თუშეთის ისტორიული წარსულიდან
ლეონტი მროველის ცნობებით თუშეთი ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიული ერთეულია.
ვახუშტი ბაგრატიონის მონაცენებით ეს კუთხე გეოგრაფიული საზღვრებით, მდინარეებით, ხევებით და სხვა მონაცემებით უფრო გამოკვეთილადაა წარმოდგენილი „ხოლო თუშეთი არს, აღნიშნავს იგი, - ლოპოტის, თორღისა და პანკისის აღმოსავლით, კავკასიის მთის ჩრდილოეთ კერძოთა წინა, და არს ორს ჴევად და მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის შუადამ აღმოსავლეთის - სამჴრეთის შორის და უდის შორის მდინარე თჳსი და მიერთვის სონა მდინარეს, რომელი განვლის ჩაჩანს და მიერთვის ბორაღანს თერგის მდინარეს“.
ავტორს თუშეთი ნაჩვენები აქვს კავკასიის ჩრდილოეთ მხარეს. აქ მხედველობაშია არა ცენტრალური კავკასია, არამედ მისი სამხრეთი ნაწილი. მისივე სიტყვებით; „...და მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის მუდამ აღმოსავლეთ სამჴრეთს შორის“.
თუშეთის შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით XVII საუკუნის საარქივო ჩანაწერებში, რომელთა მიხედვით პირიქით თუშეთის ცენტრია სოფელი ფარსმა, ხოლო ჩაღმისა კი სოფელი ომალო.
XIX საუკუნის დასაწყისში გომეწრის თემში შედიოდა 18 სოფელი, სადაც ცხოვრობდა 195 კომლი 1067 სულით, ხოლო წოვათის თემში 4 სოფელი 252 კომლით 1211 მცხოვრებით.
აღნიშნულ თემებში შემავალ სოფლების გარდა, წოვათში დგინდება კიდევ სამი სოფელი: ნადირთა, ნაზართა და შავწყალა, რომლებიც ამჟამად არაა შემორჩენილი მათი აღდგენის საშუალებას კი თუშეთის დასახელების მეურნეობრივი პრინციპი იძლევა.
ამ დასახელებულ პუნქტებს სამეურნეო ადგილები ჰქონდათ. მას საფუძვლად ედო ერთიანი ინტერესები, რაც სათიბების, საძოვრების, სახნავი მიწებისა და მდელოების გამოყენებაშიაც შეიმჩნევა.
წოვათის, პირიქითის, გომეწრისა და ჩაღმის თემებს საკუთარი სალოცავები ჰქონდათ. ეს ოთხი საზოგადოება ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო გეოგრაფიული საზღვრებით. თუშეთში მოედინება პირიქით - ჩაღმის ალაზანი და წოვათა - გომეწრის ალაზანი. აქედან პირველი მდინარე ბორბოლა - ნაროვნის, ხოლო მეორე ქვახიდის მთებიდან იღებს სათავეებს. ისინი სოფელ ომალოს გეოგრაფიული მასივის აღმოსავლეთით უერთდებიან ერთურთს და ამის შემდეგ ანდის ყოისუს სახელით, დაღესტნისაკენ იღებენ მიმართულებას.
საარქივო მონაცემებით დასტურდება, რომ პირიქითის, გომეწრის და ჩაღმის თემების ერთ ნაწილში მოსახლეობის შერევის პროცესი დიდი ხნით ადრეა დაწყებული. აქ ორმხრივი პროცესი შეიმჩნევა: ერთი მხრივ, გვარის შიგნით ახალი ოჯახი იქმნება, ხოლო მეორე მხრივ მეზობელი ტომებიდან თუ ბარის ადგილებიდან თემში ახალი ოჯახის ჩასახლებას ჰქონდა ადგილი.
თუშები მომთაბარეობით მეურნეობას მისდევდნენ, რაც მეცხვარეობის მაღალი განვითარებით იყო გამოწვეული. ისინი ბარის ადგილებში ბინადარ ცხოვრებას ეწოდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში თუშების ერთი ნაწილი (წოვა თუშები) კომპაქტურად ცხოვრობენ ალვანის, ბახტრიონისა და პანკისის მდელოებზე. როგორც აღინიშნა, აქაც შეიმჩნევა გვართა შერევის ზოგიერთი ნიშნები. სალოცავი, საძოვარი, ტყე, წყალი, საერთო აქვთ.
თუშები დასახლების დროს მთავარ ყურადღებას ადგილის შერჩევას აქცევდნენ. ეს ტრადიცია თუშეთში დამკვიდრებული იყო ბუნებრივ სტიქიებისაგან თავდაცვის მიზნით. თუშეთში საძოვრები სამ ნაწილად იყოფოდა: ხევის სანაპირო, ალპური და სუბალპური. პირველ და მეორე ზონაში მსხვილფეხა რქოსანი: ცხენი, სახედარი და დედა ცხვარი ბალახობდა. სუბალპურზე: ბატკანი, ბერწი, შიშაქი, ჭედილა და ყოჩი. სახნავი და სათიბი ადგილები სოფლების ახლოს იყო გამოყოფილი.
მსხვილფეხა მესაქონლეობის განვითარებამ არსებითი ცვლილებები მოახდინა თუშეთის დასახლების ტოპოგრაფიაში. სოფლიდან დაშორებით აშენდა საბოსლეები, მათ გამოიწვია სოფლის მობინადრეთა ერთი ნაწილის პირუტყვის მოსავლელად გადასვლა მეორე ადგილზე მაგალითად, შავწყალაში, ალაზნისთავში, ჯვარბოსელში, ომალოში და სხვაგან. შავწყალაში იზამთრებდა როგორც ადგილობრივი, ასევე სოფელ ინდურთის პირუტყვის ნაწილი; ალაზნისთავის ბოსლებში სოფელ საგირთის ეთელტის, ინდურთის მსხვილფეხა პირუტყვის ერთი ნაწილი (ბერწი, მოზარდი, ხაროვანი), ხოლო სოფელ ჯვარბოსლის ბოსლებში სოფელ წაროს მობინადრეების პირუტყვი.
თუშების ეკონომიკის განვითარებაში მეცხვარეობას რომ წამყვანი ადგილი ეკავა, ამას თავის დროზე ვახუშტი ბაგრატიონიც მიუთითებდა: „არამედ კახეთის თუშნი აქუთ ზაფხულს თჳსთა მთათა შინა საძოვარი და ზამთარს ჩამოვლენ გაღმა - მჴარსა (მხედველობაშია წოვა-თუშები-დ.შ.) ინახავენ ცხოვართა სიმრავლესა, ვინა თგან შინა და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა“.
მკვლევარი თუშების მეცხოველეობის მომთაბარეობას ხაზს უსვამს და მიუთითებს: თუშები კახთა მეფეებს ემორჩილებოდნენო. ცხადია, მთათუშეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და კახეთის მეფეების გამგებლობაში შედიოდა და მეცხოველეობის მეურნეობის მომთაბარეობაზე, მის განვითარებულ ხასიათზეც მიუთითებს. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თუშების ეკონომიკაში გარკვეული კუთრი წონა მიწათმოქმედებას არ ეჭირა.
რ. ხარაძე და ალ. რობაქიძე სამართლიანად აღნიშნავენ, რომ თუშეთში, საქართველოს მთიანეთის სხვა რაიონების მსგავსად, მემინდვრეობა წარმოადგენდა მეურნეობის ტრადიციულ და მაღალგანვითარებულ დარგს. უდავოა, რომ როდესაც მთიულეთში (ისევე როგორც ხევში, თუშეთში) საქართველოს სასაქონლე მეურნეობა კაპიტალისტური განვითარების გზას დაადგა, მისი საფუძველი გახდა მესაქონლეობა ე.ი. მეურნეობის ის დარგი, რომელიც აქამდეც ყველაზე რენტაბელური იყო. ამან გამოიწვია სახნავი მიწების ერთი ნაწილის სათიბ-საძოვრად გადაქცევა.
წარმოდგენილი მოსაზრების სიზუსტეზე მიუთითებს წოვათის თემის სახნავი მიწების არსებობა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში ნაკლებად იხვნებოდა და საძოვრად იყო გადაქცეული.
მიწათმოქმედებასთან და მეცხოველეობასთან დაკავშირებული შრომა-საქმიანობა მტკიცედ იყო ურთიერთშეპირობებული. თიბვა, მკა, პირუტყვის მოვლა-პატრონობა და სხვა საქმიანობა წელიწადის დროის მიხედვით იყო განაწილებული.
თუშების მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა საცხოვრებელ და თავდაცვით ნაგებობს. აქ გვხვდება საცხოვრებელი სახლი, ციხე-სახლი, ქალაქის ტიპის სახლი, ბოსელი, ციხე და ციხე-გალავანი.
ქალაქური სახლი შედარებით მოგვიანო დროის ნაგებობაა. იგი ჩვეულებრივი სახლის მოდერნიზაციას უნდა წარმოადგენდეს. ამ ტიპის სახლები გვხვდება სოფელ ომალოში, შენაქოში, დართლოში, ფარსმაში და სხვა.
თუშეთში ოთხივე თემის მშენებლობის კულტურისათვის ძირითადი და დამახასიათებელი ნიშანია ციხისა და საცხოვრებელი ბინის დამოუკიდებლად მშენებლობის ტრადიცია, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში ეს ორი ნაგებობა მიდგმულიც გვხვდება. ეს ორო ნაგებობა ორფერდა გადახურვითაა, ხოლო ციხეს ოდნავ დაქანებული ცალფერდა გადახურვა ჰქონია. არის ისეთი კოშკებიც, რომლებიც ნაშენია დუღაბით და აქვთ კონუსისებური გადახურვა.
ს. მაკალათიას ცნობებით, თუშეთში არის ოთხსართულიანი კოშკოვანი სახლი. პირველ სართულს უწოდებენ ბაშტეს, მეორეს შუას, მესამეს ზედაშუას, მეოთხეს ჭერხოს. ანალოგიური საცხოვრებელი კომპლექსები გვხვდება წოვათის თემშიაც.
„...ამ მრავალსართულიან და უზარმაზარ სახლებში რამდენიმე კომლს უნდა ეცხოვრა და ძმათა შვილების თითოეული ოჯახი იქნებოდა ცალკე სართულებში მოთავსებული“. ავტორის ანალოგიურ სახლებად მიაჩნია ხევსურეთის ქვითკირი და სვანური გუბენდი. რ. ხარაძე და ალ. რობაქიძე ზემოთ მოყვანილ მსგავს მოვლენებს ინგუშურ „ღალ“-ში და ოსურ „განახ“-ში ხედავენ.
თუშეთში ოჯახის გაყრის შემთხვევაში ციხესახლი არ იყოფა მთიულეთის მსგავსად, იგი ერთი ოჯახიდან განაყარის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. ამ ძეგლების ერთი ნაწილი პატრონიმიულ ხასიათ ატარებს. წოვათში კირით ნაგები კოშკები არ გვხვდება.
თუშეთის ოთხივე თემს თავშეყრის საკუთარი ადგილები ჰქონდა. იყო ურთიერთშეხვედრის პუნქტებიც, სადაც საგვარეულო, ან სათემო საკითხები იხილებოდა მაგალითად: მეზობელ ტომებთან ურთიერთობაში წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხები. ეს ადგილი ტერიტორიულად ოთხივე თემის შუა ცენტრში იყო ამორჩეული მას თუშები ღელეს უწოდებენ. მდებარეობს სოფელ ომალოს თავში.
როგორც აღინიშნა , თუშეთის მატერიალური კულტურის ძეგლებით ძალზე მდიდარია. აქ არი სალოცავი ხატები და ეკლესიები. სალოცავთა შორის გვხვდება სამება, კოპალა, ცორულა, ხვთიშობელი, ლაშარი, მადოლი და სხვა. პირიქით გომეწრის და ჩაღმის თემებში გვხვდება წმინდა გიორგის ეკლესიები. ამ ძეგლებს ჰქონდა საკუთარი სახნავი, ტყე და სათიბი ადგილები. მაგალითად წოვათის საზოგადოების სამების ხატის სახნავი მიწიდან შემოსული მარცვლეულიდან დღეობისათვის ხდიდნენ ლუდს და არაყს, ხოლო თივას ყიდდნენ და ამით სახატე ინვენტარს იძენდნენ.
ხატის კუთვნილ ტყიდან (სოფელ ინდურთის აღმოსავლეთ ფერდობში) ჭრიდნენ შეშას, როცა დღეობა ახლოვდებოდა, ისევე როგორც მეზობელი მთიელები, თუშებიც ხატის მამულს (სათიბს, ტყეს, სახნავს) რიგრიგობით უვლიდნენ.
როგორც აღინიშნება, მთათუშეთის ოთხივე თემში ადგილი ჰქონდა მეზობელი ტომებიდან უცხო ეთნიკური ელემენტების შემოღწევას. ეს პროცესი ცალმხრივი არ იყო. ეს ტრადიცია ადეკვატური ჩანს როგორც ამიერ, ისე იმიერ კავკასიის მთიელებისათვის. ქართველი მთიელების ჩეჩნეთ-ინგუშეთში და დაღესტნის საზოგადოებაში შეჭრა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ ეს საკითხი გვარის უფროსთან სამსჯელი საგანი ხდებოდა და ამის შემდეგ იძლეოდა გვარში ახალი წევრის ან მთელი გვარის მიღების უფლება. ეს ცერემონიალი თემის ანდა გვარის შეყრის დროს თეთრი ხარის დაკვლით სრულდებოდა. უფროსთან შეთანხმების გარეშე უფლება არ ჰქონდათ მიწის ნაკვეთის მისაკუთრებისა. ანალოგიური მდგომარეობა იყო სათემო ნაგებობის მიმართაც.
თემს შეეძლო მოეკვეთა ამა თუ იმ გვარის წევრი, თუ კი ის ამას იმსახურებდა.
მეზობელი მთიელების მსგავსად, თუშეთის სოფლის თემი ერთი ხევის სოფელთა ერთობლიობას წარმოადგენდა, მაგალიტად წოვათის ქვაბნარში შედიოდა საგირთა, ინდურთა, ეთელტა, მოზართა, ნადირთა, ნაზართა, წარო და შავწყალა. სოფლებში გაშენებული იყო სისხლით ნათესაობის პრინციპზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალის გათხოვება სოფლის შიგნით არ შეიძლებოდა. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია მითითებული, „საქართველოს მთიანეთში შემოინახა ის უძველესი დროის გადმონაშთები, როდესაც ეთნიკური მთლიანობის დამახასიათებელი ტომობრივი გაერთიანებანი თავის შიგნით ცალკეული გვარების სახით, სისხლის ნათესაობის ნიადაგზე იყვნენ შეკავშირებული.
თუშების (წოვა-ჩაღმა) ყოფაში გვხვდება გვარის საბჭო და ტერიტორიული თემის წარმომადგენელთაგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც აგვარებდა თემის გვარის და მეზობელ ტომებთან ურთიერთობის საკითხებს: სისხლ-მესისხლეობას, მეზობელ ტომებთან ურთიერთობას, მიწის ფართობის განაწილებას, გაყრას, პიროვნების შეურაცხყოფას, გვარში ახალი წევრის მიღებას, ოჯახის წევრთა ურთიერთობას, საძოვრებისა და სათიბების განაწილების საკითხებს და სხვა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თუშების თემურ-გვაროვნული ტრადიციების აღმოფხვრის საქმეში ძირეული გარდატეხა მოხდა, მაგრამ იგი გადმონაშთის სახით სხვადასხვა ფორმებში მაინც ვლინდება, რომლის წინააღმდეგ საჭიროა სისტემატური ბრძოლა.
როგორც აღინიშნა, თუშეთის საკულტო, საცხოვრებელი, თავდაცვითი, სამეურნეო ძეგლებითა და სახნავ სათიბით, ტყით და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეებით საინტერესო კუთხეა, მაგრამ სადღეისოდ იგი მოსახლეობისაგან დაცარიელდა და ეს უნიკალური ძეგლთა კომპლექსები განადგურებამდე მისული, რაც დროულ ყურადღებას მოითხოვს.
სტატიის ავტორი – აბრამ შავხელიშვილი;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“ N45, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977 წ.
|