თუშური საქორწილო ტრადიციის ზოგი თავისებურების შესახებ

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით მეტად მდიდარი სპეციალური ლიტერატურა არსებობს დაწყებული თამარის ისტორიკოსიდან და დამთავრებული ჩვენი დროის მკვლევრებით.
ზოგადქართული საქორწილო რიტუალის მსგავსად თუშეთში საქორწილო რიტუალის რამდენიმე საფეხური დასტურდება. ესენია: 1. დაკვალვა-გარიგება, 2. დაწინდვა, ანუ ნიშნობა, 3. საპატარძლოსთან გამოთხოვება, 4. ქორწილი და 5. საპატარძლოს სამუშაოზე გაყვანა.
აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებული ხალხური წეს-ჩვეულებანი და ლექს-სიმღერები საქართველოს ყველა კუთხეს თანაბრად როდი შემორჩენია. რაც ერთგან გამქრალა, მეორე მხარეს დაუცავს და ამდენად, ისინი მაინც ავსებენ ერთურთს და ზოგად ქართულ საქორწილო წეს-ჩვეულებებსა და მის თანმხლებ პოეზიაზე ერთიანი წარმოდგენის შემუშავების შესაძლებლობას გვიქმნიან.
თუშეთში ხატობა-დღეობებში ხდებოდა მშობლების მიერ თავიანთი სარძლო-სასიძოების შერჩევა. თუ მშობლები მოიწონებდნენ ქალ-ვაჟს, მაშინ საქმის მოსაგვარებლად `მარჯაკალს~ (შუამავალს) აგზავნიდნენ.
ქართულ ყოფასა და პოეზიაში განსაკუთრებით გამოკვეთილია `მაჭანკლის~ სახე, მისი ფუნქცია საქორწილო ცერემონიალში. გამწარებული თუში ქალი ასე მოსთქვამს მაჭანკალზე:

`ავტირდე, როგორ ავტირდე, შავი და ბნელი ქალიო,
გვერდითა ჩამომისვიან სიკვდილისფერი ქმარიო,
კუპრშიაც ამოდუღდება, ჩემი მაჭანკლის სულიო,
რად შეველ ეკლესიაში, რად დავიწერე ჯვარიო~.

ზოგჯერ შეყვარებული ქალ-ვაჟი თვითონ აგვარებდა თავიანთ საქმეს, თითქოსდა ყველაფერი რიგზე იყო, ისინიც თავს ბედნიერად გრძნობდნენ, მაგრამ უცებ მაჭანკალი ჩაერეოდა და მათი ცხოვრებაც უკუღმა დატრიალდებოდა:

`ზევიდან ჩამოვიარე,
თან ჭრელს მოვქსოვდი წინდასა,
შენ ცოლის თხოვა გავიგე,
სამჯერ ავხკმიჭე მიწასა,
შენ მარჯაკალი ვინ იყო,
დიდხანს ნუმც ივლის მიწასა~.

მაგრამ წინათ თუშეთის ახალგაზრდობა ასეთ საშუალებასაც მოკლებული ყოფილა და მათი ბედი დედის მუცლად ყოფნისას წყდებოდა. ამას ადასტურებს ტერმინი `მუცლათ შეთქმა~. აღნიშნული ჩვეულება ცნობილი ყოფილა მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარაშიც `ბეშიქ იარადგას~ სახელით. სამეგრელოში იგივე წესი `ონწე-შიკოდგუმად~ იხსენიება, ფშაველებში კი `მუცლად დაქორწინება~ რქმევია. აკვანში დანიშვნას ძველად მთიულებიც მისდევდნენ, მაგრამ ყველაზე ნათლად ეს ტრადიცია მაინც ხევმა, ხევსურეთმა, მთის რაჭამ, სამეგრელომ, სვანეთმა, ფშავმა და თუშეთმა შემოგვინახა:

`აკვნიდან ჩემი გოდერძი,
მის სიძედ დამინიშნია~.
_ ვკითხულობთ ვაჟა-ფშაველასთან.

აკვანში დანიშვნის ტრადიციაზე, როგორც ზოგად-კავკასიურ მოვლენაზე მიგვანიშნებს ნართული ეპოსიც. როგორც ტექსტიდან ჩანს, ნართების გმირი სოსლანი აკვანშივე ყოფილა დანიშნული მზის ასულ აცირუხზე. `ხომ იცი, სოსლან, რომ შენს საცოლედ აკ-ვანშივე დავნიშნეთ მზის ასული აცირუხი~, _ ეუბნება თავის ვაჟს სანათა (ჩიქოვანი 1937: 47). მცირეწლოვანთა დანიშვნა ყოველთვის როდი ამართლებდა; პირიქით, უმეტესად უბედურების მომტანი იყო ახალგაზრდებისათვის. ამ ნიადაგზე იყო თვითმკვლელობების შემთხვევებიც. მოვიტანთ გამწარებული თუში ქალის სიტყვებს:

`გუდანთას მოწყდა მარსკვლავი, ჯვარბოსელს დაჯდეს წყალზედა,
ვინა ხარ სულეთს რომ მიხვალ, თმაზე რომ ისვამ ხელსაო,
იქნება ხუცოს ანაი, მამისძმის გაჯავრებული.
მე წინავ გითხარ ბიძაო, მე ქმართან აღარ დავდგები,
ავდგები, თავსა მოვიკლავ, შენ ჩემს ცოდვაში ჩადგები,
სულეთს გიჩივლებ ბატონთან, მე ქალ ტირილად შავდგები,
გიჩივლებ, გადაგახდევენ, შენ ჩემ მსახური გახდები~.
(მაკალათია 1983)

ქალის ძალად გათხოვების შესახებ მრავალ ლექსს ვხვდებით თუშურ პოეზიაში. დანიშვნისას ქალი და ვაჟი ერთმანეთს არ იცნობდნენ, რაც ქმნიდა იმის პირობას, რომ ნიშნობა-ქორწინება მშვიდობიანად არ დამთავრებულიყო:

`ლექსის ამოთქმას ვაპირებ
ალვანში თუშის ქალია,
მე გამათხოვეს ძალადა,
ახლა გავიცან ქმარია.
(თსუფა 5344)

თუში ქალი ხშირად ვერ გამოამჟღავნებდა თავის დამოკიდებუ-ლებას საკუთარი ბედის მიმართ, უშფოთველად გალევდა თავისი ცხოვრების დღეებს, პროტესტი კი ითქმოდა ლექსებში:

`ბოროტის ციხეს ავაგებ, სულ თქმა გარს გალავანია,
ჩემ დედამ ჩემის შობისად ცივნ რად არ შობნა ქვანია,
ანამ წყალთ რად არ გაუყვა ჩემ-დ აკავანია.
გევალებოდეს მთხოვრები, ქალი-დ შიგ ვირჩევი ქმარსაო,
მიმციან უნდობელასა, თავისივ ნალანძღ ყმასაო~.
(თსუფა 5345)

მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ხდებოდა ისიც, რომ ქალი ვერ `შეშჩვევდა~ თვალს თავის ქორწილში გაცნობილ მეუღლეს, აუმხედრდებოდა თავსი ხვედრს, მიატოვებდა ქმრის ოჯახს და მამის სახლს დაუბრუნდებოდა. იქ მას თანაგრძნობით არავინ შეხ-ვდებოდა: მან შეარცხვინა არა მარტო ქმრის ოჯახი, არამედ მამისაც. მან `ცუდ-ჭური~ დაირქვა. შელახული სახელის აღდგენა ძალიან ძნელი იყო, ამიტომ საქმე თვითმკვლელობითაც კი მთავრდებოდა ხოლმე. ეს ტრაგიკული ამბები მრავალმა თუშურმა ნატირალმაც შემოგვინახa:

`გათენდ აღათო, გათენდ, მთის წვერთ მზე მოივიდავ,
რადაღ გძინავსავ ძროხას გაღრეკვენავ,
დედის თავმოკლულო, დედა მოგიკვდესავ,
იარ, აღათო, იარ, ვიღას ელოდებივ,
აღარ მოგივლენავ კვაკლოველი ბიჭებივ,
ნეფეიმ სიდ გყავა, დასაბნელებელივ...
დაგიღამდებისავ, დაგეშინებისავ,
`ცუდ-ჭურ~ დაგეთქმისად, გარევ შეგვარცხვენავ~ .
(აზიკური 1986:30)

წინათ თუშეთში ქალი რომ საქმროს დაიწუნებდა, დანიშნულის გაყოლაზე უარს იტყოდა ან გათხოვილი ქმრის ოჯახს დატოვებდადა მამის სახლს დაუბრუნდებოდა, ქმარეულები მას `კვეთილაში~ ჩააგდებდნენ, შვიდი წლით სხვაზე გათხოვებას აუკრძალავდნენ, ასეთ ქალს `კვეთილიანი~ ერქვა.
`კვეთილიანი~ ქალის მოყვანის მსურველს საკმაოდ დიდი გამოსასყიდი უნდა გაეღო ძველი ქმრის ოჯახის სასარგებლოდ. ხდებოდა ისიც, რომ განაწყენებული `ქმარეულნი~ არავითარი გამოსასყიდის ფასად არ მოხსნიდნენ ქალს `კვეთილს~. მაშინ ახალი საქმრო მას მოიტაცებდა, რაც ოჯახებს შორის მტრობის საბაბი შეიქმნებოდა. ეს მოვლენა მშვენივრად ჩანს თუშურ ლექსებში:

`ჩემეულადაც უთხრიდით კვეთილიანისა ქალსაო,
შავ დაიხუროს მანდილი, გამოდგეს დარიფანსაო,
ლურჯი ჩაიცვას ჩოხაი, გულს ნუ ჩაიყრის ჯავრსაო,
გაზაფხული რო მოალის, მიწას ამოვხვევ ცხვარსაო,
ქალ დაგიხსნ კვეთილიანსა, შიშაქს გადაუთვლ ცხვარსაო,
თუ იმასაც არ დამჯერდეს, მხართ ავიყრ იარაღსაო,
თუ არცა იმას დამჯერდეს, უღელთ გაუყრი ხართაო.
თუ იმასაც არ დამჯერდეს, მემრე კი ვკითხავ ხმალსაო,
შენთა მამულსა ზავს მივსცემ, ალუდს უდუღებ სვიანსა,
მაგ შენთა მონას ქმარევთა ხმალთა ვანახვებ ფხიანსა,
აზდგიდიდ გამოგიტაცებ, როგორც მთაშია ნიავსa~.

თორღვამ გადამთიელი ვაჟუსძე მოკლა, რომელიც თურმე დიდ ზიანს აყენებდა თუშეთს. გამარჯვებულ გმირს სახელს ულოცავენ, ხოლო მისი გმირობის მეხოტბე თუში ქალი თორღვას შეუღლებას ნატრობს: `ცოლადა წამაგივიდოდ, მაგრამ ვარ კვეთილიანი~.
აი, კიდევ ერთი `ცუდ-ჭირიანი~ ქალის ისტორია: `დოჭუელი ქალი _ კეჟელაური მიუთხოვებიათ დანოელი ჯარჯის ლუხუმისათვის. `ქალო, შენ კეჟელაურო, თმაგრუზო, კოწოლწითელო, მიგციან ჯარჯის ლუხუმსა-დ ქალსა-დ არ მიგიჩნდ ქმარადა~.
სამკალში ნამყოფი ქალი გამოჰპარვია ქმრის ოჯახს. ადიდე-ბულ მდინარეს რომ მისდგომია, დამჯდარა და ტირილი დაუწყია: `დართლოსწინ წყალსა მოატან ადიდებულსა ღვარად, დავჯედ დავიწყე ტირილი, ცრემლებ ჩამომდის ცხარად~.
ამ დროს გამოუვლია ქიმიჩაურ ლაგას, რომელსაც ატირებული ქალი ცხენის გავაზე შემოუსვამს და წყლის გაღმა გაუყვანია: `ლამაზო ქიმინჩაურო, შენამც შერჩები დედასა,
წყალსა შენ გამომიყვანე, ცხენის შემისვი გავასა~.
ვიღაცამ დაინახა, რომ ლაგაზმა _ ქმარსგამოქცეული ქალი ცხენის გავაზე შესმული გაიყვანა წყლის გაღმა. ჭორი ითქვა, რასაც ქალი ფიცითაც ვერ ამტკიცებს. ქალს `ცუდ-ჭური~ დაერქვა.
გავიდა ხანი. ლაგაზი დოჭუელთა ათინგენობაში მისულა სტუმრად. იქ არის ჯარჯის ლუხუმის ნაცოლარი. `ცუდ-ჭურიანი~ ქალი თავმოხრით ზის. კაცების ჯარზე მჯდომ ლაგაზს ქალმა სიმღერით უთხრა მადლობა, თანაც სთხოვა, მასაც ფიცით დაედასტურებინა დათქმული ჭორი. ლაგაზი ამდგარა, საწდეზე მათრახი დაუდვია და ხელში ლუდიანი თასით საჯაროდ უთქვამს ფიცი (ცოცანიძე 1987:217).
ამდენად, თუშური საქორწილო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისაგან განსხვავებულიცაა, მიუხედავად ამისა, მსგავსებაც ბევრია.

 



სტატიის ავტორი – მარიამ ბაკურიძე;
სტატია აღებულია კრებულიდან – `ქართული ფოკლორი~, 5 (XXI), თბილისი, 2010წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014