ქართული გვარსახელები
(წერილი პირველი)
ჩვენი ხალხი დიდ ინტერესს იჩენს ქართული გვარების მიმართ. არაერთი პუბლიკაციაც მიეძღვნა ამ საკითხს. უფრო ხშირად ამ პუბლიკაციათა ავტორებად არასპეციალისტები გვევლინებიან. რაღას აკეთებენ მეცნიერები? მეცნიერებიც მუშაობენ, იკვლევენ. საკვლევი კი ძალიან ბევრია, არც ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტია. აკაკი შანიძე წერდა: "ქართული სახელებისა და გვარების შესახებ შეიძლება მთელი ტომები დაიწეროს და მაინც არ იქნეს ამოწურული მთელი სიღრმე-სიგანით ეს მეტად საინტერესო უბანი ქართული ენისა, სადაც ქართველი ერის ისტორიის ესა თუ ის მხარეა ასახული".
დიახ, აკაკი შანიძე ხაზს უსვამდა, რომ ქართული გვარსახელები საგულისყურო წყაროა საქართველოს ისტორიის შესასწავლად. მაგრამ ქართული ენის ამ უბნით დაინტერესებულია ეთნოგრაფიაც. სწორედ ამ სამი მეცნიერების ურთიერთგადაჯაჭვით უნდა იქნეს შესწავლილიქართული გვარსახელები. მხოლოდ მაშინ გაეცემა პასუხი მრავალ კითხვას. ესენია: რა არის გვარსახელი? როდის წარმოიქმნა ისინი? რა ფუნქცია ჰქონდა გვარს? როდის გაჩნდა კონკრეტულად ესა თუ ის გვარსახელი? როგორი იყო ქართული ანთროპონიმული მოდელი? რატომაა ქართული გვარების მაწარმოებელი სუფიქსები მრავალფეროვანი? აი, არასრული ჩამონათვალი კითხვებისა, რომლებიც ქართული გვარების შესახებ ისმება.
წინამდებარე წერილში მხოლოდ ერთ საკითხზე შევჩერდებით. რა არის გვარსახელი?
მეცნიერებაში არსებობს ამ სოციალური ტერმინის ზოგადი განსაზღვრება. მოკლედ, გვარსახელს უწოდებენ საზოგადოების პირველადი უჯრედის _ ოჯახის მემკვიდრეობით სახელს, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის. ჩვენ გვგონია, რომ ეს განმარტება მაინცდამაინც მთლად ზუსტი და სრულყოფილი არაა. იგი შეიძლება მიესადაგებოდეს იმ ქვეყნების გვარსახელებს, სადაც ის შედარებით ახალი XVIII-XIX საუკუნეების წარმონაქმნი მოვლენაა.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ ქვეყნებს, რომლებშიც საუკუნის განმავლობაში ტრადიციულად გადაეცემა თაობიდან თაობას. მოკლედ, აქ იმას აღვნიშნავ, რომ გვარსახელი ქართული სინამდვილისათვის მხოლოდ ოჯახის - ამ პირველადი სოციალური უჯრედის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. ის უფრო დიდი სოციალური ერთეულის, რამდენიმე ათეული და ხშირად ასეული ოჯახის სახელწოდებაა. სახელწოდებაა იმ სოციალური ორგანიზმისა, რომლებიც თავიანთი გვარის წარმომავლობას ერთი პიროვნებიდან ანგარიშობენ და აქვთ საერთო თვითშეგნება ნათესაობის შესახებ, ხშირად - საერთო სალოცავიც. საქართველოში გვარს ერთგვარი ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს. ასე რომ, გვარსახელი ჩვენში მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ოჯახის სახელწოდება როდია. ის ოჯახზე უფრო მსხვილი ნათესაური გაერთიანების მემკვიდრეობითი სახელწოდებაა. ამ გაგებით გვარსახელის განმარტება თითქმის უახლოვდება პირველყოფილი გვარის (род) განმარტებას, მაგრამ, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, გვარსახელი პირველყოფილი გვარისაგან ბევრი სხვა ნიშნითაც განსხვავდება, რომლის შესახებ აქ მსჯელობის ადგილი არაა. აღვნიშნავთ ჩვენში გვაროვნული გვარისა და გვარსახელის მხოლოდ ერთ საერთო ნიშანს. როგორც ერთი, ისე მეორე სოციალური უჯრედისათვის დამახასიათებელი იყო ეგზოგამია - გვარის შიგნით ქორწინების აკრძალვა. აქვე ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ ამ ნიშანს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული გვარსახელების წარმოშობის კვლევის თვალსაზრისით. მოკლედ, ეგზოგამიურობის შენარჩუნება იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენში მოხდა ტრადიციული გადასვლა გვაროვნული გვარისა (род) გვიანდელ გვარში (поздний род) და გვიანდელი გვარისა - გვარსახელში. ქართული ეთნოგრაფიული მასალების გააზრებას ამ დასკვნისაკენ მივყავართ. ტრადიცია ეგზოგამიისა საკმაოდ მყარი იყო მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია შვიდი თაობის შემდეგ დაქორწინების ნებას რთავდა.
ქართველისათვის წარმოუდგენელი იყო თავის მოგვარეზე დაქორწინება. გვარსახელი იმითაც განსხვავდება პირველყოფილი გვარისაგან, რომ ეს უკანასკნელი კლასობრიობამდელი (და ადრეკლასობრივი) საზოგადოების მდგრადი სოციალური ერთეული იყო, საერთო წარმომავლობისა და ნათესაობის თვალსაზრისით, პირველს ეს ნიშანთვისება აღარ ახასიათებს. კლასობრივი საზოგადოების გვარები შეიძლება წარმოიშვას და გარკვეული ხნის, თუგინდ საუკუნეების შემდეგ, სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, გაქრეს, ახალი გვარსახელი წარმოქმნას, ერთი გვარსახელი რამდენიმე ახალ გვარსახელად დაიშალოს, დედა-გვარს შტო-გვარები გამოეყოს და ისინი იურიდიულად ახალ გვარსახელებად გაფორმდნენ. აგრეთვე, ერთი გვარსახელი შეიძლება ატაროს ისეთმა კოლექტივებმა, რომლებსაც საერთო წარმოშობა არა აქვთ, როდესაც ისინი ერთი წინაპრისაგან არ მოდიან. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვარსახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი.
მსოფლიოს მრავალ ხალხში, პირველყოფილი გვარის დაშლის შემდეგ, გვარსახელები არ წარმოქმნილა. ჩვენთან (და ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში) წარმოიქმნა, რისი მიზეზიც იყო სოციალური სისტემა. მხედველობაში გვაქვს ქართული ფეოდალიზმი. გვარი საქართველოში მემკვიდრეობის გადაცემის ერთ-ერთი საშუალებაც იყო. აქ საუბარია როგორც ყმის მემკვიდრეობით ფლობაზე (ესა თუ ის გვარი ამა თუ იმ ფეოდალს ეკუთვნოდა), ისე მიწის მემკვიდრეობით გადაცემაზე საზოგადოების ყველა ფენაში. დავასკვნით, რომ გვარსახელი არის ის მემკვიდრეობითი სახელი, რომელიც სულ ცოტა სამი თაობის განმავლობაში მაინც გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
ამრიგად, ქართული გვარსახელი ძალიან ძველი მოვლენაა, რომელიც უშუალოდ პირველყოფილი გვარიდანაა ამოსული. შემდეგ წერილში ვნახავთ ქართული გვარსახელების სიძველეს ქართული საისტორიო წყაროებისა და საბუთების მიხედვით.
(წერილი მეორე)
პირველ წერილში ეთნოლოგიური მონაცემებით შევეცადეთ დაგვედასტურებინა, რომ საქართველოში გვარსახელები ძალიან დიდი ხნის წარმოქმნილი მოვლენაა, რომ ჩვენში გვარსახელი პირდაპირ გვაროვნული გვარიდან წარმოიშვა. ასე რომ, ქართული გვარსახელი ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის თანმდევია. ამ თვალსაზრისით რას გვეუბნებიან ქართული საისტორიო წყაროები და საბუთები? ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ საისტორიო საბუთში "დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი", რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, გვარსახელებია ფიქსირებული. საბუთში დასახელებულია სამი გვარი. აქედან ერთი (ფავნელი) აზნაურია და მეორე და მესამე (შულლიასძე და ტარიკასძე) _ გლეხები.
"მატიანე ქართლისაი"-ში ტაო-კლარჯეთის მთავრი ბაგრატ I კურაპალატის დროს (826-876 წწ.) იხსენიებიან ძმები გაბრიელ და სამოელ დონაურები: "და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ დონაური. ძმა სამოელ ქორეპისკოპოზისა". ეს უკანასკნელი - სამოელ დონაური ქორეპისკოპოსის თანამდებობაზე გაბრიელზე ადრე, IX საუკუნის დასაწყისში იყო. ვახუშტი ბაგრატიონი მთავართა ძველ გვარებს შორის დონაურების გვარსაც ასახელებს. სხვათაშორის, ეს გვარი კახეთში XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის დავთრებშიცაა დასახელებული. პირველად ბატონმა ზ. ჭუმბურიძემ მიაქცია ყურადღება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ერთ მონაკვეთს, რომელშიც დაფანჩულის მემკვიდრეობით სახელზეა (გვარსახელზეა) საუბარი. ცნობილია, რომ გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწე იყო, რომელმაც აღწერა VIII საუკუნის ბოლო პერიოდისა და IX საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.
ერთ მონაკვეთში, როდესაც ნაწარმოებში აღწერილია აშოტ კურაპალატის დროინდელი (ე.ი. IX ს-ის 20-იან წლებამდე პერიოდის) ამბები, ავტორი წერს "ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული. და აწ ნათესავთა მისთა ჰქვიან დაფანჩულნი". შემდეგ: "ამისთვისაცა, მსგავსად აღთქმისა, ხანძთას შინა ელოცვების ყოველთა დაფანჩულთა ვიდრე დღენდელად დღემდე". ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს: სწორია მეცნიერი, როცა დაფანჩულში გვარსახელი დაინახა. გიორგი მერჩულე პირდაპირ გვეუბნება: ახლაც (ე.ი. ერთი საუკუნის შემდეგ) გაბრიელ დაფანჩულის ნათესავნი (ე.ი. ამ შემთხვევაში, შთამომავალნი) დაფანჩულის გვარს ატარებენო.
XII საუკუნის საბუთში "დაწერილი ჭიაბერისა მღვიმისადმი" ვკითხულობთ: "... და მუნ-შინა დამკუიდრებულთა მამათა და ძმათა ჟინოვნით მიხითარაისძენი დავითის შვილნი ოქრაი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე"... "გიბედნიერნენ ღმერთმან მიკუნისამდე ჟინოვნით მიხითარაისძენი დავითის შვილნი: ოქრაი, მახარაი, ბრაჭი და იოვანე..." თანამედროვე ყაიდაზე ის ასე დაიწერებოდა: "ოქრაი, მახარაი, ბრაჭი და იოვანე დავითის ძე მიხითარაიძეები”. ამ შემთხვევაში მიხითარაიძე ოთხი ჩამოთვლილი ძმის გვარსახელია, რომელთა მამასაც დავითი ერქვა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ერთსა და იმავე რეგიონში (სოფელში), ქართული საისტორიო საბუთებით თვალყური ედევნება ერთსა და იმავე გვარებს. მაგალითად, აზნაური ტოხაიძეები (ტოხაძეები, შემდეგდროინდელი ტოხიშვილები) პირველად 1200 წლის საბუთში არიან დასახელებული. ეს გვარი თითქმის ყველა საუკუნის საბუთში არის ფიქსირებული XVIII საუკუნის ჩათვლით. იგივე შეიძლება ითქვას ჭარმაულების გვარზე, რომელიც ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გადადიოდა მემკვიდრეობით თაობიდან თაობაზე.
ჭარმაულები XVIII საუკუნის დასასრულს ამოწყდნენ. საგაზეთო სტატია არ გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ციტატების მოყვანა ქართული საისტორიო საბუთებიდან, რომლებშიც გვარსახელებია ფიქსირებული. ის კი უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრ ქართულ გვარსახელს, რომელიც დღეს არის ცოცხალ გვარებს შორის, საფუძველი საუკუნეების წინ აქვს ჩაყრილი. ორიოდე სიტყვით უნდა შევჩერდეთ სვანურ გვარებზე. საბედნიეროდ ჩვენამდე მოაღწია XIII და მომდევნო საუკუნეების სვანეთის სულთა მატიანეებმა. XIII საუკუნის სვანეთის სულთა მატიანეებში მოხსენიებული გვარები დღესაც იმავე სოფლებში არის განსახლებული. აქ ამ გვარების ჩამოთვლას აზრი არა აქვს და დაინტერესებულ მკითხველს ისინი შეუძლია ნახოს შესაბამის გამოცემებში. მხოლოდ ერთ ციტატას მოვიყვან ბატონ მ. ჩართოლანის ნაშრომიდან: "სოფ. უღლავის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგერაგ) აშენებულია ძმების ანტონ და მიქაელ უმფრიანების მიერ (XIV ს.). ამ სოფელში დღესაც მხოლოდ უმფრიანები ცხოვრობენ. ეკლესიაც და სასაფლაოც მხოლოდ მათ ეკუთვნით. სოფ. ლაღამში (დაბა მესტია) მაცხვარის ეკლესია აუშენებია და მოუხატავს შალვა ქირქიშლიანს (XIV ს.); ლენჯერის მუხურის მთავარანგელოზის ეკლესია აშენებული და მოხატულია იველდიანების მიერ (XV-XVI სს.). ამ ეკლესიის კაცი (ლაÃმი მარე) ახლაც ილდანები არიან".
ამრიგად, ქართული გვარსახელები მოხსენიებულია ყველაზე ადრინდელ საბუთებში. ზოგიერთი გვარსახელი მრავალ საუკუნეს ითვლის. მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისტორიის სიღრმეში წარმოქმნილმა ყველა გვარსახელმა როდი მოაღწია ჩვენამდე.
გვარსახელი, როგორც სოციალური ერთეული შეიძლებოდა მომკვდარიყო, ერთი გვარიდან ანუ დედა-გვარიდან ახალი ანუ შტონაყარი გვარსახელები წარმოქმნილიყო. ძველი გვარსახელები განსაკუთრებით საქართველოს იმ რეგიონებს შემორჩა, რომლებსაც გარეშე მტრის თავდასხმები ყველაზე ნაკლებად შეეხო.
(წერილი მესამე)
ქართული გვარსახელები ისევე, როგორც სხვა ხალხებისა, შეიძლება დავაჯგუფოთ ძირების (ფუძეების) და გვარის სუფიქსების (ფინალების) მიხედვით. აღნიშნული თვალსაზრისით ქართული გვარსახელები ძირითადად დაჯგუფებულია (ზ. ჭუმბურიძე, ი. მაისურაძე). ამ მხრივ, მხოლოდ ზოგიერთი ნიუანსია დასადგენი. ზოგიერთი რამეც საკამათოა, რაც მეცნიერებისათვის ჩვეულებრივი ამბავია.
წინამდებარე წერილში ქართული გვარსახელების ფინალების შესახებ გვექნება საუბარი. მანამ, სანამ კონკრეტულად ვისაუბრებთ ქართული გვარების სუფიქსების შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ გვაქვს უსუფიქსო ქართული გვარებიც, მაგრამ უმნიშვნელო რაოდენობით. შეიძლება დავასახელოთ ბუთხუზი, კვატიტი, სიმსივე, შერმადინი, ილარიონი, კროჭი, ლაბარი, მესტუმრე, მეკონდახე, მებუკე, ხარაზი, კანდელაკი, მესხი, დვალი, ძურძუკი, კორტი.
ქართული გვარსახელების ორიგინალურობა მათი ფორმანტების მრავალრიცხოვნებაშიც გამოიხატება. აი, ისინიც: -ძე, -შვილი, -სკირი, -იან (-ან), -ია, -უა, -ურ (-ულ), -ელ, -ში (-შ), - არ, -ჭკორი, -ყვა,_ტი, ისტორიული და დღეს ხალხურ სასაუბრო ენაში შემორჩენილი -ათ (-ეთ). აგრეთვე მდედრობითი ფუნქციის მქონე -ფხე (-ხე). მართლაც ბევრი ჩამოვთვალეთ. ზოგიერთი მეცნიერი ქართული გვარების მრავალრიცხოვნებას ქართველთა ეთნოტომობრივი სიჭრელით ხსნის. ეს მოსაზრება არაა მართებული. ქართული გვარსახელების სუფიქსების მრავალფეროვნება ძირითადად ქართული ენის მრავალმხრივი შესაძლებლობებით აიხსნება. ისინი ძირითადად კრებითობის, კუთვნილების და სადაურობის გამომხატველნი არიან. მათ ძირითადად ერთი დატვირთვა და შინაარსი აქვთ. ამასთანავე, ქართული გვარების მრალარიცხოვანი ფინალები იმის დამადასტურებელიც არის, რომ ისინი საკმაოდ დიდი ხნისანი, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე წარმოქმნილი არიან.
ხშირად მიაჩნიათ, რომ -ძე სუფიქსი დასავლურ ქართული გვარებისათვისაა დამახასიათებელი, -შვილი კი აღმოსავლურ ქართულისათვის. საისტორიო და ეთნოგრაფიული მონაცემებით ეს არ დასტურდება. დღეს შეიძლება -ძე სუფიქსს პრიორიტეტი დასავლეთ საქართველოში აქვს მოპოვებული, -შვილს კი აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ისტორიულად აღმოსავლეთ საქართველოშიც და სამხრეთშიც პრიმატი -ძე ფორმანტს ჰქონდა.
მრავალი გვარსახელი დღეს რომ -შვილი ფინალს ირთავს, თავდაპირველად -ძე სუფიქსით იწარმოებოდა. მაგალითად, სოფელ დიღომში დღეს მოსახლე თეთრაშვილები და მძევაშვილები XVIII საუკუნემდე თეთრაძეები და მძევაძეები იყვნენ. -ძე და -შვილი სუფიქსები აწარმოებს ძირითადად ეპონიმურ, პროფესიულ და ეთნონიმურ გვარსახელებს. მამაკაცის სახელებს ერთვის სხვა ქართული სუფიქსებიც: -იან (-ან), -ურ (-ულ). -უან, -ვან (- ოვან) სუფიქსებს ირთავდა აგრეთვე სამეგრელოში დღეს გავრცელებული გვარსახელები. აქაურმა გვარებმა ბოლო "ნ" თანხმოვანი დაკარგა საკმაოდ დიდი ხნის წინ და მივიღეთ -ია, - უა და -ვა სუფიქსები. რამდენიმე მეგრულ გვარს აწარმოებს -სკირი ფინალი, რაც ქართულ - შვილს შეესატყვისება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ -იან (-ან) ფორმანტი დღეს თუ გვარსახელებს ძირითადად სვანეთსა და ლეჩხუმში აწარმოებს, თავდაპირველად გვარსახელებს აწარმოებდა საქართველოს ყველა კუთხეში. ასე რომ, აღნიშნული სუფიქსი საერთო ქართულ-ქართველური სუფიქსია და არა მხოლოდ მისი რომელიმე მხარისათვის (პროვინციისათვის) დამახასიათებელი. შუა საუკუნეების ქართულ საბუთებს თუ დავაკვირდებით, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ხშირად ერთსა და იმავე გვარში -შვილი და -იან სუფიქსები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთ საბუთში ერთი გვარი შეიძლება ხან დედაბრიანად და ხან დედაბრიშვილად იყო ჩაწერილი. ქართლსა და კახეთში დღესაც კი სასაუბრო ენაში, როდესაც გვარს ახსენებენ, ჩვეულებრივ "პავლიაშვილის" ნაცვლად იტყვიან "პავლიანი". -ელ სუფიქსი სადაურობის ტიპის გვარებს ერთვის. მისი ფარდია -არ სუფიქსი. ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანად შენიშნულია, რომ ამ ფორმანტიანი გვარები ჩნდებიან VIII-IX საუკუნეებში, როდესაც "ინდივიდის გვარსახელი კოლექტივთან ურთიერთობით კი აღარ ხასიათდება, არამედ აზნაურთა მიერ იმ პუნქტის მფლობელობას უკავშირდება, რომლებიც თაივანთი მხრით შესაბამის ქვეყნებს განასახიერებენ" (ნ. ბერძენიშვილი). ამავე პერიოდიდან, ვფიქრობთ, ცოტათი ადრე ჩნდება -ძე სუფიქსიანი გვარები, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ზოგიერთ პროვინციაში -შვილი ფორმანტმა შეცვალა.
საკუთარ სახელებს ერთვის -ურ (-ულ) სუფიქსიც. ცისკარაული, ანთაური ნიშნავს ცისკარას, ანთას კუთვნილს, მათ შთამომავალს. ასევე კუთვნილების აღმნიშვნელია -იშ (-შ) სუფიქსი, რომელიც ძირითადად ლაზებისათვის იყო დამახასიათებელი. ტუღუში, ე.ი. ტუღუს კუთვნილი შვილები, მოდგმა. რაც შეეხება -ჭკორ სუფიქსს, როგორც გ. როგავა აღნიშნავდა, მას ფეოდალიზმის დაღი აზის. "ჭკორ" მეგრულად ყმას ნიშნავს, გეგეჭკორი, ე.ი. გეგეს ყმა. ისტორიულად შესაძლებელი იყო ქართველებს სუფიქსების მიხედვით განესხვავებინათ ქალისა და კაცის გვარები. ასეთი ფუნქცია ზანურში და დასავლეთ საქართველოს სხვა ქართველთა მეტყველებაში ჰქონდა -ფხე (-ხე) სუფიქსს. მაგალითად, მამაკაცის გვარს კახაძეს შეესატყვისებოდა ქალის გვარი კახიფხე, ქოიავას - ქოიახე, გადრანს - გადრაფხე. მდედრობითი სქესის გამოხატვის ფუნქცია გარკვეულ ეტაპზე შეუძენია - ურ (-ულ) სუფიქსსაც. ტბეთის სულთა მატიანეზე დაკვირვება და იმერეთის, ქართლის და კახეთის ენობრივ-ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაკვირვება ამ დასკვნის საშულებას იძლევა.
ამრიგად, მრავალრიცხოვანი ქართული სუფიქსები, რომლებსაც ქართული გვარსახელები ირთავენ, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთშია წარმოქმნილი. უძველესი ქართული სუფიქსებია -იან (ან), -ურ და -ეთ, რომლებიც ქართულ გვარებს კლასობრიობამდელი პერიოდის გვარებიდან გადმოჰყვათ და როგორც ს. ჯანაშია შენიშნავდა, ისინი ფეოდალურმა ინდივიდუალიზმმა ამოაგდო, როდესაც კერძო საკუთრება საბოლოოდ დამკვიდრდა. რელიქტების სახით კი მხოლოდ საქართველოს რამდენიმე პროვინციაში შემორჩა.
ფეოდალიზმის განვითარებასთან ერთად წარმოიქმნა გვარსახელების ახალი ფინალები (-ძე, -შვილი, -ელ), რაც აშკარა შედეგი იყო მამაკაცის, მამის უპირატესი უფლებისა სამამულე ურთიერთობებში.
სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან - “ბურჯი ეროვნებისა”, 1997 წ. №7,8,9-10.
|