ქალაქის ენა

                                              
ქალაქის მოსახლეობა მუდამ ჭრელი და მრავალფეროვანი იყო მაგრამ იგი მუდამ  თავისი ენითა მეტყველებდა: ეს იყო ქალაქური ენა.  ქართული ენის ბგერაში მუდამ ისმოდა არაბულ-სპარსული, სომხური სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ყოველთვის შესისხლხორცებული იყო ქართული ენის ცოცხალ გამოთქმასთან. ტფილისმა ფრთხილად მოანარუქა სხვა-და-სხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თავისებური ეშხი და მზეოსნობა. თანდათანობით ეს სიტყვები იმდენად შეცვლილა და ხშირად ქართული გამოთქმისთვის ისე შნოიანად გაკეთებულა, რომ ამ ლექსიკას ვერც სპარსელი და ვერც სხვა რომელიმე ერი მხოლოდ თავის საკუთრებად ვეღარ მიიჩნევს; ან კი „რით არიან უშნონი  არაბული სიტყვები “ ვეფხის-ტყაოსანში?“ მაშ რუსთველის თხზულება დამცირებული იქნება არაბულისა და თათრულის სიტყვების ხმარებისთვის?“
სხვა-და-სხვა მოდგმისა და სხვა-და-სხვა ენაზე მოლაპარაკე ძველი მოქალაქენი უმეტეს  წილად ტფილისის განაპირა უბნებში სცხოვრობდნენ; აქ ესენი უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, სწავლობდნენ ერთმანეთის ენას და ამ მუდმივი ურთიერთობის ზეგავლენით ტფილისის ქართული ენაც განსაკუთრებულ ინდივიდუალურ და კოლორიტულ ელფერს იღებდა.
ეს ურთიერთი ზეგავლენა უფრო მეტად ძლიერდებოდა იმით, რომ ტფილისი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრი იყო, არამც თუ საქართველოს მკვიდრ მცხოვრებთათვის, არამედ გარეშეთათვისაც. გავიხსენოთ ლეონ მელიქსეტ-ბეგის მოხსენება:
„ქართულის ზეგავლენით ტფილისის სომხურმა დიალექტმა ისეთი ფონეტიკური ნორმები შეჰქმნა, რომ სამაგალითო გახდა თვით  სომეხთათვისაც, იმდენად სამაგალითო, რომ სომეხთა ცნობილმა მწერალმა და პედაგოგმა, აწ განსვენებულმა ღაზაროს აღაიანმა სომხური ბგერების შესახებ  თავის 1874 წ. გამოცემულ წიგნში „დასავლურ „სომხებს, რომელთაც უყვართ ბგერების დამახინჯება, ურჩია მაგალითი აეღოთ ტფილელი სომხებიდან, რომელნიც თავის მხრივ „გაწვრთნილნი არიან ქართველების მიერ“.
მოვიგონოთ აგრეთვე, თუ რას ამბობს ვახუშტი თავის გეოგრაფიაში ტფილისის მოსახლეობის შესახებ: ...ტფილისის მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს  სპარსნი მაჰმადიანნი, ხოლო ციხეს გარეთ უფროს სომეხნი და მცირედ ქართველნი, „ქცევა-ზნით ქართულითა“.
ამავე საგნის, ტფილისის განსაკუთრებული კილოს შესახებ, აი რასა სწერს პეტრე მირიანიშვილი  ილიას ივერიაში: “საზოგადოთ, ქალაქელი სომხობა და მასთან ქართველობაც კიდე ლაპარაკობს ისეთ ქართულს, რომ გულდასმით დამკვირვებელი არაერთ ძვირფას სიტყვასა და სიტყვის საქცევს უპოვის“. თქმა არ უნდა ქალაქი, ფრთხილისა და ხელოვანის მუშაკის მომლოდინე, ჩვენი ენის საუნჯეს მრავალ ობოლ მარგალიტს შესძენს, მხოლოდ მეტის-მეტად საჭიროა ფეხი მოიკიდოს ჩვენს მწერლობაში მისმა მოხდენილმა და შნოიანმა საუბრის კილომ, რომელიც ღირსია ამ პატივისა, როგორც ჩვენი მოქალაქობრივის ცხოვრების სათავეში მდგომი, და თუ ეს პატივი არ ვაღირსეთ, ქალაქი ვერ ითავადებს“.
პირადათ მე, როგორც აღმოსავლურ მგრძნობელობის თანამოინახეს, მიყვარს ეს ტფილისური ჯიშიანი სიტყვები. ტფილისური სიტყვა და გამოთქმა თავისი მოცულობით და სპეციფიური ვითარებით მეტად ხმოვანია და ლეგენდარული. ამიტომ არის, რომ ამ ენის კრიალოსანს არა ვფანტავ ონავარ ხელით, ყოველივე გამოთქმას სათუთად ველოლიავები, ვიჭერ ყოველივე ცალკეულ სიტყვას და ვსხავ იქ, სადაც მისი ბადალი სიტყვა არ მოგვეპოვება. როცა ზოგიერთ რუსული სიტყვისათვის სხვა სიტყვა ვერ შემიფარდებია, მივმართავ ხოლმე ჩემს ლექსიკონს („ტფილისის ქართული ლექსიკა“) და გამოთქმაც მზად არის.
ტფილისის ეგრეთ წოდებული „ყარაჩოღული სიტყვები“, - რომლითაც ჩვენი ძველები ლაპარაკობდნენ და ამ ჟამად  არც ახალი მწერლების  ნაწერებიდანაა განტვირთული,-არის ქართული ენის შემადგენელი ნაწილები, მისი ჯიგარია და არა გარმიანული სიტყვები, მეტსაც ვიტყვი: ზოგი სიტყვა ტფილისში უფრო შენახულია, ვიდრე საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში, ამიტომ ტფილისური ლექსიკური მასალაც რომ იყოს გამოყენებეული სალიტერატურო ქართულისთვის, მაშინ ეს სალიტერატურო ქართული უფრო მოგებული დარჩებოდა.
არავინ უნდა შეშინდეს  ქალაქური ენის სიჭრელით, უხსოვარ დროთაგან მიღებულ ლექსიკურ მასალას ვერ შეუძლიან დაამახინჯოს ენა, რომლის სილამაზეც ჩვენ უნდა ვეძებოთ მის საერთო აგებულებაში, მის საერთო ბუნებაში, მის საერთო სინტაქსში.
მაგონდება რიშ-ბაბას -ალ. სარაჯიშვილის (1851-1914) პატარა, მოხდენილი წერილი:


წმინდა ქართული
(ფილოლოგიური ტრაქტატი)

ვინ არ ჩივის ეხლა ქართული ენის წახდენას!
წავიდა, აღარ ისმის წმინდა ქართული, ტკბილი ქართული....
ვისი ბრალია? ემდურიან მეტადრე ჩვენს მწერლებს, ყველაზე მეტად მაგათ გარყვნეს ენაო.
დიახ, სამართლიანი საყვედურია, რადგან ქართველი მწერლისათვის ქართულის ცოდნა სავალდებულო როდია, მაგრამ ენის წახდენაში, მწერლების გარდა, დიდი ბრალი აქვს ჩვენს ვაჭრებსაც, რომელთაც  რუსული სიტყვების ხმარება განათლება ჰგონიათ.
ამას წინათ ერთმა ვაჭარმა ასეთი ამბავი მიამბო:
„ერთს მანუფაკტურის მაღაზიაში შევიდა ჩვენი პრისტავი და საროჩკები იკითხა.
- რა საროჩკები გნებავთო, ჰკითხა კუპეწმა, პალატნიანი თუ შოლკოვი?
- მე ნეჟნად გაზრდილი არა ვარ, სიტცეზედაც საღლასნი ვარო.
ჩამოიღო პრიკაშჩიკმა პოლკიდან ერთი პაჭკა საროჩკა და დაუწყო პრილავკაზედ.
პრისტავმა გადაარჩია ოთხი საროჩკა სხვა-და-სხვა ფერისა: ლილოვი, გალუბოვი, კარიცნიკი და სირენიკი. ბუმაგაში გაახვევინა და ჩაიდო ვეშჩებით გატენილს საკვოიაჟში.
- სხვა ხომ არა გნებავთ-რა? - ჰკითხა კუპეწმა: ნოვომოდნი საიუბკე, შერსტანოი მატერიები მაქვს, სუკნო, ლიონსკი ბარხატი, ფაი, ბადუშკის საპირე, ბურსო, ნაირ-ნაირი შოლკოვი მატერიები....
- არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდეო, - უპასუხა პრისტავმა.
- საროჩკებში რა უნდა მოგცე?
კუპეწმა ჩოთკში ჩააგდო: თითოში-დვა რუბლი ტრიცეთ, სუმა დევით რუბლეი დვაცათ კაპეიკს იზამს.
იკრა პრისტავმა კარმანზედ ხელი... და გროში კაპეიკი არ გამოაჩნდა, პორტმანი შინ დავიწყებოდა.

- უკაცრავად, ნალიცნი თან არა მქონია და ჩემზე იყოსო.
- თქვენისთანა პაკუპატელს, კრედიტში კი არა, დარომაც რომ ინებოს, უვაჟენიას ვუზამთო, უთხრა კუპეწმა“.

ძალიან მეწყინა ნაციონალისტს, ასეთი შებღალვა ქართულის ენისა. დამახსოვდა ეს უშნო ნაამბობი და სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე.
ჯავრი მომდიოდა: ნუ თუ რუსთველის ენა ისეთი ღარიბი ყოფილა, რომ ერთი უბრალო ამბის თქმა ვერ მოგვიხერხებია, თუ რუსული სიტყვები არ ჩავურთეთ?
ავიღე ამ ვაჭრის ნაამბობი გადმოვაქართულე და რაც რუსულის მაგიერ ქართული სიტყვა ვიხმარე, იმას ხაზი გავუსვი.
აი რა გამოვიდა:

ერთს ფარჩეულობის დუქანში შევიდა ჩვენი ბოქაული და პერანგები იკითხა.

- რა პერანგები გნებავთ? ჰკითხა ვაჭარმა - ტილოსი თუ აბრეშუმისა? - მე აზიზად არა ვარ გაზრდილი, ჩითისას ვიყაბულებ.

ჩამოიღო ნოქარმა ყაფაზიდან ერთი დასტა პერანგი და დაუწყო დაზგაზედ.
ბოქაულმა გადაარჩია ოთხი პერანგი სხვა-და-სხვა ფერისა: სოსანი, ლაჟვარდი, მიზაკისა და იასამნის ფერისა. ქაღალდში გაახვევინა და ჩაიდო ბარგით გატენილ ხურჯინში.

- სხვა ხომ არა გნებავთ რა? ჰკითხა დახლიდარმა, ახლად შემოღებული საკაბე შალები მაქვს; მაუდი, ხავერდი, დარაია, ბალიშის საპირე, ყანაოზი, ნაირ-ნაირი ფარჩები...
- არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდეო, უპასუხა ბოქაულმა. პერანგებში რა უნდა მოგცე?
- ვაჭარმაც იანგარიშა: თითოში ორი მანეთი და ექვსი შაური, ჯამი ცხრა მანეთსა და ერთ აბაზს იზამს.
- იკრა ბოქაულმა ჯიბეზედ ხელი და ფული არ გამოაჩნდა, შინ დავიწყებოდა.
- უკაცრავად ნაღდი თან არა მქონია და ჩემზედ იყოსო.
- თქვენისთანა მუშტარს, ნისიად  კი არა მუქთადაც, რომ ინებოს ხათრს ვუზამთო, მიუგო სოვგადარმა.

ეს ხომ წმინდა ქართულია, ვთქვი ჩემს გულში... მაგრამ ვაი შენს მტერს, მე რომ მომივიდა; როცა ხაზ-გასმული სიტყვები გადავათვალიერე: სულ თათრული, სპარსული, არაბული, სომხური და ლათინური გამოდგა!
მაშ რისღა წმინდა ქართული ყოფილა ჩემი გადმოქართულებული?
თურმე წმინდა ქართული არცა გვაქვს და არცა გვქონია!
დაე, გაიხაროს ჩვენმა მტერმა, რომელსაც ჰგონია, ვითომც ენის სიწმინდე თავისებური სიტყვებია  და არა თავისებური სინტაქსი.
1904 წ.



სტატიის ავტორი - იოსებ გრიშაშვილი;
სტატია აღებულია  - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამომცემლობა „სახელგამი“, 1927 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014