მეგრული ზღაპრის თავისებურებები

მეგრული ზღაპრები ქართული ხალხური სიტყვიერი საგანძურის ნაწილია, მათზე სათანადო დაკვირვება ქართული ფოლკლორის შესასწავლად აუცილებელი და დროული საქმეა, მეგრული ზღაპრის ცალკეული თავისებურებები სწორედ ამ მიზნით გახდა ამჯერად ჩვენი შესწავლის საგანი. კვლევამ დაგვარწმუნა, რომ მეგრული სიტყვების, ფრაზეოლოგიური გამოთქმების, სახე-სიმბოლოების ქართულ შესატყვისებთან მიმართებაში განხილვა საინ-ტერესო შედეგების მომცემია.
ცისა და ცის მნათობების აღმნიშვნელი ტერმინები მეგრულში, ქართულად გადმოთარგმნისას პირველად მნიშვნელობას კარგავენ. ამასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიმუშის დამოწმება ცხადყოფს პრობლემის დასმის აუცილებლობას. ზღაპრის გმირების სკნელიდან სკნელში გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა ჯადოსნური ხალიჩა: `ათე ბოშიში ჩილს ართი ნოხი ეფერი მეჩუ ხენწიფექ, ნამუდა ჟიდოჟი იონანსი=ამ ბიჭის ცოლს ერთი ისეთი ხალიჩა მისცა ხელმწიფემ, რომ ზეცაში აიყვანს~ (დანელია... 1991: 16). ჟიდოჟი=ზეცაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ სიტყვასიტყვით იგი გადმოითარგმნება როგორც `ზევით და ზევით~, ანუ მატერიალური ციდან უსხეულო, მარადიულ ცამდე. მეგრულ ზღაპარში გვხვდება მნიშვნელოვანი გამოთქმა ზესკნელისა და შუასკნელის ბინადართა გამოსახატავად: `ქოძირუ ართი ხენწიფეში დოხორეს ცა დო ქეანაში კათა ქიმიობარგუ ოზეში კარცი=დაინახა ერთი ხელმწიფის სამოსახლოსთან ცა და ქვეყანა ხალხი მისჯარვია ეზოს კარს~ (დანელია... 1991: 52) `ქვეყნის ხალხი~ ბუნებრივი გააზრებაა სიმრავლის, მაგრამ ცა და ქვეყნის ხალხი, ან აზრის მეტი სის-რულისა და გაზვიადებისთვისაა ნახმარი, ან უძველესი მითოსური წარმოდგენით სკნელებისა და მათი ბინადარი არსებების შესახებ ინახავს ცნობებს. სხვაგან ზღაპარში ბედის საძიებლად წასული გმირი მიდის `ცა იდუ, დიხა იდუ, ტყა იდუ, ვე იდუ, რზენი იდუ, გოლა იდუ=ცა მოიარა, დედამიწა მოიარა, ტყე მოიარა, ველი მოიარა, ბარში იარა, მთაზე იარა” (დანელია... 1991,226), აქ ცის მოვლა უკიდეგანო სიარულის მხატვრული სახეა, ერთგვარი ჰი-პერბოლიზება, თუმცა არც სკნელის სახით გააზრება იქნება გამო-რიცხული. მსგავსი მაგალითების მოხმობა შეიძლება განსხვავებულ შესიტყვებთანაც, მეგრული `შური ვაუქალუ=კრინტი არ დაუძრავს~ (დანელია... 1991: 162) რაც სიტყვასიტყვით გადაითარ-გმნება როგორც სუნთქვა არ უქნია და ძალიან ჰგავს შოთასეულ გამოთქმას `სული დაიღო~ და ნიშნავს გაჩუმდა. `სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა~ (229). მსგავსი ფორმით იხმარება `ველება შური=არ ამოიღო სული” (ხუბუა 1937.68) რაც იგივეა რაც ხმა არ ამოიღო. მეგრული მხატვრგული აზროვნება იცნობს ფორმას `თარი შურს გეშაიღანქია=მთავარ სულს ამოგართმევო (მოგკლავო) (დანელია... 1991: 302) თარი=უკეთესი, ხშირად ამ გამოთქმას ჩაენაცვლება უჯგუში შურს გეშაიღა=უკეთესს სულს ამოგართმევ~ (ბ.მ.).
უფლისადმი რწმენის გადმოსაცემად გამოითქმის: `თქვან ღო-რონთს მიოჯინითია=თუ ღმერთი გწამთ~ (დანელია... 1991: 12), თუმცა პირდაპირი გამოხატვა იქნებოდა `თქვენს ღმერთს შეხე-დეთ”, ხედვა, მზერა ანუ თვალის გამოხატულება, რაც ფრესკულია, ადამიანის სულის თვისებას გულისხმობს. რწმენით სავსე სული უფალს შესცქერის. მსგავსი ფრაზეოლოგიური გამოთქმის საინტერესო მეგრული შესატყვისია ფრაზა `ღორონდგიე=თუ ღმერთი გწამს” (დანელია... 1991: 144) სკნელების შემაერთებლად, ზოომორფული არსებების გარდა, ზღაპრებში ცნობილია: ბოძი, შიბი, კოშკი, ჯაჭვი, კიბე, რომელთა მონაცვლეობა ხდება ეპოქათა მიხედვით. მეგრულში ზეცაზე დაკი-დულ კოშკს მისასვლელი კიბე აქვს, რითაც კიბე გამორჩეულ და-ნიშნულებას იძენს.
ქართული ზღაპრის ხთონური არსება დევი ინდური ღვთაება დაევას გავლენითაა ქართულ აზროვნებაში დამკვიდრებული, რაც მანათობელს, ბრწყინვალეს ნიშნავს, თუმცა ქართულში იგი ბნელისა და ბოროტის სახეს ქმნის. მეგრული გადმოცემები ინახავენ ცნობებს როკაპების შესახებ, რომლებიც ტაბაკონას მთაზე იკრი-ბებიან და ადამიანთა ცხოვრებას ავად ამიზეზებენ. როკაპი ნათელს ჰფენს: მუ კოჩი რექია, ჩქიმი შუქის გუურზიეე?=რა კაცი ხარო, ჩემს ძალას (შუქს) რომ გაუძელიო (დანელია... 1991: 21). მზე-სავით მანათობელი ბიჭებიც გვხვდება. ზღაპრის რჩეული გმირის შესახებ ნათქვამია: `მუჭო ბჟაშანი, თეში იში ჩხვინდი დო პიჯიშა ვეენიჯინე=როგორც მზე ისე მისი სახე თვალშეუდგამია (მისი ცხვირი და პირისთვის არ შეიხედება) (დანელია... 1991: 40). მეტად საყურადღებოა ნათლის გამომხატველი სიტყვა ამუნათი=ამნათი. თვალით უნახავი, არნახული სილამაზე ასეა გამოხატული: `ქოძი-რუ კარც ქიგერე მიდგაში რენი უძირაფუ ამუნათი სქუა=დაინახა კართან დგას ვიღაც უნახავი სილამაზის ბიჭი~ (დანელია... 1991: 40) ქართულ თარგმანში ამუნათის ახსნაა უნახავი სილამაზის ბიჭი, სიტყვის ძირი მნათ-ი, მანათობელს გულისხმობს, რაც მას უმეტე-სად მანათობლეთან აკავშირებს ვიდრე უნახავთან. სხვაგან მითო-სური ცხენი თვალებიდან ცეცხლს ყრის და გმირი ამით გზას ინა-თებს: `მარა ეფერ რაშის გეხედუ თე ბოში ნამდა თოლშე დაჩხირს მარღვანდუ დო ეთიში სინთეთ შარას იძირაფუანდუ=მაგრამ ისეთ რაშზე იჯდა ეს ბიჭი, რომ თვალებიდან ნაკვერცხლებს (ცეცხლს) ყრიდა და იმის სინათლით გზას ინათებდა~ (დანელია, ცანავა, 1991,236). საგულისხმოა ქართული ზღაპრის მზეთუნახავის მეგ-რული ფორმა `ცაშ უძირაფუ ზისნახეფი=ცის უნახავი მზეთუნა-ხავები” (ხუბუა 1937: 302) მზეთუნახავი სილამაზეს უსვამს ხაზს და ცის უნახავი კიდევ გამორჩეულობას. ძვირფასი თვლები თავიანთი ბუნებით ანათებენ, სამოთხისეული ნათელი მარადიული მათი ბუნების თვისებაა, მეგრულ ზღაპარში ბეჭდის მანათობელი თვალი კაცსი სახით გამოცხადებულ ეშმაკს აფრთხობს, ეშმაკი შემოდის კარში და უცებ ეცემა, თვითონ ამბობს მიზეზს: ბეჭედიშ თოლი ეფერიე სქანია, ნამუდა ეშმაკიშ შრიშის იშა ვემიაჯინენია, მიწ _ დოჩვია სქანი ბეჭედი დო მავა მუს მიზოჯუნქ, მორჩილი გაიქია = ბეჭდის თვალი ისეთია შენი, რომ ეშმაკის სულის (პატრონი) ვერ შეხედავს, მითხრა შეინახე შენი ბეჭედი და მე რასაც მიბრძანებ, მორჩილი გეყოლებიო (ხუბუა 1937: 43).
ქართული სამონადირეო ეპოსი იცნობს ძაღლებს, რომლებიც რჩეულ მონადირეებს ჰყავთ, ხშირად მათ ორბის ბუდეებში პოულობენ, ეს ძაღლები ღვთაების რჩეულ მონადირეთა ხვედრია. მეგრულში ასეთ ფინია ძაღლს სახელად `მათიკოჩი~ (დანელია... 1991: 24) ჰქვია, ამ სიტყვის ქართული შესატყვისი, როგორც საკუ-თარი სახელი, იგივე `მათიკოჩია~ დასახელებული, თუმცა სიტყვა-სიტყვით მათიკოჩი=მეც კაცის, ან მე იმ კაცის მნიშვნელობის კომპოზიტია. ამით ნაწილიანი ძაღლების ბუნება თვით სახელშია მოთავსებული. თვით ნადირობას უცნაური შესატყვისი გამოხა-ტავს მეგრულში: `ხელმწიფის შვილს მაჯინობა ნოოროფუე ძალა-მი=ხელმწიფის შვილს თვალსიერი ყვარებია~ (დანელია... 1991: 27). პარალელურად გვხვდება ჯინუა=ნადირობა (დანელია... 1991: 40). ეს ერთგვარი ინიციაციაა, ნადირობა თავისთავად საკრალურია, მას პოემა `ვეფხისტყაოსანიც~ იცნობს როგორც ერთგავრი ახალი სინამდვილის აღმოჩენის დასაბამს: ნადირობისას იპოვეს უცხო მოყმე ავთანდილი ნადირობისას გაეპარა თავის მეომრებს მოყმის საძებნელად რომ მიდიოდა ნადირობისას ხდება ხატაელი ძმებისა-გან მოყმის შესახებ ამბის გაგება ნადირობისას დაინახა პირველად ფრიდონმა ტყვე ნესტანი და ისევ ნადირობისას აუწყა, სრულიად შემთხვევით, ტარიელს ამის შესახებ.
საინტერესოა ცალკეული მეგრული სიტყვების პოლისემანტი-კური მნიშვნელობა. სიტყვა `კინოხონი~ ერთგან ამასობაში-ს გუ-ლისხმობს, ხოლო სხვაგან _ აწმყომდე, აქამდე მომხდარის მნიშ-ვნელობითაა ნახმარი `კინოხ დიდას სქუაქ ქუმშურთუ=ამასობაში დედას მუცელი ეძრა~ (დანელია... 1991: 39) და მეორეგან `ქიიჩინუ მუ ამბექ იუუ მუში კინოხონი=მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა მის არყოფნისას (მის უკან) (დანელია... 1991: 40).
საგულისხმო ფრაზეოლოგიური გამოთქმაა, ქართულისთვის კარგად ცნობილი, სიხარულით ცას ეწია, მისი ფარდი გამოთქმაა მეგრულში: `ხიოლით დიხაშა კუჩხი ვაუდგუდუ=სიხარულით მიწაზე ფეხი არ ედგა~ (დანელია, ცანავა, 1991, 44) ანუ ცას ეწია.
მეგრულ ზღაპარში `და დო ჯიმაშ არიკი=და და ძმის ზღაპარი~ (დანელია... 1991: 92) მთქმელი დაზე გვეუბნება რომ `დაში სახელი ვაუჩქუ არიკის=დის სახელი არ იცის ზღაპარმა~ ხოლო ძმას ლევანი ერქვა. სავარაუდოდ, მეგრული ზღაპრები ნაკლებად იცნობენ ქალის სახელებს, მუჰამბარი სიკვდილის წინ იბარებს, თუ ასული ეყოლება, რაც უნდათ დაარქვან, თუ _ ვაჟი, მისი სახელი გაცხადებულია, მას მუჰამბი უნდა დაერქვას (დანელია... 1991: 106). ზემოხსენებულ ზღაპარში არა მხოლოდ კონკრეტულ ზღა-პარზეა საუბარი, არამედ საერთოდ ზღაპრებზე, რომლებშიც მარ-თლაც იშვიათად თუ მოხდება სახელის მოხსენიება. უმეტესად სა-ხელი, რომელსაც ზღაპრის გმირები ატარებენ, პირობითია: ომბოლია=ობლობაში გაზრდილი ბიჭია, სანატრია=სანატრელი, სიბერე-ში ნატვრით შეძენილი შვილია. არის ცალკეული გამონაკლისი, რო-დესაც ზრაპრის გმირი თავგადასავლების წინ დედას მიმართავს: `ჰე, დედავა _ ასე სახელი ქიგმოდვია, _ ტარიელია! =ჰე, დედად, ახლა სახელი დამარქვიო, _ ტარიელიო!~ (ხუბუა 1937: 301) სახე-ლის დაერქვა და შვილს საოცარი ძალა მიეცა და სანადიროდ წავიდა.
სასუფეველი სულეთად იწოდება, სულის მხარე, სადაც სიკვდი-ლის შემდეგ ადამიანის სული დამკვიდრდება, ამის საპირისპიროდ მეგრულ ზღაპარში `სუმი ჯიმა კოჩიშ არიკი~ `სამი ძმა კაცის ზღაპარი~, წუთისოფელს ადამიანის ხორციელი ცხოვრების ადგი-ლი ანუ სახორციელე ჰქვია (ხუბუა 1937: 111), ხოლო ადამიანის მოდგმას `კოჩიშ არსი=კაცის არსი~, მეგრულ ზღაპარში არწივი გიორგის აძლევს პირობას, თუ არ მოკლავს კაცის არსს არ შეეხება (ხუბუა 1937: 152).
მეგრული ზღაპრის ერთ-ერთ თავისებურებად უნდა გამოიკ-ვეთოს ზღაპარი `გატყურია~, რომელსაც აქვს ქართული ზღაპრის-თვის უჩვეულო დასასრულის ფორმულა, ეს არის ენიგმატური დასასრული: `ღუმა თექ ვორდია, ამდღა ამარ ვორექია; ზღვაშა ვებ-დენი ტკიბირით წყარი ვა მიბღენი, სათითის ღუმუ ვენუაკეთენი, ლიფშიშ ყურწით ვემნუოზუენი, ბირცხათ ვა დუოგენი თეიშახ დუსუ ვემკორჭვებუდას = წუხელი იქ ვიყავი, დღეს აგერ ვარ, სანამ ზღვაზე არ წავალ, საცრით წყალს არ მოვიტან, სათითეში ღომი არჩავამზადო, ნემსის ყუნწით არ ჩავზილო, ფრჩხილით არ ამოვიღო, მანამ თავი არ აგტკივებოდეთ~ (ხუბუა 1937: 195).
ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდადაა დავალე-ბული ხალხური სიტყვიერი ნიმუშებით, ამ მხრივ არც ისე მდი-დარია ძველი ქართული სასაულიერო ჟანრის მწერლობა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებაზე, რო-მელმაც თავისი იგავების კრებული ხალხური აზროვნებისთვის და-მახასიათებელი ნიმუშებით აავსო. იგავების კრებულში ხშირია ზღაპრული სიუჟეტები, მეფე და მისი ვეზირების შესახებ არაერთი თხრობა გადმოუცია: იგავი `უტკბესი და უმწარესი~ გადმოგვცემს ხალხური სიტყვიერი ნიმუშების მსგავს სიუჟეტებს. ამის თვალ-საჩინო მაგალითია მეგრული ზღაპრის `ჟირი ჯიმა-კოჩიშ არიკი~, რომელშიც მეფემ ითხოვა, მისთვის ემცნოთ ქვეყნად `არძოშ უგვანილაში, ირფელიშ უსქვამაში დო ირფელიში უმარჯვაში მუ რენ ქომიწითია! = ყველაზე გაუმაძღარი (უმსუქნესი), ყველაზე ულამაზესი და ყველაფერზე მარჯვე რა არის, მითხარითო~ (ხუბუა 1937: 220). ამის ანალოგიურია მეგრული ზღაპარი `ნძალიერიშ უმოსი ნძალიერიშ არიკი = ძლიერზე ძლიერის ზღაპარი~ (ხუ-ბუა1937: 261), სადაც ლეონის მიერ მოვლილი ქვეყნების მსგავსია დიდზე დიდი და მჯობნის მჯობნი ხალხი.
ქართულ ზღაპრებში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ხთონური არსებები ადამიანთა სუნს გრძნობენ, დევებს კაცის სუნი სცემთ, თუმცა მეგრულ ზღაპრებში ხშირად ჩაენაცვლება გამოთ-ქმა: ქირსიანეშ სური ითხანსია = ქრისტიანის სუნი არისო (ხუბუა 1937: 232).
ილია ჭავჭავაძეს მოთხრობაში `სარჩობელზაედ~ აქვს ნახმარი შესიტყვება `რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია~, ამ ფრაზას ამბობს პეტრე, როცა ნახავს, როგორ აჰყავთ სახრჩობელაზე ყმაწ-ვილი. ამის მსგავსია მეგრულში არსებული გამოთქმა: `მუდგა თინა ვარდას კოჩიშ შური რე=რაც არ უნდა იყოს, კაცის სულია~ (ბ.მ.), რითაც ხდება ხაზგასმა, რომ ადამიანი სწორედ ღვთისგან მის მსგავსად ჯერ გონისმიერი სულით არის რჩეული და მერე ხორცით.
ქართული ზღაპრებისთვის ცნობილია, როგორ აძლევს უშვი-ლო ქალებს ან მათ ქმრებს ვაშლს ვინმე უცხო დედაკაცი ან წყალი მოიტანს და შემდეგ ამ ვაშლს ვინც შეჭამს მას ყველას შვილი მიეცემათ. მეგრულ ზღაპარში კი ვაშლი ციდან ვარდება: ცაშე, უშ-ქურს მოლურთუმ = ციდან ვაშლი წამოსულა (ხუბუა 1937: 238).
რჯულის საკითხები ჩვენი განხილვის სფერო ადრეც ყოფილა (მოსია 2008’1), აქ მოვიყვან სამაგალითოდ მეგრულ მასალაში დაცულ ცნობას რჯულზე: რჯული ჯიშსაც გამოხატავს: ათენავა ჯგირი ცხენიშ რჯულიენია _ ეს კარგი ცხენის რჯულიაო, ჯიშიაო (ხუბუა 1937: 249). საინტერესოა თვალის მაგიური თვისება მეგრულში. ცხენოდ არაბის შეხედვაზე ადამიანები ბერდებიან, მაგრმა მან ვერ ავნო ზღაპრის გმირს იმიტომ, რომ მისი თვალები განსხვავებული რისხვის მატარებელია: `თოლი აფ თი ჯგუა ჟღამიანი, თოლი უღ მანგარი = თვალი აქვს ისეთი ჟინიანი, თვალი აქვს მაგარი~ (ხუბუა 1937: 251).
ეს მხოლოდ ცალკეული მაგალითებია თემის გარშემო. მიგვაჩ-ნია, რომ მსგავსი კუთხით მეგრული ზღაპრის სახისმეტყველებითი ასპექტების შესწავლა, მთელ რიგ საკითხებზე ახალ წარმოდგენებს შეგვიქმნის, რაც კიდევ ერთი წინაპირობა იქნება საერთო ქარ-თველური მითოსური აზროვნების შესავსებად.



სტატიის ავტორი – ბელა მოსია;
სტატია აღებულია კრებულიდან – `ქართული ფოკლორი~, 5 (XXI), თბილისი, 2010წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014