მიცვალებულის ტალავარს, სანთელს დაუნთებენ და საჭმელსაც დაუდგამენ. მოკეთეები სატირლად რომ მოვლენ, ამ ტალავარს სახლის ბანზე გაიტანენ და დაიტირებენ.
ხეთური რიტუალის მეშვიდე დღის ცერემონიალში ნახსენებია, რომ, მას შემდეგ რაც მიცვალებულის ხატებას დაწვავენ, ცალ-ცალკე წვავენ შესანიშნავ/საზეიმო სამოსს, ხევსურები კი წლისთავზე მიცვალებულის სამოსს აუცილებლად გააჩუქებენ, თუ მიცვალებულს ისეთი ახლობელი არ აღმოაჩნდა, რომელსაც ტანისამოსს აჩუქებს, მაშინ ჭირისუფალი ტანისამოსს ხატში ყაბაღში ჩადგამს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხეთური ტექსტები ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლების დაკრძალვის რიტუალს ასახავს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რიტუალში ნახსენები შესანიშნავი სამოსი სწორედ გარდაცვლილს ეკუთვნოდა. ასე რომ. ორივე შემთხვევაში გარდაცვლილის ტანისამოსი უნდა მოეშორებინათ.
ხეთურ ტექსტებში ხშირად არის ნახსენები საკლავის ღვიძლი ან შიგნეულობა, რომელსაც მიცვალებულს აძლევენ საჭმელად. ხეთური ტექსტის მეშვიდე დღის ცერემონიალში შემდეგს ვკითხულობთ:
,,ხატებას (ხილისგან ან ხორბლისგან დამზადებული მიცვალებულის გამოსახულება) სწირავენ ერთ ცხვარს და რვა ხარს. თითოO ცხვარს სწრავენ მიწის მზის ქალღმერთს, დიდ დედას და მამას, `სასიკეთო (კეთილ) დღეს~, ერთ ცხვარს და ერთ მსხვილფეხა პირუტყვს კი მიცვალებულთა სულებს, ხოლო `როცა ისინი ღვიძლს უკან დააბრუნებენ, მიცვალებულს აძლვენ საჭმელად~. იგივე მეორდება რიტუალის მეთორმეტე და მეცამეტე დღეებში.
ხევსურები საკლავის ღვიძლს იყენებენ საპირისხვნოს და პირის ჭერის წესების შესასრულებლად. ამისათვის ჭირასუფალი და ნარევები ამ ღვიძლს სამჯერ მოკვნეტენ და ისევ გადმოაფურთხებენ.
ჩვენ შეიძლება ცალკე გამოვყოთ ის საჭმელები და სასმელები, რომლებიც რიტუალის მთელი მსვლელობის დროს გამოიყენება. ხეთებთან და მთაში გამოყენებულ საჭმელ-სასმელებს შორისაც შეიძლება აღმოვაჩინოთ საერთო. ხეთებთან ძალიან ხშირია მსხვერპლშეწირვა, რომელიც რიტუალის სხვადასხვა დღეებში სრულდება. მსხვერპლს სწირავენ სხვადასხვა ღვთაებებს, მიცვალებულსა და დიდ დედას და მამას (შესაძლოა იგულისხმება წინაპრები). შესაწირი შეიძლება იყოს როგორც საკლავი _ გუთნის ხარი (დაკოდილი), თხა, ან თხის თიკანი, და ცხვარი _ რომლის ღვიძლსაც მიცვალებულს აძლევენ `საჭმელად~, ასევე სხვა სანოვაგე _ პური, ხორბალი, და აგრეთვე სასმელები _ განწმენდილი წყალი, ღვინო, ლუდი, საღვთო სასმელი.
დაკრძალვის რიტუალის სხვადასხვა დღეებში სრულდება ცალკეული რიტუალები, რომელთა შესასრულებლადაც სხვადასხვა სანოვაგეა საჭირო. კრემაციის შემდეგ ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენება: ლუდი, ღვინო და ვალხი (სარიტუალო სასმელი). კეთდება მიცვალებულის ხატება: თუ კაცია ხილისგან, ხოლო თუU ქალია _ ხორბლისგან. ერთერთი რიტუალის დროს წვავენ მარილს და განწმენდილი ზეთით სავსე ჭურჭელს, სხვა დღეს კი თითო თას ღვინოს და ლუდს დაამსხვრევენ, ცხელ პურს, კვერსა და ყველს დაამტვრევენ. რიტუალები სრულდება აგრეთე ყურძნით, ნამცხვრითა და ყველით. ნახსენებია აგრეთვე `ხაფუსთია~ სასმელი, რომელსაც, როგორც ჩანს, ზამთარში ასხამენ და ინახავენ. გვხვდება ერთმანეთში არეული სხვადასხვა ხილიც და ე.წ. `მეომართა პურები~.
საკლავის დაკვლა მთაშიც ძალიან გავრცელებულია. საკლავს კლავენ მიცვალებულის დაკრძალვის შემდგომ წლის სხვადასხვა დროს ჩატარებულ რიტუალებში. საკლავი აქაც ხარი ან ცხვარია, რომლის ღვიძლსაც ჭირისუფალი და ნარევები სამჯერ მოკვნეტენ და შემდეგ ისევ გადმოაფურთხებენ. იმ საჭმელებიდან, რომლებიც ხეთებთანაც გვხვდება, შეიძლება აღვნიშნოთ აგრეთვე: პური, ხილი, კვერები, ქადა. სასმელებიდან: წყალი, ღვინო და ლუდი.
ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულია სხვა ფაქტებიც, რომლებიც პარალელს პოულობს ხეთურ დაკრძალვის რიტუალთან. ქართლის სოფლებში XX საუკუნის დასაწყისშიაც შემორჩენილი იყო შემდეგი წესი: მიცვალებულს გულზე და მუხლებზე უწყობდნენ ახალ გამომცვარ პურს, შემდეგ აიღებდნენ ამ პურს და დაურიგებდნენ ჭირისუფლებს. ამავე დროს მიცვალებულის თავთან შვიდი დღის განმავლობაში, ვიდრე დასვენებული იყო თავის სახლში, ენთო ზეთის ჭრაქი. საინტერესოა აგრეთვე ერთი წესი: როდესაც სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ მიცვალებულს, რომელის სახლის წინაც გაატარებდნენ, იმ ოჯახის წევრი გამოიტანდა ნაცარს, დაყრიდა ძირს და წყალს ასხამდა. ეს უნდა იყოს საკრემაციო კოცონის ჩაქრობის შემორჩენილი იმიტაცია.
და ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხეთური დაკრძალვის რიტუალის ტექსტში, მიუხედავად მისი მრავალმხრივი შესწავლისა, ბევრი საინტერესო და გამოსაკვლევი საკითხია, მათ შორის, ალბათ, საგანგებოდ უდნა აღინიშნოს, რომ ხეთურ-თრიალეთური დაკრძალვის რიტუალის კვლევა, სადაც მთელ რიგ მნიშვნელოვან მომენტებზე, როგორერბიცაა – დასაკრძალავი ეტლის მონაწილეობა რიტუალში, კრემაცია, დასაკრძალავი სამარხ – ნაგებობები და სხვა – განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ზოგადად დაკრძალვის რიტუალი ერთი ერთია იმ რიტუალებს შორის რომლებშიც ხდება ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა. და შესაძლებელია სწორედ ამით აიხსნას გარკვეული მსგავსებები და პარალელები ზემოთ აღწერილ ორ რიტუალს შორის.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. მ. ბერიაშვილი, „დაკრძალვის რიტუალი ხეთებთან“
2. გ. თედორაძე, „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“, თბილისი, 1930წ
3. Gurney O, “The Hittites”, 1966, gv. 164-170.
4. Klengel E. und H., „Die Hethiter“, Munchen, 1970, page 155-164
5. Otten H., „Hethitische Totenrituale“, Akademie-Verlag. Berlin, 1958.
6. Б. Куфтин, “Археологические раскопки в Триалети”. Тбилиси. 1941г.
სტატიის ავტორი - ნინო ახუაშვილი.
მასალა აღებულია – „ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების შრომები 3“. თბილისი, 2007წ.
აკად. გ. გიორგაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ასირიოლოგთა და ბიბლეისტთა I სტუდენტური კონფერენცია.
|