ნიგალის ხეობა, ეთნოგრაფიული ჩანაწერები
გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ სამხრეთDAდა სამხრეთ-დასავლეთDსაქართველოს მატერიალური თუ ეთნოკულტურული წარსულით, ჩვენებურთა მეტყველებით არაერთი მკვლევარი დაინტერესდა.
ნიგალის ხეობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია. იგი „მოხერხებული ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობითა და ბუნებრივი რესურსების წყალობით თითქმის მთელი ჭოროხის ქვემო დინების სახელად იქცა“ (1,3) ნიგალის ხეობა მოიცავს ბორჩხას, მურღულს, ართვინს, (როგორც ძველ, ისე დღევანდელ ადმინსტრაციული ცენტრებს), ხების, დევესქელის, ქლასქურის, ჩხალის, ბეღლევანის მურღულის ხეობების სოფლებს, აგრეთვე _ ზედა მარადიდს, კირნათს, ქვედა მარადიდს, მაჭახლისპირსა და მირვეთს (ეს ოთხი უკანასკნელი საქართველოს შემადგენლობაშია).
ჩვენი მიზანი ნიგალის ხეობის ტოპონიმიკის აღწერა-შესწავლა იყო, მაგრამ, ამასთან ერთად, მოგვეცა საშუალება გაგვეკეთებინა ეთნოგრაფიული ჩანაწერები. შეგვეგროვებინა დიალექტოლოგიური და ფოლკლორული მასალა, რომელთაგან თემატური თვალსაზრისით შეიძლება გამოვყოთ: 1. სახასიათო-სატრფიალო ლირიკული ლექსები, 2. საოჯახო კულინარიის ამსახველი ტექსტები და ტერმინები, 3. მუჰაჯირობა და მისი კვალი დღევანდელობაში, 4. საქორწინო რიტუალი და მასთან დაკავშირებული ლექსიკა, 5. სამშენებლო დიალექტური ლექსიკა.
ბორჩხა ოთხი ხეობის _ ჭოროხის, დევესქელის, ჩხალისა და მურღულის შესაყარზე, კარჩხლისა და პონტოს ქედებს შუა, ხეობაში და ფერდობებზეა გაშენებული, კლდეებში შესმული და ფერდობებში შედგმული მრავალსართულიანი სახლებით, რომელთაც ეზოები და ტროტუარები თითქმის არა აქვთ. ართვინი კი, დაახლოებით 2 კმ სიგრძის ერთ ხვეულ ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლებით, სავაჭრო ცენტრებით გაშენებული ქალაქია, რომელიც სულ უფრო მაღლა მიიწევს მთის კალთებზე. 1874 წელს ცნობილმა ქართველმა მკვლევარმა და სამხედრო სპეციალისტმა გ. ყაზბეგმა, რომელიც დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა, ცხენით შემოიარა ეს მხარე და თავის ნაშრომში ,,სამი თვე თურქეთის საქართველოში” ვრცლად მიუთითა საშინელ უგზოობაზე და ამ მხარის საერთო გაჭირვებისაგან თავის დაღწევისათვის გზების გაყვანის პერსპექტივაზე. იგი წერს: ,,ასეთმა ხასიათმა თავის მხრივ ქვეყნის საუკუნოვანი უძრაობა განაპირობა” (2, 104-108) რაც, სავარაუდოა, ბევრ სხვა რამესთან ერთად აქ, ქართული ელემენტის შენარჩუნების საფუძველიც გახდა. რუსეთის ხელისუფლებას 1880-1920 წლებში სოფელთან დამაკავშირებელი და ბათუმისკენ მიმავალი გზები ხეობის მთების მწვერვალებში გაუყვანია, დასახლების მიხედვით. თურქეთის ხელისუფლებას კი მთავარი გზა ჭოროხის გასწვრივ აქვს გაყვანილი, საიდანაც შეიძლება შეხვიდე ყველა სოფელში. ცნობილია, რომ თურქეთის რესპუბლიკა გამოირჩევა მსოფლიოში საუკეთესო ავტობანებით, გვირაბებითა და საავტომობილო გზებით; აქვთ საუკეთესო სასოფლო გზებიც. ბევრგან ჩვენი მოგზაურობის დროსაც მიმდინარეობდა გზების გაფართოებისა და გზის განაპირა კედლების გამაგრებითი სამუშაოები. ყველგან, მუშახელად, ვხვდებოდით ქურთებს, რომლებიც 1-1,5 მეტრი სისქის ქვისა და ცემენტის მყარ ყორეს აშენებდნენ. ექსპედიციის სამი დღე დავყავით დევესქელის ხეობის იაილებში, სადაც ხის სახლთა ნაწილი ბოსლებზე დგას, ნაწილი, _ ახლად აშენებული, ცალკე და ნაწილიც სახლებისა ბეტონითაა აშენებული და კეთილმოწყობილია სველი წერტილებით, საწოლები ფიცრებით აქვთ გაკეთებული. იაილაში ბევრ ოჯახში ჰქონდათ ტელევიზორი. ალაგ-ალაგ ბეტონის ავზები აქვთ გაკეთებული საქონლისათვის წყლის სასმელად. ზოგიერთ ოჯახს პატარა ბოსტანი აქვს შემოღობილი. ქალების უმრავლესობა თავისუფალ დროს საქსოვად იყენებს. ქსოვენ მთასა და ბარში, წუთსაც არ კარგავენ.
თეთრი წყლის იაილაში არის სასტუმრო ტურისტებისათვის. აგრეთვე იუნესკოს პანსიონი. იაილაში იღებს სათავეს მდ. მაჭახ-ლის ერთ-ერთი მარცხენა შენაკადი - თეთრი წყალი, ხოლო აქედან 7-8 კმ-ზე, წამომართულია 3000 მეტრზე მეტი სიმაღლის კარჩხალის კბილოვანი მთები, ხოლო მისი ერთ-ერთი მწვერვალის ძირში არის ვარსკვლავის ტბა _ “მასკავგოლი”, როგორც აქ უწოდებენ.
წარმოგიდგენთ ექსპედიციის დროს ჩაწერილ რამდენიმე ფოლკლორულ ნიმუშს.
ჩვენ მიერ შეკრებილ ფოლკლორულ ნიმუშთაგან ყურადღებას იპყრობს ისეთი ტექსტები, სადაც ადამიანის ხასიათის თავისებურება და ინდივიდუალობა კარგად იხატება. მათში იკვეთება ცალკეული პირის მისწრაფება, მისი სურვილი, შეხედულებანი და ყოფისთვის დამახასიათებელი ლაღი იუმორი.
მთქმელმა სელაათთინ ალფაიდინმა ჩაგვაწერინა ასეთი ლექსი:
`როიც რომ მქონდა ფულებიო,
ვჭამდი ხაჭოპურებიო,
როიცხა რომენ დემელია,
ჩამოვყარე ყურებიო~.
ისა ათარ მელეგოღლიმ (მელეგაშვილმა) სატრფიალო პოეზიის ნიმუშები მოგვაწოდა, სადაც ახალაზრდა ადამიანის ოპტიმიზმი და წრფელი განცდებია გადმოცემული:
`თელას ტყავი გავაძერ, ჭიშკარი გავაკეთე,
ხიდან ხეზე გავაბი, ყაზული ექანება,
მე აქავრი გოგვები მე შენ გოგოს ვუკბინე,
თავკაპებზე დავაბი კბილი მექანება.
ფეხზე ფოთინი მაქვა გოგოვ, გოგოვ, კისკისა,
ოდენ წამოდებული, წყალი მინდა ლიტრისა,
იმდონი აშიღი მყავს გოგოვ, ერთი მაკოცნიე,
დუნიაში მოდებული~. კოცნა მინდა ლოყისა.”
ამ სტრიქონებიდან აშკარაა ცხოვრების ხალისიანი და ახალგაზრდული მხარეებით ტკბობის სურვილი, როცა ადამიანი მომავალს იმედიანად შესცქერის და საყვარელ ადამიანს შორიდან არჩევს. ქართული ფოლკლორი მდიდარია ამგვარიგანწყობის სატრფიალო ნიმუშებით და ნიგალის ხეობაც ამ ერთიანობის აშკარა მაჩვენებელია.
დედები, ხშირად, ქალიშვილებს სათუთად ექცევიან, რადგან გათხოვების შემდეგ ისინი სხვა ოჯახში სახლდებიან, ნიგალელი ქალიც სწორედ ამის გამო აძლევს დედას გაფრთხილებას:
`წმინდა ძივი დემეპნა,
ამსხმელი ვარ ამსხმელი,
დედიკო, ნუ მიყვირავ,
წამსლელი ვარ წამსლელი“.
ამ ხეობის ქართველობა ინარჩუნებს მსგავსებას თავის ძირძველ ფესვებთან. ერთ-ერთ სტროფში კი ქალისადმი ერთგვარი მითითება-რჩევაა გამოხატული, რომ მან თავისი თვალების ელვარება და სილამაზის შუქი უნდა დამალოს, არავის უნდა დაანახოს:
`წვანე-წვანე თვალები
შენ თვალებში გიყურე,
ვინმე არ დიგინახოს
თავი ბოლო დეიბურე~. (მთქმელი: ნაზიმე ყარა)
აშკარაა, რომ მოკრძალებასა და თავმდაბლობასთან ერთად, აქ რელიგიური ადათ-წესებიც არის მოაზრებული. დეტალებშიც და ფრაგმენტებშიც შეიძლება მსგავსება–განსვავების კარგად შემჩნევა და მათი თვალსაჩინოდ გამომზეურება. ეს ერთი პატარა ლექსი მთლიანად იტევს არა მარტო ცალკე აღებული ხეობის, არამედ მთელი ბოლო საუკუნეების ისტორიისათვის დამახასიათბელ პერიპეტიებს და ყოფით რეალობას. მეუღლისადმი ერთგულებასა და სიყვარულში გაჯიბრებაა ალფაიდინისა და ნერმინ გეჩის მიერ წარმოთქმულ სტროფებში (ლექსებში, შაირებში). ამ სიყვარულსა და ერთგულებაში იკვეთება რწმენა მეუღლისა, ვაჟკაცისა, მაღალი ზნეობა ქალისა, სიმტკიცე ოჯახისა.
,,წისქვილზე მირი დავაყარე თაზე მიმყავს ორი ხბო,
ბენდი გადაგდებული, იქით აქეთ მექცევა,
ჩემ იაიროს მე ვიცნობ იარო შენი დანახვა
კისერ გადაგდებული. და ჯენეთი მომექცევა.
მომწვანო თვალიანი გაღმა თეთრი ქათამი
თითზე ბეჭედი მაქვა, გამოღმისკენ უხტება,
ჩემ იაროს მე ვიცნობ, ჩემ იაროს რომ დევნახავ,
ჟუჟუნა თვალები აქვა გულში რაცხა მომხტება“.
ირონია და შორიდან მაყურებლის შემფასებლობითი დამოკიდებულება ჩანს 65 წლის მთქმელის მიერ მოწოდებულ სტროფებში (ილმაზ შენთურქ, მარადიდიდან):
`ბაბავ, გიმიშვი აჭარისტანში,
კოლექტივს დევეხმარები პურისჭამაში~.
მაშინ, როცა ჩვენში საბჭოური პატრიოტიზმი, ნებსით თუ უნებლიეთ, ყვაოდა და სავალდებულო სახოტბო პოეტურ ნიმუშებს ამზეურებდა, ნიგალის ხეობის საზრვარგრეთ დარჩენილი ნაწილის ქართველობა პრაგმატულობის და მსუბუქი ირონიის ნაზავს ქმნიდა და ითავისებდა. და თავისთავადობასა და ეროვნულ ცნობიერებას უნარჩუნებდა [3, 100]
ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეს რეგიონი ტოლს არ უდებს საქართველოს სხვა მხარეებს სტუმარ-მასპინლობაში. მართალია ცხოვრების თურქული წესებიდან გამომდინარე, ეს კლასიკური ქართული ფენომენი რამდენადმე შეიცვალა, მაგრამ თავისი ძირითადი ფუნქცია დღემდე შეინარჩუნა. საოჯახო ყოფაში, ძირითადად, დამკვიდრებულა სტუმრისათვის სადილის მისართმევად მაღალფეხა სკამების და მაგიდების გამოყენება, ნაცვლვად ძველებური დაბალი სუფრისა (თუმცა, ისიც აქტიურად არის ხმარებაში). სუფრა აქვთ მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანი, მაგრამ არ გამოირჩევა სიუხვით. ოჯახში საჭმელს ძირითადად პატარა მაგიდიდან მიირთმევენ, პატარა სკამებზე დამსხდარნი. ბევრგან ისევ შენარჩუნებულია სუფრასთან მუხლმორთხმული მისხდომა და ერთი საერთო თეფშიდან კერძის მირთმევა. შეხვდებით კერძების ჩამორიგებით მირთმევასაც, მაგ., სოფ. დამფალში.
სტუმარ-მასპინძლობისათვის გადაგებული ჩვენებურები იყვნენ, თურქები კი ამ მხვრივ თავშეკავებულობას იჩენდნენ.ისლამის ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულს უხდიან გარდაცვალებიდან შვიდსა და ორმოცდათორმეტს. ჩვენს საკვლევ ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი, როცა მიცვალებულს გარდაცვალებიდან შვიდსაც უხდიან, ორმოცსაც (ოჯახთან მიცვალებულის სულის განშორების, მისი ძვალისა და რბილის განცალკავების დღეს) და ორმოცდათორმეტსაც და სასაფლაოებიც მარმარილოთი აქვთ გაკეთებული. როგორც ცნობილია, ორმოცის გადახდის წესი ქრისტიანული რელიგიის მიხედვით სრულდება. საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები კი, მხოლოდ შვიდისა და ორმოცდათორმეტის რიტუალს ასრულებენ და არ თვლიან აუცილებლად სასაფლაოს ჩამოსხმასა და განსაკუთრებულ მოწყობას. გარდაცვლილს, თუ დილას გარდაიცვალა, საღამოს კრძალავენ და თუ შუადღიხან, ან საღამოს, მეორე დღეს კრძალავენ. ოჯახებში შესვლისას აქ მიღებულია ფეხზე გახდა, გასვენებაში მისვლის დროსაც კი იცავენ ამ წესს.
საქართველოში ყვავილების გვირგვინი გარდაცვლილის პატივსაცემად მიაქვთ, თურქეთში კი იგი ათეულობით მიიტანეს მარკეტის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ კუთხის სახალხო დღესასწაულები, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამია შემორჩენილი: ‘’შუამთობა’’, ‘’კავკასორი’’ და ‘’მემხლიანობა’’ (4) შუამთობას აღ- ნიშნავენ აჭარაში (5), ამ დღესასწაულს თავისი ფორმა შეცვლილი აქვს შავშეთ-იმერხევში და ზოგადად ‘’ფესტივალად’’ იწოდება, თუმცა ბევრი საერთო ელემენტი აქვს შუამთობასთან. მეტად საინტერესო დღესასწაულია ნიგალის ხეობაში კავკასორი, რომელიც ტრადიციულად ტარდება ართვინიდან 8 კმ-ის დაშორებით, ტრიალას მთაზე ივნისის ბოლო კვირას. დღესასწაულის ძირითადი მომენტია ხარების შეჯიბრი, თუმცა ბოლო დროს საზაფხულო სახალხო ზეიმს დაემატა სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებებიც, ასეთი დღესაწაულები ცნობილია ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში (4).
გამეგონა და წამეკითხა კიდეც, რომ თურქეთში ქურდობა არ იცოდნენ. ამაში თავადაც დავრწმუნდით. ბორჩხაში, მრავალსართულიან სახლში, ბუჰრან ჯიგანაძის ოჯახში გავათიეთ ღამე, ფეხსაცმელები სადარბაზოში დაგვატოვებინეს, გავიკვირვეთ, მიზეზს მიხვდნენ: გვიპასუხეს _ აქ ხელს არავინ ახლებსო. ასე, Qღიად ელაგა ფეხსაცმელები მეზობელ მობინადრეთა კარებთან. სოფლებში, ბევრ ოჯახში ვნახეთ სხვადასხვა სახის სამონადირეო იარაღი, რომელსაც შეუზღუდავად ისროდნენ გასახალისებლად, გასამხნევებლად, გასახმიანებლად, შესაგულიანებლად.
ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა აქედან ჩასული იაფი ქართველი მუშახელი. გავესაუბრეთ იქაურ ქალბატონებს მათ საქმიანობაზე, გვითხრეს, რომ არ არიან მძიმე შრომაში, რომ ჩაისა და თხილს (სოფლის მეურნეობის ძირითად საშემოსავლო პროდუქტს) აქაურ ჩვენებურებს აკრეფინებენ და თვითონ ოჯახში და ეზო-კარში მუშაობენ. ხშირია ქართველ ქალთა თურქეთში გათხოვების შემთხვევები. ჩვენ შევხვდით რამდენიმე ოჯახს. მაგ. ხელვაჩაურელ დალი კომახიძეს, რომელიც გათხოვილია ბორჩხაში, სოფ. შუახევში, სელიმ ათარზე; ხაშურელ მარინა ცაბაძეს, ასევე, შუახევში, ქენან ილმაზზე, ქედელ ნაზი ბოლქვაძეს, _ ბორჩხის რაიონის სოფელ თხილაზროში, დილავერ ოზბაირაქზე, და ეს მაშინ, როცა ადგილობრივი ქართველობა თავისი ტრადიციების, ადათ-წესებისა და ეროვნულობის შესანარჩუნებლად საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა და ძირითადად ახერხებდა კიდეც, მხოლოდ ქართველთან, თავისი მოდგმის წარმომადგენელთან, შესულიყო ქორწინებაში. მაგრამ, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი (ზემოთ მოყვანილი ფაქტები), დრომ მოიტანა და ისევ დრო წაიღებს.
ვახუშტი თავის ნაშრომში ‘’აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ წერს: ,,და არს ეს ლიგანის Ãეობა თÂნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით”(6). (ნარინჯებისა და თურინჯების რა მოგახსენოთ, მაგრამ ნიგალის ხეობა, ვაშლით, მსხლით, ყურძნით, ატმით, ზეთისხილით, ზღმარტლით, ბროწეულით, თხილით და სხვა მრავალი სახის ხეხილით რომ იყო გადახუნძლული, ამას ჩვენც ვადასტურებთ, ვაშლი კი _ სიუხვის გამო ულპებოდათ და შემოსავლის წყაროდ ვეღარ ექციათ.
ხეობაში მეურნეობის გავრცელებული დარგია მეფუტკრეობა, ხოლო თაფლი სუფრის ძირითადი საკვები პროდუქტი. მთასა დაბარში შეხვდებით ხის კენწეროებსა და კლდეებში გამოკიდულ სკებს. ვახუშტი ბატონიშვილიც აღნიშნავდა მეფუტკრეობის შესახებ ამ რეგიონში (7). კლარჯეთის მეფუტკრეობიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ლივანური თაფლი, რომელზედაც დიდი მოთხოვნილება იყო, რომლის შემცირების მიზეზად ფუტკრის სხვადასხვა ავადმყოფობასთან ერთად მისი წარმოების დიდ შრომა-გარჯასაც ასახელებენ (8).
სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანია ტყეები, ხეებს პეპელა და ჭია მოდებოდა, შესაბამისად ხე-მცენარეთა დაცვის ღონისძიებანი გაეტარებინათ მათთვის ტყის მთელ მასივებში ხეთა ტოტებზე ‘’მახე’’ გაეკეთებინათ ჭია-პეპელათა მისატყუებლად.
ჩვენებურთა გულღია საუბრებსა და ადათ-წესების, ტრადიციების, ყოფა-ცხოვრების, მუჰაჯირობის, კვების პროდუქტების დამზადებისა და მშენებლობისა შესახებ ჩაწერილ ტექსტებში შეხვდებით მყარ ფრაზეოლოგიურ გამონათქვამებს, იუმორს, ანდაზებს,“ფასაფორტის” გაკეთებისა და საქართველოში წამოსვლის სურვილს, ოცნებას. ამ ჩანაწერებში თვალნათლივ ჩანს ჩვენებურთა ეთნოკულტურული ყოფა;
მაგალითისათვის _ მთქმელი: ნაფიე ქესკინ (50 წლის) სოფ. ბაგინი:
,,ბერ-დედაბერი ერთად მეიყარენ და თქვეს უწინდელი რაცხაები ვიპარაკოთო, ვიჭუჭუნოთო. შენ რომ მოგიყვანე გოგო არ იყავი, იციო?! დედაბერსაც უთქმია კ(ქ)ი, ძირიდან არ დეიწყო,
ზეიდან დეიწყეო. არ ეამა ბერს კ(ქ)ი”.
დედოფლობისათვის მზადება და მეზობელი თერძი ქალისადმი მადლიერების გრძნობაა გამოხატული შემდეგ ტექსტში:
.,,მუუტანდი ჩვენ ურბას, დაჭრევდა კარგათ, შემიკერებდენ, ჩამცმებდენ, დედოფალი დავდგებოდით. ძველათ ენ კაი თერძი იყო გოგვებისა, მეტი გამახარებდენ, ფულსაც ცოტა ამართმებდინ, პატინა რაცხას მივცემდით, ლოცვას მეიგებდა ბევრს”
.,_ ავადები გავხდებით, ვაკითხიავთ, მეტი კაი ქალია. გონჯი უზრი ის აქ იშტი, კაცსა არას უძახის. _ დედაბერი ქალი ადექი და ტანი იბანე, რა ზორი.
მოყვანილ ტექსტში: ,,5 ყათი გენილი ყავს, ერთი მეიყვანა შეიშალა, ამელიათი გახდა, მეორე მეიყვანა, ამელიათი გახდა,რძალი თლათ მეიყვანა, თლათ ამელიათი გახდა“, გამოხატულია
დედის პასუხისმგებლობა, ოჯახში ახალი წევრების, რძლების შემოყვანის დროს, როგორც ეს არის ჩვენთან და არა როგორც მუსლიმანურ საზოგადოებაში (ოჯახში რძლის არასრულფასოვან წევრად მიღება).
ქვემოთ მოყვანილ ტექსტში კი ნაფიე ქესკინი აღწერს, თუ როგორ მკურნალობს მოტეხილობას.
1. ,,რავაი ვაგდებ, თუ მოტეხილია შევხედავ, შევხედავ იშტე, გავაკეთავ, იმას შუუხვევ, კვერცხის ფქილით გავთქიფავ, გავლესავ, ფალაზზე დავასხავ, შუუხვევ, ის ალჩისი გახდების, გახმება, 15 დღე შეხვეული იქნება, იმის მემრე მოძრება, ხელიც გუუკეთდება”.
მთქმელი: ჰაჯერ ათამან (48 წლის) სოფ. დევესქელი.
აღგვიწერდნენ თუ როგორ ამზადებენ კერძებს:
,, ჭიმური გოგოვ, სიმინდ იცი, ჭადი გამმაცხე ლამაზი, ცხელ კი ამეიღებ დიდ თეფში, ლამაზად ჭ@ად დადებ, ერთი ყაშუღი გინდა, ორი ყაშუღი გინდა, იმა დაადებგ და ჩაბღუჯავ, ჭადი არნა გაცივდეს, მალმალენა ქნა იაღი, გადნეს შიგან, იანზედ აირანი მორეკე ხელით, იშიც შუაში ჩადე ლამაზათ, მოყარე ღარჭები, გუუდექ და ჭამე”.
ე. წ. ჰასუთა
.,,ერთი თაბაღი (თასი) ქფილი ჩააყარე, ერთი თასი შექერი, 3 თასი წყალი, ბითუმნა რეკო, ეგერ თუ სქელი ქნა, წყალს გეიგნებ იშტე, სქელი და თხელი ონაგორა იქ იშტა, ცუტ-ცუტა წყალ მიცემ, ბევრ არა, შენნა გააფერო, ჭკუა გაქვან იმდენი, თუ გინდა სამი ყაშუღის ბეთმეზი ჩაასხი, თუ გინდა ბოინი, ჰამა ლამაზინა დააშუშუ, სული არ ედინოს, ქვედაიც არნა დახრაკო, სული არნა მუაღებიო მენჯერაზე”.
ტექსტებიდან ამოღებული გამონათქვამებია:
1. პირ კოცნა თუ გინდა ცხვირმა არ დიგიშალოს
2. თაფლი დიგიკავებს (თაფლი უჭმელობას კარგა ხანს გაგაძლებინებს)
3. მაღალი ხერხები არი (მაღალი კბილოვანი, ხერხისებური მწვერვალები არის)M
4. ფარა დააწვინა (ფული გადაიხადა, ფული ბანკში ჩადო, ფული გაუუფასურდა, როგორც იტყვიან, დაეწვა).
5. ღმერთმა წორეთ მათქმევიე და ა.შ.
და ბოლოს: ჩვენი კონფერენცია რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომსა და მისი შედეგების განხილვას ისახავს მიზნად, ბუნებრივია ეს ომი რუსეთის დამპყრობლურ მიზნებს ემსახურებოდა, მაგრამ ჩვენთვის იგი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ნიშნავდა, რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირების ეპიზოდია სებაათტინ ალფაიდინის მონათხრობში: ,,ჩხუბი გასკდა თავიდან, სავაში, თელი ხალხი, ვინ-ვის. მეემშიენ ასკრებსა, დედაბერთან მივდენ მეგერე, დედაბერსა საჭმელი მოთხვა, საჭმელი დუუდვა, მიართვა. რუსები ძულდებიან ჩვენ ქართველებსა. მეგემ დევესქელში იყვენ, მუცლიანი ქალები დახიშტეს, თელი ღარჭები გამააგდებიეს და ძულდენ ისინი. ქალმა უთხრა, საჭმელი გინდებიანო თუ, ეშინიოდა, ჭამეთო და, ღმერთმა რა გაჭამონო. მეგერე ერთთანე შიან ქართველი არ ყოფილა ასკერ, ნენევ მე კაი ვჭამე ჰამაო, მეს ქართველი ვარო და, ვოომე, ესენიც ქართველი ყოფილანო და ჩემი ხალხი ხართო და უტირია მაშინ. ჰამა რუსებსაც დიდი ბითური საქმე უქნიან, გაიგენ და რუსები ზულდენ“.
ომს ყოველთვის ახლავს შემზარავი დ ხშირად გაუთვალისწინებელი შედეგები, რუსეთი ქართულ მოსახლეობას ათავისუფლებდა თურქეთის საუკუნოვანი მონობისაგან, მაგრამ ომის შედეგებისა და თურქული პოლიტიკის გამო, ჩვენებური, რუსი ჯარისკაცის სიძულვილს განიცდიდა...... მაგრამ გული შესტკივოდა თავისიანზე და სამშობლოზე. 1878-1921 წლები ჩვენებურთა მეხსიერებას მათი ქართველობის ნათელ კვალად აჭდევია.
შეიძლება დავასკვნათ: თურქეთში მცხოვრებ ნიგალისხეობელთა აქ წარმოდგენილი სამეტყველო და ფოლკლორული ნიმუშები ღირსსაცნობია არა მარტო თანამედროვე კუთხური თავისებურებით, მისი მახასიათებლებით, ფიგურალური გამოთქმებითა და ისტორიული დიალექტოლოგიით, არამედ ეთნოკულტურული საერთო ქართულის ჩვენებით.
სტატიის ავტორი - ეთერ ბერიძე; სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში.
სტატია აღებულია - აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალებიდან, გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, ბათუმი, 2009 წ.
|