ტოპონიმ “მარეთის” ეტიმოლოგიისათვის
აჭარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მდინარეების - ჩირუხისწყლისა და უჩამბისწყლის აუზის გაერთიანებას-მარეთის ხეობას უწოდებენ. მას სამხრეთით შავშეთის ქედი, ხოლო აღ-
მოსავლეთით სხალთისწყლის ხეობა ესაზღვრება.
ხეობა ოთხი მხრით შერთულას//სხალთის, არსიანის, შავშეთისა და ღომა-წინაველის ქედებს შორისაა მოქცეული და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო დასავლეთისკენ მიემართება.
არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში მარეთის სახელწოდება სხვადასხვა ფორმითაა დამოწმებული: მირეთის ხევი (ყაზბეგი გ., 1960:97), მარატი (სახოკია თ.,1985:265), მირატის კუთხე (ჭიჭინაძე ზ., 1911:3), მარიტი (ჭიჭინაძე ზ.,1911:93), გირატი (გაზეთი “ივერია” 1983:№10), მარითი (რუსიძე შ, 1957, ქამადაძე მ.,1992), მარეთი (მამულაძე 1993, გოგიტიძე, ასეედ, 1993,რვ. №1) და ა. შ. ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვეობაში იყენებს ტერმინს “მარეთი”. ხეობაში ჩამავალი მდინარის სახელწოდებაც როგორც მკვიდრ მოსახლეობაში, ასევე მარეთის ისტორიით დაინტერესებულ მკლევართა შრომებში სხვადასხვა სახელწოდებითაა დამოწმებული: მარატის ხევი, მარითის წყალი (ბაქრაძე, 1987), ჩირუხისწყალი (მგელაძე 1962:113); ყარადერე (მგელაძე ნ., 1962:113); მარეთის წყალი (გოგიტიძე ზ., ასეედ, 2005,რვ. №2). მარეთის ხეობის მოსახლეობის ეთნოლოგიურ ყოფაში შეკრებილი მასალებით მდინარის სახელწოდების ყველაზე გავრცელებულ ფორმად ჩირუხისწყალი დასტურდება. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ჩირუხისწყალი ყარა-დერედ იწოდებოდა, თურქეთის გავლენით დამკვიდრებული ამ სიტყვის ქართული შესატყვისია შავი ღელე, ყარა თურქულში “შავს” ნიშნავს, ხოლო დერე - “ღელეს”. 1942 წლიდან მას თავისი სახელწოდება დაუბრუნდა. სხვადასხვა წყაროს ანალიზის საფუძველზე შესაძლებლობა გვეძლევა ხეობაში ჩამავალი მდინარის ერთ-ერთ უძველეს სახელწოდებად ჩირუხისწყალი მივიჩნიოთ. შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალა ცხადყოფს, რომ მდინარის სახელწოდება წარმოშობილი უნდა იყოს ტერმინ ჭირ+უხვი-საგან (ჭირუხვი-ჭირუხი-ჩირუხი).
თავდაპირველად ამ სახელწოდების გავრცელების არეალი შედარებით მცირე იყო და იგი მოიცავდა ხეობის საწყის ტერიტორიას, იმ ადგილს, სადაც თანამედროვე იაილა ჩირუხია გაშენებული. ამ ტერმინის წარმოშობის საფუძველი უნდა ვეძიოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აჭარაში ერთ დროს გავრცელებულ ფორმად სენში, რომელიც “ჭირი”-ს სახელწოდებას ატარებს. შესაძლებელია ტერმინი დაკავშირებული იყოს ამ ხეობის სათავეში მკვიდრი მოსახლეობის უბედურებებთან, რადგანაც “ჭირი” ზოგადი სახელია საზოგადოებაზე თავსდამტყდარი უბედურებისა.
ზემო აჭარაში გავრცელებული ხალხური გადმოცემა გვაფიქრებინებს იმ გარემოებაზე, რომ ხეობაში მცხოვრებთ ბრძოლა უხდებოდათ არა მარტო გარეშე მტრებთან არამედ, ბუნებრივ პირობებთანაც. გადმოცემა უკავშირდება საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, ისლამის ფუძემდებელთა - არაბთა შემოსევებს. გადმოცემის თანახმად, მუსლიმანური სარწმუნოების ძალით გავრცელების მიზნით, თვითონ ამ რელიგიის ფუძემდებლის –მაჰმადის (მუხამედის) ჯარების სარდალს ალის (ხეზრეთ ალის) გადმოულახავს არსიანის ქედი, როცა თვალი მოუვლია ზემო აჭარის რელიეფისათვის, განუცხადებია: “აქაურ მცხოვრებ ხალხს ღმერთმა მოეხმაროსო”-ო და უბრძოლველად გაშორებია იქაურობას. აღნიშნული გადმოცემა ხალხური ეტიმოლოგიის ნაყოფია, თუმცა ის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ტერმინ “ჭირუხი”-ს ახსნა გარეშე მტერთაგან თავსდამტყდარ უბედურებასთანაა (დიდ ჭირიანობასთანაა) დაკავშირებული.
მართალია, წარმოდგენილი ხალხური ახსნა ეჭვს ბადებს და სინამდვილეს არ გადმოგვცემს, მაგრამ მისი გათვალისწინება აუცილებელია ხეობის სახელწოდების ეტიმოლოგიურ კვლევაში. მოსახლეობაში შემორჩენილი გადმოცემები და ხეობაში ფიქსირებული არქეოლოგიური მასალები ნათელყოფენ, რომ ხეობის სათავეები - ჩირუხის მიდამოები უძველესი დროიდანვე წარმოადგენდა დასახლებულ პუნქტს. შემდგომში სხვადასხვა მიზეზის გამო (უხვჭირიანობა//ჭირვობა, მასობრივი დაავადება, გარეშე მტრების მოძალება, კლიმატის შეცვლა, რასაც მარცვლეული კულტურების მოსავლის შემცირება მოჰყოლია) მომხდარა მკვიდრი მოსახლეობის მიგრაცია, რის შედეგად აქაური დასახლებული პუნქტები გადაქცეულა ნამოსახლარებად, ნაციხარებად, ნაფუძვარებად.
ზემოთ წარმოდგენილი ვერსია ჭირუხის//ჩირუხის სახელწოდების შესახებ ვერ აკონკრეტებს, თუ რომელ ისტორიულ პერიოდში გაჩნდა ეს გეოგრაფიული სახელი. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერმინს მოიხსენიებენ სხვადასხვაგვარად, სავსებით სწორი უნდა იყოს ვლ. მგელაძის მოსაზრება მდინარის ჭირუხისწყლად სახელდების თაობაზე. მისი ცნობით, მდინარე “ჭირუხს” ზოგჯერ ჩირუხსაც უწოდებენ (მგელაძე ვლ., 1962:113). ეს გარემოება შესაძლებელია თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ აჭარაში რუსული მმართველობის გავრცელებით ავხსნათ. ამ პერიოდიდან ადგილებისა და ტოპონიმების აღწერა რუსულ ენაზე წარიმართა და დასაშვებია ტერმინი ჭირუხი გაფორმდა ჩირუხ-ად (რუსულში “ჭ”-ს ნაცვლად მივიღეთ “ჩ”. ჭოროხი-ჩოროხ(ი). ამდენად, მდინარის და მდინარის სათავის ტერიტორიის სახელწოდების თავდაპირველ ფორმად “ჭირუხი” გვესახება, რომელიც შემდგომში “ჩირუხ”-ადაც იწოდა. შემოთავაზებული მოსაზრებები შესაძლებელია უცილობელი გაგვეხადა, თუ არა აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული ერთი მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერი, სადაც ადამიანის საკუთარი სახელი “ჩირუხელა” დადასტურდა. იქვე დაფიქსირებულია ხალხური ლეგენდაც.
“ყავაღლუღი (იგივე ყავ-ღაღ-ლუღი//ნაომარი მდებარეობს იაილა ჩირუხის დასავლეთით, მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვენა ნაპირზე, იგი ძველ დროში ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. ამჟამად შემორჩენილია ციხის ნანგრევები) ბატონი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, დარჩენილა მოხუცი დედაბერი და ორი ვაჟიშვილი - ჩირუხელა და ცხვირკოხელა. უფროს ძმას ძლიერ ლამაზი მეუღლე ჰყოლია; ერთ დღეს ძმები ყალაბოინში (ხეობაში ციხეს წარმოადგენდა) იყვნენ წასული. მაშინ მათ ოჯახს მტრები დასცემიან, მცხოვრებლები გაუჟლეტიათ და უფროსი ძმის მეუღლე გაუტაცნიათ; დედაბერი გაქცეულა მაღალ მთაზე გამწარებულს ისე ძლიერ დაუყვირია, რომ ყალაბოინში შვილებს გაუგონიათ, მაგრამ დედაბერი ყვირილისაგან მომკვდარა. ამ მთას ამის შემდეგ კუნტის ჯვარს ეძახიან. ძმები გამოქცეულან, მთელი სოფელი დადევნებია მტერს, დასწევიათ არდაგანის ახლოს, გამართულა დიდი ბრძოლა, ორივე მხარეზე დიდი ყოფილა მსხვერპლი, მაგრამ ქართველებს მაინც გაუმარჯვიათ და ქალაქი დაუბრუნებიათ. ბრძოლის ადგილზე ქართველებს ქალაქი გაუშენებიათ, ჯანქალაქი ანუ წმინდა ქალაქი დაურქმევიათ” (აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი №115). ასეთივე შინაარსის გადმოცემა ამ მხარეში მოგზაურობის დროს ჩაწერილი აქვს თედო სახოკიას (სახოკია თ., 1985:270).
ლეგენდით ცნობილი ხდება ანთროპონიმი ჩირუხელა. ტოპონიმ “ჩირუხი”-ს ეტიმოლოგიის გარკვევაში ადამიანის მოცემულ საკუთარ სახელს უმთავრესი როლი უნდა მივანიჭოთ და იგი შეიძლება მივიჩნიოთ გეოგრაფიული სახელის - ჩირუხის მაწარმოებლად, რადგან ზემო აჭარის ტოპონიმიკაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ანთროპონიმული წარმომავლობის გეოგრაფიულ სახელებს (ქამადაძე მ., 1992:46), თუმცა გამორიცხული არაა და გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება ის, რომ გეოგრაფიული სახელი “ჩირუხი”(ჭირუხი) პირველადი იყოს, ხოლო ადამიანის საკუთარი სახელი – “ჩირუხელა” მეორადი და მიუთითებდეს პიროვნების ჩირუხიდან წარმომავლობაზე.
გადმოცემით ხევის სახელწოდება - მარეთი უძველესი წარმოშობისაა. მისი ისტორია უნდა უკავშირდებოდეს ხელოსნური წარმოების განვითარებას, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ამ ხეობაშიც.
პროფ. ი. სიხარულიძე თავის წიგნში “სამხრეთ_დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა” (ტ. I) ასახელებს მარეთის ხევს. ავტორი ამ ტოპონიმს ,,მარანთან” აკავშირებს. ამ სიტყვის ფუძეში გამოიყოფა - ”მარ”. მკლევარის აზრით, მარი ჭურჭლის სახელია. იგი წყაროებშიც გვხვდება და თანამედროვე ქართულის ზოგიერთ სიტყვაშიც შემოინახა. ქართული ოთხთავის ორ ვარიანტში “მარ” საწნახელთან არის გაიგივებული.
მ. გეგეშიძე წერს: საკითხის ამ მიმართულებით შემდგომი კვლევა უნდა დაუკავშირდეს მარის, როგორც მისი თავდაპირველი მომცრო გულამოღებული ჭურჭლის დადგენას... ასეთი ადრინდელი ჭურჭელი უნდა ყოფილიყო მომდევნო ხანაში მეღვინეობაში გამოყენებული, მაგრამ “მარი”, ამასთანავე, თიხის დიდ ჭურჭელსაც ეწოდებოდა, რომელშიც მიცვალებულს მარხავდნენ (დადასტურებული აქვს ბერძენიშვილს). პროფ. ი.სიხარულიძის აზრით, “მარი” ხისაც შეიძლება ყოფილიყო და თიხისაც. პირველი მათგანი ალბათ ღვინის დაყენების პროცესში და მისი მიწაში ჩაუფლავად შენახვისთვის გამოიყენებოდა, ხოლო მეორე ძირითადად მიწაში დასამარხავად იყო გამიზნული. თუ სიტყვა “მარანი” ასეთი თიხის მარებს უკავშირდება, მარეთის ხეობის ტოპონიმიკური ახსნაც ხისა და თიხის მარებს უნდა უკავშირდებოდეს. მარეთის ხეობის ხისა და თიხის დამუშავების ოსტატები ცნობილი ყოფილან უძველესი დროიდან.
ცხადია, ამას ხელს უწყობდა ცაცხვის, ლეკის, თელის და სხვა ხეების და თიხის დიდი მარაგი. ცაცხვისა და ლეკის ხეებისაგან ამზადებდნენ კონებს (კოდანა), ანუ მარებს, ხის გულამოღებულ
ჭურჭელს, თიხისგან - დერგებს, ჭურებს. რადგან სიტყვა მარანში ფუძე “მარი” - მარებს უკავშირდება და ასეთი მარების წარმოება-დამზადებით ცნობილი ყოფილა მარის ხეობაც, განსაკუთრებით მისი უძველესი სოფლები ჯუმუშაური, ოლადაური, დარჩიძეები და სხვა, ამიტომ შესაძლებელია სიტყვა “მარეთში” ფუძე “მარ” მარებთან (მარების წარმოების მხარესთან) იყოს დაკავშირებული, ალბათ ამიტომაც შეურქმევიათ ჩვენს წინაპრებს ხეობისთვის მარეთის ხეობა.
სტატიის ავტორი - ნანა ფუტკარაძე; სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში.
სტატია აღებულია - აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალებიდან, გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, ბათუმი, 2009 წ.
|